9 décembre 2011

სურეალითი შოუ


9 décembre 2011, 03:15

წელს,  2011 ში ოთხი თვე გავატარე საქრთველოში. ორი გაზაფხულზე და ორიც შემოდგომაზე. ორივეჯერ, როდესაც ტელევიზორს ვრთავდი, მეჩვენებოდა რომ მე ერთ საქართველოში ვიმყოფებოდი, ნაციონალური არხები კი სხვა საქართველოზე ლაპარაკობდნენ.მეჩვენებოდა, რომ რუსთავი 2 მა, 1 არხმა &co –მ სიმღერაში რომ არის სწორედ ის "სხვა სხვა საქართველო... ლამაზო..." აღმოაჩინეს და მისი ჟურნალისტები    რეპორტაჟებს ძირითადად იქიდან აკეთებენ.

ამავე წლის საქართველოს გადარჩენილი რვა თვე გავატარე საფრანგეთში, პარიზში, სადაც ოცი წელია ვცხოვრობ. ამ ხნის განმავლობაში ქართულმა ტელე არხებმა ასევე რამდენჯერმე გააშუქეს პრეზიდენტ სააკაშვილის ოფიციალური. ნახევრად ოფიციალური თუ გაუგებარი ვიზიტები საფრანგეთში. უთვალავჯერ მოგვასმენინეს მისი მოსაზრებები ამ ქვეყნის ქალაქებისა და განსაკუთრებით პლაჟების შესახებ, რომლებიც მისი აზრით შესამჩნევად ჩამორჩებიან საქართველოს ქალაქებსა და პლაჟებს.
შეიძლება კურიოზად ჟღერდეს, მაგრამ ამ ვოიაჟებისა და ტელევიზების წყალობით, აქ, საფრანგეთშიც ზუსტად იდენტური შეგრძნება დამეუფლა:
მეჩვენება, რომ მე სულ სხვა საფრანგეთში ვცხოვრობ, საქართველოს პრეზიდენტი კი თავისი ტელესპეცნაზით სულ სხვა საფრანგეთში დადის ვიზიტებით. რომელში ვერ გეტყვით, არ ვიცი, რადგან სიმღერა «სხვა საფრანგეთი სად არის» არ არსებობს. ეს ქვეყანა ერთია და როგორც ჩემი ღრმა დაკვირვებებით ჩანს, ფრანგები ძალიან კმაყოფილები არიან, სულაც არ ჭირდებათ მეორე.

მოკლეთ, ხვალ ფსიქიატრთან უნდა წავიდე, რომ გავარკვიო,სინამდვილეში რომელ რეალობაში ვიმყოფები .
აუცილებლად უნდა დავადგინო, რომელ რეალობაშია ბათუმი ნიცაზე მაგარი ქალაქი და რომელში კაპ ფერა – მახინჯაურზე , რომელ რეალობაშია უკეთესი კლიმატი , ჩემსაში, რომელშიც ბათუმში სულ წვიმს, ნიცაში კი 300 მზიანი დღეა წელიწადში. თუ პრეზიდენტისაში, რომელშიც ბათუმში კანისაგან განსხვავებით პლაჟის სეზონი ექვსი თვე გრძელდება.
მინდა ასევე ვიცოდე, რომელ რეალობაში ელოდებიან მოუთმენლად  დღევანდელ დაშლის პირზე მისულ ევროკავშირში საქართველოს, და რომელში მსგავსი იდეის ხმამაღლა გამოთქმისთვისაც კი პოლიტიკურს ვინ ჩივის, ფიზიკურად დაასაფლავებენ ნებისმიერ ევროპელ პოლიტიკოს, მით უმეტეს ისეთს, როგორიც არჩევნებისთვის ცოცხალმკვდარი ნიკოლა სარკოზია. მაინტერესებს რომელ საფრანგეთში თვლიან საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს მნიშვნელოვნად, და რომელში კადრში შემთხვევით მოხვედრილ სარკოზის დაცვის თანამშრომლად...

ჩემი ოჯახის წევრებს სერიოზულად გონიათ, რომ ჰალუსინოგენ სოკოებს ვჭამ... მე კი ვფიქრობ, რომ მხოლოდ ნერვიული სისტემის მსუბუქი მოშლილობის მაქვს და მალე მომარჩენენ... ასე მგონია იმათაც მოარჩენენ ვინც სამი დღეა ბედნიერებისგან მოზღვავებული ემოციებით აღგზნებული დღე და რამე დედას აგინებს ფეისბუკზე ყველას, ვისაც ეჭვი ეპარება შავი ზღვისპირა დუბაის დაარსების იდეის სიჯანსაღეში.

საერთოდ ბუნებით ოპტიმისტი ვარ. ერთიც ვნახოთ, ერთ დღეს გავიღვიძო და აღმოჩნდეს, რომ ტელევიზორში ნანახი სარკოზიზე მიტმასნილი მაღალი მომღიმარი უცნაური მამაკაცი მართლაც მისი დაცვის თანამშრომელი, ან ფოტოს გადასაღებად აწეპებული ტურისტი აღმოჩნდეს – ჩვენი თანამემამულე, ტკბილი საქართველოდან... რა იცით, რა არ ხდება...

მაგრამ მაინც, დღეს საღამოს, ფსიქიატრთან წასვლის წინ , კიდევ ერთხელ, უკანასკნელად შევამოწმე ჩემი ეჭვების საფუძვლიანობა. და ობიექტურობის სრული დაცვის გამო ჯერ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის 20 საათის საინფორმაციო ჟურნალს ვუყურე. შემდეგ კი საფრანგეთის ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ასევე 20 საათის საინფორმაციო ჟურნალს. უნდა გამოვტყდე, ჯობდა არ მეყურებინა: რეალობათა კონფლიქტმა ჩემს დაავადებულ ტვინში ისეთ ტემპერატურას მიაღწია, რომ მართლა შემეშინდა, ხვალ სულაც ფსიქიატრიულში არ გამომკეტონმეთქი, ვიფიქრე . ამიტომ , მაინც... რამე რომ იყოს...
ქვევით წარმოგიდგენთ ამ ორივე არხის საინფორმაციო გამოშვებების მოკლე ქრონოლოგიას:

საქართველოს საზოგადოებრივი არხის საინფორმაციო ჟურნალი «მოამბე»ქრონომეტრაჟი 90 წუთი. 8 დეკემბერი 2011
1 სიუჟეტი – რუსეთის გაყალბებული არჩევნები, მანიფესტაციების დარბევა, უცხოური მედიის მიერ პუტინის რეჟიმის დაუნდობელი და შეურიგებელი კრიტიკა.დასავლეთი საქართველოს გვერდშია.
    2 სიუჟეტი– მარსელი. ევროპის ქვეყნების მემარჯვენე ლიდერების შეკრება ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, მიხეილ სააკაშვილის უზარმაზარი როლი ევროპული კრიზისის მოგვარების საქმეში. საქართველოს ეკონომიური განვითარების ინდექსმა 2 საფეხურით მოიმატა, იმ დროს როცა საფრანგეთისამ დაიკლო.
    ლიბერტარიანელი სააკაშვილი აქტიურ და მეტად ნაყოფიერ მონაწილეობას იღებს  მემარჯვენე ცენტრისტების, გიორგი თარგამაძის კოლეგების მუშაობაში როგორც ღია, ისე დახურულში... წარმოთქვამს ამაღელვებელ სიტყვას იმის შესახებ, რომ ევროკავშირი კარგია, ევრაზიის კავშირი კი ცუდი.
    . ევროპას იმედის ნაპერწკალი უჩნდება.
    სარკოზი წარმოთქვამს სიტყვას, მისი აზრით ევროპამ ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს პრობლემების გადასაჭრელად.
    დახურულ შეხვდერაზე, ანუ ლანჩის შემდეგ, როგორც ამბობენ სარკოზის განუცხადებია რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპის წევრი. თუმცა ამავე სიუჟეტის მომდევნო ეპიზოდში, ბავშვივით გულახდილმა ჟურნალისტმა გოგონამ საყვარელი ტიტინით გვამცნო, რომ ის ევროკავშირი რომელშიც სააკაშვილის ბედნიერი საქართველო სარკოზიმ აუცილებლად უნდა შეიყვანოს, ადვილი შესალებელია ორ სამ დღეში დაიშალოს, თუმცა აღარ უთქვამს სადღა შეიყვანენ მაშინ საქართველოს. მიუხედავად ყოველივე ამისა. მერკელი, სარკოზი დ ბაროზო ამ უცნაური ყრილობიდან ბრიუსელში წავიდნენ ვითომ სამუშაოდ, სინამდვილეში კი გედის სიმღერის სამღერად . სააკაშვილმა კი , ჩათვალა რომ ნიკოლას და ანჰელას მარსელში უკვე საკმარისად დაეხმარა და  იქვე კანში ბრილიანტის ჯილდოს ასაღებად გაეშურა. როგორც ჩანს გადაწყვიტა, რომ ანჰელა და ნიკოლა ჯობია ჯერ თვითონ ჩამოყალიბდნენ თუ რა უნდათ.
    3 სიუჟეტი – ბათუმი დაჯილდოვდა «ტურისტული ნობელის პრემიით» ბრილინტის პრიზით, როგორც მსოფლიოში ყველაზე მაგარი კურორტი. აგრეთვე დაჯილდოვდა ვარშალომიძე როგორც ყველაზე მაგარი მმართველი და აჭარა.
    4 სიუჟეტი –შენდება და ლამაზდება გუდაური,
    5 სიუჟეტი –ასევე შენდება და ლამაზდება მაჭახელა.
    6 სიუჟეტი – ამერიკაში მანიფესტაციების ძალადობრივი დაშლა, პოლიციელები ხელკეტებს უბრახუნებენ თავში მანიფესტანტებს,
    7 სიუჟეტი ბოგოტაში საშინელი წყალდიდობა მოხდა. არის უამრავი მსხვერპლი.
    8 ფეხბურთი.
    9 ბედნიერი ქართველი ხალხი საახალწლოდ რთავს თბილის ქალაქს.
    10 ბედნიერი ქართველი ხალხი მღერის.
    11ამინდი
    რეკლამა.
    ქრონომეტრაჟი 90 წუთი. აქედან დაახლოვებით ერთი საათი დაეთმო სააკაშვილსა და მასში იდენტიფიცირებულ საქართველოს გაუგონარ წარმატებებს, დარჩენილი 30 წუთი კი უბედურებებს რუსეთსა და მთელს მსოფლიოში და რეკლამას.

საფრანგეთის საზოგადოებრივი მაუწყებლობის საინფორმაციო ჟურნალი ბანალური სახელით «ჟურნალი» 8 დეკემბერი 2011

1 სიუჟეტი.– ევროპელი ლიდერების შეკრება ბრიუსელში. ცივი და ექსტრემალურად შეშფოთებული სახეები. შიში, როგორც არასდროს, ევროპა თავზე გვენგრევა...
მარსელში წარმოთქმული სარკოზის ზუსტად იგივე სიტყვა, რომელიც საქართველოს ტელევიზიამ აბსოლუტურად თავის მიერ შეთხზული თარგმანით გაუშვა, და რომელსაც დედანთან თითქმის არაფერი აქვს საერთო.
ზუსტი თარგმანი:
ნიკოლა სარკოზი: ევროპა არასოდეს ყოფილა ესე ახლოს აფეთქების რისკთან როგორც დღეს. ევროპა არასოდეს არ მდგარა ესეთი დიდი საშიშროების წინაშე. ამიტომ თუ პარასკევს შეთანხმებას არ მივაღწიეთ მეორე შანსი აღარ მოგვეცემა...

მერკელი კი შეეცადა დედობრივად გული გაემაგრებინა 27 წევრი ქვეყნისთვის. მაგრამ არ გამოუვიდა.
ევრო სულს ღაფავს, ლაპარაკია 17 უფრო მნიშვნელოვანი წევრი ქვეყანის პრივილეგირებულ როლზე ... და დანარჩენი 10 წევრის შიშზე რომ გაცილებით დაბალ ხარისხის ქვეყნებად მოუწევთ დარჩენა ვიდრე აქამდე იყვნენ. იქით კიდევ პუტინი იბრახუნებს მკერდზე მუშტებს კინგ კონგივით, იადერნი დერჟავა ვარო... აღმოსავლელ პატარა ევროპელ კონგრესმენებს იქნებ ისე როგორც არასდროს გაახსენდათ რუსული ტანკის დამწვარი სალიარკის მყრალი სუნი ღია ფანჯრებში...

ასეთი ბიბლიური აპკალიპტური შიშის კონტექსტში «მოამბის» მიერ აფეთქების პირზე მდგარ ევროპაში საქართველოს გაერთიანების ჯერ არნახული დ არ გაგონილი  პერსპექტივის სასიხარულო ამბავის გარშემო შექმნილი თითქმის ნახევარსაათიანი ეიფორია, სულ ცოტა უტაქტო ტყუილად გამოიყურება, ისეთივე ტყუილად, როგორც პირველ სიუჟეტში ნაჩვენები პუტინის არჩევნები იყო... ან თუ გნებავთ იდიოტიზმად. ვისაც როგორ სურს... საერთოდ, ჩემს სავარაუდო რეალობასი, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მარსელში გამართული ევროპელი მემარჯვენეების შიდაპარტიული კონგრესისათვის, და მით უმეტეს საქართველოს პრეზიდენტისათვის ფრანგულ ახალ ამბებში აბსოლუტურად არავის ცალია. არც სარკოზის, არც მერკელს, არც ჟურმალისტებს და მით უმეტეს არც ეკონომიური კატასტროფის შიშისგან სახეგაშეშებულ ტელემაყურებლებს.

2 სიუჟეტი– დომინიკ სტროსკანის ნიუ იორკული სკანდალის ახალი დეტალები.

3 სიუჟეტი. – მემარცხენეების მიერ სენატში შეტანილი კანონი საფრანგეთში მცხოვრები გადასახადების გადამხდელ უცხოელი მოქალაქეებისათვის მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების გარშემო ატეხილი პოლიტიკური აჟიოტაჟი.
4 სიუჟეტი – კონკურენციის სამეთვალყურეო სამსახურის მიერ გახსნილი სკანდალი სარეცხი ფხვნილის მწრმოებლების თაღლითობაზე, რომლებსაც მრავალი ათეულ მილიონ ევროს ჯარიმა ემუქრებათ.
5 დიდ ფორმატიანი სიუჟეტი – კვლევა მოზარდების მიერ ალკოჰოლის სიგარეტისა და კანაბისის მოხმარების სტატისტიკა, კვლევები.
6 სიუჟეტი – ამერიკაში სიკვდილმისჯილის შეწყალება და მრავალი სხვა სიუჟეტი

ქრონომეტრაჟი 45 წუთი. აქედან ევროპის პრობლემებს დაეთმო 15 წუთი, სარკოზი სულ ოთხჯერ გამოჩნდა ეკრანზე, და ერთხელ 30 წამიანი სიტყვა თქვა.

ძვირფასო მეგობრებო, თუ ვინმეს ჩემსავით გეჩვენებათ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის რეალობა არც თუ ისე ლოგიკურად გამოიყურება  შემატყობინეთ, ეს მე იმედს ჩამისახავს, რომ დროში და სივრცეში დაკარგული იმ რეალობის გზს ვიპოვი. სადაც ტელენიუსები კლინიკური დებილებისთვის არ მზადდება.

P.S.აქვე წარმოგიდგენთ ამ ორი ჟურნალის ქართულის და ფრანგულის ბმულებს.
პირველი არხი
http://www.1tv.ge/video/7243

France 2
http://jt.france2.fr/20h/

Aucun commentaire: