30 décembre 2015

პოპულისტური ტოტალიტარიზმი





ვაღიარებ, ტერმინების  რაღაც აბრაკადაბრა გამომივიდა სათაურად. მაგრამ რატომაც არა? სიტყვები ცოცხალი ორგანიზმებივით არიან, ცოცხალი ორგანიზმები კი . ეპოქისა და კონტექსტის მიხედვით იცვლიან როგორც ფორმას ისე შინაარსს და მკვიდრდებიან მორიგ კონტექსტის ცვლილებამდე.ხანდახან ერთიანდებიან, როგორც ჩემი სათაურის შემთხვევში  და სრულიად მოულოდნელ ახალ ეფექტს იძლევიან, რომელიც ხანდახან კიდევ უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე მათი კლასიკური კომბინაციები. მეტიც , ხშირად ისინი სერიოზული ნაშრომებად, თეორიებად  გარდაიქმნებიან ხოლმე… მათ ლოკალური და მსოფლიო მასშტაბის კატასტროფებისა და ომების გამოწვევაც კი შეუძლიათ. ფაქტიურად სიტყვა ატომურ ბომბზე უარესია -  ის  ღილაკზე თითის დაჭერას ყოველთვის რამდენიმე წუთით უსწრებს წინ.

ლინგვისტიკური კურიოზები ყველა ენაში გვხვდება. ყოველი ჩვენთაგანი თავისი ცხოვრების მანძილზე მრავალჯერ  მოსწრებია ახალი სიტყვების დაბადებასა და სიკვდილს, მათ შორის ყველაზე გამძლეთა  ტრანსფორმაციას და  სხვა, უკვე დამკვიდრებული  სიტყვის სინონიმად კლასიფიკაციას. ეს განუწყვეტელი პროცესია და რაც არ უნდა ვიბრძოლოთ ენის სიწმინდისათვის, მისი შეჩერება, როგორც ცნობილია -   შეუძლებელია. მით უკეთესი!  წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს ისევ ჩვენი შორეული წინაპრებივით სულ რამდენიმე ბგერითა და ყმუილით გავიდოდით იოლად.

ეს პროცესი ხშირად საკმაოდ თავშესაქცევი და კომიკურიც არის. სიტყვების ტრანსფორმაციის მიზეზი სრულიად მოულოდნელი მოვლენა შეიძლება გახდეს.
და მათი ავტორები ყველაზე ხშირად ჟურნალისტები ხდებიან. ჩვენს დროში ბავშვმაც იცის, რომ ამ პროფესიის ადამიანებს ენა ხშირად  ისე უსწრებდა წინ, რომ როდესაც  ეწევიან, თავად ვეღარ ცნობენ საკუთარ ენას, მაგრამ არ იმჩნევენ - საერთოდ არ შემჩნევის დიდოსტატები არიან, განსაკუთრებით საკუთარი პასუხისმგებლობის.

ერთ-ერთი ასეთი  მორიგი ტრანსფორმირების პროცესში მყოფი სიტყვა, რომელმაც ბოლო დროს განსაკუთრებით მრავალფეროვანი  კონოტაცია შეიძინა და   რომელიც განუწყვეტლივ გვესმის ათასნაირ კონტექსტში  არის პოლიტიკური ტერმინი  - პოპულიზმი.

ეს ტერმინი ფრანგულ ენაში ერთი საუკუნის წინ, რუსული სოციალიზმის სპეციფიურობის შესახებ გამოქვეყნებულ ტექსტებში, კერძოდ  მე19 საუკუნის სამოციანი წლებში ცნობილი რუსული “ნაროდნიკული” მოძრაობისა და იდეის  ფრანგულად თარგმნის მცდელობისას მოხვდა გზააბნეული სპერმატოზოიდივით.  უნდა ითქვას- ნაროდნიკული მოძრაობა მართლაც პოპულისტური იყო, ისევე როგორც რუსული სოციალიზმი, რომელმაც თავისი ყველაზე მახინჯი პოლიტიკური ნაყოფი ბოლშევიზმის და  საბჭოთა კავშირის სახით მისცა მსოფლიოს. მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ასევე პოპულიზმის ნაყოფია ფაშიზმი, ნაციზმი…ხოლო კიდევ უფრო სამართლიანები თუ ვიქნებით  -  ნებისმიერი პოლიტიკური მოძრაობა.  განსაკუთრებით ოპოზიციაში ყოფნისას! პოპულიზმის მთავარი უტოპიური ინგრედიენტები ხომ   ხალხის უანგარო სიყვარული, მასების ნების უზენაესობა,. მათი კეთილდღეობისათვის უანგარო და თავდაუზოგავი ზრუნვა, კორუმპირებულ ელიტებთან  ბრძოლა და რაღა თქმა უნდა მგზნებარე პატრიოტიზმია!… ამ ყველაფერი (ს) კი,  მოგეხსენებათ, სხვადასხვა პროპორციით ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის პროპაგანდისტული კოქტეილი შეიცავს. ამდენად მას შემდეგ, რაც პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკელებმა  ჩვენი თანამედროვე სამყაროს არსებობის არსს - პროპაგანდის იდეას მიაგნეს, უნდა ითქვას, რომ პოპულიზმი, მიუხედავად მისი ძალიან უარყოფითი კონოტაციისა და დემაგოგიასთან ტოლობის ნიშნისა, ნებისმიერი პარტიის მთავარი იარაღია  პოლიტიკური  ბრძოლის ველზე. თუმცა, გამარჯვების შემთხვევაში მისი ძალიან საშიში გვერდითი ეფექტები ვლინდება. ამიტომ ჭკვიანი პოლიტიკოსი ხელისუფლებაში მოსვლისას ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წინა საარჩევნო პოპულიზმი რაც შეიძლება შეუმჩნევლად და უმტკივნეულოდ ჩაანაცვლოს დიამეტრულად განსხვავებული მწარე რაციონალიზმით, განსხვავება კარგსა და ცუდ, თუ გნებავთ ჭკვიანსა დაა უტვინო პოლიტიკოსს შორის სწორედ ამ  ფოკუსის ოსტატურად ჩატარების უნარშია.

პოლიტიკოსი,  რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც აგრძელებს წინასაარჩევნო პოპულისტური ფანტაზმებით მოღვაწეობას, ადრე თუ გვიან იძულებული ხდება. ხშირად საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდაც კი,  მათ დასაცავად ავტორიტარულ მეთოდები გამოიყენოს, ნელ ნელა ჯერ მორცხვ დიქტატორად, , შემდეგ კი ნამდვილ თავისი ქვეყნის ამბიციების  შესაბამის   ტირანად გადაიქცევა და  ზუსტად ისევე ცუდად დამთავრებას, როგორც მაგალითად დაამთავრა  მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ვერაფრით ვერ შეელია თავისი ცხრაწლიანი  აბსოლუტური მმართველობის პერიოდში ინფანტილურ პოპულიზმს.

როგორც ჩანს ზოგიერთ შემთხვევაში ეს მავნე ჩვევას - პოლიტიკური ტოქსიკომანიის სახეს იღებს და ეს ვირუსი ყველა ქვეყანაში ერთნაირად მუშაობს.
სწორედ ამ “ავადმყოფობის” მიზეზით  იქნებოდა საშიში  საფრანგეთში ჟან მარი ლეპენის - ფრანგული ნაციონალური ფრონტის დამფუძნებელისა და პოლიტიკური პოპულიზმის ნამდვილი კლასიკოსის ხელისუფლებაში მოსვლა. საბედნიეროდ მან ეს ვერ შეძლო - იძულებული გახდა სიბერის გამო  პოპულიზმზე ხელოვნური სუნთქვასავით მიერთებული თავისი პარტია საკუთარი ქალიშვილისთვის  გადააბარებინა, მან კი  მამის პოპულისტურ მეთოდებში მნიშვნელოვანი “პროგრესიული” ცვლილებები შეიტანა, მაგრამ საბოლოო ჯამში სულ ახლახანს, დეკემბრის შუა რიცხვებში  მაინც დამარცხდა რეგიონალურ არჩევნებში. რადგან პოპულიზმი არა მარტო დემაგოგიასთან ასოცირდება, არამედ ირაციონალურთანაც, გაურკვევლობის შიშთან. ექსპერიმენტთან, რევოლუციასთან. ადამიანებს კი რევოლუციისა, ისეთ სტაბილურობას მიჩვეულ ქვეყანაში, როგორიც საფრანეთია, ეშინიათ. ცხოვრება  ძნელია, მაგრამ არც ისეთი, რომ დღეს არსებული ის კეთილდღეობა დაიდოს სასწორზე,  რომელსაც მსოფლიოს დიდი ნაწილი ნერწყვმომდგარი შენატრის.

სწორედ ამ შიშმა გააერთიანა ფრანგები 2004 წელს, როდესაც მამა ლე პენის წინააღმდეგ მიცემული ხმები ჟაკ შირაკის 84% აქტივში ჩაიწერა. სწორედ ამიტომ დამარცხდა დღეს  მარინ ლე პენის პარტია საფრანგეთის უკლებლივ ყველა რეგიონში კუნძულების ჩათვლით, მიუხედავად იმისა რომ ამდენი ხმა ნაციონალურ ფრონტს არასდროს მიუღია.
ლე პენების ოჯახური პარტია  გაიმარჯვებს მხოლოდ მაშინ როდესაც მას უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება  ვიდრე ყველა დანარჩენი პარტიას ერთად აღებულს. ამის შანსი თეორიულად რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ის ძალიან, ძალიან მცირეა და არა იმიტომ რომ ეს პარტია განსაკუთრებულად ბოროტი პარტიაა - უფრო იმიტომ, რომ ორი , ცენტრთან ყველაზე ახლოს გამაგრებული წამყვანი პარტიები,სოციალისტები და ახლახანს რესპუბლიკელებად გადანათლული მემარჯვენე “გაერთიანებული სახალხო მოძრაობა”  (UMP) , ჟან მარი ლე პენის მიერ  პოლიტიკური მეცნიერების რანგში აყვანილ პოპულიზმს ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე ისე  ოსტატურად და უტიფრად იყენებდნენ, რომ რეგიონალური არჩევნები, რომელიც საფრანგეთში 2015 წლის დეკემბერში ორ ტურად ჩატარდა , პოპულისტური სოფიზმის ფესტივალს დაამსგავსეს. ფრანგული პოლიტიკური სპექტრი მარინ ლე პენთან ბრძოლაში თავად გადაიქცა ლე პენად და უცხო, შეუიარაღებელი თვალითა და ყურით ძნელი , ხანდხან არც ისე ადვილი გასარჩევი გახდა ერთმანეთისგან მათი  პოლიტიკური გემოვნების რიტორიკა. მიუხედავად ამისა  უნდა ითქვას - ფრანგულ პოლიტიკურ გასტრონომიულ სამზარეულოში ჩახედულთათვის  მაინც შესამჩნევი იყო მარინ ლე პენისა და მისი გუნდის  პოპულიზმის ხელოვნების ფლობის  უმაღლესი პილოტაჟი - ისინი ისევ  თავისუფლად და ვირტუალურად ნავარდობდნენ საკუთარ კლასიკად ქცეულ ემიგრაციისა და ჩაკეტილი საზღვრების კონცეფციებში, აგრეთვე თავიანთ პოლიტიკურ  მოწინააღმდეგეთა  წინა საარჩევნო ტრადიციულ და      დემაგოგიურ ხარისხში აყვანილ საბრძოლო   ელემენტებს შორის, როგორიც არის უმუშევრობა, ადამიანის უფლებები, ძმობა ერთობა და თავისუფლება და ხანდახან  ჟანა დარკიც.

სოციალისტები და რესპუბლიკელებიც  ნაციონალური ფრონტისთვის აწაპნილ საზღვრებზე კონტროლის აღდგენის, მოქალაქეობის ჩამორთმევისა და სხვა ვინტეიჯი  იდეებით ცდილობდნენ ამომრჩევლის მანიპულირებას, ამომრჩეველი კი თავის მხრივ გათამამდა და კაპრიზული ხასიათიც გამოავლინა, ამის სტიმული  მას რა თქმა უნდა  13 ნოემბრის ტერაქტმა მისცა, რომელმაც ბევრ პოლიტ კორექტულ კომპლექსს ახსნა ტაბუ.

მოკლედ საფრანგეთის 2015 წლის დეკემბრის  რეგიონალური არჩევნები ერთობ და განსაკუთრებით  სევდიანი საყურებელი იყო,სწორედ პოპულისტური პათეტიკის უკიდეგანო მასშტაბის გამო. თუმცა, თუ ამერიკელი ლე პენის - რესპუბლიკელი ლიდერის დონალდ ტრამპის მზარდ რეიტინგს გავითვალისწინებთ,  ის რასაც  ევროპაში მემარჯვენე რესპუბლიკელებიც კი ჯერ კიდევ ლამის ნეოფაშიზმად თვლიან, მათივე ამერიკელი პოლიტიკურად თანამოაზრე რესპუბლიკელებისათვის  როგოორც ჩანს  მემარჯვენე პოლიტიკური გემოვნების ჩვეულებრივი გამოვლენაა და ეს ძალიან, ძალიან ცუდი პრეცედენტია  მსოფლიოსათვის, თუნდაც დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების  შანსები საეჭვო იყოს... და ამის დასტური თუ გნებავთ ჩვენი საქართველოა, სადაც დასავლური პოპულიზმის  მახინჯი ანარეკლი, გამდიდრებული ეროვნული მიგნებებით, უკვე კარგა ხანია ზეობის მწვერვალზეა. მეტიც, პოპულიზმი ჩვენში კარგა ხანია გასცდა პოლიტიკის საზღვრებს, ის განსაკუთრებით ბოლო წლებში  პრაქტიკულად საყოფაცხოვრებო, სოციალურ და რელიგიურ ფენომენად იქცა. ამის მიზეზი პირველ რიგში ჩვენი პლაგიატი ბუნებაა - ჩვენ ყოველთვის ისე მოხერხებულად ვბაძავთ იერარქიულ უფროსებს, როგორც უნიჭო თამადის ბრიყვულ სადღეგრძელოს უნიჭო თანამესუფრეები...კიდევ უფრო კარგად ვბაძავთ “გოგოლის რევიზორებს”, რომლებზეც უბრალოდ ბიოლოგიური მოთხოვნა გვაქვს, ისინიც დედამიწის სხვადსხვა კუთხიდან ჩამოსულნი, სახე გაბრწყინებულნი არასდროს არ მთავრდებიან... ჩვენ მათ  ისე მალე, ისე ბეჯითად ვემსგავსებით!... რიტორიკით, მანერებით, ჩაცმის სტილით და რა ტქმა უნდა პოლიტიკური გემოვნებითაც კი.  მერე , მას სემდეგ რაც ჩურჩხელებით და ტყლაპებით დატვირთულ გამოუძინებელ  “რევიზორებს” ,    ქართული მულტი ელიტა გააცილებს დილის  4 საათზე თბილისის აეროპორტში  -  იმავე წუთს იწყება ეს ერთმანეთის მიმბაძველობა,   სულ ახლახანს გაზეპირებული ტერმინებით თავის მოწონება და  შეჯიბრი, ახალი აღმოჩენილი ფასეულობების რელიგიური, დოგმატური ერთგულება   და ერთმანეთის ეჭვით თვალთვალი..

ამის შემდეგ საყოველთაო პოპულიზმსა  და მიმბაძველობაში ებმება ქვედა ეშელონი,  მერე კიდევ უფრო ქვედა და იწყება ეროვნული სახალხო პერფომანსი! -  ტელევიზიით გაგონილ სიტყვებითა და  მათი წარმოთქმის მანერებით ვამდიდრებთ, “პეწს” ვმატებთ საკუთარ პოპულიზმს და  სილასავით ვაწნით ერთმანეთს, ვასწავლით ბავშვებს, ვამბობთ სადღეგრძელოებს, ვუყვებით გაკვირვებულ უცხოელებს....

საბოლოოდ  პოპულიზმის ეტიმოლოგია ჩვენს ქვეყანაში სრულიად გროტესკულ კონოტაციას იძენს - აქ თავად  ელიტა, რომელიც პრინციპში პოპულიზმის სამიზნეა, გამოდის რაღაც აბსტრაგირებული ელიტასთან მებრძოლის როლში, აგინებს, ლანზღავს მას ხალხის სახელით!  ზუსტად ისევე, როგორც პოპ- ინტელექტუალები, რომლებიც მიხვდნენ, რომ ქართული სპეციფიური კონოტაციით მათი სტატუსი მასებს უკვე აღიზიანებს, ამიტომ მომენტს არ უშვებენ ხელიდან “ვიღაც არარსებულ ინტელექტუალებს” რომ არ გაკრან კბილი… ასეა, პოპ მომღერლები ერთმანეთს პაპსავიკობაში დებენ ბრალს, კურტიზანები კურტიზანობაში, ყოფილი კომკავშირის აქტივისტები ერთმანეთის წითელ წარსულს დასცინიან,  მსუქნები ერთმანეთის ღიპს , დიდ ცხვირიანები სხვების დიდ ცხვირს და ა.შ… რაც მთავარია ეს ყველაფერი სამშობლოს უნაზესი სიყვარულითა და მედგარი თავდადებით ხდება!
ქართული ელიტა საერთოდ თევზივით არის, ვერაფრით ვერ ჩაავლებ ვერსაიდან  ხელს -  აუცილებლად გაგისხლტება. შენც არ გამოეკიდები, რადგან იქვე უამრავი ასეთი ელიტა ფართხალებს ეროვნულ სოციალურ და პოლიტიკურ  გემბანზე, მორიგს დასწვდები.. ისიც გაგისხლტება.. მერე კიდევ სხვას...ქართული ნებისმიერი ტიპის და ორიენტაციის  ელიტის  თავისებურება იმაში მდგომარეობს რომ ის ხელისუფლებაში მყოფი ჩინოვნიკებითა და მათთან დაახლოვებული პირებით კომპლექტდება და პერიოსულად ერთიანდება დროის რაღაც მცირე მონაკვეთში.  ამასთან , რამდენადაც ჩინოვნიკობა და ბედნიერება  წარმავალია, საქართველოში ბოლო 50 წლის განმავლობაში იმდენი ელიტა შეიცვალა, რომ ძალიან წყალწაღებული უნდა იყო, თუ ოდესმე რომელიმეს მაინც არ მიეკუთვნებოდი, სულ ცოტა  ორი სამი თვით მაინც!
ყველაზე გამძლე რა თქმა უნდა საბჭოთა ელიტა იყო, ის თითქმის საბჭოთა ბურჟუაზიადაც კი ჩამოყალიბდა - არც არის გასაკვირი, სტაბილურობა ელიტების კონსერვაციის საუკეთესო  პირობაა,

შემდეგ  გახსოვთ ალბათ… წვეროსანთა და მანდილოსანთა ელიტა შემოქანდა ცეცხლითა და მახვილით! მერე რეიბანებიანი და ტყავისჟილეტიანი “ბოიშვილი ვიყო” ელიტა, მერე , წითელ პიჯაკიანი ვერსაჩეს ელიტა…
მათ ყველამ თავისი  ლინგვისტიკური  ინვესტიცია შეიტანეს ქართულ ენაში.   უამრავი ახალი გაქართულებული სიტყვა გაჩნდა - ნამდვილი ბარბარიზმების რევოლუცია დაიწყო...მე თვითონ ვარ მოწმე, 1991 წელს წასული. როდესაც  უკან  პირველად -95 წელს დავბრუნდი უამრავი სიტყვა არ მესმოდა, მიუხედავად იმისა რომ ვგრძნობდი- ბევრს ფრანგული ძირიც კი ჰქონდა.. კაცმა რომ სთქვას,  ეს არც არის გასაკვირი. მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ფიზიკური გადარჩენისთვის ბრძოლის პარალელურად ქართული  ენა თავად გმირულად იბრძოდა გადარჩენისთვის,  ხან რომელი კოლონიზატორის ენასთან  უწევდა შეკედლება, ხან რომელთან..  ამას ისე შევეჩვიეთ, რომ რუსული იმპერიიდან თავის დაღწევის შემდეგ თითქოს განთავისუფლებული ენას ისევე გაუჭირდა კოლონიზატორის გარეშე,  როგორც ადამიანებს და თავად მოძებნა  ახალი ლინგვისტური კოლინიზატორი - ამერიკულ ინგლისურს აეკიდა... თან მთელი თავისი რუსული, თურქული, სპარსული ძველმანებით გამოტენილი ლექსიკონი - სკივრებით, ჩემოდნებითა და ბოხჩებით. ამას კიდევ იმ ქვეყნებიდან ასხლეტილი და საქართველოში დაკარგული ტყვიასავით  მოხვედრილი ბრმა სიტყვები და ტერმინები დაემატა -   სადაც  ჩვენი ახლობლები არიან ემიგრირებულნი… ანუ თითქმის მთელი მსოფლიოდან.. შედეგად  მარტივი სიტყვები და  ტერმინები საქართველოში ისეთ მნიშვნელობებს იძენენ, რომ ხშირად თავის ორიგინალურ ვერსიასთან საერთო აღარაფერი რჩებათ - ზუსტად ისე, როგორც დასავლელი დეპრესირებული მატლი ზამზები, რომლებიც ჩვენს კურთხეულ სამშობლოში პეპლებად ტრანსფორმირდებიან ხოლმე…
ბოლო წლებში ამ ხელოვნურმა ენამ ისე მიგვაჩვია ჩვენი ფანტაზმების   რეალობად გასაღებას, საკუთარი აგრესიისა და სისასტიკის ხალხის ნებითა და მათ კეთილდრეობაზე ზრუნვით შენიღბვამ,  რომ  საზღვარს  ირეალურთან მხოლოდ მაშინ ვამჩნევთ როდესაც ის უკვე გადალახული გვაქვს  და საკუთარ დემაგოგიაში ისე მივექანებით როგორც კონჩალოვსკის აწყვეტილი მატარებელი, რომლის  შეჩერება ზუბუნებრივ ძალებსაც აღარ ძალუძთ.


2. NGO ტოტალიტარიზმი

როგორც ზემოთ აღვნიშნე,  პოლიტიკურ ტერმინი - პოპულიზმი ლამის საყოფაცხოვრებო მოხმარების სიტყვად იქცა. მან ელეგანტურად ჩაანაცვლა ძველი ქალაქური ტერმინი “პონტები” რომელმაც “თანამედროვე გამოწვევებს” ვერ გაუძლო. ამიტომ  დღეს ჩვენ ყველანი  “პოპულისტები” ვართ : ხელისუფლება, მისი საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია, მაშასადამე ევროპელებიც და “ზნაჩიტ”  რუსებიც, რა თქმა უნდა გვაქვს ნაკურთხი რელიგიური პოპულიზმი, ამასტან ყველა კონფესიის, მართლმადიდებლურიდან დაწყებული ბაბტისტურ- ევანგელისტურით დამთავრებული, ათეისტური კაპასი პოპულიზმი, საავტორო კინოს გრძელი მდუმარე  კადრივით მოსაწყენი - ინტელექტუალური პოპულიზმი, აგრეთვე კულტურული, საპურმარილო, სამარხვო, შინაურული, ქუჩური...გვაქვს   ჰომოფობური, ლგბტ, ფემინისტური  პოპულიზმების მთელი გამა.. თუმცა ეს უკანასკნელები შეგვიძლია ზოგადად გავერთიანოთ ყველაზე ზლევამოსილ - NGO პოპულიზმში (NGO არასამთავრობო ორგანიზაციის ინგლისური აბრევიატურაა, მისი ქართული ვერსია  “ასო”, განსაკუთრებით მრავლობითში  ცოტა არ იყოს ორაზროვნად ჟღერს ... შესაძლოა ამიტომაც ვერ დამკვიდრდა ტერმინად)

ამ უკანასკნელთ განსაკუთრებული როლი აქვთ შესრულებული ქართული ლინგვისტური  ცელქობების მომრავლებაში. მათი   აგრესიული პოპულიზმი ბევრად აღემატება თავიანთი დასავლელი კოლეგებისას. ქართულმა არასამტავროებმა- ფრანგული  ნაციონალური ფრონტისა არ იყოს, პოპულიზმი პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების რანგში აიყვანეს და თვითონაც უკან მიჰყვნენ როგორც  ამ მეცნიერებათა ექსპერტები.

ალბათ შენიშნავდით - კითხვა რომელიც წლების განმავლობაში ასე აწუხებდა ტანჯულ ქართველ ტელემაყურებელს, თუ ვინ არიან ეს ყოვლისმცოდნე  ‘ექსპერტები” , სად იღებენ განათლებას, სად ყალიბდებიან, რა არგუმენტით აჰყავს ისინი მედიას ამ რანგში.. აი ეს კითხვები უკვე დაახლოებით ორი-სამი წელია აღარ ჩნდება. დღეს უკვე ბავშმაც იცის, რომ  ექსპერტი ერთმნიშვნელოვნად არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარეა, წევრები კი სპეციალისტები. თქვენ შეგიძლიათ იყოთ მზარეული, პოლიციელი , ექიმი, კალატოზი… საკმარისია რაიმე  არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნათ, მაშინვე შესაბამისი  დარგის ექსპერტად გადაიქცევით, … მაგრამ  ტელე ექსპერტის სფეროს გარდა არსამთავრობოებმა თავიანთი ენით ნამდვილი  პოპულისტური სუბკულტურა შექმნეს.  დღეს ქართველი პოეტები, მწერლები, არტისტები და მუსიკოსებიც იგივე ტერმინოლოგიით საუბრობენ როგორითაც მათი “NGO” ამხანაგები - მაგალითად:  სათაური  ლიტერატურულ ჟურნალში “ თანამედროვე ქართული პროზა - XXI საუკუნის გამოწვევები”,  ან ლექცია თემაზე : “ თანამედროვე ქართული პოეზია და თანამედროვე გამოწვევები!” კიდევ მრავალი სხვა..."გამოწვევებზე" ერთნაირად გიჟდებიან  სხვადასხვა პარტიების ახალგაზრდული ფრთის  ენთუზიასტები და “ალტერნატივშიკი” პოეტები და მუსიკოსები... წარმოგიდგენიათ? არტურ რემბოსთვის რომ გეკითხათ . რა გამოწვევების წინაშე დგახარო?...ან გალაკტიონისთვის ?!… თუმცა გალაქტიონი ალბათ უფრო  გაიგებდა.. ის კი არა  შეიძლება “ლეჩკომბინატის”  ფანჯრიდან გადახტომა გადაეფიქრებინა... ასეთ დროს ხომ იცით ერთი პატარა ხუმრობაც საკმარისია ადამიანის გადასარჩენად - იქნებ მეტი იუმორით შეეხედა თავისი არსებობისათვის, რომელმაც მაშინდელი გროტესკული წითელი პოპულისტური  ეპოქის “გამოწვევებს” და საბჭოთა ტერმინებს ვერ გაუძლო... თუმცა ამ ერთი ნახტომით ქართული პოეზია კი გადაარჩინა…

როგორც ცნობილია ენა, ლაპარაკის მანერა ადამიანის გარეგნულ ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს, ასე იყო მაგალითად წელში მოხრილი, საკუთარი გაწვრილებული ხმასავით გაწელილი  ძველბიჭების 70 იან, ან ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველაზე მოკლე სლოგანის “ჯოს” მსგავსად მოკლე წვეროსნების ეპოქაში… მაგრამ ასე არ არის დღეს. არასამთავრობო ორგანიზაციების ის ნაწილი, რომელიც პლაცენდაში მოხვდა, სწრაფად განაყოფიერდა და თავად გადაიქცა ელიტად.  პატარა ბურჟუა ნჯოელის ფენომენი პრინციპში სულაც არ არის რაიმე განსაკუთრებული ქართული ნოუჰაუ -  ყველაზე ღარიბ  მესამე ქვეყნებში, სადაც დამსაქმებლები ძირითადად დასავლური ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები და ჰუმანიტარული მისიები  არიან, დაახლოებით იგივე, საშუალო ყოყლოჩინა ფენის წარმოქმნის  ფენომენი დიდი ხანია შეინიშნება.


როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები მიდიან და მართვას ადგილობრივ “დათრენინგებულებს” უტოვებენ, აქ უკვე იწყება  ის, რაც დაიწყო ერაყში, როდესაც დაბომბილი ქვეყანა ადგილობრივი სახელდახელოდ მომზადებული კადრებისა და არმიის იმედზე დატოვეს ამერიკელებმა - საქართველოს შემთხვევაში პოპულისტური ტოტალიტარიზმი - რომლის დროსაც უკვე ვეღარავინ ხვდება  ვის რა უფლება აქვს კანონიერად და საბოლოოდ უფლებას მოიპოვებს ის, ვისაც მეტი ზალა აქვს - მეტი ზალა კი აქვს იმას ვინც ყველაზე კარგად იყენებს ხალხის ნებით ელიტებთან ბრძოლის ხელოვნებით მანიპულაციების მეთოდებსა და ხერხებს, ვისაც უკვე მოპოვებული აქვს ეს მრისხანე და თავზარდამცემი - სამოქალაქო სექტორის მანდატი, რომელიც ყველა კარებს აღებს და ქვას ქვაზე არ ტოვებს!

საქართველოში  ოცი ათასამდე არასამთავრობო ორგანიზაციაა დარეგოსტრირებული, რომელსაც ყოველ წელს 1200 ახალი ემატება, და მათი აბსოლუტური უმრავლესობა სხვადასხვა უფლებებისა და სახელმწიფო სტრუქტურების  ფუნქციონირების  მონიტორინგს ეწევა. ისინი თავის თავს მოფერებით   “უფლებადამცველებს” უწოდებენ.. უცნაურია ტერმინია არა? რაღაც ტერმინატორსა და შესანიშნავი შვიდეულის კოვბოის შორის... რასაც გინდა მოარგებ - ნებისმიერ უმცირესობასა თუ უმრავლესობას, ნებისმიერ რელიგიასა თუ სოციალურ ფენას და რაც მთავარია პროფესიას… არასამთავრობოებმა ფაქტიურად პროფესიული სინდიკატების , ან თუ გნებავთ პროფკავშირების როლიც მოირგეს და  ეს ყველაფერი ერთად ადამიანის უფლებების ამაღელვებელი დროშის ქვეშ გააერთიანეს...

საერთოდ - ქართველების ერთ-ერთი საყვარელი პროფესია არის შემმოწმებელი - უნდა აღინიშნოს, ძალიან კარგადაც გამოსდით.  იყო ასეთი ორგანიზაცია სსრკს დროს - მრისხანე სახელი -  ობხს ერქვა. ფაქტიურად ეკონომიური კგბ იყო, საქმოსნების, ანუ ახლებურად  ბიზნესმენების მთავარი რისხვა… ნახევარი საქართველო ოცნებოდა ამ ობხს ში სამსახურის შოვნას, მეორე ნაკლებად “კვალიფიციური”  ნახევარი  კი ავტოინსპექციაში მოხვედრაზე, ალბათ ხვდებით არა “ჩრდილოვან ეკონომიკასთან” და საგზაო ხულიგნებთან ბრძოლის ჟინის დასაკმაყოფილებლად,  ჩემი აზრით საქართველოში  NGO- ბიზნესის ასეთი თავბრუდამხვევი გაფურჩქვნა  სწორედ  ობხს-ის გამოყოლილი გენის დამსახურება, ერთგვარი რეინკარნაციაა.  სხვანაირად ძნელი ასახსნელია, თუ როგორ ხდება, რომ ქვეყანაში სადაც ამდენი უპოვარი და გაჭირვებულია, სადაც მოსახლეობის ტრაგიკულად დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არსებობს - . არასამთავრობი ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი  და განსაკუთრებით ტელევარსკვლავი ნჯო - ბურჟუაზია  სახელმწიფო სტრუქტურების კონტროლით და გეოპოლიტიკით არის დაკავებული, ხოლო  მოგვიანებით, ადრე თუ გვიან თავიანთ ამბიციურ და აგრესიულ  ჰუმანიტარულ - კანცელარიულ  კარიერას დიდ პოლიტიკაში აგრძელებენ. მათი არასამთავრობო საქმიანობა ერთგვარი ბილეთი, საშვია სამთავრობო საქმიანობაში მოსახვედრად, . ეს უკანასკნელი კი ჯერჯერობით მაინც ყველაზე სარფიან ბიზნესად ითვლება ჩვენს სამშობლოში.

სულ ახლახანს  საზოგადოების ვირტუალურად აქტიური ნაწილი    უზომოდ აღაშფოთა თბილისის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის  კალკულაციამ, რომელის მიხედვით  სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ადამიანების უფასო კვების რაციონში, ჯანმრთელობისათვის   საკმარისი კილო -კალორიებისთვის  გამოყოფილი თანხა 1ლარი და 18 თეთრი სრულიად საკმარისია. რა თქმა უნდა  განსაკუთრებით და პირველ რიგში  აღშფოთების ავანგარდში  მესამე სექტორის  ელიტა და მასთან დაახლოვებული ფეის საზოგადოება  გახლდათ. თითქმის მთელი კვირა  სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა ტელეარხების ცნობილ თოკ შოუებში ძალ ღონეს, ცოდნასა და  შარმს არ იშურებდნენ იმის , კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად , რომ ამ მთავრობას ადამიანი როგორც ასეთი -  ფეხებზე კიდია და საკუთარი პრემიების მეტი არაფერი არ ადარდებს.
( ყოველთვის მიკვირდა, რატომ ხდება რომ სოციალური დახმარების ხარისხი ყოველთვის რეგიონალური და არა სახელმწიფო ბიუჯეტით განისაზღვრება, თითქოს თბილისელს მეტი ან ნაკლები კილო კალორიები სჭირდებიოდეს ვიდრე ვთქვათ ზუგდიდელს, ან ხაშურელს, მაგრამ  ეს სხვა პრობლემაა, ამისთვის უფლებადამცველებს ჯერ არ სცალიათ, თუმც კი იკვლევენ  თუ რატომ ეტანება თბილისს “სოფელი” )

მაგრამ დავუბრუნდეთ  არასამთავრობოებს, მხოლოდ ამჯერად  საფრანგეთში.
-ვისაც დასავლეთში უცხოვრია ალბათ ხშირად წააწყდებოდა სუპერმარკეტების შესასვლელებთან სხვადასხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების   ყველა ასაკის, სქესისა და  ორიენტაციის წარმომადგენლებს. რომლებიც საკვებ პროდუქტებს აგროვებენ მათთვის ვისაც ეს აუცილებლად  სჭირდება.
ისინი სპეციალურ პარკებს  სთავაზობენ მარკეტში შემოსულ  კლიენტებს, თუ სურვილი გაქვთ თქვენთვის ნაყიდი პროდუქტების პარალელურად, ბრინჯს,მაკარონს, კონსერვს. ბოსტნეულს. ხორცს, შაქარს, ყავას, შოკოლადს, პირადი ჰიგიენის საგნებს... იყიდით, ჩააწყობთ ამ პარკებში და გამოსვლისას დაუბრუნებთ  ამ ხალხს.


საფრანგეთის ყველა დიდ რეგიონს  თავისი  სპეციალური საკვები პროდუქტების ბანკი აქვს,  ეს არის უზარმაზარი საათივით ორგანიზებული  სასაწყობო ტერიტორიები, სადაც  პერმანენტულად გროვდება და ხარისხდება მთელი ეს პროდუქტი.,ათ შორის თქვენს მიერ ნაყიდი სუპერმარკეტში. . შემდეგ ის ნაწილდება სხვადასხვა - სახალხო მაშველთა, წითელი ჯვრის, კათოლიკურ, პროტესტანტულ და სხვა ასოციაციებში ...მათი რიცხვი დაახლოებით ხუთი ათასია., ისინი უკვე  დისტრიბუციას ახდენენ სპეციალურ პუნქტებში, ეგრეთწოდებულ “გულის რესტორნებში” რომელიც მთელს ქვეყანაშია და რა თქმა უნდა  ქუჩაში, ადგილზე - ყველაზე უპოვართათვის..



უკვე ოცდაათი წელია, ზემოთ ხსენებული ბანკები ყოველი წლის ნოემბრის ბოლო უიკენდზე ატარებენ საყოველთაო საკვების მარაგის შეგროვების აქციას.   რომელშიც მონაწილეობას 125 000 მოხალისე იღებს : უფროსკლასელები, სტუდენტები, პენსიონერები, აგრეთვე აქტივისტები. აქცია საფრანგეთის დაახლოებით 9000 დასახლებულ პუნქტში ხორციელდება.

წელს, ნოემბრის ბოლო უიკენდზე, სწორედ მაშინ, როდესაც საქართველო თბილისის საკრებულოს მიერ გამოყოფილ თეთრებს, წიწიბურას მარცვლების რაოდენობასა და კალორიებს, აგრეთვე საკრებულოს წევრი ქალბატონის ჰუმანურობის ხარისხს  ითვლიდა, ფრანგულ “არასამთავრობოების” მიერ ორგანიზებულმა ჩვეულებრივმა, რიგითმა მოქალაქეებმა სახელმწიფოს დახმარების გარეშე 12 ათასი ტონა საკვები პროდუქტი შეაგროვეს რაც 200 მილიონი რაციონის ეკვივალენტია წლის განმავლობაში… მედიამ ფართოდ გააშუქა ეს მოვლენა და კიდევ ერთხელ შეახსენა ადამიანებს, რომ საშუალო ფრანგი წელიწადში დაახლოებით 20 კილოგრამ საკვებ პროდუქტს ყრის იმ დროს როდესაც  ათასობით მათ თანამემამულეს არ ჰყოფნის შემოსავალი ნორმალურად გამოიკვებოს თავი.  ეს აქცია ნოემბრის ბოლოს -  სწორედ შობის წინ ტარდება. მე რა ტქმა უნდა არ ვიცი საშუალოდ რამდენ კილოგრამ მაღალი ხარისხის საკვებ პროდუქტებს ატანს ნაგავს  საშუალო ქართველი წლის განმავლობაში და განსაკუთრებით შობა - ახალი წლის გასტრონომიულად აღვირახსნილ დღეებში... მათ შორის ისინიც, ვინც საკრებულოს მიერ გამოყოფილ წიწიბურას კალორიებს ითვლიდა… ეჭვი მაქვს 20 კილოგრამს ბევრად უნდა აღემატებოდეს. ეს ცალკე სერიოზული მსჯელობის საგანია.

ალბათ  საქართველოშიც არსებობენ ასეთი ორგანიზაციები, თუმცა მე არასდროს არ შემხვერდია - არც სუპერმარკეტის შესასვლელებში, არც ქუჩაში… ერთხელ გადავეყარე მხოლოდ სპორტულად გამოწყობილ  საშუალო ასაკის მაღალ ქერა მამაკაცს, რომელმაც ასფალტზე წამოწოლილ უსახლკარო კაცს პლასტმასის ჭიქაში სუპი დაუსხა თერმოსიდან და სწრაფი ნაბიჯით გაშორდა იქაურობას, გარეგნულად ჩრდილო ამერიკელს ჰგავდა.
ქართულ მედიასა და ტელევიზიას მხოლოდ კონტროლიორი არასამთავრობოების წარმომადგენლები უყვართ და აინტერესებთ. ისინიც დიდი სიამოვნებით იღებენ მონაწილეობას ნებისმიერ დებატში, რასაც არ უნდა ეხებოდეს ტემა. ადრე ტელევიზორში მოლაპარაკე ყოვლისმცოდნე ქალებისა და მამაკაცების გამოსახულების  ქვეშ ნდობისთვის “ექსპერტის” სრულიად სასაცილო ტიტული სავსებით საკმარისი იყო, ახლა  ისეთი გროტესკული დასახელებების არასამთავრობოების სახელების მთელი გამა დაემატა, რომ სპეციალური განმარტებითი ნჯო ლექსიკონი თუ არ შევქმენით მალე ქართული ენის ცოდნა აღარ იქნება საკმარისი არა მარტო მათი ნალაპარაკების, არამედ მათი მრისხანე სტატუსების დასადგენად.
გახსოვთ ჰიჩკოკის ჩიტები? მათი შემზარავი ხმაური… მათი ბრჭყალებიან- ნისკარტიანი სისასტიკე… ფრინველების ფობია… არსებობს ასეთი დაავადება.

ჩემი აზრით საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე დაავადებულია NGO ფობიით. მათ არავინ თვლის “არასამთავრობო” ორგანიზაციებად. პირიქით, დარწმუნებული ვარ გამოკითხვა რომ ჩატარდეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მათ სწორედ სამთავრობო, პოლიტიკურად, ფინანსურად ანგაჟირებულ ორგანიზაციებად თვლის.   რაც ძალიან ძალიან ცუდია. ჰიჩკოკის ჩიტების სისასტიკე არ არის არგუმენტი  ზოგადად ჩიტების სიძულვილისათვის, მაგრამ როდესაც ფობია ჩნდება, მერე ძნელია ტყუილისა და სიმართლის გარჩევა. არა და  ფაქტია :  მსოფლიო გაცილებით დაუნდობელი, სასტიკი და უსამართლო იქნებოდა არასამთავრობო ინსტიტუციების  გარეშე… და ძალიან დასანანია, რომ ამის დამტკიცება საშუალო ქართველისთვის სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება,

ისევე როგორც ნებისმიერი სხვა  ინსტიტუცია,  არც არასამთავრობო სისტემაა   იდეალური. ის ისევე ექვემდებარება კონტროლსა და კრიტიკას როგორც ნებისმიერი სხვა  ინსტიტუცია. მეტიც მათი კრიტიკა - აუცილებელია, რომ ისინი რაღაც რელიგიურ სექტებად და მაფიოზურ კლანებად არ გადაიქცნენ, ამის  მაგალითები უამრავია მთელს მსოფლიოში - ადმიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული დახმარების სახელით იმდენივე ბოროტებაა ჩადენილი რამდენიც ღმერთის და სამშობლოს სახელით -  ადამიანები სხვისი ბავშვების მკვლელობას საკუთარი ბავშვებზე ზრუნვით ვამართლებთ - ასეთია ჩვენი ბუნება.
საქართველოში არასამთავრობოთა ინსტიტუცია სწორედ ამ საშიშროების წინაშე დგას, რადგან მათი დიდი ნაწილი  მარტივ პოპულისტურ რიტორიკაზე დაფუძნებული  ოპორტუნიზმით  არა მხოლოდ საკუთარი თავის, ზოგადად იმ ფასეულობების დისკრედიტაციას ეწევა, რომლებიც მათივე პოპულიზმის მთავარ შემადგენელ ინგრედიენტებს წარმოადგენენ - ეს პირველ რიგში არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება და სხვა.. და სხვა.

ქართული არასამთავრობოების დიდი  უმრავლესობას არაფერი აქვს საერთო   ომ ძირითად კრიტერიუმებთან , რომელითაც განსაზღვრულია საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტალური კონცეფცია:არასამთავრობო ორგანიზაცია არ უნდა ასრულებდეს სამუშაოს მატერიალური და კარიერული ბენეფიტისთვის, ის უნდ იყოს ფინანსურად და პოლიტიკურად სრულიად დამოუკიდებელი. და მისი არსებობის არსი საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობა უნდა იყოს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ძირითადი კრიტერიუმები უაღრესად თავმდაბალი და სიმპათიურია.და ის პორგანიზაციები რომელთა მოღვაწეობა სწორედ ამ ოთხ კრიტერიუმს ეფუძნება,ბევრ კეთილ  და სასარგებლო საქმესაც აკეთებენ. ასეთები ალბათ საქართველოშიც არიან, მაგრამ  გამუდმებით  ტელე პროჟექტორების  კონტრჟურში მყოფი ნჯო-თანავარსკვლავედის ფონზე არასდროს არ ჩანან.

ამიტომ სიღარიბით და საკუთარი ისტორიული მისიით  ქანცგაწყვეტილი ქართველების ეს უბედური თაობა ზოგადად არასმთავრობო ორგანიზაციების შესახებ მსჯელობს ზუსტად ისე, როგორც ევროპული ფასეულობების შესახებ -  ნაციონალური მოძრაობის მათრახიანი და ცინიკური  “ევროპული” ორიენტაციის შემდეგ -  უკიდურესად უარყოფითად, ან უარეს შემთხვევაში საერთოდ აღარც მსჯელობს. მათ დიდი ხანია ,  ტელე ეკრანის გლუვი და ცივი  ზედაპირიდან გამოიტანეს ბრტყელი  დასკვნები… და თავად გახდნენ  ირონიულები და ცინიკურები. ამის შედეგად ეს უაღრესად სასარგებლო და საჭირო ინსტიტუცია და მასთან ასოცირებული დასავლური  ფასეულობები, რომლებზეც მათ  დამფუძნებლებს რაღაც  მამლაყინწური, გაპოპულისტებულ - “ გაპაპსავებული” ექსკლუზივი აქვთ  ხელში ჩაგდებული და რომელსაც წვეტიანი კბილებითა და ბრჭყალებით იცავენ,  -   ფაქტიურად სრულიად დისკრედიტირებულია საქართველოში .

არასამთავრობოების დიდი ნაწილი  სწორედ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სატელიტებს წარმოადგენენ, ან უკეთეს შემთხვევაში საკუთარი პოლიტიკური მომავლისათვის ნიადაგს ამზადებენ. მათი რიტორიკის სპექტრი კონტექსტის მიხედვით ფართოვდება და ვიწროვდება. თუმცა ძალიან ადვილად შესამჩნევი სიყალბე რომელიც ამ რიტორიკას თან ახლავს, დროთა განმავლობაში იწვევს აგრესიას მათ  და შესაბამისად  იმ ფასეულობების მიმართ რომელთა დამახინჯებული პოპულიტური ინტერპრეტაცია მათ ძირითად საყრდენს წარმოადგენს. ამასთან საკმაო სოლიდარობა აკავშირებთ ერთმანეთთან, რადგან იციან, რომ ცალკ-ცალკე ნებისმიერი მათგანის ფასი კაპიკია, ამიტომ  ისინი ყოველთვის ერთსულოვნად  ცდილობენ მათი აგრესიული დემაგოგიის მიმართ გამოთქმული კრიტიკა   ევროპული და ევროატლანტიკური კურსისა და ფასეულობების წინააღმდეგ ბრძოლად  წარმოაჩინონ, ამით სინამდვილეში  ევროპული ფასეულობების იმ ნარჩენების დისკრედიტაციასაც ახდენენ, რაც თავად ნჯო-მენტალიტეტის ფუძემდებელ ნაციონალურ მოძრაობას და მის საკვირველ ლიდერს სასწაულით გადაურჩა.

ყოველივე ამას კი რა თქმა უნდა სჭირდება ენა, რომელიც თავისთავად ჩამოყალიბდა  დემაგოგიის რეალობასთან  ბრძოლის ქარცეცხლში.
ზოგადად პოპულიზმი პროპაგანდისგან იმით განსხვავდება , რომ  ალიბის მოპოვებისთვის, რაღაც დოზით  უშვებს განსხვავებული აზრს, მეტიც- თავადვე იკვებება ამ განსხვავებული აზრით,მისი არსებობას იყენებს მათ წინააღმდეგ ვისგანაც ეს აზრი მოდის… მხოლოდ    იმ მომენტამდე, სანამ ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში. სანამ  ზამზა -  მატლიდან ტოტალიტარულ რკინის  პეპელად არ გადაიქცევა და  თავის ტრანსფორმირებულ მახინჯ ფასეულობებს არ მოახვევს  თავს -   მისი ფრთებქვეშ შეყუჟულ , ბუნებით კონფორმისტ და შემგუებელ  საზოგადოებას ძალითა და ტერორით .

ეს ერთგვარი თუთიყუშის სუბკულტურის ენაა.ის   ნულოვანთა თაობის გასულ ათწლეულში ჩამოყალიბდა, რომელშიც ფაქტიურად არაფერი საინტერესო, თვითმყოფადი  არ შექმნილა : არც კულტურა და არც მისი ალტერნატივა, ეს იყო სრული დეკადანსის ათწლეული, როდესაც 90 ანი წლების პოსტსაბჭოთა ინერციით გადმოსული  კინეტიკური ენერგია ისე უიმედოდ ჩაკვდა, რომ  თითქოს სამყაროს ყველაზე ფუნდამეტალური კანონის საწინააღმდეგოდ , პოტენციურშიც კი ვერ გადაიზარდა. ნულებიდან აღმოცენდა ახალი ბასრნისკარტ - ბრჭყალება ადამიანი გუგულების  ნულოვანი ენერგია, რომელმაც საბოლოოდ შექმნა ის , რასაც ალტერნატივაც კი არ სჭირდება, რადგან არაფერი არ არის, ნულიანთა დეკადანსიდან ჩვენ მივიღეთ ნული...არაფერი და მხოლოდ “აურზაური ამ არაფრის გამო”.

მე საფრანგეთში ფრანსუა მიტერანის პრეზიდენტობის მეორე მანდატის შუა პერიოდში გადმოვედი საცხოვრებლად. რამდენიმე წელიწადში,  როდესაც მიტერანი ჟაკ შირაკმა შეცვალა, ერთმა ჩემმა მეზობელმა მოხუცმა კაცმა ამიხსნა თუ რატომ გაუჭირდება საფრანგეთს კიდევ კარგა ხანს იმ ნეხვიდან ამოძრომა რომელშიც, მისი აზრით,  თოთხმეტწლიანი მმართველობის შედეგად ყელამდე ჩასვეს სოციალისტებმა.

-   ახალგაზრდები -   მითხრა - “იმის ნაცვლად რომ ფიქრობდნენ რაიმე ახალი საქმის წამოწყებაზე, რისკს იღებდნენ, რაიმე მომგებიანი იდეების განხორციელებას ცდილობდნენ -  ფიქრობენ, რაც შეიძლება სწრაფად გაიარონ რამდენიმე წლიანი სავალდებულო განათლების კურსი და  როგორმე  ფუნქციონერები გახდნენ ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში, რომ დარჩენილი ცხოვრება გარანტირებული ხელფასი ჰქონდეთ!

მართლაც, საფრანგეთში  ფუნქციონერის სამსახურიდან გაშვება არც დღეს არის ადვილი საქმე. სერიოზული , ლამის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა უნდა დაუშვას და თან უნდა დამტკიცდეს კანონის სრული დაცვით. ოთხმოცდაათიანებში კი თითქმის წარმოუდგენელი იყო. ასეთ დანაშაულებს ფრანგი ფუნქციონერები არ, ან თითქმის არ სჩადიან.

ახალგაზრდების დიდი ნაწილი მართლაც ერიდებოდა რისკს და ცდილობდა  ჩინოვნიკის გარანტირებულ პოსტზე მოწყობილიყო. ეს თაობა დღეს ორმოცი-ორმოცდაათი წლისაა. ჩემი მეზობელი მოხუცი კარგა ხანია გარდაიცვალა. ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. მხოლოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის კუთხით კარგისკენ ნამდვილად არა და ეს რ არის მხოლოდ  პრეზიდენტებისა და მთავრობების  ბრალი.  მე მგონია, რომ ჩემი მოხუცი მეზობლის  ბრაზიან მსჯელობაში იყო სიმართლისა და წინასწარმეტყველების მარცვალი.

საქართველოში მსგავსი პოსტსაბჭოთა პარაზიტების  ფენა ნულოვნი წლების დასაწყისში არასამთავრობოებმა შექმნეს: ალბათ  გახსოვთ - სააკაშვილის ხელისუფლების თითქმის მთელი ელიტა არასამთავრობოებიდან იყვნენ გამოსულები - გიგა ბოკერია, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, ზურაბ ადეიშვილი… ღმერთო ჩემო!  ახლაიებიც კი უფლებადამცველები იყვნენ! და მგონი მათი ლუკა ბრაზი -  მეგის ქარდავაც!
თანამედროვე გამოწვევებთან მებრძოლი წარმატებული ახალგაზრდის სახე არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტი გახდა.
დანარჩენები წარსულში ჩარჩენილი ლუზერებად კლასიფიცირდნენ, რომლებიც ამ ენთუზიასტ ნეო კმკავშირლების ყამირის  გასატეხად მიმავალ  “მატარებელს ჩამორჩნენ!”... დიახ სწორედ ასე უწოდებდნენ  ბლაგვნისკარტა გუგულები.. არშემდგარებს. დაბოღმილებსა და ლუზერებს . ძალიან ფასობდა მაშინ ეს სიტყვა ქართული პოლიტიკურ-სოციალური ელიტის ლექსიკაში. ის მაშინვე წარმატებულის და "შემდგარის" პოზიციაში გაყენებდა - საკმარისი იყო მხოლოდ სწორად წარმოგეთქვა  ეს ექვს ასოიანი სიტყვა და მორჩა! მიშას "კუკუშკას" საერთო ვაგონში ცალ ფეხზე დასადგომი ადგილი გარანტირებული გქონდა.

იმ წლებში ზოგიერთი ნაცნობი ხშირად  მეკიტხებოდა,  რატომ არ ვხსნიდი რაიმე არასამთავრობო ორგანიზაციას საქართველოში?…" ლაპარაკი კარგად გეხერხება და წერა!"   - ზუსტად ასე მეუბნებოდნენ…  სიმართლე გითხრათ ვერც კი ვგებულობდი წესიერად რატომ მეკითხებოდნენ. მაშინ წარმოდგენა არ მქონდა ამ ინსტიტუციას ასეთი პრაქტიკული დანიშნულება თუ შეიძლებოდა ჰქონოდა - საფრანგეთში საქართველოსგან განსხვავებით არასამთავრობოებს ძალიან იშვიათად ხედავ და ისიც, ქართველი ნჯო- მეგა ვარსკვლავებისგან განსხვავებით,  სულაც არ არიან ისეთი -  როგორც ფრანგები იტყოდნენ -
-  სექსი ხალხი,  რომ  მაინცა და  და მაინც მათკენ გაგიწიოს გულმა … ხაზგასმულად უბრალოდ ჩაცმულ- დავარცხნილი , უფრო ხშირად კი დაუვარცხნელი ხალხია… რომ გითხრათ ფრანგულ ტოკშოუებში გამუდმებით ეგენი განიხილავენ მსოფლიო გეოპოლიტიკის პრობლემებს მეთქი, ძალიან უკბილო ხუმრობა გამომივა. ის კი არა, რომ გამიგონ შეიძლება ძალიან გამიბრაზდნენ კიდეც…

სამაგიეროდ ჩვენთან ჩვეულებრივი ადამიანური პრობლემებიდან დაწყებული მსოფლიო გეოპოლიტიკით დამთავრებული  ამ “მესამე სექტორს” ისე აქვს კრემიანი ტორტივით სექტორებად დახაზულ - დაჭრილი და დანაწილებული ჩვენი ცხოვრება, რომ  მათი ინსტრუქციისა და ნებართვის გარეშე  ტორტისკენ ხელის გაპარება ძალიან საშიში გახდა, მაშინვე თავში გდრუზავენ პოლიტკორექტულობის კომბალს. არა და ისე მადის  აღმძვრელად გამოიყურება,.. როგორ გინდა გაუძლო ცდუნებას!  :  ტორტის კრემი საბჭოთა მენტალობაა. ცენტრში შოკოლადის  სტალინი დგას, აქეთ იქით კი ასევე  კარამელის იესო, თეთრი ბეზეს ბატკნები, ნუგას მუჰამედი,  ღვთისმშობელი,  ეკლესიები, კრემის ჯიპები, მათრახიანი ღიპიანი კაცები და დასახიჩრებული ქალები...ყველაფერს გენდერული მადლი აქვს მოფრქვეული ნუშისა და თხილის  ფხვნილივით...

ფემინიზმმა, რომელმაც გასულ საუკუნეში  სრულიად შეცვალა სამყარო, საქართველოში ფაქტიურად ქურდული გაგება ჩაანაცვლა. არ ვხუმრობ. სიტყვა ქალის ხსენება ისეთივე საშიში გახდა, როგორც  კანის ფერის, ან სექსუალური ორიენტაციის..  სულ დაძაბული ხარ, არ ხარ დარწმუნებული რომ კონტექსტი სწორად შეარჩიე, სწორად ჩამოაყალიბე სათქმელი, არაფერი შეგეშალა… რომ ეს სასტიკი გუგულები გაგიგებენ…
ზუსტად იგივე გრძნობა მქონდა 70-იანი წლების დასაწყისში, როდესაც თბილისში როკნროლი და ქურდული გაგება ერთდროულად იქცა სუბკულტურად - როკნროლთან დაკავშირებით ყველაფერი ზუსტად ვიცოდი, მჯეროდა, რომ ღმერთი გიტარისტია, მაგრამ ჯიმი ჰენდრიქსზე მაგრად მაინც ვერ უკრავს.. აი ქურდებთან დაკავშირებით კი ათასი კითხვა მქონდა თავში გაჩრილი, მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი, რადგან რამდენჯერაც გავბედე იმდენჯერ სასტიკად  დავისჯე  “საზოგადოებისგან” ანუ ძმაკაცებისგან  გარიყვით. ძალიან ბევრი  ჩამჭრელი კითხვა და დაუნდობელი მოჭუტული თვალების მზერა იყო გარშემო... ყურადღება ერთი წუთით არ უნდა მოგედუნებინა, თორემ მაშინვე დაიწყებოდა.. “..ეე ეგ არაქურდულია!” ,” ბოზურია”.. და ა.შ…ყველაფერი  როგორც წესი, სკოლის უკანა ეზოში ჩხუბით  მთავრდებოდა. უნდა გითხრათ ყოველთვის მძულდა ეს ქურდული გაგება..მე მგონი ზოგიერთი ფემინისტის არ იყოს, ქურდულ გაგებაზე მიკედლებულ ქუჩის ბიჭებსაც სძულდათ, მაგრამ რას იზამდნენ...ეს იყო პური და აზრი მათი უბადრუკი არსობისა, რომელიც სხვაზე თავდასხმაში და აგრესიაში პოულობდა დასტურს.
დღესაც, როგორც მაშინ, კითხვებს გენდერული თანასწორობის შესახებ ხმამაღლა კითხვის დასმა ნერვიული სისტემისთვის არ არის რეკომენდირებული.   ამ “დარგის” ექსპერტების - ქართველი პარტიზანი ფემინისტების ექსტრემისტი და მაჩო ნაწილის შიშით, რომლებიც  მამაკაცებს ისე უყურებენ, როგორც სვიფტის ცხენები გულივერს, მხოლოდ მათგან განსხვავებით ამ ღონიერ და ბოროტ "ცხოველებს" რეპროდუქციულ როლს მაინც აკისრებენ ..  არა და  დიალოგი მართლა საჭიროა, მხოლოდ ადამიანური დიალოგი და არა აგრესიული თრენინგებიდან მორჩენილი და შემთხვევით თავში გაჩხერილი ტერმინების  უმისამართო ფანტვა აქეთ - იქით, და მისი შედეგი :  არასწორად შევსებული კოსვორდივით უშნოდ  გადაჯღაბნილი საზოგადოება.

8 დეკემბერს (2015) საფრანგეთის ტელევიზიის საზოგადოებრივი არხის ახალი ამბების მთავარ 20 საათის გამოშვებაში საკმაოდ დიდი სიუჟეტი მიეძღვნა თემას - ქალები და მათემატიკა. სიუჟეტის დასაწყისში  გვიჩვენეს მსოფლიოში ცნობილი  პარიზის საინჟინრო სკოლის (École d'ingénieur)  მათემატიკის აუდიტორია, სადაც ლექციას 90 სტუდენტიდან მხოლოდ ცხრა ახალგაზრდა ქალი ესწრებოდა. სიუჟეტის მთავარი კითხვა სწორედ ეს იყო - რატომ არიდებენ ქალები თავს ისეთი პროფესიების არჩევას, რომლებიც რატომღაც ტრადიციულად  მამაკაცურად ითვლება? თავად სტუდენტი გოგონების  აზრით, ეს შესაძლოა სტერეოტიპების ბრალია, რადგან მათ ბევრ ნათესავს დღემდე უკვირს რომ საინჟინრო სკოლა აირჩიეს და არა ასევე პრესტიჟული კომერციის. უცნაურია,
რეპორტაჟის მეორე ნაწილში გადავდივართ ლიონის ტვინის ლაბორატორიაში, სადაც ერთი წლის განმავლობაში იკვლევდნენ ქალისა და მამაკაცის ტვინის შესაძლებლობებს მათემატიკური ამოცანების გადაჭრაში. შედეგებმა აჩვენა რომ მამაკაცის ტვინი სულ მცირედ, უმნიშვნელოდ აღემატება ამ კუთხით ქალის ტვინს. მაგრამ როგორც კი ცდების ჩატარებისას ქალის ტვინში შეჰყავთ სტერეოტიპული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის არ არის შექმნილი მათემატიკისათვის და რომ მამაკაცის ტვინი ბევრად აღემატება ქალისას - ქალის ტვინის შესაძლებლობები მკვეთრად იკლებს და გრაფიკულ სურათზე ის დაახლოებით გამოიყურება როგორც ოცი - ასზე. ქალის მენტალურ შესაძლებლობებზე როგორც ჩანს მკვეთრად მოქმედებს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ემოციური ზონა თავის ტვინში, რომელიც სტერეოტიპული ზეწოლის გავლენით მყისეულად ირთვება და ამუხრუჭებს ქალის ტვინის ზუსტად ისეთივე ხარისხის  მათემატიკურ შესაძლებლობებს, როგორიც გააჩნიათ მამაკაცებს.
ესეც ასე - დააყოლა ბოლოს წამყვანმა დავიდ პუჟადამ ღიმილით- ყველა ინფორმირებულები  ხართ…

უდავოდ საინტერესო სიუჟეტია, მაგრამ გარდა მთავარი ხაზისა,  აქ საინტერესო ის არის, რომ საფრანგეთშიც კი არსებობს თურმე  გენდერული სტერეოტიპები და პრობლემები….მაგრამ მათზე სალაპარაკოდ სრულიად საკმარისია ჩვეულებრივი ადამიანური ენით ლაპარაკი!.. სიუჟეტი მომზადებულია აბსოლუტურად არა ანგაჟირებული ჟურნალისტებისა და რედაქციის მიერ, ის სრულიად თავისუფალია, სხვა არანაკლებად გამაღიზიანებელი ისეთი სტერეოტიპებისგან,   რომლებიც თავიანთი ზემოქმედებით უკვე მამაკაცების ტვინში ააქტიურებენ ასევე საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ემოციურ ზონას. რის შედეგადაც ისინი სრულიად კარგავენ ობიექტური ანალიზის უნარს ქალების შესაძლებლობებთან დაკავშირებით. შედეგად ვღებულობთ … არაფერსაც არ ვღებულობთ,  მხოლოდ ისევ “აურზაურს “არაფრის” გამო, რომელსაც არავითარი სასარგებლო შედეგი არ მოაქვს, ქალებისა და მამაკაცების ემოციური  ზონები ისევ გაღიზიანებულნი და ერთმანეთისთვის უცხონი რჩებიან, ქალები ისევ ირჩევენ ამ “ქალურ პროფესიებს” კაცები კი კაცურს… საქართველოში მით უმეტეს.
ზემოთ ხსენებული ნჯო ელიტები კი,  მხოლოდ ზეთს ასხამენ ცეცხლზე, ზოგჯერ ფინანსური, ზოგჯერ კარიერული ბენეფიტის, ზოგჯერ კი უბრალოდ თვითდაჯერებულობის, ასე ვთქვათ საკუთარი ეგზისტენციალური დასტურისათვის ტემპერატურის შესანარჩუნებლად,  მათ გადაწყვიტეს, რომ არბიტრალური  როლი სწორედ  მათ ეკუთვნით და სხვას არავის.  რაშიც  სასწრაფოდ დაეთანხმა და  პოზიციების განმტკიცებაში სიამოვნებით დაეხმარა თავად “შეზღუდული კრეატიულობის” პოპულისტი  მედია… კიდევ უფრო პოპულისტი  პოლიტიკური სპექტრი  კი უბრალოდ იძულებული გახდა, რადგან მედია, რელიგია და მესამე სექტორი  სწორედ მათი ეგზისტენციალური პოპულიზმის ძირითადი  საყრდენია. საბოლოოდ კი აი ასე მივიღეთ “პოპულისტური ტოტალიტარიზმი”, რომელშიც სამწუხაროდ გვიწევს  ცხოვრება  და რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა დამთავრდეს.

საზოგადოება მხოლოდ მაშინ ქმნის ცივილურ სახელმწიფოს, როდესც მისი თითოეული წევრი თავად ცდილობს პროგრესირებას და თავს არ აფარებს სხვის პროგრესულობას, როდესაც თავად ქმნის პიროვნულ  თავისუფლებას. და არ ტკბება ჯოგური თავისუფლებით,
 ცნობილი ციტატა  - ჟანპოლ სარტრი  : “თავისუფლება არჩევანია”..ლოზუნგივით კი ჟღერს, მაგრამ სრული ჭეშმარიტებაა.  თავისუფლება მართლაც არჩევანია,, მხოლოდ ინდივიდუალური არჩევანი და არა კოლექტიური შეთანხმება.. ან თუ გნებავთ კომპრომისი..

 P.K. 26.12. 2015  Paris

20 novembre 2015

გამოტოვებული გაკვეთილები




მიმდინარე წლის დასაწყისში, 7 იანვარს, როდესაც საქართველო ახალი წლის ნამთვრალევზე პატარა იესოს დაბადებას ზეიმობდა - პარიზში  გამოცემა „შარლი ებდოს”რედაქციაში ტერორისტები შეიჭრნენ... ალბათ, გახსოვთ.
ქართულ მედიას ისედაც არ ახასიათებს მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების ღრმა ანალიზი, შობა-ახალ წელს მით უმეტეს: ატომური ომი ისე შეიძლება დაიწყოს, რომ მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როცა უკვე ძალიან გვიან იქნება რადიაციული თავშესაფრის ძებნა.
იანვარში  ყველა ტოქშოუ თავისი ტელევარსკვლავებით, პოლიტიკოსებით, ჟურნალისტებითა და ექსპერტებით შვებულებაშია, ამიტომ მოსახლეობა ნაძვის ხეებითა და ლამაზი გირლანდებით მორთული მხიარული ახალი ამბებით ცდილობს ხოლმე, იოლად გამოვიდეს.
საქართველომ „შარლი ებდოს”ამბავი საშობაო სუფრასთან შეიტყო. დასკვნები იქვე გამოიტანა. მეორე დღეს  კაშერულ სუპერმარკეტზე თავდასხმისას უკვე იცოდა, რომ სხვისი სიწმინდეები არ უნდა შეურაცხყო, მიუხედავად იმისა, რომ საბრალო დაღუპულ ებრაელებს საერთო არაფერი ჰქონდათ უხამს კარიკატურებთან. სოციალურ ქსელში ცოტა იკამათეს ეგრეთ წოდებულმა „შარლებმა”და „ანტიშარლებმა”, უფრო სწორად აგინეს ერთმანეთს. ყველამ თავისი პატარა აგრესიული სიმართლე დაიჯერა, რეზოლუცია დაადო, ბეჭედი დაარტყა და კლასიფიცირებული უჯრაში გამოკეტა, როგორც დოგმა, რომლის შესახებ ნებისმიერი კითხვის დასმა აზრს კარგავს.
საქართველომ დღემდე არ იცის, რა მოხდა საფრანგეთში, რატომ გახადა შესაძლებელი ამ ტერორისტულმა აქტმა, მთელი ქვეყანა, ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნებისა თუ რელიგიური კონფესიის მიუხედავად, რამდენიმე დღით სოლიდარული გამხდარიყო. აქ, საქართველოში დღემდე უჭირთ დაიჯერონ, რომ გამოხატვის თავისუფლება შესაძლოა, რომელიმე ქვეყანაში ისეთ მნიშვნელოვან ფასეულობას წარმოადგენდეს, რომ ამის გამო ადამიანებმა თავი გაწირონ. უჭირთ, რადგან  მათთვის ჯერ კიდევ არავის აუხსნია ამ უზარმაზარი და ფუნდამენტური  საკითხის მნიშვნელობა, არც შარლიმდე და არც, სამწუხაროდ, მერე. იმ ადამიანებსაც კი არ აუხსნიათ, ვისი მოვალეობაცაა ამის გაკეთება, ვინც ჯამაგირს იმისთვის კი არ იღებს, რომ თავისი ცოდნა საკუთარი უნიკალური იმიჯის განმტკიცებისა და თანამოაზრეებისათვის გასაზიარებლად გამოიყენოს, არამედ უწილადოს მათ, ვისაც წარმოდგენა არა აქვს იმ უმნიშვნელოვანესი ფასეულობების შესახებ, რომლის გარეშე დემოკრატია ყოველგვარ აზრს კარგავს.
დღეს ნებისმიერ შარლატანს შეუძლია, თაღლითობა გამოხატვის უფლების საბურველით შემოსოს და ამ ადამიანის უმნიშვნელოვანეს ფუნდამეტურ უფლებას ისეთი ცრუ ინტერპრეტაცია მისცეს, როგორიც მას სურს. პასუხის მომთხოვნი კი თითქმის არავინ იქნება..
ამის შესანიშნავი მაგალითია „რუსთავი 2-ის”ცნობილი სასამართლო პროცესი, რომელიც სასწრაფოდ ტრანსფორმირდა სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლად. თავისი ცრუ გმირებით, ანტიგმირებით, მოღალატეებითა და უბრალოდ მეგაფონიანი მყვირალა ოპორტუნისტებით. ერთ-ერთი პირველი საოცარი განცხადება შალვა ნათელაშვილმა გააკეთა ვაშინგტონიდან, იმის შესახებ, რომ ამერიკასა და ევროპაში „რუსთავი 2”ასოცირებულია თავისუფალ სიტყვასთან! იმავე დღეს  მწერალი დავით ტურაშვილი კიდევ უფრო შორს წავიდა. მისი აზრით, სიტყვის თავისუფლება უფრო მეტი ფასეულობაა, ვიდრე ტელეარხის მფლობელობაზე პრეტენზიის მქონე ხალვაშის პირადი ქონება… მოკლედ, ტურაშვილისა და ნათელაშვილისეული ვერსიით, სიტყვის თავისუფლება დასავლური ფასეულობაა, ის კერძო ქონებაზე მეტია, ასოცირდება პატრიოტიზმსა და სამშობლოსთვის თავგანწირვასთან. უნდა გითხრათ, 1789 წელს საფრანგეთის რევოლუციისას გამოცემულ ადამიანის უფლებათა უნივერსალურ დეკლარაციაში მსგავსი ნამდვილად არაფერი წერია, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა პატრიოტიზმი სწორედ მისმა შემდგენელებმა მოიგონეს ადამიანის უფლებებთან ერთად და პატრიოტიზმის პრეტექსტით ამავე ადამიანთა სისხლის გუბეებიც დააყენეს.
პრინციპში, იმას, რასაც საქართველოში სიტყვის თავისუფლების ქვეშ, სავარაუდოდ, გულისხმობენ, უფრო პრესის თავისუფლება ჰქვია. რაც, თავის მხრივ, ერთ-ერთი შემადგენელია ბევრად უფრო ფართო და ზოგადი ცნების _ გამოხატვის თავისუფლების. ამ უკანასკნელს ჩვენში სიტყვის, ანუ პრესის თავისუფლებისგან, რატომღაც, განყენებულად ახსენებენ ხოლმე. არც არის გასაკვირი. გამოხატვის თავისუფლება ხშირად ასოცირდება მედიისა და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებასთან, მაგრამ ის ასევე ასოცირდება სხვა ნებისმიერ პუბლიკაციასთან: წიგნთან, ფილმთან, ხელოვნების ყველა დარგთან, საზოგადოების წინაშე წარმოთქმულ ორატორულ თუ პოლიტიკურ სიტყვასთან, ნებისმიერ მედიასაშუალებასთან, გლობალურად კი აზრის, შეხედულების გამოხატვასთან ნებისმიერი მეთოდით.
ვინმეს შეუძლია თქვას, რომ საქართველოში, პრესის თავისუფლების გარდა, რომელიმე გამოხატვის საშუალების თავისუფლების გამო ამტყდარა აჟიოტაჟი?
მედია და პოლიტიკოსები საზოგადოების აჟიტირების ბერკეტებს მხოლოდ მაშინ იყენებენ, როდესაც მიიჩნევენ, რომ საშიშროება მათ პირად და პროფესიულ თავისუფლებას ეხება და არა მაშინ, როდესაც _ რომელიმე ხელოვანის გამოხატვის თავისუფლება ილახება, როგორც მაგალითად სულ ახლახან ქუთაისელი მხატვრის, ორსული მადონას ავტორის შემთხვევაში.
ამასთან აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფლება, თავის მხრივ, მანიპულირებისა და თაღლითობის საუკეთესო საშუალება და ბერკეტია: ადამიანის უფლებების უნივერსალური დეკლარაციის მე-19 მუხლში გარკვევით წერია, რომ კომუნიკაციისა და გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ იმ ფარგლებშია დასაშვები, რომელშიც არ ხდება ამ თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა, ცილისწამება, სიცრუე… დეკლარაციის ამ დეტალს, რატომღაც, თვალს არიდებენ ხოლმე ქართველი მედიაექსპერტები და საუბრობენ ტოტალური თავისუფლების აუცილებლობაზე, რაც ქართულ ცრუპენტელა და ცილისმწამებელ მედიას სრულიად აძლევს ხელს. სწორედ ამიტომ არიან ერთი შეხედვით სამკვდროდ გადაკიდებული კონკურენტი მედიასაშუალებები და ჟურნალისტები ერთმანეთის სოლიდარულნი, რადგან სისტემა, რომელშიც ეს ზღვარს გადასული, ქართული სიტყვის თავისუფლებად ტრანსფორმირებული პრესის თავისუფლება ფუნქციონირებს, ერთნაირად აძლევს მანევრირების საშუალებას ყველა მედიასაშუალებასა და ყველა პოლიტიკოსს, თუნდაც ისინი ერთმანეთის მოსისხლე მტრები იყვნენ და სწორედ ამის მაგალითია ის უპრეცედენტო ცხვრებისა და მგლების ურთიერთსოლიდარობა, რომელიც დღეს „რუსთავი 2-ის”გარშემო შეინიშნება.
ემანუილ კანტის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლება სრულიად აუცილებელი პირობაა აზროვნების თავისუფლებისათვის.: „დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ: უმაღლეს ძალაუფლებაში მყოფთ შეუძლიათ, ლაპარაკის ან წერის თავისუფლება ჩამოგვართვან, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებენ ჩამოგვართვან აზროვნების თავისუფლება. ნებისმიერ შემთხვევაში, რა იქნება ჩვენი ნააზრევის სიღრმე ან სიზუსტე, თუკი ჩვენ გარკვეულწილად არ ვიაზროვნებთ სხვებთან ერთად, ვისთვისაც შეგვეძლება ჩვენი ნააზრევის გაზიარება, ხოლო მათ - თავიანთისა ჩვენთვის!? ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, გარე ძალა, რომელიც ადამიანებს ართმევს აზრებით საჯარო კომუნიკაციის უფლებას, მათ, აგრეთვე, ართმევს აზროვნების თავისუფლებას.
...
მართლაც, იქ, სადაც შეზღუდულია თავისუფალი კომუნიკაცია, შეზღუდულია აზროვნება და ამის ნათელი მაგალითი საბჭოთა კავშირია, კერძოდ კი, ჩვენი საბჭოთა საქართველო.
მაგრამ, რა მოხდა წითელი იმპერიის შემდეგ, როდესაც მოულოდნელად და ერთბაშად კომუნიკაციის თავისუფლების ისეთი შეუზღუდავი საშუალება გაჩნდა, როგორზეც დასავლეთიც კი ვერ იოცნებებდა? პოსტსაბჭოთა ქართულ მედიას ხომ არანაირი ტაბუ არ გააჩნდა. მათ დღემდე შეუძლიათ, სრულიად უფასოდ დასწამონ ცილი, ვისაც გნებავთ _ კრიმინალთან სიახლოვეში, გარყვნილებაში, მკვლელობაშიც კი… სამშობლოს „ბანალურ”ღალატზე რომ აღარაფერი ვთქვათ… და პასუხს არავინ აგებს, მეტიც, პასუხს არც კი ითხოვს ვინმე. საქართველო არის ქვეყანა, სადაც გაზეთი „ასავალ დასავალი”შესაძლებელია! სადაც ის ნამდვილ ჭეშმარიტად „თავისუფალი”მედიის ფლაგმანს წარმოადგენს, „მერე რა”, რომ ეს სწორედ ის თავისუფლებაა, რომელიც ადამიანის უფლებების მე-19 მუხლით არის შეზღუდული... ჩვენთან ასეთი შეზღუდვები მხოლოდ წვრილმანია.
რა მოხდა? რატომ არ გაიზარდა აზროვნების ხარისხი პოსტსაბჭოთა საქართველოში? ნუთუ კანტის ამ აბზაცის ფასი, მართლაც, ის სამასი ლარია, რომელიც დიდი გერმანელი ფილოსოფოსის სახელობის თბილისის რაღაც „აკადემიაში”სამთვიანი ტრენინგი ღირს?
ქართული ვერსიით, „სიტყვის თავისუფლება”კონფლიქტში მოდის გამოხატვის თავისუფლების იმ უნივერსალურ მნიშვნელობასთან, რომელიც მასში 1789 წელს ჩაიდო.
სიცრუის თავისუფლებას, რომელსაც აზროვნებასთან არაფერი აქვს საერთო, მე პარაზიტების თავისუფლებას დავარქმევდი, რომელიც რეალურ „სიტყვის თავისუფლებას”აფერხებს, აჭუჭყიანებს, აინფიცირებს. ამდენად ის ხელს უშლის აზრთა კომუნიკაციას და თავად აზროვნებას. ქმნის თავისუფლების იმიტაციის კონტექსტს, რომლის მექა თავად თბილისის ემანუილ კანტის აკადემია ხდება, სადაც სულ რაღაც სამას ლარად სამ თვეში შეგიძლიათ, გახდეთ წარმატებული ადამიანი, სადაც მასტერკლასებს ასევე წარმატებული და ცნობადი ტელეინტელექტუალები წაგიკითხავენ... საბრალო, საბრალო ემანუელი, მშობლიური ქალაქი და საფლავი რუსებმა წაართვეს, სახელი კი _ ქართველებმა... თუმცა მის სულს ვერაფერი მოუხერხეს, ის მაინც ჭეშმარიტებას ეკუთვნის.
გამოხატვის თავისუფლება არის სწორედ ის, რამაც პრიმატი ჰომოსაპიენსი გამოქვაბულიდან გამოიყვანა, ასწავლა კითხვის დასმა და მასზე პასუხის ძებნისთვის ჯერ ინდივიდუალური, შემდეგ კოლექტიური შრომა, მოთმინება, მეთოდის ძებნა, საკუთარი შესაძლებლობის ლიმიტის დარღვევა, საზღვრის გადალახვა. ეს არის ევოლუციის რეტროსპექტივა, ილუსტრაცია პროცესისა, თუ როგორ იქცა პირუტყვი ადამიანად.
ჩვენ კი ეს ყველაფერი პრესის თავისუფლებამდე შევკუმშეთ და ამას სიტყვის თავისუფლება დავარქვით, მაგრამ გამოხატვის ზემოთ ჩამოთვლილი ფორმების თავისუფლების გარეშე, ეს სიტყვის თავისუფლება მხოლოდ უფრთო პეპელას ანუ მატლს ემსგავსება, რომელიც ფრენის ნაცვლად ბრმად და უშნოდ დახოხავს მწვანე ფოთოლზე... რა აზრი, ან რა ფასი აქვს თავისუფალ სიტყვას, თუკი ის მხოლოდ სიბრიყვეს, სიცრუეს, ცილისწამებას, ვიღაც მეგალომანი შარლატანის ინტერესებს ემსახურება? რა აზრი აქვს გამოხატვის თავისუფლებას, როდესაც გამოსახატავი არაფერი გაგაჩნია, გარდა ტყუილისა და ცილისწამების, რომლებსაც არ შეუძლიათ გააბან ის  კომუნიკაცია, რომელზეც კანტი საუბრობდა და რომლის გარეშეც შეუძლებელია აზროვნება, როგორც ზმნა, როგორც პროცესი. მას მხოლოდ ამ სიტყვის არსებით სახელად ტრანსფორმირება შეუძლია. ამდენად სიცრუის თავისუფლების კონტექსტში აზროვნების თავისუფლება აზრს კარგავს და ჩვენი გონება ისევ გამოქვაბულს უბრუნდება, იმ ბესტიალურ მდგომარეობას, სანამ ჰომოსაპიენსი პირველ ცხოველებს ამოკაწრავდა კედელზე. სამწუხაროდ, სწორედ ამ გროტესკულ თავისუფლებას ემსახურება ყველაზე ხშირად ქართული მედიის სიტყვა.
მე ვამტკიცებ, რომ მხატვარ უკლებას გამოხატვის თავისუფლების დაცვა სახელმწიფოებრივად და ფილოსოფიურად ბევრად უფრო მაღალი მნიშვნელობისაა, ვიდრე რომელიმე მატყუარა და ცილისმწამებელი არხის, რადგან ეს სწორედ ნამდვილ გამოხატვის უფლების დაცვას ეხება, ავტორზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მცდელობას, მის მანიპულირებას... და მანიპულირებას თითქმის ყველა მხრიდან, თვით აკადემიური წრეებისთვისაც ეს ისტორია გახდა არა არტისტის ყველაზე ფუნდამენტური უფლების შელახვის, არამედ რადიკალურ რელიგიურ წრეებთან ბრძოლაში ქულის დაწერის საგანი, თითქმის ყველა ტექსტი, რომელიც დაიწერა, რაღაც ზიზღნარევი ქედმაღლობით იყო განმსჭვალული ყველას მიმართ „ვინც ჩვენთან არ არის და ვინც ამიტომ - თავისთავად ცხადია - ცივილიზაციის მტერია”.
ეს ის ხალხია, რომლებმაც გასულ ზამთარს ორიოდ კვირით „ფეისბუქის”ავატარებად „ჟე სუის ჩჰარლყ”დაიყენეს, თავიანთ ვიწრო წრეში შეთანხმდნენ, რომ ან პროგრესსა და ევროპასთან ასოცირებული შარლი ხარ, ან ფუნდამენტალისტი და გოიმი ანტიშარლი და დაიშალნენ... უნდა ითქვას - ფრანგ განმანათლებლებს რომ თავიანთი „გასანათლებლების” მიმართ ისეთი ზიზღნარევი ქედმაღლური დამოკიდებულება ჰქონოდათ, როგორც დღევანდელ ქართველ ინტელექტუალებს აქვთ, გარწმუნებთ, საფრანგეთი დღესაც შუა საუკუნეებში იქნებოდა ჩარჩენილი.
ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მოსახლეობამდე მიტანის „ჯვარი”მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების საზიდი გახდა, მათი ცივი პროტოკოლური ენა კი ქართველების ცხელ გულებში ვერ აღწევს - მაშინვე დნება, ორთლდება, ქრება. პრინციპში ინტელექტუალებისა და ხელოვანების ენაც... რომლებიც ასე საოცრად წააგავს იმავე ცივ, პროტოკოლურ გაშეშებულ ენას.
კომუნიკაცია არ მუშაობს, არც აზრი.
ჩვენ ნიჭიერ, მაგრამ ზარმაც მოწაფეს ვგავართ, რომელიც ათიდან მხოლოდ ერთ გაკვეთილს იზეპირებს კარგი ნიშნის მისაღებად. დიახ, იზეპირებს - მაგრამ არ, უფრო სწორად, ვერ სწავლობს, რადგან გამოტოვებული გაკვეთილები ამის საშუალებას არ აძლევს. მან იცის, რომ ორჯერ ორი ოთხია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი გამრავლების ტაბულის ცოდნისათვის, რადგან მან არ იცის, რომ სამჯერ სამი ცხრაა, თუმცა იცის, რომ შვიდჯერ ცხრა სამოცდასამია...
შარლის გაკვეთილიც ისევე გამოტოვა საქართველომ… დაიზეპირა რამდენიმე მყვირალა მოცემულობა, რომელსაც ევრონიუსსა და CNN-ზე მოჰკრა თვალი, დაიმახსოვრა და მას შემდეგ ჯიუტად სჯერა თავისი ცოდნის. კითხვა არასდროს არ დაუსვამს თავისი თავისთვის. ისევე, როგორც სხვა გამოტოვებული „გაკვეთილების”- მაგალითად, იმავე საფრანგეთში ჰომოსექსუალთა ქორწინების საწინააღმდეგოდ გამართული მანიფესტაციების შემთხვევაში... სულ მალე იმავე წლის 17 მაისს არცთუ სასიამოვნოდ რომ შემოუბრუნდა საქართველოს, პირდაპირი მნიშვნელობით ერსაც და ბერსაც… რომლებიც უნდა ითქვას, რომ არსად ისე არ იმსახურებენ ერთმანეთს, როგორც... „აქ, ამ ქვეყანაში”!
შარლი ებდო იყო უზარმაზარი თემა, შესაძლებლობა, გაკვეთილი, რომელიც სავსებით იმსახურებდა იმ მილიონობით ადამიანის ქუჩაში გამოსვლას, საქართველომ ტელევიზიით რომ იხილა და მიზეზი დღემდე ვერ გაიგო... რომ გაეგო, ალბათ, დღეს ორსული ღვთისმშობლის კარიკატურა ასე არ აღაშფოთებდა და შეურაცხყოფდა მორწმუნეთა გრძნობებს... ამ ნახატს არც „კონტემპორერ არტის”შედევრალური  ნიმუშის რანგში აიყვანდნენ პისტოლეტით შეიარაღებული ღვთისმშობლის კალთას ამოფარებული მხდალი და კონიუნქტურული ქართველი „ეპატაჟისტები”... არც ავტორს გახვევდნენ მისთვის მოულოდნელ და არასასიამოვნო გაუგებრობაში. მეტიც, ვერც „რუსთავი 2-ის”გენერალური დირექტორი და მისი ოდესელი „ქარიზმატული”პატრონი გაბედავდნენ ასე ადვილად სიცრუისა და ცილისწამების გავრცელების უდავო, მაგრამ სამარცხვინო უფლების ფუნდამენტური გამოხატვის უფლების რანგში აყვანას. საგნებს შეძლებისდაგვარად თავისი შინაარსის შესაფერისი სახელები დაერქმეოდა და მათთან დაკავშირებული პროცესები შესაბამისად მშვიდად და ნაკლები გროტესკულობით წარიმართებოდა

PK
5 Novembre 2015 Tbilissi

27 octobre 2015

გამოუქვეყნებელი ინტერვიუ ჟურნალ X - ში - პაატა ქურდაძე - 23 ოქტომბერი 2015




ხელისუფლება გამუდმებით ლაპარაკობს იმაზერომ საზოგადოე-ბამ უნდა იცოდეს წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებიგულისხმება წამების კადრებითუმცა ხელისუფლებას არ გაუკეთებია რაიმე არსებითი ამ ადამიანების რეაბილიტაციისთვისრომ არაფერი ვთქვათ დამნაშავეების დასჯასა და იმაზერომ წამებაში სავარაუდო ეჭვმიტანილები დღესაც თანამდებობებზე მუშაობენ რაზე მიუთითებს ეს თქვენი აზრით?

პქ - ხელისუფლება მართალია, რა თქმა უნდა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ნებისმიერი, წინა თუ დრევანდელი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებებისა და შეცდომების  შესახებ. ინფრმაციაზე წვდომის  უფლება ერთერთი ფუნდამეტალურია დემოკრატიაში, რომელისკენაც ისეთი აღგზნებულნი მივისწრაფვით, რომ გზადაგზა თავად ვთელავთ და ვანადგურებთ დემოკრატიის ნორჩ ყლორტებს.
  მე ვერ ვიტყოდი რომ ხელისუფლებას არაფერი არ გაუკეთებია დამნაშავეების დასასჯელად. თუმცა დამნაშავეების დასჯა სამართლებრივი  და არა ცილისმწამებლურ-რეპრესიული  გზით არ არის ადვილი საქმე. მით უმეტეს როდესაც დანაშაულში ეჭვმიტანილნი არან ადამიანები, რომლებსაც საკუთარი სავარაუდო დანაშაულის შესანიღბი  და წასაშლელი  ყველა ბერკეტი ეპყრათ ხელთ. პროცესები ეჭვმიტანილი  მაღალი ფუნქვიონერებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ წლების განმავლობაში მიმდინარეობს ხოლმე ისეთ ქვეყნებში, რომელთა  იურისტების პროფესიონალური დონე ისევე განსხვავდება ჩვენი იურისტებისგან, როგორც “ლამბორჯინი”  “ჟიგულისგან”.  მე ვთვლი რომ უკვე პროგრესის ნიშანია ის, რომ ეს პროცესები ამდენ ხანს გრძელდება და ისინი ახალი ხელისუფლების გამარკვების შემდეგ ორ კვირაში არ დამთავრდა.  ქართული იურისპრუდენცია, ერთგვარად საკუთარი დემოკრატიულობისკენ სწრაფვის მსხვერპლი გახდა,. სამწუხაროდ მას არ შესწევს პროფესიონალური უნარი სამართლებლივად დაამტკიცოს ამ საზარელ დანაშაულთა ბრალდებები, ამავე დროს არ სურს კარგად ნაცად, ცილისწმების ინსტიტუციონალიზებურ მეთოდს მიმართოს, რადგან იცის რომ ამას დრეს აღავინ აპატიებს. ამიტომ ცდილობს თავი დაიზვრინოს  როგორც შეუძლია. ძირითადად ამომრჩევლის ბაზისური გრძნობების მანიპულირებით  და რამდენე ოდიოზური პერსონის ციხეში გამოკეტვით. თუმცა ამით მან სავარაუდო დამნაშავეები თავად აქცია ერთგვარ გმირებად საზოგადოების ერთი ნაწილის თვალში.
   ეს მაინც ძალიან საშიში თამაშია. როგორც წესი არცერთ ხელისუფალს არ სურს გახდეს დიქტატორი, მაგრამ ასე გამოდის ხოლმე: ყველა ტირანიას საფუძველში კეთილი და სამართლიანი განუხორციელებელი ზრახვები უძევს.
     მე პირადად მირჩევნია  დღეს პატიმრობაში მყოფი ბრალდებულები, გამართლდნენ, თუ კი კანონიერად ვერ მოხერხდება მათი დანაშაულის დამტკიცება, ვიდრე ათასგვარი შანტაჟის, მუქარისა და წამების საშუალებით მიღებული აღიარებითი ჩვენებების საფუზველზე,  გამოუტანონ, მეთოდებით, რომლებსაც  საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული დიდი წარმატებით იყენებდა ყველა ხელისუფლება, მათ შორის, ყველაზე დიდი წარმატებით სწორედ წინა ხელისუფლება, რომელმაც 2012 წლის შემოდგომაზე თავისი სისხლიანი პიჯაკი გადმოატრიალა, მსხვერპლის მანტიად გადეკეთებული სასწრაფოდ მოირგო,  ხელები დაიბანა და  დღეს ადამიანის უფლებების აპოლოგეტად მოგვევლინა..
უკანონო, დაუსაბუთებელი სასჯელი ყოველთვის სხვა კიდევ უფრო მეტ უკანონობას უხსნის გზას, ვიდრე ნებისმიერი კონკრეტული დანაშაულია და ის ბევრად უფრო საშიშია საზოგადოებისათვის ვიდრე კონკრეტული კრიმინალის დასჯა, ბევრად უფრო ტრაგიკულია უსამართლოდ სიკვდილიტ დასჯილი ადამიანი, ვიდრე მკვლელი, რომელიც სიკვდილით დასჯას გადაურჩა და ამის უამრავი მაგალითია ჩვენი მთავარი მეგობრის , ამერიკის იმ შტატებში, სადაც ჯერ კიდევ ვერ მიხვდნენ რომ სიკვდილით დასჯა ინსტიუციონალიზირებული მკვლელობაა და არა სასჯელი.
რაც შეეხება თანამდებობებზე მომუშავე ეჭვმიტანილებს, ვერაფერს გეტყვით, ამის შესახებ არანაირ დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ. ისე კი საქართველოს ერთი ნახევრისთვის მეორე ნახევარი ყოველთვის ეჭვმიტანილი... მეტიც დადასტურებულად დამნაშვე და მოღალატეა, რაც სულაც არ ნიშნავს რომ ისინი მართლაც დამნაშავენი და ეჭვმიტანილები არიან, მე მათ უფრო “ჭორმიტანილებს” დავარქმევდი.

ხელისუფლება წამების კადრებსთანაც ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციების მოშველიებითიყენებს როგორც პოლიტიკურ იარაღს თავისი ოპონენტების წინააღმდეგმაგრამ არ ფიქრობს იმაზეამ კადრების გამუდმებით გავრცელება თავად მსხვერპლს რა ტკივილს შეიძლება აყენებდესრატომ ჰგონია ხელისუფლებასრომ მსგავსი მანიპულაციით შეიძლება რეიტინგის ამაღლება?  თქვენი აზრით ეს [წამების კადრების გავრცელებით რეტინგის ზრდა] შესაძლებელია?

პქ- საერთოდ ადამიანის უფლებები საქართველოში პოლიტიკურად ძალიან გამოსადეგი და პრაქტიკული გაჯეტი აღმოჩნდა( ფინანსურადაც, მხოლოდ ეს სხვა თემაა)   მე ვერ გატყვით  კერძოდ ადამიანის რომელი უფლებები აქვთ მხედველობაში... პრინციპში სადო-მაზოხისტური პორნოგრაფიის ყურების უფლება გარანტირებულია  ადამიანის უფლებებით ბევრ ქვეყანაში. მხოლოდ არა მგონია ეს ჰქონდეთ მხედველობაში მათ, ვინც ამ სისასტიკის საჯარო ჩვენებების ორგანიზებას დემოკრატიის გამოვლინებად თვლის. იცით, საქართველოში ადამიანის იმდენი  ბევრად უფრო კლასიკური, ფნდამეტალური უფლება ირღვევა რომ წამების ყურების უფლებისთვის ბრძოლა მე პირადად გადაჭარბებული “ექსრავაგანტობა” მგონია.
ხოლო თუ კი ხელისუფლებას ფიქრობს, რომ წამების ჩვენებით მოსახლეობაში რეიტინგი მოემატება (შესაზლოა ეს ასეც იყოს, თუ კი  მოკლევადიანი პოპულისტური  პერსპექტივით შევხედავთ), გამოდის რომ ხელისუფლების წარმოდგენა  თავისი თანამოქალაქეების მორალურ და გონებრივ კრიტერიუმებზე, გაცილებით პრობლემატურია, ვიდრე  თავად ამ კადრების ჩვენებისა თუ არ ჩვენების მორალურობა. იმისათვის რომ ადამიანის ერთერთი უმთავრესი და ფუნდამეტალური უფლება - ინფორმირებულობის უფლება დაიცვა, მოსახლეობამდე კონკრეტული კრიმინალური აქტის შესახებ ინფორმაცია მიიტანო, არ არის აუცილებელი  დასახიჩრებული გვამების ქუჩა-ქუჩა ჩამოტარება, ან პედოფილური შინაარსის ვიზუალური მასალის ჩვენება, საერთოდ ნეხვის დანახვისას არ არის აუცილებელი შიგ ცხვირის ჩაყოფა, იმაში დასარწმუნებლად რომ ის ყარს.

ფაქტიარომ კადრების გავრცელების ახალი ტალღა მას შემდეგ წამოვიდარაც NDI  პოლიტიკური პარტიების რეიტინგი გამოაქვეყნა და აღმოჩნდარომ სახელისუფლებ კოალიციის რეიტინგი ძალიან დაბალიათუ ხელისუფლების რეიტინგის დაცემა გაგრძელდებათქვენი აზრით, მოსალოდნელია თუ არა ახალ-ახალი კადრების ჩვენების სერია გაგრძელდეს?

პქ - ჩემი აზრით NDI აქ არაფერ შუაშია. უფრო სწორად მე მას არ მივანიჭებდი იმაზე მეტ მნიშვნელობას რის შესაძლებლობასაც საქართველოში მისი რეპუტაცია იზლევა.
 საქართველო ძალიან ადრე შევიდა წინასაარჩევნო დაუნდობელ მარათონში. რომელსაც ამავდროულად არის ბრძოლა წესების გარეშე. მას შემდეგ რაც ცნობილი ატასობით ფაილის განადგურების შესახებ გავრცელდა ინნფორმაცია, მე პირადად ერთი წუთით არ შემპარვია ეჭვი, რომ როგორც კი საჭირო გახდებოდა ამ ფაილების კოპიოები მაშინვე გამოჩნდებოს. მე არ ვიყავი მარტო ჩემს სკეპტიციზმში. სამწუხაროდ არ შევცდი. დღევნდელ საქართველოში პოლიტიკურ კომპრომატს ისევე არ აქვს სუნი, როგორც ფულს კორუმპირებულ საბჭოთა და პოსტ საბჭოთა სისტემაში.. არჩევნებამდე ჯერ კიდევ შორს არის, მე არ ვიცი რამდენად გაუძლებენ ერთწლიან კომპრომატების ომს პოლიტიკური პარტიები და ნაციონალური მოძრაობის ინკვიზიციის კასრებზე მჯდარი ხელისუფლება. სიმართლე გითხრათ არც მაინტერესებს. მაგრამ მოსახლეობის ზოგად ფსიქიკურ მდგომარეობას რომ ეს ერთი წელი კიდევ უფრო შეარყევს, ამაში ეჭვი არ მეპარება და ეს ნამდვილად მაწუხებს.
საქართველოში პოლიტიკას რომ  ეძახიან, სინამდვილეში სიძულვილის მატრიცა, კიბოს კერაა. პოლიტიკოსების ძალიან დიდი ნაწილი  კი მისი მეტსტაზები, რომლებიც თერაპიას აღარ ექვემდებარებიან. მე სერიოზულად ვთვლი რომ საზოგადოებამ თავად უნდა შექმნას მათგან ერთგვარი  თავისდამცავი რაღაც მექანიზმი თორემ ის ვერ გაუძლებს ასეთ ფსიქოლოგიურ ტერორს და საბოლოოდ დაიღუპება. 

ქვეყნის პრემიერის აზრით, «ენმ  მადლობა უნდა მოიხადოსრომ ხალხმა იგივე არ გაუკეთარაც ამ ვიდეოში ხდება.»  თქვენი აზრით, იყო თუ არა ეს წამების ამსახველი კადრების გავრცელების წახალისება? ხომ არ  არის იმის საფრთხე, რომ ერთ დღესას, კვერცხების სროლის ნაცვლადრაც „ამ ვიდეოებში ხდება“ იგივეს გაკეთება გადაწყვიტონ ადამიანებმა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ? ხომ არ ახალისებს ეს სიტუაცია ძალადობას ქვეყანაში?

პქ - სამწუხაროდ საქართველოში ქვეყნის პირველ პირებად ირჩევენ - თუ ნიშნავენ  ადამიანებს, რომლებსაც ზოგად კულტურასთან მწვავე, სერიოზული პრობლემები აქვთ. ნიშანდობრივია.  რომ პრემიერის ეს გამოთქმა სკანდალურად ეჩვენება იმ ხალხს რომელიც  სააკაშვილის ყოველ  მწვავე ვერბალურ პათოლოგიაზე დღემდე  რაღაც სექტანტურ ექსტაზში ვარდება და პირიქით, ექსპრეზიდენტის მჭვერმეტყველებით აღშფოთებული მათი ოპონენტები, სირინოზების სიმღერისგან დასაცავად ყურებამოგლესილი არგონავტებივით ნეტარი ღიმილით უსმენენ დრევანდელი პოლიტ ელიტის  პოლიტიკური  “ეპატაჟის “შედევრებს.
 ქართულ პოლიტიკას  ძალიან, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა კულტურა და კლასი აკლია. ეს ფაქტია, რომელსაც ვერსად დაემალები. მე სერთოდ ეჭვი მეპარება ქართველი პოლიტიკოსების უმეტეს ნაწილს ამ ორი სიტყვის თუნდაც ეტიმოლოგიური მნიშვნელობა ესმოდს.

აჭარაში წამების ამსახველი კადრები გააზიარეს განათლების მინისტრის    მოადგილემ,
ბათუმის საკრებულოს  თავმჯდომარემ.  სახელისუფლებ გუნდი ამართლებს ამ საქციელს, განსაკუთრებით პრემიერის ზემოთმოყვანილი განცხადების შემდეგ.  თქვენი აზრით, რაზე მიუთითებს ეს?

პქ - ღმერთო ჩემო! რას უნდა მიუთითებდეს? რა თქმა უნდა ძველ “კეტილ” ტრადიციულ კლანურ სისტემასა და მენტალიტეტზე. ჩვენში ხომ ერთგულების იმიტაცია  ჭკუაზე მეტად ფასობს. განსაკუთრებით სახელმწიფო სამსახურში... ამას ამნეზიიტ შეპყრობილი ოპოზიცია , რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს არასდროს გამუხატავს თავიანთი “ნათლიმამას” საწინააღმდეგო აზრი - მონურ მენტალიტეტს ეძახის. მე მიმაჩნია რომ ეს არასწორი. მეტიც უსამართლობაა... მონებთან მიმართებაში.

თბილისი 23 ოქტომბერი 2015