26 août 2013

"ახალი ფრანგული სკანდალის" ქართული ვერსია




ჩემი გამუდმებული კრიტიკული დამოკიდებულება ქართული მედიის მიმართ, ჩემს მეგობარ ჟურნალისტებს უსაფუძვლო რომ არ მოეჩვენოთ -აი ერთი პატარა მაგალითი, რომელიც ჩემთვის სერიოზული არგუმენტია, როდესაც ქართველი ჟურნალისტებისა და განსაკუთრებით პროდუსერების პროფესიონალიზმი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ხოლმე... (კაცმა რომ თქვას პროდუსერებს ჯერჯერობით თითქმის არავინ არასდროს არაფერს საყვედურობს- ყველა ჯოხი ჟურნალისტებზე ტყდება... მაგრამ მაინც...)

ეს სიუჟეტი არის ტიპიური, ცუდად და  ზერელედ მომზადებული, რომელიც მაყურებელში ილექება როგორც მატყუარა ინფორმაცია და  ის გაცილებით უფრო « მავნებლურია » თავისი პერსპექტივაში სავარაუდო შედეგებით,  ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ იდიოტურ სტერეოტიპს, რომელიც მედიის დიდი მხარდაჭერით,   ქართველმა პოლიტიკოსებმა და ყველა "კონფესიის"  ექსპერტებმა შექმნეს დასავლურ პოლიციაზე, საზოგადოებაზე, დემოკრტიულ ფასეულობების იპოკრიზმზე.

ეს ვიდეო განსაკოთრებით  ნიშანდობლივია იმით, რომ ის შეიძლება ეკუთნოდეს საქართველოში მოქმედ ნებისმიერ დიდ, თუ პტარა ტელე არხს. სიუჟეტის მომზდადების და გადაცემის თარიღი შეიძლება იყოს ნებისმიერი ბოლო რამდენიმე წლის კალენდარიდან.  თუმცა მაინც განსაკუთრებით საწყენია,  ლოგოთი თუ ვიმსჯელებთ, ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო ჟურნალის "მოამბის" მიერ მომზადებულ სიუჟეტია ფრანგულ პოლიციაზე. რომელიც გაიმეორა ინფო ცხრამ და ფეისბუქით გაავრცელა. ამ სიუჟეტს ზუსტად ასეთივე ფორმით გაუშვებდა ნებისმიერი სხვა ქართული არხი - თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით, ეთერის შესავსებად, მოწყენილი კომენტარითა და მეტროს "რადიო-ქალის" ხმით, როდესაც ის მომდევნო სადგურს აცხადებს ხოლმე.

სიუჟეტის გაშვების მიზანი აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის, ერთად ერთი, რაზეც ის მიანიშნებს ქართულ ტელემაყურებელს- არის ის « შვებისმომგვრელი » ტრადიციელი სისულელე, რომ პოლიციელები მოქალაქეებს "განვითარებული დემოკრატიის" ქვეყნებშიც ცემენ კიდევ უფრო უმოწყალოდ ვიდრე ჩვენთან. ეს კი თითქოს ქართულ პოლიციას დროდადრო ადამიანებზე ძალადობის რაღაც კრედიტს აძლევს.
სწორედ ასეთ რბილად რომ ვთქვა ზედაპირულ სტილშია გაშვებული ყველა ის სიუჟეტი ფრანგულ მანიფესტაციებზე ძალადობის შესახებ , რომელმაც საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას 7 ნოემბერსა და 26 მაისს ბარბაროსობის ჩასადენად ლეგიტიმაცია მისცა. ზუსტად ასე უპასუხისმგებლოდ ნაჩვენები რამდენიმე კადრით შექმნეს ისეთი განწყობა, თითქოს საფრანგეთში  გასულ გაზაფხულზე ასიათასობით ადამიანი ქუჩაში ერთსქესიანთა ქორწინების ინსტიტუსის კი არა საერთოდ ჰომოსექსუალობის საკრძალად გამოვიდა, ამან ერთგვარი ლეგიტიმაცია მისცა  აგრესიას რომელიც ქუჩაში ვიცხილეთ, აგრეთვე იმ სიბრიყვეს, რაც ტელე ეკრანებიდან მოვისმინეთ ამ საკითხზე დებატებისა და მსჯელობისას.

ჟურნალისტები ასეთ შემთხვევებში ყოველთვის ხელებს იბანენ პასუხისმგებლობის "ჭუჭყისგან", ისეთი კრიალა თვალებითა და გაკვირვებული სახეებით უსმენენ მათივე გაშვებული სიუჟეტების საოცარ ინტერპრეტაციებს, კაცი იფიქრებს რომ მართლა მარსიდან ჩამოფრინდნენ.
ასეთი სიუჟეტი ან არ უნდა გაუშვა, ან თუ გაუშვებ , სულ რამდენიმე წინადადების დამატებით მაყურებელს რეალური სურათი უნდა ანახო, და არ შეუქმნა პოლიციის მხრიდან ძალადობის ბანალიზაციის ლეგიტიმაციის ყალბი განცდა, რაც ასე ახასიათებს ქართულ  მედიას.

ბოლოს და ბოლოს საკმარისია გუგლში აკრიფოთ ფრანგულად  რამდენიმე სიტყვა, ვთქვათ « პოლიციელმა ცემა ქალი », ის მაშინვე შემოგთავაზებთ რამდენიმე ამომწურავ ცნობებს ამ ინციდენტის შესახებ.
სინამდვილეში კი აი რა მოხდა: რამდენიმე დღის წინ ქალაქ ტურის გარეუბანში პოლიციამ დააკავა ძალიან მთვრალი მძღოლი,  ამასთან ის  მართვის მოწმობის გარეშე მართავდა ავტომობილს, რომელშიც ასევე ძალიან მთვრალი 7 ადამიანი იჯდა, მათ შორის ეს ახალგაზრდა ქალი. როდესაც პოლიციამ მძღოლის კომისარიატში წაყვანა მოინდომა ( სიმთვრალეზე ყველა მიყავთ), აყალმაყალი ატყდა. როგორც პოლიციის სინდიკატი ამბობს ერთერთი პოლიციელი ამ ქალმა და კაცმა წააქციეს, სამართალდამცველებმა შესაბამისად რეაგირება მოახდინეს. , ამ მომენტში ამ ქალმა სამჯერ მაგრად უკბინა პოლიციელს- წელზე , მკერდზე და მხარზე. სწორედ ამან « გააგიჟა » ეს პოლიციელი, აქ ისმის კიდეც მისი ღრიალი : " მიკბინა ამ ბოზმა!" და ნაკბენებს ანახებს კოლეგებს, როგორც პოლიიის სინდიკატი ამბობს, გამწრებულმა დაუშინა ეს ხელკეტი რომ ქალის აგრესია დაეცხრო. მერე კი ცრემლსადენი გაზიც მიუშვა. მოკლედ დაკავებულები ხულიგნები აღიარებენ დანაშაულს, ეთანხმებიან პოლიციის ჩვენებას და არ ჩივიან. მხოლოდ არ იფიქროთ რომ ამას იმიტომ აკეთებენ - თითქოს ეშინიათ სამსახურიდან არ მოხსნან ან სუბუტექსი არ ჩაუდონ.
მიუხედვად ამისა, არავინ არ ამართლებს პოლიციას, და ცხადია ყველა თვლის რომ პოლიციელმა გადააჭარბა, ორი დღე ლაპარაკობენ სამართალდამცავების მიერ ჩადენილ ძალადობაზე... 
აი სრული ისტორია, რომელიც კაცმა არ იცის, რატომ მოხვდა საზოგადოებრივი არხის ქართულ საინფორმაციო გამოშვებაში, კიდევ ერთხელ ვადასტურებ - ეჭვი მაქვს მხოლოდ იმისთვის რომ საეთერო დრო შევსებულიყო.

არ გაგიკვირდეთ, როდესაც ასეთ არასრული, კონტექსტიდან ამოვარდნილი და დროის გასაყვანად გაშვებული სიუჟეტების ათასნაირი ინტერპრეტაციები  ახალი სატელევიზიო სეზონიდან ჩვენს სტრესულ ტოკ შოუებში შეგვხვდება მრავლად, პოლიტიკური ექსპერტები და თავად პოლიტიკოსები, სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაზე საუბრისას, ამ აბსოლუტურად გაუგებარ სიუჟეტს იმის არგუმენტად მოიტანენ, რომ "ეს ყველგან ხდება" ... იტყვიან: "გახსოვთ საფრანგეთში საწყალი ზანგი ქალი რა დაუნდობლდ ცემა პოლიციელმა? " წამყვანიც დაეთანხმება... მაყურებელიც კიდევ ერთხელ ჩაიქნევს ხელს დასავლეთზე და დემოკრატიაზე ... გაახსენდება მასონები, ინკვიზიცია, ბიძია თომას ქოხი, ბისექსუალობის შეუთავსებლობა ჩვენი ბუმბერაზი წინაპრების მიერ დატოვებულ ძველ ქართულ ტრადიციებთან, საბრალო ჯორდანო ბრუნო, კიდევ უფრო საბრალო სულხან საბა რომელიც ვერსალში ალოდინეს, ქართველობა რომელსაც ამდენი ხანია უიმედოდ გვართმევენ ... და ვერაფერს ვერ ეტყვი... მე ყოველ შემთხვევაში ვერაფერს ვერ ვეუბნები ასეთებს, რადგან ყოველი ჩემი მცდელობისას ავუხსნა სიმართლე, აი ზუსტად ასეთ სიუჟეტებს ამაფარებენ ხოლმე   ბარიკადივით, რომელებიც  უხვად აქვთ ნანახი ქართული ტელევიზიით... როგორ გინდა სიტყვებით  ებრძოლო თავში ფუნდამეტალურად ჩაჭედილ  ვიდეო გამოსახულებას...მით უმეტეს ადამიანებთან, რომლებსაც უმეტეს წილს შენი სიმართლის დაჯერება პიროვნულ სამარცხვინო  მარცხად მიაჩნია და აგრესიულდ გებრძვის... ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი არხის ნებისმიერ ტოკშოუში: სადაც ერთი და იგივე ადამიანები უკვე წლებია,  თითქმის ყოველ დღე იკრიფებიან და საათობით ქაქანებენ, მხოლოდ იმისთვის, რომ იქიდან გამოსულები კიდევ უფრო დაშორდნენ ერთმანეთს.

PK 23 Aut 2013 Paris