29 janvier 2021

პაატა ქურდაძე ინტერვიუ. „კვირის პალიტრა“ 25იანვარი 2021

 ნანა ფირცხელაური 




    როგორ ცხოვრობთ ეპიდემიის პირობებში, რაზე დაგაფიქრათ კორონამ. რას იტყოდით მის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებზე

არ მიყვარს უადგილო, ნაწვალები ორიგინალობა, ამიტომ ძალიან მარტივად გიპასუხებთ პოზიტიური პანდემიაში არაფერია,. ნეგატიური რამდენიც გნებავთ. ჯანმრთელობის დაზიანების და მისი ფატალურობის რისკებზე საუბრით არ დაგღლით. არც მარტოობაზე წუწუნით - ეს ჩემთვის ნაცნობი მდგომარეობაა. მარტოობას ცოდნა სჭირდება. ისე მოხდა რომ მე საკუთარ თავთან დიდი ხნით მარტო დარჩენა წლებია ვისწავლე, თან ძალიან კარგად, ამიტომ რაღაც განსაკუთრებულად არ მიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურადაც მარტო ვცხოვრობ არმაზში. სახლიდან ვმუშაობ. ხანდახან რამდენიმე დღე გადის ისე, რომ ადამიანს მხოლოდ ტელევიზორში ვხედავ. აქ მეზობლებიც კი არ არიან. 
ადამიანის ტვინი მოგეხსენებათ ყველაზე სრულყოფილი სუბსტანციაა ჩვენთვის ნაცნობ სამყაროში. ჩემი საბრალო ტვინიც კი…წლების განმავლობაში მასში იმდენი ხელუხლებელი ინფორმაციაა ჩაწერილი , რომ გარწმუნებთ, მთელი დარჩენილი სიცოცხლე მეყოფა იმისთვის რომ არ მოვიწყინო, თუნდაც არც ერთი წიგნი არ მქონდეს გვერდით, ტელევიზორი ან კომპიუტერი. ფანქარი  და ფურცელი ჩემთვის სრულიად საკმარისია. თუმცა, მაინც ძალიან მასევდიანებს და მაკლია ტაქტილური შეგრძნებები. უკვე თითქმის წელიწადი გახდება, რაც ერთმანეთს აღარ ვეხებით, ხელსაც კი არ ვართმევთ. ადამიანს, როგორც ცნობილია ხუთი ძირითადი გრძნობა აქვს: გემო, სმენა, მხედველობა,ყნოსვა და შეხება. ნებისმიერი მათგანის დისფუნქცია სერიოზულ ფსიქიკურ ტრამვებს იწვევს. ასეთი მასშტაბის პანდემია გახდა საჭირო, მივმხვდარიყავით, რომ ყველა ეს გრძნობა პირველ რიგში ერთმანეთთან კომუნიკაციისათვის ყოფილა საჭირო. იმისთვის, რომ ადამიანად იგრძნო თავი. უკვე ერთი წელია ერთმანეთის პირბადეებით ვხვდებით, ქუჩაში შემხვედრ უცნობს თავს ვარიდებთ, ვცდილობთ დისტანცია დავიცვათ და რაც მთავარია ჩვენს საყვარელ ადამიანებსაც კი აღარ ვეხუტებით, თუ არ ჩავთვლით მუშტებით თუ იდაყვები მისალმების ამ სრულიად იდიოტურ ფორმას. ადრე ხანდახან მაღიზიანებდა ეს გაუთავებელი გადაკოცნები. ახლა მეჩვენება, რომ დამაკლდა.. მე პირადად არაფერი ისე არ გამხდიდა ბედნიერს, როგორც ჩემი შვილების ჩახუტება, რომლებიც ერთი წელია აღარ მინახავს პირველ რიგში პანდემიის მიზეზით (ისინი პარიზში ცხოვრობენ), ყოველი თვის ბოლოს ვაპირებ წასვლას და გასაგები მიზეზების გამო არ გამომდის. იმედი მაქვს თებერვალში წავალ, მაგრამ ძალიან გამიჭირდება მათთვის იაპონელივით მხოლოდ თავის დაკვრით მისალმება, აუცილებელი დისტანციის დაცვით. ამაზე ფიქრიც კი ცუდ ხასიათზე მაყენებს.

  "ერთი ღმერთს ეყო ჭკუა და არაფერში ერევა, ეტყობა კიდეც ქვეყანას - ამიტომაც არის ქართული პოლიტიკა ასეთი უღმერთო"-ო - წერთ. მაინც რა მეტყველებს ქართული პოლიტიკის უღმერთობაზე?

საერთოდ უღმერთობაზე ყოველთვის არაადამიანობა მეტყველებს. ქართული პოლიტიკა, ან ის, რასაც ჩვენთან პოლიტიკას უწოდებენ, უკვე კარგა ხანია გასცდა ყოველგვარ ადამიანურობის ზღვარს და დღეს   სრულიად დეჰუმანიზირებულია.  მე მისი არაფერი მესმის. ძალიან ბევრჯერ შევეცადე, ბევრი ვიფიქრე,  წიგნები და ბევრი სტატიები დავწერე, მაგრამ მაინც არ მესმის. ფაქტობრივად ყველაფერი, რაც ქართული პოლიტიკის შესახებ დავწერე და გამოვეცი, სინამდვილეში უფრო იმის შესახებ არის, თუ როგორ ვერაფერი ვერ გავიგე. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს სრული გაუგებრობა ჩემში პროგრესირებს. ყოველდღიურად ყველაფერი კიდევ უფრო მიუწვდომელი ხდება ჩემი გონებისათვის . არა და, რომ ვუყურებ, რამდენ ხალხს ესმის, თან ძალიან კომპეტენტურად და რეზოლუციურად, ძალიან სევდიან ხასიათზე ვდგები, მეჩვენება, რომ დავბერდი და უბრალოდ აზროვნების უნარი დავკარგე. ამიტომ, ძალიან რომ არ დავკომპლექსდე და თავი არარაობად არ წარმოვიდგინო, ხელი ჩავიქნიე. ვცდილობ ამაზე აღარ, ან ძალიან დოზირებულად ვიფიქრო... პრინციპში, როგორც ღმერთი - არ მგონია ქართული პოლიტიკის სიღრმეების ანალიზით იღლიდეს თავს.

  რატომ თვლით, რომ ქართულ პოლიტიკას აკლია კულტურა, რაც მისი დიდი მარცხია. რა წვლილი მიუძღვის ამაში ხელისუფლებებს და რა - ელექტორატს და საზოგადოებას?

პოლიტიკაც და ელექტორატიც საზოგადოების ნაწილებია. ამიტომ მე მათ არ დავაცალკევებდი განსაკუთრებით კულტურასთან მიმართებაში. დიახ, მე ვთვლი რომ საქართველოში მწვავე პროგრესირებადი კულტურული კრიზისია, რომელიც არც გუშინ დაწყებულა და არც გუშინწინ. მიზეზები ბევრია, პასუხისმგებელი კი ყველა, ვისაც ევალებდა და ევალება ქვეყანაში ისეთი კონტექსტის შექმნა, რომელიც კულტურის განვითარებას ხელს შეუწყობდა. კულტურა სიზიფეს ქვაა, ხოლო მთა, რომელზეც ის აგაქვს - უსასრულო. როგორც კი სულის მოსათქმელად ჩერდები, მაშინვე ქვევით მოგორავს. რაც არ უნდა დიდი კულტურული წარსულის მქონე ერი იყო, თუ კულტურას ყოველდღიურად არ ქმნი, არ ანვითარებ, აუცილებლად დაგიგორდება უკან, თან გზადაგზა, უკვე შექმნილსაც გადათელავს. რა იყო და არის ძირითადი მიზანი ქართული კულტურის პოლიტიკის? მისი საზღვარგარეთ პოპულარიზაცია და არა კეთება! ჩემი აზრით ეს დამღუპველი პოპულიზმი, ერთერთი მთავარი მიზეზია კულტურული კრიზისის და ყველა დროის ქართული ხელისუფლების სამარცხვინო მარცხის ამ მიმართულებით. კულტურა პირველ რიგში შენი მოქალაქეებისთვის უნდა გჭირდებოდეს და არა სტუმრებთან თუ სტუმრად ყოფნისას თავის მოსაწონებლად და საკეკლუცოდ. კულტურა ისეთივე მნიშვნელოვანი მუდმივად განვითარებადი  დარგია ქვეყნისთვის. როგორც ეკონომიკა, თავდაცვა, განათლების სისტემა. მეტიც, ნებისმიერი სისტემის შექმნას სწორედ კულტურა სჭირდება, თავისი ყველაზე ფუნდამეტალური, ფართო მნიშვნელობით. პოლიტიკა თავად  კულტურის ნაწილი,  აკადემიური დისციპლინაა, შორეულ ანტიკურ ეპოქაში ფილოსოფოსების   და არა “წარმატებული ბიზნეს-მენეჯერების” მიერ შექმნილი, როგორც ამის ბევრს გულწრფელად ჯერა. იდეაში პარლამენტი მოაზროვნეთა მექაა და არა ქარვასლა, ან წარმატებულ "ბიზნესმენთა" VIP  კლუბი. ბევრ პარლამენტარს იცნობთ საქართველოს უახლოესი ისტორიიდან, ვინც თავისი ცოდნისა და აზროვნების  ხარისხის წყალობით მოხვდა პარლამენტში? მე არა. 
პოლიტიკოსობა არ არის პროფესია, ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუზლია გახდეს პოლიტიკოსი და ხდება კიდეც, ოღონდ არა იმ მთავარი კრიტერიუმებით რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია. 
კულტურული კრიზისის ნიშანია, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობას ჯერა, რომ “თავის საქმეში წარმატებული კაცი ქვეყნის მართვაშიც წარმატებული იქნება”.   სოკრატე სულ სხვანაირად ფიქრობდა “ ბრიყვებს ჰგონიათ რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ არის ბრძენი, თუ ის პირველ რიგში თავისი თავისთვის არის ბრძენი”. აქვე ყოველი შემთხვევისათვის დავამატებ, რომ კულტურა არ ნიშნავს არც მხოლოდ სახელოვნებო დარგს და არც მხოლოდ განათლებას. ორივე უმნიშვნელოვანესი, მაგრამ მხოლოდ მისი შემადგენელი ინგრედიანტებია.. კულტურა ბევრად უნივერსალური და კომპლექსური მუდმივი პროცესია და არა რაღაც ანტიკური ქანდაკებასავით გაშეშებული მდგომარეობა. ამასთან ადვილად ფუჭებადია. ყოველდღიურად სჭირდება წყლის დასხმა, კვება.. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან სწრაფად ხმება. 

  ამასწინათ მომეწონა მისი თქვენეული შედარება "კერამიკის სპილოსთან, სად წაიღო, რომ არ იცი". კულტურასაც რომ არ სწყალობს ღმერთი და ხელისუფლება, ამ მეტაფორულ აღწერაშიც კარგად ჩანს.... 

 კულტურას არც შეიზლება ღმერთი წყალობდეს. მისი სრული განმკარგველი ადამიანია.  როგორც აღორძინების ხანის ჰუმანისტები ამტკიცებდნენ, მაგალითად პიკო მირანდოლა, კულტურა თავისუფალი არჩევანის მარცვალია რომელიც ღმერთმა სამყაროს შექმნისას ადამიანში ჩადო და ამით უფლება დაუტოვა, მისი კულტივირებით, თავად აღზარდოს საკუთარ თავში ადამიანი ან პირუტყვი. ერაზმუს როტერდამუსის მიხედვით - “ადამიანებად არ ვიბადებით, ადამიანები ვხდებით.” ადამიანად გახდომა, პიკო მირანდოლას მარცვლის გაღვივება და კულტივირება ადამიანებში, სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა., მე მეჩვენება რომ ჩვენი სახელმწიფო არა თუ არ ასრულებს ამ ვალდებულებას, ისიც კი არ იცის როგორ შეასრულოს. პიკოს მარცვლის კულტივირება სადღესასწაულო უქმე დღეებში ქართველი "ცნობადი" ვარსკვლავების უფასო კონცერტები გონია ღია ცის ქვეშ.

  დღეს მმართველი გუნდი ბიძინა ივანიშვილის გარეშე დარჩა. როგორ ფიქრობთ, გაართმევს ის თავს იმ მძიმე გამოწვევებს რაც გვაქვს და რაც მომავალში გველის ?

სიმართლე გითხრათ ამაზე ბევრი არ მიფიქრია. თუ რატომ? ამის შესახებ მეორე კითხვაზე ჩემს პასუხში ვისაუბრე... მაგრამ რომ არ იფიქროთ , რომ  კითხვას თავს ვარიდებ, მაინც შევეცდები ჩემი აზრი გითხრათ.. როდესაც ვამბობ, რომ არ მესმის ქართული პოლიტიკის, მე მხედველობაში მაქვს მისი სრული წარმომადგენლობა, სპექტრს რომ ეძახიან:  ხელისუფლებაც და ოპოზიციაც., ექსპერტების, პოლიტოლოგების, ინტელექტუალების და მოყვარული სამოქალაქო აქტივისტების ჩათვლით. ამის მიზეზი, არ მგონია მართლა ჩემი ასაკი და გონებრივი პოტენციალის დაქვეითება იყოს. შეუძლებელია გაიგო ადამიანის, რომელსაც თავად არაფერი გაეგება საკუთარი თავის. მე კი მეჩვენება რომ ქართულ პოლიტიკა თავად არ არის ჩამოყალიბებული იმაში, თუ რა უნდა... და განსაკუთრებით როგორ უნდა… ალბათ ხვდებით - ამ ყბადაღებულ გამოწვევებთან ბრძოლა მაქვს მხედველობაში! გამონაკლისი არც მართველი გუნდია და არც მართველობის მოსურნე ოპოზიცია. მე უკვე წლებია ვუყურებ უსასტიკეს ბრძოლას იმისთვის, თუ ვინ უნდა მართოს, მაგრამ არა იმისთვის, თუ როგორ უნდა მართოს. ამდენად ისიც კი არ ვიცი, როგორ უმკლავდებოდა რომელიმე წინა მართველი ძალა ამ ყველაზე მთავარ გამოწვევებს, მით უმეტეს ბუნდოვანია ჩემთვის როგორ გაუმკლავდება მომავალში. მე რა თქმა უნდა ძალიან მინდა რომ კარგად, ყოჩაღად , ჯანმრთელად და ბედნიერად გაუმკლავდეს - ვინც არ უნდა იყოს. 

  ოპოზიციის ტაქტიკაზე, პერსპექტივაზე, ბოიკოტზე რა აზრის ხართ?
ღმერთო ჩემო! მათი ტაქტიკა მსოფლო თანამეგობრობამაც კი  ვერ გაიგო! ამდენი დაბნეული დიპლომატი ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს ერთად! მაგრამ ბევრად უარესია, რომ თვითონ ვერ გაიგეს თავიანთი  ტაქტიკისა და სტრატეგიის ვერაფერი.. აბა მე საიდან უნდა ვიცოდე?. თუ თქვენ მხედველობაში გაქვთ პარლამენტის ბოიკოტი, მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიზლია - 1989 წელს საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოში (ანუ წიტელ პარლამენტში) ათას ხუთასი პარაზიტი და ერთი კაცი იყო, სახელად ანდრეი სახაროვი. იმ ერთი კაცის ყოველ სიტყვას ბევრად მეტი წონა ჰქონდა ვიდრე დანარჩენი 1500 პარაზიტის ზუზუნს. თქვენ ზემოთ სიტყვის ძალაზე მკითხეთ… მე რომ ოდესმე პოლიტიკოსობა გადამეწყვიტა და დღეს ოპოზიციაში ვყოფილიყავი, ნებისმიერი გაყალბების მიუხედავად, სრულიად მარტო შევიდოდი პარლამენტში და სისხლს გავუშრობდი ჩემს ოპონენტებს, რადგან მე მჯერა რომ ჩემს ნათქვამ ყოველ სიტყვას ქვეყნის ყველაზე მთავარი ტრიბუნიდან მეტი წონა და ფასი ექნებოდა ვიდრე ჩემი ოპონენტების ზუზუნს. ეს ჩემი ამბიციაა. შეიძლება ვინმე არგუმენტირებულად ფიქრობს, რომ გადაჭარბებული, მაგრამ მე მჯერა,  ზუსტად ასე მოვიქცეოდი და ჩემი მარტოობით ბევრად მეტს გავაკეთებდი, ვიდრე რომელიმე ყველაზე დიდ ფრაქციაში ყოფნით, იმ ადამიანებთან, რომლებთანაც პარტიაში თუ კოალიციაში  გაერთიანებამდე,  ზუსტად მეცოდინებოდა, რომ არაფერი, აბსოლუტურად არაფერი მაკავშირებს, მით უმეტეს პოლიტიკური გემოვნება, სტრატეგია თუ ტაქტიკა. . არ მგონია ეს ამბავი ჩემთვის კარგად დამთავრებულიყო. ამიტომაც მადლობა ღმერთს, ეს სისულელე მაინც არ ჩავიდინე - ისედაც ჩემი ცოვრების მანძილზე სანანებლად ჩადენილი სისულელეების იმხელა გროვა მაქვს, ტვინის რომელ ბნელ კუნჭულში მივხვეტო არ ვიცი.

  "ქვეყანა, სადაც განსხვავებულ აზრს არ პატიებენ, აზრს თუ არ იზიარებენ, მაშინვე მოღალატედ და პრორუსად გვაცხადებენ", - ამბობთ და გიკვირთ, ასე არსად ხდებაო. რა არის ამისი მიზეზი და რატომ ვართ ამ მხრივ გამონაკლისები? 

 მე არასდროს მითქვამს, რომ ეს, ანუ ადამიანების მიერ ერთმანეთის დემონიზება და ცილისწამება არსად ხდება. შეიძლება ნათქვამი ან დაწერილი მქონდეს, რომ ასე არ ხდება ნორმალურ საზოგადოებაში, რაზეც ჩვენ უზარმაზარი პრეტენზია გვაქვს.
 საზოგადოება ცოცხალი ორგანიზმია, ის ხანდახან ავადდება. არა მარტო ჩვენი.  მაგალითად მე მიმაჩნია, რომ დღეს ამერკული საზოგადოება ვერ არის ჯანმრთელად, ისევე როგორც ვერ იყო მაკარტიზმის ეპოქაში, როდესაც ყოველ ნაბიჯზე ატომური ბომბებით შეიარაღებული წითელარმიელები და კომუნისტები ელანდებოდათ, სხვისი აზრის არგაზიარება თავისტავად აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა. მაგრამ მისი არ ატანა და აგრესიული რეაქცია განუვითარებლობის, ან უკვე განვითარებულის დეგრადაციის ნიშანია. მე ნამდვილად არ ვთვლი საქართველოს განუვითარებელ ქვეყანად. მხოლოდ ძალიან მასევდიანებს მისი პროგრესირებადი აბსოლუტურად ანომალიური, უბრალო დისკუსიის შეუზლებლობის ფენომენი განსხვავებულ შეხედულებების მქონე ადამიანებში. ამის შესანიშავი მაგალითია, თუნდაც მოლაპარაკებების რაუნდები ხელისუფლებასა და ოპოზიციურ კოალიციას შორის, რომელიც … - ელჩების მეთვალყურეობისა და ზუდამედველობის ქვეშ მიმდინარეობდა და სავარაუდოდ გაგრძელდება. ვერასდროს დავიჯერებდი, მაგრამ ფაქტია, ეს პროცესი ჩვენს თვალწინ, ახლა და აქ მიმდინარეობს: უამრავ ზრდასრულ ამბიციურ ადამიანს არ გააჩნია უნარი უბრალოდ დაჯდეს, თავის ანტაგონისტს თვალებში შეხედოს და "უფროსების " გარეშე ესაუბროს, გაარკვიოს ყველაზე მთავარი პრობლემა რაც მათ შორის არსებობს… და თქვენ გჯერათ რომ ადამიანებს, რომლებსაც ელემენტარული დისკუსიაც კი არ შეუზლიათ ზედამხედველის გარეშე, ფასილიტატორს რომ უწოდებენ, ქვეყნის "მთავარი გამოწვევების" გამკლავების უნარი გააჩნიათ? მე არ მჯერა. ვერ აღვიქვამ სერიოზულად. ჩემთვის ეს სახელმწიფო რანგში აყვანილი ინფანტილიზმია, რომელიც ისედაც ძალიან გვახასიათებს ქართველებს. ჩვენ ყოველთვის, როდესაც რაიმე პრობლემის გადაჭრას, მოლაპარაკებას ვცდილობთ, აუცილებლად გვჭირდება ვინმე მესამე, მოწმის სახით. ასე იყო ყოველთვის: ქუჩური გარჩევებისას, ოჯახური პრობლემების გადჭრისას, თუ მოგვიანებით ბიზნეს კონფლიქტების მოგვარებისას. ზრდასრულ თავმოყვარე ადამიანებს სხვისი მეთვალყურეობის გარეშე უნდა შეეძლოთ ერთმანეთისთვის თვალებში ყურება და საუბარი. მითმეტეს გროტესკული მეჩვენება ელჩების, დიპლომატების ზედამხედველება, რომლებსაც აბსოლუტურად არაფერი ესაქმებათ შიდა პოლიტიკურ კონფლიქტებთან.  შეიძლება მე არ ვიცი, მაგრამ მსგავსი მოვლენა ნამდვილად არ მახსენდება. არ მგონია, რომ ეს გროტესკული რაუნდები საამაყო ფურცლად დარჩეს საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს მხოლოდ ჩვენს პოლიტიკურ არაზრდასრულობაზე და ინფანტილიზმზე მიუთითებს. სხვთაშორის ფასილიტატორის ერთერთი სინონიმი მასწავლებელია.  გულწრფელად არ მესმის, როგორ შეიზლება არაზრდასრულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ის გამოწვევები დაამარცხოს, რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ მეკითხებოდით. 

  ბატონო პაატა, ივანიშვილის გარეშე დარჩა გუნდი, რით ხსნით და როგორ აფასებთ მის წასვლას 

 მე არანაირი საფუძველი არ გამაჩნია არ დავიჯერო, რომ მართლა წავიდა, ან არ წავიდა. რადგან თეორიული საფუძველი პირველ მოსაზრებასაც გააჩნია და მეორესაც. ვერც მისი დაბრუნების პერსპეტივებზე გეტყვით ვერფერს. ერთის გარდა, თუ გარკვეული დროის შემდეგ, ის მართლაც დაბრუნდა და თქვენ კვლავ დამისვამთ  იგივე კითხვას , მის მიერ დატოვებული გუნდის პოტენციალის შესახებ...  ამჯერად არგუმენტირებულად, დარწმუნებით შემეძლება გიპასუხოთ,  რომ ამ გუნდის ფასი კაპიკია  და შესაბამისად, მის დაბრუნებას, როგორი ფორმითაც არ უნდა მოხდეს ის, არავითარი, აბსოლუტურად არავითარი აზრი აღარ ექნება. რა აზრი აქვს  ზრდასრული ბავშვების გუნდში დაბრუნებას, თუ კი  უკვე მეორედ აღმოჩნდება, რომ მათი მარტო დატოვება  არაფრით არ შეიზლება?


  საზმაუში მედია გარემოს რეფორმირებაზეც გიმუშავიათ, არხის სტრატეგიულ განვითარებაზეც. როგორც ტელევიზიის თანამშრომელი და დოკუმენტალისტი, რას იტყვით მედიაგარემოზე, ასევე თქვენს "დოსიეზე", რომელიც საინტერესო გადაცემაა და თავისი მაყურებელი ჰყავს... 

 ყველაზე ფუნდამეტური შეცდომა, რასაც საქართველოში უშვებენ მედიაზე მსჯელობისას, არის ის, რომ მედიის დანიშნულება, მისი ხარისხი ძირითადად პოლიტიკით შემოიფარგლება . პოლიტიკა და ახალი ამბები მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ ერთი ნაწილია ტელევიზიის და არა მთლიანი. დანარჩენი თითქოს მხოლოდ რაღაც უგემურ დანამატად აღიქმება. ვერც ერთი ცალკე აღებული ტელევიზია ვერ განვითარდება თუ ზოგადად მედია გარემო არ განვითარდა, რაც პირველ რიგში მის თემატურ მრავალფეროვნებას და სანდოობას გულისხმობს. განვითარებას კონკურენცია სჭირდება, რომელიც ფაქტობრივად, პოლიტიკური სეგმენტის გარდა, არც ერთი მიმართულებით არ არსებობს, რაც არის  ისიც პოლიტიკური ანგაჟირებულობის და არა სანდოობის თვალსაზრისით. 
ვერ ვიტყვი რომ საქართველოში მედია გარემოს გაუმჯობესებაზე მიმუშავია. არხის სტრატეგიულ განვითარებაზე კი - ცოტა, ჩემს კოლეგებთან ერთად. მედიის განვითარების ამბიცია საქართველოში არასდროს მქონია. ეს არც ერთი  კაცის საქმეა და არც ერთი კონკრეტული ტელევიზიის. ქართული მედია მოშლილია, ერთი და იგივე წრეზე ბრუნავს ისტერიულად უკვე მესამე ათწლეულია..ის ქართველ მაყურებელს არ ესაუბრება, უყვირის და ეჩხუბება, გამუდმებით სტრესის ქვეშ ამყოფებს... აბა რანაირად შეიძლება განვითარდეს? მედია თავის თავში მომხმარებელსაც მოიცავს. ამდენად მათი განვითარება ჰარმონიულად უნდა მოხდეს - ანუ ერთმანეთი უნდა განავითარონ. ჯერჯერობით არც ისე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. 
დოსიეს რაც შეეხება : გასულ ორშაბათს  მესამე სეზონი დავიწყეთ. გადაცემას თავისი ერთგული და ასეთი ტიპის მედია გარემოსთვის საკმაოდ ბევრი მაყურებელი ყავს., ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს სჭირდებათ რაღაც მეტი, ვიდრე ერთი და იგივე სახეების და მათი ერთი და იგივე აროგანტული პათეტიკის მოსმენა უთვალავ თოქშოუში, რომლებიც გაჭრილი ვაშლებივით გვანან ერთმანეთს. აჯობებს ადამიანებმა თავად ისწავლონ , საკუთერი გონებითა და ცოდნით მოვლენების შეფასება, ვიდრე ქარიზმატული ტელე-თავების კარნახით. დოსიეს ამოცანა სწორედ ეს არის. 

  თქვენს ნაწარმოებებში, ესეებში თითქმის ყველა პრობლემას შეხებიხართ და რაც მთავარია - ისინი მართალია და მოყვარისთვის ნათქვამი. სიმართლის არსიყვარული ყველა ერშია. მართალი სიტყვის გამო დაბრკოლებები ხომ არ შეგხვედრიათ როგორც მწერალს და როგორც ადამიანს? 

 სიმართლე ხშირად სუბიექტურია. თუ ცხადია, არ ვამტკიცებთ, რომ თოვლი თეთრია და სველი. სუბიექტურობაში ვგულისხმობ რაიმე მოვლენის შესახებ გამოთქმული აზრს, ინტერპრეტაციას და არა ფაქტის ფოტოგრაფიულ კონსტატაცია დოკუმენტალიზაციას. . სიმართლის თქმას თავისი ეთიკა აქვს, ცოდნა სჭირდება ისევე როგორც მოსმენას. მოყვასისთვის  სიმართლის პირში მთქმელის რეპუტაცია ჩვენთან უმეტეს შემთხვევაში საკუთარი აროგანტობის გამართლების საშუალებაა. ადამიანს შენი შოკური სიმართლით თუ აზრით მის შესახებ, გული არ უნდა ატკინო, მით უმეტეს, ის შესაზლოა სულაც არ იყოს არც ობიექტური და არც კეთილი განზრახვით ნათქვამი. ჩვენს ნებისმიერ თვისებას მართვა, კონტროლი სჭირდება, როგორც ავტომობილს, რომელიც ერთდროულად წინ სვლის საშუალებაც არის, უკუსვლისაც და მკვლელობის იარაღიც. უმართავი გულწრფელობა სულაც არ არის დადებითი თვისება. სუბიექტური სიმართლე კი ძალიან ეფექტური მანიპულაციის საშუალებაა, რომელიც ფართოდ გამოიყენება საქართველოში, განსაკუთრებით სოც ქსელების განვითარების შემდეგ. მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ყოველთვის ვამბობს სიმართლეს ან  რასაც ვფიქრობ. სამაგიეროდ მაქვს პრეტენზია რომ არ ვიტყუები... ყოველ შემთხვევაში ისე, რომ ამით ვინმე დავაზარალო. მე ყოველთვის მხოლოდ ვცდილობდი საკუთარი აზრი გამომეთქვა ამა თუ იმ მოვლენაზე, ყველა დელიკატურობის გათვალისწინებით . გამოხატვის უფლებისთვის არასდროს მიბრძოლია. ამ უფლებას თავად ანიჭებ თავს. თუ რაიმე გაქვს გამოსახატი, აუცილებლად იპოვი რაღაც ფორმას, რომლითაც შეძლებ მის გამოხატვას, მით უმეტეს ჩვენს ტექნოლოგიებით გამარტივებულ ეპოქაში. გამოხატვის რაიმე განსაკუთრებული პრობლემა საბჭოთა პერიოდშიც არ მქონია. ყოველთვის ვამბობდი და ვწერდი იმას რასაც ვფიქრობდი. მართალია სახალხო პოეტი და მწერალი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ თუ დაიჯერებთ ეს არც ყოფილა ჩემი მიზანი არასდროს. რეაქციებს რაც შეეხება.. უნდა გამოგიტყდეთ, გაცილებით შებოჭილად ვგრძნობ თავს დღეს ვიდრე ჩემს საბჭოთა ახლაგაზრდობაში. საქართველო ჩამოყალიბდა ქვეყანად, სადაც აზრის ჩამოყალიბებაზე და დამუშავებაზე მეტად, იმაზე ფიქრობ, ვინმეს ხომ არ გაანაწყენებ და რამდენი კაცი გაგინებს, გინებით კი აუცილებლად გაგინებს ვიღაც, თუნდაც სულ ჩიტებზე და ყვავილებზე წერო. ამ მრავლობითი “ვიღაცის” გინებას კიდევ აიტან, შეეცდები ბრაზი გულში ჩაიკლა, ან თუ შეგიძლია საერთოდ არ მიაქციო ყურადღება, მაგრამ გაცილებით ძნელია, როდესაც ახლობლებს ეხება საქმე. სწორედ ისეთებს - სიმართლის პირში მთქმელ გულწრფელ შინაურებს რომ ეძახიან, შენი სიყვარულით, შენთვის სიკეთის გაკეთების მიზნით, საკუთარ საშინელ და ბრიყვულ სიმართლეს რომ მოგახლიან, გულს რომ გაგიხეთქავენ და კიდევ მადლობას რომ ელოდებიან ამისთვის. ჩვენს რეალობაში ეს სამშობლოს სიყვარულის ეგიდით ხდება ყველაზე ხშირად. მხოლოდ მე ამის არ მჯერა. საერთოდ პავლიკა მოროზოვების არ მჯერა. არ მგონია, რომ ადამიანს, რომელიც საკუთარ იჯახის წევრს და მეგობარს, წლობით შეკოწიწებულ სიყვარულს და მეგობრობას არ უფრთხილდება, მართლა ადარდებდეს სამშობლოს ბედი. 
ეს ჩემთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა, საბჭოთა ცენზურაზე რთულიც კი. ყოველ ჯერზე, როგორც კი გადავწყვეტ გამოვიყენო ჩემი წილი ამ ყბადაღებული გამოხატვის უნივერსალური უფლებიდან, მაშინვე იმდენი ადამიანისთვის მიწევს ანგარიშის გაწევა, რომ ყველაფრის სურვილი მეკარგება. არ ვხუმრობ, ჩვენ ყველაზე ეფექტური ცენზურის ქსელი შევქმენით, ჩვენივე გამოხატვის უფლებით ბოროტად სარგებლობით. ამიტომ დღეს მხოლოდ იმ ხალხის ხმა ისმის ვინც ყველაზე ხმამაღლა ყვირის. ხომ გახსოვთ “ ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა , ზოგჯერ თქმიტაც დაშავდების”... ჩვენ სწორედ ამ აფორიზმის მეორე ნაწილის სტადიაში ვართ პერმანენტულად. 

  სიტყვის ძალაზე (რომელიც "ატომურ ბომბზე უარესია"), ახალი ტერმინების დამკვიდრებაზე რას იტყვით, რაც ენის სიწმინდეს ამღვრევს

ატომურ ბომბს თავისთავად არავითარი ძალა არ აქვს პოტენციურის გარდა მანამ, სანამ  ვინმე ღილაკს თითს არ დააჭერს და გაისვრის, ააფეთქებს. ასევეა სიტყვაც. ძლიერ სიტყვას ძლიერი მთქმელი სჭირდება. ყველას გვსმენია, კარგ მთქმელს რომ კარგი გამგონე უნდა… მე პირადად თავს კარგ გამგონეთა შორის მოვიაზრებ, მხოლოდ სამწუხაროდ კარგ მთქმელებს ძალიან ცოტას ვიცნობ. სწორედ მათი დეფიციტია საქართველოში - ვისაც შეუძლია სიტყვას ძალა, ენერგია შესძინოს და ჟანგიანი ბგერების ჯართისგან ბომბი შექმნას , შემდეგ კი ააფეთქოს.. ის ლინგვისტური უთავმოყვარეო უბადრუკობები, რომლებიც თქვენ გაქვთ მხედველობაში, თავისთავად მხოლოდ საცოდავად შეკოწიწებული პარაზიტი ასო-ბგერებია, რომლებიც ჩემთვის პირადად ცხვრების გულისამრევ ფონოგრამად იქცა მას შემდეგ რაც თითქმის სამი ათეული წლის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი და აქ სულ სხვა ენა დამხვდა, ვიდრე დავტოვე. ბევრად უფრო პროვინციული და დაბინძურებული რაღაც უცნაური ინგლისურით, ვიდრე წასვლამდე რუსულით იყო. რა თქმა უნდა წმინდა ქრთულით არც მე ვსაუბრობ, . მაგრამ ყოველთვის ვახერხებ, ვცდილობ მაინც ვიპოვო სიტყვა იმის სათქმელად რაც მსურს და შთაბეჭდილების მოსახდენად არ ვიქექები ჩემს ფრნგულ ლექსიკის მარაგში.. არა მგონია საუბრისას რაიმე აქცენტი მეტყობოდეს, მიუხედავად იმისა რომ ოცდაშვიდი წელია ოჯახში ფრანგულად ვლაპარაკობ (ჩემი მეუღლე ფრანგია). ამიტომ არ მესმის, რანაირად ახერხებს ეს ხალხი უცხოეთში გატარებული ორ თვის მანძილზე ისეთ ლინგვისტურ ასიმილირებას ინგლისურში, რომ ხუთიდან სამ სიტყვას ქათულად ვერ იხსენებენ. ყველაზე ძალიან “მიყვარს” ფეისბუქზე ინგლისურად რომ წერენ მძაფრ პოლიტიკურ სტატუსებს, აქაოდა მსოფლიოს გავაგებინოთ ჩვენი პრობლემებიო. ყველაზე სახალისო საპასუხო ინგლისურად ან ფრანგულად დაწერილი  კომენტარებია, რომლებსაც ასევე მხოლოდ  ქართველები  წერენ... მსოფლიო კი რატომღაც მათ არ იმჩნევს. ეს ის ნაწილია ევროპელობაზე მონოპოლია რომ აქვთ გამოცხადებული, ან მათზე მიტმასნილი დამწყები პროევროპელები.

  ოთხი წელია, თუ არ მეშლება, რაც საქართველოში მოღვაწეობთ. რამ გადაგაწყვეტინათ, თითქმის სამი ათეული წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნება "ცხოვრების ნაწილი საფრანგეთში დაგეტოვებინათ". რატომ ამჯობინეთ პარიზულ ცხოვრებას - თბილისური?(მეუღლესა და შვილებზე, მათ საქმიანობაზე...

მე ჩემი ცხოვრების არც ერთი ნაწილი არსად არ დამიტოვებია, არც საფრანგეთში და არც თბილისში, როდესაც 1991 წელს პარიზში გავფრინდი. საერთოდ ბოლო დროს ემიგრაციის ფენომენის ზედმეტად დრამატიზირება ხდება. რაღაც  "უცხოტომელებში" მოხვედრილი ნოსტალგიით გატანჯული თანამემამულის სტატუსის კულტივირება, რაც ჩემი აზრით 21 საუკუნეში ცოტა გადაჭარბებულია. მე საერთოდ არ ვთვლი ჩემს თავს “უცხოეთში გადახვეწილ” ემიგრანტად, ისევე როგორც საქართველოში მცხოვრები ფრანგი ან ამერიკელი არ თვლის და მათ არც უწოდებენ ემიგრანტებს - ისინი რეპატრიანტები არიან… 
ოჯახს რაც შეეხება...მე ფრანგი მეუღლე მყავს და ორი შვილი - 25 წლის ტყუპი გოგოები. თინა და გაბრიელ. შესაბამისად, ახალბედა  კინორეჟისორი და მხატვარი. შვილების სიყვარულში განსაკუთრებული არაფერია. ყველანაირ მშობელს უყვარს ყველანაირი შვილი. სიყვარულში შეჯიბრი საერთოდ სისულელედ მიმაჩნია. ჩემს შვილებთან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ რომ მე მათ დიდ პატივს ვცემ დამოუკიდებლად იმისა რომ ჩემი შვილები არიან, ჩემი ეს პატივისცემა მათ თავად დაიმსახურეს ადრეული ასაკიდან. და დაიმსახურეს სრულიად ინდივიდუალურად. მიუხედავად იმისა რომ ტყუპები არიან, ორი სრულიად განსხვავებული ინდივიდია, რომლებმაც საკუთარი პიროვნებები თავად, დამოუკიდებლად შექმნეს. რაც ჩემთვის არ დაგიმალავთ და მთავარი ბედნიერებაა, ისევე როგორც ჩემი მეუღლისთვის, რომელსაც ასევე დიდ პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ ყველაზე საინტერესო ქალია ვისაც ცხოვრებაში შევხვედრილვარ, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. მეტს ვერაფერს გეტყვით. ზოგადად პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი არ მიყვარს, არ მგონია ეს მართლა საინტერესო და რაიმე სასარგებლოს მომტანი იყოს ვინმესთვის. თანაც,  ჩემი არც თუ ადვილი ცხოვრება არ მემეტება, უცნობი, მოწყენილი ადამიანებისთვის თავის შესაქცევად .

  "თავის დროზე"რეაქტიული კლუბის" დამფუზნებელი იყავით ირაკლი ჩარკვიანთან და კოტე ყუბანეიშვილთან ერთად. თქვენი შეფასებით, რა ფენომენია "მეფე", რომლის გაგება-დაფასებასაც წლები დასჭირდა.

არ მგონია რომ ირაკლის შემოქმედების გაგება- დაფასებას წლები დასჭირდა. მე როგორც ვიცი ის ყოველთვის ყველზე პოპულარული იყო საქართველოში, ყოველ შემტხვევაში მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა პოპულარული გამხდარიყო. მხედველობაში მაქვს მისი მუსიკალური კარიერა. სხვა საკითხია რას ნიშნავს იყო საქართველოში პოპულარული მუსიკოსი. როგორ კონვერტირდება პოპულარობა და დაფასება მატერიალურად. მე არ მგონია, ირაკლი რომ დღეს ცოცხალი ყოფილიყო, მუსიკით უფრო უზრუნველი და დაფასებული ცხოვრება ჰქონოდა, ვიდრე ჰქონდა. უფრო “მშვიდად ეცურა.” ქართული ეგრეთწოდებული “შოუბიზნესის” თავისებურებებიდან გამომდინარე, საწინააღმდეგოსაც კი არ გამოვრიცხავ. რაღაც არ მგონია სადღესასწაულო ღონისძიებების სცენის ღვაწლმოსილი “სთარი” გამხდარიყო..არც ვიცი რა გითხრათ, ქართველებს ხომ იცით, უყვართ ხარისხიანი ადამიანები, მაგრამ უფასოდ... რას გაიგებ, ამ ქვეყანაში ხანდახან ნიჭიერი კაცისთვის ერთად ერთი გამოსავალი სიკვდილია, დამცირებას რომ გაექცეს… დამცირებაში მარტო სტვენა და უფასო გინება არ მაქვს ხედველობაში. დამცირება ძალიან ღრმა და კომპლექსური გრძნობაა. რთულ ადამიანებს რთული დამცირებები აქვთ.
 რაც შეეხება რეაქტიულ კლუბს, ეს დიდი ხნის წინ იყო. ჩემთვის მან თავისი რეაქტიულობა კარგა ხანია დაკარგა და იმ რეაქტიულ თვითმფრინავს დაემსგავსა, ოდესღაც პიონერთა სასახლის ეზოში რომ იდგა, კოსმონავტობაზე მეოცნებე პატარა პიონერების გულის გასახარად. დასანანია, შეეძლო ცოტა კიდევ ეფრინა, ამის პოტენცია ნამდვილად ჰქონდა. მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ ღირს. სახლმუზეუმის კონცეფცია ყოველთვის სიკვდილივით მოსაწყენი მეჩვენებოდა. 

  საფრანგეთში გაიცანით ბევრი ცნობილი ადამიანი. მათ შორის საინტერესოდ წერდით პიერ კარდენზე მისი გარდაცვალების დღეს... 

  იმისთვის რომ ადამიანისგან რაიმე საინტერესო გაიგო სულაც არ არის აუცილებელი ის გამოჩენილი იყოს. მე ძალიან ბევრი მაქვს ნასწავლო ადამიანებისგან რომლებსაც სულ ერთი საღამო, რამდენიმე საათი.გამიტარებია. ადამიანებს მათი არა გამოჩენილობის არამედ საინტერესოობის მიხედვით ვაფასებ. თუმცა არც გამოჩენილების საწინაარმდეგო მაქვს რამე..მე მათ მშვიდად აღვიქვამ. კარდენი ძალიან საინტერესო კაცი იყო და ამიტომ,პატივისცემის გამოსახატად გავიხსენე მისი გარდაცვალების დღეს ფეისბუქზე ორიოდ სიტყვით და არა მისი საქვეყნოდ ცნობილი სტატუსის გამო. არ არის ადვილი ადამიანზე შთაბეჭდილება მოახდინო უბრალო, არაფერზე საუბრით. ეს მხოლოდ მართლაც საინტერესო ადამიანებს შეუძლიათ. კარდენი ასეთი კაცი იყო ზუსტად. ასეთი ადამიანები როგორც წესი ძალიან ცნობისმოყვარეები არიან. მე კი მიყვარს ცნობისმოყვარე ხალხი. ზოგადად პროგრესი ცნობისმოყვარეების შექმნილია,რომლებსაც ხშირად დასცინიან. ასეთ ადამიანებში გონება და მგრძნობელობა ჰარმონიაშია. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ ბოლომდე არც ერთს ენდო და არც მეორეს. ასეთებს საგნების და ადამიანების გაგება მაღალ ხარისხში შეუძლიათ, მათ შორის საკუთარი თავის, რაც ყველაზე ძნელია. მე რა თქმა უნდა არც ისე ახლოს ვიცნობდი პიერ კარდენს, რომ ჩვენი ურთიერთობის შესახებ ბევრი დეტალი მოგიყვეთ. ჩემთვის ერთერთი ყველაზე სასიამოვნო მოსასმენი იყო, როდესაც თავისი ღარიბი ემიგრანტული ბავშვობის შესახებ მიყვებოდა- მონმარტის უბანში, სადაც სხვათაშორის მე ვცხოვრობ. უფრო სწორად იმ ეპიზოდის შესახებ როდესაც ზაზუ გახდა. ზაზუს ეძახდნენ პარიზელ, ძირითადად მონმარტელ მოზარდებს, რომლებიც ოკუპაციის წლებში გერმანელებს ნერვებს უშლიდნენ, გრძელი თმებით, უცნაური ვარცხნილობით და რამდენიმე ზომით დიდი ტანსაცმლით დაეხეტებოდნენ, ქუჩაში ბალებს მართავდნენ, აკეთებდნენ ყველაფერს რაც აკრძალული იყო,.. როდესაც ებრაელების დეპორტაცია დაიწყო, გულზე ყვითელი ნაჭრის დავითის ვარსკვლავები დაიკერეს წარწერით "ზაზუ"… ისინი გარკვეული თვალსაზრისით პანკების ერთგვარ წინპრებად ითვლებიან. სწორედ ამას მიხსნიდა, პირველი პანკი  ვიყავიო. მაგრამ მაინც გული წყდებოდა რომ 70 წლებში ასაკი არ უწყობდა ხელს პანკ მოძრაობას შეერთებოდა,  თვლიდა რომ ყველაზე კრეატიული ეპოქა, სწორედ მათ, პანკებმა შექმნეს...

  სტრესის დასაძლევად და რეალობის აღსაქმელად რა საშუალებას შესთავაზებთ საზოგადოებას? 

 სტრესი რეალობის აღქმის ყველაზე დიდი მტერია. მის დასაძლევად საუკეთესო საშუალებაა ისწავლო სხვისი არსებობის უფლების პატივისცემა, რადგან ჩვენი სტრესები ძირითადად ჩვენგან ოდნავადაც კი განსხვავებული  ადამიანების კატეგორიული მიუღებლობით არის გამოწვეული.

  "რახანია აღარავის დაუსვამს წლების განმავლობაში საქართველოში ყველაზე მთავარი, მედიტაციური კითხვა: გვეშველება რამე?" - წერდით ამას წინათ. ახლა მე დაგისვამთ ამ ცხოვრებად ქცეულ კითხვას - გვეშველება რამე?

დღესაც იგივეს ვფიქრობ, რასაც მაშინ. ჩემი აზრით, იმ მძიმე შეცდომების გათვალისწინებით, რომელთაც ყოველდღიურად უხვად ვუშვებთ, კიდევ კარგად ვცხოვრობთ. სხვა ერი აქამდე საერთოდ გაქრებოდა. თუ არ შევიცვლებით, ამაზე მეტი რაღა უნდა გვეშველოს? 

25.01.2021 Tbilissi

26 octobre 2018

 პარიზობა



რთველი ყველგან დღესასწაულია, სადაც ღვინო უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ დასათრობ საშუალებას. ბევრმა შეიძლება არც დაიჯეროს, რომ პარიზში ყოველ შემოდგომაზე რთველის დღესასწაული იმართება, მხოლოდ რეგიონებიდან ჩამოსული დელეგაციები კია არა, ადგილოვრივ ვენახებიდან მოწეული ვაზი იკრიფება.
პატარა ვენახები რამდენიმე უბანშია, მათ შორის ყველაზე პატარა ძველ, სენ ჟერმენის სააბატოს ეზოში, - სულ რაღაც ათი ადლია, ფრანგები ვენახის ფართობის საზომ ერთეულად დღემდე ხშირად ადლს (ანუ ბიჯს, ნაბიჯს) იყენებენ. ვენახები აგრეთვე არის ბელვილის, ბერსის, ჟორჟ ბრასანსის პარკებში... ისინი ყველა მუნიციპალიტეტს ეკუთნის, და იქ მოწეული ღვინო, მერიების მარნებში ინახება. თუ არ ჩავთვლით ერთად ერთ, ბაგატელის კერძო ვენახს ბულონის ტყეში.
პარიზი ევროპაში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, სადაც ყოველ კვადრატულ მეტრს ოქროს ფასი აქვს. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რაოდენ სიმბოლური დატვირთვა აქვს ვენახს ქალაქში, სადაც ერთი კვადრატული მეტრი მიწის ფასი ერთ–ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში და ამის გათვალისწინებით, ალბათ კიდევ უფრო დასაფასებელია პარიზელების პატივისცემა თავიანთი ქალაქის მიმართ, რომელიც ღვინის გარეშე იგივე იქნებოდა, რაც დღესასწაული მუსიკის გარეშე.
ყველაზე დიდი ვენახი მაინც მონმარტზეა. მთელი 1700 ადლი! აქ რთველის დღესასწაული წელს უკვე სამოცდამეცხრამეტეჯერ იზეიმეს. მისიკით, ღვინით, ჯამბაზებით, კლოუნებით. აღლუმით... რომელშიც ყველა ნაციონალობის მუსიკოსები და არტისტები მონაწილეობენ, ქართველებიც კი, ჩოხებით და ხევსურული კაბებით. ძალიან ლამაზი საყურებელი იყო.
მონმარტრი მეთექვსმეტე საუკუნეში პარიზელი მეღვინეების დასახლება იყო, როგორც ფრანგები ეძახიან, პატარა, სუფრის ღვინოს წურავდნენ. სიმღერაც კი ქონდათ ესეთი :
ეს მონმარტრის ღვინოა!
ერთ ჭიქას დალევ და
ერთ ტიკს მოფსავ!

მერე წისქვილების, კლოშარების, ბანდიტების, და საროსკიპოების უბანი გახდა. არტისტებისაც რა თქმა უნდა. მაშინდელი არტისტები პოლიტკორექტულები არ იყვნენ, ბევრს სვამდნენ, მეძავებთან და ბანდიტებთან მეგობრობდნენ, ჩხუბობდნენ... მაგრამ სამაგიეროდ რა არტისტები იყვნენ!... სოლისა და სენ ვინსენტის ქუჩების კუთხეში ერთი პატარა სიმპათიური კაბარეა, რომელსაც სასაცილო სახელი ქვია Le Lapin Agile რაც დაახლოვებით ითარგმნება როგორც «შებერტყილი კურდღელი». მისი სიმბოლო დიდი კურდღელია, რომელიც ქვაბიდან გარბის... ეს კაბარე საფრანგეთის რევოლუციამდეც არსებობდა, მხოლოდ მაშინ «მკვლელების კაბარე ერქვა», სანამ მეცხრამეტე საუკუნეში სახელი არ გამოუცვალეს. ვინ არ დადიოდა აქ, პიკასო, აპოლინერი, მოდილიანი...
ამ ძველი მკვლელების კაბარეს წინ ქუჩის მეორე მხარეს ძალიან პატარა გალავან შემოვლებული სენ ვანსენის სასაფლაოა. ქუჩის სხვა საპირისპირო მხარეს კი ვენახი. მართლა მაგარი უბანია ეს მონმარტი. აქაურები დღემდე ისე უფრთხილდებიან უბნის იდენტობას, როგორც არსად.
ყველაფერი ოციან წლებში დაიწყო, რამდენიმე მხატვარმა, იუმორისტი გრაფიკოსის, ჟო ბრიჯის ინციატივით, გადაწყვიტა ხელოვნებაში მოდერნიზმის თავხედური და ზღვარგადასული შემოჭრისაგან თავის დასაცავათ შეექმნათ «პაციფისტური ხასიათის რეაქციონერული ორიენტაციის მოძრაობა» და მათ 1921 წელს მონმარტრის რესპუბლიკა დააარსეს! თავისი დროშით, ჰერალდიკით და ჰიმნით. რესპუბლიკა ერქვა, თორემ ისე ჩვეულებრივი ასოციაცია იყო, რომელმაც მიუსაფარ ბავშვთა დისპანსერი გახსნა, და მათ ჰიგიენი ნივთებით, ტანსაცმლით, საკვებით უზრუნველყოფდა, ბავშვებისთვის დღესასწაულების მოწყობის ტრადიციასაც მაშინ ჩაეყარა საფუძველი: მართავდნენ საახალწლო მეჯლისებს. სპექტაკლებს კაბარე მულენ ღუჟში და ცირკ მედრანოში. მოაწყეს სათამაშო მოედანიც ბავშვებისათვის, იქვე "შებერტყილ კურდღელთან"... მაგრამ ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტის ყურადღება მიექციათ. ამიტომ 1933 წელს კომუნის მერის თანადგომით რესპუბლიკა მონმარტმა თავისი ვენახი გააშენა. 1934 წელს კი პირველი რთველი მოეწყო, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ალბერ ლებრუნი ესწრებოდა, აგრეთვე დიდი ფერნანდელი და მომხიბვლელი მისტანგეტი.
მას შემდეგ ყოველი შემოდგომის ოქტომბრის თვეში რთველის დღესასწაული იმართება მონმარტრზე. დაახლოებით 1000 კილოგრამ პინო ნუარს წურავენ და მისგან «კლო დე მონმარტრს» აკეთებენ, რომლის ნახევარლიტრიანი ბოთლის ყიდვა მე–18 ოლქის მერიაში შეგიძლიათ, დაახლოებით 40 ევროდ. ძვირია, მით უმეტეს დიდი არაფერი ღვინო არ არის, მაგრამ სამაგიეროდ მონმარტრის ღვინოა... და მთავარი ეს არის! შემოსული თანხა, რა თქმა უნდა, ქველმოქმედებას ხმარდება...
პირველი რთველის შემდეგ გარეგნულად თითქოს ბევრი არაფერი შეცვლილა მონმარტის ამ პატარა გზაჯვარედინზე. ქვით მოკირწლულ ქუჩებს იგივე სახელები ქვიათ, ყოფილ მკვლელების კაბარესაც, ერთი ციცქნა სასაფლაოც არსად გადაუტანიათ, ეს 1700 ადლიანი ვენახიც, რაღაც უცნაურ სოფლის იდილიას ქმნის... მადლობა ღმერთს, არავინ აპირებს მის გაჩეხვას და მის ადგილზე შუშის შერატონ მონმარტ პალასის აშენებას... თუმცა ვინ ააშენებინებს?... ან ვინ გაბედავს... ერთი კია, ცოტა მეტი სისუფთავეა, მეძავები აღარ დგანან, იაპონელი ტურისტები ერთგვარი მორიდებით აჩხაკუნებენ თავიანთ ფოტოაპარატებს... მორიდებით, რადგან, ამ უბანში, მიუხედავად ტურისტების დიდი რაოდენობისა, გაცილებით მეტად იგრძნობა ის, რასაც ქალაქის ნამდვილ სულს ეძახიან... ნამდვილი სული კი ყოველთვის რიდს იწვევს. აქ ჯერ კიდევ წააწყდებით ისეთ სახეებს, როგორსაც მონმარტის გარდა სხვაგან ვერსად ნახავთ, ეს ერთი ციცქნა ვენახიც ხაზს უსვამს, რომ თქვენ დისნეი ლენდში კი არა, ნამდვილი ცოცხალი ადამიანების ქალაქში, ნამდვილ უბანში ხართ... და აუცილებლად გაგახსენდებათ თქვენი ქალაქი, მითუმეტეს თუ თბილისიდან ხართ... შეიძლება ისიც კი გაიხსენოთ, რომ თბილისში პარიზზე ბევრად მეტი ვაზია. ყოველ შემთხვევაში, მე ესე მახსოვს... «უბესეტკო» ეზოს იშვიათად ნახავდით. განსაკუთრებით გარეუბნებში. თუმცა კორპუსების აივანზე ამოყვანილი ადესაც ხშირად მინახავს. ცოტა ღვინოსაც წურავდნენ ხოლმე მონმარტრელებივით... მხოლოდ სამზარეულოში და სამლიტრიან ქილებში აყენებდნენ...
არასდროს არ მესმოდა, რატომ ქვია თბილისობას თბილისობა. როცა იქ თბილისური არაფერია, მე უფრო კახეთობას დავარქმევდი, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, პარიზში მაგალითად მსგავს დღესასწაულს ბოჟოლეს დღესასწაული ქვია, ნოემბერში იმართება ხოლმე, რომლის დროსაც მთელ ქალაქში უფასოდ შეგიძლიათ გადაჰკრათ ერთი ორი ჭიქა ახალი ღვინო და ამ რეგიონის ძეხვეული და ყველი დააყოლოთ... რესტორნებში თითო ჭოქა მაჭარს თითქმის ყველა სვავს... უამრავი ღვინო ისმევა ამ დღეებში ბოჟოლეს რეგიონის ხათრით... მაგრამ პარიზის რთველი პარიზისაა, და არა ბოჟელეს, ბორდოს, ან ბურგონის... აქ სულ რამდენიმე ასეულ ლიტრ ღვინოს წურავენ და გულწრფელად ხარობენ ამით, იციან, რომ ქალაქის სული ესეთ პატარა სათუთ დეტალებში ცოცხლობს, და მას პოსტმოდერნის მოტანილი დაუნდობელი მონდიალიზაცია ვერაფერს დააკლებს, სანამ «მონმარტრის რესპუბლიკაში» ერთი ადლი მოვლილი ვენახი მაინც დარჩება.


PK. Novembre 2012 Paris

19 novembre 2016

მეხუთე ელემენტი. ტარა.

ჟურნალი ანაკლია N 2 ნოემბერი 2016

ხოლოდ მაშინ შევძლებთ, რეალურად დავამკვიდროთ გარემოს დაცვის  კულტურა, როდესაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ირწმუნებს, რომ  დედამიწის ეკოსისტემას საზღვრები არ გააჩნია, ის ერთნაირად გვეკუთვნის ყველას, ერთნაირად გვაცოცხლებს ან გვკლავს. ჩვენ მასზე, როგორც ერთ დიდ, დაავადებულ, კოროზიებით დასერილ მატრიცაზე ვართ მიერთებულნი. იმისდა მიხედვით, თუ რითი ვკვებავთ მასვიკვებებით ჩვენც. ამიტომ ჩვენც ავად ვართ...

პლანეტის საერთოობის გააზრების შედეგად შეგვიძლია ავტომატიზმამდე მივიყვანოთ ისეთი ყოველდღიური, დიდი დანაშაულის ხარისხში აყვანილი პატარა საყოფაცხოვრებო უპასუხისმგებლობებთან ბრძოლა, როგორიც არის გარემოს დაბინძურება, განსაკუთრებით, ბიოლოგიურად არადეგრადირებადი  ნაგვით, მწვანე საფარის განადგურება, იშვიათი ჯიშის ცხოველების მკვლელობა... მხოლოდ მაშინ შეიძლება მიხვდე, რომ საკუთარი სახლის წინ მდინარეში მოსროლილი პლასტმასის ერთი ბოთლი უბრალოდ პატარა უკულტურობის გამოხატულება კი არა, პლანეტისთვის ნასროლი გიგანტური ბირთვული მოლოტოვის კოქტეილია, დანაშაულია კაცობრიობის წინაშე.
მარტივად რომ ვთქვათ: არ არის საკმარისი, ზღვის პრობლემამ შეგაწუხოს მხოლოდ ზაფხულში ქობულეთისა და ბათუმის დაბინძურებულ პლაჟზე, უნდა გაწუხებდეს აგრეთვე ინდოეთის ოკეანის დაბინძურება და ჩრდილოეთ პოლუსზე ყინულის საფარის კლება... მხოლოდ მაშინ შეიძლება გარკვეულ  ეკოკულტურაზე საუბარი.

21-ე საუკუნის ადამიანის ცივილიზებულობის ხარისხის შეფასების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი გახლავთ გლობალური ეკოლოგიური პრობლემების გაგებისა და ინდივიდუალური გაზიარების ხარისხი, რომლის მიხედვით შეიძლება დავადგინოთ, რამდენად რეალურად წარმოადგენს ესა თუ ის პიროვნება 21-ე საუკუნის ნაწილს.

დედამიწის ეკოსისტემის ნაწილად თავის აღქმა, ამ სისტემის ჰიგიენაზე ისეთივე ზრუნვა, როგორც საკუთარზე, არის სწორედეკოკულტურა“, რომელიც შორეულ მომავალში ჩვენი საუკუნის კულტურული იდენტობის მთავარ ისტორიულ ინდიკატორად დარჩება. დღეს კი ყოველი ჩვენგანის ინდივიდუალური გადასაწყვეტია, მიაკუთვნებს თუ არა თავს ამ საუკუნეს.
შესაძლოა ვინმემ თქვას (როგორც ხშირად გვჩვევია ქართველებს): „მსოფლიო თავის ეკოსისტემას როგორღაც მიხედავს, ჩვენ საკუთარისთვის ვერ მოგვივლია, სჯობს, ჯერ ჩვენსაზე ვიფიქროთო“. გარკვეული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მართალიც იქნება.

ლოგიკურია, თუ ადამიანს საკუთარი სახლის წინ ქუჩის სისუფთავე არ აღელვებს, მას გლობალური დათბობის პრობლემა მხოლოდ სატელევიზიო სტატისტიკური ინფორმაციის სახით შეეხება. მაგრამ ჩვენ არც არავინ გვთხოვს ავსტრალიის გარემოს პრობლემების გადაწყვეტას. ჩვენ გვთხოვენ, მხოლოდ საქმის კურსში ვიყოთ, თუ რა ხდება ავსტრალიაში და ისიც იმიტომ, რომ სხვანაირად ჩვენი ეკოპრობლემები ისეთივე იზოლირებული აღმოჩნდება მსოფლიო სისტემისგან, როგორც ზოგადად საერთო კულტურა, რომელიც ასე აკლია დღეს საქართველოს. ჩვენ გვჭირდება ვიცოდეთ მსოფლიო ოკეანის  პრობლემები იმისთვის, რომ მივხვდეთ, რამდენად საჩქაროა შავი ზღვის იმ ერთი ციცქნა ნაწილის პრობლემების მოგვარება, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის. რადგან ზღვა ისეთივე ჩვენია, როგორც უშბა, თეთნულდი, მყინვარწვერი. მხოლოდ სამწუხაროდ ჩვენ მას არ ვიცნობთ; ზღვა თითქოს ჩვენი გერი, მხოლოდ აგვისტოს ხვატში გაგრილების საშუალებაა, რომლის დაბინძურება შესაბამისად მხოლოდ ზაფხულის ორ ყველაზე ცხელ თვეში გვაწუხებს, და ჩვენში ყველაზე კულტურულები სოციალურ ქსელებში დანაგვიანებული პლაჟების ფოტოების გამოქვეყნებით ერთგვარ მოქალაქეობრივ ანგარიშს ვასწორებთ სამშობლოსთან. 

მხოლოდ მერე, სექტემბრიდან მომავალი წლის ივლისამდე, ვეღარავინ ამჩნევს იმავე სანაპიროზე გამორიყულ იმავე ნაგავს, რომელსაც ბევრად მეტი ზიანი მოაქვს ჩვენთვის, ვიდრე უბრალოდ ორკვირიანი საარდადეგებო ბინძური დისკომფორტი. ეს ბიოლოგიურად არადეგრადირებადი ნარჩენები   პირდაპირი მნიშვნელობით ანადგურებენ შავ ზღვას, მის ბიომრავალფეროვნებას. ბოლო დროს ჩვენ მივეჩვიეთ, ყველაფერზე საზოგადოებას მოვთხოვოთ პასუხი, მის მოქალაქეობრივი კულტურის ნაკლებობას გადავაბრალოთ ყველა პრობლემა.



ეს უსამართლობაა: შეუძლებელია, მოზარდი გაკიცხო მათემატიკის. ფიზიკის, ქიმიის არცოდნის გამო, თუ მისთვის ბავშვობაში გამრავლების ტაბულაც კი არ გისწავლებია; გაკიცხო და დასცინო, რომ არ წაუკითხავს გოეთე და პრუსტი, თუ მისთვის გამართული წერა-კითხვა არ გისწავლებია.  სახელმწიფომ უნდა შექმნას მინიმალური კონტექსტი იმისთვის, რომ მოქალაქემ დამოუკიდებლადაც შეძლოს თავისი მოქალაქეობრივი კულტურის (ცივილურობას რომ ეძახიან) პროგრესირებამხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი, საქართველოშიც გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ ცოდნას, ენერგიას, მატერიალურ მდგომარეობას მოახმარენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას და აღარავის გაუჩნდება საყვედურნარევი შენიშვნის მიცემის სურვილი, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის მიხედვის შესახებ, რადგან ადამიანები მიხვდებიან, რომ პლანეტა მხოლოდ ერთი გვაქვს და მისი განადგურების შემდეგ, წასასვლელი აღარსად გვექნება.

სამწუხაროდ, მსოფლიოში არც ისე ბევრია ქვეყანა, რომლებშიც ეს ეკოკულტურა ასე თუ ისე შედგა და ეს ზოგადად ყველაზე ცივილიზებული ქვეყნებია, თუნდაც ეს ტერმინი ბევრს აღიზიანებდეს და დისკრიმინაციულად ეჩვენებოდეს. ყველაფერს ალბათ დრო სჭირდება, რომელიც სულ უფრო და უფრო ცოტა გვრჩება. თუმცა დროსაცროგორც წესიადამიანის ძალისხმევის გარეშე თავისით არაფერი მოაქვსსამაგიეროდ, მიაქვს ბევრი რამყველაზე ძვირფასი. მიაქვს ისევ ჩვენივე უმოქმედობის, შურის, სიხარბის წყალობით. ჩვენ კი დროს და მის დაუნდობლობას ვაბრალებთ საკუთარ უგუნურებას.

ჩვენი ცხოვრების ჰიგიენის სინქრონიზება დედამიწის ეკოსისტემის ჰიგიენასთან ყოველდღიური, ყოველწუთიერი საზრუნავია და ყოველივე ზემოთ თქმულის ერთ-ერთი საუკეთესო დასტური გახლავთ ფრანგული იალქნიანი ხომალდის – „ტარას“ ამბავი, რომელიც 2005 წლიდან სერავს მსოფლიო ოკეანეს ყველა მიმართულებით და იკვლევს მას.

ტარა

ამა წლის 28 მაისს იალქნიანი ხომალდიტარა“ თავისი მუდმივი ადგილსამყოფელიდან, ბრეტანის პატარა პორტ ლორიენტიდან გავიდა ახალ ექსპედიციაშიწყნარი ოკეანის მარჯნის რიფის გამოსაკვლევად, მასზე კლიმატური ცვლილებებისა და ადამიანის მიერ მისი ექსპლოატაციის ფაქტორის  ზემოქმედების  შედეგების  შესასწავლად. ხომალდი  ორი წლის განმავლობაში წყნარ ოკეანეს რამდენჯერმე გადასერავს ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე და დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე. ის დაახლოებით ასი ათას კილომეტრს გაივლის. შევა 30 ქვეყანაში, გააანალიზებს 40 არქიპელაგს.  აიღებენ დაახლოებით 40 ათასი სინჯს.  შეადარებენ მონაცემებს...

გემზე მუდმივადმყოფება ექვსი მეზღვაური და მრავალპროფილიან მეცნიერთა შვიდკაციანი ჯგუფი. მათ კოორდინირებას უწევს საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევების ცენტრი და მონაკოს სამეცნიერო ცენტრი. მონაცემებზე სხვადასხვა ქვეყანაში იმუშავებს 18 ლაბორატორია და სამეცნიერო ინსტიტუტი.
ამ ორი წლის განმავლობაში გემზე მონაცვლეობით იმუშავებს 70 მეცნიერი  რვა  ქვეყნიდან.

ექსპედიციაში მონაწილეობას მიიღებს ექვსი არტისტი.
ყველი მათგანი გემზე გარკვეულ პერიოდს გაატარებს. ისინი შექმნიან ნამუშევრებს, რომლებიც შემდეგ გამოიფინება პარიზში, ბასტილიის მოედანთან ახლოსტარას“ გალერეაში, რომელიც ეკუთვნის ცნობილ ფრანგ დიზაინერს ანეს .- (Agnes B.) ის გახლავთტარას“ დამფუძნებელი მისივე კომპანიის გენერალურ დირექტორ ეტიენ ბურჟუასთან ერთად, სწორედ ანეს .- შეიძინა ეს ხომალდი, რომელიც მანამდე ეკუთვნოდა ცნობილ ბრიტანელ გარემოს დამცველს, პიტერ ბლეიკს. ამ უკანასკნელმა თავისივე შექმნილი გარემოს დაცვის პროგრამის ფარგლებში ამ შხუნით მთელი მსოფლიო მოიარა, სამწუხაროდ მისი თავგადასავალი 2001 წელს ბრაზილიის ამაზონიაში დასრულდა ტრაგიკულად: პიტერ ბლეიკი მეკობრეებმა მოკლეს.

ანეს . არტისტების მიმართ ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული მგრძნობელობით. მან 1994 წელს პარიზში გახსნა ცნობილიდღის გალერეა“ (la galerie du jour), სადაც იფინებოდნენ იმ დროის ცნობილი ალტერნატიული არტჯგუფები – „ბაზუკა“ Les Tétines Noires (შავი საწოვარა), ძმები რიპულინები და სხვა... ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ ანეს - თავის მიერ დაფინანსებულ გარემოს დაცვის კონცეფციაში, ექსპედიციებში არტისტების მონაწილეობა შეიტანა.

გალერეატარაში“ იფინება ყველაფერი, რაცტარას“ ექსპედიციებში შეიქმნა, აგრეთვე ის ნამუშევრები, რომელთა შინაარსი ახლოს არისტარას“ კონცეფციასთან.

გალერეა ორი წლის წინ გაიხსნა და პირველივე გამოფენა დაეთმო პარიზის ცნობილიარტ დეკოს“ უმაღლესი სახელოვნებო სკოლის პირველკურსელების ერთი ჯგუფის ნამუშევრებს პლანქტონების თემაზე. ამაზე ისინი მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მუშაობდნენ (პლანქტონებიოკეანის მიკროსკოპული ორგანიზმები). სწორედ იმ პერიოდშიტარას“ მეათე ექსპედიცია ოკეანის ღრმა წყლებში პლანქტონების პრობლემას იკვლევდა. არაჩვეულებრივი გამოფენა იყო, რომელმაც შემდეგ რამდენიმე გალერეა მოიარა. სწორედ ამ გამოფენაზე გავეცანი ახლოსტარას“ საქმიანობასექსპოზიციაში ჩემი ქალიშვილი, იმ დროსარტ დეკოს“ პირველკურსელი იღებდა მონაწილეობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობის პრეცედენტი იყო ცნობილ დიზაინერს, მსოფლიო რანგის მეცნიერებსა და მომავალ არტისტებს შორის.

ტარაწყნარი ოკეანის“ ექსპედიციის გენერალურ დირექტორს, რომან ტრუბლეს ჟურნალანაკლიისთვის“ ვესაუბრე:  

რ.ტ.: თავად კონცეფცია მარტივია. არტისტების მონაწილეობა ჩვენს ექსპედიციებში ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მეცნიერების ან სპონსორების.  რადგან ხელოვნება არის უნივერსალური ენა, რომელსაც ყველაზე კარგად შეუძლია მესიჯის მიტანა იმ ადამიანებამდე, ვისაც წარმოდგენა არა აქვთ პლანეტის ეკოსისტემის მდგომარეობაზე. მეცნიერული ტექსტები რთული წასაკითხია. მათ თავიანთი დანიშნულება გააჩნიათ. მხოლოდ ხელოვნების ენას, არტისტულ გამოხატვას შეუძლია მეცნიერული ანალიზის გრძნობებამდე ინტერპრეტირება, ადამიანებამდე მიტანა. 

ხელოვნება კავშირს ამყარებს ადამიანებსა და ზღვას შორის. ასეთი კავშირი კი აუცილებელია. ადამიანმა უნდა იცოდეს, რა მოაქვს ზღვას მისთვის, რა მდგომარეობაშია ის, უნდა ესმოდეს მისი მოვლისა და გაფრთხილების მნიშვნელობა, ხვდებოდეს, რომ ეკოსისტემას ისევ ჩვენივე სასიცოცხლო  ინტერესებისთვის ვიცავთ. ასეთი კომუნიკაციისთვის ხელოვნება საუკეთესო საშუალებაა იმ გზავნილის გასავრცელებლად, რომელიც ჩვენ გვსურს რომ გავავრცელოთ. არტი ყველას ელაპარაკება, განსხვავებული რელიგიის, ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად... 

...ცივილიზაციებს შორის ურთიერთობები ძალიან რთულია. მხოლოდ არტს შეუძლია ამ უხილავი ძაფების გაბმა თავისი ემოციური და არა ტექნიკური ენით. ჩვენ სწორედ ამიტომ ვეპატიჟებით არტისტებს ხომალდზე, რომ ისინი  სრულფასოვანი მონაწილენი გახდნენ ამ სამუშაოსი და მერე ჩვენი გზავნილი გაავრცელონ, რომელიც მათი საშუალებით უამრავ ისეთ ადამიანს შეეხება, რომელსაც არასდროს უფიქრია პლანეტის ეკოსისტემაზე და შესაძლოა არც ანაღვლებს ეს პრობლემა. არტს ჩვენს გემზე სრულიად კონკრეტული და პრაგმატული ფუნქცია გააჩნია. არტისტები ჩვენს ყველა ექსპედიციაში მონაწილეოდნენ. მათი იქ შექმნილი ნამუშევრები შემდეგ  მსოფლიოს ყველაზე ცნობილ გალერეებში იფინებოდა...

პ.ქ.: სულ რამდენი ექსპედიცია განახორციელატარამ“?

რ.ტ.: ცხრა. თითქმის ყველა ოკეანეში. ყოველი მათგანი ძალიან მნიშვნელოვან ეკოლოგიურ პრობლემებს მიეძღვნა. ბოლო ორი ექსპედიცია განხორციელდა ხმელთაშუა ზღვაში, ის ემსახურებოდა მეცნიერულ კვლევას გარემოზე პლასტმასის მავნე ზემოქმედების შესახებრომლითაც ასე დაბინძურებულია მსოფლიოს ყველა ზღვა... 2004 წელს ჩვენ ვიკვლევდით გრენლანდიაში ჯერ კიდევ ხელუხლებელ ფლორასა და ფაუნას, ვმუშაობდით ანტარქტიდაში, სამხრეთ პოლუსზე, ვიკვლევდით კლიმატის ცვლილებების გავლენას ყინულის საფარზე, გარემოს დაბინძურების გავლენას პლანქტონებზე...


პ.ქ.: რატომ გადაწყვიტეთ ბოლო ექსპედიციაში მარჯნის რიფის გამოკვლევა?

რ.ტ.: ჩვენ ვიკვლევთ კლიმატის ცვლილებების გავლენას მარჯნის რიფზე, რომელიც მსოფლიო ოკეანის ფსკერის 0,2 %-ს ფარავს და იფარებს მსოფლიოს ზღვის ბიომრავალსახეობათა 30 %-ს, დაახლოებით 1200 სახეობის ზღვის ბინადარს. მარჯანი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბიოორგანიზმია მედუზასთან ერთად, მისი ასაკი დაახლოებით 600 მილიონი წელია. მარჯნის რიფის არსებობით მიღებული სარგებელი ყოველწლიურად 30 მილიარდ დოლარს აჭარბებს, ის წარმოადგენს მილიონობით ადამიანისთვის  შემოსავლის ერთადერთ წყაროს. საკვების უზარმაზარ რეზერვს. სამწუხაროდ, მსოფლიო მარჯნის რიფის მხოლოდ 46%-ია ჯანმრთელ მდგომარეობაში, 20 % უკვე განადგურებულია, 15 % სერიოზულად არის დაავადებული და ათ წელიწადში აღარ იარსებებს, 20% კი დაახლოებით ორმოც წელიწადში გაქრება, თუ რამე არ ვიღონეთ.

პ.ქ.: კონკრეტულად რა საშიშროება ელის მარჯნის რიფს?

რ.ტ.:რამდენიმე კვირის განმავლობაშიც კი ზღვის ტემპერატურის ერთი გრადუსი ცელსიუსით გაზრდა შესამჩნევს ხდის მარჯნის ცვლილებას შეუიარაღებელი თვალითაც კიის თეთრდება. ეს კი მარჯნისთვის მომაკვდინებელია.
კლიმატური ცვლილებები იწვევს ინდოეთის ოკეანეში წყლის ტემპერატურის აწევას, რაც თავის მხრივ იწვევს მარჯნის რიფის კატასტროფულად შემცირებას (1998 წელს 20 %). მარჯნის რიფს აგრეთვე ანადგურებს ოკეანის წყლის მჟავიანობის მომატება, რაც გამოწვეულია ატმოსფეროში სხვადასხვა გაზების მოხვედრით. რიფისთვის ასევე ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ მარჯნის დიდ სამკუთხედში (ინდონეზია, მალაიზია, ჩინეთის ზღვა და სოლომონის კუნძულები, საფრანგეთს მარჯნის რიფის 5% ეკუთვნის) მოსახლეობის ძალიან სწრაფი და ჭარბი ზრდა, რაც თავის მხრივ ოკეანის ზღვარგადასულ ექსპლოატაციას იწვევს.

პ.ქ.: რამდენად უწყობს ხელსტარას“ ექსპედიცია იმ ქვეყნების ხელისუფლებების, მოსახლეობის, ადგილობრივი დიდი ინდუსტრიების მგრძნობელობის გაზრდას ეკოლოგიის პრობლემებთან მიმართებით?

რ.ტ: ტარას ერთ-ერთი მთავარი მიზანი ყველაზე სასწრაფოდ გადასაწყვეტი ეკოლოგიური პრობლემების მიმართ სწორედ პოლიტიკოსების, მთავრობების, ეკონომიკის მგრძნობელობის გაზრდაა. 2017 წლის თებერვლიდან, მაგალითად, ჩვენ სამ თვეს გავატარებთ იაპონიის არქიპელაგზე. გამოვიკვლევთ კუროშიოს თბილ დინებას, რომელიც გოლფსტრიმის შემდეგ ყველაზე დიდი საზღვაო დინებაა მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ეს კვლევა დაკავშირებულია მარჯნის რიფის კვლევებთან.
იაპონიასთან უკვე წლებია ვპარტნიორობთ, ჩვენი მთავარი მეცენატისა და ცნობილი სტილისტის ანეს ბ.- წყალობითტარას“ ელჩი იაპონიაში მისი მეგობარი ტაკეში კიტანოა, რაც ჩვენთვის დიდი პატივია.

პ.ქ.: მართლაც დიდი მისია გქონიათ. რა თქმა უნდა, უახლოეს ორ წელიწადში ვერ მოიცლით, მაგრამ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომტარა“ ერთ დღეს შავი ზღვითაც დაინტერესდება და საქართველოშიც შემოივლის? ჩვენ ძალიან გვჭირდება ასეთი ექსპედიციები და განსაკუთრებით საზოგადოების სენსიტიზაცია მთავრობის, ეკონომიკური სამყაროსა და ინდუსტრიალების ჩათვლით.

რ.ტ.: რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით. იმედი მაქვს, ოდესმე მოვხვდებით საქართველოშიც. შავი ზღვა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ზღვაა მსოფლიოში. მასში ყველაზე მეტი ჟანგბადია. ძალიან საინტერესო იქნებოდა  იქ მუშაობა.
თუმცა, ჩვენს ჩამოსვლაზე მთავარი თავად ქართველებისქტიურობაა, მე არასდროს ვყოფილვარ თქვენთან, მაგრამ წარმომიდგენია, რომ ქართულ სამზარეულოში, ისევე როგორც ყველა ზღვისპირა ქვეყნისაში, ალბათ ბევრი თევზია. ელემენტარულია: უნდა გაუფრთხილდნენ ზღვას, რომელიც ამ თევზს იძლევა.


***
აღარ ამიხსნია ბატონი ტრუბლესთვის, რომ ქართული მდიდარი სამზარეულო სწორედ ზღვის თევზის ნაკლებობას განიცდის, რაც სულაც არ არის ახსნა ზღვის მიმართ ჩვენი სრულიად გულგრილი დამოკიდებულებისა:  ჩვენ, ხორცის და განსაკუთრებით მწვადის მჭამელი ხალხი ასევე დაუდევრად ვექცევით ხმელეთს, ფლორასა და ფაუნას... ბინძურ მტკვარში დაჭერილ თევზს დელიკატესად მივიჩნევთ და მას მოხარშულ მდგომარეობაში რატომღაც ცოცხალს ვუწოდებთ, მიუხედავად იმისა, რომ თუ მისუტოფსიას ჩავატარებთ და ქიმიურად გამოვიკვლევთ, ძნელი იქნება ამ საბრალო უშნო თევზისცოცხლად“ მოხსენიება, არათუ მოხარშულ მდგომარეობაში, არამედ მაშინაც კი, როდესაც მოწამლულ მტკვარში გაბრუებული ძლივს დაცურავს.

ტრუბლესთვის მით უმეტეს არ ამიხსნია, რომ ჩვენში ეკოლოგია და გარემოს დაცვისათვის მუშაობა, მხოლოდ პარტიზანობასთან და ეპატაჟთან, ლამის ულტრამემარცხენე ბუნტთან ასოცირდება, რაც ხშირ შემთხვევაში აშინებს ხელისუფლებასაც, ინდუსტრიალებს და საზოგადოებასაცრა თქმა უნდა, პარტიზანი ეკოლოგისტები მთელ მსოფლიოში არიან, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ნაწილია ამ დიდი სამუშაოსი, მოძრაობისა და ბრძოლის, რასაც ჩვენი საერთო პლანეტის გადარჩენა ჰქვია, ექსტრემისტ ეკოლოგისტებს თავიანთი ადგილი და როლი აქვთ. მათ ბევრი კარგი საქმე აქვთ გაკეთებული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. როგორც რომან ტრუბლე ამბობს, საჭიროა, ყველა ადამიანმა ინდივიდუალურად გაიაზროს ეკოკატასტროფის საშიშროება. მუხედავად იმისა, თუ ვინ არის ის. რომელ სოციალურ თუ კულტურულ ფენას მიეკუთვნება. საჭიროა ახალი ძაფების გაბმა და არა არსებულის დაწყვეტა.
ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავიატარას“ პარტნიორების სია: ანეს ., მონაკოს პრინც ალბერ II-ი ფონდი, ვეიოლას ფონდი, სერჟ ფერარი, მონაკოს სამეცნიერო ცენტრი, ბრეტანის რეგიონი, საფრანგეთის გარემოს დაცვის ფონდი და ..             ექსპედიციას 55 ფინანსური პარტნიორი ჰყავს, მისი ბიუჯეტი 5 მილიონი ევროა. 

მეხუთე ელემენტი.

საერთოდ, ეკოლოგიაში ინვესტირება ბოლო წლებში პრესტიჟული და, რაც მთავარია, პრაქტიკული ხდება. შესაძლოა ცინიკურად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენი ეპოქა პრაგმატული რეალიზმის ეპოქაა, დიდი ინდუსტრიალები პატარებზე ადრე ბედავენ, რეალობას თვალებში ჩახედონრადგან მათ სჭირდებათ ცოცხალი და ჯანმრთელი მომხმარებელი და არა მოწამლული მტკვრის თევზივით ცოცხალ-მკვდარი. სწორედ ამიტომ იდება უზარმაზარი ინვესტიციები ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტსა და ინდუსტრიაში, მანქანათმშენებლობაში, ტრანსპორტში. გარემოს დაბინძურებით ფულის შოვნა ძალიან სწრაფად წარმავალი, დღევანდელ კვერცხზე ორიენტირებული უპერსპექტივო ბიზნესია, თუმცა, ის ჯერ კიდევ განუზომლად დიდ ზიანს აყენებს პლანეტას, ჩვენ, ჩვენს შვილებს, თავად რეციდივისტი ინდუსტრიალებისა და მათი ოჯახების სიცოცხლესა და მათივე ეკონომიკურ მომავალს. სავარაუდოდ, ეკოლოგიურად მავნე პროდუქტს ახლო მომავალში უფრო და უფრო ნაკლები მომხმარებელი ეყოლება.

საქართველო თავისი 4X4 და მძლავრძრავიანი ლიმუზინებით, უხარისხო საწვავით, სიცოცხლისთვის საშიში ჰაერით დიდ ქალაქებში, მოჭრილი ხეებით, დაბინძურებული მდინარეებითა და ზღვით, გულგრილი მერებითა და აღმასრულებელი ჩინოვნიკებით, მხოლოდ დღევანდელ დღეზე ორიენტირებული საეჭვო ბიზნესით ალბათ ერთ-ერთი ბოლო, ეკოლოგიურად დაბინძურებული ბასტიონი გახდება მსოფლიოს მწვანე რუკაზე და, როგორც ყოველთვის, მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდება, როდესაც ყველა ადგილი დაკავებული იქნება. და მიადგება მომავლის ქართველთა შეშფოთებული დელეგაცია უფალ ღმერთს, მარად შეზარხოშებული შარმიანი ღიმილით და ძღვენით ხელში. ეტყვის, რომ მთელი ეს წლები ერი მის სადღეგრძელოებს სვამდა და უბრალოდ დრო ვერ იპოვეს, ერთხელ უკვე ნაჩუქარი ედემი საკუთარი ნარჩენებისგან დაესუფთავებინათ, და მოინდომებენ, ისევ რაიმე დასცინცლონ,  როგორც მაშინ... გენეზისის ნაბახუსევზე... მაგრამ სამყაროში ყველაფერი იცვლება და ვითარდება, პროგრესირებსღმერთიც კი... ამიტომ სჯობს, დღესვე, ყოველდღიურად მივხედოთ ჩვენს სამ ელემენტს, მიწას, წყალსა და ჰაერს და ნუ მივცემთ მას გასანადგურებლად ჩვენ მიერ შექმნილი მეხუთე ელემენტითნაგვითა და ნარჩენებით აგიზგიზებულ მეოთხე ელემენტსცეცხლს, რომელიც ჩვენვე გაგვანადგურებს.

Paata KOURDADZE  5 Septembre 2016 Paris.