4 août 2011

ჰიმნი N1 : ანარქია

ჰიმნების შესახებ


80 – 90 იანი წლების, ორი ეპოქის ნაწიბურზე დაწერილი და მერე დავიწყებული რამდენიმე ლექსი, ძველი სიმღერების მსგავსად ჩემში ზუსტად იმ დროისა და სივრცის რეკონსტიტუციას ახდენს, რომელშიც ისინი დაიწერნენ. თითქოს დროის მანქანის წყალობით , 21 საუკუნის ჩემს რეალობაში მოხვედრილი ზოგიერთი მათგანი ისევ აქტუალური დარჩა.
მათი ცალკე კრებულად გამოცემა ოქროსფერ სარკოფაგებში მოთავსებული, კარგად შენახულ მუმიების გამოფენა იქნებოდა.. მე ისინი ცოცხლები მჭირდება, ისეთივე მგრძნობიარობით როგორიც მათ ოცი წლის წინ ჰქონდათ. ვიფიქრე, წიგნად აკინძულ პრიალა «მუზეუმის» ნაცვლად, საქართველოში ასე პოპულარულ ჟანრში, ჰიმნებში გამეცოცხლებინა ისინი. წიგნად აკინძულ თოთხმეტ ჰიმნად.
ცნობილი ტელე ჰიმნებისგან განსხვავებით, ჩემს ჰიმნები ტექსტებია, რომლებშიც სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრია გამოყენებული: პოეზია, ნოველა, ესსე, დოკუმენტალური პუბლიცისტიკა, დრამატურგია... ჰიმნები ჩემი ცხოვრების ძაფზე აცმული დროის კრიალოსანია. თამაშია– ყველაზე ფუნდამეტური თემებით : სიყვარული, სიძულვილი, სამშობლო, თავისუფლება... რომელთა ლოგიკა ჩემთვის დღესაც ისეთივე, გაუგებარია, როგორც გზის დასაწყისში...ან შესაძლოა უფრო მეტადაც... გაუგებარია, როგორც კალეიდოსკოპში შუშის პატარა უფასო ფერადი ნასხვრევებისგან შემდგარი ათასობით კომპოზიციის, მათი ჰარმონიის, მშვენიერების ლოგიკა, რომელიც პრინციპში, არ არსებობს. ამიტომ მისი ძებნას არანაირი აზრი არა აქვს. უმჯობესია ამ უმნიშვნელო პატარა ნამსხვრევებისგან, დეტალებისგან შემთხვევით დაბადებულ კომპოზიაზე მედიტირება, სანამ ის სამუდამოდ გაქრება.


ჰიმნი N1 : ანარქია




ბუნების ჰარმონიული კანონებისაგან განსხვავებით,  ადამიანის მიერ შექმნილი კანონების უმეტესობა, თუ ყველა არა  გადაჭარბებულია და ყოველთვის  ცდილობს უფრო მეტად გასრისოს პიროვნება ვიდრე ის იმსახურებს.
ყველაზე გონივრული კანონიც კი, ყველაზე საშიში იარაღია სიკვდილის ინსტრუმენტთა იმ გრძელ სიაში რომელიც   კაცობრიობამ შექმნა წვეტიანი რიყის ქვიდან მოყოლებული  წყალბადის ბომბით დამთავრებული..

ქვებისა და ბომბების   გამოყენების გადაწყვეტილების მიღების უფლებას   სწორედ კანონი ანიჭებს  კანონმორჩილ უნიფორმიან და უნიფორმირებულ ბრიყვებს, და  ამ უფლებას ისინი რაღაც    გულისამრევი სამხედრო სიყოჩაღით, სიბეჯითით  და გახამებული კოპწიაობით იყენებენ: ათობით ათას, მილიონობით სიცოცხლეს ერთი ხელის მოსმით სპობენ...ანგრევენ ქალაქებს, ქვეყნებს... მერე ‘’ნიურბერგზე” სხვის მიერ დადგენილ სხვა  კანონის წინაშე წუწუნებენ, თავს იმართლებენ – რომ ისინი მხოლოდ ბრძანებას ასრულებდნენ და ზედმიწევნით, მისხალ მისხალ იცავდნენ თავიანთ კანონს.

კაცობრიობის მიერ შექმნილი კანონების 90 პროცენტი აბსოლუტურად უსარგებლო, სასტიკი და კრიმინალურია. კანონმდებელი ბოროტი და ბრიყვი ღმერთის იმიტაციაა. პარლამენტი, სენატი და სხვა კანონის ფაბრიკები ძირითადად  ქურდბაცაცების, მკვლელებისა და მეგალომანი თაღლითების ბუნაგებია. აქ იგონებენ ბრიყვულ კანონებს. და ადამიანებს მათ პატივისცემას კი არა, მორჩილებას სთხოვენ. 
კანონის  მორჩილებაში ლოგიკა არ არის. ისევე როგორც ღვთის შიშში.

კანონის მონები
კანონმორჩილი და ღვთის მოშიში ადამიანების ჰარმონია მხოლოდ ფუნდამეტალისტურ სახელმწიფოშია შესაძლებელი, სადაც საერო და რელიგიური კანონები თანხვდება ერთმანეთს.. ეს ექსტრემისტული ჰარმონია დაუნდობელ დისჰარმონიაშია  მის გარეთ მყოფ საზოგადოების  ნაწილთან და  მათ დემონიზაცია კრიმინალიზაციას ახდენს.
ადამიანი ძუძუმწოვარა და ‘’ვაშლიჭამია” არსებაა, და თავისი ბუნებით არ არის კანონ მორჩილი.  არც არის საჭირო,

ღმერთმა სამოთხე ქაოსიდან შექმნა, ასევე  ადამიანიც, რომელიც იქ დაასახლა და მას ერთად ერთი კანონი დაუწესა.... რომელმაც ადამიანმა მაშინვე დაარღვია და სამოთხე ისევ ანარქიული გახადა... ადამს და ევას  არანაირი ცრუ რწმენა და ათეიზმი არ უბიძგებდა ღმერთის არსებობაში ეჭვი შეეტანათ: ისინი ღმერთსაც პირადად იცნობდნენ და ეშმაკსაც... მიუხედავად ამისა ერთად ერთი მარტივი,  კანონიც ვერ, თუ არ  დაიცვეს... და თქვენ გინდათ, რომ ისინი პადოშად და პალიკოდ წოდებული მოციქული–დეპუტატების მიერ შეთითხნილი სახელდახელოდ გამომცხვარი  Fast Food კანონების მორჩილნი გახდნენ...რა გულუბრყვილობა, რა ინფანტილიზმი იქნებოდა  ამის  დაჯერება. პირველ რიგში თავად სახელმწიფოს მხრიდან.საბედნიეროდ ამის ბევრს არავის ჯერა.  
სწორედ ამ "ურწმუნო" უმრავლესობის სამართავად   შექმნა სააზელმწიფომ ექსკლუზიური  რეპრესიული მანქანა, რომელიც ურჩებს ხორცის საკეპ მანქანაში ატარებს... ხშირად ეგრეთწოდებულ  კანონ მოჩილებსაც მიაყოლებს ხოლმე... ეს აუცილებელი აღმზრდელობითი პროცედურაა მოსახლეობაში მორჩილების გრძნობის  ხარისხის შესანარჩუნებლად. 
 კანონი ძალიან ელასტიური იარაღია, და მას ვის წინააღმდეგაც გინდა გამოიყენებ, მით უმეტეს თუ თავად იგონებ საკუთარ ბრიყვულ კანონებს და მათ კარგად შეკერილი კოსტუმივით ირგებ ტანზე.  ეს ფართოდ  გავრცელებული და დანერგილი  მეთოდია ისეთ ქვეშაფსია ქვეყნებში, როგორშიც  მე დავიბადე, რომელიც პატარა ქურდბაცაცასავით  გამუდმებით აცეცებს თვალებს აქეთიქით, სულ ეშინია, ვინმემ ხომ არ დაინახა... ხომ არ შეამჩნიეს ?...  განსხვავებით აროგანტული რუსეთისგან და ჩინეთისგან, რომლებსაც არაფრად უღირთ  საკუთარი კანონის დარღვევა, და პირველ რიგში ისეთი კანონების, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება. მათ განსაკუთრებით არ ანაღვლებთ ვინ რას შეამჩნევს, და რა დასკვნას გამოიტანს... ამოტომ ისინი ყოველი ახალი რეპრესიების წინ და შემდეგ  საკუთარ კანონებს არ ჭრიან  ახალ თარგზე.  რომ დაუყოვნებლივ მათი მორჩილება მოითხოვონ  ჟინიანი მოსადისტო ბავშვებივით.

საზოგადოების  ნორმალურად ფუნქციონირებისათვის კანონის  პატივისცემა სავსებით საკმარისი იქნებოდა. სულ რამოდენიმე ათეულ ქვეყანაში ასეც არის. იქ ადამიანები კანონის პატივისმცემლები არიან და არა მისი  ყურმოჭრილი მონები...
 ეს უკანასკნელნი, რა თქმა უნდა მეტნაკლებად  ყველგან არსებობენ, მაგრამ  ისინი  ყველაზე ხშირად  ან იდიოტები არიან ან ფაშისტები.

ყველაზე კანონმორჩილი  ქვეყნები ექსტრემალური პოლიტიკური  წყობის,  დიქტატურის ქვეყნები იყო. სსრკ, ნაცისტური გერმანია, ჩრდილოეთ კორეა... ქვეყნები სადაც ადამიანები იმ კრიმინალურ კანონებს ემორჩილებიან, რომელსაც მათ რეპრესიული მანქანა ახვევს თავს იძულებით, დაშინებითა და შანტაჟით. ... ასეთ ადამიანებს  საკუთარი სიმხდალე არ აძლევს საშუალებას კითხვა დასვან  იმ ხშირად  აბსოლუტურად იდიოტური, თუ არა კრიმინალური კანონის შესახებ, რომელსაც მთელი თავიანთი უბადრუკი და უღირსებო ცხოვრება მორჩილად ემსახურებიან.... ამ მორჩილ სამსახურს მოგვიანებით ხშირად კოლაბორაციას არქმევენ ხოლმე სხვები,რომლებიც  ახალი კანონებითა და მათ აღმასასრულებლად მოდიფიცირებული   რეპრესიული სისტემებით მოდიან.

არტისტები, ფილოსოფოსები და პოეტები, რომლებიც კანონის უზენაესობას,  მის უპირობო მორჩილებას ქადაგებენ და კანონის აღმასრულებელ იერარქიას ბრმად  აღიარებენ, მხოლოდ სხვის ზეიმზე მოფუსფუსე, ქონით გაპოხილი ჩასუქებული  ჯამბაზი მონები  არიან – კანონის მონები.



Zabriskie Point: -  Careful with That Axe- Ummagumma - PinkFloyd. 


გამოცხადება N1    Careful with That Axe

არია დამესიზმრა.. თბილისში დაეხეტებოდა თავისი მტვრიანი სანდლებით და სალთის ფერი მოკლე კაბით. მე ნარიყალაზე შემხვდა. რაღაც მედიტაციური სიმშვიდით   უყურებდა პრეზიდენტის სასახლეს, სამების ეკლესიას, შინაგან საქმეთა შუშის სამინისტროს, რომელიც რატომღაც  მეტეხზე იდგა გორგასალის ძეგლის უკან...
ღმერთო რა ლამაზი იყო! ასაკი სულ არ ეტყობოდა. თითქოს სამყაროს 1969 წელის შემდეგ ერთი საათიც არ მომატებია...

ვიცოდი მისი მედიტაცია  როგორც დამთავრდებოდა. მაგრამ თითიც არ გავანძრიე დარიას მწვანე თვალებისაგან ქალაქის გადასარჩენად.

ქუჩაში ხალხი წყნარად სეირნობდა.. . ქვევით მოდუდუნე მტკვარზე ტივებზე პოლიციელები და  აკვალანგისტები ქეიფობდნენ, ტკბილად და შთაგონებით  ღიღინებდნენ: დარია თუ ავდარია,.. დარია თუ ავდარია... დარია დარია...დარია... 
მეჩეთიდან, რომელიც სინაგოგას, სომხურ გრიგორიანულ და მართლმადიდებლურ ეკლესიებისგან ოდნავ განზე დგას  ბას გიტარის  ხმა ისმოდა ყრუდ...რე, ლა, რე. ლა. რე. ლა რე....
დარიამ იცოდა, რომ პოლიციელები სულ სხვა დარიას უმღეროდნენ.  მას პოლიციელები სძულდა. და ამ სიძულვილს უკვე  ორმოცი წელი ატარებდა გულში,
 რე,ლა, რე. ლა. რე. ლა…
Fuck the police!….

პირველი პრეზიდენტის სასახლის გუმბათი  აფეთქდა... ათასფერ  მინის მოზაიკად გაიშალა ქალაქის  თავზე.. მერე სამება. პოლიციის შენობა,,, ბოლოს, შუშის ხიდი : ჰაერში აიწია... დაახლოვებით ასი მეტრის სიმაღლეზე, წამით გიგანტური შვეულმფრენივით გაჩერდა... მერე კი მოწყვეტით დაენარცხა უკან აყროლებული  მტკვარზე ტკბილად  მოღიღინე აკვალანგისტებსა და პოლიციელებს... დარია თუ ავდარია .. დარია , დარია...  არავინ დაზიანებულა. რადგან  ყველაფერი მიწასთან მიახლოვებისას დიდ და პატარა საპნის ბუშტებად და ფერად  ქაღალდის ნაჭრებად ტრანსფორმირდებოდა… იქვე პარკში გახარებული ბავშვები  ტაშს უკრავდნენ,  ჩუპა ჩუპებს ლოკავდნენ, და ცდილობდნენ ჰაერში საკარნავალო ქაღალდის ნეგლეჯებივით მოფარფატე  ფერად ფერადი მინის ნამსხვრევები და საპნის ბუშტები  დაეჭირათ!
Careful with That Axe, Eugene
დარია კმაყოფილი იღიმებოდა. მომეხვია და ტუჩებში მაკოცა.

რბილი,. ცხელი. გრძელი, სველი, აბსოლუტური, სრულყოფილი კოცნა…
ღმერთო ჩემო! რა ბედნიერი ვიყავი! .
Fuck the system…
მთაწმინდის ციდან  მარკი დაგვყურებდა ღიმილით, დარიას მეგობარი, რომელიც 1969 ში პოლიციელებმა ჩაცხრილეს  მოპარული პატარა თვითმფრინავის კაბინაში, .
ლა, რე, ლა, რე,,,
ჰაერში ათასი რამ დაფარფატებდა …შუშის ნამსხვრევები, მოოქროვილი ლითონის კონსტრუქციები, საქართველოს გერბიანი ქაღალდის  ფურცლები, ვახტანგ გორგასალის ძეგლი, რამდენიმე ათასი მაგარ ყდიანი  ბიბლია, წმინდა წერილები, საფოსტო კონვერტები, , ლურსმნები, ჩაქუჩები,  ჯვრები, რეზინის ხელკეტები,  საშლელები, “ქართლის დედის ცინკის ძუძუები” და ხმალი… თასი აბანოთ უბანში ეგდო და შიგ როლერებიანი ბიჭები ყირაზე გადადიოდნენ… ქვევით , პატარა კლუბ  “პრიტონში” იაფი მყრალი არაყით მთვრალი ლედი გაგა  “თბილისოს” მღეროდა,.
 - აქ რას აკეთებ? მკითხა დარიამ.
–    იმ ადგილს ვეძებ, სადაც დავიბადე,
 –   იპოვე?
–    ჯერ ვერა.  ხანდახან მგონია რომ ეს აქ მოხდა…ამ ქალაქში. თუმცა დარწმუნებული არ ვარ.
–    რისთვის ეძებ?
        არ ვიცი.
    დარია  წავიდა, მემფისში არა, სადღაც სხვაგან. მითხრა, მაგრამ  გაღვიძებისთანავე დამავიწყდა..

საზოგადოებაემბრიონი 

როდესაც მიქელანჯელო  ანტონიონიმ « ზაბრისკი პოინტ » გადაიღო მე 10 წლისა ვიყავი.  .
ასეთი ფილმები არც ერთ მთავრობას არ უყვარსარც ერთ პოლიტიკურ სისტემასა და  ეპოქაში.  დღესაც. 21 საუკუნის ათიან წლებში ევროპაში 16 წლამდე ახალგაზრდებისათვის მისი ყურება არ არის რეკომენდირებული..., მაშინ მით უმეტეს.. , თან იმ ქვეყანაში, სადაც დავიბადე...

“ზაბრისკი პოინტ” გვიან, უკვე დარიასა და მარკის ასაკში ვნახე.  მაშინ არ ვიცოდი რატომ დაფრინავდა ფილმის ფინალურ სცენაში აფეთქების შემდეგ ჰაერში მაცივარი,  დიდი  გაპუტული ქათამი, სხვადასხვა ნივტები...  გამოთქმა “მომხმარებელთა საზოგადოება” გაგონილიც არ მქონდა.  საბჭოთა ქვეყანა, რომელშიც ვცხოვრობდი ისე დაინგრა, რომ მომხმარებელთა გროტესკული საზოგადოება, რომლის ნაწილი 1969 წელს დარიამ  მემფისში ააფეთქა ვერ შექმნა…
მეტიცქვეყანამ რომელშიც მე დავიბადე "მომხმარებელთა საზოგადოება", რომელიც ნებისმიერი  ქვეყნის მატერიალური  თვითკმაყოფილებისა და ასევე “მატერიალიზირებული  სიბრიყვის”  ინდიკატორია  დღემდე  ვერ შექმნა –  აქ  მოსახლეობის უდიდეს ნაწილისათვის ზე პროდუქცია ისევ  დასავლური ოცნებაა,  ისეთი მარტივი ნივთი, როგორიც სარეცხი მანქანა, ან მიკროტალღური ღუმელია  ლუქსის კატეგორიას განეკუთნება. 
ქვეყანაში სადაც მე დავიბადე  ჯერ ისევ  სისტემაა ასაფეთქებელი, როგორც მაშინ,  იმ შორეულ არა ეროტიულ საბჭოთა 69 ში და არა საცოდავი ღარიბი საზოგადოება, რომელიც კომუნისტურ და მართლმადიდებლურ უკიდურესობებს  შორის მორყეული კედლის საათის ქანქარასავით ყანყალებს.
ეს ქვეყანა გამუდმებით ორსულობის დასაწყისშია, მას  გამუდმებით გულისრევის შეგრძნება აქვს,.. მისი საზოგადოება კი სააბორტოდ გამზადებული მარადიული ემბრიონის მდგომარეობაშია..
აქ ადამიანები არაფერს არ აწარმოებენ. არც მოიხმარენ. აქ  თავად ადამიანებსაც არ მოიხმარენ როგორც სსრკ – ში, რომელიც ადამიანებს თავად  “აწარმოებდა” და თავადვე მოიხმარდა საჭიროების  მიხედვით.

ქვეყანაში სადაც მე დავიბადე,  ძნელია ადამიანთა ექსპლუატაციაზე საუბარი. აქ ისინი მხოლოდ  სტატისტიკურ მასას წარმოადგენენ, რომელიც მხოლოდ სახელმწიფოს ვიზუალური  იმიტაციის შესანარჩუნებლად არის საჭირო… ზუსტად ისე, როგორც არქიტექტურულ მაკეტში ჩაწეპებული ჟურნალებიდან ამოჭრილი ქაღალდის ადამიანები.   ეს არის პერმანენტული სახელმწიფოს პროექტი, რომელიც ვერასდროს ვერ ხორციელდება.   ყოველი მოპოვებული მორიგი დაფინანსების შემდეგ ნადგურდება, და იწყება ახალზე მუშაობა.

დედამიწის იმ ნაწილმა, რომელშიც დღეს ვცხოვრობ, ჭარბმა ზე პროდუქციამ “ზაბრისკი პოინტის” წლებში თავისი სუბ კლუტურა შექმნა–The Factory ,კოკა კოლას ქილები, ყვითელი მაო, და ვარდისფერი მონრო…მოკლედ პოპ კულტურა… . ანტონიონიმ ყველაფერი ააფეთქა, და თავად გადაიქცა მოხმარების საგნად, ვერჰოლის სუპის ქილად,  DVD და Blu Ray –დისკად  არასტაბილური მერყევი ფასით : 7 –დან 12 ევრომდე (სახლში მოტანით)... ამ კულტურად ქცეულ მომხმარებლური საზოგადოების არასტაბილურ და მხდალ კეთილდღეობას დროდადრო ისევ  აფეთქებენ დარიას მსგავსი კანონს მიღმა მდგომი გოგოები და ბიჭები… დასავლეთში დარია  უყვართ, რადგან ის დროდადრო ასე თუ ისე აფხიზლებს  ძილისგუდა ახალ თაობებს… მათ მცირე ნაწილს მაინც… დასავლური კონცეფციის მთავარი გმირი სწორედ დარიაა, და არა  კანონის წარმატებული მონები,  რომლის პროტოტიპებიც ასე მომრავლდნენ ბოლო დროს ქვეყანაში სადაც მე დავიბადე,. . იქ  დარია სძულთ. განსაკუთრებით სისტემის მღვდლებს,  ჯარიკაცებსა და აკვალანგისტებს. მათი ერთი ნაწილი დარიას  ბოზს უწოდებს, მეორე  კი   მინისტრად ნიშნავს. ეს  თავდაცვის მეთოდია.. ისინი ყველანი სუვენირებად ტრანსფორმირების გარდაუვალ პერსპექტივას უფრთხიან,  კონსერვის ქილების  კალაუსტროფობია ჭირთ, პოპ არტის პანიკური შიში…. ამიტომ აქ ჯერჯერობით გონებამახვილური სუვენირები არ იყიდება. აქ ჯერ ალუმინის ქილაც არ დაუმზადებიათ, რომ მასში  გაპოპებული ადგილობრივი საერო და სასულიერო  სიწმინდეები ჩასვან და გაყიდონ , აქ ჯერ კიდევ არ დამდგარა “ეროტიული 69 “, და თუ  მარად ემბრიონი საზოგადოების  მკვდარი ენთუზიაზმით ვიმსჯელებთ, კიდევ დიდ ხანს არ  დადგება.  აქ ყანწებით, ხატებით და ხანჯლებით ვაჭრობენ. აქ საკუთარ თავს და ისტორიას ჯერ კიდევ სერიოზულად აღიქვამენ, იუმორის გარეშე, აქ საკუთარ  წითელ ცხვირზე  ჯამბაზებსაც  კი არ  ეცინებათ…

ეშმაკები
ყოველთვის გაიძვერები მართავდნენ  ქვეყანას რომელშიც დავიბადე. ადრე ტირანები მართავდნენ, მერე გაიძვერებიისინი თითქმის არ იცვლებიან. 50 წელიწადია ერთი და იგივე... ერთი და იგივე... რე, ლა, რე... ლა. რე ... ბას გიტარის სულ  ორი ნოტა დიდი და პატარა, დიდი  და პატარა, დიდი და პატარა გაიძვერები, მლიქვნელები. აქტივისტები, ლაზღანდარები. მასხარები, გეები, დაუნდობლები, ჩამშვებები, კოლაბორაციონისტები,ჰომოფობები, მექრთამეები, პედოფილები, შარაფისტები, ათეისტები. თამადები, მართლმორწმუნენი, ტრანსექსუალები, პოლკოვნიკები, ფერშლები, ანანისტები  .... ლა, რე. ლა, რე, ლა ....
არსად მინახავს მლიქვნელობის  ნაწიბურზე მოსიარულე  ჯამბაზის  ისეთი  ოსტატობა როგორიც საქართველოში.
 ამას ჯერ კიდევ ჩემს «არა მომხმარებლურ»   ღარიბ  ბავშვობაში მივხვდი, როდესაც საყოფაცხოვრებო ნივთებს თითქმის საკრალური მნიშვნელობა ჰქონდათ  – მივხვდი როგორ აღწევდნენ ჩემი თანამემამულეები  წარმატებას კრემლში. რატომ ხდებოდნენ  ასე განსაკუთრებულად  დაუნდობლები …
კეთილი სახის სასტიკი ტირანი ექსკლუზიურად ჩვენი ეროვნული  ფენომენია, განსხვავებით შემაძრწუნებელი პარანოიკი ევროპელი ჯალათებისაგან…აბა სად გინახავთ ასეთი მარად გაღიმებული,  ხალხის პატარა მამა. კეთილი  მარადიული ძია სტალინის მსგავსი ტირანი? ან ისეთი ფუმფულა და თბილი  ინკვიზიტორი როგორიც ლავრენტი ბერია?…
აქ, სწორედ ამ ქვეყანაში, სადაც  მე დავიბადე, აგრეთვე დაიბადა და განვითარდა   მლიქვნელობის სრულიად უნიკალური მეთოდივაჟკაცური , კრიტიკული მლიქვნელობა,,, რაც გამოიხატება იმაში. რომ  ადამიანი არ ერიდება ხელმძღვანელი მუშაკების » რაღაც ლაზღანდარობა შერეულ კრიტიკას, მაგალითად  მოთხოვნას  , სოციალისტურ, კაპიტალისტურ, თუ ლიბერტარიანულ   სინამდვილესთან და “გამოწვევებთან” შეუსაბმობაში მყოფი უქნარებისხორცმეტებისა და პარაზიტების მიმართ უფრო მკაცრ ქმედებების გატარებას. თავისი ლამაზი სამშობლოს საკეთილდღეოდ ... ვაჟკაცური მლიქვნელობის ასევე ძალიან გავრცელებული ფორმაა,  უკმაყოფილების გამოთქმა იმის თაობაზე, რომ “ხელმძღვანელი მუშაკი” ძალიან ბევრს და თავდაუზოგავად მუშაობს, და სულ არ ფიქრობს საკუთარ ჯანმრთელობაზე…
 ვაჟკაცური – მლიქვნელობის უნიკალური ტექნიკა წლების განმავლობაში იხვეწებოდა ქართულ სუფრაზე, რომელმაც განსაკუთრებული თეატრალიზებული სახე მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთის იმპერიაში ჩემი ქვეყნის   ერთგვარ  “გასტრონომიულ ცირკად » ტრანსფორმირების პროცესში მიიღო. სუფრის მთვრალი ლაზღანდარობა ნამდვილი ყოველდღიური რეპეტიციაა ვაჟკაცური კოლექტიური, კორპორაციული  მლიქვნელობისა. დღეს მას ისევე შეგვიძლია მივანიჭოთ აპელაცია, როგორც  კარგ ძველ ღვინოს.

 ქართული საბჭოთა კინო ამის შესანიშნავი მაგალითია. სწორედ მან შემოგვინახა    ტეტიური უბრალოებით სავსე ეს  კრიტიკული მლიქვნელობის ოსტატობის განვითარების  დოკუმენტალური ქრონოლოგია, რომელიც ასე  აღაფრთოვანებდა  თავის დროზე საბჭოთა ხელმძღვანელობას, აგრეთვე გამოარჩევდა სხვა მოძმე რესპუბლიკების კინემატოგრაფებისაგან, რომელთა ჯამბაზობის ოსტატობას ძალიან პირდაპირი და უნიჭო მანერა გქონდა..

ნონკონფორმისტებზე  ნადირობა.

 ახალი დროების გაიძვერები მიხვდნენ, იმისათვის რომ  ეპოქას  მათი სახელი დაერქვას, არ არის საკმარისი  მხოლოდ ძალაუფლება, არც წარმატებული კარიერიანი კანონმორჩილი  კლონები, რომლებიც უკვე წამოიჩიტნენ და დაუღალავად ჭიკჭიკებენ ქვეყნის ნათელ აწმყოსა და კაშკაშა მომავალზე.
ისტორიის მახსოვრობას ასევე ქმნიან წარუმატებელი ადამიანები. ასეთებს საქართველოში ჯერ არშემდგარებს ეძახდნენ, ბოლო დროს ახალი სიტყვა ისწავლეს  და ახლა ზიზღიანი  კმაყოფილებით ლუზერებს  უწოდებენ.
პრინციპში, ლუზერი პირობითი ცნებაა. ზუსტად არავინ იცის რას გულისხმობენ ამ სიტყვის ქვეშ წარმატებული ადამიანი, რატომ სძულთ ისინი, ეს საბრალო ლუზერები…რატომ თვლიან რომ ადამიანს , თუ ის ცოტა უნიჭო, ცოტა “კომპლექსებიანი”,  ეპოქას აცდენილი, დეპრესიული და წარუმატებელია, სიცოცხლის უფლება ასე თუ ისე კი აქვს, მაგრამ ღირსების არა.   ქალების პრიმიტიულ ჟურნალებში ამოკითხული  “ფროიდისტული მეთოდებით” მათ წარსულში და ბავშვობაში  ქექვაზე ხომ სულ ჭკუას კარგავენ,,, ყოველთვის  მაინტერესებდა, ესეთი რა უზრუნველი და უკომპლექსო ბავშვობა ჰქონდათ თვითონ , ამ წარმატებულ  გამოწკეპილ  ენერგიულ ნაბიჭვრებს…ოჰ, მათ დანახვაზე სიკვდილის სუნს ვგრძნობდი ყოველთვის, სიკვდილის  გახამებულ, თეთრ ელეგანტურ  სუნს.

არა და რა გრძელი იქნებოდა სია იმ ლუზერებისა, რომლებმაც კაცობრიობის სისხლიან იდიოტურ ისტორიას, ცოტა  აზრი და სილაღე შემატეს და ბევრად უფრო ღრმა კვალი დატოვეს ვიდრე  წარმატებულმა წვრილმანმა მამლაყინწებმა და მათმა  “დედალყინწებმა… “ლუზერების” შემოქმედება ხშირად ერთად ერთი შანსია, რომ ეპოქას  სახელი დაერქვას…პრეზიდენტები და მონარქები მათზე არიან მიბმულები ეს წვრილმანი წარმატებულები კი სიცოცხლეშივე უკვალოდ ქრებიან და   ეს ყველა ხელისუფალს ესმოდა. სტალინსა და მაოსაც კი… არ ესმის მხოლოდ იმ ქვეყნის უნივერსალურ  სუპერ სტარს, რომელშიც მე დავიბადე, რადგან მას განსაკუთრებით სძულს წარუმატებელი ადამიანები  იმისათვის, რომ  შემოქმედებითი რეალიზების თუ არა, ასე თუ ისე ღირსეული მარტოობის  შანსი   მაინც რომ მისცეს…

აქ თუ დაეცი, იმდენი ვინმე დაგაბიჯებს, რომ ვეღარასოდეს წამოდგები… ვერც შეამჩნევენ, რომ შენს სხეულზე დადიან, დარბიან, ფეხბურთს თამაშობენ, სამხედრო აღლუმებს ატარებენ, დისკო საღამოებს აწყობენ, სექსაობენ, იჭინთებიან, ბავშვებს აჩენენ, ქორწინდებიან…   ერთ დღეს სულაც მოვლენ ტრაქტორებით და  მოგაასფალტებენ …   ვიღაც წარმატებული ცეროდენა ჩინოვნიკი იტყვის, რომ რომ   ლუზერების მოასფალტება , განვითარებულ დემოკრატიულ  ქვეყნებშიც  მიღებული და ფართოდ გავრცელებული პრაქტიკა და  ნორმალური მოვლენა… პრეზიდენტი ლენტს გაჭრის… (ნეტა რამდენ მეტრ წითელ ლენტს მოიხმარს  წლის განმავლობაში იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელშიც თუ არ მატყუებენ დავიბადე ?…)

უნივერსალური სუპერ სტარი  თავად გახდა წარმატებული შემოქმედი ლუზერი და თავისი ეპოქის სიმბოლოებს თავად ხატავს. ხატვა კი არ იცის, ამიტომ უშნო სიმბოლოები გამოსდის. თუმცა კარგად გამოწკეპილ და დავარცხნილ  ქაღალდის კაცუნებსა და  ქალებს, პოლიციელებსა და აკვალანგისტებს ძალიან მოსწონთ.  ისინი ისტორიას უშნოდ შემორჩებიან. თან ძალიან ცოტა ხნით. რადგან უშნოებს ისტორია მალე და დაუნდობლად შლის თავისი ფურცლებიდან.
 პრინციპში დრო თავად საზღვრავს, ვინ არის ლუზერი და ვინ წარმატებული.  ეს ორიოდე წლის წინ  ახალი თაობის გაიძვერების ავანგარდმაც იგრძნო.. გადაწყვიტეს ,    საკუთარი ალტერ ეგო თავად უნდა შექმნან და გამუდმებით აკონტროლონ. ამიტომ  ცხადია  კანონმორჩილი "ალტერ ეგოები" გამოუვიდათ. 
მათ სასწრაფოდ  გამოჩეკეს  საკუთარი ალტერნატივა,  კონტროლირებადი მტრები, ოპოზიციონერები,... საკუთარი ნონ კონფორმისტები, ანარქისტები,   საკუთარი ჯალათებიც კი…დღეს  როდესაც ჩვენი დროის  გაიძვერა  კუნძზე დებს თავს, მის კარგად გაპარსულ და ოდეკოლონ მოფრქვეულ  კისერზე აღმართულ მოლაპლაპე ნაჯახის დაშვების ბრძანებას თვითონვე იძლევა – , … მოითმინეთ თუ შეიძლება... ხუთამდე დავითვლი და მერე შეგიძლიათ დაუშვათ ნაჯახი – ერთი ორი, სამი ოთხი ! ... რე, ლა. რე. ლა. ლა ლა...

ყოვლად გულისამრევმა დისკრიმინაციამ,  ეგრეთწოდებული “არ შემდგარი ადამიანების” მიმართ  , აბსოლუტურად ნოვატორული სახე მიიღო. 
პრეზიდენტის აბსოლუტურად გროტესკულ ჰიმნზე შექმნილი  ასევე გროტესკული კლიპის ავტორრეჟისორს  ახალი თაობის ნონ კონფორმიზმის სიმბოლოდ მოიხსენებენ და მის ფოტოს კონფორმისტთა ყოველკვირეულ ბიბლია – ჟურნალის გარეკანზე ბეჭდავენ… აბსოლუტურად გენიალური ახსნაგანმარტებით – რომ  კატასტროფულად არა რეიტინგულ პრეზიდენტზე კლიპი–ჰიმნის გაკეთება  სწორედაც რომ   ნონ კონფორმიზმია…

 უკვდავი “ფიცის” ავტორს,  ცხონებულ  მიხეილ ჭიაურელს, რომელიც მსოფლიო კინოს ისტორიაში ყველაზე  უთავმოყვარეო მლიქვნელის სახელით არის შესული, ნამდვილად  სიამაყით აევსებოდა სტალინისტული წრფელი გული  ამ ვაჟკაცურ მლიქვნელური “ ვიდეო–არტის” ყურებისას .

 ამავე ჟურნალში დასაქმებული კიდევ  ერთი კანონმორჩილი   ახალგაზრდა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ  თავის ერთ ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ პუბლიკაციაში  ყვითელი ავტობუსების   უბილეთო მგზავრებისა და მოხეტიალე მუსიკოსების  წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლისაკენ მოუწოდებდა – დღეს აცხადებს რომ ის არა მარტო ლიბერტარიანელი, უფრო   მეტიც, არც მეტი, არც ნაკლები – ანარქისტია..!

     კანონის მონა-მორჩილი ანარქისტი
          Appellation Géorgie Contrôlée
     Mis en buteiile dans la region de production
                               2011


«  ...ჰო...ასე  ჯობია , დამიჯერეთ ეს ნიშა თავად უნდა დავიკავოთ... როლები ჩვენვე  დავინაწილოთ, გავხდეთ კანონმორჩილი ანარქისტები, ვიბრატორი – მეამბოხეები,  წიტელ პომადიანი  პირდაფჩენილი  სილიკონის გასაბერი მემარცხენები,… თორემ სხვები გახდებიან –ეს  უკმაყოფილო გაუკონტროლებელი ლუზერები , დაბოღმილი, ცხოვრებისგან რეალურად გატეხილი ადამიანები, ავტობუსების ცუდი მუსიკოსები... მუსიკოსები. უსიკოსები... რომელთა რიცხვი  სულ უფრო და უფრო იკლებს…ისინი დაჟანგებული ჭურვებივით არიან, როდის აფეთქდებიან არავინ იცის... ამიტომ თავად უნდა შევქმნათ გაკონტროლებული ანარქია. და მერე ,
  ჩვენ მოვიგონებთ  ნებისმიერ კანონს, ისეთს როგორიც გვსურსდა ჩვენვე დავარღვევთ, მხოლოდ დარღვევის მომენტში ის უკვე აღარ იქნება კანონი, რადგან  ხუთი წუთით ადრე ჩვენვე გადავაკეთებთ, მერე ისევ გადმოვაკეთებთ, დავაგრძელებთ, ან დავამოკლებთ, როგორც ახალ ჯინსებს პირველი გარეცხვის შემდეგ… ლა.რე, ლა….ლუზერებს ყოველთვის კანონს მიღმა დავტოვებთ, ისინი ვერასოდეს ვერ დაგვეწევიან. და ერთ მშვენიერ დღეს ამ კანონთან უბილეთო რბოლაში სადღაც ჩაძაღლდებიან ... ჩვენ  კანონის ფარგლებში დავრჩებით…ყოველთვის, სამუდამოდ... ავაშენებთ კანონის მემორიალურ სასახლეს, თავად მოვაწყობთ  ინტერიერს. დეკორაციას, ავეჯს… თავად შევქმნით უფულოდ  მოსყიდულ  მემარცხენეებს, შარიკოვ მემარჯვენეებს.ბნელ ულტრა მემარჯვენეებს, ნეო ნაცისტებს… და მათ იქ  დავასახლებთ...როგორც სამოთხეში, სადაც მხოლოდ ვაშლის ხეებია და მათ ჭამას კანონი ჯერ ჯერობით არ კრძალავს. მოვიგონებთ  კონცეფციებს და იქვე მათ   ანტიკონცეფციებს შევქმნით.  ჩვენ უკვე ვიცით, . რომ  დღევანდელ დასავლურ საზოგადოებაში ნონკონფორმისტებს თავიანთი ადგილი აქვთ  და ძალაუფლების ტორტის ნაჭერი  მათაც ეკუთვნით,,, ამიტომ თავად გადავწყვეტთ  ვინ მივუშვათ ჩვენს ტორტთან …ჰო,რა იყო, შენ რაღა გაცინებს? დიახ,  ჩვენ დარიას მინისტრად დავნიშნავთ ქვეყანაში, სადაც სავარაუდოდ შენ დაიბადე და სადაც დიდი ალბათობით  არ მოკვდები!... « 

ღმერთო რა ბედნიერებაა,
რომ სამყარო მხოლოდ კანონის ყურმოჭრილი მონებით არ არის დასახლებული, რომლებიც პირნათლად ასრულებენ თავიანთ  მოქალაქეობრივ ვალს  ხან დუჩეს იტალიაში, ხან ბრეჟნევის სსრკში, ხან მერკელის გერმანიაში  ხან უნივერსალური  სუპერ სტარის ქვეყანაში, სადაც მე დავიბადე... 
ღმერთო. რა მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება! გაფიქრებაც კი მზარავს...
 რა უგემური გახდებოდა ყველაფერი... ქათმის  სენდვჩიც კი, რომელსაც ჩემი უბნელი მეფუნთუშე გასტონი აკეთებს თავისივე მომზადებული მაიონეზით და მწვანე სალათით!

რა ბედნიერებაა, რომ ამ უინტერესო კანონმორჩილი სტატისტიკური მასის გარდა ნამდვილი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც ხან წარუმატებლები არიან, ხან წარმატებულნი, ხან ლამაზები და მოვლილები, ხან  შეუხედავები და ნაოჭებიანები,  ხან ნიჭიერები, ხან უნიჭონი... რა ბედნიერება იქნებოდა რომ გაიძვერები მათივე დადგენილი  საბაზრო ფასით არ ახდენდნენ ადამიანების  ამ გარყვნილ კლასიფიკაციას...

ხანდახან მგონია, . რომ სწორედ « ლუზერებმა » და « მარგინალებმა”  მოიგონეს ის  ბორბალი რომლის წყალობითაც  ლაპლაპა  შავი ჯიპები, და მახინჯი ყვითელი ავტობუსები დაგორავენ ქალაქში სადაც სავარაუდოდ დავიბადე,, ავტობუსები, რომელშიც ადამიანები ბილეთს მაშინაც კი არ იღებენ, როცა ჯიბეში ორიოდე გროში უჩხრიალებთ, სადაც …. სულ უფრო და უფრო  ცუდად მღერიან... სადაც მე სავარაუდოდ არასოდეს არ მოვკვდები – რადგან  მათი კანონის ცივი მავზელუმის ფანტომად,   კანონის მონების  მარადიულ კოშმარად გადავიქცევი...
 ...ანარქია წესრიგია... მხოლოდ იერარქიის გარეშე... !

გამოცხადება N2    იოსების  Ummagumma

გორი. ცენტრი. მაღალ მარმარილოს კვარცხლბეკზე უზარმაზარი  წითელი გამჭვირვალე  “საქართველოს ცხელი  გული ასვენია”, ის მექანიკურია: ფეთქავს …შიგნით ჰოლოგრამა –  სტალინი., ცხვირზე ცერა თითი აქვს მიბჯენილი, დანარჩენ ოთხს    ათამაშებს და  იკრიჭება…ხმის გამაძლიერებლებიდან მთელ გორში გამუდმებით ისმის  მექსნიკური გულის აკომპანემენტი – ბას გიტარის ჩუმი : რე,ლა, რე, ლა,რე!..ოც წუთში ერთხელ  სირენა– მაღვიძარის ხმა  ირთვება…და ისმის ყრუ გორელების ჩურჩული  …მამაო ჩვენო ,  რომელი ხარ დედაო ღვთისა, იოსები და …  სულიწმინდა   გისმენთ.. მოსკოვი, კრემლი!  ალო! ალო!!! რე, ლა. რე. ლა რე,ლა…მამაო, მამაო ჩვენო, ჩვენო… ამენ!

მკვდრებზე თევზაობა

კანონმორჩილი ნონ კონფორმისტები და ანარქისტები  ხანდახან სათევზაოდ დადიან მდინარე "შარონზე". რომელიც ქალაქის  სასაფლაოების ქვეშ მიედინება… აქ ისინი  მკვდრებს იჭერენ. რადგან მკვდრები ძალიან სასარგებლონი არიან. თუმცა არიან არა სასარგებლო მკვდრებიც. ილია ჭავჭავაძე მაგალითად სასარგებლო მკვდარია. დავით აღმაშენებელიც, ერეკლე 2 არა, არც ნოდარ დუმბაძე, არც ვახუშტი კოტეტიშვილი, ზურაბ ჟვანია, სანდრო გირგვლიანი… ომში დაღუპული საცოდავი ჯარისკაცებიც ძალიან სასარგებლონი არიან, ავღანისტანში დაღუპულები მით უმეტეს…მაგრამ მაინც, არა სასარგებლო მკვდრები  ბევრად უფრო მეტია და სავარაუდოდ უფრო მეტი იქნება მომავალში… ამიტომ ყოველი სასარგებლო მიცვალებულის ფასი  კრიზისის მიუხედავად  ყოველდღიურათ მატულობს როგორც უძრავი ქონებისა ლონდონსა და პარიზში.
კანონის მონებში ყველაზე ძვირად დღეს ქართული ალტერნატივის და ნონ კონფორმიზმის   სიმბოლო ირაკლი ჩარკვიანი ფასობს. .
კანონმორჩილი  ნონკონფორმისტები  უკვე ერთი წელია ხან მის ძეგლის დადგმის უფლებას  ითხოვენ… ხან ბიუსტისას, ამ ბოლო დროს კი მემორიალის… პრინციპში, უარს არავინ ეუბნება. არც თანხმობას...  ისინი  მაინც ქოთქოთებენ. კაცი კი იფიქრებს, ასე თუ უნდათ ვინ უშლის, აიღონ და გააკეთონ, თუ არ დაადგმვინებენ სადმე ტყეში წაიღონ, დადგან, და ილოცონ, ან პლანი მოწიონ, იზასაონ...რაც უნდათ ის გააკეთონ... ადგილობრივი  "ხელმძღვანელი მუშაკები"  ძალიან თუ დაუშლიან სხვა ტყეში გადაიტანონ, მერე კიდევ სხვაში...ან სულაც ხანდახან "ბალახიანი მიწა გადააფარონ, ცოტა ხნით დამალონ" ხოლმე…
ამათ ეტყობა აუცილებლად ფანფარები და “პონპონ გოგოები” ჭირდებათ თავიანთი ამაღელვებელი იდეის რეალიზაციისათვის – ერი უნდა შეთანხმდეს, ჭირდება თუ არა მას ნონკონფორმისტის ძეგლი,  ერმა  უნდა იცოდესდ ვინ იბრძოლა ამ ძეგლის აღსამართად, ვის “სასტავშია” გარდაცვლილი ჩარკვიანი?!


საერთოდ ძალიან მოუხერხებელი, და ძნელად გამოსაყენებელი კაცი იყო ეს ირაკლი  ჩარკვიანი, მისი  პოლიტიკურად კლასიფიცირება ჯერ ჯერობით ვერ მოხერხდა. …. ამიტომ მას ყველა მხარე თავისკენ ექაჩება… კანონმორჩილი და სხვებზე უფრო  კარგად ორგანიზებული ანარქისტ – ლიბერტარიანელები  აშკარად ფავორიტები არიან, თუმცა ჯერ ისინიც ვერ გაერკვნენ, რა უფრო მოუხდება  ჩარკვიანს –  ბიუსტი, ძეგლი, სკულპტურა, თუ მემორიალი,,, ხშირად რაღაც  ქაღალდის გემის” პროექტს ახსენებენ…რომელიც როგორც ჩანს ქაღალდისა სულაც არ იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში   სხვის დაუხმარებლადაც გააკეთებდნენ, ზღვაში შეაცურებდნენ და დაიშლებოდნენ.. პრინციპში, როგორც უკვე აღვნიშნეთ,  ბიუსტსაც გააკეთებდნენ…თუ მაინცა და მაინც სუპერსტარზე მომუშავე ცოტა მეძვირე სკულპტორები არ მოინდომეს… მაგრამ მათ უფრო მეტი ჭირდებათ, ვიდრე მხოლოდ ბიუსტი, ან სკულპტურა…
ამისათვის  მთელი გეგმა შეიმუშავეს,  ჩამოაწიკწიკეს  და ფეისბუკზე გამოაქვეყნეს :

                                         ირაკლი ჩარკვიანის მემორიალი
  1. საორგანიზაციო ჯგუფის ჩამოყალიბება
  2.  ფონდრაიზინგი (ანგარიშის გახსნა ბანკში, ინტერნეტით, მობილურებით და ჩასარიცხი ავტომატებით გადარიცხვის უზრუნველყოფა)
  3.  მერიასთან შეთანხმება მემორიალისთვის ადგილის გამოყოფის თაობაზე
  4. კონკურსი (ჟიურის შერჩევა, კონკურსის გამოცხადება, ჩატარება)
  5.  მემორიალის გაკეთება


რა დასანანია, ეს  “ლექსი”  1991 წელს « რეაქტიული კლუბის » გამოცემისას რომ არ არსებობდა –– ის აუცილებლად მოხვდებოდა კრებულში . მინდა აღვნიშნო, რომ  პირადად ჩემთვის,  ეს ტექსტი სრულიად საკმარისი მემორიალია ირაკლი ჩარკვიანისათვის. ის ძალიან წააგავს ჩემს ერთ ძველ სწორედ “რეაქტიული წლების” ლექსს, რომელიც პრინციპში სულაც არა რის ლექსი, უბრალოდ ჩემი მეზობლის ქელეხისათვის ერთი ძალიან ორგანიზებული და ყოჩაღი კაცის მიერ შედგენილი საყიდელი პროდუქტების სიაა.:
1.სათალი 8კგ
2.ბალიკა5კგ
3.ხიზილალა წითელი 2 კგ
4.ხიზილალა შავი 2კგ
5.ცხვარი 1 სული…
და ა.შ…
პატარა ქელეხი კი იყო…ამიტომ ლექსიც  მსუბუქი გამოვიდა. სამწუხაროდ სადღაც დავკარგე …

 “მემორიალის « საორგანიზაციო ჯგუფს “  თავიანთი ანკესებით აშკარად ჩარკვიანის  დაჭერა და მისი კანონების აკვარიუმში მოთავსება სურს.
 …იცურე მშვიდად ჩვენო ირაკლი…
...მართლაც…იცურე მშვიდად,  ჩემო კარგო…იცურე…მხოლოდ როგორც  კოტე იტყოდა მაინც ცოტა  “იჩქარე ნელა”, თუ არ გინდა მარადიულ აკვარიუმში ამოყო თავი…

ნამდვილად ნოვატორული მიგნება იყო. ინდუსტრიალური, წესით  გამოშვებული  სერიული მეამბოხეები, ნონ კონფორმისტები, ლიბერტარიანელები, ანარქისტები, მათი ის…რა ქვია… ჰო... ფასეულობები... ევროპული და ადგილობრივი…
…ქვეყანაში სადაც მე დავიბადე ყოველთვის ამბობდნენ, რომ სინდისი კარგი საქონელია,
...ქვეყანაში სადაც ამჟამად ვცხოვრობ. კარგი საქონელი კარგად იყიდება.

 რუსი და ქართველი ლიბერტარიანელების ერთი კარგად გაქექილი ცრუ–ბუდას  დოქტრინის მიხედვით,  ყველაფრის გაყიდვა შეიძლება სინდისის გარდა, თუმცა  ქვეყანაში. რომელშიც მიუხედავად იმისა, რომ  სინდისი ტრადიციულად კარგ საქონლად ითვლება, მყიდველის უსახსრობის გამო ის თითქმის გაუფასურებულია. ამიტომ სრული დევალუაციის თავიდან ასაცილებლად,      სინდისზე სახელმწიფო მონოპოლია არის  გამოაცხადებული.,  რაც იმას ნიშნავს რომ სინდისით ვაჭრობა ექსკლუზიურად სახელმწიფოს ხელში გადავიდა, თუმცა ამის შესახებ ცრუ–ბუდას აღარაფერი უთქვამს. რადგან მას შემდეგ მედიტაციაშია და დუმს. ლოტოსში ზის.  კანონის მონები სურნელოვანი ზეთით უზელენ  წმინდა და ბუდებისათვის დამახასიათებელ ფუმფულა  ოქროს  სხეულს…..

სინდისი სინამდვილეში არავითარი კარგი საქონელი არ არის. ეს მტკნარი სიცრუე და ის მთვრალი აკვალანგისტების მოგონილია.  სინდისი  სულ რაღაც ღირსებაა, სხვა არაფერი. ღირსება კი  ყველაზე იაფია, მისი საბაზრო ფასი კაპიკებია…– თუ გაყიდვა გინდა ორ გროშად გაყიდი, ხოლო თუ შეძენა, შესაძლოა   სრულიად უფულოდაც იშოვო: ის ყველგან ყრია,  "ელდორადოს ოქროს კენჭებივით", მხოლოდ დახრა და აღება უნდა.



გამოცხადება N 3  პროცესი
ყველა ერთი და იგივეს მიმეორებდა.
– ოჰ, ძალიან მომეწონა, ძალიან. მართლა... მაგრამ უამრავ რამეში არ გეთანხმები… ხომ მაქვს უფლება არ დაგეთანხმო... არა ძალიან კარგად წერ, მაგრამ ძალიან ბევრ რამეში არ გეთანხმები... ძალიან ბევრ.. მერე დავჯდეთ ერთი და მოგიყვები რაში არ გეთანხმები…


ღამეა, ზღვის პირას უზარმაზარი საწოლი დგას  ბალდახინით,  მე და  ქალები ფერად ღამის პერანგებში.. ჩემი ყოფილი   ქალები...ღმერთო! როგორ მიყვარდა ყოველი მათგანი ... მაგრამ რაღაცნაირად ცუდად... არასწორად  მიყვარდა...  არ ვიცი რატომ. შეიძლება არც მიყვარდა ცუდად, მხოლოდ მეჩვენება ასე, გამუდმებით პატიება  მინდა ყველას ვთხოვო...
არ მაცლიან. ჩემს წიგნზე მესაუბრებიან,
–შენს ნაწერებს რომ ვკითხულობ ასე მგონია რომ მე დავწერე... პრინციპში ახალი არაფერია,  ეგ ყველაფერი ისედაც ყველამ ვიცით... შენ მხოლოდ თავი მოუყარე...
   ოჰ...  ისეთი კარგები იყავით. ლამაზები, ჭკვიანები... გაცილებით მეტს იმსახურებდით. გაცილებით… ვიდრე ჩემისთანა ...
 არა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად წერ, მაგრამ...
  როგორ მინდა  თითო დღით მაინც შემეძლოს   ყოველ თქვენთაგანთან ერთად
დაბრუნება  იმ დროში.. კინოში წაგიყვანდი... ნაყინს გიყიდდი... იმ კონცერტზეც...რამდენჯერ მთხოვე,...   მე რომ დამეზარა ..გახსოვს ?....
 არა, არ მახსოვს... მოკლედ ჯობია მოთხრობები წერო... კარგად გამოგივა,
  როგორ არ გახსოვს...ვიღაც ფრანგი მომღერალი იყო... გაიხსენე...
 ყველაფერს მაინც რომანი ჯობია... დამიჯერე. რატომ არ წერ რომანს? გეზარება?

ისინი ყველანი  ერთი ხმით ლაპარაკობდნენ, ყველა ერთისათვის, ანუ ჩემთვის, მე კი  – ყველასათვის, მათთვის... ყველა ერთი ხმაში იყო გაერთიანებული, მხოლოდ სულ სხვადასხვა რაღაცას მეუბნებოდნენ... 
        ჰო, არ გეთანხმები... ხომ არ მოგატყუებ, ხომ იცი ტყუილი არ მიყვარს,,, ოცი წელია არ მინახიხარ და როგორ მოგატყუებ... ისე ვინ იფიქრებდა შენ თუ წიგნს დაწერდი... შე ოროსანო... ჰე.ჰე...
         მე მაშინაც ვწერდი..
        მართლა ? რა უცნაურია, არასდროს შემიმჩნევია..
        რას შეამჩნევდი, სულ საწოლში ვეგდეთ...სექსის დროს ხომ არ დავიწყებდი წერას.
        მართლა? არ მახსოვს... მოკლედ ძალიან მაგრად კი წერ , მაგრამ  თითქმის არაფერში არ გეთანხმები...

იქვე პლაჟზე ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ მოლოტოვი Yamaha -ს  დრამს აწყობდა. კოსტუმში, ჰალსტუხში და ტვიდის კეპში იყო გამოწყობილი. როგორც ყოველთვის.
 უჩვეულოდ დიდი ბას ბარაბანი ხან აქეთ გადაუგორდებოდა, ხან იქით. ბოლოს როგორც იქნა დაამაგრა. კენჭები შემოუწყო და ქვიშით დატკეპნა გარშემო.  ...

 მადლობა ღმერთს..!
  რა თქვი?
 კარგია  რომ არ მეთანხმები მეთქი... ღმერთო ჩემო! სწორედ იმიტომაც ვწერ რომ არ დამეთანხმოიმ დღეს როდესაც ჩემს ნაწერში  ყველაფერს დაეთანხმები წერას თავს დავანებებ. ყველა ხელნაწერს დავწვავ, რომელზეც  ხელი მიმიწვდება. ნოუთბუკს ჩაქუჩით დავჩეჩქვავ, დისკებს დავამტვრევ..,. საერთოდ დავივიწყებ რომ საკუთარი გვარის მოწერის გარდა კიდევ ორი სამი წინადადების დაწერა შემიძლია.
 რა გაყვირებს?  ოჰ... სულ არ შეცვლილხარ, ისევ ისეთი  ხარ... აუტანელი...ისევ ისეთი...


სიზმარი  უცებ დაცარიელდა, ყველა სადღაც გაქრა,.. თითქმის ყველა.
მხოლოდ საწოლის შორეულ  კუთხეში ფეხშიშველი დარია იჯდა.სალათისფერი კაბა აღარ ეცვა, რაღაც აზიური აბრეშუმის ხალათი ჰქონდა მოცმული შიშველ ტანზე, მგონი ყირგიზული. მიღიმოდა. და  კოქტეილს წრუპავდა...   მოლოტოვმა დრამს დასცხო  მთელი ძალით და აყვირდა... მხოლოდ ხმა სულ არ ისმოდა... აბსოლუტური სიჩუმე იყო. ზღვაც  არ ხმაურობდა... დიდი ტალღები კი იყო... ზუსტად იმ სახლის ხელა, რომელშიც დავიბადე...
  რე, ლა. რე. ლა რე..ლა...
  ეს არის ჩემი   Ummagumma.
P.S.    Ummagumma  ერთ ერთი პირველი ალბომი ( Pink Floyd 1969 )  რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ფსიქოდელიურ და პროგრესივ როკს.  
ალბომის ერთ ერთი კომპოზიცია Careful with That Axe, Eugene გამოყენებულია მიქელანჯელო ანტონიონის « ზაბრისკი პოინტ » – ის ფინალურ  აფეთქების სცენაში.
თავად  Ummagumma ბევრi არაფერი სიტყვა არ არის არის, არგოა. ზოგი ამბობს ჩექმების გახდას ნიშნავსო, ზოგი  სიყვარულის კეთებას, ზოგიც როკ ნ როლსო  ... ზუსტად არავინ იცის... პრინციპში მისი წარმოთქმის მანერაც აბსოლუტურად შეუზღუდავია.  არანაირ ფონეტიკურ წესსა  კანონში არ არის მოქცეული: ერთი ინტერვიუს დროს Pink Floyd ის დრემერმა. ნიკ მეისონმა ეს სიტყვა აი ასე წარმოთქვა    Oo-mah-goo-mah , ხოლო ბასისტმა როჯერ ვოტერსმა  რამდენიმე დღის შემდეგ კონცერტის მსვლელობისას Uh-ma-gum-a.. ასე რომ, თუ ოდესმე ამის ხასიათზე იქნებით, როგორც გნებავთ ისე შეგიძლიათ ამ სიტყვის წარმოთქმა.... ის სრულიად თავისუფალია  საავტორო უფლებების კონტროლისაგან,  ეთნიკური, მორალური, რელიგიური და სხვა კანონებისაგან, აგრეთვე  მათი მორჩილი მონებისაგან.  

 26 ივლისი 2011  პარიზი
პ.ქ.

11 commentaires:

tako kakabadze a dit…

რა ზუსტი და რა გენიალურია. გმადლობთ, ბატონო პაატა :)

Paata KOURDADZE ~ პაატა ქურდაძე a dit…

დიდი მადლობა თაკო.

Anonyme a dit…

ბატონი პაატა, ეს სტატია ისევე როგორც თითქმის ყველა მომეწონა. მაინტერესებს თქვენი მეორე (ექსპერიმენტული განცდები) წიგნი სად შეიძლება შევიძინო? ძალიან ბევრ მაღაზიასი ვიყავი და არ აქვთ.

Paata KOURDADZE ~ პაატა ქურდაძე a dit…

დიდი მადლობა.
"ექსპერიმენტალური განცდები" ჯერ სამწუხაროდ არ გამოსულა. გამომცემელს რარაც ტექნიკური პრობემები შეექმნა იმის გამო რომ ზაფხულში ყველა დასასვენებლად წავიდა და ძალიან გაიჭიმა კორექტურა და დაკაბადონება. ამიტომც შემპირდნენ ასე დაგვიანდა. როგორ შემპირდნენ აგვისტოს ბოლომდე აუცილებლად გამოვა. და ბლოგზე დავდებ შეტყობინებას.

აგორავე a dit…

Я говорил о времени, а дальше уже буду пояснять, что я имею в виду под временем и памятью. Так вот, пример – сложный сам по себе, но в то же время доступный нам, потому что мы его на своей шкуре пережили, или на шкуре наших отцов и дедов, скажем (для вас – дедов, а для меня – отцов). Вы знаете, что время имеет хронологические метки – оно расположено или движется по линии, размеченной датами. Но когда мы в философии или в литературе, в нашей сознательной жизни говорим о времени, мы задаем какой то другой вопрос. Скажем, есть дата – и мы задаем вопрос смысла. То есть мы очерчиваем те ситуации, где со смыслом можно употребить слова «произошло тогда то» и поставить дату. Произошло в детстве или в таком то году. Ну, скажем, что то произошло в 1937 году. Я задаю вопрос: в каком смысле можно сказать, что что то произошло в 1937 году? Я веду сейчас к иллюстрации тезиса о том, что реальность складывается в памяти. Возвращаюсь: в каком смысле мы можем сказать: что то произошло в 1937 году? А мы живем в 1984, и тем самым это позади нас на добрых 50 лет. Если взять реальные сцепления наших переживаний, реальные сцепления наших реакций, реальные устройства того, как мы видим наши гражданские дела, то все, что происходило в 1937 году, происходит – в смысле возможности наших душ – и сейчас. В наших реакциях, в наших душах, в том числе и в том, чему мы не научились на опыте 1937 года. Все, что там происходило в своих сцеплениях, живо и может снова произойти. Тогда я спрашиваю: в каком году расположены те события, которые происходили в 1937 году, или – в каком месте времени они произошли? Я не могу утверждать, что они произошли в 1937 году. И то, что складывается как реальность, – та реальность, в которой мы живем, реальность как нечто, в чем независимо от нас могут случаться какие то вещи, – она определена во многом тем, чего мы не сделали в 1937 году или по отношению к 1937 году. То есть тем, чему мы не научились. Определена тем опытом, который мы не извлекли. Ясно, конечно, почему мы не извлекли. Мы не извлекли, потому что не имели публичного пространства для извлечения опыта. А опыт извлекается только на агоре, только публично. Там шар извлекаемого опыта должен покатиться и обрасти мясом и плотью – наша мысль нуждается в мускулах, и этот шар должен обрасти, покатившись в резонансных отражениях. Но я задаю снова тот же вопрос. В момент, когда случилось и мы якобы запомнили это, какую инскрипцию мы делали в своем собственном теле? В своей чести, в своем достоинстве или трусости – где инскрибировалось то, что потом помнится, то есть является возможностью, которая может быть актуализирована? Что может быть актуализировано? Боюсь, что в 1984 году может быть актуализировано как раз то, что вызывает у нас ужас, когда абстрактным умом мы вспоминаем 1937 год и считаем, что это произошло тогда. Может оказаться – мы так делали (так инскрибировали или не инскрибировали), так извлекали опыт или не извлекали, – что мы реально живем не в 1984 году, а в 1937 году. И здесь память и время являются операторами всей массы наших психических возможностей и событий, и они помечают, где мы находимся во времени, а не хронологическая дата. По хронологии 1937 год – где то в давнем прошлом, а в реальности он расположен временем оператором. То есть тем, которое живет в измерении или задает измерение...

Вот наша жизнь… если подумать, она ведь такова, как желали мы, грузины, потому что речь идет о действительных желаниях, о тех, которые с мускулами и реализуются; реализовались именно те, на которых были мускулы, все установилось на уровне нашей души, то есть нашей развитости...

აგორავე a dit…

"ხანდახან მგონია, . რომ სწორედ « ლუზერებმა » და « მარგინალებმა” მოიგონეს ის ბორბალი რომლითაც ლაპლაპა შავი ჯიპები, და მახინჯი ყვითელი ავტობუსები დაგორავს ქალაქში სადაც სავარაუდოდ დავიბადე"
:)

ნენე გიორგაძე a dit…

საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას რომ თქვენი პროტესტის თუნდაც ნაწილი ქონდეს, საქართველო უკეთესი ქვეყანა იქნებოდა.

lela kodalashvili a dit…

დროდადრო პუბლიცისტური პათოსი აშკარა პროზით ზავდება, რომელიც მერე თავადაა პუბლიცისტიკით გაზავებული. თუ ეს ,,დაპირისპირება" გაგრძელდა, ვფიქრობ, ეს ორი სხეული ერთმანეთს გამოეყოფა და თითოეული დამოუკიდებელ არსებობას დაიწყებს :)
უკაცრავად, რომ თავს ასეთი ,,მინიშნების" ნება მივეცი:)

Paata KOURDADZE ~ პაატა ქურდაძე a dit…

lela kodalashvili საბოდიშო არაფერია. პირიქით გმადლობთ კომმენტარისათვის. მხოლოდ თუ ნებას მომცემთ – ის რასაც თქვენ "პათოსების დაპირისპირებას" უწოდებთ სრულიად შეგნებულად არის გაკეთებული, ეს სულაც არ არის დაპირისპირება, მით უმეტეს ეს არ არის ის რასაც პუბლიცისტიკას ეძახიან – ეს არის ესსე. შემდეგ ჰიმნებში, რომლებსაც პერიოდულად გამოვაქვეყნებ, გარდა "ლიტერატურული პათოსისა" პოეზიასაც შეხვდებით. ამ ყველაფერს თავისი ლოგიკა აქვს ჩემთვის.

lela kodalashvili a dit…

მესმის,რასაც ამბობთ, ბატონო პაატა:) მე მხოლოდ ვცადე, ,,დამეცდენინებინა" - იქნებ პროზასაც გეგმავთ შემდეგში, რადგან საამისო ,,მზაობა" აშკარადაა თქვენს ესსეებში... პოეზიანარევ პუბლიკაციებსაც სიამოვნებით წავიკითხავ. გმადლობთ:)

დ.ღ. a dit…

"...აქ საკუთარ თავს და ისტორიას ჯერ კიდევ სერიოზულად აღიქვამენ, იუმორის გარეშე, აქ საკუთარ წითელ ცხვირზე ჯამბაზებსაც კი არ ეცინებათ…" – ჰაჰაჰა, ჯანდაბას ჯამბაზები, აქ ბავშვებსაც ნაკლებად ეცინებათ ბატონო პაატა,.. მე მყავს პატარა, 2 წლის მომღიმარი შვილი და ძალიან ხშირად სტუმრად, ქუჩაში, პარკში, სკვერში გამიგია კომენტარი – ეს რა ხალისიანი ვინმეაო :)))უკვირთ!!! ბავშვი რომ ხშირად იღიმება, უკვირთ :)))

მადლობთ ესსესთვის!!!