Une erreur est survenue dans ce gadget

26 juillet 2012

ფიქტიური ბუღალტერია ანუ კაჭრეთის სიზმარი

ფიქტიური ბუღალტერია ანუ კაჭრეთის სიზმარი
                                            


ბათუმელი მაჟორიტარობის კანდიდატ დუმბაძისა და მინისტრ ვარძელაშვილის ფაშისტური გამონათქვამების, აგრეთვე შალვა რამიშვილის « სუბიუქტური ხუმრობების» გარშემო, როგორც ყოველთვის - ვიწრო წრეში ატეხილმა ელეგანტურად ინტიმურმა «აჟიოტაჟმა», ერთი ძალიან უსიამოვნო სცენა გამახსენდა, რომელსაც გასულ შემოდგომაზე შევესწარი საქართველოში ყოფნისას, კაჭრეთის ცნობილ სამწვადეში, ამაღელვებელი სახელით «ჩემპიონი», ეს რესტორანი ისეთ სტრატეგიულ ადგილზე იმყოფება, რომ თბილისისკენ მომავალი ვერაფრით ვერ აცდები.

ოქტომბრის ერთ მზიან დღეს ჩემს ოჯახის ორ წევრთან ერთად კახეთიდან ვბრუნდებოდი. სწორედ კაჭრეთის მისადგომებთან ვიგრძენით შიმშილი და გადავწყვიტეთ გვესადილა. სამწვადე "ჩემპიონიდან» დაახლოვებით ას მეტრში ტრასზე პოლიციის ორ უზარმაზარ ჯიპს რატომღაც პოზიციები ქონდა გამაგრებული და სიტუაციას «აკონტროლებდა» თუმცა გასაკონტროლებელი თითქოს არაფერი იყო საღამოს სახლში მიმავალი რამდენიმე გაძვალტყავებული ძროხისა და ჩურჩხელების გამყიდველი «ასფალტის პლაჟზე» გარუჯული ქანცგაწყვეტილი ქალების გარდა. მაშინვე მივხვდი რომ სამწვადეს ვიღაც VIP სტუმარი ყავდა.
ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი როდესაც მანქანის გაჩერება რესტორნის ოთხადგილიან მატარა «პარკინგზე მოვინდომე. ვიღაცის გალოკილი დიდი შავი 4X4 ისე იყო გახიდული, რომ ჩემი ასევე შავი, მხოლოდ ძალიან ჭუჭყიანი 4X4 კი არა ველოსიპედიც ვერ დაეტეოდა. ჩამუქებულ შუშებს უკან ორი მამაკაცის სილუეტი ჩანდა, იქნებ წესიერად დააყენოთ მეთქი, გავძახე. ყურიც არ შეიბერტყეს, სანამ არ დავუპიპინე. შუშა ჩამოწიეს გაკვირვებულებმა შემომხედეს. იგივე გავუმეორე, მხოლოდ ცოტა გაღიზიანებულმა. ესეთი რაღაცეები ყველა ქვეყანაში მაცოფებს. საფრანგეთში ესე პრინციპში «დეფავორიზებული» გარეუბნების ისეთი «ძველი ბიჭები» იქცევიან, რომლებსაც საქართველოში მანქანების პირომანებად  იცნობენ ტელევიზის წყალობით.
ჩემი თანამგზავრები ცოტა დაიძაბნენ.მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა. დაღლილმა «კოვბოებმა» იკადრეს და მანქანა წესიერად დააყენეს, თუმცა მას შემდეგ რაც ჩემი ჭუჭყიანი მანქანიდან გადმოვედი, ყოველი შემთხვევისთვის ბნელი ფანჯარა ისევ ჩამოწიეს და სამწვადისკენ მიმავალი შემათვალიერეს.

კარგი ამინდი იყო და ეზოში დავსხედით. იქვე ჩვენთან ახლოს ოფიციანტები ერთმანეთზე მიტყუპებულ გრძელ სუფრას შლიდნენ, მსუქანი ხანშიშესული ფლოსტებიანი მიმტანი კახელი ქალები ქოშინით დარბოდნენ ეზოში. სამწვადეში აშკარად მსუბუქი პანიკის ნიშნები შენიშნებოდა.
ჩვენთვის კარგა ხანს ვერავინ ვერ მოიცალა. ამ ქოლესტერინით სავსე სისხლძარღვებიანი საბრალო მიმტანი ქალების მიმართ პრეტენზიის გამოთქმა არაადამიანობა და სადიზმი იქნებოდა.
მალე ეზოში «მოდურ» ჯინსებსა და პოლოში ჩაცმულმა ახალგაზრდა  მრგვალსახიანმა კაცმა შემოაბიჯა, მას გვერდით, ნახევარი ნაბიჯით უკან, შავ «შარვალ-კოსტუმში» და შავ ჰალსტუკში «პარადნად» გამოწყობილი გამხდარი შავ ქოჩორ-ულვაშიანი კაცი მოჰყვებოდა ... უკან კი მხიარული გოგო-ბიჭების ასე ოცკაციანი ჯგუფი. თავიდან ვიფიქრე ამ «მოდნი» ჯინსებიანი კაჭრეთელი თვითშემოქმედების ვარსკვლავის დაბადების დღე იქნება მეთქი, მერე სოფლის ახალგაზრდა ნეოკომკავშირელი აქტივისტების კორპორაციული ქეიფი მეგონა. თუმცა შევცდი: მესაფლავესავით ჩაცმული ულვაშა გამგებელი, თუ რაღაც ესეთი აღმოჩნდა. პოლოში და «მოდურ ჯინსებში» ჩაცმული კი პარლამენტის დეპუტატი... სხვათაშორის სწორედ ერთ ერთი «ბნელი სილუეტი» პარკინგზე უშნოთ გაჩხერილი 4X4 -იდან. ისეთი სახით მოაბიჯებდა რომ მაშინვე იგრძნობდით, საკუთარი პერსონის ყველა მოლეკულით ასხივებდა ერთგვარ რადიაციულ ღირსებას.
მხიარული ახალგაზრდები კი ჟურნალისტები აღმოჩნდნენ, რომლებიც დეპუტატს რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედის გასაშუქებლად ახლდნენ... გენდერულ ბალანსი თვალში საცემად, მაგრამ პოზიტიურად დარღვეული იყო- მდედრობითი სქესი ჭარბობდა.
მაშინ არც ერთი მათგანი არ მეცნო, თუმცა მას შემდეგ რაც საფრანგეთში დავბრუნდი, ჩემთვის ისეთი არხების და გამოცემების არსებობა გხდა ცნობილი,რომელთა შესახებ ადრე წარმოდგენაც არ მქონდა.შესაბამისად მათი ჟურნალისტების სახეებიც, რომლებსაც დრო და დრო ეკრანზე ვხედავ რაღაც «ცნობადი» და «ახლობელი» გახდნენ ჩემთვის... ხშირად მგონია, რომ მათთან ერთად სადღაც ერთ  თუ არა მეზობელ სუფრაზე მაინც «მიქეიფია».
თამადად ერთ ერთი ჟურნალისტი ბიჭი დანიშნეს, ეჭვი მაქვს ამ პოსტზე ალტერნატივა არც ჰყავდა, რადგან თავიდანვე სუფრის თავში დაჯდა. დეპუტატი კი კეკლუცად მოკისკისე «მასებში» გაერია და ჩემს წინ, სავარაუდოდ მისი უბრალოებით «აღგზნებულ» ორ გოგოს შორის ზურგით დაჯდა, გაშეშებული და გახამებული მუყაოს გამგებლის პირდაპირ.

ჩემი თანამესუფრე ძალიან გაღიზიანდა. სახეზე ეტყობოდა. მადა გაუფუჭდა, რაღაც ისეთი საბჭოთა მყრალი სუნი დატრიალდა, ისეთი... რომ ლამის «ჟუვაჩკებით» ჯიბეებდატენილ ფრანგ «ინტურისტად» წარმოვიდგინე თავი. თუმცა მაინც უნდა აღვნიშნო: საბჭოთა კავშირში, ესეთ პურმარილებს რაიკომის მდივნები და დეპუტატები რესტორნის ცენტრში ყველას დასანახავად არ მართავდნენ. უფრო კუპეებში იკეტებოდნენ ხოლმე, ინტრიგანი თვალისგან მოფარებულად. სწორედ ამ მიზეზით შემოგვრჩა ეს კუპეს უნიკალური «კულტურა» ქართულ მძიმე გასტრონომიაში.


თამადა აბსოლუტურად გადასარევი ვინმე იყო. რაღაც ისეთი მანერა ქონდა ლაპარაკის... აი, როგორ გითხრათ... სრულიად არა თამადური... ესე ქართველი გეები ლაპარაკობენ, მაგრამ ისინი ოცკაციანი პურმარილებს მგონი არ თამადობენ... თუმცა რას გაიგებ... იმდენი რამე შეიცვალა საქართველოში... შეიძება რაღაც ახალია, ვინ იცის, იქნებ თამადობენ კიდეც, თავს ვერ დავდებ... იქნებ რაღაც კახური Village People - სტილის დაბადების მოწმე გავხდი იმ დღეს... ვინ იცის...
ასეა თუ ისე, თამადამ პირველი სადღეგრძელოთი ღმერთი ადღეგრძელა, მეორეთი პატრიარქი, მერე სამშობლო... ცხადია პირველ რიგში დეპუტატს მიმართავდა, რომელიც აღფრთოვანებული იღებდა ყველა ალავერდს. ჩვენ მოგვიწია ღმერთის პატრიარქისა და სამშობლოში რემიქსირებული ყველა იმ «სიკეთის» შესახებაც სადღეგრძელოების მოსმენა, რომელის წყალობითაც ბოლო რვა წელიწადში ჩვენი საყვარელი ღვთისმშობლის წილხვედრი სამშობლო დაეწია და გაასწრო ევროპის მოწინავე ბურჟუაზიულ ქვეყნებს ... მოგეხსენებათ ვისი დიდი წყალობითაც...

ამ სრულიად ნოვატორული ორიენტაციის თამადას ყოველ ჭიქის მერე ხმა ისე უწვრილდებოდა და ისე უმატებდა მანერულობას, რომ რაღაც მომენტში სერიოზულად დავუშვი, რომ შეიძლება უცებ მართლაც ყოჩაღად წამომხტარიყო, მაგიდაზე ესკუპა. გაშიშვლებულიყო, ჯიბიდან ამერიკელი პოლიციელის კარტუზიანი ქუდი გაეძრო და YMCA ემღერა მრგვალსახიან დეპუტატთან ერთად,

სამწუხაროდ ვეღარ დაველოდეთ. მალე წამოვედით. მადა გაგვიფუჭდა, განსაკუთრებით მისი სავარაუდოდ საცირკო მთვარი ნომერივით სადღეგრძელოს შემდეგ, რომელსაც მისი მეგობრები დიდი ენთუზიაზმით და ჟვილ -ხივილით შეხვდნენ.., ეტყობოდათ, მრავალჯერ ქონდათ მოსმენილი : ... მოკლედ ამ ბიჭს დისშვილი ყოლია, 5 წლის ბიჭი, რომელიც თურმე ისეთი ჭკვიანი და გონიერი ბავშვია, ნუ ისეთი... რომ პირდაპირ გაგაგიჟებს, თურმე ხანდახან ისეთ რამეს იტყვის... ისეთს...აი რომ იტყვიან , ბევრ უფროსს რომ არ მოუვა თავში...
-ამას წინათ ფეხბურთს უყურებდა მარტო ოთახში... რაღაც ისეთი თამაში იყო, აი არავის რომ არ აინტერესებს... უცებ გამოვარდა გიჟივით გახარებული ჩვენთან, მოვიგეთ. ჩვენებმა გაიმარჯვესო ყვიროდა... ვინ ჩვენებმათქო ვკითხეთ გაკვირვებულებმა,,, როგორო, აი შეხედეთ ჩვენებმა გაიტანესო... გავედით ამდენი ხალხი ტელევიზორს შევხედეთ და რას ვხედავ: თურმე აფრიკის რომელიღაც ზანგების გუნდი ეთამაშება ვიღაც ევროპულს და თეთრებს გაუტანიათ ბურთი... თეთრები კი ჩვენები არიანო მიმხვდარა ... ამ ასაკში თან... სხვანაირი თაობა მოდის, სხვანაირი. ბატონო ვახტანგ.!.. აი ამას გაუმარჯოს, ჩვენზე მაგრები რომ არიან იმას , ის ურჩევნია მამულსა... და ა.შ... ბატონმა ვახტანგმა მაშინვე აიტაცა და პატარა «ვუნდერკინდის» თამადობით საქართველოს მომავლის სადღეგრძელო ისეთ საერთო ჟვილხივილში დაილია, გული გაგინათდებოდათ ეხლახანს აფეთქებული ატომური ბომბივით...

-მომეჩვენა თუ თქვენც ის გაიგონეთ რაც მე? - ზუსტად ესეთი კითხვა დავუსვი გაქვავებულ თანამესუფრეებს. აშკარად რომელიღაც ფილმიდან...
-რა მოგეჩვენა. მოგეჩვენა არა... მითხრეს. ძლივს გამაჩერეს რაღაცის თქმას ვაპირებდი...პარკინგივით იოლად არ ჩაივლიდა ეს ამბავი. ამიტომ YMCA ვეღარ დაველოდეთ.
ავდექით და წამოვედით.

ჩემი თანამესუფრეები ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერები არიან. მგონი ჩემზე მეტად ისინი გაბრაზდნენ. მაგრამ ამ თემაზე მას შემდეგ აღარ გვილაპარაკია, მაშინაც კი, როცა ორი კვირის შემდეგ. ეს დეპუტატი ტელევიზორში ეთნიკური უმცირესობების უფლებებისათვის თავგამოდებულ მებრძოლად გამოგვეცხადა.. პრინციპში, მე ის ისედაც ტელევიზორიდან მახსოვდა – ერთხელ მაესტოზე რობერტ სტურუას კიცხავდა არმენოფობური განცხადებების გამო, გეცოდინებათ – მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ ბალავაძე...

რამდენიმე დღით ადრე თბილისში კიდევ ერთ ცნობილ «კულტურულ» დეპუტატთან ერთად მოვხვდი ერთ სუფრაზე, რომელმაც ნახევარი საღამო გეების გინებაში გაატარა, მეორე ნახევარი სომხების,,, პარალელურად კი სიგარეტს სიგარეტზე გვაბოლებდა ცხვირში ხუთ არამწეველს, მათ შორის ერთ ახალ და ერთ ცოტა ძველ ნაინფაქტარს... თან გვიმტკიცებდა რომ აივანზე მოსაწევად გასვლა მისი, როგორც მწეველის დისკრიმინაციაა... და კიდევ უფრო აბოლებდა. მგონი პარლამენტის კულტურის კომისიის რაღაცაა ეს კაცი.
ამას ყველაფერს ალბათ ხვდებით რატომაც ვყვები, დარწმუნებული ვარ ჩემზე ბევრად უკეთ იცით, რომ ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წევრებს შორის ქსენოფობიის, ჰომოფობიისა ... ზოგადად უგნურების ხარისხი და რაოდენობა არაფრით არ შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული იყოს... რადგან ორივე მხარეს სიბრიყვის უსარგებლო ბუღალტერიით დაღლილი  ბედკრული  საქართველოს ხეპრე  შვილები დგანან... 

P.K.
26 Juillet 2012
Paris


Aucun commentaire: