30 juin 2010

გამოცხადებული "ფსიქოდელიის ქრონიკა"
მწერალ პაატა ქურდაძის პოლიტ-კულტურული მიქცევისა და მოქცევის შესახებ
დავით ბუხრიკიძე
ჟურნალი "ცხელი შოკოლადი" მაისი 2010 №60


Foto Marika Kochiashvili

"არის კიდევ ერთი... ჩემი საქართველო. მხოლოდ ზუსტად ვერ გეტყვით სად იმყოფება... განვითარების რომელ ეტაპზე. ამ საქართველოში ფიქრი ჯერჯერობით აკრძალულია, პოლიტიკური, მორალური, პატრიოტული, და ათასი სხვა პრეტექსტით. ფიქრი მხოლოდ უცხოელებისთვის არის ნებადართული; ზუსტად ისე, როგორც ჩვენს წითელ წარსულში - "კოკა-კოლა" ინტურისტებისათვის... მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ "კოკა-კოლას" წითელი ხელისუფლება კრძალავდა, ფიქრს კი ჩვენ თვითონ ვუკრძალავთ ერთმანეთს.
"ჩემი" საქართველო თავის გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს ადრე თუ გვიან მოაგვარებს, ან ამ პრობლემით გააგრძელებს ცხოვრებას. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, გაზანტებული გონებით. მე მირჩევნია პრობლემებიან ერს ვეკუთვნოდე, ვიდრე უტვინოს... უტვინო საქართველოს უაფხაზეთო მირჩევნია".

ეს არის ფრაგმენტი პაატა ქურდაძის ახალი წიგნიდან "ფსიქოდელიური ქრონიკა 2009", რომლის პრეზენტაციამ პუბლიცისტურად მინავლებულ თბილისში საკმაო ვნებათაღელვა გამოიწვია. გუდიაშვილის მოედანზე შეკრებილ, ქართ-არტ-ულად მოდურ კაფე "პურპურში" მწიგნობრები, მედია, არტისტები, მხატვრები, საგანგებოდ თუ სელექციურად "შეკრეჭილი" პოლიტიკოსები ინტერნეტ-ბლოგებზე აღმოჩენილი მწერლისა და ესეისტის შემოქმედებამ შეკრიბა. არადა, დიდი ხნით ადრე, ("პრეისტორიულ ხანაში", როგორც თავად ამბობს) ვიდრე დღევანდელი მკითხველი პაატა ქურდაძის სახელს გაიგებდა, ის ფსევდონიმით "რეაქტიული კლუბის" აქტიური წევრი და პოეტი იყო.
შეისვა კარგი წითელი ღვინო და დადგა მსუბუქი "რეაქტიული" ყიჟინის ჟამი, რომელიც კოტე ყუბანეიშვილმა დარბაზში ფრონტალური გადაძახილით, - "აბა ვიაქტიუროთ, თორემ ხალხს დავავიწყდით", - ლამის კონცეფციად აქცია. ის ჯერ კიდევ მარჯვეა!

პაატა ქურდაძე - ბლოგერი, მწერალი, ესეისტი, დოკუმენტალისტი. 80-იანელთა თაობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წარმომადგენელი, რომელმაც თავის დროზე ანდერგრაუდის, "რეაქტიული კლუბის" ისტორიაში საინტერესო ფურცლები ჩაწერა, ხოლო 21-ე საუკუნეში, ბლოგების ეპოქაში (უკვე უცხოეთიდან) ქართულ სიტყვას პოლიტიკური აქტუალობა, პუბლიცისტური სიმახვილე და აშკარად რაფინირებული, ირონიული ჭედურობა შესძინა.

ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა ბატონი პაატა გარეგნობით ფრანგ მსახიობს, ბრუნო კრემერსაც შეადარა, მეორე ჟურნალისტმა პრესტიჟულ რადიო გადაცემაში მიიპატიჟა, და მესამემ ვრცელი სატელევიზიო სიუჟეტი მიუძღვნა, და ეს ყველაფერი - სულ რამდენიმე დღეში.
მოკლედ, ჭრელ და პრეტენზიულ მედიას პაატა ქურდაძის უნებლიე სარეკლამო კვირეული გამოუვიდა. პარიზიდან დროებით ჩამოსულ, აქტიურ ბლოგერსა და მწერალთან ვრცელი ინტერვიუ ჩვენც საინტერესოდ გვეჩვენება. მით უმეტეს, რომ ის ერთგვარად აერთიანებს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიას. 80-იანელთა თაობის მეამბოხე ნაივურობას და დასავლურ ემიგრაციაში შეძენილ სამოქალაქო საზოგადოების ფხიზელ ცინიზმს.
თანაც, როცა ადამიანს ნაწერებით იცნობ, ბუნებრივად გიჩნდება მისი უფრო ახლოს გაცნობის სურვილი. იქნებ ტექსტუალური წარმოსახვა უფრო სხვა რამეს გკარნახობს, ვიდრე სიმპათიაა და პირისპირ საუბარი საზღვრებს აღმართავს? იქნებ პირიქით, წინასწარ აკვიატებულ აზრებს გიფანტავს...
Foto Marika Kochiashvili

ბატონო პაატა, დიდი ხანია, საქართველოში არ ყოფილხართ. რას ნიშნავდა თქვენთვის თავის დროზე წასვლა და რას ნიშნავს დაბრუნება? იმ შეგრძნებაზე მინდა გკითხოთ, რომელიც სამშობლოდან წასვლას და დაბრუნებას ყოველთვის თან ახლავს.

კლასიკური გაგებით, ემიგრაციაში არ წავსულვარ. როცა მე და კოტე ყუბანეიშვილი 1991 წელს გაზაფხულზე საფრანგეთში წავედით, მაშინ სიტუაცია ისე გაუსაძლისი არ ყოფილა, როგორ - უკვე შემდგომ წლებში. როგორც ყველა ახალგაზრდას, მეც მინდოდა წასვლა, გაქცევა. დასავლული გაგებით დისიდენტი არასოდეს ვყოფილვარ, არც მოგზაური. უფრო ახალგაზრდა, მოხეტიალე კაცის გამოცდილება შევიძინე. სიმართლე გითხრათ, ჩემს თავს მუდმივად მოგზაურად აღვიქვამ. მე ახლაც წასული ვარ და იმისათვის, რომ საქართველოზე ვწერო ან ვიფიქრო, არ არის აუცილებელი, აქ ვიცხოვრო. ახლა უბრალოდ პარიზიდან ვარ წასული და საერთოდ გეოგრაფიულ კოორდინატებს ეგზისტენციური ყოფნისათვის მნიშვნელობა არ აქვს. ცოტა აქაც ვარ და უფრო მეტად - საფრანგეთში. როცა ადამიანი წლების შემდეგ საკუთარ სახლში, თუ სამშობლში ბრუნდება, თავს უცხოდ გრძნობს და ამის გაცნობიერებაში ოდნავ ეხმარება წარსული ანუ "ჯანმრთელი ოპტიმიზმი". ეს ჩემი ძველი ლექსის სახელწოდებაა, რომელიც ჯერ კიდევ ბრეჟნევის ხანაში, "რეაქტიული კლუბის" პირველ პერიოდშია დაწერილი. ასე ვთქვათ, "გაჩერებული დროის" დრამიდანაა, როცა ირაკლი ჩარკვიანს, კოტე ყუბანეიშვილს, ლუკა ლასარეიშვილს, სხვებს, და ალბათ მეც, არტის და კიდევ ბევრი რამის შეცვლის მცდელობა გვქონდა.

შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ "გზაზე ხართ"? თუ თქვენი ჩამოსვლა ულისეს სამშობლოში დაბრუნებას ჰგავს?

თბილისში ჩამოსვლა ჩემთვის დაბრუნებას არ ნიშნავს. ჯერ ერთი, აქ პენელოპე არ მელოდება, და მეორეც, როდესაც საიდანღაც ბრუნდები, ეს პირველ რიგში ნიშნავს, რომ საკუთარ სახლში ბრუნდები. საქართველო კი დღეს ჩემთვის სახლი არ არის, ეს უფრო სიმბოლური ადგილია, სადაც გაცილებით სხვაგვარად ვგრძნობ თავს, ვიდრე ოთხი წლის წინათ. ოდესმე, როცა უკვე ასაკში ვიქნები, აუცილებლად დავბრუნდები, მაგარამ - არა თბილისში. სახლს ვიყიდი სადმე, პატარა ქალაქში და იქ დავსახლდები. როცა ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება, ნამდვილად დავბრუნდები. მაგრამ ჯერ ჩემთვის სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება და ეს დრო ჯერ არ დამდგარა.

როგორ გგონიათ, იმ ოთხი წლის განმავლობაში, რაც საქართველოში არ ყოფილხართ, ბევრი რამ შეიცვალა?

მომეჩვენა, რომ ხალხი გაცილებით უსიტყვო, არაკომუნიკაბელური და სევდიანი გახდა, ვიდრე ოთხი წლის წინ. და არა მარტო იმიტომ, რომ წელიწად-ნახევარია, რაც ომი დამთავრდა და ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ აუხსნია, რა ომი გადავიტანეთ. ომის ჭრილობები არაცნობიერში გაცილებით დიდხანს რჩება და გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. მგონია, აქ უფრო სხვა მიზეზებია - დაღლა თუ იმედგაცრუება. შეღებილი შენობებიც და განახლებული სახლებიც რაღაც უფრო გაცრეცილი და მოუვლელი მეჩვენება. ჩვენი საზოგადოების მდგომარეობა კრივში გადატანილი მძიმე და დამქანცველი რაუნდის შემდეგ აღებულ პაუზას ჰგავს.

ეს პესიმიზმი უცხოეთში წასული და იმედგაცრუებული ინტელექტუალის პოზიციას ხომ არ გამოხატავს?
არა მგონია. ეს ჩემთვის პერსონალური პრობლემა ნამდვილად არ არის. ასეთი დამოკიდებულება იმ დეპრესიული ფონის გამოძახილია, რომელიც საქართველოში ზოგადად არსებობს. უსამართლობა, უმუშევრობა, საკუთარი უუფლებობის გაცნობიერება... ეს ძალიან მძიმე პრობლემებია. ან რატომ ჰგონია ხელისუფლებას, რომ ხალხს მძაფრი სოციალური უსამართლობა არ აღელვებს და მხოლოდ პოლიტიკოსების დამცინავი მოწოდების შემდეგ გამოვა ქუჩაში. ეს ხომ პრობლემებზე თვალის დახუჭვას ნიშნავს. მერის არჩევნები რა არის, ესეც საყოველთაო გასართობია, თუ პოლიტიკის ნაწილი? ადამიანის საარსებო მინიმუმი ჩვენთან, შემთხვევით, დაცინვას ხომ არ ჰგავს? ადამიანმა პირველ რიგში საკუთარ მარცხს და კომპლექსებს უნდა სძლიოს და მოვლენები გარედან შეაფასოს, მაგრამ მას ამის საშუალება არ ეძლევა. უფრო ზუსტად, ამის საშუალებას არ აძლევენ.
Foto Marika Kochiashvili

"რეაქტიულ კლუბს" დავუბრუნდეთ. რას ნიშნავდა 80-იანი წლები თქვენთვის? აზროვნებასა და ლიტერატურაში გარღვევას, თუ კიდევ სხვა რამეს, რაზეც მაშინ საზოგადოება არ ფიქრობდა?

"რეაქტიული კლუბის" პერიოდი იმდენად მნიშვნელოვანი პერიოდი იყო ჩვენთვის, რომ არ შეიძლებოდა სხვებისთვისაც მნიშვნელოვანი არ გამხდარიყო. ამ საერთო იდეების გამო, ჯერ კიდევ უცხოეთში ჩემს წასვლამდე დიდ დროს ვატარებდით ერთად. პირველი 90-გვერდიანი ბროშურა, რომელიც "რეაქტიული კლუბის" მანიფესტს წარმოადგენდა, სწორედ ირაკლი ჩარკვიანთან და კოტე ყუბანეიშვილთან ერთად გავაკეთეთ. საავტორო უფლებების შესახებ ირაკლი ჩარკვიანი ზრუნავდა. მაშინ ამაზე საერთოდ არავინ ლაპარაკობდა. პირველი მანიფესტი უკვე ჩემი წასვლის შემდეგ გამოიცა. თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო და კოტემ, რომელიც ახალი დაბრუნებული იყო საფრანგეთიდან, რაღაცნაირად მოახერხა მისი პირველი გამოცემა. ბროშურის ყდაზე მაქსიმის (ირაკლი ჩარკვიანის შვილი - დ.ბ.) დახატული რეაქტიული თვითმფრინავებია. მალე ამას მეორე გამოცემაც მოჰყვა. მაშინ მე უკვე წასული ვიყავი, თუმცა ამით, ცხადია, "რეაქტიული კლუბი" არ დამთავრებულა. ფსევდონიმებით თამაში მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდა და მასში სხვებიც მონაწილეობდნენ - დათო ევგენიძე, კახა თოლორდავა, ლიკა ნადარაია და სხვები. 

იქნებ უფრო დეტალურად გვიამბოთ თქვენი წიგნის შესახებ.

წიგნი "ფსიქოდელიური ქრონიკა" პარიზში ახლახან გამოიცა, გამომცემლობა Moulin de p-ის მიერ, რომელიც გაფორმებულია ნიუ იორკელი არტისტის  ლუკა ლასარეიშვილის აკრილით შესრულებული ნამუშევრით "ფსიქოდელიური ველი". ის 2008 წელსაა შესრულებული.   ისე მოხდა, რომ ამ წიგნის გამოცემაში მხოლოდ უცხოეთში მცხოვრები ქართველები მონაწილეობდნენ: ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ ძალიან კარგი წინასიტყვაობა დაწერა, მხატვრულად გააფორმეს ბერლინელმა ფოტოგრაფმა ზურა სუმბაძემ და პარიზში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა და  არტისტმა შალვა ხახანაშვილმა, ყდაზე კი, როგორც გითხარით - ლუკა ლასარეიშვილის ნამუშევარი "ფსიქოდელიური ველია".


Foto Marika Kochiashvili

დღევანდელი გადასახედიდან როგორ გგონიათ, იყო თუ არა ეს სოციალური ან პოლიტიკური პროტესტის ფორმაც?
არ მინდა ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ იმ დროს არტისტული "რეაქტიული კლუბი" პოლიტიკურ "რეაქტიულობას" დაუპირისპირდა. იმდროინდელი ულტრამემარჯვენე გამოხდომები (წვეროსანი კაცები, ხელისუფლების მხარდამჭერი ქალები, "მოღალატე" ინტელიგენციის გამოსვლები), სხვა ათასგვარი ლოზუნგები და ნაციონალური ლაზღანდარობა დამღუპველი აღმოჩნდა და უფრო მეტი ზიანი მიაყენა ქართულ საზოგადოებას, ვიდრე კრემლის უჩინარმა ხელმა. იმდროინდელი დაპირისპირება სრულიად მიუღებელი იყო და აბსოლუტურად ხელოვნური. სინამდვილეში პარადოქსული რამ მოხდა - რეალურად, კულტურის დაბნელება! ანუ კულტურული შოკი პოლიტიკურმა გადაფარა. დღესაც მგონია, რომ არტისტული ფასეულობებით "რეაქტიული კლუბის" პერიოდში საქართველო ბევრად უფრო ევროპული ქვეყანა იყო, ვიდრე მომდევნო პერიოდში, ან თუნდაც დღეს არის.
როგორ მიგაჩნიათ, ხელოვანისთვის სივრცეში თავისუფალი გადაადგილება დღემდე აქტუალური თემაა, თუ ადამიანი საბოლოოდ მაინც საკუთარ თავს უბრუნდება, როგორი თავისუფალი და შეზღუდულიც უნდა იყოს?
ზოგადად, ჯეკ კერუაკის ეგზისტენციური რომანი "გზაზე" ყველაზე ზუსტი პასუხი იქნება თქვენს კითხვაზე. ისე კი, ადამიანი პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა გაექცეს და მხოლოდ შემდეგ გარემოს - სოციალურსა თუ პოლიტიკურს. გარე მოვლენები მხოლოდ აჩქარებენ ან აკავებენ ფაქტორებს, რომელთა გარეშეც ხელოვანი ვერაფერს შექმნის. თუმცა ვიდრე ხელოვანი გახდება, მან დიდი გზა უნდა გაიაროს - ოსტატობიდან სრულყოფილებამდე. დრო გადის და ოსტატი (ანუ ფრანგულად "არტიზანი", რასაც ჩვენ უფრო პროფესიონალ ხელოსანს ვუწოდებთ) ხვდება, რომ ახალი გზები, ფორმა უნდა ეძიოს... "არტიზანიდან" არტისტობამდე რთული გზაა გასავლელი და მიზნის მისაღწევად ყველაფერი უნდა გააკეთო. ცხადია, თუ ოდნავ მეტი ან უფრო მეტი გინდა, ვიდრე სიტყვა "არტიზანი" გულისხმობს. ეს პირველ რიგში პასუხისმგებლობაა - როცა იცი, რომ ნახტომი აუცილებელია და პროგრესის მისაღწევად რაღაცას აუცილებლად შეცვლი.
მაშინ რა უფრო მნიშვნელოვანია - ადამიანი "არტიზანად" დარჩეს, თუ არტისტი იყოს? ვინ უფრო მნიშვნელოვან საქმესაა შეჭიდებული?
სინამდვილეში, ვისაც ჩვენთან ხელოვანს უწოდებენ, ის უფრო არტიზანია. ეს ხომ კომფორტია, როცა რაღაცის კეთება კარგად იცი. გაცილებით ძნელია, როცა ადამიანი გამოცდილებას აგროვებს, ნიჭიერიცაა, საქმის მცოდნეც, მაგრამ ხდება რაიმე სულელური ან ჭკვიანური (რა მნიშვნელობა აქვს!) კატაკლიზმები და მას ცხოვრება უარს ეუბნება, სწორედ იმიტომ, რომ პროფესიონალია; რომ ის იქ არ დგას, სადაც საჭიროა; რომ ცუდ დროს გახდა 50 წლის; რომ წარსულის ცოდვებმა უწია... ანუ მისი პროფესიული გამოცდილება და ცოდნა არავის სჭირდება, იმიტომ, რომ მავანთა მსგავსად ვერ დაიმახსოვრა პრიმიტიული პატრიოტული ლექსიკონი, ვინმეს თავი რომ მოაწონოს...
ე.ი. რა გამოდის, რომ პატრიოტებს არც "არტიზანები" სჭირდებათ და არც არტისტები?
ეს ჩემი პირველი შთაბეჭდილებებია, რომელიც თბილისსა და კახეთში მივიღე ოთხი წლის შემდეგ: მგონია, რომ დამოკიდებულება პროფესიონალების, ანუ "არტისტების" მიმართ დიდად არ შეცვლილა და არავის აღელვებს. ვისაც თქვენ გულისხმობთ, ანუ პროფესიონალებს, მათი უდიდესი ნაწილი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური პროცესის მიღმა დარჩა. საპასუხოდ ვხედავთ კარგად მომარჯვებულ ცინიზმს, ვუსმენთ სიტყვებით და ტერმინებით თამაშს და ფსევდოავტორიტეტებისა და ვიღაც პოლიტოლოგების გრძელ მონოლოგებს, რაც სინამდვილეში არაფერს გვეუბნება რეალობის შესახებ.
მაგრამ დემოკრატიის მშენებლებს, წესით, მონოლოგები არ უნდა მოსწონდეთ. პირიქით, პოლილოგის კულტურას უნდა ამკვიდრებდნენ...
ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რაც გამუდმებით მესმის არის ის, რომ საფრანგეთში დემოკრატიის აშენებას სამასი წელი მოუნდა და ჩვენ ოც წელიწადში ხომ ვერ ავაშენებთ?! ეს არის სრული უპასუხისმგებლობა და აშკარად თავის დაძვრენის მცდელობა. კაცობრიობის მთელი შეცდომები რომ გავიმეოროთ, ბართლომეს ღამიდან მოყოლებული, ერაყის ომით დამთავრებული, მაშინ მართლა არ გვეყოფა სამასი წელიწადი. მაგრამ რისთვის არსებობს სწორედ კაცობრიობის კულტურული და პოლიტიკური გამოცდილება და ცოდნა? ეს არაფერს გვავალდებულებს? არსებობს დემოკრატიული ღირებულებები, რომელიც პრობლემების გადასაჭრელად მოიგონეს და არა კანონის მოდარაჯე ინტელექტუალების ისედაც ცივი გონების გასაგრილებლად.
ცხადია, ცხოვრება ყოველთვის უსამართლო იქნება, და ვიღაცას ისევ "ჯიპი" ეყოლება, ვიღაც ისევ უპოვარი იქნება, მაგრამ ამის გამო დემოკრატიული განვითარების პროცესი ვერ შეჩერდება; ისევე, როგორც არავის აქვს უფლება, გამოაცხადოს, რომ რადგან ომი წავაგეთ, დემოკრატია რამდენიმე წელიწადს დაბალ ნიშნულზე იქნება...
ეს დაახლოებით ბერტოლდ ბრეხტის ცნობილი მონოლოგის პერიფრაზივით ჟღერს: "ომი დამთავრდა, დემოკრატიის გეშინოდეთ ხალხო!"
ვინც ამბობს, რომ ხუთ წელიწადში დემოკრატიას ვერ ავაშენებთ, იმიტომ, რომ სათანადო გამოცდილება არ გვაქვს დაგროვილი, ან ვინც უარყოფს ცოდნის მიღების დემოკრატიული ფასეულობებს, მათ მიმართ ასეთი კითხვა მაქვს - რატომ გვაქვს ხელისუფლებაში ყოფნის პრეტენზია? ცინიკური სიტვებითა და პოლიტკორექტულობით მუდმივი თამაში... საიდან მოდის ეს დაუფარავი ცინიზმი, ავტორებით და სახელებით ჟონგლირება, საზოგადოების მუდმივი მოტყუების არცთუ დახვეწილი მცდელობა. უბრალოდ, არსებობს სასარგებლო ინტელექტი და უსარგებლო ინტელექტი, და ეს უკანასკნელი გამოუყენებელია. სხვათა შორის, ძალიან ბევრ განათლებულ და მოაზროვნე ადამიანს ვიცნობ ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის და ვერ ვაკადრებ მათ, საზოგადოების შეგნებულად და მიზანმიმართულად მოტყუება დავაბრალო. მგონია, რომ უბრალოდ აღარ იციან, შემდეგ რა იღონონ, რადგან ულმობელ პოლიტიკურ ცაიტნოტში აღმოჩნდნენ.
თქვენი აზრით, რატომ აიძულებენ საზოგადოებას, ამგვარ თავსმოხვეულ ავტორებს, ფილოსოფოსებს, პოლიტოლოგებს თუ მედიაექსპერტებს უსმინონ. ხომ არ არის ეს თავად საკუთარ თავში დაურწმუნებელი სამოქალაქო საზოგადოების პრობლემა?
ჯერ ერთი გავითვალისწინოთ, რომ ყველა საზოგადოებას ის ხელისუფლება ჰყავს, რომელსაც იმსახურებს და, აქედან გამომდინარე, ყველა ხელისუფებას ჰყავს ის ოპოზიცია, რომელსაც იმსახურებს. ვერავინ დამაჯერებს, რომ თბილისის მერის, ბატონ უგულავას ოპოზიციონერი, პარიზის მერის დე ლანოს მსგავსი სანიმუშო დემოკრატი უნდა იყოს. ასე რომ, ბატონ გაჩეჩილაძის თუ ბატონ ძიძიგურის კანდიდატურა თბილისის მერის პოსტზე ზუსტად შეესაბამება პოლიტიკურადაც და სოციალურადაც ხელისუფლების წარმომადგენლების კანდიდატურას. ამიტომ, თუ სამოქალაქო საზოგადოება თავს მოტყუებულად იგრძნობს, თავად საზოგადოებაშიც ეძიოს მიზეზები და პრობლემები.
ანუ, რაც სარკეში ჩანს, ანარეკლიც ზუსტად ისეთივეა?
იგივე შეიძლება გავიმეოროთ, რომ საზოგადოებას ის პოლიტიკური თუ კულტურული ელიტა ჰყავს, რომელსაც იმსახურებს. ეს აბსოლუტური შეფასება არ არის, ეს ცოცხალი შთაბეჭდილებებია, რომელიც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გამიჩნდა. სწორედ ამიტომ დავარქვი ჩემს წიგნს "ფსიქოდელიური ქრონიკა", ანუ განცდები, რაც არ არის ემპირიულ ცოდნასა და ფაქტებზე დამყარებული. როცა ამდენი გადაპრანჭული დასახელების პარტიას ვუსმენ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ისინი სახელწოდებას ფონეტიკური კეთილხმოვანების გამო ირჩევენ. მერე ვუსმენ, ვთქვათ, ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელს, და ის ისე ღიად აკეთებს ჰომოფობიურ განცხადებას, თითქოს კრიმინალთან გვქონდეს საქმე. ამასობაში მემარჯვენე პარტიები ულტრამემარცხენე ლოზუნგებით გამოდიან, "მწვანეები" კონსტიტუციურ მონარქიას უჭერენ მხარს და ასე უსასრულოდ. ახალგაზრდობაში, როცა როკ-მუსიკით ვიყავი გატაცებული, მსურდა, საკუთარი ჯგუფი შემექმნა და ინგლისური სახელწოდების მქონე კეთილხმოვან და ადვილად დასამახსოვრებელ სახელწოდებებს ვიგონებდი. დაახლოებით ასეა ჩვენთან სხვადასხვა პარტიის დასახელებაც. სასურველია სიტყვა "დემოკრატი" სადმე მაინც ფიგურირებდეს; უკიდურეს შემთხვევაში - "ლიბერალური" ან "ქრისტიანული", შეიძლება "სახალხოც"...

მაგრამ სახელწოდება მხოლოდ მიმზიდველი რეკლამასავითაა. დანარჩენზე ხომ თავად პარტიებმა უნდა იზრუნონ და ამომრჩეველი დაარწმუნონ თუნდაც რამდენიმე კონკრეტულ საკითხში...
ყველაზე ადვილია მანიპულირება ადამიანების მარტივი გრძნობებით, ბიოლოგიური ინსტინქტებით, პრიმიტიული პატრიოტული სიტყვებით. ეს უკვე იმდენჯერ ვნახეთ და მოვისმინეთ, საშიში ფორმებით დაწყებული, პაროდიულით დამთავრებული, რომ არავის არაფრის სჯერა. სწორედ ეს ქმნის საზოგადოების ძირითად პრობლემას და არა ფუჭი, უსარგებლო დაპირებები... აღმოჩნდა, რომ პატრიოტიზმი ერთობ არაკალორიული და უსარგებლოა. თანაც არასაჭირო კონსერვანტებს შეიცავს. სიახლისთვის საზოგადოების მზად ყოფნას და ძალისხმევას კი დიდი ენერგია და ცოდნა სჭირდება, რაც სამწუხაროდ, არც პატრიოტებს აქვთ და არც კოსმოპოლიტებს, თუ ასეთები საერთოდ დარჩნენ. მთავარი ის კი არ არის, სად და რამდენი ასფალტი დავაგეთ (ბოლოს და ბოლოს, დუჩემ რომ გზები დააგო, ისეთი არავის გაუკეთებია იტალიაში); ან ვართ თუ არა ამიერკავკასიაში ყველაზე გაჩახჩახებულები (დუბაიში, მგონი, საერთოდ ფუტურისტული განათების სამყარო შექმნეს), არამედ რამდენად სურს, ან უხარია მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში ცხოვრება და რამდენად შეუძლია ხელისუფლებას, ეს უფლება დაიცვას ან ასატანი გახადოს.
იქნებ, მარტივი გრძნობების ნაცვლად, რთული და კარგი გრძნობებიც გავიხსენოთ და ამით დავასრულოთ ჩვენი საუბარი?
დემოკრატია, რომელიც საყოველთაოდ მიღებული და პრაქტიკითაც დადასტურებული აუცილებელი სასიცოცხლო სივრცეა, სავსეა კონკრეტული, სასარგებლო და სასიკეთო დეტალებით. მთელი ევროპა სწორედ ასეთი კულტურული და სოციალური დეტალების ერთობლიობაა. ვისურვებდი, რომ საქართველოც ამ დიდი, ღირებული კულტურული სივრცის ნაწილი გახდეს. ღირებულებები ხომ მაშინ ხდება მიღებული, როცა მათზე აღარ ფიქრობ.

ჟურნალი "ცხელი შოკოლადი"მაისი 2010 №60
მოამბე. 1 არხი - 20 მაისი 2010


VIDEO
პაატა ქურდაძე - ნიკო კახეთელიძის საავტორო გადაცემაში
"აივნებიანი ქალაქი" რადიო "უცნობი"
- 05 მაისი 2010




AUDIO
პაატა ქურდაძე - დათო ტურაშვილის საავტორო გადაცემაში
"ტურიკას კომენტარები" რადიო "უცნობი" - 13 აპრილი 2010




AUDIO

27 juin 2010

თავისუფლების დღიურები
პაატა ქურდაძე - მწერალი
რადიო თავისუფლება
10 აპრილი 2010 თბილისი





კვირა 4 აპრილი

დილის 9 საათზე ჩემმა მეგობარმა, გერმანელმა ფოტოგრაფმა თომას დვორჟაკმა დამირეკა,ლაგოდეხში ჯარის ნაწილში წასვლა შემომთავაზა. თომასი კარგი ფოტოგრაფია, ცოტ ცოტა ყველგან ცხოვრობს– ნიუ იორკში, თეერანში, თბილისში.. პარიზში ჩემი უბნელია –– მონმარტის ფეხებს ეძახიან ჩვენს უბანს. ახლა თბილისშია. თავდაცვის სამინისტროსათვის ქართული არმიის შესახებ ფოტო რეპორტაჟს ამზადებს და ამიტომ ხან ავღანისტანშია და ხან ლაგოდეხში. ვუთხარი, რომ 1978 წელს საწყალმა დედაჩემმა პროცენტიანი ვალი აიღო, 5 ათასი მანეთი და ამ გაიძვერა სამხედრო კომისრებს გადაუხადა ჯარში რომ არ გავეშვი, ეხლა შენ როგორ გამოგყვები მეთქი? .. სინამდვილეში გული დამწყდა, დღეს იმედი მაქვს ჩემს ძმას ვნახავ, რომელიც სამ წელიწადზე მეტია არ მინახავს, დილით მოსკოვიდან ჩამოვიდა რაღაც საქმეებზე. .ამიტომაც არ გავყევი თომასს ჯარში.

5 საათამდე სახლში ვიყავი. მთელ თბილისს საღამომდე ეძინა . გუშინ საქართველო ლიტონიობას ზეიმობდა დილამდე. დღეს აღდგომაა. ყველას ძინავს. ძალიან უცნაურია.

საერთოდ თბილისში ისედაც ძალიან ბევრი ძინავთ. 10–11 საათამდე ვერავის დაურეკავ. საღამოს ჩემმა ბიძაშვილმა გოჩამ გამომიარა და ჩემს ძმასთან ერთად მამის საფლავზე ვიყავით . უკვე გვიანი იყო, ძლიერი ქარი ქროდა, ჩვენ ერთი ბოთლი წითელი საფერავი პატარა პასკა და სამი ცალი კვერცხი გვქონდა. კიდევ ერთი ხაჭაპური. სანთელი ვერ დავანთეთ ქარის გამო. ღვინო მოვსვით , უფრო მეტი საფლავზე დავღვარეთ. ციოდა, დიდხანს არ გავჩერებულვართ, მალე წამოვედით. მამაჩემი 8 წელი გულაგში ნამყოფი კაცი იყო. მომეჩვენა, რომ სწორედ ასეთი ცივი და ქარიანი უკაცრიელი სასაფლაო უხდებოდა მის აღდგომას.

მერე გუდვილში შევიარეთ. პირველად ვნახე ჰიპერმარკეტი საქართველოში. ტკბილეული და კონიაკი ვიყიდეთ და ჩვენს დეიდაშვილს ვესტუმრეთ ვარანცოვზე. ძალიან სევდიანი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის. გუდვილიც კი.

8 საათზე რადიკალურად განსხვავებულ გარემოში მოვხვდით – ვაკის პარკში, უზარმაზარ რესტორანში, რომლის ერთ ერთი თანამფლობელი ჩემი უახლოესი მეგობარია, გრძელ სუფრას თავიდან ხუთნი ვუჯექით–დარბაზში რამოდენიმე, სულ ცოტა 20 კაციანი დიდი სუფრა იყო გაშლილი, . მომღერალი ქართულ და რუსულ საესტრადო სიმღერებს მღეროდა. ხალხი უზომოდ ბედნიერი იყო. განსაკუთრებიტ კატიუშაზე იხალისეს. მერე კოტე, ნანა, დათო და კუკა მოვიდნენ. კოტე თავიდან ტრადიციულად ცოტა იღრინებოდა, მგონი რესტორნის საბჭოთა ატმოსფერომ გააღიზიანა. ბოლოს საბედნიეროდ ხასიათზე მოვიდა, თორემ გაბრაზებული ყუბანეიშვილი სუფრაზე არც ისე სასიამოვნოა. ჩემი ძმა საერთოდ გაგიჟდა როდესაც კატიუშაზე ნახევარმა დარბაზმა სტვენა და ბუქნაობა დაიწყო. ისიც კაგი ბრაზიანი ვინმეა. მერე ვიღაც ახალგაზრდებმა აჭარული იცეკვეს ძალიან ლამაზად და დიდხანს. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა. რომ წამოვედით გვერდითა 20 კაციან სუფრაზე, – რაღაც ნიუორლეანული რელიგიური ბლუზივის მსგავსის დადგმას შეეცადნენ– თმადის სამ შეძახილს : ქრისტე აღსდგა! დანარჩენი ოცი გაბრაზებული მამაკაცის გუნდური სამჯერადი ღრიალი მოსდევდა : ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად! მერე ვიღაც ყვიროდა არ ვრგა!!! და ამას თამადის კიდევ უფრო ომახიანი ქრისტე აღსდგა მოსდევდა შესაბამისი მთვრალი ჭეშმარიტებით.

არტისტული ბუნება რომ გვქონდა ქართველებს ვიცოდი, მხოლოდ დღეს შევამჩნიე პირველად მასში ბლიუზისა და ჯოსპერის ელემენტები. ღმერთო, გვიშველე! ამენ და ა.შ...



ორშაბათი 5 აპრილი.

დღეს გოჩას დაბადების დღეა, ჩემი ბიძაშვილის და მეგობრის. თავი მოიკლა დაბადების დღე არ გამაგონოთ, მკვდრების დღეა არისო, არა და აქამდე მთელი კვირა მიმტკიცებდა, პატრიარქმა გამოაცხადა ორშაბათი სულაც არ არის სასაფლაოზე გასვლის დღეო.მგონი უბრალოდ პახმელიაზეა და მატყუებს, გუშინ თავის კარდეოლოგთან უქეიფია, რომელმაც ორი წლის წინ ინფარქტიანი გოჩა სიკვდილს კლამჭებიდან გამოსტაცა, როგორც ჩანს ორივეს ისე გაუხარდა ეს ამბავი, რომ მას შემდეგ სულ ერთად აღნიშნავენ.

ისე ჩემი პარიზელი კარდეოლოგი, პოლონური წარმოშობის დოქტორ ზელასკოც კარგი ლოთი ჩანს. ერთხელ მოსკოვში მივდიოდი რაღაც დოკუმენტალური ფილმის მასალებისათვის, და მითხრა, მართალია ხიზილალაში ბევრი ჰოლესტერინია, მაგრამ კარგი რუსული, მითუმეტეს პოლონური არაყი მშვენივრად ანეიტრალებსო< მოკლედ ჩამოვუტანე,ერთი უნდა შევთავაზო, იქნებ იმასაც ესიამოვნოს ჩემთან ერთად ორი სამო ჭიქის გადახუხვა.

მერე ჩემმა ძმამ გამომიარა და ბეგებში ავედით ჩემსმეგობართან,მას ძალიან ლამაზი სახლი და კიდევ უფრო ლამაზი არისტოკრატი კატა ყავს, რომელიც წელიწად ნახევარი ძუ ეგონა და სულ ეხლახანს, აღმოაჩინა რომ ხვადია, ისიც ვეტერინარმა უთხრა, ძალიან გახარებულია, აქამდე ისე ნერვიულობდა როგორც ლამაზი ქალიშვილის მამა – ვინმე უჯიშო კატისგან კნუტები არ დამიყაროსო. ეხლა ცოტა დაბნეული კია, აქამდე სულ ჩემ ლამაზი გოგოთი მოიხსენიებდა, ეხლა ბიჭოს ეჩვევა,,,მართლა ძალიან ლამაზი კატაა.

იქიდან ექვს საათზე რადიო თავისუფლებაში მივედი. პირდაპირ ეთერში ათწუთიან ინტერვიუზე ია ანთაძისთან. მსმენელისა და ბლოგერების კითხვებს ვუპასუხე ძალიან მოკლედ. ვრცლად პასუხის გაცემა ხვალ მომიწევს ინტერაქტიული ინტერვიუს დროს. ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო როდესაც შევიტყე რომ კონკურსის მიხედვით ამირჩიეს ინერაქტიული რესპოდენტად.



სამშაბათი 6 აპრილი

მთელი დღე უსაქმოდ გავატარე, შუადღეზე სალომემ გამომიარა, ჩემმა პარიზელმა მეგობარმა,რომელიც დროებით სამშობლოს დაუბრუნდა. ტერასაზე ვიჯექით, ყავას ვსავდით და მზეს ვეფიცხებოდით. ულამაზესი ხედია ჩემი პანორამული ტერასიდან – მთელი თბილისი ჩანს. ძალიან ლამაზ ბინაში ვცხოვრობ, ზუსტად კონსერვატორიის გვერდით . დღისით განსაკუთრებით სხვადასხვა ფერის სახურევების ყურება მიყვარს. საერთოდ, ქალაქს, სადაც სახლების სახურავები არ ჩანს ქალაქად არ ვთვლი. ისინი ჩემთვის მხოლოდ დასახლებული პუნქტებია. მე ყოველთვის ლამაზ სახურავებიან ქალაქებში ვცხოვრობდი – თბილისში და მერე პარიზში.

ეს ავთო გიგინეიშვილის ბინაა. ჩემი მეგობრის, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, თავის შვილთან სანდროსთან ერთად. ავთოს შვილის გარდა ორი დიდი სიყვარული ჰქონდა ფრენკ ზაპა და ძალიან ლამაზი ლანა.მეუღლე. ორივე გარდაიცვალა... ლანას სიკვდილი ჩემთვის საშინელი უსამართლობა იყო, ბუნების უსინდისობა – იშვიათად. ან თითქმის არასოდეს მინახავს ასეთი ლამაზი წყვილი, რომლებსაც ამდენი წელი ასე უყვარდათ ერთმანეთი...

ბინა დიდი, თეთრი და ძალიან ნათელია, ავეჯი თითქმის არ არის. მხოლოდ ერთი დივანი და ერთი სავარძელია –უზარმაზარ თეთრ სალონში ერთ ერთ საძინებელში კი ჩემი საწოლი. ძალიან მიყვარს აქ ყოფნა,აქ 2006 წელს ვცხოვრობდი, ჩემს თანაავტორთან და ოპერატორთან ერთად, როდესაც არტესათვის დოკუმენტალური ფილმის გადასაღებად ჩამოვედი ორი კვირით.

ერთად ერთი რაც სტრესულ მდგომარეობაში მგდებს მთაწმინდის სატელევიზიო ანძაა, რომელიც ფაქტიურად თავზე მადგას. ასე მგონია რომ ანძა ღამღამობით გიჟდება და ხტუნვას იწყბს. მსგავსი ატრაქციონი დისნეილენდშიც არ მინახავს. საინტერესოა ამ განათების ავტორს სახლში მკურნალობენ თუ ფსიქიატრიულში?

მერე პურპურში წავედით მე და სალომე, ყავა დავლიეთ. ძალიან ლა,აზია ყველაფერი. . გუგა მართლა ზალიან ნიჭიერია, ისევე როგორც ყველა კოტეტიშვილი.ჩემი წიგნის პრეზენტაცია აქ გაიმართება შაბათ საღამოს.

ამაღამ კი 9 დან დილის 3 საათამდე რადიო თავისუფლების მსმენელების კითხვებს ვპასუხობდი. თან ჩემი ძმის წარმოების წითელ ზალიან გემრიელ ღვინოს ვწრუპავდი. იმედი მაქვს შეკითხვების ავტორები არ ნანობენ რომ ღამე ჩემი გულისათვის გატეხეს.

ოთხშაბათი.7 აპრილი

დღეს დილიდან ვცდილობ ჩემი წიგნის პრეზენტაციას რეკლამა გავუკეთო. მისამართი შემეშალა, ჩემს აქ არ ყოფნაში ხლებნი პლოშადი ჯერ პურის მოედანი გამხდარა, მერე კი გუდიაშვილის.

რა აწყობილი ქალაქი დავუტოვე, და რა ქნეს – ვეღარაფერს ვერ ვპოულობ. გასულ კვირაში გოგი გვახარიას წითელ ზონის ჩაწერისას მთლად უცენზურო სიტყა – ლენინის მოედანი ვიხმარე, რომელსაც ბებიაჩემი სიკვდილამდე ერევნის მოედანს ეძახდა. გოგიმ არ შეიმჩნია და დელიკატურად შემისწორა – თავისუფლების მოედანიო. ბავშვობიდან ასეთი წესიერი იყო, არასოდეს არ იგინებოდა. პირველი კლასიდან ვიცნობ. 23–ე სკოლის მთელი “ფაკინგ“ ბავშვობა ერთდ გვაქვს გატარებული. ყოველთვის მინდოდა მისი მეგობარი ვყოფილიყავი, მაგრამ მაინც სულ ქუჩის ბიჭებთან მიწევდა ძმაკაცობა. ისევ ისეთი მაწანწალა დავრჩი, ეხლაც, თბილისში პარიზიდან შატალოზე გამოპარული მგონია თავი.

მთელი დღე ვწერდი. საღამოს სრულიად შემთხვევით ევროპული სახლის პრეზენტაციაზე ამოვყავი თავი ნელის წყალობით. რომელმაც თითქოს კაფეს გახსნაზე დამპატიჟა. . აქ კი, ქალაქის საკრებულოს გვერდით თავისუფალი ერევნის–ლენინის მოედანზე იმდენი გაბრაზებული დაკუნთული ბოდიგარდი დამხვდა, რომ გული კინაღამ გამისკდა,თუმცა ვისი ბოდის" სადარაჯოდ" იყვნენ მოსულები თავიდან ვერ მივხვდი.

კაფე ევროპული სახლის პირველ სართულზე ყოფილა. ძლივს შევაღწიეთ, უამრავი ოფიციალური პირი იყო. და კიდევ მხატვრები, რომელიც გასულ წელს ნანტში თბილისის ''ანდერგრაუნდს" წარმოადგენდნენ. რამოდენიმე ნაცნობი შემხვდა, ყველა, ოფიციალური პირიც და სრულიად საქართველოს ანდერგრაუნდიც საქართველოს პრეზიდენტს ელოდა. რომელიც სულ მალე თავისი საფირმო ღიმილით შემოვიდა ნატო ყანჩელთან ერთად და მეორე სართულზე ავიდა, ისე მეც ნატომ შემომიყვანა და სააკაშვილიც. ნატო ჩემი ძველი მეგობარია. რა მაგარი ქალაქია თბილისი.,, თთსაერთო მეგობარს პრეზიდენტთანაც კი გამონახავ, საფრანგეთში ამას ვინ მაღირსებს,

მერე ქეთათო ვნახე, ირაკლი ჩარკვიანის ცოლი. ძალიან გამეხარდა. მთელი საღამო ერთად გავატარეთ, ბევრი ვილაპარაკეთ, ძალიან სასიამოვნო გოგოა. ბართან შევრჩით კარგახანს, ღვინის ჭიქებით ხელში. მეფეზე ლაპარაკში პრეზიდენტი ისე გაგვეპარა, ვერც კი გავიგეთ.


ხუთშაბათი 8 აპრილი

დღეს დილით ძალიან ორიგინალური საუზმე მქონდა.კახეთში, ჩემმა ძმამ ახაშენში წამიყვანა საკუთარი ვენახების სანახავად. დილას ვერ მოვასწარი მესაუზმა და გზაში ცოტა უხასიათოდ ვიყავი. კაჭრეთის შესასვლელთან ცხელი დედას პურის და ყველის საყიდლედ შევჩერდთ. ცხელი პურის სუნს ვერ გავუძელით და სანამ თონის პატრონი გოგია გუდის ყველს წონიდა, ჩვენ ორი პური შემოგვეჭამა . ასე როგორ შეიძლება, ჩემს სახლთან პურს უღვინოდ ჭამთ, ერთ ლიტრა ღვინის მაინც გამოვიტანო, გვითხრა გოგიამ, პასუხს არც დაელოდა ისე გაუჩინარდა ეზოს ჭიშკარში. უკან ფანტას ლიტრანახევრიანი ბოთლით დაბრუნდა, რომელშიც ქარვისფერი ღვინო ესხა, მეორე ჭიქის შემდეგ გოგიამ მითხრა, რომ მისმა ქალისვილმა სილამაზის კონკურსი მაიგო. სად მეთქი ვკითხე, აღარ მახსოვს კარგად, მგონი ჩუღურეთის რაიონშიო, მესამე ჭიქით “მის ჩუღურეთის“ თამადობით ჩვენი შვილები ვადღეგრძელეთ და გოგიას დავემშვიდობეთ,ყველის ფულის აღებისას ძალიან უხერხულად იშმუშნებოდა. აი ასეთი პეტი დეჟანე, ანუ საუზმე მქონდა დღეს დილით..

მერე ჩემი ძმის ვენახებში ვიყავით, ულამაზეს ფერდობზე რომელიც ალაზნის ველს და მის ბოლოში კავკასიონს გადაჰყურებს, სამოთხე ალბათ ასეთი იყო, ევას მატრაკვეცობამდე.


პარასკევი 9 აპრილი

დღეს დილით წიგნის ტირაჟის ნახევარი ვნახე,ყდაზე ფერები არევიათ – იმედი მაქვს ტირაჟის მეორე ნახევარს მაინც გამოასწორებენ. ლუკა გაგიჟდება. უზამაზარი და ძალიან შთქმბეჭდავი ტილოს რეპროდუქციაა ყდაზე , რომელსაც "ფსიქოდელიური ველი ქვია''. ნიუიორკშია დახატულიც, გამოფენილიც. ყდა ლუკა ლასარეიშვილმა გამიკეთა, ეხლა კი ფერშეცვლილ ნახატიანი წიგნი უნდა გავუგზავნო ნიუ იორკში.. ისე მართლა რაღაც ფსიქოდელიური წიგნი გამოვიდა – ფერებს თავისით იცვლის, თითქოს ლსდ გარეული საღებავებით იყოს დაბეჭდილი.

საღამოს ცხელი შოკოლადიდან და ტვ იმედიდან იყვნენ მოსულები. ბევრი ფოტო და ვიდეო გადამიღეს.


შაბათი. 10 აპრილი.

რა პრეტენზიული სიტყვაა პრეზენტაცია. საკუთარი წიგნისაც კი.დილიდან ვფიქრობდი,რომ კარგი იქნებოდა უკვე ხვალ რომ ყოფილიყო. დღეს საღამოს ჩემი წიგნი უნდა წარვუდგინე მათ, ვისთვისაც მთელი წელი ვწერდი , ყოველ ღამე, მარტო ჩემს ოთახში. ისინი თითქოს აბსტრაქტულნი იყვნენ, დღეს კი რეალურები გახდნენ. მიუხედავად ჩემი სისასტიკის ზღვარზე დაწერილი წერილებისა, ერთი საყვედურიც არავის უთქვამს. არავის მოუწერია.

ერთად ერთი, რაც მათთვის, სათქმელი დამრჩა,რაც წიგნში არ შევიდა და რასაც დღეს საღამოს მინდოდა მათთვის მეთქვა– ამისათვის მადლობა იყო ... მაგრამ მგონი დამავიწყდა.



პურპურის ძველი შენობა ჭრიალებდა – ვერასოდეს ვიფიქრებდი. რომ ამდენი ხალხი მოვიდოდა. დავიბენი და უხერხულად ვირძენი თავი.

საღამო კოტე ყუბანეიშვილმა გახსნა, მისთვის ჩვეული ექსტრავაგანტურობით. შემდეგ ია ანთაძემ გააგრძელა ასევე მისთვის ჩვეული აკადემიური სტილით. ბოლოს მე დავამთავრე, ჩემთვის უჩვეულო. ყველანაირ სტილს მოკლებული რაღაც სულელური მანერულობით. თუმცა რა ვილაპარაკე კარგად არ მახსოვს. ხალხი თანაგრძნობითა და სინანულით მიყურებდა. აშკარად უფრო ჭკვიანი ვეგონე ყველას.კიდევ კარგი – საუკეთესო ადგილებზე ახლობლები იყვნენ გამაგრეულნი. თბილისელი უცნობი წიგნის მოყვარულები ფიზიკურად ვერ მოხვდნენ საპრეზენტაციო დარბაზში, გვერდით ოთახში ღვინოს წრუპავდნენ და არ ესმოდათ ჩემი ბურტყუნი. პრეზენტაციის ფინალური ნაწილი ნანა მაჭავარიანმა გადაარჩინა– სწორედ იმ დროს. როცა აღარ ვიცოდი რა მეთქვა, მკითხა, ფრანგულადაც თუ ვაპირებდი ამ წიგნის გამოცემას. ამით საშუალება მომცა კიდევ ათი წუთი მელაპარაკა.. მოკლედ, ფაქტია, წერის დროს გაცილებით კონფორტაბელურად ვგრძნობ თავს ვიდრე თუნდაც ასეთი ძალიან თავაზიანი და მიმტევებელი აუდიტორიის წინაშე.

ყველამ მითხრა რომ შესანიშნავი პრეზენტაცია იყო. ძალიან მინდა დავიჯერო. მგონი უკვე მჯერა კიდეც,


ვიდეო ვერსია
პაატა ქურდაძე
თბილისი 10 აპრილი 2010

25 juin 2010

რადიო თავისუფლება - ინტერაქტიული დიალოგი
ავტორი ია ანთაზე
5 აპრილი 2010


პაატა ქურდაძე: "ნახევრად დემოკრატიულ საზოგადოებაში სჯობს, დემოკრატიის სრულყოფაზე ვილაპარაკოთ და არა ლიბერალიზმზე, რომელიც დემოკრატიის ყველაზე მაღალი საფეხურია"


05.04.2010
ავტორი
ია ანთაძე
დღეს "რადიო თავისუფლების" რუბრიკის – "ინტერაქტიული დიალოგის" – სტუმარია მწერალი და დოკუმენტალისტი პაატა ქურდაძე. "რადიო თავისუფლების" ბლოგების კომენტატორებმა სწორედ იგი აირჩიეს მიმდინარე კვირის სტუმრად და ბატონი პაატასთვის დასასმელი შეკითხვებიც რეიტინგის სისტემით შეარჩიეს. 6 აპრილს, საღამოს პაატა ქურდაძე "რადიო თავისუფლების" ვებგვერდზე კომენტატორების შეკითხვებს პასუხს "ცოცხალ" რეჟიმში გასცემს.



ავტორი: ია ანთაძე
06.04.2010 21:00
პაატა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მართლა არაჩვეულებრივი ინტერესია თქვენ მიმართ. იმედი გვაქვს, დღევანდელ საღამოს დაგვითმობთ. ახლა მოგართმევთ იმ შეკითხვებს, რომლებიც გუშინ რადიოეთერში ვერ დავსვით დროის სიმცირის გამო. შემდეგ კი – ახალი შეკითხვები.



პაატა ქურდაძე
06.04.2010 21:00

გამარჯობა ყველას. დიდი მადლობა მოწვევისათვის. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი იყო თქვენი ყურადღება, შევეცდები ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს

by: temuri from: e-mail:რა გამოხმაურება მოჰყვა საფრანგეთში, "ტვ-იმედის" ე.წ. მოდელირებულ ქრონიკას და სადამდე მივალთ ამ 7-წლიანი მოდელირებული რეალობით?
პაატა ქურდაძე
06.04.2010 21:09

ორი კვირის წინ ნიკოლა სარკოზის პარტია გამანადგურებლად დამარცხდა მემარცხენეებთან ადგილობრივ არჩევნებზე. თუ არ მეშლება, "ლიბერასიონმა" დაწერა – სარკოზის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სააკაშვილის მიერ დადგმული მოდელირებული ომის მსგავსი გადაცემა თუ უშველის არჩევნების დროს, დღეს გაფანტული საკუთარი ამომრჩეველის შემოსაკრებადო.ირონიის გარეშე კი, იმდენად სამარცხვინო იყო ამ რეპორტაჟების ყურება ყველა არხზე, სტატიების კითხვა გაზეთებში, რომ ჩემს ნაცნობებს გულწრფელად შევეცოდე და ამ თემას მდუმარედ და დელიკატურად უვლიდნენ გვერდს. თუ არ ჩავთვლით ჩემს რამდენიმე რუს ნაცნობს, რომლებსაც 2008 წლის აგვისტოში ერთხელაც არ დაურეკავთ, ახლა კი თანაგრძნობით მეკითხებოდნენ, თქვენთან რა ხდებაო... ალბათ, ხვდებით თანაგრძნობის მიზეზს. ორი სიტყვით, მკვეთრად უარყოფითი, სხვანაირად არც შეიძლება მომხდარიყო.
by: ირაკლი from: Philadelphia: თქვენს ერთ–ერთ წერილში ბრძანებთ: "ფილარმონიასთან ვიღაც შემხვდა, და ვუთხარი, რომ მიცვალებულები ვნახე. რამოდენიმე უცნობმა იქვე გვერდით მომავალ მერაბ კოსტავას მოახსენა ჩემი ნათქვამი. საიდან იცითო, იკითხა. ჩემზე მიუთითეს. მე მასაც იგივე გავუმეორე. ჩუმად მომისმინა.დიდი მკაცრი თვალებით მიყურებდა. სიარული ერთი წამითაც არ შეუწყვეტია. კოსტავას შავი და სუფთა ფეხსაცმელები ეცვა, მახსოვს. ჩემი ლენინგრადის ''ექსპერიმენტული'' თეთრი კეტები კი მთლიანად ტალახში იყო ამოსვრილი. ყოველთვის მაკვირვებდნენ ადამიანები, რომლებიც ტალახიდან სუფთად გამოსვლას ახერხებდნენ." რას გულისხმობდით ტალახიდან სუფთად ამოსვლაში?
პაატა ქურდაძე
06.04.2010 21:23

არაფერს განსაკუთრებულს. 9 აპრილის ის კოშმარული დილა მართლა ფრაგმენტულად მახსოვს, ცუდად დაჭრილი თუ გადამონტაჟებული ფილმივით. ზოგი შავ–თეთრი კადრით, ზოგი ფერადით. მერაბ კოსტავას ფეხსაცმელები ერთ–ერთი ასეთი კადრია, რომელსაც ფრაზა - " ყოველთვის მაოცებდა ხალხი, ვინც ტალახიდან სუფთა ფეხსაცმელებით ამოდის", ხმა off ივით გასდევს. ერთხელ შორეული ახალგაზრდობაში, სურამში გასვენებაში მოვხვდი. კოკისპირულად წვიმდა. სასაფლაოდან დაბრუნებულნი, ყველანი ტალახში ვიყავით ამოგანგლულნი. მხოლოდ ბიძაჩემის კოპწია სიძეს ეცვა ისეთი შავი და სუფთა ფეხასცმელები, იფიქრებდით, რომ ახლახან გამოვიდა სახლიდან, ისე ოსტატურად ხტუნაობდა ქვიდან ქვაზე, როგორც როჯი მური ნიანგების ზურგებზე -ერთ ძველ "ჯეიმს ბონდში". მაშინ ვიფიქრე პირველად, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ...არანაირი სიმბოლური დატვირთვა კოსტავას ფეხსაცმელებს არ აქვს ჩემს ტექსტში, ეს მხოლოდ რაღაც "კინემატოგრაფიული" გახუნებული რეტრო– სეკანსია.
by: ანონიმი from: მაინტერესებს ყველა ის მახინჯი ქცევა, რაც ახასიათებს ზოგადად ქართულ საზოგადოებას და არ ახასიათებს ფრანგულს (თუ ასეთი რამეები არსებობს).
პაატა ქურდაძე
06.04.2010 21:33
ქუჩაში ფურთხება, მზესუმზირის "კნატუნის " ჩათვლით. ქუჩაში ჩაცუცქული ბაასი და, განსაკუთრებით, შორიდან ხმამაღალი ყვირილით ლაპარაკი ორ ადამიანს შორის, რომლებსაც რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა არ სურთ ერთმანეთთან მისაახლოვებლად. ამ უკანასკნელს ბევრ სამხრეთულ ქვეყანაში შეხვდებით, მხოლოდ ვეჭვობ, რომ ამ ქვეყნებთან მსგავსება ქართველისათვის საამაყო იყოს. პირიქითაც შეგეძლოთ გეკითხათ – ფრანგებსაც საკმაოდ ბევრი მახინჯი ქცევა აქვთ – მაგალითად, ცხვირის ხმამაღლა მოხოცვა საზოგადოებაში.

by: მოქალაქე ჟურნალისტი from: ვირჯინიიდან მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლების საქართველოს ამბები ბევრს ჯერ კიდევ კარგად ახსოვს, მაინც ხშირად ამბობენ, რომ ჩევნი საზოგადოება ასეთი პოლარიზებული არასდროს ყოფილა. იმავეს ვისმენ ამერიკაში - აქაური საზოგადოება ასე მკვეთრად გაყოფილი თითქმის აღარავის ახსოვს. თქვენი აზრით, ეს XXI საუკუნის გლობალური ტენდენციაა, თუ ამერიკული და ქართული მედიასივრცეების სიმახინჯის ლოგიკური შედეგი? საფრანგეთის საზოგადოებაც ასე დაიყო ბოლო დროს?
პაატა ქურდაძე
06.04.2010 22:00
ჩემი აზრით, ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის ისეთი პოლარიზებული, როგორც დასავლური. ვფიქრობ, გახსნილი საზოგადოების ბოლო ნარჩენებს "ვესწრებით" საქართველოში; სამწუხაროდ, პოლარიზება არის სასტიკი ფასი, რომელიც გადასახადია კაპიტალისტური სისტემის კეთილდღეობის. ამ სისასტიკეს ადამიანები უფრო ჩვენსავით გარდამავალ ეპოქაში განიცდიან; რადგან ჯერ კიდევ ახსოვთ, რომ ოდესღაც ყველანი ყოველდღე ერთად იყვნენ - დღევანდელი მდიდრები და ღარიბები... თუმცა, მოვა დრო, როდესაც დაბალ სოციალურ ფენას აღარ ეყოლება ასეთი რაოდენობის "ახალი ქართველები" და, ამდენად, სოციალური უსამართლობის გრძნობას, წყენის ნაცვლად, მოქალაქეობრივი უფლებების დაცვით დაიკმაყოფილებს, როგორც საფრანგეთში.არა მგონია, საფრანგეთში საზოგადოება უფრო პოლარიზებული იყოს, ვიდრე ადრე. პირიქით: როგორც ბევრი ამბობს, ფრანგები დღეს ბევრად უფრო გახსნილები არიან, ვიდრე 60 - 70 იან წლებში. თუმცა, შემოსავალი და სამუშაო დღეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მაშინ.
by: Beru from: თბილისიდან ეთანხმებით თუ არა თანამედროვე ქარულენოვანი მედიის ამგვარ დახასიათებას: იგი ამორფულია, ყვითლად დაფერადებული, პლურალიზმზე სპეკულირებს, საზოგადოებრივი ცნობიერების სრულყოფის რეალური ორიენტირებისაგან დისტანცირებულია - ყოფითი აზროვნების პოლიტიკოსთა მისაღები ფსევდოსაინფორმაციო ველია, ქვეყნის ჭეშმარიტად განათლებული ნაწილის ინტელექტს რომ ვერ ირეკლავს.
პაატა ქურდაძე
06.04.2010 22:30
რა თქმა უნდა, ვეთანხმები, უფრო მეტიც: ჩემი აზრით, ქართული მედია მნიშვნელოვან-წილად პასუხისმგებელია ყველა იმ პრობლემებზე, რაც დღეს საქართველოში არსებობს. განსაკუთრებით ტვ მედია აბსოლუტურად პოლიტიზებულია - მე მხედველობაში მაქვს ყველა არხი; ოპოზიციურიც და სახელისუფლოც . უცნაური ის არის, რომ პოლიტიკას, მათი გაგებით, არაფერი საერთო არა აქვს ადამიანებთან. თითქოს ეს რაღაც განყენებული ცნებაა: არის პოლიტიკური დებატები. სამაგიეროდ არ არის არც ერთი თოკ შოუ, სადაც ისაუბრებდნენ სოციალურ საქართველოზე. არ არის დოკუმენტური ფილმები. ჩვენ ვუყურებთ კვირის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ერთსა და იმავე სახეებს, რომლებიც წლების განმავლობაში რაღაც განყენებულ პოლიტიკურ კლანს თუ სექტას წარმოადგენენ. მაგრამ ვერ ვხედავთ ადამიანებს, ვისი უფლებების დასაცავადაც ისინი იბრძვიან. მე პირადად საქართველოს შესახებ წარმოდგენას ვცდილობ შევიქმნა ტვ ით და ბეჭდვითი მედიით ; სხვა არჩევანი არა მაქვს, რადგან იშვიათად ჩამოვდივარ. უნდა გითხრათ, რომ მე ერთ–ერთი დამადასტურებელი ვარ იმ ფაქტისა, რომ ქართული მედია ძალიან ცუდად ან თითქმის არ ასახავს თანამედროვე რეალობას - მე სწორედ იმის გასაგებად ჩამოვედი, რაც ქართულმა მედიამ ვერ მომცა - ადამიანების- "ამომრჩევლების" სანახავად!
by: ana from: ბატონო პაატა, პოსტ-რევოლუციურ საქართველოში იმდენად ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ ახალგაზრდების ამბოხებული ძალის რესურსი მიმართულიყო ან უფროსი თაობის წინააღმდეგ, ან ყველაფერი რუსულის წინააღმდეგ, რომ სხვა თემების მიმართ პროტესტი აღარ ჩნდება ჩვენი მხრიდან... უფრო მეტიც, ისეთი ინტელექტუალური ველი შეიქმნა ჩვენ გარშემო, რომ სხვა თემების მიმართ პროტესტის გამოხატვა მაშინვე დაცინვის ობიექტი ხდება. როგორ უნდა დაძლიოს ჩვენმა საზოგადოებამ ეიჯიზმი, რომელიც ძალიან მწვავედ დგას ქვეყანაში? რა უნდა ვქნათ, როდესაც ეს პროცესი უკვე წასულია და რამდენადაც არ უნდა შევეწინააღმდეგოთ სიტყვიერად (თუმცა, ესეც არ ხდება ჯერჯერობით სათანადოდ), ამის შეჩერება უკვე ძალიან რთული ხდება. იმდენად მიზანმიმართულად და სწრაფად განხორციელდა ეს პოლიტიკა და ჩვენმა საზოგადოებამაც დაუშვა, რომ ასეთ დისკურსს ("40 წლის ხეც არ ვარგა ამ ქვეყნაში", "ჩარეცხილები" და ა.შ.) ეარსება პოლიტიკური ელიტის დონეზე, რომ ის დრო დაკარგულია უკვე, როდესაც შეგვეძლო, რაიმე შეგვეცვალა. ახლა კი აღარ ვიცით, რა ვქნათ...
პაატა ქურდაძე
06.04.2010 22:58
ჩემთვის არც ისე ადვილია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ისე, რომ ბანალობაში არ ჩავვარდე. არა იმიტომ, რომ ვალდებულად ვთვლი თავს, ორიგინალური პასუხი გაგცეთ. პირიქით- ჭეშმარიტება საერთოდ ბანალურია. მხოლოდ მისი ხშირად არ ჯერათ ხოლმე, სწორედ ბანალურობის გამო... ჩემი აზრით, ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც ერის ინტელექტუალური სიჯანსაღის გაუმჯობესების ამბიცია აქვს, საკუთარი თავისუფლების არ სჯერა, ამიტომ, როლს, რომელიც თავად აიღო თავის თავზე, მხოლოდ სანახევროდ ასრულებს. მე ამას კორუმპირებულ თავისუფლებას დავარქმევდი. ჩემი აზრით, საქართველოს აკლია გაბედული ინტელექტუალები, არტისტული წრე, მწერლები, რომლებიც ბოლო წლებში პოლიტიკოსების მიერ მითვისებულ ამ ინსტრუმენტებს დაიბრუნებენ. ჩვენ ქართველებს დღეს კრეატიულობა გვაკლია, ამიტომაც უჭირს საზოგადოებას "ეიჯიზმის'' დაძლევა. ყველაფერი, რუსოფობია, ასაკობრივი დისკრიმინაცია.. ეს მხოლოდ ყალბი კარტებია, რომელიც საკუთარ პოლიტიკურ კაზინოში მოთამაშე პოლიტიკოსებს გახამებული პერანგის სახელოში აქვთ ჩამალული, , და მაშინვე გამოაძვრენენ ხოლმე მოხერხებული შულერებივით, როცა ეს საჭირო ხდება. ეს კარტი, ჩემი აზრით, საზოგადოებამ მათ თავად გადაულოცა, თვითონ კი აბსოლუტურად პრიმიტიული მეთოდებით ცდილობს ამ შულერების მხილებას.
by: arqivariusi from: e-mail:მოგესალმებით ბატონო პაატა, ქრისტე აღსდგა! თქვენ თავს ლიბერალად მიიჩნევთ თუ როგორად მივიჩნიოთ თქვენი შინაგანი, სულიერი მიზანსწრაფვა, ფილოსოფია, სამყაროს ხედვა, შემოქმედება? რას იტყვით აქ მცხოვრებ ლიბერალებზე, რა მოგწონთ და რა მიგაჩნიათ მათ შეცდომად? თუ ჩვენი ხელისუფლება, როგორც გვიმტკიცებენ ზოგიერთები, დემოკრატიულ სახელმწიფოს აშენებს, მაშინ რატომაა ჩვენში გაუსაძლისი წყურვილი თავისუფლებისა?
პაატა ქურდაძე
06.04.2010 23:19
ჭეშმარიტად! შევეცდები, თანმიმდევრულად გიპასუხოთ:1. მე ვერ ვიტყოდი, რომ ლიბერალი ვარ, რადგან არ მსურს საკუთარი ''შინაგანი სულიერება, მისწრაფებები, სამყაროს ხედვა" რომელიმე ტერმინის ტყვეობის ქვეშ მოვაქციო. თავისუფლება ჩემი რელიგიაა, და არ მინდა ის სახელის დარქმევით შევზღუდო. მე პატიმარივითა ვარ, რომელიც ყველანაირ გზას იყენებს ციხიდან გასაქცევად, ხან გისოსებს ხერხავს, ხან გვირაბს თხრის, ხან ზედამხედველს ესხმის თავს. ლიბერალიზმი ჩემთვის ერთ–ერთი ასეთი ხერხია და არა ერთადერთი. ხანდახან მეჩვენება, რომ ცოტათი ანარქისტი ვარ, თუ არ "მიწყენთ", რა თქმა უნდა.ქართველ ლიბერალებზე ვერაფერ გეტყვით განაკუთრებულს, ისევე, როგორც ქართველ ლეიბორისტებზე, მემარჯვენეებზე ან მემარცხენეებზე... ეს ყველაფერი ისეთი ახალია, რომ ჯერჯერობით ყველივე ეს 14 წლის გოგონას ცვალებად ოცნებებს მაგონებს."გაუსაძლისი წყურვილი თავისუფლების" სახელმწიფოებრიობის არსებობის გარანტიაა. არ არსებობს ხელისუფლება, რომელსაც ამ წყურვილს, მისწრაფების ჩაკვლა შეეძლოს. ეს თვით ბოლშევიკებმაც ვერ მოახერხეს. ადამიანი მონად არ იბადება, ის ხდება მონა. ძალიან მიხარია, თუ მეუბნებით, რომ საქართველოში თავისუფლების გაუსაძლისი წყურვილია.
by: გენერალ-სინუსი from: ხრეშის კარიერიდან მოგესალმებით, ბ-ნო პაატაგუშინდელ რადიოინტერვიუში თქვენ ბრძანეთ - „ლიბერალიზმი დემოკრატიის უმაღლესი ფორმაა"-ო. მიგაჩნიათ, რომ „ლიბერალიზმი" და „დემოკრატია" ერთი სიბრტყის ცნებებია?
პაატა ქურდაძე
06.04.2010 23:28
ჩემი აზრით, ლიბერალიზმი სრულყოფილი დემოკრატიული ფუნდამენტის გარეშე სხვა არაფერია, თუ არა ვულგარული ანარქია.
by: თორნიკე from: თბილისი საღამო მშვიდობის! მივესალმები სტუმარს!რას ნიშნავს ,,ნახევრად დემოკრატიული საზოგადოება''?
პაატა ქურდაძე
06.04.2010 23:56
ნახევრად ან ნაწილობრივ დემოკრატიულად მე ვთვლი საზოგადოებას, რომელშიც დემოკრატიული სტრუქტურები ნაწილობრივ ფუნქციონირებს; რომლისთვისაც დემოკრქტიული ღირებულებები არ არის ისეთი უცხო, როგორც, ვთქვათ ავღანელი თალიბებისათვის , ან ჩინელი კომუნისტებისათვის . თუმცა, ასეთ საზოგადოებას არ გააჩნია, ჩემი აზრით, დემოკრატიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი: ეს არის უსამართლობასთან ბრძოლის თანაბარი საშუალება. კანონი ყველა საზოგადოებაში ირღვევა. მხოლოდ ყველა საზოგადოებას არა აქვს დარღვეული კანონისაგან თავის დაცვის საშუალება. საქართველო სწორედ ასეთი ქვეყანაა, ჩემი აზრით
by: ვახო from: აიდაჰოდან e-mail:ბატონო პაატა, როგორ ვუშველოთ ბრიყვულ სადღეგრძელოებს შორის გამომწყვდეულ და ფანატიკური პირჯვრის წერით დაღდასმულ, ქსენოფობიურ ქართულ მას-კულტურას? თქვენც ასე მწარედ ხედავთ ამ ყველაფერს, თუ მე გადამრია უცხოეთში ცხოვრებამ?პ.ს. დიდი მადლობა წერილისთვის: "ჯვარცმა. ტექნიკური პერსონალი და დეკორაცია". დღემდე მელურსმნეებზე ვფიქრობ.

პაატა ქურდაძე
07.04.2010 00:12
არა, რატომ უცხოეთმა.. მე მაგალითად- ხშირად ვამბობ ნახევრად ხუმრობით, რომ საქართველოდან ჩემი წასვლის ერთ–ერთი მიზეზი 20 წლის წინ სწორედ გაუთავებელი სადრღეგრძელოები იყო. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ დღეს ყველაფერს უფრო მასშტაბური და ტრაგიკული სახე აქვს მიღებული, რადგან ყველა ის ბრიყვი, რომელიც ადრე სახლში მჭევრმეტყველებდა ყანწით ხელში, დღეს თბილისში გახსნილ უთვალავ სხვადასხვა რანგის რესტორანში აწყობს თავის ალკოჰოლიზებულ ''პერფომანსებს''. რაც შეეხება ათასგვარ ფობიას: ეს რა თქმა უნდა, თვითდამკვიდრების საშუალებაა. ამას ნებისმიერი ახალგაზრდა გეტყვით, ვინც ვიკიპედიაში ფროიდის შესახებ პირველი სტრიქონები წაიკითხა. სამწუხაროა, რომ ის, რაც თქვენ გაწუხებთ, აბსოლუტურად არ აწუხებთ ქართველ ექსპერტ ინტელექტუალებს, მათ თავი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური პრობლემებით აქვთ დატვირთული. მე, მაგალითად, სულაც არა ვარ არაფრის ექსპერტი, მაგრამ სიამოვნებით გავხდებოდი, მაგალითად, ეროვნული სიბრიყვეების სპეციალისტი.
by: სოლომონი from: თერნალი სალამი და მადლობა ბატონ პაატას. ვუსურვებ მრავალ აღდგომას დასწრებოდეს გახარებული, წარმატებული და თავისი სამშობლოს ბედნიერებით ბედნიერი!მე ერთი საშუალოდ ნაკითხი ადამიანი ვარ, რომელსაც ქვეყანაზე გული შემტკივა, მაგრამ ჩემი ლაჩრობის (ოჯახის სარჩენი ფულის დაკარგვის შიშის) გამო ცხონებული ეროსის ნიღაბს ვარ ამოფარებული და ჩემს გულს ვასკდები იმაზე, რასაც ვხედავ. თქვენ შორეული საფრანგეთიდან გვიმხელთ თქვენს გულისტკივილს და იმას, როგორები ვჩანვართ გარედან და რას ფიქრობს დასავლური საზოგადეობა ჩვენს მარადიულ ყოყლოჩინობაზე, ამბიციურობაზე და უდროო ტაშ-ფანდურზე. სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება (ინტერნეტ-ინტელექტუალებს არ ვგულისხმობ) თქვენ არ გიცნობთ საკმარისად; იმედია, თქვენი წიგნის გამოსვლა დაგვეხმარება, რომ მეტმა ადამიანმა გაიგოს თქვენი მართალი სიტყვა. მიხეილ ნანეიშვილის ძალიან კარგი, უაღრესად კრიტიკული სტატია დაიდო ფეისბუქზე ორი დღის წინ, მაგრამ დღევანდელებს მისი სახელიც ბევრს არაფერს ეუბნება და ბოლო წლების განმავლობაში სულ ერთხელ ვნახეთ ტელევიზიაში, ისიც მხოლოდ თბილისელებმა. ამ დროს გაივსო ტელევიზორი ახალგაზრდა თუ მხცოვანი „ექსპერტებით", რომლებიც ან გვიკიჟინებენ, რომ ხელისუფლება მაგარია, ან, „უკეთეს" შემთხვევაში, მასთან შეგუებას და დამორჩილებით მიღებულ სიამოვნებას „გვირჩევენ".რა ხდება? და რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვუთხრათ ჩვენს თავს? და როგორ მოვექცეთ იმ ინტელექტუალებს, რომლებიც თავიანთი მაამებლური თუ შეფარული გუნდრუკით ხელისუფლების აგონიას ახანგრძლივებენ! გულახდილად ვუთხრათ, რომ კურტიზანობაა ეს? თუ ვაპატიოთ ეს კურტიზანობა, რადგან საკმაოდ კარგი ფული აქვთ აღებული და ამ დარგის „პროფესიონალებად" ჩამოყალიბდნენ უკვე და მათ ოჯახებს და „ოჯახიშვილობას"დავდოთ პატივი? მათი მაცქერალი მომავალი თაობა ხომ ასევე კურტიზანობაზე დადებს ფსონს?..
პაატა ქურდაძე
07.04.2010 00:43
სოლომონ, დიდი მადლობა კეთილი სურვილებისათვის. თქვენც ასევე ბედნიერებას გისურვებთ. მე ვკითხულობ თქვენს წერილებს და სულაც არ გთვლით ოჯახის სარჩენი ფულის დაკარგვით შეშინებულ ლაჩრად. არ ამგონია, რომ ვინმე სხვა გთვლიდეთ ასეთად.უნდა გითხრათ, რომ მე საკმაოზე მეტად ინდივიდუალისტი ვარ და არავითარ შემთხვევაში არ წარმოვადგენ არანაირ კოლექტივის ხმას. მით უმეტეს, დასავლურის. ყველაფერი, რასაც ვწერ, მხოლოდ ჩემი პირადი ხედვაა და სხვისი – არავისი. იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ დასავლეთში ასეთ"გულისტკივილიანი" (გმადლობთ) ხედვა საქართველოს მიმართ არ არსებობს.
მე არ ვთვლი, რომ ქართული საზოგადოება აუცილებლად უნდა მიცნობდეს ისე, როგორც პოპ ვარსკვლავს, იმისათვის, რომ მომისმინოს. ჩემი აზრით, თუნდაც ეს დიალოგი სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ საზოგადოებრივი აზრის სიჯანსაღის პერსპექტივა გაჩნდეს საზოგადოებაში. და არა იმიტომ, რომ მე ან თქვენ განსაკუთრებით ჭკვიანები ვართ.
თუ გადაავლებთ თვალს წინა კითხვებს, არავის დაუსვამს ჩემთვის წმინდა პოლიტიკური ხასიათის შეკითხვა. რაც ჩემთვის დიდი კომპლიმენტია ამ დიალოგში მონაწილეთაგან. გარდა ამისა, თითქმის პრეცედენტია ჩემთვის იმისა, რომ პოლიტიკაზე, მის ფუნქციონირებაზე და როლზე საუბარი გაუთავებელი კამათის გარეშეც შეიძლება. რომ საზოგადოება ჩვენ თვითონ ვართ და ამის შესაგრძნობად სულაც არ გვჭირდება რომელიმე დეპუტატი, მინისტრი ან ოპოზიციონერი .
თქვენ მეკითხებით ხელისუფლებასთან დაახლოვებულ ინტელექტუალებზე, რომლებსაც, როგორც ამბობთ, უხდიან. ასეთი ინტელექტუალები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან, ყველა დროში და ყველა კონტინენტზე, თქვენ ეს ჩემზე კარგად იცით. მე პირადად ასეთებს ჩემს ოპონენტებად უფრო ვთვლი, ვიდრე მტრებად. . სიმართლე გითხრათ, ცოტა კლანური აზროვნება მაქვს და მაინც მირჩევნია, ფული კურტიზან არტისტს და ინტელექტუალს მისცენ, ვიდრე წვრილ ან მსხვილ აფერისტს. ინტელექტუალს მაინც მეტი შანსი აქვს, საზოგადოების სასიკეთოდ მომართოს თავისი ნიჭი,ან ინტელექტუალური პოტენციალი. საერთოდ, არტისტები და ინტელექტულები ძირითადად კურტიზანები არიან. ამისი მაგალითი უამრავი ყოფილა. თუ არ მეშლება, დიოგენის პასუხი იყო ასეთი კითხვაზე, თუ რატომ მისდევენ ფილოსოფოსები მდიდრებს, და არა პირიქით, მდიდრები ფილოსოფოსებს : იმიტომ, რომ ფილოსოფოსებმა ზუსტად იციან, რა ჭირდებათ და აკლიათ, მდიდრებს კი წარმოდგენა არა აქვთო. ეს ზალიან ძველი, თუმცა, მტკივნეული თემაა.ჩემი აზრით, უნდა ამოიგდოთ თავიდან ის, რომ "საშუალოდ ნაკითხი" ადამიანი ხართ. დარწმუნებული ვარ, იმ წიგნების მეოთხედიც კი საკმარისია იმისათვის, რომ "ინტელექტუალ "კურტიზანებს" ებრძოლოთ, თუკი ეს ბრძოლა საჭიროდ და სამართლიანად მიგაჩნიათ. მაპატიეთ, რჩევებს რომ გაძლევთ, მხოლოდ კეთილი სურვილებით...
by: ანონიმი from: ბატონო პაატა, დღევანდელი ქართველისთვის საემიგრაციოდ ევროპის რომელი ქვეყანა ჯობია ზოგადად? ურჩვდით თუ არა საფრანგეთში ემიგრაციას? მადლობთ კითხვის დასმის შესაძლებლობისთვის და მოსალოდნელი პასუხისთვისაც.
პაატა ქურდაძე
07.04.2010 00:55
ეს ერთმნიშვნელოვნად ყველაზე რთული კითხვაა ჩემთვის: არ მინდა ისე გამომივიდეს, როგორც კაცს, ვისაც თავი ქუდში აქვს – ანუ უკვე ''მშვენიერ" ქვეყანაში ცხოვრობს – და სხვებს აშინებს ემიგრაციით. მაგრამ, გულწრფელად- არ ვიცი. 20 წელია საფრანგეთში ვცხოვრობ და აქედან დაახლოებით 15 წელია ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ. ემიგრაციის ყველაზე დიდი ტალღა, როგორც ვიცი, საქართველოდან საფრანგეთში 2000 წლის შემდეგ ჩამოვიდა. ვიცი, რომ ძალიან ძნელია. თუმცა, დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ მე რომ ახლა 1990 წელში დამაბრუნოთ და ვიცოდე, რა მელოდება წინ, ემიგრაციაში წასვლას ვერ გავბედავდი ვერც ერთ ქვეყანაში.
by: mari from: გამარჯობათ, ბატონო პაატა. როგორ ფიქრობთ, რატომ იკიდებს ასე სწრაფად ფეხს ჩვენთან მემარჯვენე შეხედულებები? და რატომ ითვლება საქართველოში უხერხულად სოციალური თემების გამო პროტესტის გამოთქმა? საპროტესტო აქციების დროს, მაღალი თანამდებობის პირებიც არ ერიდებოდნენ და ხშირად ამბობდნენ ხოლმე, რომ ოპოზიცია იყენებდა მოსახლეობის სოციალურ გაჭირვებას, თითქოს, სოციალურად გაჭირვებულ ადამიანი თავისით არ შეიძლება, რომ პროტესტს გამოხატავდეს.
პაატა ქურდაძე
07.04.2010 01:18
ჩემი აზრით, საქართველოში დღეს ველური კაპიტალიზმის ჩანასახებს უფრო ვხედავთ, ვიდრე მემარჯვენე პოლიტიკური შეხედულებების განვითარებას. საერთოდ მეჩვენაბა, რომ თითქმის ყველა ქართველი პოლიტიკური მოღვაწე მეტ–ნაკლებად ულტრა მემარჯვენეს წააგავს. თვით- თითქოს ერთი შეხედვით ლამის ულტრა მემარცხენე ლეიბორისტთა ტემპერამენტიანი ლიდერიც კი.მოსახლეობის სოციალური პრობლემების გამოყენება პოლიტიკაში ყველაზე ნორმალური მოვლენაა, რაც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს. პოლიტიკა თავისთავად პირველ რიგში ადამიანების სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის სხვადასხვა გზის, მეთოდის, იდეოლოგიის ბრძოლაა. პოლიტიკოსი, რომელიც ადამიანების გაჭირვებაზე ლაპარაკს არაღირსეულ ქმედებად თვლის, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკაში შემთხვევით და დროებით მოხვედრილი ავანტიურისტი, ან უბრალოდ რეგვენი. პირიქით, ჩემი აზრით, საქართველოში არამარტო არასაკმარისად, თითქმის არ ლაპარაკობენ სოციალურ უსამართლობებზე. რაც, ადრე თუ გვიან, არ ვიცი, რა ფორმით, მაგრამ სოციალური აგრესიის პროვოცირებას მოახდენს მოსახლეობაში.
by: ucxo from: e-mail:როგორ ფიქრობთ, მარიჰუანას მომხმარებელთა წინააღმდეგ გამოცხადებული საგანგებო ბრძოლა პოლიტიკურ კონტექსტს ხომ არ ატარებს და ხომ არაა შეფარული ბრძოლა (თითქოს, წახალისებული) დასავლური სუბკულტურების წინააღმდეგ?
პაატა ქურდაძე
07.04.2010 01:35
სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით ვერაფერს, რადგენ არ ვიცოდი, თუ მარიხუანას მომხმარებელთა წიააღმდეგ განსაკუთრებული ბრძოლაა გამოცხადებული. ჩემთვის საქართველიში მარიხუანას ყოველთვის "განსაკუთრებულად" ებრძოდნენ. საბჭოთა მილიციელებიც და დღევანდელი პოლიციელებიც. არა მგონია, ამას რაიმე კავშირი ჰქონდეს დასავლურ სუბკულტურასთან. მარიხუანას დასავლეთშიც დიდი მონდომებით ებრძვიან დღეს, განსაკუთრებთ მოზარდის ფსიქიკაზე მისი გამანადგურებელი ზემოქმედების გამო. ამაზე სულ უფრო და უფრო მეტს ლაპარაკობენ.თუმცა, მარიხუანას მოხმარების კრიმინალიზაცია, ჩემთვის პირადად, უფრო "ტირანიის" ელემენტებს შეიცავს.
by: სიბილა from: საქართველო მოგესალმებით, ბატონო პაატა,მე ბოლოხანს გავეცანი თქვენს შემოქმედებას, ჯერ ნაწილობრივ, და ვაგრძელებ გაცნობას. უდიდესი სიამოვნებით წავიკითხავ წიგნს "ფსიქოდელიურ ქრონიკას", რომლის გამოცემასაც აპირებთ, როგორც ვიცი.ესაა ამონარიდი თქვენი ნაწარმოებიდან, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, საოცრად ზუსტი ემოციითაა აღწერილი რეალობა:"ჩვენი ეროვნული აგენტურა სამშობლოს ყველა მოღალატეს , რომელთა რიცხვი დღითი დღე საოცარი სისწრაფით მატულობს– აუცილებლად დაიჭერს, «ისეთ დღეს დააყრის, მკვდარიც კი აატირებს«. ამასობაში პუტინი და მედვედევიც ერთმანეთს დაჭამენ. ავღანისტანის "ზბორებიდან" დაბრუნებული ქართველი გმირები «ვერაგი მონღოლების მემკვიდრე ურდოს" კუდით ქვას ასროლინებენ, და ეს გასამხედროებულ –გაპატრიოტებული მოწყენილი საქართველოც ბოლოს და ბოლოს გაბრწყინდება, აბა რა ჯანდაბა დაემართება…ამ გაბრწყინებულ საქართველოში მელურსმნეებსა და დეკორატორებს აღარც ტექნიკური პერსონალი დასჭირდებათ, და აღარც ჯალათები. იესოც, როგორც იდეა, თავისთავად დაკარგავს აქტუალობას და მას მხოლოდ "თანამედროვე გამოწვევების" შესაბამისი დეკორატიული სახე მიეცემა".დღევანდელ საქართველოში რეალობას მელურსმნეები და დეკორატორები ჰქმნიან და როგორ ფიქრობთ, ამოწურა საქართველომ ჯანსაღი აზრის, ჯანსაღი სულის რესურსი და ის სრულიად მცირედთ შემორჩათ თუ უბრალოდ მიძინებულია? ანუ თუ ეს ეტაპი აუცილებელი უბედურებაა, რომელსაც უნდა ვძლიოთ, "როსღა გვეღირსება ჩვენ გაღვიძება"?გმადლობთ,პატივისცემით,
პაატა ქურდაძე
07.04.2010 01:53
დიდი მადლობა თბილი სიტყვებისათვის. ჩემი წიგნი ამ კვირის ბოლოს გამოვა და, ალბათ, შემდეგი კვირიდან უკვე მოხვდება წიგნის მაღაზიებში.რა თქმა უნდა, არანაირი რესურსი საქართველოს არ ამოუწურავს. მე ამის გულწრფელად მჯერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა დამაწერინებდა 380 გვერდიან წიგნს – ძალიან ცუდი წარმოდგენის არ ვარ საკუთარ თავზე, მაგრამ არც ისეთი მეგალომანი ვარ, რომ მხოლოდ საკუთარი თავი მეგონოს ჭკვიანი. საქართველოს რესურსი არ დაუკარგავს. ნაწილი მიძინებულია, დიდი ნაწილი ქვეყნიდან არის გასული. ნაწილი კი უბრალოდ დაიღალა. ჩემი აზრით , მძინარებმა უნდა გაიღვიძონ, უცხოეთში წასულებმა მეტად იაქტიურონ. დაღლილებმაც, ბოლოს და ბოლოს, იკმარონ დასვენება.. მე პირადად ოპტიმისტი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საპირისპიროში მდებენ ბრალს, ჩემი წერილების გამო.
by: მოქალაქე ჟურნალისტი from: ვირჯინიიდან როგორც თქვენი ბლოგის მკითხველს, მაინტერესებს, რატომ გახდით ბლოგერი. რას მოელით სამოქალაქო ჟურნალისტიკისგან?
პაატა ქურდაძე
07.04.2010 02:09
მე არ ვარ ბლოგერი, ამ სიტყვის კლასიკური მნიშვნელობით. უბრალოდ, გასული წლის თებერვალში, როდესაც გადავწყვიტე ამ წერილების სერიის დაწერა, ვიფიქრე, რომ ბლოგი ტექნიკურად ყველაზე მარტივი საშუალება იყო ჩემთვის, რომ მკითხველამდე მიმეტანა ჩემი ნაწერები. ადრე, რვა თუ ცხრა წლის წინ, საიტი მქონდა რამდენიმე წლის განმავლობაში, თუმცა, მაშინ საქართველოში ინტერნეტი არ იყო ასეთი გავრცელებული, როგორც ახლა და დავხურე. სამოქალაქო ჟურნალისტიკას დიდი მომავალი აქვს, როგორც ამბობენ. მანკონკურენციის შექმნით უკვე შესძლო პროფესიონალი რეპორტიორების საავტორო უფლებების ფასის დაცემა დასავლეთში. თუმცა, მე მაინც პროფესიონალიზმის მჯერა. ტექნიკური საშუალებების გამარტივება მოყვარულებს უმარტივებს პროდუქციის შექმნას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის პროფესიონალს კიდევ უფრო მეტად უმარტივებს მუშაობის პროცესს, ამიტომ, ჩემი აზრით, პროფესიული მედიის ძალიან დიდ გაუფასურებას არ უნდა ველოდეთ. როდესაც პირველად ციფრული ვიდეო კამერები შემოვიდა, უცებ ყველა კინორეჟისორად გადაიქცა.. . თუმცა, ღირებული ძალიან ცოტა რამ შეიქმნა. იცით, როდესაც ადამიანმა ბატის ფრთის ნაცვლად საბეეჭდი მანქანით დაიწყო წერა, ამან სულაც არ გამოიწვია შექსპირების მომრავლება. ტელევიზია კინოს მესაფლავედ აღიქვეს თავიდან, მაგრამ, როგორც ხედავთ, ასე არ მოხდა... დაველოდოთ. ჯერ მაინც ადრეა ამაზე საუბარი. დილის გაზეთი და ყავის სუნი ჯერ კიდევ ერთ–ერთი სასიამოვნო დეტალია ადამიანების მოსაწყენი ცხოვრებისა.
პაატა, ეს ბოლოს წინა შეკითხვაა. by: გენერალ-სინუსი from: ხრეშის კარიერიდან e-mail:დღეს ლიბერალიზმზე საუბრები, როგორც წესი, ორი საკითხით ამოიწურება - „სექსუალური ორიენტაცია" და „რელიგია ოპიუმია ხალხისთვის". როგორ ფიქრობთ, ეს საკითხებია ლიბერალიზმის „ქვაკუთხედი"?
ავტორი: პაატა ქურდაძე
07.04.2010 02:25
ჩემი აზრით, ლიბერალიზმი არ უნდა ნიშნავდეს შეშლილის თავისუფლებას. ლიბერალურ საზოგადოებაში კანონი, რომელიც თავისუფლების საზომია, ყველაზე მეტი სიმკაცრით არის დაცული.თუ ვინმე ფიარობს, რომ რელიგია ოპიუმია, ჩემი აზრით, მას სრული უფლება აქვს, ასე იფიქროს. მხოლოდ არ უნდა აიძულოს სხვები, მინცადამაინც ასე იფიქრონ - ეს უკვე საბძოთა კავშირი იქნებოდა. ჩემი აზრით, საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ ვთამაშობთ ამ სიტყვით, რადგან ხეირიანად ისიც კი არ ვიცით, რისგან გვსურს განთავისუფლება. არა მგონია, ვიცოდე, რა არის ლიბერალიზმის ქვაკუთხედი. ჩემიაზრით, ასეტი რამ საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ეს თავად ლიბერალიზმის არსთან მოვიდოდა კონფლიქტში.
by: სოლომონი from: თერნალი e-mail:ამ რამდენიმე დღის წინ წავიკითხე „ტრანსპარენსი ინტერნეშენალის" ბოლო ანგარიში თემაზე „ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის" (www.transparency.ge) და მივხვდი, რომ ამ მთავრობის ერთადერთი მიზანი საკუთარი არსებობის და ხალხის დაჩმორება-გაყვლეფის მარადიულობის განხორციელებაა! ფული იხარჯება მხოლოდ ადმინისტრაციულ ლაქიებზე, ზონდერბრიგადებსა და პოლიტიკურ პოლიციაზე, ნაყიდ ჟურნალისტებზე და ზემოთ ხსენებულ „ექსპერტებზე". ამიტომ, ასეთი მოწოდება გამოვდე ფეისბუქში: „უცხოეთის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანზაციებს! გთხოვთ, შეუწყვიტოთ ყოველგვარი დახმარება სააკაშვილის რეჟიმს (გარდა ჰუმანიტარული და წამლებით დამხარებისა), რომელიც ყოველ მიღებულ დოლარს თავისი არსებობის განხაგრძლივების და ხალხის გატყავება-მოტყუებისთვის იყენებს!" თავის დროზე ზუსტად ასეთი მოწოდებით გამოვიდნენ სახაროვი და სოლჟენიცინი, როცა უცხოელებს მოუწოდეს, საბჭოთა კავშირს არ დახმარებოდნენ. როგორ ფიქრობთ, დროულია და გამართლებულია ასეთი საქციელი, რასაც ხალხის „პატრიოტი" მყვლეფავები ანტიპატრიოტულად ჩამითვლიან?
პაატა ქურდაძე
07.04.2010 02:45
არა მგონია თავენთვის მნიშვნელოვანიიყოს ის; თუ რას იფიქრებენ თავენს შესახებ "პატრიოტი მყვლეფავები" როგორც თავენ მათ უწოდებთ. ეს თქვენი აზრია და არავისა აქვს უფლება მისი გამოხატვა შეგიზღუდოთ.მე ვერ გეტყვით დროული და გამართლებულია თუ არა თქვენი მოთხოვნა. მხოლოდ ვიცი რომ ჰიპოთეტურად თქვენს მიერ მოთხოვნილი საერთაშორისო ბოიკოტი აუცილებლად კიდევ უფრო მეტ სიღატაკეს; აგრესიას და საბოლოო ჯამში დიდი ალბათობით სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს ქვეყანაში: არა მგონია ეს იყოს თქვენი სურვილი.სოციალური უსამართლბის მოსასპობად ბევრად უფრო ეფექტური და ,შვიდობიანი გზები არსებობს: მაგალითად გაფიცვბი ; რასაც ძლიერი სინდიკალისტური მოძრაობა სჭირდება.სამწუხაროდ საამისოდ ჯერ ვერავინ მოიცალა საქართველოში:
ავტორი: ია ანთაძე
07.04.2010 02:47
პაატა, ახლა გაგიშვებთ, უკვე თითქმის ექვსი საათია, განუწყვეტლად მუშაობთ ჩვენთვის. არც კი ვიცი, მადლობა როგორ გითხრათ. ბლოგზე არის მადლობები და მე მათ აქ ერთად, კომენტატორების და ჩემი სახელით – წარმოგიდგენთ. უდიდეს პატივს გცემთ, თქვენი წერილების მკითხველები ვართ და იმედს ვიტოვებთ, კიდევ ბევრჯერ იქნებით ჩვენი სტუმარი. ახლა კი – უღრმესი მადლობა თქვენი გარჯისთვის და უაღრესად საინტერესო ინტერვიუსთვის. მასტერკლასივით იყო.
პაატა ქურდაძე
07.04.2010 02:47
დიდი მადლობა ყველას საინტერესო შეკითხვებისა და ინტერესისათვის ჩემს მიმართ.



კომენტარები:

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
07.04.2010 03:40
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი სანიმუშო მუშაკობისთვის და საინტერესო პასუხებისათვის.მართალი გითხრათ, ჩემს მეორე კითხვაში მე თავად ბევრი კითხვები მაქვს, მაგრამ იმ - საბჭოთა კავშირთან მიმართებაში რომ გაამართლა იმ მკაცრმა პოლიტიკამ? რა თქმა უნდა მზა რეცეპტები არ არსებობს და სოფთ პაუერ მოდაშია...ლიბერალიზმზე და დემოკრატიაზე. აი, ჩემი მოსაზრება:"... ოსზე ანეგდოტის არ იყოს - არაყი გირჩევნია თუ ღვინოო და - პივაცაო, რომ მიუგო ბრძნულად, კი, რატომაც არა იყოს ლიბერალიზმი, მაგრამ თუ პრაგმატულად მივუდგებით, ხანდახან ასეთი "ეგეცა" მიდგომები არაეფექტურია - ან ხარჯეფექტურობის, ან პოლიტ-ეფექტურობის კუთხით. მე მაგალითად ვთვლი, რომ დღეს, საქართველოში სანახევრი დემოკრატიაც სანატრელია. ჩემთვის დემოკრატიის ქვაკუთხედია სამი:1) კანონის უზენაესობა და სამართლიანობა (თანასწორსამართლიანობა)2) სამართლიანი არჩევნები3) კერძო საკუთრებაზე დამყარებული კონკურენტული (არამონოპოლისტური) მეწარმეობა. [სამართლიანად შემისწორეს კოლეგა გენერალ-სინუსმა - ხელისუფლების დანაწილება და თვითმმართველობა გამოგრჩაო, თუმცა მე ეს უკანასკნელი ცოტა ნაადრევი მეჩვენება...]რამდენადაც საქართველოში ამ სამივე მიმართულებით 2005 წლიდან მკვეთრი რეგრესი გვაქვს, მე ვფიქრობ, რომ სწორედ 2000-2005 წლებში ხდებოდა ამ ნახევრად დემოკრატიული ქვეყნის სტატუსამდე მსვლელობა, რომელსაც მერე დავშორდით. დღეს სწორედაც რომ მთავრობის პრიორიტეტია ილაპარაკოს მსუყედ და აღფრთოვანებით ლიბერალილიზმზე და ლიბერტარიანელობაზე, თუ ამ იდეების და მიმართულებების აპოლოგეტებად დიდი დავით კეზერაშვილი და კიდევ უფრო დიდი კახა ბენდუქიძე და მათი ტაბულა რაზა თამარ ჩერგოლეიშვილი მოგვევლინებიან. ამიტომ ჩემი პოზიცია ასეთია - დიდი მადლობა, გმადლობთ! მომეცით მე ჯერ მინიმალური აუცილებელი - მჭადი და ყველი (დასახელებული დემოკრატიული ქვაკუთხედები!) - და მერე ვიფიქროთ ლიბერალიზმის ბეზეებზე, რადგან ბეზეებით ადამიანი კუჭს ვერ გაიძღობს, თუ საჭმელი არ უჭამია...
ავტორი: eka
07.04.2010 03:56
ვაიი, როგორ მეწყინა, რომ ვერ მოგისწარით. ბატონო პაატა, ყოველთვის ვკითხულობ თქვენს ბლოგს, სულ სხვანაირი წარმომედგინეთ გარეგნობით, როგორი ევროპული იერი გქონიათ:)თითქმის ყოველთვის კმაყოფილი ვარ, როგორც ამბობთ, რასაც ამბობთ. სწორად ხედავთ სიტუაციას.ნუ ეს მაინც იყოს აქ, როგორც კომპლიმენტი, აბა დისკუსიაში ვერ ცავერთე და კითხვას რაღა აზრი აქვს:(
In Response

ავტორი: ია ანთაძე
07.04.2010 11:24
ეკა, ჩვენ გვაქვს რამდენიმე კითხვა, რომელიც წინა დღეებიდან შემოგვრჩა და რომლებიც უნდა გადავუგზავნო პაატას, ასე რომ, თუ თქვენც დაგვაწევთ თქვენს შეკითხვას, მასაც გადავგზავნი და ის მაინც ეცოდინება, რა გვაინტერესებს მისგან. ასე რომ, თუ არ დაიზარებთ....
ავტორი: temuri
07.04.2010 11:16
ინტერვიუ ეგეთია, ვითარც ტერამისუ-მწვნე ჟასმინიან ჩაისთან:) ვისიამოვნე კიდეც ნამეტნავად. ასწორებს ჭკვიან ხალხთან ურთიერთობა. პარიზიც მომენატრაა.ქრისტე აღსდგა ბ-ნო პაატა! ჭეშმარიტად აღსდგა !გაიხარე !
In Response

ავტორი: ია ანთაძე
07.04.2010 11:26
თემურ, შენ რომ დაგვეკარგე? მაინცდამაინც ინტერვიუს დროს?
ავტორი: chrichina საიდან გვწერთ: baTumi
07.04.2010 12:24
მე მომეწონა ბატონი პაატას შეფასებები, პირუთვნელი, თუმცა ცოტათი თავშეკავებული. მართლაცდა რამდენ რამეს ვერ ვხედავთ აქ მცხოვრებნი და რასაც ვხედავთ, იმის შეცვლის უნარი არ შეგვწევს. მანიფესტაციის და საყოველთაო გაფიცვის მოწყობაც კი არ შეგვძლებია, ეს მეწყინა.
. ავტორი: ალექსანდრე საიდან გვწერთ: მუხიანიდან
07.04.2010 15:17
დიდი მადლობა ბატონ პაატას ბლოგზე სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის!!!! ერთ - ერთი იმ სტუმართაგანი იყო, ვისი ნაუბრის გადაკითხივს სურვილი, რომ დაგრჩება, წაკითხულის დასრულებისთანავე, მოცალეობისას:)


ავტორი: shalva საიდან გვწერთ: paris
07.04.2010 20:08
გამარჯობათ,სამწუხაროდ ვერ მოვისმინე თქვენი პირდაპირი ეთერი.სამაგიეროთ, სიამოვნებით წავიკითხე ბევრი საინტერესო კომენტარი და პაატას პასუხები. იმედი მაქვს პაატა ქურდაძის წიგნი რომელიც თბილისში გამოდის, უფრო მეტ ცხოველ ინტერესს და დებატ/კამათ/ანალიზს გამოიწვევს.მიმაჩნია, ქართულ საზოგადოებაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე კიდევ ერთი თუნდაც განსხვავებული აზრის გამოთქმა დროული და საჭირო ფაქტია. მგონი არ მეშლება, ზუსტად ამაზეა დამოკიდებული თვით წიგნის მომავალი სიციცხლეც. წარმატებას გისურვებთპატივისცემით, შალვა ხახანაშვილი
In Response

ავტორი: მოდერატორი
07.04.2010 20:12
ინტერვიუს მოსმენა შეგიძლიათ აქ:http://www.tavisupleba.org/audio/audio/263360.html
ავტორი: melanqolikosi
07.04.2010 21:01
მე მაინც მგონია რომ საქართველოში არის ნახევრად დემოკრატიული მესამედსაზოგადოება. თბილისის მკვიდრმა,მაგალითად იცის რომ რუსთაველზე დრისით-მზისით უიარაღო ქართველი არქეოლოგი ისე შეიძლება მოკლან ვიღაც შეიარაღებულმა პირებმა და ისე შეიძლება დააობლონ მისი პატარა შვილი რომ არავინ გამოექომაგება. არადა საზოგადოება მაინც ალბათ უნდა გულისხმობდეს ერთმანეთის პატივისმცემელ ადამიანთა და ათი მცნების გამზიარებელ ადამიანთა თუ არა ქცევის უმთავრეს ნორმებზე შეთანხმებულ ადამიანთა კრებულს. აი სწორედ ეს არაა საქართველოში და ყოველთვის მოსალოდნელია იგივეს რეციდივი. დემოკრატია კი დემოსის კრატიაა და დემოკრატიის მშობლებისთვის დემოსი სულაც არ ყოფილა უფორმო და უსახური ბრბო. მათი იდეალი სწორედ ასეთ ადამიანთა კრებული იყო და ალბათ ამიტომაა ეს იდეალი დღემდე ცოცხალი.პრობლემები, პრობლემები, "მშობლიური" კომპარტიის მიერ დათრგუნული ხალხის პრობლემები,რომელთა გადაწყვეტასაც ალბათ დიდი მონდომება და გარკვეული დროც სჭირდება.
ავტორი: mari საიდან გვწერთ: tbilisi
07.04.2010 22:49
დიდი ინტერესით წავიკითხე პაატა ქურდაძის კომენტარები. ბევრ ისეთ თემას ეხება, რომელიც ჩვენში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს ანგრევს. სრულიად ვეთანხმები მას, რომ მოსახლეობის სოციალური პრობლემების გამოყენება პოლიტიკაში ყველაზე ნორმალური მოვლენაა. იქნებ კარგად დავფიქრდეთ იმაზე , თუ როგორი პოლიტიკური უმწიფრობის გამოვლინებაა, როდესაც პოლიტიკოსები, თვით პრეზიდენტიც და შსს მინისტრიც, მუდმივად იმეორებდნენ შარშანდელი აქციების დროს, რომ მხოლოდ სამსახურიდან დათხოვილი მოსახლეობაა ჩვენით უკმაყოფილოო. არა აქვს მნიშვნელობა სინამდვილეში რა ხდებოდა, რომც ყოფილიყო ასე, ადამიანები უნდა მალავდნენ დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომ უკმაყოფილოებია არიან, თუ სამსახური დაკარგეს? აუცილებელია, სოციალური თემებზე და უმუშევრობაზე ხალხმა თამამად ისაუბროს.
ავტორი: melanqolikosi
08.04.2010 13:21
ნახევრადდემოკრატიულ და მესამედსაზოგადოებიან თბილისში შუა აზიური მომხიბლავი მაგალითების კვალდაკვალ რაღაც სტამბებთან დიდად აღშფოთებული დემოკრატების შეხლა-შემოხლა დაიწყო პოლიციასთან. იმედია რომ მოქმედებათა განვითარება დიდ სისხლიღვრას არ გამოიწვევს. თორემ ხელისუფლებაში ერთი ნაცნობი სახეების მეორე ნაცნობი სახეებით შეცვლა თითქოს არ უნდა ნიშნავდეს დიდ დემოკრატიულ პროგრესს. გამხნევდით.
ავტორი: თინა საიდან გვწერთ: თბილისი
08.04.2010 14:18
..."არანაირი სიმბოლური დატვირთვა კოსტავას ფეხსაცმელებს არ აქვს ჩემს ტექსტში, ეს მხოლოდ რაღაც "კინემატოგრაფიული" გახუნებული რეტრო– სეკანსია..."პაატა, კაცი წერ და არ იცი, რომ სიტყვებს დატვირთვა აქვს? ეხლა იძახე, რამდენიც გინდა, ისე ვთქვიო... მაინც რა თქვი, იქნებ კიდევ აგვიხსენა?
ავტორი: melanqolikosi
09.04.2010 01:41
რუსულმა თავისუფლებამ სულ ეხლახანს გადმოსცა რომ ყირგიზეთის ^პრეზიდენტს არ უნდა იმის დაჯერება რომ გადატრიალების უკან რუსეთიაო.
ავტორი: ana okujava საიდან გვწერთ: saqartvelo
20.04.2010 13:44
გეთანხმაბით ბატონო პაატა, მაგრამ აბა ჩვენს ხელისუფლებას ჰკიტთხეთ ასე თუ მიაჩნია... ბალზაკს უთქვამს სიმართლე მწარე წამალია, არ გესიამოვნება, მაგრამ მოგარჩენსო.... ჩვენი უბედურება კი ისაა, რომ მომრჩენელ მწარე სიმართლეს ტკბილი ტყუილით გბრუებას ვამჯობინებთ.......
ავტორი: cnobismoyvaris tribuna
22.04.2010 18:44
დემოკრატიის სრულყოფაზე ბელგიაშიც ლაპარაკობენ. როგორც დღეს გადმოსცა რადიო თავისუფლების რუსულმა რედაქციამ ბელგიის დედაქალაქში დღეს დადიოდა ჰოლანდიელენოვან ახალგაზრდათა ბრბო და ღრიალებდა "ჩაძაღლდი ბელგია". ამასობაში გადადგა ბელგიის ფედერალური მთავრობა და ქვეყნის მთლიანობას დაემუქრა სერიოზული საფრთხეო. ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს ვინმე "აფსუა" ჩირიკბა, რომელიც ჯერ კიდევ 1970-ან წლებში როგორც დიდი დისიდენტი გაიქცა საბჭოთა კავშირიდან და 1990-ან წლებში ჰოლანდიაში, ლაიდენის უნივერსიტეტთან ვინ იცის ვისი ფულით გამოსცემთა საზიზღარ ანტიქართულ, ქართველების სიძულვილით სავსე და ამ სიძულვილის გამავრცელებელ ბროშურას.... მაინც ალბათ ჯერ იმაზე ლაპარაკი ღირს რომ თუ ორფეხა არსება ადამიანი არაა დემოკრატი ვერ იქნება...

ინტერვიუ გამოქვეყნდა გაზეთში "მთელი კვირა" 12.04.2010