8 février 2015

Un Salaud De La République ! *







2008 წლიდან მოყოლებული ყოველთვის,როდესაც სარკოზის გარეწარს ვუწოდებდი, ორთოდოქსი მიშისტები ლამის ბოლშევიკად და პუტინის აგენტად მაცხადებდნენ. არგუმენტი?- ჩვენი მეგობარია ომის დროს გადაგვარჩინაო...მერე ორი დიდი წერილი დავწერე იმის შესახებ, თუ ჩვენი ომის დროს  როგორ კვაჭივით “გაუიმასქნა” პუტინს ხუთი მილიარდი ევროს  მისტრალები … მაინც არ უშველა არაფერმა ქართველ ფსევდო მემარჯვენეებსა და კიდევ უფრო ფსევდო ნეოლიბერალებს,რომლებმაც სხვათაშორის  ბოლო დროს სულ დაივიწყეს ბაზარი რომ არეგულირებს ყველაფერს და გამუდმებით სამოცდარვიანელთა ტროცკისტულ -მაოისტურ ლოზუნგებს გაჰყვირიან უთავბოლოდ …ეს რა თქმა უნდა სხვა თემაა...მხოლოდ იმიტომ გავიხსენე, რომ მიუხედავად ქართველი ლიბერტარიანელების ამ მოულოდნელი გაპლორეტარებისა, მათი ერთ-ერთი მთავარანგელოზი ნიკოლა სარკოზი მაინც წმინდა და ხელშეუხებელი დარჩა მათ გულებში… განსაკუთრებით უსახო ოლანდის ფონზე, რომელიც დღეს პარიზს, კიევსა და მოსკოვს შორის დაფრინავს…მართალია თავად არ იცის რატომ, მაგრამ ხომ დაფრინავს!.. აი სარკომ კი ზუსტად იცოდა რატომაც დაფრინავდა იღლიაში ლეპტოპივით ამოჩრილი ბერნარ კუშნერით! …
გუშინაც -  ექს პრეზიდენტმა სააკაშვილმა  უკრაინის ტვსთვის მიცემულ ინტერვიუში, გულისამაჩუყებელი ფამილარობით გაიხსენა ის დიადი დღეები და თავისი  ძალიან… ძალიან... უახლოესი  მეგობარი სარკოზი,რომელმაც საქართველოს პრეზიდენტი და მაშასადამე საქართველო დიდი განსაცდელისგან იხსნა! … მხოლოდ ეჭვი მაქვს ბატონ სააკაშვილს სარკოზის მიერ თავისივე პარტიის ყრილობაზე  გუშინდელი (თანამედროვე ქართული დიპლომატიური ტერმინოლოგიით) “ბანძი” გამოსვლა არ მოუსმენია, თორემ ლამის  “ნათელმირონობაზე” ლაპარაკს ალბათ მოერიდებოდა…შეიძლება ეგინებინა კიდეც… და მართალიც იქნებოდა!

თუმცა ეს ბლოგი იცით რატომ დავწერე? მაინტერესებს რას ფიქრობენ ჩემი ყოფილი  თავგამოდებული ოპონენტები... დღეს უკვე ექს დიპლომატები მათ გმირ პოლიტ-კაცუნაზე ამ გამოსვლის შემდეგ?   დროც კი არ დავინანე. აი გადავთარგმნე კიდეც “სა-რკო! სარ-კოს! ” გუშინდელი ტრიუმფალური  გამოსვლა:

“ რუსეთისა და უკრაინის გაყოფა არის დრამა!. ეს რომ ამერიკელებს სურთ, მათი უფლება და მათი პრობლემაა. მაგრამ ჩვენ საერთო ცივილიზაცია გვაკავშირებს რუსეთთან, ამერიკელების ინტერესიები  რუსეთთან არ წარმოადგენს  რუსეთთან ევროპის ინტერესებს,  ჩვენ არ გვსურს კვლავ ცივი ომის დაბრუნება ევროპასა და რუსეთს შორის.” (ტაში) 
 გამოსავალი ჩემი აზრით სამ პრინციპშია: პირველი - ყირიმმა აირჩია რუსეთი… ჩვენ არ შეგვიძლია მათ ეს დავუშალოთ… თავის დროზე მე ზეწოლა მოვახდინე პუტინზე რათა მას   ნება მიეცა კოსოვოელებისათვის გამოყოფოდნენ სერბებს. თუ კი კოსოვოს ჰქონდა უფლება ყოფილიყო სერბეთისგან დამოუკიდებელი, მე არ მესმის როგორ შეგვიძლია ვთქვათ იგივე ლოგიკით, რომ ყირიმს არა აქვს უფლება დატოვოს უკრაინა, რომ შეუერთდეს რუსეთს. (ტაში) მით უმეტეს რომ ყირიმი უკრაინას ადმინისტრაციულად  ბატონმა ხრუშევმა შეუერთა. 
მეორეს მხრივ. უკრაინაში 42 მილიონი ადამიანი ცხოვრობს რომელთაგან ერთი მესამედი რუსოფონია...სულ ცოტა ათი მილიონი რუსოფონი!...განა ანეკდოტური არ არის? უკრაინა წარმოადგენს ხიდს რუსეთსა და ევროპას შორის… ჩვენ უნდა ვიპოვოთ ინტერპოზიციური ძალები რომ დავიცვათ ეს  რუსოფონი მოსახლეობა
სანამ სიტუაცია არ დაწყნარდება. 
მესამე ... საჭიროა ითქვას.. და ეს ყოველთვის იყო ჩემი პოზიცია, რომ უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს თავისი მოწოდება იყოს ხიდი ევროპასა და რუსეთს შორის…. უკრაინის მოწოდება არ არის შევიდეს არც ევროპაში და არც ნატოში !”

თუ ვიდეოს შეხედავთ, ნახავთ რომ ამ "პოლიტ ჟულიკის" ჭეშმარიტად კოლაბორაციონისტულ ბოდვაზე გამართულ  აპლოდისმენტებს  დარმაზში დამსწრე თანაპარტიელთა ნაწილი მადლობა ღმერთს არ უერთდება… სარკოზის ტაშისმკვრელები  ჩემი აზრით დაახლოვებით იმ პროცენტს წარმოადგენენ, რა პროცენტსაც ფრანგი მოსახლეობის კოლაბორაციონისტი ნაწილი ოკუპაციის დროს… ანუ მაინც სახიფათოდ  ბევრს. მათი რიცხვი საშიშია თუნდაც იმიტომ რომ რომ  სარკოზის პარტია UMP ჩვენთვისმ განსაკუთრებით კი ნაციონალური მოძრაობისთვის კარგად ნაცნობი ევროპის სახალხო პარტიის ერთერთი მნიშვნელოვანი და წონადი შტოა. ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს იმის შესახებ., რომ ევროპაში სულაც არ არის ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება ამ კონფლიქტთან, და შესაბამისად საქართველოს ევრო და ტრანსატლანტიკურ ალიანსში ჩვენს ინტეგრაციასთან მიმართებაში... რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენს საკუთარ კოფლიქტზე რუსეთთან.

სარკოზის ეს გამოსვლა ძალიან სერიოზული ნიშანი, განსჯისა და დისკუსიის საგანია ჩვენთვის, ის ძალიან საეჭვოდ ემთხვევა პუტინის მეგობრისა და  ფრანგი ულტრამემარჯვენეების “პრინცესას” - მარინ ლეპენის პოზიციას. 
ფრანგი მემარჯვენეების მიერ ულტრამემარჯვენე ნაციონალურ ფრონტისთვის ხმების აწაპვნა ნაციონალური პოლიტიკის ძველი, ტრადიციული “სპორტული” სახეობაა, მაგრამ სარკოზის ასეთი დეტერმინაცია მართლაც იშვიათია - შეიძლება ითქვას : მან საკუთარ თავს გადააჭარბა!

არ ვიცი საჭიროა თუ არა იმის დამატება, რომ სარკოს მიერ თბილისში 2012 წლის სექტემბერს გამართული ტრიუმფალური ვიზიტისას ვარდების მოედანზე საზეიმოდ მოყოლილი ძალიან სასაცილო ანეკდოტი იმის შესახებ რომ საფრანგეთი და თვითონ პირადად  მოუთმენლად ელიან საქართველოს დაბრუნებას ევროპის მშობლიურ წიაღში - გუშინდელი გამოსვლის შემდეგ , სულ ცოტა სარკოზისთან მიმართებაში მაინც სრულიად გაუფასურდა... - ქუსლებზე შესკუპებულ სარკოს უფრო მოკლე ფეხები აღმოაჩნდა ვიდრე ტყუილს ... თვითონ ჩაუშვა საკუთარი თავი.

არა, მე რა თქმა უნდა მესმის, რომ როგორც ამბობენ ჩვენ ... მაშასადამე უფრო ძველი ევროპა ვართ ვიდრე უკრაინა, მაგრამ მაინც.. ანეკდოტისთვის ცოტა რთული იუმორია და აღარ არის სასაცილო.
ყველაფერს ალბათ ჯობს ქართველმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა თავი დაანებონ ფუნქციაში ყოფნის დროს ამ გოგოლისეულ ჩინოვნიკურ  სნობობას და ქულების ჩაწერას ამა თუ იმ უცხოელ პოლიტიკოსთან დროებითი პროტოკოლური მეგობრობით… ჩვენს მერკანტილურ და უგულო ეპოქაში დიდ პოლიტიკაში მეგობრობის სინთეტიკურ საკენკს მხოლოდ ჩვენი პოლიტიკოსების, ექსპერტებისა და ჟურნალისტების მსგავსი მოშინაურებული ჩიტუნები თუ კენკავენ… სარკოზი ისევე ვერ იქნებოდა მიშას მეგობარი, როგორც კოჯრის ტყე ვერ დაიძრებოდა " შანგრილასკენ" … თუ როგორ არის შექსპირთან აღარ მახსოვს… 

იყავით უფრო სერიოზულები ძვირფასო ქართველო "პარაპოლიტიკოსებო" … მსოფლიოში მართლა რაღაც ძალიან განსხვავებული და ახალი იწყება...ყველასთვის... მათ შორის ჩვენთვისაც. შეეცადეთ ცოტა საერთო ენა მანც გამონახოთ ერთმანეთთან, ეს ბევრად უფრო ადვილი , რაციონალური და ყველასთვის სასარგებლო  ქმედება იქნება , ვიდრე სარკო-სააკაშვილის, ან ღარიბაშვილ - ოლანდის რუსთაველისეული გზად და ხიდად გადებული მითოლოგიური მეგობრობის შესახებ ლირიკული სტრიქონების შეთზვა… მით უმეტეს, ეჭვი მაქვს, პოეზიის ნიჭი კიდევ უფრო ნაკლები უნდა გქონდეთ ვიდრე პოლიტიკის... ნუ იქცევით ისე თითქოს უცხო პლანეტელები იყოთ,... ბოლოს და ბოლოს, მართლა ტყუპისცალებივით გევხართ ერთმანეთს… ჭკუითაც, გარეგნობითაც, იუმორითაც, მანერებითაც, კაკანითაც  და თუ დამიჯერებთ ჩაცმის სტილითაც... შორიდან ასეთები ჩანხართ და რა ვიცი...იქნებ მეშლება კიდეც… რას გაიგებ?

*Un Salaud De La République ! - რესპუბლიკის ნაძირალა

პ.ქ. 9 février 2015 Paris