5 juin 2009

მომწესრიგებლები ...

(გაგრძელება, დასაწყისი )

სხვა საქართველო...









ამ წერილის პირველმა ნაწილმა აშკარა გაურკვევლობა შეიტანა ჩემს ბლოგში: ოპოზიციისადმი სიმპათიით განწყობილებმა პირველად ბლოგის არსებობის მანძილზე პატივი დამდეს და რამოდენიმე კომპლიმენტი გაიმეტეს. ზოგიერთმა მგონი თავიანთ რიგებშიც კი ჩამწერა.

პრეზიდენტის მომხრეთა ნაწილმა კრემლთან ჩემს არაპირდაპირ კავშირში შეიტანა ეჭვი, ერთმა ახლობელმა თბილისში წასვლა და უცნობის საკანში ჩაჯდომაც კი შემომთავაზა, თან ჩვენებური ტრადიციულად მდაბიური გესლიანი ფორმით: იმედი გამოთქვა რომ ძმები გაჩეჩილაძეები ამისათვის გზის ფულს გადამხდიან.


მათ ვინც თვლის, რომ დღეს, როდესაც რუსული ზარბაზნები ჩვენზეა დამიზნებული კრიტიკის დრო არ არის, ვეტყოდი, რომ ადამიანებს ასე რომ ეფიქრათ მაშინ კაცობრიობას იდიოტური სამხედრო საბრძოლო გეგმებისა მეტი წასაკითხი არაფერი დარჩებოდა , რადგან საუკუნეების მანძილზე კაცობრიობის ისტორია სისხლიანი ომების ისტორიაა. მადლობა ღმერთს რომ ზარბაზნების ქუხილის დროს წერისათვისას იცლიდა ზოგიერთი ჩემნაირი ''უმადური''. მე მათ ვურჩევდი დაანებონ თავი პრესასა და ტელევიზიას და ცოტა ძველ წიგნებსაც გადახედონ, ძველ მუსიკას მოუსმინონ, ძველ ფერწერას შეხედონ... გაიხსენონ რომ ადამიანები არიან და არა მოლოდ სამშობლოს დამცველი რკინის სათამაშო ჯარისკაცები.


თავიდანვე ვიტყვი, ჯერჯერობით გაჩეჩილაძეებს არაფერი შემოუთვაზებიათ. საერთოდ, ორივე მხარის გაწბილება მომიწევს: წერილის პირველი ნაწილი მხოლოდ კრიტიკა იყო საქართველოზე დაწერილი ერთი ცუდი წიგნისა და მეტი არაფერი. მე ამ წიგნს ალბათ ყურადღებასაც არ მივაქცევდი მას რომ საქართველოს პრეზიდენტი არ აწერდეს ხელს. და არა იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილს ჯიბრში ვუდგევარ: მე საქართველო მიყვარს თავისი პრეზიდენტებით, ოპოზიციონერებით, ყველა რანგის პოლიტიკოსით, გლეხებით, მძღოლებით, ბანდიტებით,არტისტებით, მუშებით, მეძავებით, უამრავი ჭკვიანი ადამიანით და კიდევ უფრო მეტი იდიოტით...თუმცა პატივის ცემისა რა მოგახსენოთ. უნდა ვაღიარო , მე მაინც იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, ვისთვისაც "ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას", ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ალბათ მეც ან საკანში , ან შუშებ ჩამუქებულ ჯიპში ვიჯდებოდი რეზინის კომბლით ხელში, სადმე რუსთაველის ტანჯული გამზირის მიმდებარე ქუჩებში ჩასაფრებული.


პრინციპში არც ერთ ჩემს ოპონენტს არ უთქვამს რომ წიგნი "მე თქვენ თავისუფლების შესახებ გესაუბრებით " კარგია.


მე არაფერი მომიგონია, ყველაფერი რაც ვთარგმნე, იქ ნამდვილად წერია და შემოწმებაზე ადვილი არაფერია: ამას ფრანგული ენის ასე თუ ისე მცოდნე ერთი ადამიანი სჭირდება.


ჩემი "დანაშაული" როგორც ჩანს არის ის, რომ დღეს ამ წიგნის კრიტიკით თურმე კრემლის აგენტების წისქვილზე ვასხამ წყალს. ამ "შედევრის" ავტორს რაფაელ გლუკსმანს კი დარწმუნებული ვარ ცოტა ხანში გორგასლის ორდერსაც ჩამოკიდებენ. თუ მან ჩემი კრიტიკის შესახებ რაიმე შეიტყო მოუბოდიშებენ და ეტყვიან რომ საქართველო ჩემნაირმა უმადურებმა დაღუპეს. თუმცა პრეზიდენტის ფრანგი თანაავტორის ნერვებს ჩემგან ამ ეტაპზე ჯერჯერობით წარმატებულად იცავენ ჩვენი საერთო მეგობრები: პირველად მოხდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავ საღამოზე 26 მაისს არ მიმიწვიეს. ჩემი აზრით, ერთად ერთი მიზეზის გამო: 26 მაისის საღამოს საქართველოს დამოუკიდებლობლობის დღისა და რაფაელის მამის, ფილოსოფოს ანდრე გლუკსმანისათვის საფრანგეთის უმაღლესი ჯოლდოს, საპატიო ლეგიონის ორდერის მინჭების აღსანიშნავად გამართულ ერთობლივი ფიესტაზე საქართველოს ახალბედა საზოგადო მოღვაწეს თვალში რომ არ გავჩხეროდი.


ეტყობა ჩემს კრიტიკას ღონისძიების ზოგიერთმა ორგანიზატორმა იმაზე მეტი მნიშვნელობა მიანიჭა, ვიდრე თავად რაფაელ გლუკსმანი მიანიჭებდა, და ამ ბანკეტს ისე მომარიდეს, როგორც ვიღაც ვულგარული ძველიბიჭი ხუთასკაციან ქორწილს. ან იქნებ პირიქით, შეეშინდათ რომ რაფაელი დათვრებოდა და დამჭრიდა? ( ვხუმრობ რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ფრანგ ქართველ საზოგადო მოღვაწეს ასეთი რამ ნამდვილად აზრად არ მოუვა).


ასეა თუ ისე, რა თქმა უნდა აქ მთავარი არც ეს საღამოა და არც ჩემი დროებითი, სულ ერთი საღამოთი პოლიტიკურ გასტრონომიული "მარგინალიზაცია''... ისედაც ძალიან განებივრებული ვარ პარიზულ ქართულ ღონისძიებებზე მიწვევებით, ამიტომ უმადურობა იქნებოდა ჩემი მხრიდან რაიმე პრეტენზიების გამოთქმა.


უფრო მეტიც, მთავარი არც რაფაელ გლუკსმანია, და არც პრეზიდენტი სააკაშვილი...
მთავარი უცხოელი "მეგობარი ექსპერტების" მიმართ ჩვენი ეროვნული პროვინციული ფეტიშიზმია, რომლის გამოც თანახმა ვართ ევროპისაკენ ჭრიალით მძიმედ მიმავალ ჩვენს ურემს ჯოხები გავურჭოთ ბორბლებში, თანაც ისეთი სახით, თითქოს ურმის დამუხრუჭება საცოდავი მშიერი გაძვალტყავებული ხარების ბრალი იყოს და მათ დრო და დრო შოლტს გადავუჭერთ ხოლმე .. თუმცა არა იმდენს რომ სული ამოხდეთ, მთლად ტალახში რომ არ ჩავრჩეთ...


ჩვენ სიტყვის თავისუფლება ხშირად მხოლოდ კანონმდებლობითა და კონსტიტუციით გამაგრებული რაღაც იურიდიული ტერმინი გვგონია . და არ გვინდა ვაღიაროთ რომ სიტყვის რეალური თავისუფლება ჩვენს ყოველდღიურობაში ისეთი შეზღუდული, ისეთი დაპატიმრებულია, ისეთი შეკრულია ფსევდო მორალური, პატრიოტული, ყალბი რელიგიური როგორიც გნებავთ ბორკილებით, რომ ვერანაირი კონსტიტუცია და მით უმეტეს ხელისუფლება მას ვერ გაანთავისუფლებს.


ჩვენ გვინდა რომ ჩვენს მაგივრად სხვებმა იფიქრონ.


დააკვირდით, თუნდაც საქართველოში მივლინებული ელჩების განსაკუთრებულ როლს ჩვენი პრობლემების გადაჭრაში. მათ გამუდმებით იწევენ ბრიფინგებზე ხან ხელისუფლება, ხან ოპოზოციური პარტიები. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება არბიტრი ვინც დაადგენს თუ ვინ არის მართალი... თუმცა ამ არბიტრს არასოდეს არავინ უჯერებს. სამაგიეროდ ისინი ამაყად დადიან თავიანთი სასტვენებით და გულისგამაწვრილებლად, თავთავიანთ ენაზე უსტვენენ, სანამ მივლინება არ დაუმთავრდებათ. ჩვენ კი ისედაც ნერვოზიანებს ეს სტვენა უკანასკნელ ნერვებს გვაგლეჯს.ახალი მეგობარი ექსპერტებისა ძაბნაში ბრიფინგს ბრიფინგზე ვმართავთ, ათასნაირ დამკვირვებელს, მოთვალთვალეს, შემფასებელსა და მომწესრიგებელს ვიწვევთ, თუმცა მათ მაინც არავინ უჯერებს, რადგან ისინი თავ თავიანთ ენაზე ფიქრობენ, საქართველოს შესახებ მათ აზრს მხოლოდ ერთმანეთისათვისა აქვს მნიშვნელობა და არა თავად ქართველებისათვის...


მიაქციეთ ყურადღება: სააკაშვილის წიგნი გამოიცა საფრანგეთში და არა საქართველოში. როგორც 29 მაისს ტვ კავკასიაში დეპუტატმა აკო(?) მინაშვილმა გვაუწყა, ეს წიგნი გამოიცა იტალიაში, და მალე გამოიცემა ინგლისურად და ესპანურად... თუმცა არაფერი უთქვამს მის ქართულ გამოცემაზე, თითქოს სააკაშვილის ნააზრები ესპანელების, ფრანგების და იტალიელებისათვის უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ქართველებისათვის. საერთოდ მიკვირს რომ ეს წიგნი საქართველოში სააკაშვილის წიგნად ითვლება: თუ ვინმეს გონია, რომ საქართველოს პრეზიდენტს ომიდან ორ მიმდევნო თვეში წიგნის დაწერის დრო ჰქონდა, და დღეს მის პრეზენტაციებზე აქეთ იქით სიარულის დრო აქვს, ეტყობა პრეზიდენტზე იმაზე უფრო ცუდი წარმოდგენა აქვს ვიდრე მის ყველაზე გააფთრებულ პოლიტიკურ ოპონენტებს.
თითქოს ამ წიგნის რამოდენიმე გვერდის თარგმნისა და მათზე აზრის გამოთქმის ჩემმა მცდელობამ, ქართველებს რაღაც ისეთი მოუთხრო, რაც მათთვის სულაც არ იყო განკუთვნილი. მე პირველად, პირდაპირ დამადანაშაულეს "ნებით თუ უნებლიე" ინტელექტუალურ საბოტაჟში.
----------
საერთოდ, უნდა ვთქვა, რომ ამ ბლოგზე გამოქვეყნებული წერილები ჩემი ერთგვარი "ინვესტიციაა" საქართველოში. მე არ ვარ მილიონერი, რომ სამუშაო ადგილები შვქმნა. არც ბარაკ ობამა ვარ რომ შავ ზღვაში წყალქვეშა ხომალდები გამოვგზავნო საქართველოს დასაცავად. მე მხოლოდ ვცდილობ დამოუკიდებელი აზროვნება ვასწავლო ჩემს თანამემამულეებს, უფრო სწორად დამოუკიდებელი აზროვნების უზენაესობა. რომელიც მხოლოდ საკუთარ მაგალითზე მინდა მათ ვაჩვენო, მე არ მსურს ვიფიქრო მათ ნაცვლად, და გზა გავუნათო... მე ამის ძალა რომც შემწევდეს , მაინც არ გავაკეთებდი, რადგან ეს იესოსაც არ გაუკეთებია. მან მხოლოდ ერთხელ აიღო თავის თავზე კაცობრიობის ცოდვები და არა მგონია ასეთი რამ კიდევ გაიმეოროს: ჯვარცმა მხოლოდ მაგალითისათვის განკუთვნილი პერფომანსი იყო, და არა ჩვენს მაგივრად გამუდმებული ფიქრის პირობა.


ფიქრი ცხოვრებაა.,, ცხოვრება კი ტანჯვა. ამას გაუტამა ბუდა გვასწავლის. ტანჯვის მიზეზი სურვილებია, რომ არ იტანჯო სურვილები უნდა მოსპო. . მაგრამ ჩემი აზრით ტანჯვის გამომწვევ სურვილებში ახალგაზრდა გაუტამას მხედველობაში სწორედ ფიქრი ჰქონდა და არა კარიბის ზღვაში კრუიზი პამელა ანდერსონთან ერთად.... ბუდა ასევე გვასწავლის, რომ არის ათი კითხვა, რიმელიც არ უნდა დავსვათ თუ გვინდა რომ ბედნიერები ვიყოთ.

მაგალითად: სასრულია სამყარო? თუ იგი უსასრულოა? არსებობს ღმერთი? თუ იგი არ არსებობს? არის სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ, თუ არ არის? და სხვ. ანუ ფუნდამეტალური კითხვები, რომლებზეც კაცობრიობა პასუხს დღემდე უშედეგოდ მაგრამ ჯიუტად ეძებს. ჩვენ კი ქართველებს არა თუ ათი, ერთი კითხვის დასმაც კი გვეზარება,მით უმეტეს მასზე პასუხის პოვნა... ამას უცხოელ ექსპერტ მეგობრებს ვანდობთ. ჩემი აზრით ჩვენგან შესანიშნავი ყალბი ბუდისტები გამოვიდოდა, რადგან ნირვანის ძებნა სწორედ ჩვენი მთავარი მიზანია. ნირვანა სწორედ ის მდგომარეობაა, რომელშიც არაფერზე არ ფიქრობ... აბსოლიუტური და ნეტარი სიცარიელე. როდესაც არც კითხვებს სვამ და არც პასუხებს ეძებ.

პრინციპში, ქართველები ისედაც რაღაც მასობრივ ნირვანას მდგომარეობაში უნდა ვიმყოფებოდეთ წესით, და მგონი ასეც არის... თუმცა ჩვენი ნირვანა რაღაც დაძაბულია, ჩვენ კი გაზანტებულნი და მსუქანნი ნერვიულ და ანჩხლ ბუდას ვგევართ, როგორც ლუარსაბ თათქარიძე: გულწრფელად გეუბნებით, მე მას თბილისის ცენტრში ძეგლს დავუდგამდი, როგორც ქართველი ერის სიმბოლოს. გარწმუნებთ ეს ძეგლი გაცილებით სასარგებლო იქნებოდა, ვიდრე ზურაბ წერეთლის "ჩურჩხელაზე შემოსკუპებული მამალო" დედაქალაქის მერიის წინ.


ჩვენ ყოველთვის გვსურდა თავისუფლების მზა რეცეპტი მიგვეღო ვიღაცისაგან. ასეთი ჯერ გამსახურდიამ მოგვცა, მერე შევარდნაძემ, ბოლოს სააკაშვილმა. დღეს უცნობი გვპირდება ყალბ თავისუფლებას თავისი ყალბი საკნიდან.


თავისუფლების მზა ფორმულებს, მხოლოდ ცრუპენტელები იძლევიან. ის თავად უნდა შექმნა. ამას კი აზროვნება ჭირდება. მე არ ვამბობ რომ ყოველი ჩვენთაგანი აუცილებლად ბლეზ პასკალი უნდა გახდეს: მე აზროვნებასაც კი არ გთხოვთ, მხოლოდ დღეში ერთი საათით ფიქრს გევედრებით. ეს ის მინიმუმია რომლის გარეშე საქართველოს სააკაშვილი და უცნობი კი არა მაჰათმა განდიც კი ვერაფერს მოუხერხებს მკვდრეთითაც რომ აღსდგეს. ამ მინიმუმის გარეშე ხელისუფლების შეცვლა საერთოდ კარგავს აზრს, თუნდაც დემოკრატიული არჩევნების საშუალებით, უფრო მეტიც, აზრს თავად დემოკრატია, თავად თავისუფლება კარგავს.ამტომ არ მესმის რა აზრი აქვს დღევანდელ პოლიტიკურ ფუსფუსს საქართველოში. ქვეყანაში, სადაც ფიქრი ცუდ ტონად ითვლება.


ჩვენ ტარანტინოს Pulp Fiction ის გმირებს ვემსგავსებით, რომლებსაც სხვის დაუხმარებლად საკუთარი სისხლიანი ხელების დაბანაც კი უჭირთ და ამისათვის ვინმე უინსტონ ვოლფი სჭირდებათ, პროფესიონალი მომწესრიგებელი. ამ გმირებს დამოუკიდებლად მხოლოდ მკვლელობა შეუძლიათ.


ჩვენც გამუდმებით გვჭირდება ვოლფი ჩვენი იდიოტური პრობლემების მოგვარების ორგანიზატორად. რადგან ორგანიზებულობა ქართველებს მგონი მას შემდეგ არ გამოუჩენიათ რაც ღმერთს მთვრალებმა მიაკითეს და თავიანთი ჭკუით, საკუთარი "გადადებული" მიწა აწაპნეს.

სინამდვილეში ღმერთმა მათ მიწა ორგანიზატორულ ნიჭში და პასუხისმგებლობაში გაუცვალა და ეს წალკოტი თითქოს გონებაშეზღუდულთა თავშესაფარად აქცია... დრო დადრო ვოლფებს გვიგზავნის, უფრო წორად ისინი თვითონ ჩამოდიან, მხოლოდ ჩვენ გვგონია, რომ ღმერთი გვიგზავნის... რაფაელ გლუკსმანი ერთ ერთი ასეთი ვოლფია. ჩვენს პრეზიდენტს თავისი ნააზრების დალაგებაში, ორგანიზებაში დაეხმარა. თუმცა ცუდად. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარი ხომ ის არის რომ რაფაელს საქართველო ძალიან უყვარს და არ უნდა ვაწყენინოთ შენიშვნის მიცემით!... პრინციპში საქართველო მე და ჩემნაირებსაც გვიყვარს, მაგრამ ეს არავის აინტერესებს. არავის ჭირდება. რადგან ჩვენნაირები გამუდმებით იმ კარებებს აღებენ, რომლებზეც დიდი ასოებით აწერია " დროებით დაკეტილია!" . ვოლფები კი წესიერი ხალხია, ისინი მხოლოდ იქ შედიან სადაც მათ გზავნიან, და სადაც მასპინძლები ელოდებიან, ხაჭაპურებით, ყანწით და ღვთაებრივი პოლიფონიით.


მე რა თქმა უნდა არაფერი მაქვს საწინააღმდეგო საქართველოში ჩამოსული უცხოელების. მათ ისეთივე უფლება აქვთ კარიერა გაიკეთონ საქართველოში, როგორც ჩვენ მათ ქვეყნებში. მხოლოდ მინდა რომ თანაბარ პირობებში ვიყოთ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ არასოდეს არავინ კითხავს საქართველოს ელჩს საფრანგეთში, შიდა ფრანგული პოლიტიკური ან ეკონომიური კრიზისის შესახებ აზრს. არასოდეს არც ერთი ფრაგი არ მოგისმენთ თუ შეეცდებით მოუთხროთ თუ როგორი აზრის მრძანდებით მათ პრობლემებზე და განსაკუთრებით თუ რჩევების მიცემას გადაწყვეტთ.


საქართველოში ჩამოსული 10 იდან 8 უცხოელი კი რატომღაც საქართველოში მოვლენილ მესსიად აღიქვამს თავს და ხაჭაპურისა ჭადისაგან გარჩევის ცოდნა საკმარისი გონია იმისათვის, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივ თუ სოციალური წყობის შესახებ ისეთი გაბედული აზრები გამოთქვას, როგორზეც საკუთარ ქვეყანაში ფიქრსაც ვერ გაბედავდა. მე მხედველობაში არ მყავს მხოლოდ საქართველოსთან პროფესიულად დაკავშირებული პირები.
არანაკლებ გროტესკულია ოჯახური ან მეგობრული კავშირებით ჩამოსული უცოელების "დეკომპლექსიზაცია'' ჩვენს დაკომპლექსებულ მიწაზე.
ეს თავიან ქვეყნებში ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ადამიანები საქართველოში გასაოცარ უნიკალურობას იძენენ ხოლმე და თანაც სრულად უფასოდ. მათ ნათქვამ ყოველ სიტვას, უკბილო ხუმრობასა თუ გულუბრყვილო რჩევას ახლო ნათესავები სასოებით იმეორებენ. ორი კვირის თავზე ჩვენი არც თუ ისე ბრწყინვალე სიძეებისა და რძლების უმეტესობისაგან ლამის წყალწაღებულ მეგალომანს ვიღებთ. რადგან შეუძლებელია ყოველ დღე გენიოსი და ულამაზესი გიძახონ და ცოტათი მაინც არ დაიჯერო რომ ეს მართალია.
სამშობლოში დაბრუნებულები თავს საქართველოს ექსპერტებად მიიჩნევენ და ბევრი მათგანი არც თუ ურიგო მოულოდნელ წარმატებას აღწევს როგორც საქართველოს და საერთოდ კავკასიის რეგიონის მცოდნე სპეციალისტი. მე პირადად ასეთებს არც თუ ისე ცოტას ვოცნობ საფრანგეთში. რომლებმაც კარიერა ჩვეულებრივი ოჯახის დიასახლისობით დაიწყეს და დღეს ისეთ კომენტარებს აკეთებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე რომ თმები ყალყზე მიდგება.


ერთხელ, ვარდების რევოლიუციის შემდეგ, რუსთავი 2 მა ძალიან სასაცილო რეპორტაჟი გადმოსცა: თბილისის რომელიღაც სასტუმროს ჰოლში შეკრებილ ქალებზე. ერთ ერთმა მათგანმა აქცენტიანი ქართულით აგვიხსნა მათი შეკრების მიზეზი. ეს იყო ქართველი მამაკაცების უცხოელი მეუღლეების ასოციაციის დამფუძნებელი კრება!
ასოციაციას გადაწყვეტილი ჰქონდა ქართული კულტურის დასავლეთში პოპულარიზაციაზე ეზრუნა თავისუფალ დროს. რადგან "დასანანია რომ ასეთ დიდ კულტურას დასავლეთში ჯეროვნად არ იცნობენ და აფასებენ"!... ღმერთო ჩემო!...ასოციაციის პრეზიდენტად ქართველთა დასავლელმა მეორე ნახევრებმა ყველაზე გამოჩენილი რძალი აირჩიეს, ქალბატონი სანდრა რულოვსი, საქართველოს პირველი ქალბატონი, ანუ უბრალო ენით, ჩვენებურად რომ ვთქვათ "პირველი ლეიდი".


ვერ ვიტყვი რომ ქართული კულტურის გავლენით მას შემდეგ ევროპელი ღიპიანი კაცები სუფრასთან ბანტიანი გიტარებით პეპლებზე , პატარა გოგოებზე, უდროოდ ჩამქრალ სიყვარულზე და სტიქიურ უბედურებებზე მღერიან(ქართული რომანსების პირველი სტრიქონები რატომღაც ყოველთვის ქარით, წვიმით და თოვლით იწყება). მე ასეთი არაფერი შემიმჩნევია, სამაგიეროდ პირველი ''ლეიდის'' ფსიქოდელიური "ნანა" სამეგრელოში როგორც ვიცი პირველი ჰიტი იყო ამ წლების განმავლობაში.
არ ვიცი რა ბედი ეწია ამ ასოციაციას. ოჯახი, ხომ იცით ხშირად ეფემერული ინსტიტუტია: ბევრი ეს ქალბატონი იქნებ გასცილდა კიდეც უკვე თავის ქართველ მეუღლეს, სწორედ მისი გადაჭარბებული "კულტურულობის" მიზეზით...უნდა გითხრათ, რომ "პენელოპების"იმ შეკრებზე არ შემიმჩნევია ქართველი
"ულისეების" სომეხი, რუსი ან აზარბაიჯანელი მეუღლეები...ყოველ შემთხვევაში ეკრანზე ისინი არავის უჩვენებია. როგორც ჩანს ჩვენს მეზობლებთან კულტურული ურთიერთობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე წყნარ და მოვლილ ევროპულ პასტორალურ სოფლებთან, სადაც ქართველი და რუმინელი ჯიბგირები დღემდე ერთმანეთის თანამემამულეები გონიათ.


მე მახსოვს ჩემი მეგობარი გერმანელი ფოტოგრაფის მეგობარი ახალგაზრდა ქალი, რომელმაც მეორე ჩეჩნეთის ომის დროს სამი საღამო გაატარა ჩვენთან ერთად. ჩუმად უსმენდა ჩვენს საუბარს კავკასიის პრობლემების სესახებ. რამოდენიმე დღის შემდეგ კი დამირეკა და მითხრა, რომ თბილისში მიფრინავდა სტატიის დასაწერად ჩეჩენ ლტოლვილ ქალებზე. მთხოვა ვინმე დახვედროდა აეროპორტში და საერთოდ მეგობრების მისამართები მიმეცა ვინც დაეხმარებოდა.


2000 წელს უკვე საკმაო გამოცდილება მქონდა ასეთი "საქართველოთი გატაცებულ" ფოტომოყვარულებთან ურთიერთობის, ამიტომ უარი ვუთხარი იმ მიზეზით, რომ მეგობრებს დილის 4 საათზე ვერ შევაწუხებდი. დამაჯერებლობისათვის კი შევახსენე, რომ დილის სამ საათზე თავად არასოდეს არ წავიდოდა პარიზის დე გოლის აეროპორტში ჩემი არც ერთი მეგობრის დასახვედრად. მას ჩემთან აღარასოდეს დაურეკავს. სამაგიეროდ სულ მალე "პარი მატჩში" გამოქვეყნებული მისი აბსოლიუტურად ბანალური რეპორტაჟი ვნახე , იმის შესახებ რომ კავკასიელი მამაკაცები მაჩოები არიან, ქალები მათზე უფრო პროგრესულები,მაგრამ დაჩაგრულები, რუსები კი ბოროტები და ლოთები... სამი თვის შემდეგ უკვე რომელიღაც პოლიტიკურ ტოკ შოუში იჯდა და კავკასიის შესახებ ისეთი სერიოზული სახით მსჯელობდა, იფიქრებდით სულ ცოტა რამოდენიმე წელი მაინც აქვს საქართველოში გატარებული, და სტალინისა და შევარდნაძის გარდა კიდევ რამოდენიმე ცნობილი ქართველის გვარი მაინც იცის( რა თქმა უნდა თუ მის რამოდენიმე ქართველ ბოიფრედს არ ჩავთვლით)


ასეთი პატარა, მაგრამ საქართველოში წარმატებულ პერსონაჟების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანდა, დარწმუნებული ვარ მკითხველი თავად, ჩემზე არანაკლებად იცნობს ასეთ პრეტენზიულ, უცოდინარ და თვითდაჯერებულ საქართველოს უცხოელ მეგობრებს. მათ საფრანგეთში "პატარა თეთრკანიანებს" ან "პატარა ფრანგებს" უწოდებენ. ეს არის დასავლელის ტიპი , რომელიც აუცილებლად, ერთხელ მაინც ცხოვრებაში რომელიღაც ქვეყანას ირჩევს, ვირტუალურ მეორე სმშობლოს. მე ვიცნობ ადამიანებს რომლებსაც რუსეთი საკუთარ დედაზე მეტად უყვართ, ვიცნობ ტაჯიკეთში სეყვარებულ ბალერინას, რმელიც წლების განმავლობაში შუა აზიის ამ ქვეყაში უამრავი დრო აქვს გატარებული. კიდევ ერთს, , რომელიც ოდესღაც პორტუგალიაში მსახურობდა და შინაურები მის დაუკითხავად არა თუამ ქვეყანაზე ხმას არ იღებენ, "პორტოს" ყიდვასაც ვერ ბედავენ სუპერმარკეტში...


მათი შემხედვარე ქართველი უცხოელები, ვერაფრით ვერ ხვდებიან რითი არიან თვითონ ამ პატარა ევროპელებზე ნაკლებნი. ამიტომ არც თუ ისე დიდი გარჯის შემდეგ თავად შექმნეს "პატარა ქართველის" იდენტური პერსონაჟი: ეს ემიგრაციიდან მობრუნებული კლასიკური ფსიქოლოგიური პრობლემებით სავსე ადამიანები არიან.


საერთოდ "უძღები შვილის დაბრუნება " ყველა უპოქაში ბანალური და ათასჯერ ნათამაშები სპექტაკლია, რომელიც მაინც გულს უჩუყებს მაყურებელს. ქართველი უძღები შვილები კი პრინციპში უფრო კომიკურ ჟანრს განეკუთვნებიან: ყოველი ეს "გაფირმებული" პატარა ქართველი თავის მხრივ ცდილობს საკუთარი უბადრუკი დასავლური გამოცდილება ქვეყნის სამსახურში ჩააყენოს, და გარკვეული პერიოდის შემდეგ მშობელი ერის უმადურობით აღშფოთებული ისევ თავის ტანჯულ ემიგრანტულ ცხოვრებას უბრუნდება, რომ საღამოობით სკაიპ-საქართველოში მაინც გაუზიაროს მსოფლიოში მიმოფანტულ თავისნაირ პატარა თეთრ ქართველებს თავისი შეხედულებები სამშობლოს პოლიტიკური მოწყობის შესახებ.... ასეთი პატარა ქართველების ჩამოყალიბებას, სხვათა შორის, სააკაშვილის ახალგაზრდა მომხრეთა თავბრუსდამხვევმა კარიერამაც შეუწყო ხელი. დასავლეთში ორ სამ თვიანი სტაჟგამოვლილი ზოგერთი მაღალი თანამდებობის პირის შემხედვარე, ელვისებური კარერა მარტივი და ხელშესახები გახდა დასავლეთში მცხოვრებ ქართველთა ამბიციურ ნაწილში.

როდესაც სიმღერა, "სხვა საქართველო სად არის" დაიწერა, მაშინ არც ინტერნეტი არსებობდა, არც უცხოელი ექსპერტები და არც "პატარა თეთრი ქართველები". ამიტომ ტექსტის ავტორს არაფრით არ შეეძლო ცოდნოდა, რომ სხვა  საქართველო რამდენიც გნებავთ იმდენია.


რა თქმა უნდა, არსებობს ერთი რეალური საქართველო, რომელმაც გასულ წელს წონაში დაიკლო, გახდა და S (smal) დან XS (extrasmal) ზე გადავიდა, ჩვენი ერთმორწმუნე XXXL მეზობლის წყალობით. თუმცა ნირვანის მაძებარი სული უცვლელი დარჩა. ეს ძველი, ბებერი საქართველოა, მხოლოდ ტურისტებისათვის, ამიტომ ჩვენთვის, ღრმად ჩახედულთათვის არც ისე საინტერესოა.თუმცა საქართველოს კიდევ რმოდენიმე სხვა ვერსია არსებობს.


მაგალითად, ბატონი რაფაელ გლუკსმანის საქართველო რეგიონში ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა, ძალიან დემოკრატი ყოფილი დისიდენტი პრეზიდენტით, რომელიც პრინციპში დღესაც დისიდენტია, რადგან მას მთელი ხილული და უხილავი ფსბ დასდევს პუტინის დავალებით "ერთი ადგილით ჩამოსაკიდებლად," ასევე საკუთარი ქალაქის მომღერლები და მსახიობები მობილური ხაფანგებით, რომელშიც ჯერჯერობით ვერაფრით შეიტყუეს..,


არსებობს "პატარა თეთრი ევროპელის" საქართველო, სადაც ის თავისი ყოველდღიური სიძუნწის, მარტოობის , ლაჩრობის დასავიწყებლად დროდადრო ჩამოდის ხოლმე: აქ ის რამოდენიმე დღით წითელ ხალიჩაზე შემდგარი მეგა ვარსკვლავი ხდება, მას ყურადღებით უსმენენ, მასთან ერთად ბავშვებს ფოტოებს უღებენ, უფროსები კი ყანწებით მის სადღეგრძელოს სვამენ..ის აქ უყვართ, მას ყოველთვის ეთანხმებიან, მიუხედავად იმისა, რომ იგივე მოსაზრებების გამო თვითონ ერთმანეთს კომბლებით დასდევენ. მის უბის წიგნკი სავსეა ცნობილი და უცნობი "მნიშვნელოვანი" ქართველების ტელეფონის ნომრებით. რომელთა ექვივალენტს საკუთარ სამშობლოში მხოლოდ ტელევიზორში თუ ნახავს... ამიტომ თავს კავკასიური ლოკალური ჯეთ სეტის არა მარტო ნაწილად, არამედ ერთ ერთ გამორჩეულ წევრად მიიჩნევს, და ფიქრობს , რომ საქართველო არის ქვეყანა სადაც ყველაზე ნიჭიერი, ლამაზი, გულუხვი და ა.შ... ხალხი ცხოვრობს, თვითონ კი ამ ხალხში ერთერთი გამორჩეულია, რადგან აქ ნიჭს და მშვენიერებას აფასებენ!.... ღმერთო როგორ გინდათ, ასეთი ცდუნებისაგან თავი შეიკავო... ახლაც, წერისას ძალიან მომინდა საქართველოში გაფრენა, მით უმეტეს თუ ძმები გაჩეჩილაძეები გზის ფულს გამომიგზავნიან, როგორც ეს ჩემმა ახლო ნათესავმა მიწინასწარმატყველა...


არსებობს კიდევ საქართველოს მეგობარი ჟურნალისტების, ფოტოგრაფებისა და განაკუთრებით ეგზოტიკურ ქვეყნების კულტურის ჟიგოლოების საქართველო. ისინი ძირითადად სახელმწიფო ფუნციონერებთან და თბილისელ კონფორმისტ არტისტებთან მეგობრობენ. ეს უკანასკნელები თავიანთი მოქნილობის წყალობით ევროპული ცივილიზაციის დონ კიჰოტებს შესანიშნავად თამაშობენ. მათი არც თუ ისე ჯანმრთელი ფანტაზია, თანაგრძნობით განმსჭვალულ უცხოელში ფოტოდ, სტატიად გამოფენად ტრანსფორმირდება და უკვე ევროპაში გამოქვეყნებული რაღაც უცნაურ რეალობას ქმნის საქართველოს შესახებ: დაახლოვებით ბატონი პრეზიდენტის მოგონებების ჟანრში: როდესაც ყველა ჯო დასენზე გიჟდებოდა ის ფრანგულ ანდერგრაუნდს , ივ მონტანსა და ჟილბერ ბეკოს უსმენდა კგბ ს აგენტებისაგან მალულად. საერთოდ როგორც ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე ნახევარი საქართველო თურმე ანდერგრაუნდში ცხოვრობდა... ჩემს გარდა რა თქმა უნდა, ტყუილს ვერ ვიტყვი.
პრეზიდენტს ერთი მთავარი დეტალი მაინც გამორჩა თავის მოგონებებში: სერგო ფარაჯნოვთან ახლო მეგობრობა. ეს აქ ძალიან კარგად მუშაობს, განსაკუთრებით "ანდერგრაუნდული" წარსულის მქონე ქართველების მოყვარულ ზემოთ ნახსენებ კულტურის ფრანგ ჟიგოლოებსა და მათ ევროპულ საზოგადოებაში კადგად ინტეგრირებულ ქართველ ასისტენტებში.
სწორედ მათ მიერ ორგანიზებულ კულტურულ გაცვლების აღსანიშნავ საღამოებზე აღმოვაჩინე , რომ რატომღაც პარიზში ჩამოსული თბილისელი მხატვრები , პოეტები, რეჟისორები და უბრალოდ გაიძვერები, ყველანი "სერჟიკას" უახლოესი, განსაკუთრებული და ერთადერთი მეგობრები ყოფილან... ფარაჯანოვი მართლაც კარგად "იყდება".. თანაც მკვდარია, როგორ შეამოწმებ... ის შთაბეჭდილებას დარბაზში მსხდომ ისეთ შემთხვევით მოხვედრილ პუბლიკზეც კი ახდენს, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს ვიზეა ლაპარაკი.


კიდევ ბევრი უამრავი სხვა საქართველო არსებობს, მაგალითად რუსი ხანშიშესული ინტელიგნციის, სოსო პავლიაშვილისა და თინა კანდელაკის რუსი ფანების, ფრანგი პროვინციელის, რომელსაც საქართველო სადღაც ჩეხეთსა და ფინეთს შორის ეგულება, იცის, რომ იქ ძალიან ცივა და ბევრ არაყს სვამენ...
 არის კიდევ ერთი... ჩემი საქართველო, მხოლოდ ზუსტად ვერ გეტყვით სად იმყოფება..განვითარების რომელ ეტაპზე. ჩემს საქართველოში ფიქრი ჯერჯერობით აკრძალულია, პოლიტიკური, რელიგიური, მორალური,პატრიოტული და ათასი სხვა პრეტექსტით. ფიქრი მხოლოდ უცხოელებისთვის არის ნებადართული, ზუსტად ისე, როგორც ჩვენს წითელ წარსულში "კოკა კოლა" ინტურისტებისათვის...მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ კოკაკოლას წითელი ხელისუფლება კრძალავდა, ფიქრს კი ჩვენ თვითონ ვუკრძალავთ ერთმანეთს. "ჩემი" საქართველო თავის გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებს ადრე თუ გვიან მოაგვარებს, ან ამ პრობლემებით გააგრძელებს ცხოვრებას...მაგრამ სამწუხაროდ როგორც ჩანს გაზანტებული გონებით... მე მირჩევნია პრობლემებიან ერს ვეკუთვნოდე ვიდრე უტვინოს... უტვინო საქართველოს უაფხაზეთო მირჩევნია.

პაატა ქურდაძე

5 ივნისი 2006

8 commentaires:

Guela Patiachvili a dit…

კარგი სტატიაა, მიჭირს რაიმეს დამატება. იმედი მაქვს მკითხვლს არ შეეშინდება რომ თავისი თავი დაინახოს ამ პანორამულ ფართო ტილოში, თუნდაც მაშინ როცა ეს ტილო ჯერომ ბოსხის „ჯოჯოხეთს„ უფრო ჰგავს ვიდრე ლუკა ლასარას სადიპლომო „ქორწილს„.

გელა პატიაშვილი

Anonyme a dit…

შესანიშნავი ტექსტია, პაატა.
პირადად მე უფრო მეტად მჯერა,რომ აზროვნებას უფრო შევძლებთ, ვიდრე - აფხაზეთის დაბრუნებას.ორჯერ ვერ შევალთ ერთი და იგივე მდინარეში,თუ ,რასაკვირველია,მდინარე აღმა არ წავიდა. ისე მეორედ არა,მაგრამ მესამედ შეიძლება გამოგვივიდეს, თუმცა ესეც HAPPY END -ი იქნება, რისიც ბავშვობიდან არ მჯერა.ძალიან კი მინდა . . .
მე როგორც ფსიქოლოგი,შემიძლია ძალიან დაწვრილებით აგიღწეროთ და დაგიმტკიცოთ, რომ ბავშვის აზროვნების უნარი დამოკიდებულია მშობლისა და მასწვალებლის ხელფასზე (რა წიგნები იყიდა, რა დრო გაატარა შვილთან,რომელ კოლეჯში შეიყვანა, როგორ ინფორმაციას იღებს, არის თუ არა გარემოცვა ტოლერანტული და ა.შ. . . . ) მე მაწანწალა ბავშვებთან ვმუშაობდი და ასევე რამდენჯერმე დავწერე თბილისში მოქმედ "ფეხმძიმე ქალთა თავშესაფარზე".სიღარიბე და უბადრუკობა, წერა-კითხვის უცოდინრობა და უპერსპექტოვობა. აზროვნების უნარი არ იბედება მაუგლის საარსებო პირობებში.მაუგლის HAPPY END არის მისი დაბრუნება ადამიანებში ანუ იქ, სადაც მარტო სიყვარული და რეფლექსები კი არ სუფევს, არამედ აზროვნება, კრიტიკა და განათლება.დღეს კი ეს მშობლის ხელფასის გარეშე შეუძლებელია. თორემ მენდელეევები კანტიკუნტად მაინც გაჩნდებიან, ისევე, როგორს უკოლეჯო ბილ გეითსები.თუმცა მტანჯველი ეჭვი მაქვს,რომ სომალიში მაუგლიზე დიდი "მოაზროვნე" გაჩნდეს.სომალი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაეროს სასურსათო პროგრამის სამიზნე იქნება.
ია მერკვილაძე, ნიუ-იორკი, აშშ

Anonyme a dit…

paata,
gmadlobt saintereso zerilebisatvis. sasiamovno siurprizi iyo tkveni blogis agmochena ramdenime kviris zin.
sauketeso survilebit,
mari
parizi

Anonyme a dit…

Anonyme a dit...

მიშა მაგარიააა!
video rgolebi beladis fanebistvis:)

http://www.myvideo.ge/?video_id=491935

http://www.myvideo.ge/?video_id=489361

http://www.myvideo.ge/?video_id=450313

http://www.myvideo.ge/?video_id=469844

http://www.myvideo.ge/?act=pl&cat_id=&video_id=388582&user_id=69753&answer=yes

http://www.tvali.ge/index.php?action=watch&v=67017

http://www.myvideo.ge/?video_id=415989

http://www.tvali.ge/index.php?action=watch&v=98029

http://www.myvideo.ge/?act=pl&cat_id=&video_id=206967&user_id=51376&answer=yes

http://www.tvali.ge/index.php?action=watch&v=106150

8 juin 2009 03:37

Anonyme a dit…

პაატა, ვფიქრობ, სწორად გაბრაზდით მათზე, ვინც ცდილობს რომელიმე პარტიაში ჩაგწეროთ. მაგრამ არ უნდა გაბრაზდეთ მათზე, ვისაც უნდა, რომ თქვენს პუბლიცისტიკაში მთავარი არ დაკარგოთ. ერთ-ერთი იმ მთავარიდან ზუსტად ის არის, რომ რაციონალიზმს არავინ იღებს და მაშინვე პარტიაში გწერენ. მე მაინც მგონია, რომ თქვენ ეს კარგად გესმით. სხვა მხრივ რა გითხრათ, ჩვენისთანებს წერა-კითხვის გარდა რა დაგვრჩენია? მაინც სასიამოვნოა ხოლმე თანამოაზრესთან შეხვედრა. მეტი არაფერი. ამ საქმიდან არაფერი გამოვა.

შოთა დიღმელაშვილი a dit…

პირველ რიგში ასევე მადლობა მინდა გადაგიხადოთ საინტერესო ბლოგისთვის და ამ ენთუზიაზმისთვის. ჩემთვისაც აღმოჩენა იყო ეს ბლოგი ახლახანს.
ორიოდ სიტყვასაც ჩავაგდებ.
ჩემთვის ნამდვილად არ იყო სიურპრიზი, რომ რომელიმე პოლიტიკურ პლატფორმას მოგიჩენდნენ. ჩვენთან წარმოუდგენელიც კია იმ ორი დომინანტი ტრიბუნის გარეშე გარკვეული აზრის უბრალოდ არსებობა. აქ, როგორც არსად და არასდროს, მონოპოლიას ჭეშმარიტებებზე და ზოგადად პოზიციაზე, მედიასაშუალებები ფლობენ, რომლებიც ან ერთ ჭეშმარიტებას შტუდირებენ ან მეორეს. მესამე ხმა - არაა.
ამ უკანასკნელზე ერთი პატარა წერილი დავწერე ჩვენი ჟურნალისთვის (ჟურნალი "ტელეგრაფი"). მოხარული ვიქნები თუ გაეცნობით.
და კიდევ: არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ რეაქტიული კლუბი შუქურა იყო ჩვენი თაობის გარკვეული ნაწილისთვის. (ჩემთვის უან უეი თიქეთიც კი, პოეზიაში :) )
სამწუხაროდ, ახლა ალბათ ჩვენ უფრო მარგინალიზებულები ვართ ამ ურაპატრიოტულ კონტექსტში, ვიდრე თქვენ იყავით 90იანებში.

Anonyme a dit…

დიდი ინტერესით წავიკითხე, მოვლენათა სერიოზული და თამამი ანალიზია გაკეთებული.
თუმცა ბოლო წინადადებამ გამაოცა:) თვალებს ვერ დავუჯერე!
ნამდვილად ავტორის სიტყვებია- თუმცა გულწრფელად მჯერა რომ ერთსაც და მეორესაც ოდესმე დავიბრუნებთ.
მაშ დუბლიონკა და შტერი კლასელი რა იყო?


””

Paata KOURDADZE ~ პაატა ქურდაძე a dit…

თვალებს მე თვითონ არ დავუჯერე , თქვენი შენიშვნის შემდეგ: შტერი კლასელი ეტობა ხანდახან მე თვითონ ვარ უსაფუძვლო ოპტიმიზმის შემოტევისას. სამწუხაროდ თქვენი შენიშვნის შემდეგ ამ გაპარული წინადადების მოცილება ცოტა მეუხერხულება, ჯობდა თავად აღმომეჩინა და წამეშალა.
გმადლობთ.