27 février 2009

დასავლეთის დისკრედიტაცია საქართველოში.


Make love, Not War !
უცნობი ჰიპი.
ვუდსტოკი1969


"ჩვენ კი არა ვართ მაგრები,
თქვენა ხართ დასაჩაგრები "
კოტე ყუბანეიშვილი
შავ – თეთრი შავი თბილისი.
1993

საქართველოს მათრახით "ევოპიზაციამ", დასავლეთის მებაირაღეებად, რამდენიმე (D.T.) თვიან სტაჟ გამოვლილი, წვრილმანი ფუნქციონერის გამოცხადებამ, უფრო ადრე, პრეზიდენტ გამსახურდიას ნაწყენმა ჩოხოსანმა ნაწილმა, რელიგიურმა ფანატიზმმა და რამოდენიმე სხვა გარემოებამ, განსაკუთრებით კი გაცრუებულმა ყოვლად იდიოტურმა იმედებმა, შედეგად მოიტანა ის, რომ საქართველოში დასავლური იდეა დღითი დღე დისკრედიტირებული ხდება, შუა საუკუნეების შმორის სუნი უფრო და უფრო იგრძნობა, მონჯღრეული ფანჯრების გამოღება კი, გასანიავებლად, სულ უფრო ჭირს.
მე მეშინია, ეს სუნი კიდევ უფრო მძაფრი და აუტანელი არ გახდეს, რადგან ის საღად აზროვნების უნარს საბოლოოდ ჩაუკლავს, ჩვეენს დაბნეულ, "რევოლუციებით" ქრონიკულად დაკავებულ მოსახლეობასა და მის ევროპის "კონტრფაქტ" პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებსაც, უკვე , გელა ბაბლუანის ''13'' -ის პერსონაჟების მსგავსად, დღეს წარმოდგენა არა აქვთ, ხვალ, რომელი იგრძნობს კეფაზე მიდებულ რევოლვერის ცივი ლულის საბედისწერო წამიერ სიმხურვალეს.
1.
" ეროტიულ 1969 წელს", ჯონ ლენონმა და იოკო ონომ, თავიანთი თაფლობის თვის ერთი კვირა, ნახევრად შიშვლებმა, ბევრი კამერისა და ჟურნალისტის თანხლებით, ამსტერდამის "ჰილტონის" ნომერის "მშვიდობის საწოლში" გაატარეს (Bed-In for Peace) , ... ორი თვის შემდეგ, იგივე აქცია მონრეალის სასტუმრო "დედოფალ ელისაბედში" გაიმეორეს, სადაც სიმღერა კულტი Give Peace a Chance, ჩაწერეს. (მიეცით მშვიდობას შანსი).
ეს აქცია, 1965 წელს, ამერიკული კონტრკულტურის, მოგვიანებით კი, ბრიტანელი ინტელიგენციის ( პიტერ ბრუკის სპექტაკლი US) მიერ, ვიეტნამში პრეზიდენტ ჯონსონის პოლიტიკის მძაფრი კრიტიკის გამოძახილი გახლდათ – ერთი პოეტი – მუსიკოსის ანგაჟირება მშვიდობისათვის.
ბატონი უცნობი გაჩეჩილაძე, გაშიშვლებამდე ჯერ არ მისულა. საერთოდ, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, ლენონამდე სულ ცოტა, მარადიულობა უკლია. ჯერჯერობით, პირიქით, ისეთი შეფუთულია, თითქოს "მაესტრო – ჰილტონის" საკანი არ თბედოდეს. თანაც იმდენი ხატი და ლოცვა აქვს ''მისკოჩილი'' კედლებზე, რომ ერთი შეხედვით, სიყვარულზე და სექსზე, ან ძალიან ზოგადი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს, ან პირიქით, ძალიან ღრმა და ფეტიშისტური .


მე უფრო ამ უკანასკნელისაკენ ვიხრები, რადგან ჩვენი არა ეროტიული დროის ეს "უსიყვარულო," პოლიტიკური პორნოგრაფია, რომელსაც, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, თავისუფლად შეუძლია ყველა ასაკისა და ფსიქიკის ქართველმა თვალი ადევნოს, თავისი ''კონტრ კულტურულობით" ბევრად ცილდება აბრეშუმის პიჟამებში გამოწყობილ ლენონების "მიამიტი" წყვილის ერთ დროს, შოკის მომგვრელ თაფლობის თვეს.
პრინციპში, ბატონი უცნობი გაჩეჩილაძე, ასეა თუ ისე , არტისტია, და რასაც უნდა იმას გააკეთებს, მით უმეტეს თუ ტელე არხი, ასეთ პრომო – შესაძლებლობას აძლევს. ყველაზე სალაღობო ის არის, რომ ეროვნულად ''სწორად მოაზროვნე'' ქართველთა ყველა გზა, დღეს მასთან მიდის, თანაც,ამ წმინდა "გზებისა და ბილიკების განმზადება, მოსწორება" – მოასფალტებაში, მისკენ მიმავალ პილიგრიმთა დიდ ნაწილს, მნიშვნელოვანი ამაგი აქვს... ამიტომაც მიაბიჯებენ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ექს ვარდისფერები, წითლები თუ შავები ..."მაიაკოვსკისეული" ფართო და ამაყი ნაბიჯებით , ასევე ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილ უცნობ – ბუდასთან, ქართული უნიკალური ჭეშმარიტების დასადგენად. იმ ჭეშმარიტების, რომელიც თავისი არსებობის ათასწლეულების მანძილზე "სამშობლოზე ვერაფრით ვერ ამაღლდა'', ამიტომაც ვერც მათი ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი პოპ – ღმერთი იძლევა გასაგებ განმარტებებს, რადგან სამშობლოზე ამაღლებას ვერ ბედავს, იქნებ ცელ მომარჯვებული პირველი ექს პირველი ქალბატონის ( ანუ "ქართულად", ექს პირველი "ლეიდის") ეშინია, ვინ იცის...
ღმერთი კი, ანუ აბსოლუტური ჭეშმარიტება, ყველაზე მაღალია, ასე არ არის? ამიტომ დავბოდიალობთ თავგზა აბნეულნი, ღმერთსა და სამშობლოს შორის, ხან ზვიადს გადავაწყდებით ხოლმე, ხან მიშას, ხანაც ... უცნობს , ჩვენ მათ, ღმერთებივით და მონარქებივით, სახელით მოვიხსენიებთ და შენობით მივმართავთ, ჩვენ ისინი საკუთარი მეფეებივით და სხვისი ღმერთებივით გვძულს. თითოეულ მათგანში ყველა დანარჩენ იმედთან ერთად ცივილიზებური სამყაროს, ანუ ევროპის სახეს ვხედავთ... და ყოველი მათგანი, ამ იმედს ''ჯოჯოხეთის კარიბჭესთან გვატოვებინებს", რომელთანაც, როგორც აღმოჩნდა, საქართველოს ყველა გზასა და ბილიკს, აუცდენლად მივყევართ, ისევე, როგორც უცნობის საკნის ტელე –კარებთან, რომელსაც მისტიური ტვ ცერბერი, ვინმე ბუდუ დარაჯობს. ის, ჩემი აზრით, ულვაშებიანი და ძალიან კეთილი უნდა იყოს...ულვაშებიანი იმიტომ, რომ, როგორც ჩვენი საერთო ამხანაგის, სტალინის მაგალითიდან ვიცით, ულვაშებიანი ცერბერები კეთილები არიან.
მე ვფიქრობ, ეს კეთილი ცერბერი – ბუდუ , საქართველოს უმანკოებას დარაჯობს , თუმცა, მთვრალი "სტოროჟივით", თუ " მამაშასავით" შიგნით შესვლაზე უარს არავის ეუბნება – იქ კი, მათ მოუთმენლად ელის, თბილად ჩაცმული, ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი უცნობი ბუდა, გაშლილი ლოგინი და განსაცვიფრებელი სიბრძნე. მაგალითად, ...მართლმადიდებლობა ინტიმია!.. თუ გაგეხსნა... (26.02.2008)
ადრე, გამუდმებით მინდოდა ერთად ერთი კითხვა დამესვა, მისთვის და ზოგიერთი მისი სტუმრისათვის – როგორ მოხვდნენ 21 საუკუნეში? ამ ფსიქოდელიურმა სიბრძნემ კი მიმახვედრა – ეტყობა გაეხსნათ, და დროს აცდნენ, მეფე ფარნავაზის ნაცვლად, პირდაპირ პრეზიდენტ სააკაშვილთან ამოყვეს თავი. რომლის კარზეც, უამრავი მათსავით დროსა და გზას აცდენილი თანამემამულე დახვდათ, ზოგიერთი მომავლიდანაც კი, მაგალითად ანტენებიანი გივი თარგამაძე, რომელმაც ყველაფერი იცის.
2.
ტრადიციულად, საქართველოში ,"დასავლეთის ცივილიზებური ქვეყნების" შესახებ მითის ზუსტად იმდენი ვერსია არსებობს , რამდენიც პოლიტიკაში დასაქმებული მრავალრიცხოვანი მოყვარული და უამრავი უსაქმური ექსპერტი. თუ ამას, ზაფხულობით სამშობლოში დასასვენებლად ჩამოსულ ჩემნაირ "საბუდარელ ჭაბუკებსა და ასულებს", მათ უზარმაზარ "ტრაგიკულ – ემიგრანტულ" გამოცდილებას დავუმატებთ, გამოვა, რომ შუა საუკუნეების ევროპულ სტილში განსვენებული ყოფილი პრემიერისა არ იყოს, ქართველები, მართლაც, სულ ცოტა, "მაშასადამე" ევროპელები ვყოფილვართ...მხოლოდ, დასავლური იდეის ბნელ ლაბირინთებში, ცბიერი ამერიკელი "სიონისტი" კუბრიკის მიერ გზა აბნეულნი, რომლებსაც უკან, ნაჯახ შემართული, დაკოჭლებული და შეშლილი, ჯეკ ნიკოლსონად ტრანსფორმირებული რუსი რასკოლნიკოვი მოგვდევს...

2007 წლის 7 ნოემბერი. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ყველა ევროპულ ცივილიზებურ დემოკრატიულ ქვეყანაში, სწორედ ასე ექცევიან საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევ მანიფესტანტებს. განსაკუთრებით იშველიებენ პარიზის გარეუბნელი პირომანი ხულიგნების ცემა ტყეპას. მათ სარკოზიმ ერთხელ,, ბინძური გარეწრები, " (Racaille) უწოდა და პრესამ ორი წლის თავზე ამ ჟარგონის ხმარების გამო კინაღამ წყალში ჩაუყარა პრეზიდენტობისათვის ამდენი ხნის ციბრუტივით ტრიალი. თუმცა, ეს მხოლოდ დეტალია, ჩვენი ცეროდენა პრეზიდენტის მოღვაწეობიდან, რომლითაც საქართველოში არავინ დაინტერესებულა, რადგან "მხატვრული სიტყვის კლოუნების" ნაკლებობას, ქართული პოლიტ – ცირკის არენა ნამდვილად არ განიცდის. მადლობა ღმერთს, ჩვენი ენა, ჩვენივე და, ოჯახურ გაუგებრობაში მოხვედრილი რამდენიმე უცხოელის მეტს, არავის ესმის, თორემ პუტინის ფრთიანი "Мочить в сортирах" , სასაცილოდ არავის ეყოფოდა.
2007 წლის ისევ 7 ნოემბერი. გალახული ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ევროპულ ცივილიზებურ ქვეყნებში მანიფესტანტებს ასე არა ადამიანურად არ ცემენ, არ ესვრიან რეზინის ტყვიებს, არ წამლავენ და ა.შ... არგუმენტად, მათაც სარკოზის იგივე "გარეწრები" მოჰყავთ, რომლებმაც ქართული სანთლებ ანთებული, ასი ათასიანი მასისაგან განსხვავებით, პრადასა და ჰერმესის ბუტიკებს ერთი ვიტრინაც არ შეარჩინეს. ოპოზიცია განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნავდა, რომ ქართველი მანიფესტანტების უაღრესად დიდი მოაქლქაეობრივი კულტურით განცვიფრებული დასავლეთი, და განსაკუთრებით ფრანგები, გაუთავებლად ლაპარაკობენ "ჩვენს რაინდულ თავშეკავებაზე და ხელისუფლების სიმხეცეზე"... თითქოს პრეზიდენტი სააკაშვილი, ჩვენსავით ქართველი კი არა, კინგ კონგი იყოს, ხოლო მისი მინისტრები პრეისტორიული T.REX ბი და ხახა დაფჩენილი მფრინავი ხვლიკები.
მერე ტვ ''იმედის'' დაარბევა. განცვიფრებული და შეშინებული ყოფილი ტელე, და დღევანდელი პოლიტ ვარსკვლავის, გიორგი თარგამაძის ოდნავ შესამჩნევად აკანკალებული ფინალური სიმშვიდე. ჩაბნელებული ეკრანი, არხის ლოგოთი... ეს კადრები ალბათ სამუდამოდ, და სამართლიანად შევა ქართულ მედიისა და დემოკრატიის ქრესტომათიაში. მოლოდ ეჭვი მეპარება, რომ მარადიულ დილემას, ექცევიან თუ არა ევროპაში თავისუფალ მედიას, იმედის მსგავსად, რომელიც რამოდენიმე წლის წინ რუსთავი 2 ის Live – რევოლუციის პლაგიატს ახორციელებდა, ვერავინ ამოხსნის, მათ შორის ვერც თავად თარგამაძე, რომელიც, როგორც ჩანს, სწორედ ამის გასაგებად პოლიტიკას დაუბრუნდა. თუმცა, ჩემი აზრით, სიმართლის დასადგენად, წლების განმავლობაში, პარლამენტარის პულტზე ბევრად გამოსადეგი და მძლავრი იარაღი ეჭირა ხელში.
საჭირო მომენტში კი, ერთი დამადასტურებელი რეპორტაჟიც არ აღმოაჩნდა, გადაცემის დიდ არქივში, რომელიც რეალურად ასახავდა, თუ რა ხდება, სინამდვილეში დასავლეთში, ანალოგიური სიტუაციებისას.
გადაცემის მაღალ რეიტინგიან ავტორს, მთელ მსოფლიოში დაქსასული ჟურნალისტები, სწორი მიმართულებით რომ მიემართა, მაგალითად გაერკვია , საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული შრომის კანონი, მართლაც ევროპაში საუკეთესო იყო, როგორც პრეზიდენტი ირწმუნებოდა, თუ არა? გორი მართლა ბადენ ბადენია? ქუთაისის საავადმყოფო მართლა თუ ჯობდა, (რატომღაც) ლიონისას? ხოლო ქობულეთის კარუსელები ევრო დისნეისას?... მასთან ერთად მისი მრავალ რიცხოვანი მაყურებელიც ბევრ სასარგებლოს შეიტყობდა "დემოკრატიულ ცივილიზებულ" ქვეყნებზე, დასავლეთის სახედ არ აღიქვამდა ნადირაძესა და ბოკერიას, და მათ, "ცივილურ" უტიფარ ტყუილებზე პასუხს ძალიან მარტივად გასცემდა. ბოლოს და ბოლოს ამ ყბად აღებული სარკოზის პირომანი "გარეწრების" ამბავს მაინც დაადგენდა. იმას მაინც შეიტყობდა, რომ მანიფესტანტებს კონკრეტული მოთხოვნები აქვთ ხოლმე და არა პრეზიდენტის, ან პარლამენტის შეცვლა. გარეუბნელი "ანარქისტი" პირომანების მოთხოვნები კი,პრინციპში დღემდე ვერავინ გაიგო, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ ტვინიც კი არ ყოფნით პოლიტიკური ან სოციალური მოთხოვნებისათვის
პარიზის სილამაზით აღფრთოვანებულ რეპორტიორთა ინგლისურად მოსაუბრე ჯგუფს, სენ ჟერმენის პოეტურ ბულვარზე კი არა, გადამწვარ გარეუბნებში, სენ დენისა და კლიშიში გაუშვებდა, სადაც მთელი მსოფლიოს ჟურნალისტები ღამეებს ათენებდნენ, თუნდაც ერთი "მხურვალე" კადრისა და ინტერვიუს მოსაპოვებლად. შეთავსებით რევილუციონერი ქართველი ჟურნალისტები კი, ამასობაში, სენის სანაპიროზე, გაკვირვებულ ანტიკვარ ქალთან იმას არკვევდნენ, მეზობელ სადარბაზოში ჟაკ შირაკი რომ გადმოვა პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ საცხოვრებლად (საიდან გაიგეს, ამ არეულობაში), არ ღელავთო? რაზედაც პასუხად ''მეტად საჭირო'' ინფორმაცია მიიღეს; როგორც აღმოჩნდა ამ ქალბატონს უკვე იმდენი სახელოვანი მეზობელი ჰყავს, მაგალითად ჟისკარ დე სტერნი და ჟან პოლ ბელმონდო, რომ შირაკის გადმოსვლაზე მაინცა და მაინც ბევრი არ უფიქრია. ძალიან რომ ჩაძიებოდნენ, იქნებ, ეს ანტიკვარი ქალბატონი, მემარცხენეც კი აღმოჩენილიყო, რომელსაც ქალბატონი და ბატონი შირაკები, სულაც არ ეპიტნავება... მარცხენა სანაპიროს ტროცკისტ – ბურჟუაზიისას რას გაიგებ...
მაგრამ ამ ჩაძიებისათვის, სულ ცოტა, ის მაინც უნდა ცოდნოდათ, რას ნიშნავს მარცხენა და მარჯვენა ფლანგი, პოლიტიკაში. ამის შესახებ საკვირველმა ქართულმა უიდეოლოგიო პარტიებმაც კი, ფიქრი სულ ეხლახანს დაიწყეს...თუმცა, მე რომ მკითხოთ, თითქმის ყველა, მმართველი ნაციონალებით დაწყებული, უმართავი ლეიბორისტებით დამთავრებული, ულტრა მემარჯვენეებს უფრო გვანან და რატომ, ამით, შალვა ნათელაშვილში "უიმედოდ შეყვარებული" ინგა გრიგოლია, ერთხელ მაინც რომ დაინტერესებულიყო, მერწმუნეთ, აუცილებლად წაადგებოდა მასაც , და პოლიტიკურად "არშემდგარ " საბრალო ქართველ ტელე საზოგადოებასაც.
არანაკლებ გასაკვირია, ხელისუფლების მომხრე ჟურნალისტთა სიბეცეც. რომლებსაც არანაკლებად ჭკვიანურად შეეძლოდ გამოეყენებინათ ეს მანიფესტაციები, თავიანთი დაბალი ხარისხის პროპაგანდაში, მაგალითად ეჩვენებინათ, რომ იგივე იმ ასიათასობით მანიფესტანტს საფრანგეთში, მიუხედავად ამხელა ხმაურისა, არასოდეს მოუთხოვიათ არც პრეზიდენტის შეცვლა და არც პარლამენტისა. მათთვისაც რთული გასაგებია, როგორც ჩანს, რომ მანიფესტაცია დასავლეთში, ძირითადად "სამუშაო" პროცესია, და არა სისხლიანი თუ ხავერდოვანი რევოლიუცია.
ამ ჟურნალისტებისათვის, როგორც ჩანს მაშინდელი მთავარი იდეოლოგის, კიდევ ერთი ევროპის სახის, მაია ნადირაძის ზიზღ ნარევი "უკომენტარო"ახსნა–განმარტებები უფრო მნიშვნელოვანი იყო. სხვა ევროპის სახეებმა, ამ უკანასკნელივით, ხალხის განათლებაში თავიანთი როლი შეასრულეს და უკვალოდ გაქრნენ, როგორ ამბობენ, ბიზნესს დაუბრუნდნენ(?!). სამაგიეროდ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში, უკვე კარგად ჩამოყალიბებული უარყოფითი წარმოდგენა შეიქმნა ამ "ცრუ ევროპელების" წყალობით დასავლეთის წინააღმდეგ. და რომ არა ერთმორწმუნე რუსების მანიაკალური ბრიყვული სისასტიკე გასულ აგვისტოში, ვინ იცის, იქნებ ჩვენივე ხელით მიგვერთმია ბატიუშკა პუტინისათვის ჩვენი საცოდავი დაღლილი საქართველო.

ნებით თუ უნებლიეთ, ბრძოლა, "ჩვენი მეგობრი" დასავლეთის წინააღმდეგ დღეს კიდევ უფრო დიდი წარმატებით მიმდინარეობს. ტრადიციულ საყვედურებს დაემატა ღალატი , ზოგიერთი საერთასორისო ორგანიზაციის ''არაკეთილსინდისიერება'' თუ ''არასერიოზულობა".აგრეთვე დასავლური მედიის კორუმპირებულობა, რომელსაც რუსეთი უამრავ ფულს უხდის ანტიქართული სტატიებისა და რეპორტაჟებისატვის. ამის შესახებ ამას წინათ პრეზიდენტმაც კი განაცხადა, ნიუ იორკ თაიმსზე მინიშნებით, რომ "მედია მოსყიდული მარტო საქართველოში კი არ არის"...
მე მესმის, რომ ერთად ერთი მოუსყიდავი მედია საშუალება მსოფლიოში "რუსთავი 2" –ია, მაგრამ, მაინც გადაჭარბებულად მიმაჩნია, ''ჩვენი ამერიკელი მეგობრების" კეთილ სინდისიერებაში ასეთი მძაფრი ეჭვის შეტანა, მით უმეტეს, რომ იგივე ჟურნალს უამრავი სტატია აქვს გამოქვეყნებული ჩვენს სასარგებლოდ, და ამ ლოგიკით, იქნებ ჩვენ უფრო "წარმატებით ვვაჭრობთ" ნიუ იორკ თაიმსთან, ვიდრე რუსები: პუბლიკაცია, ჩვენი სამხედრო შეცდომების შესახებ, რა მოსატანია ის რისხვასთან, რაც ამ ჟურნალმა, და საერთოდ ამერიკულმა პრესამ რუსეთს დაატეხა თავს, აგვისტოს ომის გამო.


3.
რვა საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ, რომ "გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის"... ვერაფრით გამიგია, რას ატარებენ შიგნით ამ სიგრძეს, ქართველი პოლიტიკოსები( სათქმელზე ვლაპარაკობ, რა თქმა უნდა."პუტ ინ" ის არ იყოს, სხვანაირად არ გამიგოთ ) და მათი ''გრუპი'' – ექსპერტები, რომ ათი წელია ვერ ამოიღეს. ან რა აინტერესებს, რის მოსმენას ელოდება ისეთს, ინგა გრიგოლია შალვა ნათელაშვილისაგან და გივი თარგამაძისგან, რომ ამდენი წელია სულს ხდის, მათაც და ხალხსაც. ამდენ დროს ჭკვიანი ადამიანი, ემანუელ კანტისთვისაც ძნელად გაიმეტებდა.
რა თქმა უნდა, ქლბატონი გრიგოლია იტყვის, რომ ეს საზოგადოების შეკვეთაა, ანუ ადამიანურ ენაზე, ხალხს ეს აინტერესებს. რაც, პრინციპში სიმართლეა, მხოლოდ ერთი დეტალის გათვალისწინებით, ხალხს აინტერესებს ის, რაც გრიგოლიას აინტერესებს, ეს კი ჩემი აზრით, უკვე, ერთგვარი ეკრანიდან გავრცელებული პოლიტიკური ხარაკირის ეპიდემიაა, რომელსაც სისტემატიურად გვიჩვენებენ Live ში ქართველი პოლიტ – ვარსკვლავები .
არ ვიცი, რას ეძახიან მედიის თავისუფლებას. ეს, ეტყობა საქართველოში," ასავალ დასავალის" მკითხველს უკეთ ესმის, ვიდრე მე "ლე მონდ"–ისას საფრანგეთში, რომელსაც, ამ ქართული გამოცემის ნებისმიერი პუბლიკაციის ანალოგიურის გამოქვეყნებისათვის, ან სასამართლოსგან დაწესებული ჯარიმები გააკოტრდებდა, ან მკითხველის დაკარგვა, რადგან მსგავსი უხამსი, თუნდაც ნაწილობრივი, ან გნებავთ სრული გულახდილობა სწორედ პორნოგრაფიულ გულახდილობას გავს, და ეს სულ ცოტა, ძალიან ცუდი გემოვნებაა – რაც ჩემი აზრით, ყველა ჩვენი პოლიტ უბედურების ერთ ერთი მთავარი მიზეზია.
სწორედ მედია რყვინს ჩვენს ინფანტილურ პოლიტ – სიმბოლოებს, ისინი ზუსტად იმას იმეორებენ, რასაც მათ საზოგადოება თხოვს მოციქული – ჟურნალისტების ოქროს პირით, რომლებიც ისე უცოდველი მიამიტობით ასრულებენ ამ შუამავლის თუ პილატეს როლს, გეგონება, ერთ ერთ მათგანს მაინც ეყო, ოდესმე ელეგანტურობა თუ არა, პროფესიული თავმოყვარეობა მაინც, რომ ყველა რანგისა და ფლანგის პოლიტიკოსის მდაბიური და ამაზრზენი გამოხტომები გაეშარჟებინა , და საზოგადოებამდე, ბრიყვული სერიოზულობით არ მიეტანა.
საფრანგეთში ვინც ნამყოფია დამეთანხმება, აივნებიდან და ფანჯრებიდან გაფენილ სარეცხს ვერსად ნახავთ, და ეს არა იმიტომ, რომ აქ ხალხი საცვლებს არ რეცხავს. სხვა და ხვა მიზეზების გარდა, იმიტომაც, რომ ამაზე ჯარიმაა.
ეს ჩემზე უკეთ, უდავოდ დასავლეთის სახეს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მოეხსენება, თუმცა როგორც პოლიტიკოსს შეფერის, "სხვისი" სარეცხის თემაზე მედიის გადამტერების შიშით ხმას არ იღებს. კავკასია ტვ ის "ბარიერში" მან საკმაოდ კარგად, დიპლომატიური ცივსისხლიანობოთ მოახდინა მონაწილეთა ისეთ შედევრების იგნორირება, როგორიც მაგალითად, ამ გადაცემის უცვლელი ექპერტის, კიდევ ერთი აშკარად ევროპული სახის მატარებელი, ბატონი ანდრო ბარნოვის მიერ გამოთქმული ხედვა გახლდათ, იმის შესახებ, რომ პოლიტიკურ ბრძოლას, მასში მონაწილეთა ხელში რესურსების რაოდენობა განსაზღვრავს. მაგალითად, როგორც ექსპერტმა სერიოზულად განმარტა, ირლანდიული ორგანიზაცია ,,ირას" ტერორისტი წევრები ამერიკაში ჩადიან, და ადგილობრივ ირლანდიელ ბიზნესმენებს, ბარების პატრონებს ფულს თხოვენ. უარის შემთხვევაში ძალასაც კი იყენებენ...მეტი დამაჯერებლობისთვის ექსპერტმა დასძინა, ეს წიგნებში წერიაო... ეტყობა ამ დღეებში ამერიკული ფილმი... ნახა აჭარის ტელევიზიით. ისე კი ერჩივნა ამერიკელი სინდიკალისტების შესახებ ენახა რამე (არის ერთი ესეთი ფილმი, სტალონეს მონაწილეობით), და მიხვდებოდა, რომ რეალური ბერკეტები დასავლეთში, სინდიკატებს (პროფკავშირებს) უჭირავთ, მანიფესტაციებს პოლიტიკური პარტიები კი არა, სწორედ ისინი აწყობენ... პარტიები კი მხოლოდ უერთდებიან. ისინი ყველაზე მძლავრ პოლიტიკურ და სოციალურ იარაღს – საზოგადოების სოლიდარობას აკონტროლებენ. დიახ, სოლიდარობას, რომლის ნასახიც კი არ არსებობობს საქართველოში, და ამიტომ ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთად ერთი ბერკეტი შიმშილობა, და "მშვიდობიანი" რევოლიუციის წინასწარმეტყველებაა. 21–ე საუკუნის საქართველოში, ვერავინ მოახერხა, სოციალური და პოლიტიკური მოძრაობის ყველაზე მძლავრი ბერკეტის, – გაფიცვების გამოყენება. და არა იმიტომ, რომ საქართველოში, როგორც ციფრები გვეუბნებიან, არ არსებობს დიდი და სერიოზული ინდუსტრია ან სატრანსპორტო ქსელი, უბრალოდ ამაზე ფიქრისათვის ჩვენმა პოლიტიკოსებმა და ინტელექტუალებმა , განსაკუთრებით მათმა "პროდასავლურმა" ნაწილმა, ჯერ ვერ მოიცალა.
როდესაც საზოგადოებრივი არხიდან უამრავი თანამშრომელი გაანთავისუფლეს, იმ მოტივით, რომ ამას ევროპული სტანდარტები ითვალისწინებს, ან, როდესაც ნახევარი უნივერსტიტეტი უმუშევარი დატოვეს, , სამსახურში დარჩენილებს, არ გასჩენიათ სურვილი კოლეგებისათვის სოლიდარობის გამოცხადებისა...იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, არც უმუშევრად დარჩენილები გაიფიცებოდნენ, პირველთა სამუშაო ადგილების გადასარჩენათ. უმუშევრად დარჩენილებმა და მათმა გულშემატკივრებმაც, ყველაფერი ისევ ევროპას დააბრალეს, ძალიან ბევრი ილაპარაკეს – ყოველი ეროვნულის მიზანდასახულ მოსპობაზე, დასავლეთის ფასეულობების ხელოვნურ დანერგვაზე. რასაც მე ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებდი, ერთი მარტივი მიზეზის გამო – მთავარი ევროპული ფასეულობა, ადამიანებს შორის სოლიდარობაა, და საქართველო, რომელიმაც ეს ვერ მიიღო, უფრო რთულ, კულტურულ, თუ საგანმანათლებლო ფასეულობებს, ვერაფრით ვერ მიიღებს: სორბონის უნივერსიტეტიდან კი არა, ჩემი 13 წლის შვილების კოლეჯიდან, დარაჯიც რომ გააგდონ, მასწავლებელზე არაფერს ვამბობ, მეორე დღიდან უკლებლივ ყველა პედაგოგი და მოსწავლე გაფიცული იქნება, და მადლობა უნდა თქვას განათლების სამინისტრომ, თუ ამ მოძრაობას სხვა სკოლებიც არ შეუერთდა, და იმ მასობრივ არეულობაში არ გადაიზარდა, რომელსაც ასეთი წარმატებით იყენებენ ჩვენი ჟურნალისტები, თავიანთ რომანტიულ რეპორტაჟ –არდადეგებში, პარიზიდან, თუ ევროპის სხვა ქალაქებიდან...
საქართველოში კი, "საცოდავი მოხუცი "პროფესორები იმდენ ხანს იდგნენ აცრემლებულნი უნივერსიტეტის ბაღში, თავიანთი ახალგაზრდა კოლეგებისაგან ნუგეშის მოლოდინში, სანამ, ბოლოს ვარაზისხევში ქვების შეგროვება და სროლა არ დაიწყეს "აკადემიური მარტოობისაგან" გაგიჟებულებმა. და ეს ყველაფერი დასავლური ცივილიზაციის მორიგ სახეს, "ვინმე'' ხუბუას, და განსაკუთრებით ყველაზე გამოჩენილ ქართველ სანტექნიკოს ლომაიას დაბრალდა... აკაკის, ვაჟას, გალაქტიონისა და განსაკუთრებთ გამსახურდიების – "ანტიმართმადიდებელ მტრებს"!...
ნუთუ ძნელი მისახვედრია, რომ ხუბუა, მხოლოდ ერთი ხუბუაა, და მეტი არაფერი... სამაგიეროდ, უნივერსიტეტში ასობით დარჩენილნი, იუდები არიან , სოლიდარობის გრძნობამ, სწორედ ის ევროპული ცივილიზაცია შექმნა , რომელისგანაც ჩვენ ასე უიმედოდ შორს დავრჩებით, სანამ არ მივხვდებით განსხვავებას მეგობრობასა და ამ სოლიდარობას შორის. კლანურობასა, და მოქალაქეობას შორის.




ეპილოგიჯორჯისა და უსამას როლების განაწილება, ქართულ საგარეო, თუ შიდა პოლიტ – პორნოგრაფიაში თქვენთვის მომინდვია.
მე, სჯობს "ხელებს დავიბან" და ახალ აღთქმას ჩავუჯდები, რომ მისი სახელით, კიდევ ვინმემ, რამე არ მომატყუოს.

Paata KOURDADZE. 27 février 2007



3 commentaires:

Anonyme a dit…

პაატა,

კარგი წამოწყებაა ეს შენი ბლოგი – გისურვებ წარმატებას.

ეს ინფორმაცია აუცილებლად დაგაინტერესებს და ალბათ მომავალი ბლოგისთვის საზრდოთაც გამოდგება:

"Из национального музея Грузии на этой неделе сотрудниками личной охраны президента Михаила Саакашвили была вынесена картина всемирно известного грузинского художника Нико Пиросмани "Гиоргоба в Болниси" и доставлена в президентскую резиденцию, сообщает в четверг грузинская газета "Алиа". При этом она ссылается на сотрудника музея, пожелавшего остаться неназванным, и экс-министра иностранных дел Грузии в начале 90-х годов Гиоргия Хоштария.


Как пишет газета, Хоштария намерен обратиться к общественности в связи с данным фактом "беспредела властей".

ასე, რომ კულტურული დაინვალიდება გრძელდება მზარდი ტემპით... მეტი ინფორმაციისათვის შეგიძლია უყურო ან კავკასია/აქუ TV–ს გუშინდელ (პარასკევის) გადაცემა "ბარიერს" (ალბათ ხვალ–ზეგ დადებენ ვებზე, ან კიდევ გუშინდელ (პარასკევის)"გრეჩიხას/საკანს N 5", რომლისადმიც, ჩემი აზრით, ზედმეტად კრიტიკული კი არა, დაუნდობელიც კი ხარ – ესე ერთი ხელის მოსმით მოსასპობი და მიწასთან გასასწორებელი არ არის ეგ პროექტი – ყოველ შემთხვევაში აქ ეგრეა და მანდ კი შეგიძლია არც უყურო... ჩემი აზრით, ეგ პროექტი ჯერ–ჯერობით "აბაროტებს" კრიფავს, მაგრამ ძნელი სათქმელია რამდენ ხანს გაქაჩავს... ინფოსთვის შეიძლება დაგაინტერესოს: http://polit-forumi.com/index.php?showtopic=3177

გისურვებ ყოველივე საუკეთესოს,

გიორგი

Anonyme a dit…

აი რას უყვება ახალგაზრდობას ე.წ. საზოგადოებრივი მაუწყებელი:
http://www.youtube.com/watch?v=bjxs2qgpYV8

Anonyme a dit…

ise,zalian sainteresoa es cxovreba.rodesaz "fausti"-is pasa sheuqzevadi xdeba, kavkasionis ert mxares , erti ordinators miujdeba, xolo meore nigabs ixsnis da unigbo gulrwfelobit 'katarsisis' gsas gadis.chemi umokmedobit giertdebit.
paata gisurveb warmatebebs.