30 juin 2010

გამოცხადებული "ფსიქოდელიის ქრონიკა"
მწერალ პაატა ქურდაძის პოლიტ-კულტურული მიქცევისა და მოქცევის შესახებ
დავით ბუხრიკიძე
ჟურნალი "ცხელი შოკოლადი" მაისი 2010 №60


Foto Marika Kochiashvili

"არის კიდევ ერთი... ჩემი საქართველო. მხოლოდ ზუსტად ვერ გეტყვით სად იმყოფება... განვითარების რომელ ეტაპზე. ამ საქართველოში ფიქრი ჯერჯერობით აკრძალულია, პოლიტიკური, მორალური, პატრიოტული, და ათასი სხვა პრეტექსტით. ფიქრი მხოლოდ უცხოელებისთვის არის ნებადართული; ზუსტად ისე, როგორც ჩვენს წითელ წარსულში - "კოკა-კოლა" ინტურისტებისათვის... მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ "კოკა-კოლას" წითელი ხელისუფლება კრძალავდა, ფიქრს კი ჩვენ თვითონ ვუკრძალავთ ერთმანეთს.
"ჩემი" საქართველო თავის გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს ადრე თუ გვიან მოაგვარებს, ან ამ პრობლემით გააგრძელებს ცხოვრებას. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, გაზანტებული გონებით. მე მირჩევნია პრობლემებიან ერს ვეკუთვნოდე, ვიდრე უტვინოს... უტვინო საქართველოს უაფხაზეთო მირჩევნია".

ეს არის ფრაგმენტი პაატა ქურდაძის ახალი წიგნიდან "ფსიქოდელიური ქრონიკა 2009", რომლის პრეზენტაციამ პუბლიცისტურად მინავლებულ თბილისში საკმაო ვნებათაღელვა გამოიწვია. გუდიაშვილის მოედანზე შეკრებილ, ქართ-არტ-ულად მოდურ კაფე "პურპურში" მწიგნობრები, მედია, არტისტები, მხატვრები, საგანგებოდ თუ სელექციურად "შეკრეჭილი" პოლიტიკოსები ინტერნეტ-ბლოგებზე აღმოჩენილი მწერლისა და ესეისტის შემოქმედებამ შეკრიბა. არადა, დიდი ხნით ადრე, ("პრეისტორიულ ხანაში", როგორც თავად ამბობს) ვიდრე დღევანდელი მკითხველი პაატა ქურდაძის სახელს გაიგებდა, ის ფსევდონიმით "რეაქტიული კლუბის" აქტიური წევრი და პოეტი იყო.
შეისვა კარგი წითელი ღვინო და დადგა მსუბუქი "რეაქტიული" ყიჟინის ჟამი, რომელიც კოტე ყუბანეიშვილმა დარბაზში ფრონტალური გადაძახილით, - "აბა ვიაქტიუროთ, თორემ ხალხს დავავიწყდით", - ლამის კონცეფციად აქცია. ის ჯერ კიდევ მარჯვეა!

პაატა ქურდაძე - ბლოგერი, მწერალი, ესეისტი, დოკუმენტალისტი. 80-იანელთა თაობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წარმომადგენელი, რომელმაც თავის დროზე ანდერგრაუდის, "რეაქტიული კლუბის" ისტორიაში საინტერესო ფურცლები ჩაწერა, ხოლო 21-ე საუკუნეში, ბლოგების ეპოქაში (უკვე უცხოეთიდან) ქართულ სიტყვას პოლიტიკური აქტუალობა, პუბლიცისტური სიმახვილე და აშკარად რაფინირებული, ირონიული ჭედურობა შესძინა.

ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა ბატონი პაატა გარეგნობით ფრანგ მსახიობს, ბრუნო კრემერსაც შეადარა, მეორე ჟურნალისტმა პრესტიჟულ რადიო გადაცემაში მიიპატიჟა, და მესამემ ვრცელი სატელევიზიო სიუჟეტი მიუძღვნა, და ეს ყველაფერი - სულ რამდენიმე დღეში.
მოკლედ, ჭრელ და პრეტენზიულ მედიას პაატა ქურდაძის უნებლიე სარეკლამო კვირეული გამოუვიდა. პარიზიდან დროებით ჩამოსულ, აქტიურ ბლოგერსა და მწერალთან ვრცელი ინტერვიუ ჩვენც საინტერესოდ გვეჩვენება. მით უმეტეს, რომ ის ერთგვარად აერთიანებს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიას. 80-იანელთა თაობის მეამბოხე ნაივურობას და დასავლურ ემიგრაციაში შეძენილ სამოქალაქო საზოგადოების ფხიზელ ცინიზმს.
თანაც, როცა ადამიანს ნაწერებით იცნობ, ბუნებრივად გიჩნდება მისი უფრო ახლოს გაცნობის სურვილი. იქნებ ტექსტუალური წარმოსახვა უფრო სხვა რამეს გკარნახობს, ვიდრე სიმპათიაა და პირისპირ საუბარი საზღვრებს აღმართავს? იქნებ პირიქით, წინასწარ აკვიატებულ აზრებს გიფანტავს...
Foto Marika Kochiashvili

ბატონო პაატა, დიდი ხანია, საქართველოში არ ყოფილხართ. რას ნიშნავდა თქვენთვის თავის დროზე წასვლა და რას ნიშნავს დაბრუნება? იმ შეგრძნებაზე მინდა გკითხოთ, რომელიც სამშობლოდან წასვლას და დაბრუნებას ყოველთვის თან ახლავს.

კლასიკური გაგებით, ემიგრაციაში არ წავსულვარ. როცა მე და კოტე ყუბანეიშვილი 1991 წელს გაზაფხულზე საფრანგეთში წავედით, მაშინ სიტუაცია ისე გაუსაძლისი არ ყოფილა, როგორ - უკვე შემდგომ წლებში. როგორც ყველა ახალგაზრდას, მეც მინდოდა წასვლა, გაქცევა. დასავლული გაგებით დისიდენტი არასოდეს ვყოფილვარ, არც მოგზაური. უფრო ახალგაზრდა, მოხეტიალე კაცის გამოცდილება შევიძინე. სიმართლე გითხრათ, ჩემს თავს მუდმივად მოგზაურად აღვიქვამ. მე ახლაც წასული ვარ და იმისათვის, რომ საქართველოზე ვწერო ან ვიფიქრო, არ არის აუცილებელი, აქ ვიცხოვრო. ახლა უბრალოდ პარიზიდან ვარ წასული და საერთოდ გეოგრაფიულ კოორდინატებს ეგზისტენციური ყოფნისათვის მნიშვნელობა არ აქვს. ცოტა აქაც ვარ და უფრო მეტად - საფრანგეთში. როცა ადამიანი წლების შემდეგ საკუთარ სახლში, თუ სამშობლში ბრუნდება, თავს უცხოდ გრძნობს და ამის გაცნობიერებაში ოდნავ ეხმარება წარსული ანუ "ჯანმრთელი ოპტიმიზმი". ეს ჩემი ძველი ლექსის სახელწოდებაა, რომელიც ჯერ კიდევ ბრეჟნევის ხანაში, "რეაქტიული კლუბის" პირველ პერიოდშია დაწერილი. ასე ვთქვათ, "გაჩერებული დროის" დრამიდანაა, როცა ირაკლი ჩარკვიანს, კოტე ყუბანეიშვილს, ლუკა ლასარეიშვილს, სხვებს, და ალბათ მეც, არტის და კიდევ ბევრი რამის შეცვლის მცდელობა გვქონდა.

შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ "გზაზე ხართ"? თუ თქვენი ჩამოსვლა ულისეს სამშობლოში დაბრუნებას ჰგავს?

თბილისში ჩამოსვლა ჩემთვის დაბრუნებას არ ნიშნავს. ჯერ ერთი, აქ პენელოპე არ მელოდება, და მეორეც, როდესაც საიდანღაც ბრუნდები, ეს პირველ რიგში ნიშნავს, რომ საკუთარ სახლში ბრუნდები. საქართველო კი დღეს ჩემთვის სახლი არ არის, ეს უფრო სიმბოლური ადგილია, სადაც გაცილებით სხვაგვარად ვგრძნობ თავს, ვიდრე ოთხი წლის წინათ. ოდესმე, როცა უკვე ასაკში ვიქნები, აუცილებლად დავბრუნდები, მაგარამ - არა თბილისში. სახლს ვიყიდი სადმე, პატარა ქალაქში და იქ დავსახლდები. როცა ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება, ნამდვილად დავბრუნდები. მაგრამ ჯერ ჩემთვის სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება და ეს დრო ჯერ არ დამდგარა.

როგორ გგონიათ, იმ ოთხი წლის განმავლობაში, რაც საქართველოში არ ყოფილხართ, ბევრი რამ შეიცვალა?

მომეჩვენა, რომ ხალხი გაცილებით უსიტყვო, არაკომუნიკაბელური და სევდიანი გახდა, ვიდრე ოთხი წლის წინ. და არა მარტო იმიტომ, რომ წელიწად-ნახევარია, რაც ომი დამთავრდა და ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ აუხსნია, რა ომი გადავიტანეთ. ომის ჭრილობები არაცნობიერში გაცილებით დიდხანს რჩება და გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. მგონია, აქ უფრო სხვა მიზეზებია - დაღლა თუ იმედგაცრუება. შეღებილი შენობებიც და განახლებული სახლებიც რაღაც უფრო გაცრეცილი და მოუვლელი მეჩვენება. ჩვენი საზოგადოების მდგომარეობა კრივში გადატანილი მძიმე და დამქანცველი რაუნდის შემდეგ აღებულ პაუზას ჰგავს.

ეს პესიმიზმი უცხოეთში წასული და იმედგაცრუებული ინტელექტუალის პოზიციას ხომ არ გამოხატავს?
არა მგონია. ეს ჩემთვის პერსონალური პრობლემა ნამდვილად არ არის. ასეთი დამოკიდებულება იმ დეპრესიული ფონის გამოძახილია, რომელიც საქართველოში ზოგადად არსებობს. უსამართლობა, უმუშევრობა, საკუთარი უუფლებობის გაცნობიერება... ეს ძალიან მძიმე პრობლემებია. ან რატომ ჰგონია ხელისუფლებას, რომ ხალხს მძაფრი სოციალური უსამართლობა არ აღელვებს და მხოლოდ პოლიტიკოსების დამცინავი მოწოდების შემდეგ გამოვა ქუჩაში. ეს ხომ პრობლემებზე თვალის დახუჭვას ნიშნავს. მერის არჩევნები რა არის, ესეც საყოველთაო გასართობია, თუ პოლიტიკის ნაწილი? ადამიანის საარსებო მინიმუმი ჩვენთან, შემთხვევით, დაცინვას ხომ არ ჰგავს? ადამიანმა პირველ რიგში საკუთარ მარცხს და კომპლექსებს უნდა სძლიოს და მოვლენები გარედან შეაფასოს, მაგრამ მას ამის საშუალება არ ეძლევა. უფრო ზუსტად, ამის საშუალებას არ აძლევენ.
Foto Marika Kochiashvili

"რეაქტიულ კლუბს" დავუბრუნდეთ. რას ნიშნავდა 80-იანი წლები თქვენთვის? აზროვნებასა და ლიტერატურაში გარღვევას, თუ კიდევ სხვა რამეს, რაზეც მაშინ საზოგადოება არ ფიქრობდა?

"რეაქტიული კლუბის" პერიოდი იმდენად მნიშვნელოვანი პერიოდი იყო ჩვენთვის, რომ არ შეიძლებოდა სხვებისთვისაც მნიშვნელოვანი არ გამხდარიყო. ამ საერთო იდეების გამო, ჯერ კიდევ უცხოეთში ჩემს წასვლამდე დიდ დროს ვატარებდით ერთად. პირველი 90-გვერდიანი ბროშურა, რომელიც "რეაქტიული კლუბის" მანიფესტს წარმოადგენდა, სწორედ ირაკლი ჩარკვიანთან და კოტე ყუბანეიშვილთან ერთად გავაკეთეთ. საავტორო უფლებების შესახებ ირაკლი ჩარკვიანი ზრუნავდა. მაშინ ამაზე საერთოდ არავინ ლაპარაკობდა. პირველი მანიფესტი უკვე ჩემი წასვლის შემდეგ გამოიცა. თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო და კოტემ, რომელიც ახალი დაბრუნებული იყო საფრანგეთიდან, რაღაცნაირად მოახერხა მისი პირველი გამოცემა. ბროშურის ყდაზე მაქსიმის (ირაკლი ჩარკვიანის შვილი - დ.ბ.) დახატული რეაქტიული თვითმფრინავებია. მალე ამას მეორე გამოცემაც მოჰყვა. მაშინ მე უკვე წასული ვიყავი, თუმცა ამით, ცხადია, "რეაქტიული კლუბი" არ დამთავრებულა. ფსევდონიმებით თამაში მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდა და მასში სხვებიც მონაწილეობდნენ - დათო ევგენიძე, კახა თოლორდავა, ლიკა ნადარაია და სხვები. 

იქნებ უფრო დეტალურად გვიამბოთ თქვენი წიგნის შესახებ.

წიგნი "ფსიქოდელიური ქრონიკა" პარიზში ახლახან გამოიცა, გამომცემლობა Moulin de p-ის მიერ, რომელიც გაფორმებულია ნიუ იორკელი არტისტის  ლუკა ლასარეიშვილის აკრილით შესრულებული ნამუშევრით "ფსიქოდელიური ველი". ის 2008 წელსაა შესრულებული.   ისე მოხდა, რომ ამ წიგნის გამოცემაში მხოლოდ უცხოეთში მცხოვრები ქართველები მონაწილეობდნენ: ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ ძალიან კარგი წინასიტყვაობა დაწერა, მხატვრულად გააფორმეს ბერლინელმა ფოტოგრაფმა ზურა სუმბაძემ და პარიზში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა და  არტისტმა შალვა ხახანაშვილმა, ყდაზე კი, როგორც გითხარით - ლუკა ლასარეიშვილის ნამუშევარი "ფსიქოდელიური ველია".


Foto Marika Kochiashvili

დღევანდელი გადასახედიდან როგორ გგონიათ, იყო თუ არა ეს სოციალური ან პოლიტიკური პროტესტის ფორმაც?
არ მინდა ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ იმ დროს არტისტული "რეაქტიული კლუბი" პოლიტიკურ "რეაქტიულობას" დაუპირისპირდა. იმდროინდელი ულტრამემარჯვენე გამოხდომები (წვეროსანი კაცები, ხელისუფლების მხარდამჭერი ქალები, "მოღალატე" ინტელიგენციის გამოსვლები), სხვა ათასგვარი ლოზუნგები და ნაციონალური ლაზღანდარობა დამღუპველი აღმოჩნდა და უფრო მეტი ზიანი მიაყენა ქართულ საზოგადოებას, ვიდრე კრემლის უჩინარმა ხელმა. იმდროინდელი დაპირისპირება სრულიად მიუღებელი იყო და აბსოლუტურად ხელოვნური. სინამდვილეში პარადოქსული რამ მოხდა - რეალურად, კულტურის დაბნელება! ანუ კულტურული შოკი პოლიტიკურმა გადაფარა. დღესაც მგონია, რომ არტისტული ფასეულობებით "რეაქტიული კლუბის" პერიოდში საქართველო ბევრად უფრო ევროპული ქვეყანა იყო, ვიდრე მომდევნო პერიოდში, ან თუნდაც დღეს არის.
როგორ მიგაჩნიათ, ხელოვანისთვის სივრცეში თავისუფალი გადაადგილება დღემდე აქტუალური თემაა, თუ ადამიანი საბოლოოდ მაინც საკუთარ თავს უბრუნდება, როგორი თავისუფალი და შეზღუდულიც უნდა იყოს?
ზოგადად, ჯეკ კერუაკის ეგზისტენციური რომანი "გზაზე" ყველაზე ზუსტი პასუხი იქნება თქვენს კითხვაზე. ისე კი, ადამიანი პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა გაექცეს და მხოლოდ შემდეგ გარემოს - სოციალურსა თუ პოლიტიკურს. გარე მოვლენები მხოლოდ აჩქარებენ ან აკავებენ ფაქტორებს, რომელთა გარეშეც ხელოვანი ვერაფერს შექმნის. თუმცა ვიდრე ხელოვანი გახდება, მან დიდი გზა უნდა გაიაროს - ოსტატობიდან სრულყოფილებამდე. დრო გადის და ოსტატი (ანუ ფრანგულად "არტიზანი", რასაც ჩვენ უფრო პროფესიონალ ხელოსანს ვუწოდებთ) ხვდება, რომ ახალი გზები, ფორმა უნდა ეძიოს... "არტიზანიდან" არტისტობამდე რთული გზაა გასავლელი და მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთო. ცხადია, თუ ოდნავ მეტი ან უფრო მეტი გინდა, ვიდრე სიტყვა "არტიზანი" გულისხმობს. ეს პირველ რიგში პასუხისმგებლობაა - როცა იცი, რომ ნახტომი აუცილებელია და პროგრესის მისაღწევად რაღაცას აუცილებლად შეცვლი.
მაშინ რა უფრო მნიშვნელოვანია - ადამიანი "არტიზანად" დარჩეს, თუ არტისტი იყოს? ვინ უფრო მნიშვნელოვან საქმესაა შეჭიდებული?
სინამდვილეში, ვისაც ჩვენთან ხელოვანს უწოდებენ, ის უფრო არტიზანია. ეს ხომ კომფორტია, როცა რაღაცის კეთება კარგად იცი. გაცილებით ძნელია, როცა ადამიანი გამოცდილებას აგროვებს, ნიჭიერიცაა, საქმის მცოდნეც, მაგრამ ხდება რაიმე სულელური ან ჭკვიანური (რა მნიშვნელობა აქვს!) კატაკლიზმები და მას ცხოვრება უარს ეუბნება, სწორედ იმიტომ, რომ პროფესიონალია; რომ ის იქ არ დგას, სადაც საჭიროა; რომ ცუდ დროს გახდა 50 წლის; რომ წარსულის ცოდვებმა უწია... ანუ მისი პროფესიული გამოცდილება და ცოდნა არავის სჭირდება, იმიტომ, რომ მავანთა მსგავსად ვერ დაიმახსოვრა პრიმიტიული პატრიოტული ლექსიკონი, ვინმეს თავი რომ მოაწონოს...
ე.ი. რა გამოდის, რომ პატრიოტებს არც "არტიზანები" სჭირდებათ და არც არტისტები?
ეს ჩემი პირველი შთაბეჭდილებებია, რომელიც თბილისსა და კახეთში მივიღე ოთხი წლის შემდეგ: მგონია, რომ დამოკიდებულება პროფესიონალების, ანუ "არტისტების" მიმართ დიდად არ შეცვლილა და არავის აღელვებს. ვისაც თქვენ გულისხმობთ, ანუ პროფესიონალებს, მათი უდიდესი ნაწილი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური პროცესის მიღმა დარჩა. საპასუხოდ ვხედავთ კარგად მომარჯვებულ ცინიზმს, ვუსმენთ სიტყვებით და ტერმინებით თამაშს და ფსევდოავტორიტეტებისა და ვიღაც პოლიტოლოგების გრძელ მონოლოგებს, რაც სინამდვილეში არაფერს გვეუბნება რეალობის შესახებ.
მაგრამ დემოკრატიის მშენებლებს, წესით, მონოლოგები არ უნდა მოსწონდეთ. პირიქით, პოლილოგის კულტურას უნდა ამკვიდრებდნენ...
ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რაც გამუდმებით მესმის არის ის, რომ საფრანგეთში დემოკრატიის აშენებას სამასი წელი მოუნდა და ჩვენ ოც წელიწადში ხომ ვერ ავაშენებთ?! ეს არის სრული უპასუხისმგებლობა და აშკარად თავის დაძვრენის მცდელობა. კაცობრიობის მთელი შეცდომები რომ გავიმეოროთ, ბართლომეს ღამიდან მოყოლებული, ერაყის ომით დამთავრებული, მაშინ მართლა არ გვეყოფა სამასი წელიწადი. მაგრამ რისთვის არსებობს სწორედ კაცობრიობის კულტურული და პოლიტიკური გამოცდილება და ცოდნა? ეს არაფერს გვავალდებულებს? არსებობს დემოკრატიული ღირებულებები, რომელიც პრობლემების გადასაჭრელად მოიგონეს და არა კანონის მოდარაჯე ინტელექტუალების ისედაც ცივი გონების გასაგრილებლად.
ცხადია, ცხოვრება ყოველთვის უსამართლო იქნება, და ვიღაცას ისევ "ჯიპი" ეყოლება, ვიღაც ისევ უპოვარი იქნება, მაგრამ ამის გამო დემოკრატიული განვითარების პროცესი ვერ შეჩერდება; ისევე, როგორც არავის აქვს უფლება, გამოაცხადოს, რომ რადგან ომი წავაგეთ, დემოკრატია რამდენიმე წელიწადს დაბალ ნიშნულზე იქნება...
ეს დაახლოებით ბერტოლდ ბრეხტის ცნობილი მონოლოგის პერიფრაზივით ჟღერს: "ომი დამთავრდა, დემოკრატიის გეშინოდეთ ხალხო!"
ვინც ამბობს, რომ ხუთ წელიწადში დემოკრატიას ვერ ავაშენებთ, იმიტომ, რომ სათანადო გამოცდილება არ გვაქვს დაგროვილი, ან ვინც უარყოფს ცოდნის მიღების დემოკრატიული ფასეულობებს, მათ მიმართ ასეთი კითხვა მაქვს - რატომ გვაქვს ხელისუფლებაში ყოფნის პრეტენზია? ცინიკური სიტვებითა და პოლიტკორექტულობით მუდმივი თამაში... საიდან მოდის ეს დაუფარავი ცინიზმი, ავტორებით და სახელებით ჟონგლირება, საზოგადოების მუდმივი მოტყუების არცთუ დახვეწილი მცდელობა. უბრალოდ, არსებობს სასარგებლო ინტელექტი და უსარგებლო ინტელექტი, და ეს უკანასკნელი გამოუყენებელია. სხვათა შორის, ძალიან ბევრ განათლებულ და მოაზროვნე ადამიანს ვიცნობ ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის და ვერ ვაკადრებ მათ, საზოგადოების შეგნებულად და მიზანმიმართულად მოტყუება დავაბრალო. მგონია, რომ უბრალოდ აღარ იციან, შემდეგ რა იღონონ, რადგან ულმობელ პოლიტიკურ ცაიტნოტში აღმოჩნდნენ.
თქვენი აზრით, რატომ აიძულებენ საზოგადოებას, ამგვარ თავსმოხვეულ ავტორებს, ფილოსოფოსებს, პოლიტოლოგებს თუ მედიაექსპერტებს უსმინონ. ხომ არ არის ეს თავად საკუთარ თავში დაურწმუნებელი სამოქალაქო საზოგადოების პრობლემა?
ჯერ ერთი გავითვალისწინოთ, რომ ყველა საზოგადოებას ის ხელისუფლება ჰყავს, რომელსაც იმსახურებს და, აქედან გამომდინარე, ყველა ხელისუფებას ჰყავს ის ოპოზიცია, რომელსაც იმსახურებს. ვერავინ დამაჯერებს, რომ თბილისის მერის, ბატონ უგულავას ოპოზიციონერი, პარიზის მერის დე ლანოს მსგავსი სანიმუშო დემოკრატი უნდა იყოს. ასე რომ, ბატონ გაჩეჩილაძის თუ ბატონ ძიძიგურის კანდიდატურა თბილისის მერის პოსტზე ზუსტად შეესაბამება პოლიტიკურადაც და სოციალურადაც ხელისუფლების წარმომადგენლების კანდიდატურას. ამიტომ, თუ სამოქალაქო საზოგადოება თავს მოტყუებულად იგრძნობს, თავად საზოგადოებაშიც ეძიოს მიზეზები და პრობლემები.
ანუ, რაც სარკეში ჩანს, ანარეკლიც ზუსტად ისეთივეა?
იგივე შეიძლება გავიმეოროთ, რომ საზოგადოებას ის პოლიტიკური თუ კულტურული ელიტა ჰყავს, რომელსაც იმსახურებს. ეს აბსოლუტური შეფასება არ არის, ეს ცოცხალი შთაბეჭდილებებია, რომელიც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გამიჩნდა. სწორედ ამიტომ დავარქვი ჩემს წიგნს "ფსიქოდელიური ქრონიკა", ანუ განცდები, რაც არ არის ემპირიულ ცოდნასა და ფაქტებზე დამყარებული. როცა ამდენი გადაპრანჭული დასახელების პარტიას ვუსმენ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ისინი სახელწოდებას ფონეტიკური კეთილხმოვანების გამო ირჩევენ. მერე ვუსმენ, ვთქვათ, ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელს, და ის ისე ღიად აკეთებს ჰომოფობიურ განცხადებას, თითქოს კრიმინალთან გვქონდეს საქმე. ამასობაში მემარჯვენე პარტიები ულტრამემარცხენე ლოზუნგებით გამოდიან, "მწვანეები" კონსტიტუციურ მონარქიას უჭერენ მხარს და ასე უსასრულოდ. ახალგაზრდობაში, როცა როკ-მუსიკით ვიყავი გატაცებული, მსურდა, საკუთარი ჯგუფი შემექმნა და ინგლისური სახელწოდების მქონე კეთილხმოვან და ადვილად დასამახსოვრებელ სახელწოდებებს ვიგონებდი. დაახლოებით ასეა ჩვენთან სხვადასხვა პარტიის დასახელებაც. სასურველია სიტყვა "დემოკრატი" სადმე მაინც ფიგურირებდეს; უკიდურეს შემთხვევაში - "ლიბერალური" ან "ქრისტიანული", შეიძლება "სახალხოც"...

მაგრამ სახელწოდება მხოლოდ მიმზიდველი რეკლამასავითაა. დანარჩენზე ხომ თავად პარტიებმა უნდა იზრუნონ და ამომრჩეველი დაარწმუნონ თუნდაც რამდენიმე კონკრეტულ საკითხში...
ყველაზე ადვილია მანიპულირება ადამიანების მარტივი გრძნობებით, ბიოლოგიური ინსტინქტებით, პრიმიტიული პატრიოტული სიტყვებით. ეს უკვე იმდენჯერ ვნახეთ და მოვისმინეთ, საშიში ფორმებით დაწყებული, პაროდიულით დამთავრებული, რომ არავის არაფრის სჯერა. სწორედ ეს ქმნის საზოგადოების ძირითად პრობლემას და არა ფუჭი, უსარგებლო დაპირებები... აღმოჩნდა, რომ პატრიოტიზმი ერთობ არაკალორიული და უსარგებლოა. თანაც არასაჭირო კონსერვანტებს შეიცავს. სიახლისთვის საზოგადოების მზად ყოფნას და ძალისხმევას კი დიდი ენერგია და ცოდნა სჭირდება, რაც სამწუხაროდ, არც პატრიოტებს აქვთ და არც კოსმოპოლიტებს, თუ ასეთები საერთოდ დარჩნენ. მთავარი ის კი არ არის, სად და რამდენი ასფალტი დავაგეთ (ბოლოს და ბოლოს, დუჩემ რომ გზები დააგო, ისეთი არავის გაუკეთებია იტალიაში); ან ვართ თუ არა ამიერკავკასიაში ყველაზე გაჩახჩახებულები (დუბაიში, მგონი, საერთოდ ფუტურისტული განათების სამყარო შექმნეს), არამედ რამდენად სურს, ან უხარია მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში ცხოვრება და რამდენად შეუძლია ხელისუფლებას, ეს უფლება დაიცვას ან ასატანი გახადოს.
იქნებ, მარტივი გრძნობების ნაცვლად, რთული და კარგი გრძნობებიც გავიხსენოთ და ამით დავასრულოთ ჩვენი საუბარი?
დემოკრატია, რომელიც საყოველთაოდ მიღებული და პრაქტიკითაც დადასტურებული აუცილებელი სასიცოცხლო სივრცეა, სავსეა კონკრეტული, სასარგებლო და სასიკეთო დეტალებით. მთელი ევროპა სწორედ ასეთი კულტურული და სოციალური დეტალების ერთობლიობაა. ვისურვებდი, რომ საქართველოც ამ დიდი, ღირებული კულტურული სივრცის ნაწილი გახდეს. ღირებულებები ხომ მაშინ ხდება მიღებული, როცა მათზე აღარ ფიქრობ.

ჟურნალი "ცხელი შოკოლადი"მაისი 2010 №60

1 commentaire:

Anonyme a dit…

ეს ნომერი განსაკუთრებულად მომეწონა ;)იმდენი საინტერესო რამე გავიგე!
თქვენი სტატიაც ძალიან საინტერესო იყო )