Une erreur est survenue dans ce gadget

6 février 2009

ეროვნული ჯეთსეტი, ანუ როგორ გავარტყათ ათიანში




.
ჯეოსელის "რელიგიურად –კორექტული "რეკლამა


----------
გასულ კვირაში ქართული საზოგადოების ნაწილი საპატრიარქოს მიერ საზოგადოებრივი ტელევიზიის მიმართ ცენზურის(რეკომენდაციის სახით) გატარების მცდელობამ აღაშფოთა – ეკლესიამ მიზანშეუწონლად მიიჩნია თოქ შოუში"საქართველო - დიდი ათეული" იმ ცნობილი მოღვაწეების ჩართვა, რომლებიც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანებად არიან შერაცხულნი( დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ილია...) ამ რეკომენდაციამ საოცარი ეფექტურობით გამოიღო ნაყოფი – BBC + საზოგადოებრივი არხის ამ ისედაც, არც თუ ისე გონებამახვილურმა პროექტმა,პროდუქციის ხელმძღვანელობისა და სამეთვალყურეო საბჭოს თითქმის საბჭოთა პერიოდის რანგში აყვანილი კონფორმიზმის წყალობით, კიდევ უფრო გაუგებარი სახე მიიღო. საერთოდ უნდა ითქვას, რომ მსგავსი და კიდევ უარესი რეკომენდაციები არც ისე იშვიათია თვით უფრო „პროგრესულ," ან თუ გნებავთ, ნებისმიერი გაგებით ნაკლებად ორთოდოქსალურ კათოლიკურ ეკლესიაშიც კი . მაგალითად პაპი იოანე – პავლე II პრეზერვატივების ხმარების წინააღმდეგ იბრძოდა სწორედ იმ პერიოდში, როდესაც პლანეტაზე შიდსმა ყველაზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. პაპის ამ რეკომენდაციებმა განსაკუთრებით დრამატული შედეგები ღრმად კათოლიკურ, მაგრამ ღარიბ ლათინურ ამერიკაში გამოიღო – ადამიანებმა მრუშობას კი არა, პრეზერვატივების ხმარებას დაანებეს თავი. განვითარებულმა და „გარყვნილმა,’’ სექსუალური რევოლუციის ნაბახუსევზე მყოფმა დასავლეთმა კი პირიქით – 90 წლებიდან მოყოლებული, ნაკლები რისკის ქვეყნებში რიგში გადაინაცვლა, და მათ შორის უსაფრთხო სექსის, პრეზერვატივების შესახებ გრანდიოზული საინფორმაციო კამპანიების წყალობით.
-----
XX საუკუნეში საქართველოს მოლოდ სამი ცუდი პიროვნება ჰყავდა – ბერბიჭაშვილი, სტალინი და ორჯონიკიძე. დანარჩენები კარგები და მათი მსხვერპლნი იყვნენ. უფრო მეტიც, საქართველოს "პოპ"– ისტორიასა და მის შემქმნელებს ( რომლებსაც მეცნიერება პატრიოტიზმისაგან ვერ გაურჩევიათ) თუ დავუჯერებთ, ერთად ერთი ერი ვართ მსოფლიოში რომელსაც თავისი არსებობის მანძილზე, არავისთვის არაფერი დაუშავებია.
ვერაფერს ვიტყვი, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა საშუალო ქართველს საკუთარ ისტორიასთან, გასული საუკუნის ცნობილ ოქტომბრის რევოლუციამდე. ამის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი – საშუალო ქართველის დეტერმინაციის მცდელობა ილია ჭავჭავძესთან ერთად დაიმარხა მთწმინდის პანთეონში, რამდენიმე წლის შემდეგ კი, ჩაქუჩებითა და ნამგლებით შეიარაღებული წითელი სფინქსის მეტამორფოზით აღსდგა მკვდრეთით, და რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში გულმოდგინედ ჭედდა ქართველთა შემეცნებაში ეროვნულ ეპიკურ ისტორიას.
წითელი პერიოდის ბოლო 30 წელიწადს თავად შევესწარი, ამიტომ დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ საბჭოთა იდეოლოგია, ძირითადი მიზნის- საკუთარი რეალობის გაყალბებულ ისტორიად გარდაქმნის პარალელურად, თავისუფალ დროს, ცალკეული ერებს ეთნიკურ – პატრიოტული გრძნობების ჩამოყალიბებას უთმობდა, თანაც დიდი წარმატებით, და ერთადერთი პირობით – ისტორიის გმირული ნაწილი ხალხთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, იშვიათი გამონაკლისის შემთხვევაში რამოდენიმე შუასაუკუნეების მონარქთან ან ფეოდალთან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში XIX– XX (დასაწყისი) საუკუნის ბურჟუაზიასთან.
რუსული უსინდისო კოლონიალიზმით გატანჯული საქართველოსათვის, რომლისთვისაც პატარა სამხრეთული ქვეყნებისათვის დამახასიათებელი საკუთარი არსებობის სენტიმეტალური განცდა, ისედაც თვითდამკვიდრების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა, ასეთი ატმოსფერო ნამდვილი კომფორტაბელურ თავშესაფარი აღმოჩნდა – პატრიოტიზმი ჭეშმარიტების ერთადერთ დამადასტურებელ არგუმენტად და საბჭოთა იდეოლოგიის მიერ წაქეზებულ უნიჭო თუ ნიჭიერი პოეტების, მწერლების და სხვა ხელოვანთა თავშესაფრად იქცა – "ერის ღირსეული შვილი", "ჭეშმარიტი მამულიშვილი" ... აი ეპითეტები, რომლებიც მემკვიდრეობით გვერგო და დღემდე ნეტარებით ვიმეორებთ ამა თუ იმ მწერლის თუ პოეტის დასახასიათებლად, უფრო ხშირად, ვიდრე ხარისხის განმსაზღვრელ მარტივ, თუ გნებავთ, თუნდაც მომხმარებლურ კითხვას – არის თუ არა ეს კარგი ლიტერატურა? ისეთი, როგორსაც მაგალითად შექსპირი ქმნიდა, და რომლის ბრიტანელ მამულიშვილობაზე ლაპარაკი, არა მგონია ნორმალურ ადამიანს თავში მოუვიდეს.
"ბედად", ყოველივე ამას პროპაგანდის საუკეთესო საშუალების, კინემატოგრაფის ბუმი დაერთო, რომელმაც საბჭოთა ხალხთა პატრიოტულ მითოლოგიას ფასდაუდებელი სამსახური გაუწია – " საქართველო აქაც, ისევე როგორც ხელოვნების სხვა დარგებში მოწინავეთა რიგებში აღმოჩნდა. არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკის კინემატოგრაფს ისე ოსტატურად არ უვლია პათეთიკური ტყუილის, მლიქვნელობისა და ერთგვარი ფოლკლორული ხუმრობანარევი "სიმართლის'' ზღვარზე, როგორც ქართულს. განსაკუთრებით 50 – 60 წლებისას, რომლიც ქართული წითელი ბურჟუაზიის დიდი მეცადინეობით ისე შეიპარა,ისე შეერია, გაზავდა, მართლაც დიდი რეჟისორების, მუსიკოსების, პოეტებსა და მწერლების სიაში, რომ მათი უნიკალურობა მართლა დავიჯერეთ და დღეს, გენიოსთა იმ სიგრძე სია შემოგვრჩა, როგორზეც ბევრი დიდი ერიც ვერ იოცნებებს.
შეგვრჩა ყოვლად უვარგისი ლოკალური ''შედევრებით'' გამოტენილი სარდაფები. მემორიალური დაფები უცნობი გვარებით, ბიუსტები, და განსაკუთრებით პანთეონები – ყველა სასაფლაოზე,რომლებიც ხან, რაღაც "ვიპ ზონებს" მახსენებენ, ხან კომუნისტების დროინდელ მეოთხე სამმართველოს პრესტიჟულ ლეჩკომბინატის მსგავს ერთგვარ "მორტ კომბინატებს".
აქ უნდა აღინიშნოს რომ ჩვენზე არანაკლებ კულტურის მქონე (მაგალითად) საფრანგეთში ერთადერთი პანთეონია, პარიზის ლათინურ კვარტალში, სადაც სულ 70 დიდი ფრანგი განისვენებს: ვოლტერი, ჟან ჟაკ რუსო, ვიქტორ ჰიუგო...მამა დიუმა მხოლოდ 2002 წელს გადმოასვენეს დაბადების 200 წლის თავზე, შვილი კი მონმარტის ჩვეულებრივ სასაფლაოზე განისვენებს სტენდალთან, ბერლიოზთან, ტრიუფოსთან, თეოფილ გოტიესტან ერთად... პარიზში სხვა მუნიციპალური სასაფლაოებიც არის – პეღლაშე: ბალზაკი, მოლიერი, ბიზე, მარსელ პრუსტი, ჯიმ მორისონი...მონპარნასის: შარლ ბოდლერი, სამუელ ბეკეტი, გი დე მოპასანი, ეჟენ იონესკო,ჟან პოლ სარტრი, სერჟ გინსბურგი... შთამბეჭდავი სიაა, ვერაფერს იტყვი, ამას თუ კიდევ ჩვეულებრივ სოფლის სასაფლაოებს დავამატებთ სადაც, დე გოლის „დონის" პიროვნებები განისვენებენ, შეგვიძლია ალბათ,ტრადიციულზე მეტად გაბედული ეჭვი შევიტანოთ ფრანგების მიერ წინაპართა პატივისცემაში, რა თქმა უნდა,ჩვენგან განსხვავებით...მერე რა, რომ ბოლოს და ბოლოს, პანთეონი ,ყველაფერს რომ თავი დავანებოთ , არქიტექტურულ ნაგებობას ნიშნავს...ერთი ორი კუკიის პანთეონის მსგავსის „ორგანიზება" რა პრობლემა იქნებოდა ამ არც თუ ისე ღარიბი ქვეყნისათვის...

ყველაზე საინტერესო ფენომენი მაინც ქართული მენტალური პანთეონებია. ცნობილ პერსონებზე ფორმატირებულისაგან ოდნავ განსხვავებული აზრის გამოთქმა კი არა, კითხვის დასმაც კი "აკრძალულია". მათ, აუცილებლად კერპად ქცევით უნდა მივაგოთ პატივი: „ვიპ ზონის მიწაში" ჩავფლათ, ზევიდან ძალიან დიდი და ძალიან მძიმე მონუმენტი დავადგათ და ამით საბოლოოდ მკვდარ, უემოციო და ღრმად დამარხულ განძეულობად ვაქციოთ. სამაგიეროდ პანთეონთა ეს საიდუმლო ქსელი საშუალებას გვაძლევს წინაპართა ბრმა განდიდების: მსხვრპლებისაც და ჯალათებისაც, რაც თავის მხრივ , გარანტიას იძლევა, რომ მიუხედავად შენს მიერ ჩადენილი ნებისმიერი სისაძაგლისა, შენს შვილებს არასოდეს შერცხვებათ შენს მაგივრად, წინაპრების სადღეგრძელოში მაინც პატივისცემით მოგიხსენიებენ, რადგან ჩვენთან ხომ, მიცვალებულს, გარდა ზემოთ ნახსენები სამი ოფიციალური გარეწრისა, არ აგინებენ! სამაგიეროდ ცოცხლების გინება ლამის მთავარი სასიცოცხლო მამოძრავებელი ძალაა . იმისათვის რომ შენი გინება შეწყვიტონ უნდა მოკვდე... მერე ტვინებში პატარ პატარა პანთეონებს აგიგებენ, და ვერავინ გაბედავს იმის თქმას, რომ შენი შეცდომების არ გაანალიზება, არ აღიარება, შენივე შთამომავლობის განუვითარებლობის მთავარი მიზეზი გახდება, რადგან მათი პიროვნული პასუხისმგებლობის გრძნობა ისევ მენტალურ პანთეონში გამოიკეტება. შენი შვილები შენსავით ჩათვლიან, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ კონკრეტული აწმყოს ამხსნელი იურიდიული ტერმინია, მისი მორალური მხარე კი მხოლოდ წინაპართა სადღეგრძელოს პათეტიკა. მთავარია ამ წინაპრად გადაქცევა მოასწრო, ანუ "სახელოვნად" მოკვდე, ჩვენში კი, ხმაურიანი სიკვდილი კომფორტაბელურია: შენზე სიმართლეს ვერასდროს ვერავინ გაიგებს. ვერასოდეს! ვერასდროს! უკუნითი უკუნისის იქითაც კი...
ყოველ ახალ თაობას კი, დღევანდელი საკვირველი ახალგაზრდული არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციების არ იყოს, ისევე, როგორც ბრეჟნევის "დრუჟენიკებს" ან ბორის ძნელაძის ანტიქრისტე კომკავშირლებს, შესადარებელი არაფერი ექნებათ, რადგან, არც ერთი მათგანის წინაპარი არც კომკავშირელი აქტივისტი ყოფილა, არც "დრუჟენიკი". არავინ შეეკითხება საკუთარ თავს: "ხომ არ წააგავს იმ ბაბუას, რომლის შესახებ ცოტა მეტი რომ სცოდნოდა, ვარდებითა და ბუშტებით აქეთ იქით სირბილის წინ, იქნებ ცოტა მეტად დაფიქრებულიყო საკუთარი "რევოლუციური" პასუხისმგებლობის შესახებ...
ამდენი მონუმენტებითა და პანთეონებით სავსე სევდინ პეიზაჟებში გაზრდილი ყოველი ახალი თაობა, დარწმუნებულია, რომ ისტორიის წერას, თითქმის სუფთა ფურცლიდან იწყებს, რაც, პრინციპში იქნებ მისასალმებელიც კი ყოფილიყო, რომელიმე მათგანი, წინამორბედისაგან განსხვავებით, ილუზიის შექმნის ნაცვლად, მართლაც რამეს რომ წერდეს, და საქართველოს ისტორიის ამ ძველი, გაცრეცილი წიგნის ბოლო გვერდები, ისევ უიმედოდ სუფთა არ რჩებოდეს ათეული წლების განმავლობაში, როგორც ჩვენი უახლესი ისტორიული მახსოვრობა...
არა და, გაბედულად შეფასებული წარსული, ქვეყნის მორალური სკლეროზისაგან განკურვნის უებარი საშუალებაა. მე გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენი ქრონიკულში გადაზრდილი "ეროვნული სიბრიყვის" გამომწვევი მთავარი მიზეზი, სწორედ საკუთარი არსებობის მიმართ უპასუხისმგებლო, ბეცი დამოკიდებულება უფროა, ვიდრე სწორი, თუ არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებების.
თუმცა ეროვნული პასუხისმგებლობლობა მხოლოდ "ბერბიჭაშვილის" ფენომენის აღიარებით თუ ბანალიზაციით არ განისაზღვრება. კითხვის დასმის შეუძლებლობა – აი ის ჯაჭვი– ჩვენი პრომეთეს შეცდომა, რომლითაც ჩვენ თვითონვე შევიბორკეთ თავი, მივებით კავკასიონს. თუ, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიის მიერ, ცნობილი ქართველი მოღვაწეების კანონიზაცია, მე მავალდებულებს კითხვა აღარ დავსვა ჩემი წინაპრების შესახებ, მე უფლებას ვიტოვებ, ეს ვალდებულება რეკომენდაციად მივიღო და მას არ დავემორჩილო, მე არ მსურს დუმილის პანთეონში გამოვკეტო ჩემი ქვეყნის ისტორია.
საერთოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანას არაფერი ეტყობა, იმისა,რომ პატრიარქის რეკომენდაციებს ყურად იღებდეს – ათივე მცნება ისევე რეკომენდაციების სახეს ატარებს ქართულ საზოგადოებაში, როგორსაც წმინდანების თოკ შოუდან მოხსნის იდეა. მხოლოდ რატომღაც ამას ნაკლებად განვიცდით – გასაგებია, უფრო ადვილია შეელიო ერთ სატელევიზიო გადაცემას, ვიდრე მაგალითად, ქერა გოგონასთან ერთად კაბრიოლეტით ზღვისპირას ქროლვის ფანტაზმს. ამ გადაცემის გაკორექტულება მხოლოდ "ინდულგენციაა", სამოთხის კარის გასაღებად – ამ კაბრიოლეტით ქროლვისას, შესაძლო ავარიის შემთხვევაში.
მე სხვა, არანაკლებ გონებამახვილური რეკომენდაციებიც მახსოვს – მაგალიად 80 წლების ბოლოს იმ ქართველის მეშვიდე თაობამდე დაწყევლის შესახებმ, ვინც ქართველის სისხლს დაღვრიდა. მაშინ არავის დაუსვამს კითხვა – მაგალითად , ქართველის მიერ ოსის სისხლის დაღვრას რამდენი თაობის სული შეეწირებოდა. კიდევ უფრო ადრე, დაახლოვებით 1980 –81წელს, ერთ საკვირაო ქადაგებისას,რომელსაც თავად ვესწრებოდი,  საქართველოს პატრიარქმა გვირჩია, ყველა არამართლმადიდებლური რელიგიური წიგნი, რომელიც სახლში გვქონდა დაგვეწვა. მაშინ ინტელეატუალურ თბილისში ეზოტერიულ ლიტერატურა იყო მოდაში, განსაკუთრებით – რუდოლფ შტაინერი და გიორგი გურჯიევი. სწორედ მათზე იყო განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებული.
მე პირადად გაჭირვებით ნაშოვნი, გადაბეჭდილი (სამიზდატი) სუძუკის "ძენ ბუდიზმი" მქონდა სახლში, რომელიც ჩემთვის გაცილებით მეტს წარმოადგენდა, ვიდრე უბრალოდ, იატაკქვეშა სტამბაში აკინძულ წიგნს. და , რა თქმა უნდა, მისი დაწვა არც მიფიქრია. არა მგონია ვინმე სხვას, სიონის მაშინდელი მრევლიდან ყურად ეღო ეს რეკომენდაცია – მაშინდელი ქართველი მრევლი, როგორც ეხლა ვხვდები, გაცილებით სეკულარული და პროგრესული იყო – მის დიდ ნაწილს, სწორედ შტეინერის, გურჯიევისა თუ ბუდიზმის მკითხველები შეადგენდნ. უფრო მეტიც – ეს თაობა ეკლესიაში გარკვეულ წილად ებრაელი ვებერის მიერ, "გარყვნილ" ბროდვეიზე დადგმულმა მუსიკალურმა კომედიამ, როკ ოპერა Jesus Christ Superstar(1973) – მაც მოიყვანა.მიუზიკლმა რომელსაც, სულ ცოტა, არაფერი უვნია მართლმადიდებლობისათვის, არც ზოგადად ქრისტიანობისათვის. ისევე, როგორც ჯეოსელის ამ სარეკლამო რგოლს, რომელიც 2006 წლის შემოდგომაზე ყველა ქართულ არხზე ტრიალებდა, მათ შორის საზოგადოებრივზეც. მის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. თუმცა ეს სარეკლამო რგოლი გაცილებით მეტ კითხვას იმსახურებს ვიდრე ზემოდხსენებული თოქშოუ "დიდი ათეული".
2.შევხედოთ კიდევ ერთხელ ამ რეკლამას და დავაკვირდეთ, მობილური ტელეფონის ეკრანზე, ერთმანეთის მიყოლებით Photoshop ით ინკუსტრირებულ წმინდანებს: წმინდა გიორგი, ღვთისმშობელი...მობილური ტელეფონის მარკა შენიღბულია, რომ რომელიმე კორეულმა ან ჩინურმა ფირმამ მუქთად არ ისარგებლოს თურქულ – ქართული "ჯეოსელის" ხარჯზე. ღვთაებრივი საგალობელის ფონზე, ლითურგიული ოფ ხმა, სატელეფონო ქსელის რელიგიური კალენდრის პრაქტიკულ სერვისს გვთავაზობს. ბოლოს კი თავად პატრიარქი ლოცავს კომპანიას "ამ საქმისათვის". ყველაფერს კი კოტე ყუბანეიშვილის ფრთიანი სლოგანი: თქვენი ქსელი, ჯეოსელი აგვირგვინებს, (სავარაუდოდ) სწორედ ამ საეკლესიო კალენდრის ფონზე.

იქნებ ვინმე ამიხსნის რითია BBC + საზოგადოებრივი არხის ტვ შედევრი ნაკლებად "მართლმადიდებლურად კორექტული"?

ეს 30' წამი, ''დიდი ათეულის'' კონკურსიდან მოხსნილ ქართველ მოღვაწეებსაც დაიტევს, და ადგილიც ბევრი დარჩება. არ მინდა ამ თემაზე ბევრი ვიხუმრო, არა იმიტომ , რომ ეს სარეკლამო რგოლო და საპატრიარქოს შესაბამისი სამსახური ამას არ იმსახურებს. ეს უბრალოდ, ძალიან მარტივია, ამოუწურავი ხუმრობისა და სიცილის საშუალებას იძლევა, მე კი ამ ტექსტის წერისას სულაც არ ვარ ხუმრობის ხასიათზე. ძალიან ბევრს ვიცინებდი, მაგალითად პაპი ბენუა 2 რომ მენახა, რეიბანის, ან სარეცხი ფხვნილის რეკლამაში, რადგან ეს წარმოუდგენელია, და დიდი მოულოდნელობა იქნებოდა. სულ ცოტა სკანდალი გარანტირებული იქნებოდა მედიაში ... მე კი ამ რეკლამის აღმოჩენიდან, სამი წლის შემდეგ, აი რას ვკითხულობ დღევანდელ ქართულ პრესაში :
შაბათი, 2009 წლის 7 თებერვალი, "საქართველოს რესპუბლიკა. " ქართველ მეფეთაშთამომავლები ხვალ საქორწინო გვირგვინს დაიდგამენ ( თეა მოსია), პუბლიკაცია შეეხება "ბაგრატიონთა ორი სხვა და სხვა შტოს წარმომადგენლების": "ქართული ენის მასწავლებელ" საპატარძლოსა და ესპანეთში მცხოვრებ "საკმაოდ განათლებულ და ინტელექტუალურ ახალგაზრდა" მართლმადიდებელ დავითს შორის.
მასში სიტყვა სიტყვით ვკითხულობთ : ქორწინება ღვთის განგებით ცაში გადაწყდა, ხოლო ინიციატივა საქართველოს უწმინდესმა და უნეტარესმა კათალიკოს-პატრიარქმა გამოიჩინა, რომელსაც პირადად უნდა დაეწერა ჯვარი წყვილისთვის, მაგრამ ვინაიდან ის ავადმყოფობის გამო საზღვარგარეთ იმყოფება, ამ მისიას მისგან კურთხეული სამღვდელო პირი შეასრულებს. ქორწილში 3 ათასი მოწვეული სტუმარია დაპატიჟებული, თუმცა პატრიარქის აქ არ ყოფნის გამო, შეიძლება მათი რიცხვი შემცირდეს. http://www.opentext.org.ge/09/sakartvelos-respublika/023/023-3.htm

ახალ დაქორწინებულები ღმერთმა ამრავლოს! ისინი,როგორც ვხვდები სწორედ ამ მიზნით " შეაჯვარეს" . მე პირადად, დამატებით, მაინც, "ბედნიერებასაც" ვუსურვებ (რომელიც პრინციპში, როგორც ჩანს, სულაც არ არის აუცილებელი).
მთავარი ჩემთვის ამ ისტორიაში ის არის, რომ ეს პუბლიკაცია, მისი ბანალურობის გამო, ჩემში იუმორის გრძნობის ნაცვლად შიშს იწვევს, რომელიც ბავშვობის მერე აღარ განმიცდია – სიბნელის შიშს.

მსგავს სისულეებს, ყურადღებასაც კი იშვიათად აქცევს უკვე ვინმე. მე ამას საქართველოში სიბრიყვის ბანალიზაციას დავარქმევდი. სწორედ ეს არის ჩემი ბნელი ოთახი, რომლისაც მეშინია.
პაატა ქურდაძე
პარიზი. 8.02.2009



P.S. –  როგორც ჩანს მაინც მომიწევს მცირე განმარტების გაკეთება ზოგიერთი იმ მაილის პასუხად, რომლებიც ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ მივიღე( სამწუხაროდ, კომენტარების დატოვება ამ ბლოგზე ტექნიკურად რთული აღმოჩნდა, ამიტომ მათ მაილით მიგზავნიან.რისთვისაც დიდად მადლობელი ვარ.შევეცდები მლე გამოვასწორო ეს ხარვეზი ).
ამ წერილის მიზანი არც საპატრიარქოს , და მით უმეტეს არც პატრიარქის წინააღმდეგ ბრძოლაა.პირიქით.
მე მხოლოდ კითხვებს ვსვამ, სწორედ იმიტომ, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მომავალმა წინამძღოლმა, რომელიც დღეს, ალბათ, ყურადღებით ადევნებს თვალყურს ქვემოდ მოყვანილ მოვლენებს, არ ჩათვალოს, რომ დედამიწაზე მოვლენილ აბსოლუტურ ჭეშმარიტებას წარმოადგენს, და საბოლოოდ საქართველოსაგან, ტალიბანების ავღანისტანის ქრისტიქნული რემიქსი არ მივიღოთ.
ამ კითხვებს, განსაკუთრებით საერო საზოგადოებისათვის ვსვამ.
ეკლესიას, ყველა ეპოქაში ჰქონდა გაცილებით მეტი მიდრეკილება სახელმწიფო საქმეებში ჩარევისაკენ, ვიდრე პირიქით (გარდა საბჭოთა პერიოდისა, ცნობილი მიზეზების გამო). ამ ორ ინსტიტუციას შორის ურთიერთ ჩაურევლობის შეთანხმებას, საზოგადოებაც უნდა არეგულირებდეს, რადგან 21 საუკუნის ადამიანებს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ საკუთარი არსებობის მიმართ. ვიდრე, სულ რაღაც ერთი საუკუნის წინ, გილიოტინის თუ სახრჩობელას მოლოდინში, ბაზრის მოედანზე სეირის საყურებლად შეკრებილ წერაკითხვის უცოდინარ ბრბოს






ფსიქოდელიური ქრონიკა 2009-ს
შეძენა საქართველოს ფარგლებს გარეთ

9 თებერვალი, 2შაბათი 2009

6 commentaires:

Anonyme a dit…

Paata zalian saintereso statiaa. madlob, tu am statiis shemdeg gangzrobba ikneba da regularul xasiats miigebs sheni sttatiebi.
Gtavazob chems facebookze da saitze davdo linki.
Pativiscemit Shalvak

Anonyme a dit…

კარგი წერილია,ახალს ველოდები; "ბაგრატიონების პროექტი" ;) მართლაც მძიმე სურათია, საფრანგეთის რევოლუციის (და არა მხოლოდ საფრანგეთის "ინგლისის რევოლუციაც, ნაწილობრივ თანასწორობას და უფრო მეტად სამართლიანობას ემსახურებოდა) მთავარი მიღწევა ხომ იმაში მდგომარეობს, რომ "თანასწორობის იდეა" გაიაზრა იმდროინდელმა მსოფლიო საზოგადოებამ. რომ მოკვდავი კაცი– მეფე ღვთაებრივი წარმოშობის არ იყო. აბა რევოლუციის მიღწევად იმას ხომ არ ჩავთვლით, რომ შეიქმნა სადამსჯელო "კონვენტი" და ამ კონვენტმა ჯერ "რევოლუციის მტრები", შემდეგ უბრალო– უდანაშაულო ადამიანები და ბოლოს რევოლუციის შვილები და სულისჩამდგმელები აიყვანა გილიოტინაზე და ტავები დააყრეინა!?
შენ, ხომ გეშინია ამ "სიბნელის", ალბათ დაგამშვიდებს ის რომ მეც მეშინია, თანაც ძალიან, შიშისგან ფართოდ გახელილ თვალებით უყურებ ამ უმეცრებას– კარგად შეადარე, მართლაც რომ "ბნელი ოთახია" დრევანდელი საქართველო.

***
p.s შენი "ბნელი ოთახი"


ყველა ცრუ,
თითქმის ყრუ – წარსულის
ფ ე რ ე ბ ი თ...
ხელების, თვალების უაზრო
ც ე ც ე ბ ი თ...
ეძებს უკვდავ "გოდოს",
როგორც თავშესაქცევს,
მუდმივ თავშესაფარს.
ბრიყვები ამკვიდრებენ
სიბნელეს
გ ა მ ხ ე ც ე ბ ი თ...
დაბრუნდა მუმია!
აცეკვდნენ გვამები.
სიბნელე დაბრუნდა,
გვირგვინით უმეცრების,
ამაყი უმეცრებით!..

merabuka a dit…

saqartvelo 1988 tslidan gaxda martlmadidebeli talibebis kvekana. kvekanashi praktikulad agar darcha sazogadoebrivad aqtiuri tavisufali adamianebi

tsaikitxe gazet tu jurnal "kvakutxedi" -s stateiebi. es gamotsema gamoxatavs qartveli xalxis 80% -is msoflmxedvelobas

ragats unda vigonot

Anonyme a dit…

THE MUMY RETURNED;
– ანუ „პროექტი ბაგრატიონი“!
********************************************

თუ დაგამშვიდებს,
შენი და ჩემი "ბნელი ოთახი“
– ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო,
მეც
მ ა შ ი ნ ე ბ ს...

რადგან ყველა ცრუ,
ყრუ თუ „პატიოტი“,
წარსული მითების
ფ ე რ ე ბ ი თ...
ხელების, თვალების უაზრო
ც ე ც ე ბ ი თ...

ეძებენ უკვდავ "გოდოს",
როგორც თავშესაქცევს,
მუდმივ თავშესაფარს,
როგორც
ს ი მ შ ვ ი დ ე ს ს . . .


პირფერობისათვის,
ფარისევლობისათვის,
მორჩილებისათვის,
კმაყოფილებისათვის,
შეთქმულებისათვის,
უასახურობის შენიღბვისათვის,
– ბრიყვები,
ამკვიდრებენ სიბნელეს
გ ა მ ხ ე ც ე ბ ი თ...

The mumy returned!
The darkness returned!
გამოქვაბულიდან
ვყვირივარ ძარღვებით –
სადაა სინათლე!?
კმარა ეს სიმშვიდე!!!...
სუნთქვა აღარ გვყოფნის,
არც სივრცე –
ს ი გ ა ნ ე,
ილიას, ვაჟას და აკაკის
უ გ ა ნ ე ს !..

გვამები ცეკვავენ,
მუმია დაბრუნეს,
გვირგვინით უმეცრების!
სიბნელე დაბრუნდა –ამაყი უმეცრებით!
სახე უმეცრების, უსახურობაა...
p.s მტკივა და მაშინებს, შენი და ჩემი „ბნელი ოთახი“
– ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო . . .


ხ.შ

zazabichi a dit…

ძალიან მომეწონა ბლოგი, უფრო სწორად კი შენი ნააზრევი.
მოკლედ კეთილი იყოს ფეხი შენს სივრცეში.
დავაფეივორიტე. :|

Sophie Golden a dit…

მე, პირადად, მსგავს რეკლამებს ყურადღებას არ ვაქცევ, ისევე როგორც მოსაბეზრებელი გახდა საპატრიარქოსა და "მრევლზე" საუბარი. ყველა ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც ფანატიკურად არიან "გადადებულები". ცუდი ისაა, რომ ადამიანები ადვილად ებმებიან, ზოგს ჰგონია, რომ ჭეშმარიტება საპატრიარქოს გადაწყვეტილებებშია, ზოგი კიდევ "მოდას" მიჰყვება და დასცინის ყველაფერს, რაც ხდება. ამ დროს ადამიანებს თავადაც ვერ გაურკვევიათ, რა უნდათ და ვინ უნდათ.

მადლობა, საინტერესო პოსტი იყო.