Une erreur est survenue dans ce gadget

3 janvier 2010

ჯვარცმა. ტექნიკური პერსონალი და დეკორაცია.

Je suis témoin, je suis le seul témoin de moi-même.Antonen Artaud
მე მოწმე ვარ, მე ერთად ერთი მოწმე ვარ საკუთარი თავის.
ანტონენ არტო


სკამი –ლურსმნები. სენტ –ეტიენის ვაგზალი. დეკორატორი ფრანსუა ბოშე.



რამოდენიმე წლის წინ ჩემმა შვიდი წლის შვილმა, თინამ რვეულის ფურცელზე გოლგოთას გზა დახატა. ნახატზე იესოსა და ამ სიუჟეტის კლასიკური პერსონაჟების გარდა, მარცხნივ კადრიდან თითქმის გასული მოსიარულე ადამიანის ფრაგმენტი ჩანდა – მისი სხეულის მცირე ნაწილი, ფეხი , და სიარულისას უკან დარჩენილი მარცხენა ხელი რომელშიც , რაღაც ჩხირები ეჭირა.
ჩემს კითხვაზე, თუ რა ეჭირა ამ კაცს ხელში, მიპასუხა , რომ – " ბატონს ხელში ლურსმნები უჭირავს, და გოლგოთაზე მიაქვს."
ეს ნახატი მისი უცნობი პერსონაჟივით სადღაც გაქრა. მაგრამ მან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, მისი მიხედვით მოთხრობაც დავწერე სადაც ლაპარაკი იყო ლურსმნებზე, როგორც ჩვენი ცივილიზაციის კონსტრუქციის მდგრადობის მნიშვნელოვან კომპონენტზე.

1.
ადრე არასოდეს მიფიქრია: ფაქტია, ვიღაცამ ლურსმნები გამოჭედა, ვიღაცამ წამოიღო.
ჩვენ მხოლოდ მათ შესახებ გვაქვს მცირე წარმოდგენა, ვინც ამ ლურსმნებით იესო ჯვარზე დააჭედა–ვიცით, რომ ისინი ჯალათები იყვნენ. თუმცა მათ შესახებ არც ერთ სახარებაში არ არის რაიმე ნათქვამი. ეს მხოლოდ სხვადასხვა ეპოქის ნახატებსა და სპექტაკლებში ნანახი სცენების ჩვენივე ფრაგმენტული წარმოსახვის ნაყოფია.
პრინციპში, პროფესიონალი ჯალათი, როგორც პერსონაჟი არც ისე საინტერესოა. ვიცით რომ ისინი არასოდეს არავის უყვარდა, ზიზღიანი მზერის გარემოცვაში ცხოვრება და სიკვდილის ინდუსტრიაში შრომა მათივე არჩევანი იყო. ტრადიციულად - თავზე შავ ჩაჩ ჩამოფარებულ ჯალათებს, მხოლოდ ფრანც კაფკამ მისცა "ადამიანური" სახე ერთხელ: თავის ‘"სასჯელაღსრულების კოლონიაში".
თვით იესოს ჯალათების "ანონიმურობაც" კი დაცულია – ისინი იგნორირებულნი არიან ოთხივე მოციქულის მიერ.

გაცილებით სინტერესონი არიან პიროვნებები, რომლებიც სიკვდილით დასჯის ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებენ. ისინი ხშირად, ვარაუდის საწინააღმდეგოდ, სრულიად დადებითი პიროვნებები აღმოჩნდებიან ხოლმე. მაგალითად ექიმი, პოლოტიკოსი და ცნობილი ჰუმანისტი ჟოზეფ ინიას გილიოტინი (Joseph Ignace Guillotin 1738–1814 ).

ეს გვარი ორ საუკუნეზე მეტია სიკვდილის მექანიკურ მანქანასთან, გილიოტინასთან ასოცირდება, და შიშის ჟრუანტელს იწვევს წარმოთქმისას. სინამდვილეში სიკვდილის ეს დაზგა ჯერ კიდეც XVI საუკუნეში არსებობდა. ექიმს არაფერი არ მოუგონია. მან მხოლოდ ბევრი იბრძოლა იმისათვის, რომ სიკვდილით დასჯის ბარბაროსული მეთოდები , ჰუმანურით შეცვალა, გარდა ამისა, რომ სიკვდილმისჯილთა უფლებები თანაბარი გამხდარიყო,

ჟოზეფ ინიას გილიოტინი(1738–1814)

1791 წელს, ექიმის ხანგრძლივი მცდელობის შედეგად, კანონი მიღებული იქნა და გილიოტინა პირველად გამოიყენეს ჩვეულებრივი ქურდის, ვინმე ლუი მიშელ ლეპელეტიელ– ის თავის მოსაკვეთად.

მანამდე სიკვდილით დასჯის მრავალნაირი მეთოდი არსებობდა საფრანგეთში: არისტოკრატებს ხმლით აცლიდნენ თავს, აზნაურებს ნაჯახით, მეფის სიცოცხლის ხელმყოფთ ცხენებზე გამობმულს "ოთხში ამოღებულთ"ფლეთდნენ, ქურდებს და მკვლელებს კი უბრალოდ სახრჩობელაზე კიდებდნენ ან ბორბალზე აკრავდნენ, რომ ჯალთს რკინის კეტით მისთვის ყველა ძვალი სათითაოდ დაემტვრია.

ღარიბებს რა თქმა უნდა არ ჰქონდათ საშუალება სწრაფი და "ხარისხიანი" სიკვდილის სანაცვლოდ ჯალათისათვის ფული გადაეხადათ. ამიტომ მათი დასჯის დროს, ნაჯახი ხან გალესილი არ იყო კარგად, ხან მიზანს ცოტათი ცდებოდა, ხან კიდევ ბორბალზე გაკრულს მართლაც ნელ ტემპში ამტვრევდა ჯალათი ყველა წვრილ ძვალს, რადგან რკინის ხელკეტით პირდაპირ თავში ერთი დარტყმით სიცოცხლეზე გამოსალმება ფული ღირდა, რომელიც სიკვდილ მისჯილს არ გააჩნდა....

პარლამენტარი და ექიმი ჟოზეფ გილიოტინი განსხვავებას სიკვდილის არჩევანში სოციალურ უსამართლობად მიიჩნევდა. მისი აზრით ტექნოლოგიურად და ჰუმანიტარულად სრულყოფილი სასჯელის უმაღლესი ზომის საერთო მეთოდის შემოღება, პირველი ნაბიჯი უნდა გამხდარიყო სიკვდილით დასჯის გაუქმების, აბოლიციის გზაზე, რომლის გავლას კაცობრიობის ცივილიზებული ნაწილმა გილიოტინის ხმარებაში შესვლიდან მაინც თითქმის 200 წელიწადი მოანდომა .

რევოლუციური დიდი ტერორის წლებში დაპატიმრებული გილიოტინი ციხიდან მხოლოდ მას შემდეგ გამოუშვეს, რაც მისივე ჯალათი -მაქსიმილიან რობერსპიერი „გილიოტინირებული" იქნა რევოლუციის (კონკორდის) მოედანზე. სწორედ ეს ზმნა (guillotiner) დამკვიდრდა ფრანგულ ენაში სიკვდილით დასჯის სინონიმად საბრალო ექიმისა და ჰუმანისტის სურვილის საწინააღმდეგოდ.

ჟოზეფ გილიოტინი ციხის შემდეგ პოლიტიკას აღარ გაკარებია. დარჩენილი სიცოცხლე მედიცინას მიუძღვნა. იბრძოდა ჩუტყვავილას წინააღმდეგ საყოველთაო აცრებისათვის, იყო ერთ ერთი პირველი, ვინც შექმნა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა, დაარსა საფრანგეთის პირველი ექიმთა ასოსიაცია, რომელიც დღეს საფრანგეთის მედიცინის აკადემიაა... მთელი ცხოვრება უშედეგოდ ცდილობდა ამ სიკვდილის მანქანისათვის სახელი გამოეცვალათ. არაფერი გამოუვიდა, მას შემდეგაც კი, რაც საფრანგეთში გილიოტინა 1977 წელს უკანასკნელად გამოიყენეს, დიდი ჰუმანისტის გვარი მაინც საშინელების სინონიმად დარჩა.
ექიმი გილიოტინის სევდიანი ისტორია, შესანიშნავი მაგალითია თუ როგორ შეიძლება ჰუმანიტარული ბრძოლა ბარბაროსობად და სადიზმად მოინათლოს და ადამიანების კეთილდღეობისათვის გაწეული დიდი ამაგის მიუხედავად, ასწლეულების მანძილზე შენი სახელი მხოლოდ ზიზღს იწვევდეს.
რისკის აღება ნამდვილი ჰუმანისტების ხვედრია. რადგან ისინი ძირითადად მოღვაწეობენ სისტემაში, რომელსაც მე ადამიანურ სისასტიკის სისტემას დავარქმევდი. თუმცა მას პოლიტიკურ ენაზე ადამიანური სამართალი (justise) ქვია და ის ისეთივე ძველია, როგორც სამყრო.
ეს სისტემა, როგორც წესი, არა მარტო ადამიანებზე, თვით უფალზე მაღლაც დგას. სწორედ ამ სისტემის მსხვერპლი გახდა იესოც.
საბედმიეროდ, სისასტიკის სისტემას თავისი რჩეული "მარგინალები", თავისი ჰუმანისტები ჰყავს, ისევე, როგორც დაუნდობელი სადისტი ჯალათები. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე ადამიანთა ამ კატეგორიას განსაზღვრული და დადგენილი როლი აქვს მიკუთვნებული საზოგადოების ისტორიის თეატრში. .

არის სისასტიკის სისტემაში მონაწილეთა კიდევ ერთი კატეგორია,რომელიც ჩემი აზრით ბევრად უფრო საინტერესოა თავისი მისტიური ფუნქციის გამო..
მე მხედველობაში მყავს ენთუზიასტები, რომლებიც ყველგან გვხვდებიან, სადაც რაიმე მნიშვნელოვანი ხდება.

ისინი, უცებ, მოულოდნელად, თავიანთი ლურსმნებით ხელში, საიდანღაც აღმოცენდებიან ხოლმე ბრბოში. პროცესის რაღაც შუალედულ მოსამზადებელ მონაკვეთში ყველაზე წინა პლანზე გარბიან და გამორბიან, ბევრს ქოთქოთებენ, ფუსფუსებენ , ადამიანებს აქეთ იქით წევენ, ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, დაჭედებისას, ჩაქუჩის მოქნევის წინ კი, სადღაც ქრებიან. საიდან, ან როდის მოდიან ან სად მიდიან, არავინ იცის. მათ არც სახე აქვთ, არც რაიმე განსაკუთრებული ნიშანი რომ დაიმახსოვრო.

ისინი იქ იყვნენ, როდესაც აქილევსმა ჰექტორის დასახიჩრებული გვამი ცხენზე გამობმული მოათრია საკუთარ ბანაკში, მაშინაც, როდესაც ჩაუშესკუსა და მისი ცოლს დასახვრეტად "ასამართლებდნენ"– 1989 წლის შობის დღეს. როდესაც ქაბულის ფეხბურთის სტადიონზე თალიბები საბრალო ავღან ქალებს როზგავდნენ , როდესაც დიდი კულტურული რევოლუციის დროს პეკინში სახალხო ტრიუნალებს აწყობდნენ, როდესაც იტალიური დაუმორჩილებლობის წევრებმა დახვრეტილი ბენიტო მუსოლინისა და მისი საყვარლის კლარა პეტაჩის გვამები განთავისუფლებული მილანის ერთ ერთ მოედანზე ფეხებით დაკიდებული გამოფინეს...


ბენიტო მუსოლინი და კლარა პეტაჩი
მარცხნიდან მეოთხე და მეხუთე. მილანი.28.04.1945


მე მელურსმნეები პირველად 1989 წელს თბილისში ლენინის ძეგლის ჩამოგდებისას შევამჩნიე : ჯერ ამწე კრანების გარშემო ფუსფუსებდნენ, მერე ილიჩს ლაჯებშუა ცეცხლი შუნთეს, თითქოს ბრინჯაოს ყვერების გასათბობათ, მერე სადღაც გაქრნენ. ხალხის თავდაუზოგავი გარჯის შედეგად ძეგლის ჩამოგდების შემდეგ კი, ისევ დავინახე : მოტეხილ და ძირს გაგორებულ ლენინის თავს ფეხებს და ჯოხებს ურტყავდნენ გამეტებით და მხიარულად იგინებოდნენ…

ეს ადამიანი – ფანტომები , თითქოს სიკვდილს დამალობანას ეთამაშებიან და როდესაც ცელმომარჯვებულ შავ ანგელოსს პირისპირ შეეჩეხებიან , თავიანთი საბრალო აქტიურობით მის გულის მოგებას ცდილობენ და გამოსდით კიდეც.

მათ დროში ხეტიალი უყვართ, ხან რომელ ეპოქაში ამოყოფენ თავს, და ხან რომელში. სხვადასხვა ეპოქიდან ხან რას გამოაყოლებენ ხოლმე ხელს და ხან რას: ვირუსებს, ბრიყვულ ჩვევებს, მოდას... ამიტომ ხშირად ისტორია, პერსონაჟები, ადამიანების პარანოია მეორდება.
სწორედ ისე, როგორც ცნობილი ღორის გრიპად წოდებულ ვირუსის H1N1 შემთხვევაში:
სულ ახლახანს, დეკემბერის დასაწყისში აღმოაჩინეს, რომ ამ ვირუსით ყველაზე იშვიათად 50 –ს გადაცილებულნი ავადდებიან, რადგან , 60 იან წლებში უკვე ერთხელ იყო დაახლოვებით იდენტური გრიპის ეპიდემია და ყველა, ვისაც ის გადატანილი აქვს იმუნიზირებულია. მაშინაც ახალგაზრდები უფრო ხშირად ავადდებოდნენ, რადგან უფროსი თაობა 40 წლის წინ საშინელი ესპანური გრიპის (ჩვენში ესპანკად ცნობილი) მიმართ იყო იმუნიზირებული, ღორის გრიპი კი სწორედ ვირუსთა ამ ჯგუფის განეკუთვნება. და ის, დარწმუნებული ვარ სწორედ მათ, მელურსმნეებმა ჩამოიტანეს 60 ნი წლებიდან. ისევე, როგორც 60– იანებში 20 –იანებიდან.

მე მართლა გამიჩნდა ისეთი გრძნობა, თითქოს ჩემი შვილის დახატულ მამაკაცის ფრაგმენტს, რომელსაც გოლგოთაზე იესოსათვის ლურსმნები მიაქვს, სადღაც შევხვედრილვარ. უფრო მეტიც, რომ მას გაუდმებით ვხვდები ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა ქალაქში, დროში, კონტექსტში.

2.
1972 წელს, 13 წლის ასაკში ჩემში, ისევე როგორც ჩემი თაობის ბევრ თბილისელში როკი და იესო ერთდროულად შემოვიდნენ.
ჩემი აზრით, ვებერის ცნობილ როკ ოპერას, მაშინდელ რეპრესირებულ და უფლება აყრილ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე არა ნაკლები, დამსახურება აქვს საქართველოს ხელახლა "გაქრისტიანებაში"– ვიდრე ეს შეიძლება ბევრმა წარმიდგინოს.

მაშინ საქართველოში წესიერად არავინ იცოდა განსხვავება ქრისტიანულ კონფესიებს შორის. ამას არც ეკლესია ითხოვდა: მთავარი იყო, რომ როგორღაც ქრისტე გახსენებოდა ხალხს.
სულებზე ნადირობის აზარტი მოგვიანებით 80 იან წლებში გაჩნდა– როგორც კი მრევლმა შესამჩნევად მოიმატა, და სასულიერო კონიუნქტურა ჩამოყალიბდა.
90 იან წლებამდე, საქართველო სეკულიარულ ქრისტიანული ქვეყანად დარჩა ჩემს მახსოვრობაში.

ადესის მოტკბო სუნიან 70 იანებში უფროსებისათვის მარლმადიდებლობა წელიწადში ერთხელ აღდგომის დღეს სასაფლაოებზე ქეიფი და დანთებული სანთელი იყო. ჩემთვის კი ცხადია წითელი კვერცხები და ცხელი თაფლის სუნი, რომლითაც სანთლების ჩამოქნაში ბებიაჩემს ვეხმარებოდი ყოველი აღდგომის წინ: რატომღაც ეკლესიაში ნაყიდ სანთელს არ ენდობოდა, ამბობდა ნამდვილი სანთელი თაფლისგან მზადდებაო. აი სულ ეს იყო.. და სხვა თითქმის არაფრი.
ჩემი და ჩემი მეგობრების მშობლები– რეპრესირებულნი, რეპრესირებულთა შვილები, თავად ყოფილი ჯალათები, ან ჯალათთა შვილები იყვნენ, ისინი შიშში და სიძულვილში დაიბადნენ: მჟავანაძის კორუმპირებული 60 იანი წლები სწორედ სიძულვილიდან გამოსვლის მცდელობის კომპრომისული წლები იყო. რომელმაც საყოველთაო კორუფცია და ტოტალური სულიერი კონფორმიზმი ასწავლა ქართველებს – შეუძლებელი იყო ასეთ გამუდმებულ მტანჯველ აუტანელ სიძულვილში, ამხელა ბოღმაში ცხოვრება, რაც 20- 50 იანი წლების რეპრესიებმა და იდეოლოგიურმა გარყვნილებამ, საყოველთაო დეპრესიის უდაბნოში 40 წლიანმა უწინამძღოლოდ ხეტიალმა მოიტანა.
ნებისმიერი გზა რომელსაც ამ კოშმარის დასასრულისკენ შეეძლო წაეყვანა ხალხი მისაღები იყო. საქართველომ ეს გზა რუსეთზე ადრე იპოვა – საყოველთაო კონფორმიზმში განწმენდის, განბანვის, სიძულვილიდან განთავისუფლების მცდელობის 60 იანი წლები–ქართული ''იერუსალიმი"– ნეილონის ეპოქა, რომელშიც ჯალათები და მსხვერპლნი ერთნაირად გროტესკულნი გახდნენ. დაქორწინდნენ, საერთო ოჯახები შექმნეს, ერთად შეეცადნენ ქეიფით დაევიწყებინათ ის, რისი მტანჯველი მახსოვრობა სიცოცხლეში ხელს უშლიდათ. მათ ერთად შეთხზეს დღეს არსებული ქართული ბრიყვული სადღეგრძელოების უდიდესი ნაწილი, რომელმაც გარკვეულ წილად საქართველოს ახალი ისტორია მსუბუქად გადაიყვანა სხვა, შედარებით უფრო მოქნილ ორბიტაზე და რომელიც იქ დღემდე დარჩა– რადგან ეს ისტორია, როგორც უსარგებლი აღარავის აინტერესებს. მასზე არავინ მუშაობს, მას უკვე სქელი მტვერი ადევს– უიმედოდ. ეს მკვდარი უჯრედებია საქართველოს ისტორიის ცოცხალ სხეულზე. ასეთი უჯრედებს როგორც წესი მეტასტაზების გავრცელება ახასიათებთ.


ვასილ პავლეს ძე მჟავანაძე მოსკოველ სტუმრებთან

მე მათი, ამ თაობის კარგად მესმის . ისინი გმირები არ იყვნენ, და არც უნდოდათ ყოფილიყვნენ.
გმირები თუ დასჭირდეობდათ ყოველ ნაბიჯზე რამდენიც გნებავთ, იმდენი ჰყავდათ, ომის, შრომის, ჩრდილოეთ პოლუსის, შუა აზიის, კოსმოსის, შახტების და ათასი სხვა... ეს მხოლოდ საბრალო, განადგურებული თაობა იყო, რომელმაც თავი აიძულა დაეჯერებინა, რომ ცხოვრება ასე თუ ისე მშვენიერია...ცოტათი უკეთესი, ვიდრე მათი მშობლებისა გულაგში. აღარავის უნდოდა ცოდნოდა რა იყო ადრე რეალურად. და მათ ერთად შეთხზეს ეს „ადრე" .
შემდეგ 70 იანები მოვიდა, ჩემი თაობა. ჩვენ უკვე სიძულვილის შვილიშვილები ვიყავით: ჯალათებისა და მათივე მსხვერპლთა კონფორმიზმის ნაყოფი. ჩვენი როლი, ანუ , როგორც მოგვიანებით დავარქვით, მისია, ამ მღვრიე წყლის თუ შაქრიანი ღვინის გაფილტვა– დაწმენდა იყო. მცდელობა მაინც…
მთელი ეს პერიოდი, ჩემი "ეკლესია" პლეხანოვზე. ჩემი, 23–ე სკოლიდან ორ ნაბიჯში იყო–გორკის კლუბი.
მის პარკში ჩვენ ჭუჭყიან თოვლის ქვასავით გუნდებს კანტი კუნტად შემოსულ გოგოებს , ან ერთმანეთს ვესროდით. გაყინული წითელი სველი თითებით ნესტიან სიგარეტ "ლუქსს« უიმედოდ ვსრესდით, ბევრს ვეწეოდით და ვლაყბობდით, კასიუს კლეიზე , როკზე,სექსზე, ვებერის ოპერაზე, იესოზე და მისი პარტიის შემსრულებელ იან გილანზე...
ვინ იფიქრებდა, რომ თხუთმეტი წლის შემდეგ ამავე პარკში გახსნილ პირველ თბილისურ ჯაზკლუბ "ათინათში« ჩემი თაობის მსუბუქად მთვრალ"იესოს« გავიცნობდი , ყოფილ Jesus Chist სათვის გამართულ "პრივატ" საღამოზე. სადაც ჩვენმა განსვენებულმა მეგობარმა, თავად ვიღაცის მიერ"აყვანილმა« დუდუ სარალიძემ კოტე ყუბანეიშვილი და მე"აგვიყვანა".
კოტე აღგზნებული იყო და «ყვიროდა: რომელია აქ იან გილანი?! ლამბადუ დავაი!… ფეხშიშველა მსუბუქად მთვრალი «იესო« სიცილით კვდებოდა. და კოტეს უსაქციელობით შეწუხებული მასპინძლების გასაკვირად, მაინცა და მაინც ჩვენთან ერთად სვამდა.

კიდევ უფრო ნაკლებად ვიფიქრებდი, რომ ამ შეხვედრიდან კიდევ ათი წლის შემდეგ, 90 იანების დასასრულს ლონდონის ერთ ერთ თეატრში თავად ამ ლეგენდარულ სპექტაკლს დავესწრებოდი. მერე, კიდევ ერთი ათწლეულის შემდეგ კი, 2009 წელს ცხელი თაფლის და ადესის სუნიან 70 იანებში ყველაზე წარმოუდგენელის – ეკლესიის უმადურობის მოწმე გავხდებოდი, პარტიზანული პატარა თავისუფლების მიმართ, რომელმაც წითელ საქართველოში დიდი თავისუფლების «გზა განუმზადა უფალს, მისი ბილიკები როგორც შეეძლო მოასწორა«, და რომელის სიმბოლოც როკი იყო.

რას ვიფიქრებდი. რომ 21 საუკუნის პირველ ათწლეულში ამ „მოსწორებულ" გზას ჩემი და მომდევნო თაობების მელურსმნეები უნიფორმიანი ჭიანჭველებივით შეესეოდნენ და მკაცრად გააკონტროლებდნენ, წითელ ზოლიან შლაგბეუმებს დადგავდნენ ყოველ ნაბიჯზე, ბუტბუტით წარმოსათქმელი ლითურგიული პაროლის უცოდინრებს, ნაბიჯს არსად გადაგვადგმევინებდნენ.

ჩვენ მაშინ ვიცოდით, რომ ქრისტიანები ვიყავით, და ეს საკმარისი იყო იმისათვის. რომ მიუხედავად ბერლინის კედლისა, მსოფლიოს იმ ნაწილთან ვისაც იესოს აღდგომის სჯერა, ანუ დასავლეთთან ბევრად უფრო ახლოს გვეგრძნო თავი, ვიდრე დღეს, მიუხედავად ჩვენი ევროპაში ინტეგრაციისათვის დაუღალავად მოფუსფუსე ამდენი უცხოელი და ქართველი სახელოვანი მელურსმნე ფუნქციონერებისა, „სამთავრობო და არასამთავრობო ლიბერალების" ბეჯითი შრომისა.

მე ერთნაირად მიჩუყდებოდა გული მართლმადიდებელი მღვდლებისა და თბილისში ერთად ერთი კათოლიკე პასტორის დანახვაზე, და დღემდე ასე ვარ. მღვდლების დანახვაზე გამუდმებით პასკაში ჩარჭობილი ბებიაჩემს ჩამოქნილი დაგრეხილი სანთლები მახსენდება. აგრეთვე ის, რომ ჩემი სახლიდან სკოლისკენ მიმავალ გზაზე ორი ეკლესია იყო თითქმის გვერდიგვერდ, რუსული და კათოლიკური, ამ უკანასკნელში ორღანის მოსასმენად და გასათბობად შევდიოდით ხოლმე მე და ჩემი ერთი მეგობარი, გია მაღალაშვილი. რუსულში კი ოქროსფერი ხატების საყურებლად, რომლებიც მართლა ოქროსი გვეგონა. გარდა ამისა, ყოველ დილას პირველი, რასაც ვხედავდი ჩემი ფანჯრიდან მთაწმინდის მამა დავითის ეკლესია იყო. სამივე ეკლესია ყოველთვის ცარიელი და რატომღაც სულ დათოვლილი მახსოვს( საერთოდ– რატომღაც ჩემს ბავშვობის თბილისი თითქოს სულ დათოვლილი იყო, მგონი ზაფხულშიც).

მოგვიანებით, 80 იანი წლების დასაწყისში ბეთანიის მონასტერში, მამა იოანესთან დავდიოდი ხშირად ჩემს მეგობარ მხატვარ ლუკა ლასარეიშვილთან ერთად და იქ რამოდენიმე დღე ვრჩებოდით ხოლმე. ფეხით მივდიოდით წყნეთიდან 12 კილომეტრს– მაშინინ იქ გზა არ იყო, არც სინათლე.

ერთხელ დანგრეული სამრეკლო აღვადგინეთ, ექვსნი თუ შვიდნი ვიყავით. გია ბადურაშვილი, თემურ ტომარაძე , გოგა ხაინდრავა,გია ფაილოძე, ლადო ბურდული, ლუკა... ერთ საღამოს ვახშმობისას მორჩილი გურამი დაბრუნდა თბილისიდან და გვითხრა, ბრეჟნევი მოკვდაო.
ლეონიდ ილიას–ძე ბრეჟნევი

სურეალისტური სცენა იყო. ქონის სანთლების და ლამფის შუქზე ბერებთან ერთად ლობიოს ვჭამდით, და უცებ „უკვდავი" ბრეჟნევი მოკვდა.
იოანემ პირჯვარი გადაისახა და წყნარად თქვა:
–საწყალი, თავისით ისკუპა.
–სად ისკუპა? კითხა ვიღაცამ .
–ცხელ ტაფაზე. – ისევ პირჯვარი გადაისახა, ჩვენც დიდი ამბით მივბაძეთ.

წარმოუდგენელი იყო. ბრეჟნევის სიკვდილს ბეთანიის მონასტერში შევესწარი, და ცხელი ტაფიდან მისი სულის გამოსახსნელად პირჯვარიც კი გადავისახე. თუმცა გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ ჩემი პირჯვარი ვერაფერში დაეხმარებოდა.
ბეთანიის მონასტერი ერთ ერთი ყველაზე თბილი მოგონებაა ჩემი ახალგაზრდობიდან. იქ ყველგან იმ სანთლების სუნი იდგა, რომელსაც ბებიაჩემი წელიწადში ერთხელ სააღდგომოდ ჩამოქნიდა ხოლმე. არასოდეს გამიგია იქ ისეთ თემებზე საუბარი, რომელთა მსგავსს დღეს ვისმენ– ჯვაროსნებად გადაქცეულ მაშინდელი პარტიული მუშაკებისა და კანდიდატებისაგან, აგრეთვე მათ გარშემო მოფარფატე და მონოტონურად მოზუზუნე ენთუზისტებისაგან.

80 – იან წლების დასაწყისში სიონის ეზოში პირველი მელურსმნე თავშალიანი ქალები გამოჩნდნენ, ისინი მრევლის მომატებასთან ერთად, თავიანთი შენიშვნებით თითქოს დღითიდღე უფრო აქტიურნი და აგრესიულნი ხდებოდნენ: განსაკუთრებით გოგოებს ერჩოდნენ, მათ ჩაცმის მანერას.

მერე თანდათან დატუქსვის დიაპაზონი გააფართოვეს: შეეძლოთ ერთი ამბავი აეტეხათ სიცილის ან ეკლესიის ეზოში სიგარეტზე მოკიდების გამო, საერთოდ ათასი რამის გამო– მოკლედ წესრიგს ამყარებდნენ, თანაც გამუდმებით ფართო პირჯვარს იწერდნენ – თითქოს ვიღაცის ჯინაზე, რაღაც განსაკუთრებული, რაღაც ერთგვარი ეგზიბისიონისტური აგრესიული გულმოდგინებით.

გორბაჩოვის მოსვლის შემდეგ, როდესაც მრევლის რაოდენობამ საოცარი სისწრაფით მოიმატა, ენთუზიასტებმა სულ აიწყვიტეს, თითქოს რაღაც ფუნქციაც კი დაეკისრათ, მხოლოდ ამ ფუნქციას სახელი სულ ახლახანს მოვუძებნე, როდესაც ჩემმა შვილმა პირველი მელურსმნე დახატა.
«თავისუფლების დამთრგუნველთა« ახალი ტიპის ჩანასახმა ნელნელა ნაკვთები შეიძინა.
9 აპრილმა და ანთებული სანთლებით ხელში, მუშტმოღერებულმა მამაო ჩვენოს "სექტანტური" რიტუალური კოლექტიური ბღავილის ტრადიციამ, ქალების მიერ ყელმოღერებული ღვთისმშობლის ხატების თეატრალურმა ეროვნულმა „სუბკულტურამ" პირველი „რეპეტიცია" სწორედ იმ დღეებში გაიარა და სულ რამოდენიმე კვირაში თბილისელები, და მერე მთელი საქართველო ამ უნიჭო ტრაგი–კომედიის პროფესიონალ ფიგურანტებად გადააქცია.

მელურსმნეების ეს პირველი სერიოზული გამარჯვება მოგვიანებით, სამოქალაქო ომის დროს მათ რენესანსად გადაიქცა.

ამ ომს მე თავად არ შევსწრებივარ, მაგრამ სამაგიეროდ ომამდე ორი თვით ადრე ტელევიზიისა და მთავრობის სასახლის წინ დაბანაკებული სიძულვილით კბილებამდე შეიარაღებული ადამიანები მყავს ნანახი, აგრეთვე მათ გარშემო მოფუსფუსე მელურსმნეები, რომლებიც , პირველივე გასროლის სემდეგ სადღაც გაქრნენ, მერე ისევ მოიკრიფეს გაბედულება და სახლის კუთხეებიდან ცხვირები გამოყვეს: კიტოვანის რომელიმე ბრიყვის მიერ ყოჩაღად ნასროლ ყუმბარას აპლოდისმენტებს უმართავდნენ. ეს უკვე ტელევიზიით ვნახე.

მაშინ დაწყებულმა მძიმე არტილერიულმა და და მსუბუქმა წყევლა კრულვამ დღეს ბევრად უფრო გამძვინვარებული, მხოლოდ რაფინირებული ფორმა მიიღო.

ნამდვილი კურიოზია: დღეს შეუდარებლად ბევრი მორწმუნეა საქართველოში ვიდრე სსრკ–ს აგონიისას, არასოდეს ქართული მართლმადიდებული ეკლესია ასე ძლიერი არ ყოფილა, როგორც ჩვენს რევოლუციურ ეპოქაში, სიძულვილი კი გაცილებით მეტია ადამიანებს შორის, ვიდრე ჩემს წითელ წარსულში. სიძულვილი ყოველივე უცხოს, გარე სამყაროს მიმართ, ასევე მოყვასის, შინაურის მიმართ.

არ ვიცი დაუსვამს თუ არა ეს კითხვა ქართულ ეკლესიას თავისი მოღვაწეობის გათვალისწინებით, თუ შეპარვია ეჭვი, რომ იქნებ ამ საყოველთაო სიძულვილში მას ისეთივე პასუხისმგებლობა აქვს ასაღები, როგორც სიყვარულში?

როგორ ხდება, რომ ჩვენ, მართლმორწმუნე მართლმადიდებლები სხვისი ღმერთის სიძულვილში უფრო ხალისით ვერთიანდებით, ვიდრე საკუთარი ღმერთის სიყვარულში და ამას ქრისტიანობას ვუწოდებთ?

როდესაც პირველად, 1995 წელს, თბილისში დაბრუნებულს შუა საუკუნეების ესპანურ ინკვიზიციაზე "დაყრდნობით" აპოკალიპტური საშინელებები მომიყვნენ თანამედროვე კათოლიკური ეკლესიის შესახებ, ვიფიქრე, რომ ეს მხოლოდ ზოგიერთი ჩემი ცალკეული ნაცნობის რაღაც მარგინალური გულუბრყვილობა იყო. სამწუხაროდ მას შემდეგ ყოველ ჩამოსვლაზე ანტიკათოლიკე «მელურსმნეები« საოცარი სისწრაფით გამრავლდნენ ისევე, როგორც ახალი ეკლესიები როგორც მათხოვრები, მღვდლები, როგორც ტყუილი, პროსტიტუცია, ლიცემერია, ცინიზმი.

დღევანდელი ნამდვილი მართლმადიდებლური რენესანსის პირობებში, საქართველო ჩემი აზრით ყველაზე არაქრისტიანულია თავისი არსებობის, ყოველ შემთხვევაში იმ არსებობის მანძილზე რომელიც მე მახსოვს. და ეს, ჩემი აზრით სწორედ აგრესიული ანტიეკუმენისტური პოლიტიკის შედეგი, მელურსმნეთა ბრწინვალე გამარჯვებაა! რომელსაც მათ საფუძველი ქართული ეკლესიის მსოფლიო ეკლესიათა საბჭოდან გამოსვლისას ჩაუყარეს.
ჩვენ თვით მართლმადიდებლურ სამყაროსაც ეჭვის თვალით ვუყურებთ, სომხური გრიგორიანეული ეკლესიასავით რაღაც ცალკე კონფესიად ჩამოვყალიბდით, რადგან არა თუ საერთოდ ქრისტიანების, არამედ მართლმადიდებლების შეცდომების პასუხისმგებლობის გაზიარებაც კი არ გვინდა, მაგალითად რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ მოწყობილი ბარბაროსული ინკვიზიციის გამო სტაროვერების მიმართ, თანაც იმ დროს, როცა ევროპული ინკვიზიცია კარგა ხნის დამთავრებული იყო.

შეგახსენებთ, რომ თუ კი კათოლიკები სასამართლოს პაროდიას მაინც აწყობდნენ, რუსები ამისათვის თავს არ იწუხებდნენ, პატრიარქ ნიკონის ბრძანებით მთელ სოფლებს ბუგავდნენ ეკლესიებში გამოკეტილებს დედაბუდიანად, ქალიან ბავშვიანად , რადგან მათ, ძველი წესების «სტარო ობრიადის‘’ მართლმადიდებლებს არ სურდათ ნიკონის მიერ ძველი რიტუალების ბერძნულ ყაიდით შეცვლა, წიგნების თავიდან გადაწერა.

რამოდენიმე წლის წინ სტაროვერების შესახებ ფილმზე მომიწია მუშაობამ დოკუმენტალისტად, ჩემთვის დიდი სურპრიზი იყო რუსი მართლმადიდებლებისა და ესპანელი ინკვიზიტორებს შორის პარალელების პოვნა .
რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სისასტიკე არაფრით ჩამოუვარდება ევროპულ კათოლიკურ ინკვიზიციას, და ხშირ შემთხვევაში ბევრად აჭარბებს თავისი ბარბაროსობით.
90 იან წლებში ბოსნიაში ომის დროს, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი პარიზის სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიის შესასვლელში კედელზე გაკული განცხადებები ბოსნიელი მუსულმანების ფიზიკურად განადგურების მოწოდებებით.
იმავე წელს ერთი ნაცნობი დოკუმენტალისტის გადაღებული სამუშაო კადრები ვნახე მონტაჟისას, რომელიც ფილმში არ მოხვდა სიასტიკის გამო, სადაც კალაშნიკოვიანი სერბი მართლმადიდებელი მღვდლები ცინიკური კომენტარებით ამაყად დააბიჯებენ ბოსნიელი მოხუცების, ქალებისა და ბავშვების გვამებს შორის – ისინი მსოფლიოს მუსულმანური ჭირისაგან ათავისუფლებდნენ.

ძალიან მალე დაგვავიწყდა რომ ჩვენი ყველაზე დიდი პოეტის, რუსთაველის ერთად ერთი ფრესკა, კათოლიკე, ევანგელისტმა, ან იეღოველმა კი არა, სწორედ მსოფლიოში ერთ–ერთმა ყველაზე „გააფთრებულმა" მართლმადიდებელმა ერთმორწმუნე ბერძნმა ბერებმა გაფხიკეს. სწორედ ისეთი შემართებით, როგორითაც ასევე ერთმორწმუნე რუსები ბევრად უფრო ადრე ქართული ეკლესია მონასტრებს კირით ათეთრებდნენ და ძარცვავდნენ.

ჩვენ ვერ ვხვდებით რომ ჩვენს ერთმორწმუნეთა დანაშაულებბრივი პასუხისმგებლობა ქართველმა მართლმადიდებლებმა ისევე უნდა ვზიდოთ, როგორც ღარიბმა ფილიპინელმა კათოლიკე მეთევზემ, ესპანური ინკვიზიცის სისხლიანი ცოდვები, და რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ შესაძლოა არაფერი სმენია, დილას და საღამოს პირჯვარის კათოლიკურ ყაიდაზე– მარცხნიდან მარჯვნივ გადაწერის გამო. ჩვენ პირდაპირ ჯოჯოხეში, სწორედ ესპანელი ინკვიზიტორებთ სავსე მოთუხთუხე კუპრის ქვაბში ვამწესებთ.
ჩვენთვის მოყვასი, რომლის სიყვარულიც ასე გვთხოვა იესომ, რომლის გამოც ჯვარეზე გაეკრა, მხოლოდ ქართველია, აუცილებლად მართლდმადიდებელი, და ისიც მხოლოდ მარხვის დღეებში, წლის დანარჩენ „სიძულვილით ხსნილ დღეებში« კი იესო და მისი სწავლება თავისი ათი მომაკვდინებელი ცოდვის შესახებ – კარგ ამინდში გამოუსადეგარი ძვირფასი «დუბლიონკასავით« ნაფტალინში გვაქვს შენახული.

1972 წელს, 13 წლის ასაკში ჩემში, ისევე როგორც ჩემი თაობის ბევრ თბილისელში ერთდროულად თავისუფლების სიმბოლოდ შემოსული იესოც და როკიც, ჩემთვის ისევ თავისუფლების სიმბოლოებად დარჩნენ დღემდე, სამწუხაროდ ისევ „ანდერგრაუნდში", როგორც მაშინ გორკის კლუბის გაყინულ პარკში.

როკი საქართველოში ისევე არ შესდგა, როგორც ახალი, ხელმეორედ გაქრისტიანება. პირველი ვარდისფერმა ახალგაზრდა მელურსმნეებმა ბრჭყვიალა სარკეებიან ბურთში ჩატენეს და „ეროვნული დისკოთეკის" ჭერში ჩამოკიდეს. მეორეს– იესოს, ფსევდო მართლმადიდებელმა მელურსმნეებმა პროკურორის ფუნქცია მიანიჭეს, ზეცა რაღაც პენიტენციალურ ზონად გამოაცხადეს, ცხოვრება კი ერთგვარ გამუდმებულ მორალური სასამართლო პროცესის სევდიან ფარსად აქციეს, სადაც დაცვის უფლებააყრილი გამუდმებით ბრალდებულის გალიაში ხარ უადვოკატოდ გამოკეტილი. ამ პროცესიდან ერთად ერთი გზა ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს სადაც მიდის.

ვინ ვართ დღეს ჩვენ, ქრისტიანები თუ მხოლოდ მართლმადიდებლები? რა გვაერთიანებს– იესოს "სისხლი და ხორცი«, თუ პირდაპირი მნიშვნელობით რეფლექსური ნერწყვმომდგარი ლტოლვა ამ სისხლისა და ხორცისაკენ ?– ჩვენ მას მხოლოდ სიმბოლურად ვუსინჯავთ გემოს ზიარებისას, თუ ცვრიანი მწვადივით მადიანად შევექცევით. იქნებ მისი გემო მადას აღგვიძრავს, და გვაეჭვიანებს როგორც ქოფაკ ძაღლს სისხლიანი ხორცის თქვლეფისას, რომელიც იმის შიშით, რომ გემრიელ ლუკმას ვინმე წაართმევს საკუთარ პატრონს გამოჭამს ყელს…

სამწუხაროთ ხშირად სწორედ ამ ქოფაკი ძაღლებივით ვიქცვით. მხოლოდ პირდაპირი გაგებით ჯერ ყელს არავის ვღადრით. საქართველოში რელიგიური ნიშნით ჯერ სერიოზული ძალადობა არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით გასულ წელს ჰალოუინზე მსუბუქად ნაცემ რამდენიმე ახალგაზრდას, და ორ პატარა მშიშარა ანონიმ ვიდეოპირატის კომიკურ დაკავებას სამი–ოთხი საათით .

მართალია საქართველომ ბოლო თვეების მანძილზე საკუთარი თავისუფლების ძლევამოსილი ქალღმერთიც კი შეიძინა, რომელიც გმირულად უსვამს კითხვებს საზოგადოების"გარკვეულ ნაწილთან" ერთად პატრიარქს საკუთარი წარსულის შესახებ, მაგრამ მიუხედავად დიდი ‘’საფრთხისა’’ საბედნიეროდ, არც მას შეხებია ჯერ არავინ: საქართველო ხომ კურიოზების ქვეყანაა: ჩვენში სალმან რუშდი უფრო ძლიერი და საშიშია საზოგადოებისათვის ვიდრე აიათოლა.

ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია რა პასუხს ელოდებოდა „საზოგადოების ეს ნაწილი" პატრიარქისაგან, რომელსაც ეტყობა იუმორის გრძნობა არ ეყო პასუხ გაეცა იმ ავადსახსენებელი კითხვებისათვის. მაგალითად კგბ– სთან დაკავშირებულ კითხვის პასუხად, იმედი მაქვს პროტესტნტები არ ელოდნენ აღიარებით ჩვენებას ილიაII საგან, თითქოს და ის დიახაც, კგბს პოდპოლკოვნიკი ან კაპიტანი გახლავთ. ცხადია პასუხი უარყოფითი იქნებოდა.

მერე? რა იქნებოდა კითხვის მეორე ეტაპი?...ხომ არ დაიგინებდნენ გაჩეჩილაძესავით?.. როდესაც ასეთი მნიშვნელობის კითხვას სვამ, ხომ უნდა წარმოადგინო დოკუმენტაცია, თუ რა საფუძველი გაქვს ამისათვის?

ამბობენ 90 იან წლებში რომელიღაც ქართულ გაზეთში გამოქვეყნებულა დამადასტურებელი მასალა და "ამის" შესახებ ყველამ ყველაფერი იცის.. მე მაგალითად არ ვიცი– მაშინ არ ვცხოვრობდი საქართველოში და ქართულ მედიაზე ხელი არ მიმიწვდებოდა. თანაც, მით უმეტეს, თუ მასალების პოვნა ასე ადვილია, რამ შეუშალა ხელი კითხვარის ავტორებს დოკუმენტალურად გაემყარებინათ თავიანთი პრეტენზიები?
ჩემი აზრით ეს ისტორია არც თუ კარგ პრეცედენტს შექმნის: იქნებ სხვა დროს კიდევ შეიკრიბოს საზოგადოების სხვა ნაწილი, 200 კაცი და ვინმე ცნობილ ადამიანს ოფიციალურად ასეთი ტიპის კითხვა დაუსვას: იყავით თუ არა პედოფილი?
მით უმეტეს , მსგავსი პრეცედენტები უკვე მრავლად გვაქვს. ყველაზე ბრწყინვალე მაგალითი, "თავისუფალი ტელევიზიის" რუსთავი 2 ის ტელე სურეალიზმი გახლდათ შევარდნაძის კულტურის მინისტრის კანიბალობის შესახებ. გადაცემა, რომლის გულისთვისაც, ნებისმიერ მეტნაკლებად ადამიანის უფლებების პატივისმცემელ ქვეყანაში მის ავტორს სულ ცოტა, სამუდამოდ დაავიწყებდნენ, რომ ჟურნალისტია. ის კი პირიქით, ლამის ქართული ტელეჟურნალისტიკის სინდისის სიმბოლოდ გადააქცია ქართულმა პოსტრევოლუციურმა ოფიცალურმა მორალმა.

პატრიარქს რომ კგბ–სთან რაღაც დონეზე ურთიერთობა ექნებოდა, ამაში მეც არ მეპარება ეჭვი. მაგრამ რა ურთიერთობაზეა ლაპარაკი? ამ სისხლისმსმელი ორგანიზაციის მიერ ეკლესიის და საერთოდ ყველაფრის, მათ შორის ნებისმიერი წვრილმანის კონტროლზე, თუ მათთან კრიმინალურ პაქტზე, აგენტობაზე.. თუ უკანასკნელზეა ლაპარაკი, ამას დოკუმენტალურად გამაგრებული მტკიცებულებები სჭირდება და ამაზე დავა სულ ცოტა გულუბრყვილობაა, თუ არა შანტაჟი ან სახიფათო პროვოკაცია, რაშიც ასევე დიდი ენთუზიაზმითა და სიხარულით დაადანაშაულა ისინი საზოგადოების "მეორე'' ღვთისმოშიშმა ნაწილმა.

ჩემი მხრივ, კითხვარის ავტორებს, თუ ნებას მომცემდნენ უბრალოდ შევახესნებდი , რომ ხილულად თუ უხილავად კგბ ჩვენს "წარსულ" ცხოვრებაში ყველას ზურგსუკან იყო ატუზული ცელმომარჯვებული ლაბადიანი სიკვდილივით. ამიტომ თუ ისინი ყველას შემოწმებას აპირებენ ჯერ საკუთარი ოჯახებიდან დაიწყონ, რადგან დღევანდელი მოდური მითოლგია იმის შესახებ, რომ იმ დროს ნახევარი საქართველო დისიდენტი იყო მტკნარი სიცრუეა, მათი მშობლებს ისევე უწვდათ საბჭოთა სტრუქტურებთან ურთიერთობა, როგორც ილია II–ს . სხვანაირად ეკლესია უბრალოდ ვერ იარსებებდა, ისევე როგორც საზოგადოების "ამ ნაწილის" ოჯახები. ხოლო თუ ვინმეს კათალიკოსის შესახებ საბუთი გააჩნია, რომ ის ანონიმურ ან პირდაპირ მამხილებელ წერილებს წერდა ჩეკაში, ან სიონის ტაძრის "საიდუმლო ლაბირინთებში" ადამიანებს საკუთარი ხელით "პლაცკოგუბცით" ფრჩხილებს და კბილებს აძრობდა ჩვენებების მისაღებად, მაშინ არ მესის რატომ არ წარმოადგენენ ამ საბუთს, იმის ნაცვლათ რომ აბსოლუტურად გულუბრყვილო კითხვა დაუსვან. როდის იყო კგბ– ს აგენტი თავისით აღიარებდა საკუთარ კრიმინალურ წარსულს.

ეს გულუბრყვილო პროვოკაციას უფრო გავს ვიდრე სიბნელის განათების სერიოზულ მცდელობას, რადგან სიბნელეს სიბნელით ვერ გაანათებ.

ხშირად ისე ჩანს, თითქოს საზოგადოების ეს ნაწილი, სეკულარულ კი არა ათეისტურ საზოგადოებას აშენებს, მხოლოდ გამბედაობა არ ყოფნით საკუთარი ათეისტობა მაინც აღიაროს, და ამ იდეოლოგიით წარუდგინოს თავიანთი არგუმენტირებული პრეტენზიები მართლმადიდებლურ ეკლესიას. სხვანაირად, ასეთი გულუბრყვილო მაგრამ აგრესიული ლაშქრობები, თეოლოგიურად აბსოლუტურდ მოუმზადებელი ქართველი „ახალი მორწმუნეების" თვალში, სხვა არაფერია, თუ არა სეკულარული იდეის დისკრიმინაცია, ზუსტად ისევე, როგორც მართლმადიდებელ ჯვაროსან მშობელთ ლაშქრობები –ქრისტიანობის დისკრიმინაცია.

იმის ნაცვლად, რომ ყველა შესაძლო ფორმა ვიპოვოთ იმისათვის, რომ ადამიანები მიხვდნენ: რწმენა არ შეიძლება იყოს სხვისი რწმენის წინააღმდეგ მიმართული იარაღი. ჩვენ პირიქით ვიქცევით, დაახლოვებით იგივე მეთოდებით, როგორც ზემოთ ხსენებული „მშობლები" ჩვენი პროვინციული ინტელექტუალური სნობიზმით აგრესიას ვთესავთ იმ ადამიანებში ვინც ჩვენ არ გვეთანხმებიან.

ჩემი აზრით საზოგადოების ეს „ერთი ნაწილი", რომელსაც თავად უჭირს იყოს სეკულარული თავის საკუთარ ''სეკულარულ იდეაში" იმდენს იზავს, რომ საქართველოს ბოლოს და ბოლოს მართლაც "მართლმადიდებელ" თალიბების ქვეყანად გადააქცევს. მე არ მესმის რა არის მათი მთავარი მიზანი: ფარდა ახადონ პატრიარქის წარსულს, თუ ქართული საზოგადოება მართლაც მიმტევებელი გახადონ.

ვეჭვობ, რომ ანგარიშსწორებად ქცეული ლუსტრაციის მანიით შეპყრობილი ბევრი ქართველი ლიბერალსათვის, პირველი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ეს რომ ასე არ იყოს, ისინი პირველ რიგში ურთიერთობების გარკვევას ხელისუფლებისაგან დაიწყებდნენ, რომელსაც არც ნიჭი, არც ცოდნა და არც გამბედაობა ყოფნის ადამიანებს საკუთარი სეკულარობა დაანახოს. პირიქით, დროდადრო ის თავად შედის გარიგებაში ეკლესიასთან, და მას თვითონ რევს საკუთარ საქმეებში.

ნებისმიერი ეკლესია ნებისმიერ ეპოქაში მანამდე ერევა სახელმწიფო საქმეებში, სადამდეც მიუშვებენ, უფლებას მისცემენ, ეკლესიას დიდი ძალაუფლება აქვს, ამიტომ გვინდა თუ არ გვინდა ის პოლიტიკური სუბიექტია.

მისი პოლიტიკურობის ხარისხი კი სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს და არ უნდა ისპეკულანტოს ბიბლიით, როგორც ბირჟაზე საქმიანი ქაღალდების დასტით , რომლის ფასიც პოლიტიკური მოვლენების განვითარების მიხედვით ხან ზევით იწევს, ხან კი, ეკონომიური და პოლიტიკური დეპრესიისას, ეცემა. ასეთ დროს სახელმწიფო საქმიანი ქაღალდების თავიდან მოშორებას ცდილობს, ამისათვის ხან ლუსტრაციის კანონს იგონებს, ხან არასამთავრობო „ოფშორულ თავისუფლების სტრუქტურას" ქმნის თავისი ათეისტი ქალღმერთით, არასამთავრობო ქერუბინებითა და სერაფინებით.

ზედმეტია მოთხოვო ეკლესიას იყოს სეკულარული, როდესაც თავად ხელისუფლებასა აქვს ძალიან დიდი პრობლემა სეკულარიზმთან. ამის დასტურად ნებისმიერი რანგის ფუნქციონერების კაბინეტებში ხატებისა და ჯვრების კოლექციებიც საკმარისია, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მათ მიერ საგანგებოდ მოწყობილი რაღაც ‘’წითელი კუთხის’’ ტიპის დეკორაცია უფროა, ქართული ტვ–სამების მიკროფონიანი ანგელოსების მოულოდნელი თუ დაგეგმილი გამოცხადების შემთხვევისათვის. მხოლოდ ახალი დროების შესატყვისად „მართლმადიდებლურ" დიზაინში გადაწყვეტილი.

მარტო გოზინაყის ქურდობაზე დაჭერილი ბავშვივით დარცხვენილი პარლამენტის თავმჯდომარის დაუვიწყარი განცხადება რად ღირს, იმის შესახებ, რომ მის ცხოვრებაში ერთადერთი ადამიანი , ვის მიმართაც შურს გრძნობა გააჩნია, წმინდა მიწიდან ეკონომიკის მინისტრად მოვლენილი მოციქული ლაშა ჟვანია გახლდათ, რომელსაც ამხელა მადლი ერგო წილად– თხუთმეტი წელია აღდგომას იერუსალიმიდან ცეცხლი ჩამოაქვს.

რამდენადაც ვიცი ჟვანიამ მინისტრად დანიშვნის შემდეგაც არ მოიშალა წმინდა ცეცხლთან თამაში დავით ბაქრაძის გულზე გასახეთქათ, და მგონი ამიტომაც მოხსნეს, ყოველ შემთხვევაში რომელმა წმინდა მიწამ ჩაყლაპა მას შემდეგ არავინ იცის.

ან თუნდაც მეორე მაგალითი, არა მატრო მართლმადიდებლურ, არამედ საერთოდ ქრისტიანულ სამყაროში მონუმენტალური ფარისევლობის ნამდვილი ფეიერვერკი, უცნობისა და უგულავას არმაგედონისეული ტელეპატიური შერკინება სამების ტაძარში 26 მაისს.
ასეთი სცენის აღწერა ჩემი აზრით მხოლოდ მელ გიბსონის ეპიკურ კინემატოგრაფიულ ტალანტს თუ ძალუძს ( სხვათაშორის, კარგი იქნებოდა უკვე დაგვეწყო სამზადისი მისთვის ფილმის შეკვეთაზე. მით უმეტეს რომ ჩემი აზრით გიბსონი მომავალი შესაძლო პრეზიდენტის ყველანაირ სახეს მოერგება: განსაკუთრბით გაჩეჩილაძის შუასაუკუნეების გმირისას. მართალია უგულავას შესატყვისი ჯერ არაფერი უთამაშია, მაგრამ ტიპაჟი შეუძლია თემურ ჩხეიძის "რაიკომის მდივნიდან", ან 60–70 იანი წლების მდიდარი ქართული საბჭოთა კონო ფოლკლორიდან ისესხოს. მელ გიბსონი დასაკარგი კადრი არ არის.თანაც საქმეს წინ წავიგდებდით: ფილმი ხომ ყველა შემთხვევაში გადასაღები გვექნება ახალ პრეზიდენტზე).

ეს ორი მაგალითი მხოლოდ მცირე ილუსტრაციაა იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკა ხელისუფლებისა და მისი ოპოზიციის ჩათვლით ბევრად უფრო ხშირად ყოფს ცხვირს საეკლესიო საქმეებში ვიდრე პირიქით. აბა რა ეკონომიკის მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის საქმეა სასწაულ მოქმედი ცეცხლით ოლიმპიური მარათონელებივით აქეთ იქით სირბილი, ან– სამების ეკლესიაში დაბნეული და შეშინებული კათალიკოსის თვალწინ ქალქის მერისა და ოპოზიციის „პოპ ღვთაების" პროვოკაციული ჯამბაზობა რამოდენიმე ათასი გამოცდილ მელურსმნეთა კორდაბალეტის მონაწილეობით.
3.
საქართველო ტოტალურ ანარქიულ დაპირისპირებათა, კონფლიქტთა "მდიდარი" გამის ქვეყანად ჩამოყალიბდა. მე ვერ ვიხსენებ სხვა ისეთ ქვეყანას, სადაც ეთდროულად ამდენი განსხვავებული კონფლიქტი მიმდინარეობდეს, მით უმეტეს ისეთი უკიდურესად ისტერიული ფორმით, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვახასიათებს: პოლიტიკური, სოციალური, აღმსარებლობითი, ინტელექტუალური, კულტურული, ეთნიკური, სეპარატისტული... აგრეთვე საგარეო –სამხედრო კონფლიქტი რუსეთთან. თვით ყველაზე ცხელი აღმოსავლეთის კონფლიქტური ქვეყნებშიც კი,თუ ერაყელ შიიტებსა და სუნიტებს არ ჩავთვლით, დაპირისპირებულ მხარეებს რაღაც მცირედი მაინც აერთიანებთ...

21 საუკუნის გონებისათვის ჩვეულებრივი ლოგიკით გასაგებ პრობლემურ ქვეყანაზე მეტად, ჩვენი სამშობლო რაღაც ბიბლიური ბაბილონის თანამედროვე კავკასიურ მიზანსცენას უფრო წააგავს, სადაც ღმერთმა სხვადასხვა ენაზე მოყაყანე ბაბილონელებისაგან განსხვავებით, ადამიანები კიდევ უფრო მარტივი სისასტიკით დასაჯა– აქ დიდებულნიც და უბრალონიც, ღვთის მოშიშნიც და მისი სახელის მგმობელნიც – ყველა ერთ ენაზე ლაპარაკობს, და მაინც არაფერი ესმის ერთმანეთის, მათი "ქალაქი" ღმერთმა ჯოჯოხეთის ცხრა გარსის მეათე დანამატად გადააქცია, სადაც მხოლოდ მელურსმნეები გრძნობენ თავს ბედნიერად, ისიც იმიტომ რომ დროში და განწყობილებებში წანწალის შეუდარებელი უნარი აქვთ, აგრეთვე ქამელეონები არიან და როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნე, მათ ვერც სიკვდილი ამჩნევს და ვერც სიცოცხლე.
თუმცა, 19 საუკუნიდან მოყოლებული ფოტორაფიის, მოგვიანებით კი კინემატოგრაფის წყალობით მათი დოკუმენტურად დადასტურებული ვიზუალური კვალი მდიდარმა არქივებმა მაინც შემოგვინახა.

მაგალითად დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის საბოლოო „გამარჯვების" შემდეგ, საბჭოთა და მაშორის ქართულ კულტურაში "გაჩნდა" ეგრეთწოდებული „ჩაპაევის სინდრომი": ლეგენდარული წითელი მეთაურის მეომრები დემობილიზაციის შემდეგ წერა კითხვის ორ თვიანი კურსების ანუ ახლებულად სტაჟის გავლის შემდეგ კულტურის კომისრებად დაინიშნენ . ამან შედეგად რაც მოიტანა ყველამ კაგად ვიცით.
მართალია 30 იანი წლების რეპრესიები მთლიანად ორ ქართველ გაიძვერას დაბრალდა, მაგრამ სიმართლეს რომ თვალი გავუსწოროთ, „ჩაპაევის სინდრომით" შეპყრობილი კომისრების როლი მაინც უზარმაზარი იყო, მე ვიტყოდოი არანაკლები.

ეს სინდრომი განსაკუთრებული ენთუზიაზმით მაშინდელმა მელურსმნე ხელოვანებმაც აიტაცეს, რომლებიც საჯაროდ კიცხავდნენ ხალხის მტრებს, იაპონიისა და ბრიტანეთის შპიონ პოეტებს, მხატვრებს, განსაკუთრებით მორალური საბოტაჟისა და „საეჭვო ესთეტიკისა და იდეოლოგიის" მქონე ნამუშევრების ავტორებს .

როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნე, ჩემი თაობა საბჭოთა კონფორმიზმში ჩამოყალიბდა, დღევანდელ თაობა კი პოსტსაბჭოთა სისხლიან და ანჰიდრიდის სუნიან ბნელ სიძულვილში. მათ შორის პოლიტიკურ და „ინტელექტუალურ" ხელისუფლებაში მყოფნიც. ამიტომ ჩემთვის გასაკვირი არ არის მათი დაუნდობელი ხასიათი, მათი ჰუმანიზმის დეფიციტი ან ჩემს მიერ „აღმოჩენილი" ჩაპაევის სინდრომის გამოვლინება უამრავ ქართველ კულტურის მოღვაწესა და განსაკუთრებით ფუნქციონერში. განსაკუთრებით თუ დამატებით, მელურსმნეთა ეპოქიდან ეპოქაში უთავბოლო ხეტიალის წყალობით ვირუსების გავრცელების ზემოთ აღწერილ მეთოდს გავითვალისწინებთ.

როგორც უკვე აღვნიშნე, არქივებში უხვად მოიპოვება მასალები როგორც საბჭოთა, ისე უცხოელი. მაგალითად ჩინელი, იტალიელი, ფრანგი მელურსმნეების გამოსახულებით, რომლებიც აუცილებლად ესწრებიან ჩაპაევისა და სხვა კიდევ უფრო საშიში ვირუსით დაავადებული კომისრების მიერ მოწყობილ სისხლიან „პერფომანსებს".

თუმცა უნდა ითქვას რომ ამ ბოლო ათ წელიწადში ისინი განსაკუთრებით აღგზნებულნი და აქტიურნი არიან, ამიტომ გარდა ჩაპაევისა, კიდევ სხვა უამრავი პარაზიტი ზნე ჩვეულება ჩამოიტანეს ჩვენს ჰეროიკულ პოსტრევოლუციულ ეპოქაში: განსაკუთრებით 60, 70, 80 იანი ბედნიერი კომკავშირული წლებიდან, ზუსტად ისევე, როგორც კოლუმბის მეზღვაურებმა სიფილისი ХV საუკუნის ევროპაში.
video


გარკვეული მეთოდის შემუშავების შემდეგ, ამ არქივების გამოყენება საზოგადოების ყველაზე მძიმედ დაავადებული ნაწილის, ახალი თაობის პოლიტიკოსების მკურნალობისათვის , ჩემი აზრით სავსებით რეალურია.
აუდიო–ვიზუალური თერაპიის მეთოდი კი , ძალიან მარტივად, ფაქტიურად ბორჯეს–კუბრიკის „მექანიკური ფორთოხლის" მიხედვით შეიძლება შეიქმნას, მხოლოდ ცხადია "ალექსის" ნაცვლად იძულებით კინო–სეანსზე ქართველი თანამედროვე პოლიტიკური და ინტელექტუალი პარანოები უნდა დავსვათ გაკოჭილები და თვალებ დაჭყეტილები, თუნდაც იძულებით ვაყურებინოთ სპეციალურად შერჩეული არქივები, დოკუმენტალური და მხატვრული ფილმები, ძველი სატელევიზიო გადაცემები.
მექანიკური ფორთოხალი. სტენლი კუბრიკი

ვანახოთ საკუთარ „ვინტეიჯ" ვიდეო ანარეკლები, მოვასმენინოთ საკუთარი ხმა წარსულიდან, საკუთარი პრიმიტიული იდეები, ხუმრობები, პროპაგანდა... ვუჩვენოთ საბჭოთა ხელისუფლების უდიდეს წარმატებები 1917 წლი სევოლუციის 20 წლის თავზე: ისევე, როგორც დღეს, სსრკ–ს დანგრევიდან დანგრევიდან ოცი წლის თავზე , მაშინაც დაახლოვებით იგივე წარმატებებით იწონებდა მშრომელთა სამოთხე თავს: ქვეყნის ელექტროფიკაციით, პირველი საბჭოთა ტრაქტორებით, ბავშვთა სახლებით, ახალი სანატორიუმებით. პარკებით, კარუსელებით, ჩაისა და თამბაქოდ პლანტაციებით...
ეს ყველაფერი მართლაც არ არსებობდა რევოლუციამდე. აქ ბევრი სიმართლე იყო.
თუმცა "ავადმყოფებს" გამუდმებით უნდა შევახსენოთ ხოლმე, რომ ეს 1937 , დიდი რეპრესიების წელია... როდესაც ადამიანის უფლებებზე ფიქრიც კი სიკვდილით ისჯებოდა.
მსოფლიოც, საყოველთაო ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე ყველაზე ბარბაროსული ომისათვის ემზადებოდა.
ფიურერის ხორცშესხმული ოცნება:
პირველი გერმანული ავტობანი. 1939

1923 წელს ბენიტო მუსოლინიმ მსოფლიოში პირველი ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობა დაიწყო იტალიაში. მას ადოლფ ჰიტლერმაც მიბაძა 1938–ში…
ყველანი ერთნაირად საუბრობდნენ საკუთარ წარმატებებზე. გერმანელი და იტალიელი ფაშისტებიც და საბჭოთა კომუნისტებიც, ჩვენი გულუბრყვილო ახალგაზრდა პოლიტიკოსებისათვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა მოესმინათ ამ ადამიანების მიერ წარმოთქმული დაახლოვებით იგივე ფრაზები საკუთარ წარმატებებზე, რომლებითაც დღეს თვითონ 21 საუკუნის პროგრესისტები ქართველ მოსახლეობას ესაუბრებიან: ავტობანებზე, ბედნიერ ბავშვობაზე, მშენებარე ობიექტებზე, გარე და შიდა მტრებზე. ომის განუწყვეტელ რეალურ საშიშროებაზე, სამხედრო–პატრიოტულ აღზრდაზე…

მაგალითად ცნობილი „ლიდერი ყოველთვის მართალია"! არაფრით არ შემიძლია იგნორირება გავუკეთო მის „იდეოლოგიურად ძალზედ საეჭვო " იდენტურობას 20 იანი წლების იტალიურ «Il Duce ha sempre ragione» – „დუჩე ყოველთვს მართალია" –სთან. დუჩე – იტალიურად ნიშნავს წინამძღოლს, ხოლო თავის ლათინური ფესვებში – ხელმძღვანელს,მმართველს, მძღოლს... მოკლედ," ჩვენებურად" ლიდერს... რომელიც ყოველთვის მართალია!


ტექნოლოგიური და გარკვეული სახის სოციალური პროგრესი ტირანიის დამახასიათებელი შემადგენელი დეტალები, თუ გნებავთ ლურსმნებია. მაშინ მსოფლიო მართლაც ყველაზე საზარელი ომისაკენ მიექანებოდა დუჩესა და ჰიტლერის აშენებული ჩქაროსნული ავტობანებით, და მოგეხსენებათ, ძალიან სწრაფადაც მიაღწია კიდეც.

ტირანებს გულწრფელად მაგრამ თავისებურად უყვართ თავიანთი სამშობლო. ისინი ენერგიას, სახსრებს, და განსაკუთრებით ადამიანების სიცოცხლეს არ იშურებენ მისი "კეთილდღეობისათვის", მსხვერპლთშეწირვის იდეა მათ ეპოქის, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად აუცილებლად აერთიანებთ.

ისინი თვლიან, რომ მოსახლეობა იყოფა ორ ნაწილათ: მშრომელ, მუყაით ადამიანებათ და ზარმაც პარაზიტებათ. ზარმაცები უნდა გაისრისნონ!

ზარმაცებისა და პარაზიტების კატეგორიას კი თავად ადგენენ: ბოლშევიკებისათვის ეს ბურჟუები და კულაკები იყვნენ, ნაცისტებისათვის ებრაელები, ხეიბრები, ბოშები,ჰომოები ... ეს ყველა კატეგორია თავისი არსით გაჭრილი ვაშლივით წააგავს ერთმანეთს. რადგან ყოველთვის მოიძებნება ისეთი სოციალური კატეგორია, რომელიც საზოგადოების მუყაით ნაწილს ტვირთად აწვება ზურგზე. საქართველოში დღეს არსებობს ასეთი კატეგორიები და ეს შემაძრწუნებელია.

მე მახსოვს რამოდენიმე წლის წინ რუსთავი 2 ის ჟურნალისტის ასეთი კომენტარი: "ბავშვთა სახლის სახლის შემდეგ, ახალი წლის ღამეს, პრეზიდენტი კიდევ რამოდენიმე ობიექტზე გავა!" – რა იყო ეს, ჟურნალისტის სიბრიყვე, ცინიზმი თუ უბრალოდ სოციალური კატეგორიების ცივი აღწერა ?

როგორც ვატყობ კუბრიკის ალქსივით უტიფარ ღიმილიან ქართველ ახალი თაობის პოლიტიკოსებს, რომელთაგან ყველაზე „ხნიერებიც" კი ბრეჟნევის სიკვდილის დღეს სულ რაღაც 8_9 წლისანი იყვნენ, სსრკ– ს ტრაგედია მხოლოდ ჯინსებისა და „ჟვაჩკების" დეფიციტი გონიათ. ამიტომ მათ დღემდე არ ესმით რატომ ახსენდებათ ბევრის მნახველ უფროსებს, საქართველოს ხელისუფლების „პრო ევროპელი" აქტივისტების დანახვაზე, საზღვარგარეთ მიმავალ ტურ ჯგუფებთან მომუშავე „ოვირის" თარჯიმნები, ან კომკავშირის ცკ – ს ინსტრუქტორები. ვერ ხვდებიან, რატომ ვერაფრით ვერ დაემსგავსნენ თავიანთ დასავლელ ფუნქციონერ თანატოლებს, მიუხედავად მათი ამდენი ბეჯითი მცდელობისა. მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში ჰალსტუკებსაც კი ხან კლოუნებივით მსხვილად ნასკვავენ , ხან საბჭოთა დეპუტატებივით წვრილად... მაინც ვერავინ ახსნა 2007 წლის 7 ნოემბრს, დილა უთენია, რატომ დასდევდა უნიფორმის ფეტიშისტივით აღგზნებული ქალაქის საკრებულოს თანამშრომელი, ვინმე ბეგიშვილი დარცხვენილ პოლიციელებს რუსთაველზე „по русский без языка" საკოცნელად. ან ამის შემდეგ ჩინეთში რატომ „გადაასახლეს" ელჩად. იქნებ ჩინურ პოლიციასთან ახლო ურთიერთობების დასამყარებლად, მაოისტი პოლიციის შეუდარებელი მეთოდების საქართველოში დანერგვის მიზნით?.. ვინიცის.

video

რომ შემეძლოს, საბჭოთა ქრონიკების ჩვენებითა და მოსმენით, მე მათ ვაიძულებდი საკუთარი თავის იდენტიფიკაცია მოეხდინათ მათივე წინაპრებთან, ვაიძულებდი თავიდან მოეშორებინათ ეს გულუბრყვილო იდეა, საკუთარი თავის იზოლირებისა ჩვენი საერთო სასტიკი წითელი ისტორიული წარსულიდან, შევეცდებოდი ისინი განმეკურნა სხვა დროსა და სივრცეში გადასახლების ინფანტილური ობსესიისაგან, რადგან საკუთარი წარსულში საკუთარი თავის იდენტიფიცირების უნარს მოკლებული თაობა, ვერასოდეს ვერ შეძლებს ახალ ეპოქასთან იდენტიფიცირებას. ის ყოველთვის აცდენილი იქნება რეალობას: რადგან წარსული ისეთივე დროა, როგორც აწმყო და მომავალი. მისი გამოცალკევება და მტვრიან თაროზე შემოდება მეტაფიზიკურად არღვევს სამყაროს რომელშიც ცხოვრობ, და მას შეუძლებელს ხდის.

ამ თაობის სამყაროს ერთ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი კი საქართველოა, რომელიც მათ არც მეტად ეკუთვნით და არც ნაკლებად, ისევე, როგორც ამ მიწაზე დაბადებულ ნებისმიერ სხვა ადამიანს: მიუხედავად ეროვნების, რელიგიის, ნებისმიერ სექსუალური ორიენტაციის კუთნილებისა. ან, უკვე კარგა ხნის წინ მკვდარს, გამქრალს,თუ გნებავთ ჯერ კიდევ არ დაბადებულ ადამიანს... მათ შორის, "ჩაპაევის სინდრომით" შეპყრობილ 30 იანი წლების კულტურის კომისრებსაც, მათ თანამედროვე სოზებსაც , იმ ფეტიშისტ მელურსმნე ბეგიშვილსაც კი... და ცოტათი – მეც.

პრინციპში, მხატვარი , პოეტი და მსახიობი მელურსმნეების ნაკლებობასაც არასოდეს განვიცდიდით, თუმცა ჩემი ვარაუდით მათი სტილი მაინც უფრო მეტად უნდა დახვეწილიყო , დროსთან შესაბამისობაში, ცორტა ევროპულად რაფინირებული გამხდარიყო...
მაგრამ ახალი წლის წინა დღეებში სამხატვრო აკადემიის ფუნჯებით შეიარაღებულმა რექტორმა, იმედები უმოწყალოდ გამინადგურა. რუსთავი ორის რეპორტიორები–მელურსმნეები მას ძველი კეთილი საბჭოთა ტრადიციის მიხედვით სახელოსნოში ხატვის პროცესში ართმევენ ხოლმე ინტერვიუს.იმ დღეს, რექტორმა ისედაც მხილებულ ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს, რომლის ნაფეხურებს ალბათ რამოდენიმე წლის წინ სულ ია ვარდით ხატავდა და ქარგავდა, ისეთი მრისხანე ბოლშევიკური 70 წლის წინანდელი სტილის მხილება მოუწყო, რომ ნოღაიდელის ადგილზე მე პირდაპირ საკუთარი სურვილით ჩავბარდებოდი უშიშროების თანამშრომლებს. ზალიან საინტერესო საყურებელი და მოსასმენია, თუ როგორ დებს ბრალს მხატვარი ადამიანს სახელმწიფო ღალატში. დანაშაულში, რომელიც მის ახალგაზრდობაში დახვრეტით ისჯებოდა. ბევრ ქვეყანაში დღესაც სიკვდილით სჯიან მოღალატეებს. ხოლო იქ სადაც ჯალათების პროფესია სახელმწიფო დეკორატორებმა შეითავსეს, ხოლო პროკურორებისა არტისტებმა, რამოდენიმე ათეულ წლიანი პატიმრობით.

სხვა ხელოვანი მელურსმნეებიც აქტიურად ფუსფუსებდნენ ამ დღეებში, განსაკუთრებით ამასწინდელი ქუთაისური Big Bang ის, და თავიანთი კოლეგის ბერძენიშვილის თავს სიურპრიზად დამტყდარი უბედურების გამო. უცებ აღმაჩინეს რომ "მემორიალი მაინც უშნო იყო და სალაპარაკოდ არც ღირს, რომ ჯობია დაღუპულ დედა შვილზე ვიტიროთ''.
საერთოდ ძალიან ადამიანურები აღმოჩნდნენ, მხოლოდ თავიანთი თანამოძმესათვის, ბერძენიშვილისათვის მისამძიმრება არც უფიქრიათ, ეტყობა ემოციური შოკისაგან, დაავიწყდათ, რომ შვილის სიკვდილი, ვიღაცის ვულგარული აზრით „ხეიბარისა და შეუხედავისაც" კი ტრაგედიაა.

არა… ერთმა ახალგაზრდა «არასამთავრობო ლიბერალმა« მწერალმა კი დაწერა გაზეთ 24 საათში, რომ ასე არ შეიძლება,რომ ავტორი მაინც საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინათ, უნდა გაეფრთხილებინათ, რომ «ესთეტიურად და იდეოლოგიურად საეჭვო« მის ნამუშევარს უფეთქებდნენ… ესთეტიურად და იდეოლოგიურად საეჭვოს!…ღმერთო ჩემო! როგორ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე კიდევ გავიგონებდი საქართველოში სიტყვების ამ უბადრუკ მახინჯ კომბინაციას! ამ დაბრეცილ, ირიბ ბრალდებას... თანაც მწერლის მიერ წარმოთქმულს!– თითქმის 20 წლის სემდეგ სსრკს დანგრევიდან.

ეს ყველაფერი ხანდახან გაცოცხლებულ ფანტასტიკას ემსგავსება და მეჩვენება. რომ ქართველი მელურსმნეები მალე «იდეოლოგიურ ესტეტიურ’’ პოლიციას შექმნიან«, რომელიც გამოავლენს "საეჭვო იდეოლოგიის" კულტურის ძეგლებს, წიგნებს, ნახატებს და ადგილზე გაანადგურებს მათ.

მეჩვენება, რომ ფანტომი მელურსმნეები ბეჯითად ახორციელებენ ცხადში, რეი ბრედბერის "ფარენგეიტი 451°" –ს , ყოველ შემთხვევაში "საეჭვო იდეოლოგია–ესთეტიკის" შემცველი ნამუშევრების გამოვლენისათვის დიდი ენთუზიაზმით მოღვაწეობენ, რომ მერე გვერდით გადგნენ და პროფესიონალებს დაუთმონ ასპარეზი: პროფესიონალ პირომან მეხანძრეებსა და ამფეთქებლებს კი რა დალევს საქართველოში.

წარმომიდგენია რა სიამოვნებით ააფეთქებდნენ პიკასოს გერნიკას, მის მტრედებს მაკრატლით ფრთებს დააჭრიდნენ, დაწვავდნენ ბუნუელის, ეიზენშტეინის ფირებს, სარტრს, მაიაკოვსკის, ანდრე ბრეტონს, ლუი არაგონს, მიწასთან გაასწორებდნენ კორბუზიეს არქიტექტურას – ისინი ხომ ყველანი კომუნისტები, ანუ «საეჭვო იდეოლოგიის« მატარებალნი იყვნენ.

მე პირადად საქართველოში და თბილისში აღმართული ცხენიანი მეფეები, საერთოდ ქანდაკებების და მითუმეტეს ბიუსტების უმეტესობა სულაც არ მომწონს, ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის ძეგლების, ასევე ვაკის პარკიში " სტეფენ კინგის" პერსონაჟების კომპლექსის ჩათვლით. მით უმეტეს თავად ახალი მოდერნ არქიტექტურისა და მონუმენტალური ხელოვნების ისეთი "საეჭვო" ნიმუშები როგორიც არის მაგალითად ოქროს მამალო მერიის წინ, ოქროს საწმისიანი მედეა ბათუმში ან ოქროს პრომეთე. ალიევის მემორიალზეც არ ვგიჟდები მაინცა და მაინც, ასე მგონია, დემოკრატიული მოძმე აზერბაიჯანის დიდ შვილს, გეიდარ ალიევიჩ ალიევს შავი ოქროს მემორიალი, "ბენზოკალონკა" უფრო მოუხდებოდა.

ჩვენი სახლების, ჩვენი მშობლების, სასაფლაოებზე ჩვენი ბებიების და ბაბუების ქანდაკებებიან და მარმარილოზე კალკირებული ფოტოებიან "არაჩვეულებრივ გამოფენებზე"აღარაფერს ვამბობ ... ავაფეთქოთ, ტრაქტორები გადავატაროთ ვაკისა და საბურთალოს თვალუწვდენელ სასაფლაოებს. და იქ პრესტიჟული გამჭირვალე საცხოვრებელი უბანი დავაპროექტებინოთ ნიდერლანდ არქიტექტორებს. ბევერლი ჰილზე უფრო მაგარი. კუკია მოვაასფალტოთ და კავკაზ– დისნეი გავხსნათ, ხოლო მუხიანში ახალი ლას ვეგასი ავაშენოთ და ოფშორულ ზონად გამოვაცხადოთ...საერთოდ, ჩვენი დისკო ხელისუფლების ბრჭყვიალა გემოვნებიან სწრაფ გეგმებზე თვალყურის დევნება– არც ისე ადვილია. საახალწლოდ რამოდენიმე დღით ფარაონულ დისკოთეკად გადაკეთებული საქართველო ამის საუკეთესო დასტურია.

საფრანგეთში, მეორე ფრონტის რეგიონებში , ნორმანდიის, კალეს ყველა სოფელში დგას მემორიალი, ზოგი ისეთი საშინელებაა, მასთან შედარებით ბერძენიშვილის აფეთქებულ ნამუშევარი სიქსტის კაპელად მოგეჩვნებათ, მაგრამ გაბედეთ და თითი დააკარეთ რომელიმე მათგანს, მით უმეტეს ადმინისტრაციული შენობის აგების პრეტექსტით.

პარიზში. ჩემს სახლიდან არც ისე შორს . ქალაქის ცენტრში სევასტოპოლის ქუჩაა, რომელიც სათავეს ქალაქის გეოგრაფიულ ცენტრში, შატლეზე იღებს და აღმოსავლეთის ვაგზალთან მთავრდება, იქ კი, ახლოს სტალინგრადის მოედანია.ჰეროინის, კრაკის და საერთოდ ყველანაირი მძიმე ნარკოტიკის დილერების ‘’სამუშაო’’ადგილი. სტალინგრადის მოედანი მარსელშიც არის, ლილშიც, კიდევ ალბათ ბევრ სხვა ქალაქში და არა მარტო საფრანგეთის. ამ მოედნებს , ქუჩებს სახელებს არავინ უცვლის. მითუმეტეს არც აფეთქებს. მიუხედავად იმისა, რომ ომის მემორიალების უმეტესობა ნამდვილად უშნოა.

მერე რა თუ ვიღაცისათვის ქუთაისის მემორიალი "საეჭვო ესთეთიკისა" იყო.. მერე რა.. მემორიალი საფლავის ქვაა. საფლავის ქვები კი ყოველთვის უშნოა, და მათ ამის გამო არ აფეთქებენ. მახსოვრობას არ აფეთქებენ. ის თავისთავად ბუნებრივად უმტკივნეულოდ იხსნება, ზავდება დროში. (mémorial, memoir, მახსოვრობა).
რაც შეეხება ქართული "ბიგბენის", დიდი აფეთქების თეორიის იდეოლოგიური მხარეს – ის კიდევ უფრო უბადრუკად გამოიყურება ვიდრე "საეჭვო ესთეტიური" მხარე.
სტალინმა მეორე მსოფლიო ომს სამაულო ომი დაარქვა და ამით რუსებს ეროვნულობის შეგრძნება გაუღვიძა, რაც მისი აზრით აუცილებელი იყო საომრად. ისტორიული გმირები შეუქმნა, ეიზენშტეინს ალექსანდრე ნევსკი გადააღებინა… რუსებს დღემდე სიამოვნებით ჯერათ, რომ მეორე მსოფლიო ომი მათი– სამამულო იყო და ის მათ მოიგეს. როგორც ჩანს ამის ქართველებსაც ჯერათ, თანაც კიდევ უფრო მეტად ვიდრე სსრკს დროს.
.
ბრძოლები სევასტოპოლშიც და სტალინგრადშიც, არ იყო რუსული სამამულო ომის ფურცლები. ეს მსოფლიო ომი იყო და საქართველოს თავისი სისხლით აქვს ინვესტიცია გაკეთებული ამ ბრძოლებში. ამ ომში ყველა ყველასათვის იბრძოდა. ამერიკელები, ბრიტანელები ფრანგები, სსრკ– ს ერები. ეს ომი ძალიან კარგად ახსოვთ მსოფლიოში. ჩვენ კი მას იგნორირებას ვუკეთებთ, როგორც სხვის ომს და ამით დასავლეთთან დამაკავშირებელ ბოლო ისტორიულ საერთო ძაფებს ვწყვიტთ.

სულ რაღაც ორი თვის წინ საფრანგეთის საზოგადოებრივი არხის ფრანს 2 ს დაკვეთით ფრანგმა დოკუმენტალისტებმა, იზაბელ კლარკმა და დანიელ კოსტელმა
გადაიღეს ყველაზე გრანდიოზული დოკუმენტალური ფილმი მეორე მსოფლიო ომის შესახებ, სათაურით "აპოკალიფსი" ეს არის ექვსი ფილმისაგან შემდგარი 52 წუთიანი დოკუმენტური ფილმების სერია, რომელიც ნამდვილი მოვლენად გადაიქცა დასავლურ ტვ არხებზე. გარდა ტექნიკური ნოვაციებისა(ფილმში გამოყენებული არქივები რემასტერიზებული და გაფერადებულია. ასევე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ხმა)

ეს ფილმი მშვენიერი ილუსტრაციაა ზემოთ ნათქვამისა. ჩემი აზრით კარგი იქნებოდა ის შეეძინა და ეჩვენებინა საზოგადოებრივ არხს მაინც.
რამოდენიმე დღის წინ ერთმა ჩემმა რუსმა მეგობარმა დამიდასტურა, რომ ამ ფილმის ნახვით მთელი მისი წარმოდგენა მეორე მსოფლიო ომის შესახებ შეიცვალა, რომ ყველაფერი რაც ლენინგრადში სკოლაში ასწავლეს თავდაყირა დადგა, რომ ამ ომში ყველას თანაბრადა აქვს მონაწილეობა მიღებული. რომ

იყო კეთილი მხარე და ბოროტი– ანუ გერმანია თავისი მოკავშირეებით. და რომ საამაყოა როდესაც კეთილი მხარის სიაში უდავოდ ხარ, რადგან ეს უტყუარი დასტურია შენი ეროვნული ისტორიული მორალისა.

ამ კეთილ მხარეში საკუთარ როლის უნიკალურობის გაზვიადებას დღემდე ყველა ქვეყანა ცდილობს. ისინიც კი ვისაც პრინციპში სატრაბახო ბევრი არაფერი აქვთ.
მაგალითად საფრანგეთი ექვს წლიანი კოლაბორაციის შემდეგ, საქართველოზე ნაკლები ადამიანური დანაკარგით დღეს როგორც გამარჯვებული ქვეყანა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია. გამარჯვებულთა ამ აბსოლუტურად უსამართლო კლუბის მეორე წევრი ასევე გამარჯვებული რუსეთია, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 25 პროცენტი აქვს ოკუპირებული, აგრეთვე ჩვენი მფარველი ამერიკა, ბრიტანეთი... ისინი რუსეთს ვერაფერს ეუბნებიან, როდესაც ის ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დამკვირვებლებს პანჩურის კვრით აგდებს. არც არის გასაკვირი, რა თქმა უნდა, ყოფილი "თანამებრძოლები" არიან, ერთმანეთის სოლიდარულნი..მათ ხომ ომი მოიგეს! ჩვენთვის სისხლი დაღვარეს..

ჩვენ კი, რატომღაც საკუთარი სურვილით გამოვდივართ ამ «კეთილთა« კლუბიდან და რაღაც გაუგებარ პასიურ მდგომარებაში ვიყენებთ თავს ბალტიის ქვეყნებივით, რომლებსაც თავისი სრულიად განსხვავებული ისტორიული პოზიცია და მორალი გააჩნია ამ ომთან დაკავშირებით.

მე მეამაყება, რომ ქართველებს, ჩემს ოჯახის უახლოეს წევრებს იმდენივე ინვესტიცია აქვთ ჩადებული ევროპის განთავისუფლებაში რამდენიც ბრიტანელებს, ამერიკელებს, რუსებს. თუმცა არ ვთვლი რომ მაგალითად ფრანგებს, ან ბრიტანელებს ჩემი რაიმე მართებთ, პირიქით, მათ ისევე დაიცვეს საქართველო როგორც ქართველებმა ისინი. ქართველი პოლიტიკოსებისა და ინტელექტუალთა დიდი ნაწილის მოსმენის შედეგად ხშირად ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ საბჭოთა სკოლაში ან უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ ისტორიის წიგნი აღარ გადაუშლიათ. რომ ახალ თაობას ან საერთოდ არ ასწავლიან ისტორიას, ან საბჭოათა წიგნებით ასწავლიან, რადგან ჩვენი საკუთარი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელი აბსოლუტურად გაწითლებული დავტოვეთ, და დავივიწყეთ.
(განა აზრი აქვს პირველ მსოფლიო ომზე ლაპარაკს, სადაც ასევე უამრავი ქართველი დაიღუპა და რომლის შესახებ ფაქტიურად არავინ არაფერი იცის საქართველოში?)

მე არ მინახავს მეორე მსოფლიო ომში ქართველების მონაწილეობის შესახებ გადაღებული არც ერთი ახალი ქართული დოკუმენტური და მით უმეტეს მხატვრული ფილმი, დაწერილი წიგნი, ან რაიმე ნაშრომი. ეს მაშინ, როცა მეორე მსოფლიო ომი დღემდე ერთ ერთ ყველაზე აქტუალურ სიუჟეტად რჩება ევროულპულ ტელე არხებზე, მათ ხალხი შეუდარებლად უფრო დიდი ინტერესით უყურებს ვიდრე «საეჭვო ესთეთიკისა და იდეოლოგიის« მქონე დაბალი ხარისხის პროპაგანდისტულ პრეზიდენტთა ვიდეო პორტრეტებს.
ჩვენ კი უბრალოდ განზე ვდგებით ამ საერთო ისტორიიდან, და ჩვენს დამსახურებას სხვებს ვჩუქნით, აქტივში ვუწერთ. თავად მხოლოდ ბოდიშებს ვუხდით მსოფლიოს სტალინის ეთნიკური წარმომავლობის გამო.
გაეროს უშიშროების საბჭოს იმდენივე სისხლი მართებს ქართველებისა, რამდენიც რუსების. ჩვენ კი თითქოს გვცხვენია ამ ომში მონაწილეობისა.

დანამდვილებით ვიცი, ბევრ ჩვენთაგანს დღემდე ჯერა, თითქოს ნაცისტები ქართველებს რუსებისაგან გაანთავისუფლებდნენ და მერე… მერე აღარავინ იცის რა მოხდებოდა. დაახლოებით იგივე, რაც აფხაზებს დაემართათ რუსების მოტანილი «დამოუკიდებლობით«.

მაგრამ ამის დაჯერება არ გვინდა. არ გვინდა ვიფიქროთ, რომ სულ ცოტა ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს, ებრაელებს ისევე მოექცეოდნენ როგორც პოლინელ, უკრაინელ ევროპელ ებრაელებს მოექცნენ. გაზის კამერებისა და ღუმელების აშენება არც საქაართველოში გაუჭირდებოდათ…
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სიამოვნებით ჩაიცმევდა შავ მუნდირს და მიიღებდა ამ ბარბაროსობაში მონაწილეობას, როგორც ეს ევროპაში მოხდა. მითი, ქართველების მიერ ებრაელების განსაკუთრებულ მარადიულ სიყვარულზე აღარ იარსებებდა… მაგრამ ეს ცოტას თუ ანაღვლებს. და ეს მხოლოდ გაუნათლებლობის ბრალია.
სწორედ გაუნათლებლობის ბრალი იყო ბერძენიშვილის მემორიალის ასეთი დაუნდობელი ფორმით "ლიკვიდაცია" – მე ვიცი, რომ გადაწყვეტილების მიმღებებს სერიოზულად ჯერათ, რომ ეს საბჭოთა "საეჭვო იდეოლოგიის" მატარებელი მემორიალი იყო... მათ გარშემო მოფუსფუსე მელურსმნეებს კი არაფერიც არ ეგონათ, ისინი უბრალოდ ფუსფუსებდნენ, ისევე როგორც მოგვიანებით მკვდარი ბავშვის ცხედრის გარშემო…
4.
უცნაურია. ამდენი დღე გავიდა და ვერავინ გაიგო ვინ შეუკვეთა "საქამფეთ... – ს ეს ბეტონის "ფეიერვერკი"– კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, თუ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ლიმუზინში მელანქოლიური მოწყენილობის ჟამს?

ვინ იცის, ბერძენიშვილის მონუმენტის ადგილზე პარლამენტის ნაცვლად იქნებ მსოფლიოში ყველაზე დიდი, ხეოფსზე დიდი შუშის ან სულაც ბროლის პირამიდა აუგონ, საქართველოს მზეს, ორმოცს გადაცილებულ უკვე არც ისე ნორჩ ფარაონს, – დიდხანს აცოცხლონ თავისმა ბრჭყვიალა დისკო ღმერთებმა და ქალღმერთებმა, მაგრამ მარადიული არავინაა, ხომ იცით– ერთ დღეს ნამდვილად გამოადგება თავის სიცოცხლეიშივე მუმიფიცირებული სულის უკვდავსაყოფად. თორემ სხეული და გონება უკვე უკვდავყვეს რაფაელ გლუქსმანმა, ენდი გარსიამ, თომას დვორჟაკმა, ნინო კირთაძემ, და კიდევ ერთმა «სახელგანთქმულმა« ამერიკელმა დოკუმენტალისტმა, რომლის გვარი არ მახსოვს, და რომელსაც , როგორც კურიერმა რამოდენიმეჯერ გვაუწყა, მანამდე ცოცხალი კვენტინ ტარანტინო ყოლია ნანახი და გადაღებული.

ქართველი რამზესის სადიდებლად აგებული პირამიდა –ომში მისი ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში მის შესახებ შექმნილი ხუთი «შედევრის« ლოგიკური გვიგვინი გახდებოდა.

დარწმუნებული ვარ კულტურის სამინისტროს, რომელმაც სიტყვა კულტურას თავისი საბჭოთა (კულტი + ურა!) მნიშვნელობა დაუბრუნა – ღმერთის, ბიუჯეტისა და ამ ურა ხელოვნებაზე «გაგიჟებული« ქართველი ძუნწი ბიზნესმენების წყალობით საჭირო თანხის მოპოვება არ გაუჭირდება.

ამასობაში სამთავრობო და არასამთავრობო ლიბერალი ქურუმები და მელურსმნეები პატრიარქის საიდუმლო "წმინდა ქსელსაც" ახდიან ფარდას.
ჩვენი ეროვნული აგენტურა სამშობლოს ყველა მოღალატეს , რომელთა რიცხვი დღითი დღე საოცარი სისწრაფით მატულობს– აუცილებლად დაიჭერს, «ისეთ დღეს დააყრის, მკვდარიც კი აატირებს«. ამასობაში პუტინი და მედვედევიც ერთმანეთს დაჭამენ. ავღანისტანის "ზბორებიდან" დაბრუნებული ქართველი გმირები «ვერაგი მონღოლების მემკვიდრე ურდოს" კუდით ქვას ასროლინებენ, და ეს გასამხედროებულ –გაპატრიოტებული მოწყენილი საქართველოც ბოლოს და ბოლოს გაბრწყინდება, აბა რა ჯანდაბა დაემართება…

ამ გაბრწყინებულ საქართველოში მელურსმნეებსა და დეკორატორებს აღარც ტექნიკური პერსონალი დასჭირდებათ, და აღარც ჯალათები. იესოც, როგორც იდეა, თავისთავად დაკარგავს აქტუალობას და მას მხოლოდ "თანამედროვე გამოწვევების" შესაბამისი დეკორატიული სახე მიეცემა.

მამა გლუქსმანი "ლე მონდში" ალბათ ბრწყინვალე სტატია ნეკროლოგს გამოაქვეყნებს , შვილი რაფაელი მსოფლიოში ყველაზე უცნობილესი უცნობი ესპანელი არქიტექტორის აგებულ ამ გამჭირვალე ბროლის კულტ–მემორიალზე მოკლე მაგრამ სხარტ ეპიტაფიას წააწერს საქართველოს Charmante (მომხიბვლავი) , მაგრამ რეალობასთან შეუსაბამო ადესის ტკბილი სუნიანი წარსულის შესახებ – "მაგნუმის" მდიდარი კოლექციიდან ამოღებული ჩემი მეგობარი თომას დვორჟაკის ერთ ერთი გადიდებული შავთეთრი ფოტოს ქვეშ...

ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ცივი ფანტაზიაა – რეი ბრედბერის „ფარენგეიტი 451°" სტილში. თუმცა სრულიად რეალურად განხორციელებადი.

ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს წლებში საქართველო საბოლოოდ არ გადაიქცევა რელიგიურ, პოლიტიკურ, თუ სოციალურ დისნეი ლენდად, ცხოვრება –ლურსმნების ფაბრიკა– ატრაქციონად, ქართველები კი შიგ დასაქმებულ მელურსმნეებად...
იმედი ვიქონიოთ, რომ დროის ფანტომების ამ შემოსევას საქართველო როგორღაც გაუმკლავდება და დღევანდელი საკარნავალო ტაკიმასხარაობა, სიცოცხლის იმიტაცია –პოლიტკასთან, კულტურასთან, მორწმუნეებთან, ათეისტებთან ერთად – ასე თუ ისე ნამდვილ, არადეკორატიულ, ცოცხალ სახეს მიიღებს ისევე, როგორც ... იესო, ჯვარი, ჯალათები და ტექნიკური პერსონალი.

პაატა ქურდაძე
30. 12. 2009

დროშა. ზურაბ სუმბაძე (ფოტოგრაფი შალვა ხახანაშვილი)

P.S. ეს წერილი ბოლოა 2009 წელს ბლოგის საშუალებით გამოქვეყნებული ჩემი ხედვიდან საქართველოს შესახებ, სადაც სამი წელია, 2007 წლის ზაფხულის შემდეგ არ ვყოფილვარ.

თუმცა ეს არ არის მხოლოდ ომის შემდგომი ამ ურთულესი წლის ჩვეულებრივი ქრონიკა. მე სხვადასხვა მოვლენების ათვლის წერტილიდან ვცდილობდი განმეზოგადებინა საქართველოს მარადიული პრობლემები, და ისინი არ გამეხადა ერთ კონკრეტულ ისტორიულ მოვლენაზე, ან პოლიტიკურ პერსონაზე მიჯაჭვული.

ეს წერილები ახლო მომავალში გამოიცემა წიგნად, საერთო სათაურით:

"ფსიქოდელიური ქრონიკა.2009"

ეს არ იყო მხოლოდ აგრესიული კრიტიკა. პირიქით, თითქმის ყველა წერილში ვცდილობდი სწორედ აგრესიისა და მისი გამომწვევი მიზეზების პოვნას.
დიდი მადლობა ჩემს მკითხველს. რომელიც გაცილებით, მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა ვიდრე შემეძლო წარმომედგინა.
რომ არა მისი გამამხნევებელი გამოხმაურებები, ამ წერილების გამოქვეყნებას ალბათ მაისში შევწყვეტდი, სააკაშვილი–გლუქსმანის წიგნის,"მე თქვენ თავისუფლების შესახებ გესუბრებით"–ს კრიტიკის გამოქვეყნების შემდეგ.
იმედი მაქვს 2010 წელი ბევრ მიზეზს მომცემს ჩემს წერილებში უფრო მეტი ოპტიმიზმისათვის.

პ.ქ.

24 commentaires:

Paata KOURDADZE a dit…

მათთვის ვისაც კომენტარის დატოვება უჭირს!!!!
1)მას შემდეგ რაც აქ ჩაწერთ თქვენს ტექსტს
2)დააჭირეთ ჯერ მრგვალ პატარა ფანჯარას OpenID ის მარცხნივ
3)შემდეგ კი ასეთივეს Anonyme მარცხნივ
4)ბოლოს კი დიდ ყვითელ publier Commentaire
ან სხვანაირად:
დააჭიროთ Nom/URL და გაგეხსნებათ ორი ფანჯარა,ჩაწერეტ თქვენი სახელი Nom(Name ინგ)და დააჭირეთ დიდ ყვითელ PUBLIER COMMENTAIRE.
მადლობა წინასწარ ნებისმიერი გამოხმაურებისათვის.

პ.ქ.

ნინო ფურცხვანიძე a dit…

რა კომენტარი ჩავწერო?
ჩამივარდა ხმა და გავშეშდი და გავხმი.
ძალინ მძიმე და ძალიან მართალია ეს ყველაფერი.
ვაი მე!

უცხო a dit…

ეეჰ, ტრიუფო მაინც იყოს ცოცხალი.

Anonyme a dit…

პაატა,წერილი ძალიან მომეწონა, იმდენედ,რომ კიმენტარსაც ვერ ვაკეთებ.კარგი იდეა,წიგნის შესახებ, რომელიც კარგახანია მესმის კარგია თუ განხორციელდება. გისურვებ წარმატებებს.კეშა :))))

Anonyme a dit…

მინდა ყველა ქართველმა წაიკითხოს ეს, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ,რომელთა ბოლშევიკური პათოსი და პოლიტიკური სიმპატიები დღევანდელ საქართველოზე აუწერელი უსუსურობის განცდას ბადებს ჩემში და გამოუვალ პესიმიზმში მაგდებს- ჩვენ არაფერი გვეშველება....
მემგონი დღეს , ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი ყველაზე ნაკლებ "საშიშია"
', თუ მართლა საშიშროებად არ აქცევს მას დღეს საეჭვოდ დარაზმული ე.წ. ლიბერალები და ათეისტები...
ძალიან ბევრი სატკივარი ამიშალა თქვენმა ნაშრომმა, ბატონო პაატა,ჩვენი გადაგვარებული ზნეობის გამო, მაგრამ იმედია ღმერთი არ გაგვწირავს და ჩვენს ცოდვებს, ჩვენსავე თავსდატეხილი უბედურებებით გამოგვასყიდინებს-ღმერთი ხომ მაინცაა ამაბსურდულ ქვეყანაში ჭეშმარიტი!

Anonyme a dit…

madlobt. shemtxvevit movxvdi tkvens blogze, arc vici, vin xart, magram mainc madlobt. didi xania kartul enaze aseti kargi cerili ar camikitxavs.

Paata KOURDADZE a dit…

დიდი მადლობა

მარიამ გუჯეჯიანი a dit…

ბატონო პაატა, თქვენი რეგულარული მკითხველი და თაყვანისმცემელი გახლავართ. მადლობა თითოეული წერილისათვის!
უნდა მოგახსენოთ, რომ პატრიარქის მიმართ კითხვები (და ჩემთვის წარსულში უშიშროებასთან თანამშრომლობა ლოგიკურად გარდაუვალობის გამო მთავარი ნამდვილად არაა), დიდი ხანია თავში მიტრიალებდა და ჩემთვის ეს შანსი აღმოჩნდა, მითუმეტეს, რომ მისი ბოლოდროინდელი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ (სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ), მართლაც საეჭვოა ჩემთვის.
პირადად მე სწორედ საკუთარი ოჯახის წვერების საქმიანობის გარკვევით ჩავები ამ კამპანიაში. ჩემი მშობლები, დისიდენტები ნამდვილად არ ყოფილან ამიტომ შანსები 50/50 იყო. მაგრამ მათ დიდი უპირატესობა აქვთ (მამას ჰქონდა) - ისინი საჯაროდ არავის მოძღვრავენ…
გამოვეხმაურები წერილის ამ ნაწილსაც - “მე არ მესმის რა არის მათი მთავარი მიზანი: ფარდა ახადონ პატრიარქის წარსულს, თუ ქართული საზოგადოება მართლაც მიმტევებელი გახადონ.” - ვფიქრობ, ერთი მეორეს არ გამორიცხავს.
თქვენი ობიექტურობით ყოველთვის მოხიბლული ვარ და მიკვირს რატომ დაგავიწყდათ, რომ კითხვები ხელისუფლებასაც გაეგზავნა. ჩემთვის ხელისფულების მიმართ გაგზავნილი კითხვები ბევრად მნიშვნელოვანი იყო, ხელი კი ორივეზე მოვაწერე, რადგან ვთვლი, რომ ეკლესიისა და პატრიარქის თემა, ისევე როგორც ბევრი სხვა, ტაბუდადებული არ უნდა იყოს.
ეს მხოლოდ განმარტებისათვის დავწერე და არა თავის მართლების მიზნით. ძირითადად გეთანხმებით და ვთვლი, რომ აგრესია და მიუტევებლობა, რა მიზანსაც არ უნდა ემსახურებოდეს, მიუღებელია და ვწუხვარ, თუ ეს მიმართვა აგრესიულად იკითხება.
მაგრამ უახლოეს მომავალში განათლება თუ არ გახდა პრიორიტეტი, ჩვენი შვილების საქმე ცუდადაა.
პატივისცემით, მარიამ გუეჯიანი

Paata KOURDADZE a dit…

მარიამ, დიდი მადლობა კომენტარისათვის და კომპლიმენტისათვის.
შევეცდები გიპასუხოთ,
მე არ დამვიწყებია ხელისუფლების მისამართით დასმული კითხვები. ამ წერილში მე თავად ვუსვამ ხელისუფლებას დაახლოვებით იგივე ტიპის შეკითხვებს. მე მხოლოდ მომეჩვენა, რომ კითხვამ კგბსთან თანამშრომლობის შესახებ ყველა დანარჩენი გადაწონა,ამიტომაც გავამახვილე მასზე ყურადღება–ჩემი წერილის მიზანი არ იყო მიმართვის დეტალური ანალიზი.
თუ თვალს გადაავლებთ იმ რეაქციებს, რაც ამ კითხვარს მოჰყვა თავად დარწმუნდებით, რომ რეაქცია საზოგადოებაში მხოლოდ პატრიარქის კგბ სთან თანამშრომლობის შესახებ დასმულ კითხვას მოჰყვა, დანარჩენი კითხვები კი თითქოს მხოლოდ მის "გარნირად".
მე რა თქმა უნდა არც კითხვის დასმის წინააღმდეგი ვარ ვის მიმართაც არ უნდა იყოს ის დასმული. პირიქით ვთვლი, რომ საქართველოში არასაკმარისი კითხვები ისმება, თანაც ხშირად მოუმზადებელი და არასწორი აქცენტებით,რომლებსაც შედეგად მხოლოდ კითხვის დამსმელის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი მოაქვთ, როგორც ჩემი აზრით ამ შემთხვევაში –არ ვიცი რა შედეგი გამოიღო ამ აქციამ.ჩემი აზრით მან საზოგადოება მხოლოდ კიდევ უფრო აგრესიული გახადა. ყოველ შემთხვევაში აქედან ასე ჩანს. ხელისმომწერთა შორის ჩემი რამოდენიმე ნაცნობიც იყო, რომლებსაც მე პატივს ვცემ , არც მათ გონიერებაში მეპარება ეჭვი და არც კეთილსინდისიერებაში, ისევე როგორც სხვების, მათ შორს თქვენი.
რამოდენიმე დღის წინ,კავკასია ტვ ის ბარიერში ამ კითხვარის ავტორი ქალბატონი თუთბერიძე ზუსტად იგივე არგუმენტებს იშველიებდა ხელისუფლების პოზიციის დასაცავად ქართველ დამკვირებლებისა და მონიტის მოადგილეზე ამორტყმული პანჩურის ეპიზოდებზე "მსჯელობისას": თვლიდა
რომ ოპონენტების კითხვები მოუმზადებელი იყო, მტკცებულებების გარეშე. ანუ მისთვის მტკიცებულაბას არ წარმოადგენს ვიდეო და აუდიო ჩააწერები. რა გასაკვირია, რომ მე მას სიტყვაზე არ ვენდო როდესაც ის პატრიარქს დებს ბრალს, და მეტი არგუმენტი მოვთხოვო? მე ასევე არ ვენდობი მიხეილ სააკაშვილის კგბ ს ჯარში სამსახურის ამბავს, რადგან მიუხედავად ამ თემის "პოპულარობისა"არავის ამის დამადასტურებელი საბუთი ჯერ არ დაუდია. თუმცა არ სააკაშვილს დაუდია მისი უარმყოფელი საბუთი. ამიტომ თემა ჩემთვის გახსნილი რჩება, როგორც კათალიკოსის შემთხვევაში. ეს პინგ პონგი კი, კარგს არაფერს მიტანს. რადგან გამოდის, რომ პრეზიდენტიც და კათალიკოსიც კგბ –ს ყოფილი კადრია..

საქართველო დღეს რელიგიური ფსიქოზი სჭირს, ის ავად არის. ავადმყოფს კი მათრახით არ ცემენ. მას იკვლევენ და მკურნალობენ.ელექტროშოკის მეთოდმა ფსიქიატრიაში როგორც ვიცი მაინცა და მაინც არ გაამართლა.
გეთანხმებით, და ზედმეტი პათეტიკის გარეშე ღრმად მჯერა, რომ საქართველოს მხოლოდ განათლება გადაარჩენს წყვდიადისაგან, როომელშიც ის დღითიდღე უფრო და უფრო იძირება, უნდა გითხრათ, რომ განათლება ჩემი რელიგიაა.
პატივისცემით პაატა

მარიამ გუჯეჯიანი a dit…

ჩვენ ერთი რელიგიის მიმდევრები ვყოფილვართ:)

ვასო a dit…

ბატონო პაატა,
საშუალება რომ მქონდეს, ამ წერილს პროკლამაციების მსგავსად, მთელი საქართველოს თავზე გავფანტავდი, ხოლო ჩვენს ”პოლიტელიტას” და მათ თაყვანისმცემლებს, ”მექანიკური ფორთოხლის” გმირივით, გაკოჭილს და ფართოდ თვალებგახელილს, მის რამდენჯერმე წაკითხვას ვაიძულებდი.
დიდი მადლობა ამ წერილისთვის. იმედი მაქვს, წიგნად გამოცემული ეს წერილები საქართველოშიც გაიყიდება, და როგორც ბრძანებთ, მეც ვისურვებდი,რომ 2010 წელს თქვენს წერილებში მეტი ოპტიმიზმის მიზეზები მოეტანოს.

Anonyme a dit…

"1972 წელს, 13 წლის ასაკში ჩემში, ისევე როგორც ჩემი თაობის ბევრ თბილისელში ერთდროულად თავისუფლების სიმბოლოდ შემოსული იესოც და როკიც, ჩემთვის ისევ თავისუფლების სიმბოლოებად დარჩნენ დღემდე", ra saintereso Tanxvedraa xatia shiukashvilic daaxloebit ase cers, cignshi"back in the ussr"-Shi (black poems. me+ qriste+rok= harmonias (tavisuflebas. isic khshirad ambobs, rom ganatleba saxelmwifo religiad gamovacxadoto:-. shentvisac ganatleba religia kofila, "cvetshi" hgavxarT ertmanets, tyupebivit, nacerebit
momcons sheni cerilebi, gmadlob.

p.s axalgazrda mxatvrebi movdivart parisshi imedia gnaxavt

pativiscemit
lilita jokhadze

Paata KOURDADZE a dit…

გმადლობთ. უნდა გითხრათ, რომ ტყუპებივით "ცვეტში" საკუთარ ტყუპებსაც კი არ ვგავარ. ხატია შიუკაშვილის რამოდენიმე ნაწარმოები წაკითხული მაქვს, თუმცა არაეს წიგნი.არა მგონია ვგავდე.

ქრისტე, როკი და თავისუფლება, აგრეთვე განათლების რელიგიის რანგში აყვანა დიდი ხნის წინ გაცვეთილი ტექსტის ასაწყობი ჩვეულებრივი სტანდარტული ინსტრუმენტებია და არა რაიმე ორიგინალური კონცეფციები. ისევე როგორც back in the ussr, რომელიც სსრკს დაშლის შემდეგ უთვალავჯერ არის გამოყენებული ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში და მას კიდევ უთვალავჯერ გამოიყენებენ.
იმედი მაქვს ჩემს ტექსტებში და ასევე ხატია შიუკაშვილის წიგნშიც სხვა უფრო საინტერსოც არის, ვიდრე ეს საერთო ხმარებისათვის განკუთვნილი სტანდარტული ცნებები.
.
რა თქმა უნდა, თუ სურვილი გექნებათ და თუ პარიზში ვიქენი სიამოვნებით შეგხვდებით.

Anonyme a dit…

ver gamiget albat, vizualoba ar migulisxmia, blogze devs tkveni foto da arc chans rogor gamoiyurebit,me sxva ram vigulisxme, tundac intonacia. ar getanxmebit, rom es fraza, kriste, shen da rok, da amgvar frazebs vinme cers an axmovanebs, privatul tu sajaro saubrebshi. me arc momismenia da arc camikitxia sxvagan, ravici ak magis da kidev sxva ragaceebis gamo lamis chakoles shiukashvili, romelic chemi uaxloesi megobaria, da romelic bevrma megobarma miatova, bolo cignis gamocemis gamo.
p.s da parisshi eifelis koshktan dagvxvdebit? an rogor gicnot, xelshi jurnali "lemondi" gejirebat. ar vshakirob, arc mifikria, ubralod arvici, rogor dagkavshirdet.

pativiscemit
lilita jokhadze

Anonyme a dit…

kargia, rom tyupi dedmamishvilebi gyavt, anu arsebobs kidev tkveni oreuli.
lilita

Anonyme a dit…

paata. zalian mecineba da miharia shen ceriles rom vkithulob da rom carmovidgen es zombebi upro rom agresiulebi xdebian,magram sashishebi ar arian, mainc ar kithuloben da vinmes monayols tu moismenen,momyolis interpretaciit, prthilad iyavi.kaia photo ro ar gidevs shen blogze;)))kaia vigaca rom ganicdis ese sakartveloze,tundac shoridan. egre gaagrdzele! chiao

Paata KOURDADZE a dit…

ნუ მაშინებთ ისედაც შეშინებული ვარ...ვხუმრობ, რათქმა უნდა, არა მგონია ისეთ რამეს ვწერდე რომ აგრესია ვიწვევდე ვინმეში. მე არავის წინააღმდეგ არ გამოვსულვარ მოწოდებებით, ამ სიმპათიით, არც რომელიმე პოლიტიკურ ან ბიზნეს კლანთან არ ვიმყოფები კავშირში. მე მხოლოდ საზოგადოების შესახებ ვწერ დროდადრო. პოლიტიკოსები კი ამ საზიგადოების ისეთივე წევრები არიან როგორიც თქვენ, ძვირფასო უცნობო, ამიტომ ჩემი ბრალი არ არის თუ მათი ცოტათი დეგრადირებული ანარეკლიც ჩანს ჩემს წერილებში სხვებთან მ მათ შორის ჩემთან ერთდაც. ამასთან, პოლიტიკას არა მგონია საერთო მოცულობის 10 პროცენტზე მეტი ეჭიროსჩემი ნაწერებისა, და რაც უჭირავს, მასაც ვერაფრით ვერ დავარქმევთ პოლიტიკურ ანალიზს.
საერთოდ ძალიან "სნობი" ვარ იმისათვის, რომ ჩემს ასაკში, ჩემი ცხოვრების ერთი წელიწადი მთლიანად პოლიტიკოსებზე , მითუმეტეს ჩვენი პოლიტიკოსებზე წერისათვის გამემეტებინა. არა მგონია ვინმე რამეს მერჩოდეს,არც პარიზში და არც თბილისში. მაინც მადლობას მოგახსენებთ თანადგომისათვის.
პაატა ქუდაძე

Paata KOURDADZE a dit…

lilita – მე ტყუპი დედმამიშვილები კი არა შვილები მყავს– 14 წლის გოგონები. ჩემი ორეული კი მადლობა ღმერთს მგონი არ მყავს– მე ერთიც საკმარისსზე მეტი აღმოვჩნდი ჩემი ახლობლებისათვის.

ბლოგზე ჩემი ემაილის მისამართი დევს და შეგიძლიათ მომწეროთ თუ სურვილი გექნებათ ჩემი ნახვის საფრანგეთში ყოფნისას.

Anonyme a dit…

religiuri panatebis meshinia me. araa,vxumrob mec,ar meshinia. p.s. am lilitas kide ra unda,flirtia tu rame sxva ambavia?! ;)))

Anonyme a dit…

shesaniwnavia. laaaamis chemi toli gogoebi gyoliat.tumca me ukve 19 clis gavxdi. vnaxav mails da aucileblad mogcert. chven ufro oktombers an dekemberss vapirebt mandet camosvlas.
pativiscemit; lilita jokhadze

Paata KOURDADZE a dit…

ძვირფასო Anonyme, ეს ფლირტი არ არის, ნამდვილად "სხვა ამბავია", როგორც თქვენ წერთ, ახალგაზრდა მხატვრებს ჩემი გაცნობა სურდათ პარიზში შეხვედრისას.საერთოდ ინტერნეტში ფლირტი არასოდეს ყოფილა ჩემი გატაცება.

Anonyme a dit…

paata,tkvens tserilebs "shokoladshi' vkitxu.lob da zalian momtsons tkveni publitsisturi simtsvave. es tserilits dzalian sainteresoa.tsota gabrazebuli tsert,magram esets gasagebia..."melursmne" arachveulebrivi metaporaa.imis agsanishnavad,rasats tkven gulisxmobt, amaze uketes sitkvas verts moipikrebs katsi. me mgoni, kartulshi axali sitkva gachnda. Keti. tbilisi

Keti a dit…

დღეს პირველად ვნახე თქვენი ბლოგი და პირველივე წაკითხული სტატიით დიდი შთაბეჭდილების ქვეშ მოვექეცი..
მხოლოდ მადლობა მინდა, გითხრათ.

Anonyme a dit…

"მელურსმნეები" - მაგარი მეტაფორაა! პირველად "ცხელ შოკოლადში" წავიკითხე და ახლა ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ "შოკოლადში" შემოკლებული ვარიანტი დაიბეჭდა. მრავალშრიანი წერილია!
პატივისცემით,
ნენე