დაახლოვებით ორი წლის წინ ჩემმა შვილებმა დაბადების
დღეზე როლინგების გიტარისტის, კიტ რიჩარდსის
სულ ახლი გამოსული ავტობიოგრაფიული წიგნი, ლაიფ მაჩუქეს-... ჩემი აზრით ეს ერთერთი საუკეტესო წიგნია რაც როკნროლზე
დაწერილა.
პირველივე გვერდებმა საბჭოთა თბილისში დამაბრუნა...
უცნაურია არა? ზოგს პუტინის ხსენება აბრუნებს წითელ წარსულში, ზოგს 37 მანეთის.. ზოგსაც ჩემსავითღ კიტ რიჩარდსის... ახლავე აგიხსნით რატომ.
წიგნის
პირველ თავში ავტორი 1975 წელის ამერიკული
ტურის ეპიზოდს იხსენებს. რომლის დროს მან გიტარისტ რონი ვუდთან და ორ მეგობართან ერთად
გადაწყვიტა მემფისიდან დალასში ავტომობილით ჩასულიყო. ამ იდეამ ჯგუფის ადვოკატი ლამის
პანიკაში ჩააგდო, საქმე იმაშია, რომ 1972 წელს პრეზიდენტმა ნიქსონმა ჯონ ლენონის შემდეგ
მიზანში როლინგები ამოიღო, პლანეტაზე ყველაზე საშიშ ნონ გრანტა როკ ჯგუფად შერაცხა.
სამი წლის
შემდეგ სწორედ ამ ადვოკატის დიდი შრომის
შედეგად ჯგუფს პირველად დართეს ნება შტატებში ტურის გამართვის..
კოკაინით, მარიხუანათი და ათასგვარი აბებით
გატენილი ავტომობილით არკანსასის შტატის გადაკვეთა,სადაც იმ ხანებში როკ მუსიკის კანონით
აკრზალვას აპირებდნენ, სადაც, როგორც მუსიკოსი წერს თითოეული პოლიციელი ოცნებობდა სამშობლოდან ამ გრძელთმიანი
პედერასტი ინგლისელების გაყრაზე - მართლაც
არ იყო კარგი იდეა.
ისინი პირველივე ბენზინის გასამართი სადგურზე
დააკავეს … ეს გრძელი და ძალიან სასაცილო ისტორიაა..
გირჩევთ თავად წაიკითხოთ.
მე კი როგორც გითხარით, ამ ამბავმა ჩემს საბჭოთა
75 ში გადამისროლა… ჩემს ერთი ციცქნა ოთახში, სადაც კედელზე ჟურნალ « კრაკოდილიდან » ამოჭრილი მიკ ჯაგერის კონცერტზე გადაღებული ფერადი ფოტო მქონდა გაკრული,
« კრაკოდილი » მას შიმპანზეს ამსგავსებდა.
დასცინოდნენ, ასე ვთქვათ…თუმცა უნდა ითქვას შედარება არც ისე არაზუსტი იყო - ჯაგერი
მართლა შიმანზეს პოზაში იდგა სცენაზე და რაღაცას
გაჰყვიროდა მიკროფონში.
მაშინ ვერავინ, თვით კიტ რიჩარდიც კი ვერ დამაჯერებდა,
რომ ღრმა ამერიკაში როლინგებზე მართლაც ნადირობა
იყო გამოცხადებული , რომ ბევრ შტატში როკი
სახელმწიფოსთვის საშიშ ფენომენად ითვლებოდა
.
მაშინ არც დენის
ჰოპერის « იზი
რაიდერი » მქონდა ნანახი პიტერ ფონდას და ჯაკ ნიკოლსონის მონაწილეობით და რომ
მქონოდა, არც იმას დავიჯერებდი რომ ამერიკელი
ბრიყვები არაფრით არ განსხვავდებოდნენ საბჭოთა ბრიყვებისგან, მეტიც, გრძელი თმების
გულისთვის ვისაც გნებავთ იმას ახდიდნენ ვინჩესტერით თავის ქალას … დასავლეთი ჩემი პერსონალური
თავისუფლების სიმბოლო იყო , ყოველგვარი პროპაგანდის გარეშე, რადგან ის ჩემამდე უბრალოდ
არ აწევდა. იმ ეპოქის ბ კლასად წოდებული აბსოლუტურად იდიოტური პროპაგანდისტული ფილმები
მხოლოდ წითელი კავშირის დაშლის მერე ვნახე საფრანგეთში- რომელთა მიხედვით მე მხოლოდ საბჭოთა ნაცრისფერი სტერეოტიპის
ნაწილი ვიყავი. ეს სტერეოტიპი თავისი უბადრუკობით არაფრით განსხვავდებოდა საბჭოთა ანალოგისგან,
მეტიც - პროპაგანდის ხარისხით კრემლი აშკარად
უგებდა თეთრ სახლს, ცოტათი მეწყინა კიდეც…
მე ვეკუთვნი თაობას, რომელმაც როკნროლი წლიდან
წლამდე ათრია თავისი სუსტი მხრებით საქართველოში, და არა მხოლოდ როგორც რაღაც ელიტარული
მუსიკა, არამედ როგორც პოპ კულტურის ჩანასახი… ამით თავისდაუნებურად შეამზადა ბაზა
იმისთვის, რომ რამდენიმე წლის შემდეგ როდესაც ჩვენ ყველამ ფორმალური თავისუფლება მივიღეთ,
დასავლეთთან რაღაც კულტურული სინქრონიზება შემდგარიყო… თუმცა არაფერიც არ შედგა. პოსტ საბჭოთა
რეალობაში უძრაობის ხანის ანდერგრაუნდზე მედია-ექსკლუზივი
ნაწილობრივ 37 მანეთიანი გროტესკული კონცეფციის
ავტორებმა ჩაიგდეს ხელთ, რომლებიც თავად სარგებლობდნენ ყველაზე ხშირად აეროფლოტის იაფი
სერვისით… ასეთებზე ბებიაჩემი ამბობდა, აქვთ და ღმერთმა მისცეთო.. ჩვენ არ გვქონდა
ზედმეტი 37 მანეთი …არც ღმერთი გვაძლევდა და ვერც ჩვენით ვშოულოდით. ამიტომ ჩემი პირადი
ცხოვრების მოსაგვარებლად მოსკოვში ყოველ თვე
არასდროს მიფრენია. საერთოდ, ჩემი პირადი ცხოვრების
თითოეული ეპიზოდი ყოველგვარი გეოგრაფიის, სისტემის და ეთნიკურობის მიღმაა, ჩემი ყოველი სიყვარული, ერთი ღამისაც კი ერთად ერთი და განუმეორებელია..
უბადრუკ 37 მანეთზე გაცილებით ძვირფასი.
ცხოვრება კიტ რიჩარდსის მარშუტი იყო, ჩემს მემფისსა
და დალასს შორის - დამალობანას თუ დაჭირობანას თამაში პოლიციასთან, ნომემკლატურულ წითელ და ქუჩის
შავ მეინსტრიმთან. … ყველაზე თავხედურ ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ შორეულ 90 იან წლებში როლლინგებს სამჯერ ვნახდი სცენაზე
და სამივეჯერ, სეთისფექშენის პირველ ნოტებზე, ერთი და იგივე სცენა გამახსენდებოდა ჩემი სამოცდაათიანებიდან. თუ როგორ
ვუკრავდი გაუთავებლად პლასტმასის სახაზავიდან
გამოჭრილი მედიატორით რიჩარდსის ამ სამ კულტ აკორდს ბებიაჩემის პენსიის დანაზოგით ნაყიდ
ჩეხურ შავ ელექტრო გიტარაზე…
აი ამიტომ მაბრუნებს კიტ რიჩარდსის ხსენება საბჭოთა კავშირში. განსხვავებით
იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარი იდენტობის დასტურს ფანტომურ საბჭოთა მენტალიტეტან
მარადიულ ბრძოლაში პოულობენ. ხანდახან ასე მგონია, ასეთებს რომ საბჭოთა კავშირი და
სტალინი გამოაცალო ერთი დღეც ვეღარ იცოცხლებენ, რადგან სხვა დასტური საკუთარი არსებობისა არ გააჩნიათ.
ან შესაძლოა რაღაცას გულნოდგინედ შლიან საკუთარი მეხსიერებიდან, არ ვიცი. ვერაფრით
ვერ ვხვდები ასეთი რა მენტალიტეტი ჰქონდათ რომ მე ვერ ვამჩნევდი.
საბჭოთა მენტალიტეტი საუკეთესო
თავშესაფატია დღევანდელი უნიჭობისა და უხარისხობის გასამართლებლად., ჩვენ 25 წელია
კი არ ვაშენებთ, ვცდილობთ გავამართლოდ თუ რატომ არ ვაშენებთ და ვუმტკიცებთ თაობას რომელსაც
წითელი კავშირი თვალით არ უნახვს ზუსტად იგივეს, რასაც B კლასის ამერიკული პროპაგანდისტული
ფილმები უმტკიცებდნენ როლინგებზე მონადირე ამერიკელებს, ჩვენს პოლიტიკურად სტიგმატიზირებულ
საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად ვანაწევრებთ - ეპოქების ლოგიკას ვანგრევთ, ყოველ ახალ
თაობას ბედისანაბარა ვტოვებთ, ვარწმუნებთ რომ მას მემკვიდრეობით არაფერი ღირებული არ
ერგო… გარდა რამდენიმე ლირიკული კრებულის და
ფიროსმანის ჟრაფისა… სიცარიელეზე ისევ სიცარიელე შენდება. ყოველი ახალი თაობა ადვილად პოულობს რაიმე
უბადრუკ ფსევდო ისტორიულ არგუმენტს, რომ თავის წინამორბედს ხაზი გადაუსვას და აგრესიული მარტოობისთვის გასწიროს თავი.
9 Mars 2013 Paris
1 commentaire:
ეს სტატია რომ ჩავათავე მეგონა რაიმე საინტერესო კომენტარს წავიკითხავდი, და აი ეს დამხვდა, გული მტკივა.და ასეთები ასობით ათასი გვყავს.
Enregistrer un commentaire