7 octobre 2009

დეკადანსი
2000–2010

"ნუ ვილაპარაკებთ მათზე. მხოლოდ შეხედე და გაიარე "
( დანტე. ჯოჯოხეთი)




1.
როგორც ცნობილია, ქართველები ზედმეტად პოლიტიზირებულნი ვართ. მხოლოდ თუ სიტყვა "პოლიტიკას" თავისი კლასიკური გაგებით ავიღებთ,არც ისე ადვილი გამოსაცნობი თუ რას ვგულისხმობთ მის ქართულ ინტერპრეტაციაში : ჩვენებურ "პოლიტიკასთან" ხშირად მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდება და მისი კონტროლი იდენტიფიცირდება.


ყოველ შემთხვევაში, საქართველოში დღემდე პოლიტიკური განლაგების ელემენტარული მარცხენა და მარჯვენა ფლანგიც კი არ ჩამოყალიბდა: პარტიებს, მმართველის ჩათვლით, საკუთარი იდეოლოგია დღემდე არ გააჩნიათ. თუმცა, მათ სამუშაო ოთახებში ხატების რაოდენობითა და სამშოლოს ხსენებაზე მათი ვიაგრასეული რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, ყველანი პირწავარდნილი ულტრამემარჯვენეები არიან. ლეიბორისტებიც კი, რომლებსაც, პრინციპში ყველაზე მეტად აქვთ ჩამოყალიბებული პარტიული სახე: წმინდაწყლის ევროპელი მაოისტების, ტროცკისტების, ათასგვარი ანტი იმპერიალისტების... მოკლედ ულტრა მემარცხენეების. მაგრამ ისინიც კი, ხანდახან ისეთ მარჯვენა ექსტრემში ვარდებიან, რომ მათთან შედარებით ფრანგულ "ნაციონალური ფრონტი" საბავშვო ბაღად გამოიყურება.


ნაციონალური მოძაობა უკვე თავის დასახელებაში ულტრამემარჯვენის ასოსიაციას იწვევს, თუმცა ამ ბოლო დროს საქართველოში ფეისბუკზე ცოტა ხნით ადრე მოდაში შემოსულმა ლიბერალზმმა, უიდეოლოგიო მმართველ პარტიას სულზე მოუსწრო და დღეს მისი იდეოლოგები დაუღალავად ქადაგებენ ნაციონალისტურ–ლიბერალისტულ იდეებს:

ანუ ნაციონალისტურს ქართული, ლიბერალურს კი დასავლური ტრიბუნიდან. ყოველივე ამას ერთობ კომიკური სახე ექნებოდა რომ არა ტრაგიკული შედეგები, რომელსაც ქართველ პოლიტიკის მოყვარულთა არც თუ ისე გახსნილი გონების გამო საქართველოს მოსახლეობა იმკის. უკვე თითქმის ოცი წელიწადია პარლამენტი და კანცელარია გონებაშეზღუდულ ბავშვთათვის გახსნილ უცნაურ პოლიტკურ მეცნიერებათა სკოლას წააგავს, რომლის მისწავლეებიც დაწყებით კლასებს ვერ ცდებიან. ხანდახან საერთოდ ეჭვი მეპარება კიდეც, მაღალი კლასების არსებობაში.


ამ უცნაურმა პოლიტიკურმა ვირუსმა სრულიად ქართველი ერის ისედაც დაღლილი და გაზანტებული გონებრივი და სულიერი განვითარება, ჯერ დაამუხრუჭა, შემდეგ უკუ სვლით წაიყვანა, და დღეს, ჩემი აზრით უფრო მეტ სიბნელეში აღმოჩნდა, ვიდრე ამ გზის დასაწყისში– 20 წლის წინ: დღევანდელ საქართველოში ცივილურობის ხარისხი უფრო დაბალია ვიდრე გურამ პეტრიაშვილის აპოკლიპტური მისტერიების ეპოქაში, რადგან დღეს ასეთ, და კიდევ უარეს სისულელეებს ყოველ ნაბიჯზე ლაპარაკობენ, და ამას მაშინდელისაგან განსხვავებით აღარავინ აპროტესტებს.


პოლიტიკა კომპრომისის ხელოვნებაა. ეს ბავშვმაც იცის. კონფორმიზმი კი ქართული ''ურთიერთობების დალაგების'' ტრადიციული ეროვნული ხელოვნება, ქართული საზოგადოების სწორედ ის თვისებაა, რომელიც რამდენიც გნებავთ, თავზე საყრელად გვქონდა ყოველთვის. ამ თვისებას ხანდახან ჩვენში ეროვნულ დიპლომატიურ ნიჭსაც უწოდებენ.


ჩემი აზრით სწორედ ამ ნიჭმა უფრო მოგვაღწევინა დღემდე, ვიდრე მე 19 საუკუნეში მთვრელი რუსი რომანტიკოების მიერ შექმნილმა მითოლოგიურმა ვაჟკაცურმა სულმა, რის სანაცვლოდაც, სამშობლო დაკარგული ჩვენი "ნოვი ვაჟკაცი"მოქეიფე წინაპრები, ასევე სულ რამოდენიმე ათეული წლის წინ პეტრეს ნაჯახით გაპარსულ "ნოვი რუსკების" ცივილურობის მხურვალე კომპლექსს კახური ღვინით უამებდნენ.

კონფორმიზმი ჩვენი ეროვნული დიპლომატიის კლასიკაა. და ვინც ამას ვერ მიხვდა ისევე დაისაჯა, როგორც საბრალო გულუბრყვილო სულხან საბა და მოგვიანებით ილია.


საქართველოს ისტორის ყველა ფურცელი სავსეა სამარცხვინო კონფორმიზმით. ისევე, როგორც ყველა სხვა პატარა ერისა.ეს ბუნებრივი და ისტორიულ პოლიტიკური სელექციის ლოგიკაა. კონფორმიზმი ეშმაკობასთან, ეშმაკობა კი ჭკუასთან არის გაიგივებული მცირე ერებში. სისხლიან შუა საუკუნეებს მხოლოდ ის პატარა ერები გადაურჩნენ, ვისაც ესეთი ვირეშმაკული "ჭკუა" აღმოაჩნდა. მათ შორის, მადლობა ღმერთს, ჩვენც აღმოვჩნდით.


მაგრამ შუა საუკუნეები, როდესაც ერის ისტორია მხოლოდ ფეოდალების ისტორია იყო, როდესაც წერა კითხვა სულ რამოდენიმე ასეულმა ადამიანმა იცოდა ქვეყანაში, დიდი ხნის წინ დამთავრდა. კიდევ უფრო სისხლიანმა XX საუკუნემ "სულიერი პრიორიტეტები" თუ გადარჩენის "თამაშის წესები" შეცვალა, ახალი "ვირეშმაკობები" შექმნა ჩვენნაირი პატარა ერებისათვის, რომლებიც თითქოს ბევრად არ განსხვავდება ძველისაგან, მაგრამ მაინც, არსებობის ბევრად უფრო ღირსეული არჩევნის საშუალებას იძლევა, რა თქმა უნდა გარკვეული ცივილური მონაცემებისა და ცოტა ხელის განძრევის პირობობებში.


დღეს 21 საუკუნის პირველი ათწლეულის ბოლო დღეებს ვითვლით, საქართველოში კი ეროვნული ისტორიული პასუხისმგებლობა ისევ რამოდენიმე ასეულ "ნოვი რომანტიკოსს" აქვს აღებული საკუთარ თავზე. ისინი ახლა ამერიკელ და ევროპელ "რევიზორ" ჩინოვნიკებს ეფერებიან და კახური ღვინისაგან "გახსნილ" გულში სიყვარულით იხუტებენ...დანარჩენები კი თითქოს იმითაც კმაყოფილნი არიან, რომ მათი ბრალი არ არის ის უბედურება რაც ქვეყანაში ხდება.


ნაგავში დაბადებულ და გაზრდილ ახალგაზრდა თაობას, ეტყობა დაუძაბავად და სუფთად უნდა თავი დაიძვრინოს იმ იმ კოლექტიური სულიერი ჭუჭყიდან, რომელშიც დღეს საქართველო ცხოვრობს.


2000 – 2010 წლები ერთ ერთი ყველაზე არაშემოქმედებითია საქართველოს ისტორიაში, ყოველ შემთხვევაში გასული საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, 80–იანელებთან და 90–იანელებთან შედარებითაც კი. ციფრების კაბალის არასოდეს მჯეროდა, მაგრამ რაღაც საეჭვოდ დაემთხვა ამ ათწლეულის თაობას სამი ნული, და ლოგიკური სახელწოდება: ნოლიანთა, 00 თაობა. ან ეპოქალურ ტერმინს მოვიშველიებთ "თაობა Ground Zero"


ახალი საუკუნის დასაწყისში საქართველოში ერთადერთი არტისტი , რომელმაც ცუდათ, თუ კარგად მეამბოხის სახე მიიღო, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, დისკო მომღერალი აღმოჩნდა: უცნობი !. დარწმუნებული ვარ ეს ერთადერთი შემთხვევაა მსოფლიო პოპის ისტორიაში როდესაც დისკო მომღერალი მეამბოხე ხდება. უნდა ითქვას , რომ ახალი ეპოქის, ათასწლეულის დასაწყისისათვის არც თუ ისე ღირსშესანიშნავი დასაწყისია.

კონტექსტი რომელშიც საქართველო ცხოვრობს "იდეალური" გარემოა მეამბოხე არტისტული სულისათვის. რომელიც ქართველებმა სადღაც წინა საუკუნის წითელ და შავ ლაბირინთებში ხოხვისას დავკარგეთ.


ჩვენში კი პირიქით– მეამბოხეობა ექსკლიუზიურად პოლიტიკურ ტერმინად იქცა. 2003 წელს ვარდების რევოლიუციის წარმატებამ თავისუფლების იდეის აბსოლიუტური უნიფორმიზაცია მოახდინა. მას შემდეგ ნებისმიერი პროტესტანტული გამოვლინება საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიზირებული და ჩინელი მაოისტებივით უგემოვნებოდ თეატრალიზებულია: ვარდები, თეთრი ყელსახვევები, წითელი, თეთრი, ლურჯი მაისურები, კარვები, საკნები...


2003 ში საქართველოში თავისუფლება დამყარდა!

როდესაც პირველად შევიტყე თავისუფლების ინსტიტუტის შესახებ ყურადღება არ მიმიქცევია. მოგვიანებით, მივხვდი, რომ ეს, რაღაც უფრო სერიოზული იყო– რაიკომის მდივნების სამჭედლო ძველი კომკავშირის ცეკასავით. ასეთმა ინსტიტუტებმა თავის დროზე თავისუფლების დიქტატურა ერთხელ უკვე დაამყარეს.


ღმერთო ჩემო! როგორ შეიძლება თავისუფალი იყოს ის, რაც ინსტიტუტია! როგორ შეიძლება თავისუფლების მონოპოლისტი სპეციალისტები მართლაც არსებობდნენ და თანაც თავს ასე სერიოზულად აღიქვამდნენ,... როგორ შეიძლება ყველა არსებული და დავიწყებული რელიგია თავისუფლების ძებნაში იტანჯებოდეს, ჯვარზე აკრავდეს, წვავდეს, წყევლიდეს, ლოცულობდეს... საქართველოში კი მთელი "სექტა" გვყავდეს, რომელმაც ასე უცებ, პოლიტიკური მეცნიერების მსუბუქი შესწავლით იპოვა თავისუფლების გასაღები, აღმართა თავისუფლების შუქურა...

სულ რამოდენიმე დღის წინ რუსთავი 2 ზე ინტერვიუ შემოგვთავაზეს – " ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის" წარმომადგენელთან!!!!!"


განა გასაოცარი არ არის, ჯერ ღმერთის აკადემია, ან სულიწმინდის განფენის ინტენსიური კურსები რომ არავის შეუქმნია?


პრინციპში, მათი არსებობა სავსებით გასაგები და მისასალმებელი იქნებოდა ჩემთვის, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება განვითარებაზე რომ მუშაობდნენ, და ამ პრეტენზიულ სახელის გასამართლებლად ლიბერალიზმის პარტიულ–იდეოლოგიური ჩვეულებრივი პროპაგანდა რელიგიის რანგში არ ჰყავდეთ აყვანილი. მათგან ვირუსივით გავრცელებული ამ პოლიტიკური იდეოლოგიით რომ არ ცდილობდეს დღეს მთელი საქართველოს ინტელაქტუალთა და ხელოვანთა "ავანგარდის"თითქმის სრული შემადგენლობა –ადამიანის დანიშნულების, ბედნიერების, უბედურების, მოკლეთ ჭეშმარიტების გასაღების პოვნას.

დღეს ლიბერალიზმის ჭრილში შეგვიძლია წააწყდეთ ნებისმიერი პრობლემის ახსნის მცდელობას, რაც საქართველოში ადამიანებს აწუხებთ: საყოფაცხოვრებოდან დაწყებული სექსით დამთავრებული. ერთად ერთი რასაც ქართული ლიბერალიზმი ვერ მიწვდა – იუმორია. იმ უბრალო მიზეზის გამო. რომ ის "სერიოზულ" საქართველოში ან აღარ არსებობს, ან ისეთი უბადრუკი და უკბილო სახე აქვს, რომ სიცილის ნაცვლად დეპრესიას იწვევს... არა და დასავლურ "სამოთხეში" იუმორი სწორედ ლიბერალიზმის ხარისხის ერთ ერთი მაჩვენებელია. მაგალითად საფრანგეთს ტვ "კანალ +"რომ გადაცემა ''თოჯინები'' შეუჩერო და სატირული გაზეთი "მიჯაჭვული იხვი" (le canard enchaine) დახუროთ, შეგიძლიათ ჩათვალოთ რომ ამ ქვეყანამ თავისი დემოკრატიული არსებობა შეწყვიტა და გარდაიცვალა.


ქართველ ლიბერალთა ეგზისტენციალური ამბიციებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა უფლება მაქვს მათგან იმაზე მეტი მოვითხოვო, ვიდრე საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე მოსაწყენი მუშაობაა . თავისუფლების სპეციალისტებისაგან რა თქმა უნდა მეტს ველოდები, ვიდრე ჩვეულებრივ პარტიულ თუ მოდურ იდეოლოგიურ პროპაგანდას. თუმცა არც მინისტრთა კაბინეტის მიერ დანერგილ გამოფენების ტრადიციის მსგავს რაღაც თავისუფლების მასტერკლასს, ან ლიბერტინულ ორგიას არ ვითხოვ პარლამენტის ტანჯული შენობის წინ.



დასაწყისისათვის მხოლოდ პასუხი დამაკმაყოფილებდა ერთ მარტივ კითხვაზე: – როგორ ახსნიან, რომ მათი ლიბერალური იდეოლოგის ოფიციალური და ტრიუმფალური ბატონობის 2000–2010 წლებში, საქართველოში თავისუფლების იდეა უფრო და უფრო დისკრედიტირებული გახდა, მათი წრე კი უფრო და უფრო "მასონური"?


რა თქმა, უნდა არავითარ შემთხვევასი არ მსურს თავისუფლების ინსტიტუტის დიაბოლიზაცია,მით უმეტეს მათი პერსონიფიკაცია. მე მხოლოდ მეჩვენება, რომ თავისუფლების იდეის მონოპოლირება და უნიფორმირება უგნური და დამღუპველი ნაბიჯია.


წესით ჩვენ, ექს საბჭოთებს, ეს კარგად უნდა გვესმოდეს: ისევე, როგორც წითელ წარსულში, დღესაც დასავლურ იდეას რაღაც უტოპიური ლიბერალური , ხოლო მის ალტერნატივას რელიგიური იპოკრიზმი წარმოადგენს.

ხელოვანთათვის დამახასიათებელ აზროვნების ექსტრავაგანტურობა– ანბანური პოლიტიკური ტერმინოლოგიის ცუდი სუნით არის აყროლებული, და რაც ყველაზე საგანგაშოა, ახალ თაობები დღითი დღე, უფრო და უფრო ადრეულ ასაკში ბერდებიან, და თვლიან, რომ ცხოვრება რუსული რულეტკაა, და შეცდომას არ გპატიებს!


ახალგაზრდების უნიფორმიზაციის მცდელობა, პატრიოტული ბანაკები, სკოლებში დროშის აღმართვა, გულზე ხელდადებული ბავშვების გაუთავებელი ჰიმნის სიმღერა, აშკარად ოვერდოზაა არაჯანსაღი პატრიოტიზმის, რომელიც კლემანსოს პერეფრაზირებით, საქართველოში ათასი გარეწრის უკანასკნელი თავშესაფარი გახდა.


ყველაფერი მოჭარბებული, ინფლაციასა და ლპობას იწვევს. საქართველოში ახალგაზრდების დიდ ნაწილს ჯარისკაცებად ზრდიან და არა თავისუფალ ადამიანებად! დარჩენილი ნაწილი კი საკუთარი მამების აღტაცებული სახით შესრულებულ "მიშა მაგარიას" უსმენს და ნელ ნელა თვითონაც "ჯაზავს" ამ ჩვენი დროის ყველაზე "ბლატნოი" ჰიტს.


ახალგაზრდათა ეს კატეგორია ყოველთვის მღეროდა და ყოველთვის უმღერებს პრეზიდენტებს, ხან დაუჩოქებს, ხანაც მათ ჩამოსაგდებად იმ თავს გაწირავს, რომელიც არა აქვს...

ჩემი წითელი ახალგაზრდობიდან მოყოლებული, ყოველთვის მინდოდა ასეთებისათვის მეკითხა:

– მიშა შეიძლება მართლაც ''მაგარია'', მაგრამ თქვენ ? თავენ ვინ ხართ ასეთი მლიქვნელობის ტკბილ ნელთბილ ჭაობში ორცხობილასავით ჩამბალნი, სად და როგორ მოასწარით ასე გარყვნა ასეთ ახალგაზრდა ასაკში?


თუ ყოველივე ამას გაუთავებელი პირჯვარის წერას, ფაქტიურად რელიგიურ ფუნდამეტალიზმს და ეკლესიის მხრიდან საერო თავისუფლების არნახულ დისკრიმინაციას დავუმატებთ, სრული პასუხისმგებლობით შევძლებ განვაცხადო, რომ თანამედროვე ქართულ აღზრდას თავისუფლებასთან არავითარი საერთო არა აქვს, და ამაში ერთნაირად იღებს პასუხისმგებელია ხელისუფლებაც, ოჯახიც, ეკლესიაც და მისი თითქოსდა ალტერნატიული პროდასავლური ლიბერალური მხარეც.

დღეს, 2009 წელს ინტელექტუალები და არტისტები ისევ მოსისხლე პოლიტიკურ მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად არიან დაყოფილნი. ერთიც და მეორეც აბსოლიუტურად არაშემოქმედებითი მეთოდებით გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას რეალობის მიმართ. და ამისათვის ისინი საბრძოლველად ბლაგვ იარაღს იყენებენ , რომლის ხმარება არ იციან.


ხშირად მეჩვენება, რომ საკუთარი იარაღი არ გააჩნიათ, ამიტომ სესხულობენ ამ ბლაგვ იარაღს უნიჭო პოლიტიკოსებისაგან, და კიდევ უფრო უსახონი ხდებიან– ხელოვანისათვის ხომ პოლიტიკა, უკეთეს შემთხვევაში, საკუთარი შემოქმედებითი კრიზისის, უარესში კი უნიჭობის კარგად შეფუთვის ყველაზე კარგი საშუალებაა, ისევე, როგორც უნიჭო, მაგრამ ამბიციური ადამიანებისათვის ძალიან სწრაფად ზედაპირზე ამოტივტივების. ადამიანების უმეტესობა კი, სწორედ უნიჭო და ამბიციურია. მხოლოდ საკუთარ უნიჭობას განსაკუთრებით ახალგაზრდულ წლებში განიცდის და ამის გამო არაადეკვატური, აგრესიული, და თუ ეპოქამ ხელი შეუწყო რევოლიუციონერი ხდება.

პირველთა ნათელი დადასტურებაა პოეტი იოსებ სტალინი, მხატვარი ადოლფ ჰიტლერი და პროზაიკოსი სადამ ჰუსეინი, ხოლო მეორე– უნიჭოთა, დღევანდელი ქართული ხელისუფლება და მისი ოპოზიცია, რომლებმაც სტალინისა და ჰიტლერისაგან განსხვავებით ცუდი ლექსების წერა და აკვარელით თხაპნაც კი არ იციან.


რა განსხვავებაა იმ ადამიანებს, რომლებსაც არაფერი მოსწონთ საქართველოში და იმათ შორის ვისაც ყველაფერი მოსწონს? არავითარი. ისინი , ორივენი ექსტრემისტები არიან: ერთის მხრივ ადამიანები, რომლებიც ყველა დაშვებული და დაუშვებელი გზით ცდილობენ ხელისუფლების დამხობას, მეორეს მხრივ კი ხელისუფლება, რომლისთვისაც ყველა საშუალება ამართლებს მიზანს, კანონიერიც და უკანონიც. მიზანი კი ორივესათვის ერთი, დიადი, ნათელი და ძალიან მარტივია: ხელისუფლების მოპოვება– შენარჩუნება.



ნაციონალთა ახალგაზრდული ''ფრთისა',' თუ ოპოზიციის ახალგაზრდა წარმომადგენლები მხოლოდ იმით განსხვავდებიან ჩემი თაობის კომკავშირლებისაგან, რომ მათ ''კომკავშირში'' შესვლას არავინ აიძულებს, როგორც ამას კომუნისტები აკეთებდნენ, სხვა მხრივ მათი უმრავლესობა დღეს ისეთივე ინციატივიან, უნიფორმიან პატარა უტიფარ კარიერისტად გამოიყურებიან, როგორც ყოფილი ამხანაგები – "ძველი ,კეთილი" კომკავშირის რაიკომის აგიტაცია პროპაგანდის განყოფილებიდან.


შემიძლია უფრო შორსაც წავიდე: საფრანგეთშიც კი, ნებისმიერი პარტიული ახალგაზრდული ფრთა, საოცრად წააგავს ქართველ "ნეო კომკავშირლებს". წააგავს ყველაფრით: გაბრაზებული ქათამისებური გამომეტყველებით, კლონირებული ''მებრძოლი'' აზროვნებით, ფარისევლობით, შუბლზე მუწუკებით, და ინდაურივით მხნე შეძახილებით...

ეს ევროპული ცივილიზაციისათვის დამახასიათებელი სავსებით ჩვეულებრივი მოვლენაა. ისევე, როგორც მათთვის მაგალითის მიმცემი კონიუნქტურული არტისტების არსებობა. ასეთები ყოველთვის იყვნენ: თვით რენსანსის "ღმერთებიც" კი გარკვეულ წილად კონიუნტურულნი იყვნენ, სხვანაირად მარტო ღვთაებრივი ნიჭის წალობით არავინ ააშენებინებდა მიქელანჯელოს სან პიეტროს ვატიკანში.


რა თქმა უნდა ქართველ მონუმენტალური ხელოვნების ღვთაების, ზურაბ წერეთელის შედარება მიქელანჯელოსთან არ არის ადვილი საქმე, მაგრამ სქემა, სისტემა, დაახლოვებით იგივეა. განსხვავება მხოლოდ გემოვნების გარყვნილების ხარისხშია:

90 – იანი წლების დასაწყისში ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ოცი წლის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს ლიბერალი და პროდასავლური ახალგაზრდა ხელისუფლება ზუსტად იგივე საბჭოთა სისტემით იხელმძღვანელებდა. ამ სისტემის მახინჯ პროდუქციას უხვად მიმოფანტავდა საქართველოში: წმინდა გიორგი "ლენინის" მოედანზე, დაუვიწყარი ჰეიდარ ალიევი, ჩვენი საყვარელი პოეტი ტარას შევჩენკო, ბათუმელი უცხოელთა მოსაზიდი მედეა და სხვ... ეს ქართული მლიქვნელური სულის სამარცხვინო მონუმენტები პირველ რიგში ჩვენი ერის დღევანდელ კულტურული დონესა და სწორედ თავისუფლების დაბალ ხარისხზე მიუთითებს. დიახ ერის, და არა ხელისუფლების. რადგან ეს უკანასკნელი მხოლოდ თავისი ხალხის სველ, გულახდილ ანარეკლს წარმოადგენს აბაზანის დაორთქლილ სარკეში– მხოლოდ ოდნავ დაბრეცილს.


მაგალითად : საქართველოს მოსახლეობის ზღვარს გადასული რელიგიური ფარისევლობა, აბსოლიუტურად აირეკლა მის პრეზიდენტ– მიხეილ სააკაშვილში, რომელმაც 2004 წელს, ჯორჯ ბუშის თბილისში ყოფნისას, კაცობრიობას დაუმტკიცა, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს და ის, ხანდახან აბანოთ უბნში კინტაურს ცკვავს ხოლმე . ამას ნავთლუღში იგივე ღმერთის სახელობის ავენიუს გახსნა უძღვოდა წინ.


ეს ალბათ ყველაზე გაბედული და ფარაონული "პერფომანსი" იყო ქართული კონიუნქტურული მდიდარი ხელოვნების ისტორიაში.

ასეთი რამ შევარდნაძესაც კი არ მოსვლია აზრად, როდესაც 1980 წელს ბრეჟნევს ნამდვილი იმპერიული ტრიუმფი მოუწყო . მაშინ ლეგენდები დადიოდა, თითქოს გპი–ს წინ, ლითონის კონსტრუქციის რაღაც საცოდავ ტრიბუნაზე, მოხუც ბრეჟნევს პერსონალური ტუალეტი მოუწყეს, რომ არ ჩაეფსა.


რა სალაპარაკოა პერსონალური ტუალეტი– მთელ ქუჩასთან შედარებით...სალაპარაკო, საოცარი და სატირალი მხოლოდ სტილის და კონცეფციის ასპროცენტიანი იდენტურობაა.


ერის კულტურა მისი სულის მეამბოხეობის ხარისხია. ეს ხარისხი ბრეჟნევის ეპოქაში გაცილებით მაღალი იყო საქართველოში ვიდრე დღეს. მის საცოდავ ნარჩენებს, მართლმადიდებლური "ოპიუმის" ფონზე, 90 წლებში ჯერ ქართველმა ულტრა მემარჯვენეებმა მიაყენეს გამანადგურებელი დარტყმა , შემდეგ კი იოსელიანის განგსტერებმა, ბენ ლადენის მფრინავი ტერორისტებივით მოარყიეს ძლივს შეკოწიწებული ქართული მეამბოხე სული, 2003 წლის შემდეგ მოსულმა თავისუფლების "პროფესიონალმა სპეციალისტებმა'' კი მორყეული სტრუქტურა ნიუ იორკის ტყუპებივით საბოლოოდ ჩამოანგრიეს , და ახალი ადამიანის ძერწვას ბეჯითად შეუდგნენ: საქართველოში გადამწყვეტ ფაზაში შევიდა "დიდი ნულის" ათწლეული, რომელიც სულ რაღაც სამ თვეში დამთავრდება და ტრადიციულად, ცრუპენტელა ისტორიაში, თუ კი მას მომავალში სინდისის ნატამალი მაინც შემორჩება, ქართული დეკადანსის სახელით შევა.


ბრეჟნევის ეპოქის ახალგაზრდა მეამბოხეთა უმეტესობა, მხატვრები, მწერლები, მუსიკოსები, დღეს თავად გახდნენ კონიუნქტურულნი. ეს არ არის დიდი ტრაგედია. როგორც ზევით აღვნიშნე. კონფორმიზმი ძალიან ადამიანური გრძნობაა და ის ყველაფერთან ერთად ასაკსაც მოაქვს.


ღმერთმა ადამი და ევა კონფორმისტებად შექმნა და ედემში ცხოველებთან ერთად გამოკეტა. ისინი ადამიანად ანარქიის ვაშლმა აქცია. ადამიანის ისტორია სწორედ აქედან იწყება და არა იმ ცნობილი შვიდი დღიდან, რომელიც მხოლოდ ღმერთის ყოველდღიურ საქმიანობას აღწერს.


ანარქიის ვაშლი შემოქმედებაა. შემოქმედება არ შეიძლება იყოს ინსტიტუციონალურ, პოზიციურ თუ ოპოზიციურ ჩარჩოში მოქცეული, როგორც დღევანდელ საქართველოში: ჩვენი პრობლემა კონიუნქტურული და პოლიტიკურად ანგაჟირებული არტისტების არსებობა კი არა, "ანარქისტების" არ არსებობაა.

რა თქმა უნდა, თუკი გულუბრყვილონი ვიქნებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საერთო ტენდენციაა მსოფლიოში. მხოლოდ, მე არ მგონია ასე იყოს.


ჩვენ სხვების მიერ ბერლინის კედელზე თავის რტყმა, მისი ფრჩხილებით კაწვრა, ბულდოზერებით,ჩაქუჩებით,წიხლებით, შიშველი მუშტებით ნგრევა საკმარისად ჩავთვალეთ და "დამსახურებული არტისტები" გავხდით.


აქამდე საქართველო ასე თუ ისე, ნამდვილად ცდილობდა კედლის გასწვრივ , გაღმა მოსიარულეთა რითმისათვის ბრმად მაინც აეყოლებინა ფეხი.

კურიოზულია, მაგრამ 80 წლების ბოლოს დასავლეთის ექო საქართველოში თითქოს ბევრად უფრო ბუნებრივად ისმოდა ვიდრე დღეს. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ოცი წლის შემდეგ საქართველოში არტისტები კიდევ უფრო მეტად პოლიტიკურად ანგაჟირებულნი და დაპირისპირებულნი გახდებოდნენ, ქართული ხელოვნების ძირითადი თემა ისევ სამშობლო იქნებოდა, ქართული პოპი ისევ ესტრადად დარჩებოდა, სადაც ელექტრო ჩონგურზე დაჭრილ არწივებზე იღიღინებდნენ, სადც ენას, მამულს და სარწმუნოებას სვინგავენ და რაპავენ...სადაც პოეტებს პოლიტიკოსებისაგან განსხვავებული სათქმელი არაფერი აქვთ და ამიტომ ისინიც პოლიტიკოსებივით ლაპარაკობენ, ისევე როგორც პოლიციელები, როგორც მხატვრები, მსახიობები, ექიმები, სტუდენტები , მეძავები... სადაც ყველა ერთი ენით ლაპარაკობს, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ლაპარაკი.



2.
90 წლების დასაწყისში როდესაც საფრანგეთში გადმოვსახლდი, მალე ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს, თბილისური გასტრონომის მანდარინის წვენის სამლიტრიანი ქილიდან, პირდაპირ ვერჰოლოს კოკა კოლას ქილაში ვისკუპე.
თავიდან მომეჩვენა, რომ არც ისე ცუდია იყო ამ ყბადაღებული მომხმარებელთა საზოგადოების წევრი. გქონდეს "ჯადოსნური" კრედიტ კარტა, ყოველ შუა დღისას კაფეს ტერასაზე მზეს ეფიცხებოდე, სალათს მიირთმვდე, ჭიქა წითელ ღვინოს აყოლებდე, "ლიბერასიონს" კითხულობდე. შაბათ კვირას ფონტენბლუს ტყეში უიკენდზე გადიოდე ვინმე ლამაზ გოგოსთან ერთად, ორშაბათს კი სამსახურში მიდიოდე, შუა დღეს ისევ კაფეს ტერასაზე სადილობდე კოლეგების წრეში და ა.შ...
ერთი წლის შემდეგ არდადეგების პერიოდში სამხრეთ ალპებში დამპატიჟეს. პირველად მომიწია ასე შორს მანქანით მოგზაურობამ , თითქოს გოდარის "უიკენდში'' გამვლელ ფიგურანტად მონაწილეობამ , და მივხვდი, რომ ნამდვილ მომხმარებელთა საზოგადოებაზე აქამდე ბუნდოვანი წარმოდგენა მქონია.

"უიკენდი" – ჟან ლუკ გოდარი 1967

ვერჰოლის კოკა კოლას ქილა სინამდვილეში "ჯადოსნური ლამპარი" აღმოჩნდა, საიდანაც ვიღაც მაგი ალადინი დრო და დრო ჯინზე ბევრად უფრო მეტ ძალაუფლებიან " მომხმარებელს" მოტორის ნახმარი ზეთივით გადმოღვრის ხოლმე საფრანგეთის ავტობანებზე : სადაც ისინი მოედინებიან, დიდი და პატარა მანქანებით, უკან მობმული ქარავნებით, ავტობუსებით,მოტოებით... ოც ტონიანი სატვირთო მანქანები მათთვის საკვებს, ათასნაირ გაჯეტს, ჰიგიენის საგნებს, ტკბილეულს, ტანსაცმელს, ათას სხვა რამეს ეზიდებიან. ჟანდარმები მათ მოძრაობის კიდევ უფრო მოწესრიგებასა და ორგანიზებას ცდილობენ...


რამოდენიმე დღის შემდეგ ალპებში, რომელიღაც ადვილად ასასვლელ მწვერვალზე ასობით კარგად ეკიპირებულ ტურისტთან ერთად "გასეირნებისას", მივხვდი, რომ ჩვენი ეპოქა მომხმარებლის კი არა ტურისტების ეპოქაა: ამას დაშვებისას მივხვდი,როცა ქვემოდან მცოცავი ტურისტთა უზარმაზარი თავაზიანი გველი ვიხილე. თავაზიანი იმიტომ რომ ადამიანები ისე ელეგანტუად უთმობდნენ ერთმანეთს საცალფეხო ბილიკზე გზას,ესალმებოდნენ და კარგ ნაშუადღევს უსურვებდნენ, რომ თავი ზოლას მეცხრამეტე საუკუნის შანსელიზეზე გეგონებოდათ. ვის არ შეხვდებოდით, ახალგაზრდა შეყვარებულებს,რომლებიც ყოველი ახალი პეიზაჟის "აღმოჩენას" ტუჩებში ხანგრძლივი კოცნით აღნიშნავდნენ და რიგს აფერხებდნენ, 80 წლის და უფრო მეტ ასაკამდე წყვილებს, დაკუნთულ გეებს, ხეიბრებს, ახალგაზრდა მამებს ზერგზე მოკიდებული ორ – სამთვიანი ჩვილებით, მათ მზრუნველ დედებს, ხელში რძიანი ბოთლებით, გონებადაქვეითებულთა ჯგუფს კათოლიკე აღმზრდელებით, გრძელი გახვეული მარიხუანას ხრჩოლვით მოლასლასე მუწუკებიან მოზარდებს...

ბოლოს როგორც იქნა ქვევით, ცნობილ "ტურისტულ" ცხვრის ფარამდე ჩავაღწიეთ. ამ ორას ცხვრიან ტურისტულ "პოლკს", "რეიბანის" სათვალიანი გარუჯული ორი მეცხვარე "დარაჯობს". უახლოეს სოფელ ვალუიზის სუვენირების ოთხივე მაღაზია სავსეა ამ ცხვრების "პერსონალური" საფოსტო ბარათებით: ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ცხვრები არიან, რაც ცხოვრებაში შემხვედრია.
იმავე დღეს გავარკვიე, რომ კოცონის დანთება კატეგორიულად აკრძალულია ყველგან. თუ კემპინგ კარით მოგზაურობ, ვალდებული ხარ მანქანა ფასიან კემპინგში გააჩერო, სადაც საერთო სანიტარული სველი წერტილებია. დღემდე ვერ გამიგია რა აზრი აქვს ლოკოკინასავით ზურგზე მოკიდებული სახლით ბოდიალს, თუ იქ ვერ გაჩერდები სადაც გინდა...საერთოდ დღემდე ბევრი რამ ვერ გამირკვევია, ამიტომ ამ ტურისტული საზოგადოების სრულყოფილი ინტეგრირებული წევრი ვერაფრით გავხდი.


მას შემდეგ თითქმის ორი ათეული წელი გავიდა. ტურისტული საზოგადოების შესახებ ჩემი აზრი ყოველ ზაფხულს და ზამთარს კიდევ უფრო მყარდება. უკვე კარგა ხანია საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ საშუალო დასავლელისათვის დედამიწა ერთგვარ მრგვალ სუპერმარკეტს წარმოადგენს, სადაც ისინი ბორბლებიანი ურიკებით დახრიგინებენ ერთი კონტინენტიდან მეორეზე. ამ სუპერმარკეტში რაც უფრო ღარიბ დახლს მიაგნებენ მით უფრო კეთილები და სენტიმეტალურები ხდებიან,
საქართველო სუპერმარკეტის ამ ღარიბ დახლს მაგონებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც "სამში ერთიდან" რომელიღაც ქართულ არხზე, პასტორალურ რეპორტაჟს ვუყურე იმის შესახებ, თუ სვანეთში შორტებიან და გულაჩუყებულ არც ისე მიმზიდველ ტურისტებს, სვანი მამაკაცების შესრულებულ ლილეოს ფონზე სვანი ქალები კუპდარს როგორ უცხობენ.

ტურ სააგენტოს წარმომადგენელი კომერციული ღიმილიანი მკვირცხლი გაიძვერა კი, ეთნიკური ტურიზმის განვითარების უპირატესობაზე ესაუბრებოდა უშბისა და თეთლუნდის მშვენიერებით აღელვებულ ქართველ "ტვ გოგონას", რომელმაც ამერიკელი ტურისტების წყალობით, როგორც ჩანს იმ დღეს მესტია და უშგული აღმოაჩინა.. მესმის რომ "ეთნო მასპინძლობა" სამწუხაროდ ერთადერთი "ბიზნესია", რამაც საბრალო სვანის ოჯახი შიმშილს შეიძლება გადააარჩინოს. მე მხოლოდ ჩემი ეგოისტური სინანულით მენანება სვანეთი, რომლის სახე სულ რამოდენიმე ლუკმად ეყოფათ ურიკებიან თავაზიან ტურისტებს.

ეს ალბათ გარდაუვალია. ისინი ყველგან არიან. თვით დღევანდელ ისლამაბადსა და ბაღდაშიც კი. ნიშანდობლივია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მთავარი ფანტაზმი განმუხური–სარფის სანაპირო ზოლის, და საერთოდ თითქმის მთელი საქართველოს ტურისტული ინდუსტრიალიზაციაა.

დასავლელთა ამ ყველაზე დიდ და მძლავრ სოციალურ კლასს ქართველი თავისუფლების პროფესიონალები ძალიან კარგად იცნობენ. უფრო მეტიც, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თავადაც რაც შეიძლება სწრაფად გადაიქცნენ ჯერ იაფ დახლიდარებად, მერე კი, ბეჯითი შრომის შედეგად, უსახო მარადიულ ტურისტ–მომხმარებლებად , ჩვენი დროის სრულფასოვან საშუალო ტიპის შორტებიან გმირებად .
ასეთები დანტეს თავისი "ჯოჯოხეთის" მესამე თავში ჰყავს აღწერილი.
...ჯოჯოხეთის კარიბჭესთან მისული პოეტი ცოდვილთა პირველ ჯგუფს წააწყდება, და მათი საცოდაობით ატირებული მეგზურს, ვირგილიუსს საბრალოთა ვინაობას ეკითხება. ვირგილიუსი პასუხობს, რომ ეს ადამიანები თავიანთ სიცოცხლეში არც ერთგულნი ყოფილან ღმერთისა და არც მეამბოხენი. რომ ზეცა მათ სდევნის, რათა საკუთარი მშვენება არ წაბილწოს. ჯოჯოხეთს კი ისინი არ სურს, რომ დემონთა ღირსებას დიდება არ მოაკლდეს...


"...მათ არა აქვთ სიკვდილის იმედი. მათი ბრმა სიცოცხლე იმდენად მდაბალია, რომ ნებისმიერი სხვანაირი გამოსავალი მათ სურვილებს აღუძრავს./ განგებამ მათ სახელიც კი არ აღირსა. მოწყალებასა და სამართლიანობას ისინი ეზიზღება/ ნუ ვილაპარაკებთ მათზე. მხოლოდ შეხედე, და გაიარე". (სამწუხაროდ ხელთ არ მაქვს დანტეს ქართული თარგმანი, ამიტომ ბოდიშს ვიხდი ფრანგულიდან ჩემს მიერ "ნათარგმნ" ამ რამოდენიმე სტროფზე)


ზემოთ აღწერილ ტურისტთა საზოგადოებას ძირითადად, სწორედ დანტეს ცასა და ქვესკნელს შორის მივიწყებული უსახო ადამიანები შეადგენენ, რომლებიც არც კარგს აკეთებენ რამეს, და არც ცუდს. ისინი ისე მოდიან ამ ქვეყნად და მიდიან, რომ სხვები კი არა, თავადაც ვერ ამჩნევენ საკუთარ არსებობას.



დანტეს პორტრეტი. დომინიკო დე მიჩელინო XXV ს.



ვირგილიუსის რჩევა, შეხედე და გაიარე (...ma guarda e passa...). , აბსოლიუტურად მისაღებია ჩემთვის : ყოველთვის ვცდილობდი, მათ შესახებ არც ლაპარაკზე დამეხარჯა დრო და არც ფიქრზე. სანამ არ აღმოვაჩინე, რომ საქართველოს "ნოლიანი'' წლების უსახოთა მთელი თაობა შემოესია, რომელიც სულ მალე ზეცისა და ქვესკნელისაგან უარყოფილ ტანჯულ აჩრდილად გადააქცევს მთელ საქართველოს. ეს ფენომენი ახალია, ჯერ კიდევ შესაძლებელია მისგან ნაკლები ზიანით თავის დაძვრენა. ამიტომ ჯერ კიდევ იმსახურებს ცოტა მეტი ხნით შეჩერებას და ყურადღების მიქცევას. თუმცა, თუ "თავისუფლებისტებმა" გაიმარჯვეს, და ალბათ ასეც მოხდება, მერე აუცილებლად გავივლი, და დავივიწყებ: დასამახსოვრებელი ისედაც ბევრი არაფერი იქნება და იმედი მაქვს არ გამიჭირდება.


"ტურისტული საზოგადოების" ჩამოყალიბება თავისუფლების დროშით ჩემთვის უფრო შემაძრწუნებელია, ვიდრე ქართველი ინკვიზიტორებისათვის რიყეზე ბრაიან ჯონსის ნაცვლად, მერლინ მენსონის კონცერტი იქნებოდა. მის ჩამოსაყვანად თბილისის მართლმადიდებელ – ლიბერალ მერს გამბედაობა რომ ყოფნოდა.


მე არ ვამბობ რომ არტისტები და ინტელექტუალები ადამიანის "სულის ინჟინრები" არიან როგორც მათ ერთ დროს სტალინმა უწოდა, არ მინდა ისე გამიგონ, თითქოს პოლიტიკურ ბარტყებს ადამიანის სულში თავიანთი ალესილი პოლიტკორექტული ნისაკარტების ფათურის უფლება არ ვაძლევ... ღმერთო ჩემო! აფათურონ რამდენიც უნდათ. ვინ უშლით...მხოლოდ ნუღარ უკვირთ თუ ქართველი ხელოვანები თავის მხრივ პოლიტიკაში ყოფენ დამშეულ დრუნჩებს. ნუღარ მოითხოვენ, რომ "ყველამ თავის საქმეს მოხედოს".


და კიდევ, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური ტერმინოლოგიის დახმარებით გახვრიტონ ჭეშმარიტების კედელი, რომელსაც საბრალო კაცობრიობა ამდენი საუკუნის მანძილზე უშედეგოდ უბრახუნებს თავს, და ნახონ რა არის იქით. ეჭვი მეპარება, რომ თავიანთი კარგად ნამეცადინები ზომიერი მეთოდებით ნამდვილ თავისუფლებას მიაღწიონ ოდესმე. რადგან ნამდვილი თავისუფლება , ისევე, როგორც ხელოვნებაში რეალობა, ყოველთვის ცოტათი დეგრადირებული, გადაჭარბებული, და მოუწესრიგებელია. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ სამყაროს აღსაქმელად ხუთი გრძნობა და სამი განზომილება სავსებით საკმარისი იქნებოდა. ხელოვნება კი მეოთხე განზომილება, მეექვსე გრძნობაა და ის სულაც არ არის მხოლოდ თვალისა და ყურის საამებლად შექმნილი. ის უცნაური პატარა ბურთივით მრგვალი უჩინარი ორგანოთი აღიქმება, რომელიც აქეთიქით დაგორავს ჩვენს სხეულში და მას უაღრესად პრაქტიკული და პრაგმატული დანიშნულება აქვს, ისევე, როგორც ცხვირს, პანკრიასის ჯირკვალს ან თორმეტგოჯა ნაწლავს.



3. My Way


ფრენკ სინატრას ცნობილი My Way, ბურჟუაზიული გემოვნების ერთგვარი სიმბოლო, წითელი ძაფად, ლეიტმოტივად გასდევს ეპოქას რომელშიც ცხოვრებამ მომიწია. ასეთი გემოვნება რაღაც დოზით ადამიანთა 90 პროცენტში თვლემს მიუხედავათ მათი სოციალური საფეხურისა. ამ სიმღერას ყველა, ყველგან და ყოველთვის, ათასნაირად


My Way-compil
მღეოდა: მისი 2500 განსხვავებული ვერსია არსებობს.(თუ მობილური ტელეფონის ზარებსა და კარაოკეს მოყვარულებს არ ჩავთვლით ): ელვის პრესლი, პოლანკა, სექს პისტოლსი, ნინა ჰაგენი, ლუჩანო პავაროტი, ხულიო ეგლესიასი, რობი უილიამსი, ჯიფსი კინგი...მათი შესრულების მანერის მიხედვით თაობების გემოვნება შეგვიძლია განვსაზღვროთ. ეპოქების
სული შევიგრძნოთ, დროსა და განწყობილებებში ვიმოგზაუროთ. თუ სადმე დროის მანქანა არსებობს, დარწმუნებული ვარ მისი ავტორადიო, 1967 წლიდან მოყოლებული ნებისმიერი მოგზაურობისას გამუდმებით My Way–ს რომელიღაც ვერსიას გადმოსცემს , მომავალში მოხვედრისასაც კი, ალბათ ჯერ კიდევ არ შესრულებულ ვერსიებს.


ამ მანქანით ჩვენს უასფალტო, დანჯღრეულ წარსულში გასეირნებას თუ ვინმე გაბედავს, აღმოაჩენს , რომ საქართველოში სინატრა–პოლანკადან მოყოლებული, კარამელის კაცუნა რობი უილიამსამდე(დედი!ეს შენი შვილი მღერის! მიყვარხარ!...) ბევრი არაფერი შეცვლილა. გარდა იმისა, რომ ბევრად უფრო მეტი ადამიანი ცეკვავს სლოუს ამ სიმღერაზე. პრინციპში ამაში გასაკვირი არაფერია. დიდი მუსიკოსების მიერ შესრულებული ეს მართლაც ლამაზი სიმღერა სავსებით სამართლიანად იმსახურებს ასეთ პოპულიარობას.


90 წლებში აღმოვაჩინე. რომ ამ ვანილის დეოდორანტივით სიმღერის ორიგინალი ფრანგ ესტრადისა და დისკოს მეფე კლოდ ფრანსუას ეკუთვნის და, რომ ფრანგები ამ ამბავს ისეთივე ირონიული სიამაყით უყურებენ , როგორც ნიუ იორკის თავისუფლების ქანდაკებას, რომლის ორიგინალი პარიზში, ეიფელის კოშკთან ახლოს მდინარე სენაში დგას ... My Way–ს ანუ Comme l'habitude (როგორც ყოველთვის) ყველგან მღეროდნენ, იაპონიაშიც, რუსეთშიც, მაროკოშიც, და რა თქმა უნდა საქართველოშიც.
ტელევიზორი რუბინი, ჟენია მაჭავარიანის უზარმაზარი "ინტელიგენტური" სათვალე... ჩემი კლასელი გოგონები, რომლებსაც ერთი სული ქონდათ ვინმესთან სლოუ ეცეკვათ, ჩვენ კი ლედზეპელინების გარდა არაფრის გაგონება არ გვსურდა. მერე, როდესაც მოგვინდა უკვე გვიან იყო, კლასელი გოგოები სადღაც გაქრნენ, ალბათ გათხოვდნენ . . საბრალო ჩემი თაობის გოგოები... მათ უმეტესობას სლოუ მხოლოდ ერთხელ საკუთარ ქორწილში აქვს ნაცეკვი და ისიც My Way ზე.


ყველა, ვისაც ელემენტარული მუსიკალური განათლება გააჩნდა ამ მელოდიას პიანინოზე უკრავდა, "მთვარის სონატას" პირველი აკორდების მსგავსად .

ეს სიმღერა 70 იანი წლების შუა პერიოდისათვის უკვე მიკი მაუსად, ნამდვილ სიმბოლოდ გადაიქცა მთელს მსოფლიოში. და როგორც ყოველთვის დასავლეთში თავისი ალტერნატივა შექმნა: ღმერთებისათვის შუათითის ჩვენების, საუკუნის მეორე ნახევრის ყველაზე არტისტული, პანკების ეპოქა დადგა.
პრინციპში საქართველოს "მაივეიზაცია" 70 წლების პირველ ნახევარში თითქოს დასავლეთის პარალელურად დაიწყო. მხოლოდ იგივე დასავლეთისაგან განსხვავებით ამ საოცრად შემოქმედებითი ათწლეულის მეორე ნახევარში "დემაივეიზაცია" აღარ მომხდარა და ეს სიმბოლო ჩვენი გემოვნების ევროპულობის ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს არგუმენტად დარჩა. ჩემი აზრით საქართველო ევროპის გზას სწორედ 70 იანი წლების მეორე ნახევარში აცდა.


My Way - Sid Vicius (The Sex Pistols)1977

1977 წელს "სექს პისტოლსის" ბასისტმა სიდ ვიშუსმა ამ სიმბოლოსგან აბსოლიუტური არასრულყოფილება, გენიალური ანტი სიმბოლო შექმნა.
ზუსტად ერთ წელიწადში, 1979 ში სიმღერის ავტორს, ფრანგული ბრჭყვიალა დისკოს შიშველ მეფეს, საბრალო კლოდ ფრანსუას აბაზანაში დენმა დაარტყა და მოკვდა.იმავე წელს ნიუ იორკში გარდაიცვალა სიდ ვიშუსი , ჰეროინის ოვერდოზით, რა თქმა უნდა.

60 წლების ბოლოს დაბადებული პოპ კულტურის ოქროს კულულებიანი ღმერთი 70 იანების ბოლოს მოკლეს, და მისგან ბრჭყვიალა ფიტული გააკეთეს.
რამოდენიმე თვით ადრე ნინა ჰაგენმა სექს პისტოლსის ანტი სიმბოლო ალტერნატიული უშნო, ახალი ღვთაების რანგში აიყვანა. პანკების ეპოქა დამთავრდა. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. საქართველომ რეაგირება ვერ მოასწრო.

My Way - Nina Hagen - (Berlin1978)

თბილისში ამ დროს სტივი უონდერი, ჯორჯ ბენსონი, ელ ჯერო, ბარი ვაითი გამოჩნდენ – გოგოებმა აიწყვიტეს.
ჩემი აზრით ამ ოთხმა მუსიკოსმა საბოლოოდ დაამკვიდრა საქართველოში მუსიკალური იპოკრიზმი: სოულის, რითმ ენდ ბლიუზის,
როკის, მსუბუქი ჯაზსა და დისკოს ეს ტკბილი კოკტეილი ფელამუშივით გაითავისა ქართული გემოვნების ლოკომოტივმა– თბილისმა. დიდი ხნით. მგონი დღემდე.პრინციპში, თითქოს აქ გასაკვირი არაფერი უნდა იყოს. ეს კოქტილი სავსებით საკმარისი იყო იმ სასიამოვნო ამბიანსისათვის, რომლის გარეშე ჩვენ ცხოვრება არ შეგვიძლია.

როგორც ისტორია მოგვითხრობს, ქართველები განსაკუთრებული ნონკონფრმისტები არასოდეს ვყოფილვართ. თუ არ ჩავთვლით თითზე ჩამოსათვლელ პიროვნებებს ყველა ეპოქაში, ამასთან, მათი მთავარი წუხილი საგანი სწორედ კონფორმიზმისაკენ ეროვნული მიდრეკილება გახლდათ: ჩვენს "კარგ ქვეყანაში" აწმყო არასოდეს არ გვწყალობს, მაგრამ მას ყოველთვის ადვილად ვეგუებით და ამიტომ მომავალი ყოველთვის ჩვენია, როგორც ზემოთ ერთხელ უკვე აღვნიშნე, მე ღრმად მჯერა, რომ საუკუნეების მანძილზე ქართველების გადარჩენის მთავარი მიზეზი სწორდედ მათი კონფორმისტული , და არა რაღაც მითოლოგიური გმირული სულია, რომელიც უკეთეს სემთხვევაში, მხოლოდ ზომიერად გაგვაჩნია. აბსტრაქტულ მომავალსა და მოწყენილ აწმყოს შორის არანაირი განსხვავება არ არის. ჩვენ შემგუებელი, ერი ვართ. ამას თავისი მიზეზები აქვს, რომელთაგან ყოველი ცალკე აღებული სერიოზულ კვლევას იმსახურებს.
ასეთი ერისათვის მხოლოდ სტატიკური, ინერტული, უსახო, საკუთარი პრობლემატიკით, და ჩვენს შემთხვევაში სამშობლოს მარადიული განთავისუფლების პატრიოტული ობსესიით გამოწვეული პროტესტია დამახასიათებელი და არა ისეთი არტისტული ტალღა, რომელიც დასავლეთს რეგულიარულად ყოველ 10 წელიწადში მეტნაკლები სიძლიერის გრიგალივით გადაუვლის და დაჭაობების პირას მისულ თავისუფლების იდეას, ყოველ ჯერზე ახალი სახით აღადგენს ხოლმე.

დღევანდელი  "ბურჟუაზიული გემოვნების" ერთ ერთმა კლასიკოსმა, პიერ კარდენმა 1999 წელს საუბრისას მითხრა, 70 წლებში ახალგაზრდა რომ ვყოფილიყავი ნამდვილად პანკი გავხდებოდი, ეს ყველაზე არტისტული ეპოქა იყო, რომელსაც ჩემი გრძელი ცხოვრების მანძილზე შევესწარიო.

Les zazous - Brigitte Fontaine et M

ფაქტიურად ზუსტად იგივე გამიმეორა რამოდენიმე თვის შემდეგ პაკო რაბანმაც. თუმცა კარდენმა ხაზი გაუსვა, რომ თვითონ მსოფლიოში ერთ ერთი პირველი პანკი, ანუ პარიზელი ზაზუ იყო, თავის ადრეული ახალგაზრდობის დროინდელ მეგობრებთან ერთად. ზაზუები კი მისი აზრით "პირველყოფილი"პანკები იყვნენ:


ნაცისტური გერმანიის ოკუპაციის დროს პარიზში გაჩნდნენ ეპოქისათვის აბსოლიუტურად სკანდალური გარეგნობის ნონკონფორმისტი ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარ თავს ზაზუს უწოდებდნენ. მათი ჩაცმის სტილს წყობიდან გამოჰყავდა წესრიგის მოყვარული გერმანელი ოკუპანტები. რაც ახალგაზრდებს ძალიან "ართობდათ". ისინი ძალიან გრძელ ტანსაცმელს ატარებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ნაჭერზე რაციონი იყო დაწესებული, ატარებდნენ ძალიან გრძელ თმებს, მიუხედავად იმისა, რომ ვიშის მთავრობა პარიკმახერებს თმას აგროვებინებდა და აბარებინებდა საზოგადოებრივი საჭიროებისათვის: თმისგან სახლის თბლ ფაჩუჩებს ამზადებდნენ.



Diaporama (Music Django Reinhardt & Stéphane Grappelli 1939)
ზაზუები ყოველთვის გრძელი ქოლგით დადიოდნენ, რომელსაც არასოდეს ხსნიდნენ, აწყობდნენ ცეკვის კონკურსებს, რომელიც ხშირად გერმანელ ჯარისკაცებთან ჩხუბით მთავრდებოდა.
როდესაც ებრაელთა დეპორტაცია დაიწყო, ბევრმა მათგანმა, მიუხედავად უდიდესი საფრთხისა ნაცისტები მხრიდან, ყვითელი ვარსკვლავი დაიკრა მკერდზე წარწერებით: ზაზუ, სვინგი, გოი ... ეს ყველაზე არტისტული პროტესტი იყო, რაც კი შესაძლებელია ადამიანმა წარმოიდგინოს ნაცისტების ოკუპაციისას.

პიერ კარდენი, როგორც თვითონ მითხრა, სწორედ ერთერთი ასეთი ზაზუ იყო, ის თვლის რომ პანკების წინაპრები სწორედ ზაზუ–ები იყვნენ.
ცნობილი მოდელიერის ბიოგრაფიის ამ მისთვის საამაყო ნაწილიდან, ერთი საინტერესო დასკვნის გამოტანა შეიძლება: სტილი გაცილებით სერიოზული რამ არის, ვიდრე მხოლოდ 90 ან წლებში გავრცელებული მოდის ბიზნესის ვირუსი, რომელიც ერთხანს ფეხბურთივით მსოფლიო პანდემიაში გადაზარდა.
როდესაც ამ ბიზნესის ორი მთავარი ფონდატორი გეუბნება, რომ ყველაზე მაღალი სტილი ( და არა მოდა) სწორედ პანკებისა და ზაზუების ანარქია,ნონკონფორმიზმი, პროვოკაციაა და არა შემოდგომისა და ზამთრის კოლექციების მარაზმი, იძულებული ხარ დაუჯერო: კარდენი წლების განმავლობაში აცმევდა ყველას, ბითლზებიდან დაწყებული მაოს ჩინეთით დამთავრებული(ის პირველი დასავლელი იყო ვინც ჩინელებს ევროპულად ჩააცვა) მან ამ ბიზნესით მოიპოვა შესაძლოა უფრო მეტი ვიდრე სხვა ყველა კუტურიემ ერთად აღებულმა.


პაკო რაბანმა კი 60 წლებში პირველმა გადააქცია დანომრილი გოგოების მონაწილეობით მოდების ჩვენება სპექტაკლად, შოუდ. პირველმა მისცა მოდელებს სახე, სახელი და გვარი, პირველმა გამოიყენა შავკანიანი მანეკენი ქალი, "შეკერა" ლითონის კაბა და ა.შ.... მოგვიანებით , ჟან პოლ გოტიემ პარიზის როკეტის ქუჩის პანკების სტილი მაღალ მოდაში მოიტანა...პარიზის უნიკალურობა პარიზელთა კრეატიულობამ განსაზღვრა და არა მაინცა და მაინც კოკო შანელმა ან იგივე ჟან პოლ გოტიემ. ისინი თავად შექმნა პარიზმა.

ყოველ დიდ აფეთქებას მოსაწყენი ნახევრად სიჩუმე ცვლის. ამის შესანიშნავი მაგალითი 80 წლების ერთ დიდ ვიდეოკლიპად გადაქცეული დასავლეთია. მაგრამ წერტილი არასოდეს არ ისმება, რადგან დასავლეთში მეტნაკლები სიძაფრის სულიერი ამბოხი, რომელის პირდპირი ანარეკლი როგორც წესი არტისტული გარემოა, გამუდმებით ხდება, ისევე, როგორც აფეთქებები მზეზე.
ბერლნის კედლის დანგრევის შემდეგ, მსოფლიო დიდი პოლიტიკის სცენაზე პოპ კულტურის ფასის მცოდნე სრულიად ახალი ტიპის ლიდერები გამოჩნდნენ.


მათ თავიანთი ფსიქოდელიურ 60–70 იანი წლების წარსულს კოსტიუმი და ჰალსტუკი მოარგეს, პატარა, კომკავშირლების მსგავსი ბარტყებიც დაყარეს და სულ რამოდენიმე წელიწადში პოლიტიკა "ვუდსტოკის ფესტივალად", დიდ ლამაზ უტოპიად გადააქციეს: პოლიტკოსები დღეს ბევრად უფრო ცნობილი პოპ ვარსკვლავები არიან ვიდრე თავის დროზე ჯიმი ჰენდრიქსი იყო. (ჩემთვის ეს დასტურია იმისა, რომ პოლიტიკოსები მხოლოდ არტისტების ცუდ და ბოროტ პლაგიატს წარმოადგენენ). თუმცა 90 წლების დასაწყისში ეს ტენდენცია მხოლოდ იღვიძებდა, და მას საკმაოდ გროტესკული სახე ჰქონდა.


1992 წელს პარიზის დიდ საკონცერტო დარბაზ ''ბერსიში'' ლენი კრავიცის კონცერტზე პირველად აღმოვაჩინე სწორედ ამ ტიპის პოლიტიკურად ჯერ კიდევ უსახო "ბარტყები", და ამან ჩემში რაღაც უსიამოვნო წინათგრძნობა გააღვიძა.
საფრანგეთში მხოლოდ ერთი წლის ჩამოსული ვიყავი და ეს ჩემთვის პირველი მეგა კონცერტი იყო, რომელზე წასვლაც შევძელი. ისიც იმიტომ რომ პირველ განყოფილებაში, იმ დროისათვის პარიზში საფუძვლიანად დავიწყებულ ჩემი საბჭოთა ბავშვობის იდოლს, რობერტ პლანტს(ექს ლედ ზეპელინი) ნახევარ საათი უნდა ემღერა. პუბლიკა რა თქმა უნდა ძირითადად ლენი კრავიცისა იყო: ჩემსავით მძიმე მუსიკალური ბავშვობა უნდა გქონდეს გამოვლლი. რომ გამახურებელი ჯგუფის მოსასმენად მთელი კონცერტის ფული გადაიხადო, განსაკუთრებით როცა ის არა გაქვს.


დარბაზი 16 ათასი, ძირითადად თეთრ მაისურსა და ცისფერ ლევის501 ში ჩაცმული უსახო ახალგაზრდით იყო სავსე. ეს არაფრით არ გავდა იმ პუბლიკას, რომელიც ჩემს სკოლის წინ ცალხელა ფოტოგრაფისგან ათ კაპიკად ნაყიდ როლინგების შავთეთრ ფოტოებში ჩანდა. ისინი ჩემი თაობის კომკავშირული ღონისძიებისა და სააკაშვილის სადიდებლად შეკრებილ დღევანდელ ნაციონალური მოძრაობის "ახალგაზრდულ ფრთის" წევრებს უფრო წაავდნენ.
იმ საღამოს მათთვის რობერტ პლანტი ნამდვილი აღმოჩენა გახდა. გამოსვლის ბოლოს სანთებლების ტალღის რიტუალიც კი ჩაატარეს სიმღერა
thank you ზე. ხოლო Whole Lotta Love ბისზე ამღერეს.

ახალგაზრდების ეს ტიპი შედეგი იყო მიტერანის სოციალისტური მმართველობისა საფრანგეთში. 80– იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, სოციალისტებმა ნამდვილი ფუნქციონერების დიქტატურა დაამყარეს ქვეყანაში. ახალგაზრდების ძირითადი მიზანი სახელმწიფო სამსახურში მოხვედრა გახდა, რაც პრაქტიკულად მთელი ცხოვრების განმავლობაში პატარა ბურჟუაზიული ბედნიერების გარანტიას იძლეოდა: სახელმწიფო ფუნქციონერის სამსახურიდან დათხოვნა დღესაც თითქმის შეუძლებელია, თუ რაიმე დიდი დანაშაული არ ჩაიდინა. შრომის კანონი მათ განსაკუთრებით იცავს და სოციალურ არც თუ ისე მცირე უპირატესობებს ანიჭებს. ახალგაზრდების მთავარი ოცნება სახელმწიფო სამსახურში მოხვედრა იყო და ეს მათ ფიზიონომიაზე, მათ სტილზე, აზროვნებისა და ქცევის მანერაზეც აისახა, ისინი მასიურად პრეფექტურისა და მერიის თანამშრომლებს დაემსგავსნენ. სწორედ ეს თაობა იყო მაშინ თავად ახალგამოჩეკილი როკ ვარსკვლავის ახალგაზრდა ლენი კრავიცის პუბლიკა, მაშინ პირველად გადავიკვეთე ერთად შეგროვილ ამ უსახო და კორექტულ თაობასთან, რომელიც საფრანგეთში დამხვდა. რომ არა რევოლიუციურად შემართული ქართულად შეშლილი სახეები, რომლებიც შეშინებულმა თბილისში დავტოვე , იქნებ იმედგაცრუებულს უკანაც მომეკურცხლა.

ამ ახალგაზრდებს აშკარად რაღაც ახალი სჭირდებოდათ, უფრო მეტი ვიდრე 80 წლების ვიდეო ლირიკა. ლენი კრავიცი მათთვის სწორედ რემასტერიზებული 70 იანი წლების მუხტი, ერთგვარი ილუზია იყო. მე თავად გავხდი მოწმე როგორ დაიქოქა ყველაფერი თავიდან,როგორ ამოძრავდა, გამოცოცხლდა ემოცია, როგორც ფელინის "ორკესტრის რეპეტიციაში".


სხვანაირად არც შეიძლება მომხდარიყო, დასავლეთი დიდხანს ვერ ძლებს უსახოდ, ასე თუ ისე დასავლური კულტურა ერთადერთია, რომელმაც პროტესტანტიზმისაგან კულტურა შექმნა.
რაც შეეხება ჩემი ბავშვობის იდოლს: სამი თვის შემდეგ პლანტს უკვე სოლო კონცერტი ჰქონდა ხალხით გაჭედილ დარბაზ "ზენიტში", ორი წლის შემდეგ კი , ჩემი მაშინდელი სახლის წინ, ზამთრის ცირკის შენობაში ჯიმი პეიჯთან მსოფლიო ტურზე
"No Quarter" კონტრაქტს მოაწერა ხელი და ჩემი აზრით 90 –იანი წლების ერთ ერთი ყველაზე კარგი ალბომი ჩაწერა. ამ ტურის პარიზულ კონცერტს 1995 ში იგივე დარბაზში დავესწარი, რომელშიც 92 ში ლენი კრავიცს მორცხვად მადლობას უხდიდა იმ შესაძლებლობისათვის, რომ პარიზელ პუბლიკისათვის თავის შეხსენების საშეალება მიეცა. მხოლოდ პუბლიკის ხარისხი აბსოლიუტურად სხვა იყო.თეთრ მაისურიანი "მაოისტებიც" კი გაცილებით საინტერესოდ გამოიყრებოდნენ. გასულ 2007 წელს პლანტმა ამერიკული გრემი მოიგო ვიოლინისტ ალისონ კრაუზთან ერთად მსოფლიოში საუკეთესო ალბომისათვის...
საქართველოში ალტერნატიული ესთეტიკა არ ჩამოყალიბდა, რადგან არ ჩამოყალიბდა ალტერნატიული დამოუკიდებელი აზროვნება. ჩვენ ყოველთვის გამზადებულ მოდელებს ვიყენებდით ასევე სხვის მიერ გამზადებულ კლასიკად ქცეულ მოდელებთან დასაპირისპირებლად, ჩვენი საკუთარი ალტერნატიული ზოგადი იდეა იშვიათად შეგვიქმნია.
მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელმაც დასავლური თანამედროვე კულტურის ყველაზე საინტერესო ეტაპები დაუსწრებლად გაიარა: განსაკუთრებით 70 წლების ორივე დიამეტრალურად განსხვავებული ნახევარი. მხედველობაში მაქვს ჰიპების ეპოქა, როკის ღმერთის შექმნა, და შემდეგ, ათ წელიწადში პანკების მიერ ამავე ღმერთის განადგურება. რასაც 80 წლების ვიდეო კლიპებიანი ათწლეული მოჰყვა. ქართველები, ჩვენგან დამოუკიდებელი ცნობილი მიზეზის გამო, ყოველი ამ ეპოქის მხოლოდ პასიური მომხმარებლები ვიყავით და არა კონტრიბიუტორები. თუმცა ცუდი არც ეს იყო, რადგან პოპ კულტურის მოხმარებით საკუთარ კულტურაში ვაკეთებდით კონტრიბუციას და ეს დღესაც კი, იმის საშუალებას გვაძლევს, რომ დასავლური კულტურის მცირე ნაწილად ვირძნოთ თავი. ამაში 70 ელთა თაობას დიდი და პოზიტიური დამსახურება აქვს. თუმცა ასევე ნეგატიურიც.


სწორედ ამ წლებში მიაღწია პიკს ქურდული გაგების მარაზმატიკულმა აღორძინებამ, ნარკომანიის დემოკრატიზაცამ, ძველი ბიჭების სიდებილემ, ყველაფერი ეს ერთად რაღაც ბნელ იდეოლოგიად ჩამოყალიბდა, და საცოდავ ქართველ პროგრესისტების ტერორიზირების საშუალებათ, რაღაც პარალელურ შავ იარაღად იქცა წითელ იდეოლოგიასთან ერთად.

ამავე წლებს დაემთხვა კოპოლას "ნათლიმამების" ვიდეო შემოსევა. მოგვიანებით კი სერჯიო ლეონეს მოსაწყენი მონუმენტალური სისულელე "ერთხელ ამერიკაში", რომელმაც უმნიშველოვანესი მკვეთრი შტრიხი გაუსვა ქართულ მასობრივ გემოვნებას. ის რაღაც უცნაურ სკივრს დაემსგავსა, სადაც რასაც გნებავთ იმას იპოვიდით: მაფიოზურ მითოლოგიას, ჯაზს, ფელინის, იაპონურ პროზას, დისკოს, ბერგმანს, რობერტ სტურუას თეატრს, ჰერმან ჰესეს, კეიტ ჯარეტს... ამ ეპოქაში თვით გულისრევამდე ტკბილი იტალიური ესტრადაც კი რაღაც პროტესტის მუხტს თუ არა მის ილუზიას მაინც ატარებდა. საქართველო რაღაც პარალელურ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა ორი, წითელი და შავი იდეოლოგიით. რომელთაგან ძნელი სათქმელია, რომელი უფრო აგრესიული იყო.

ცნობამ მარიო პიუზოს მიერ აღწერილ კორლეონეების კლანთან ფრენკ სინატრას ჰიპტეტური მეგობრობის შესახებ, ამ იდეოლოგიას მუსიკალური აკომპანიმენტიც შესძინა. ეს პირველ რიგში სწორედ My Way იყო. ცოტა მოგვიანებით კი კლასიკური ჯაზი, რომლის მოსმენა თბილისში მასიურად სწორედ მაშინ დაიწყეს როდესაც ნინა ჰაგენი ბერლინში my fucking way გაჰკიოდა. ანუ 70 იანი წლების ბოლოს. დღეს უკვე, ხანდახან თბილისელები ნიუ ორლეანის ეჯიბრებიან ჯაზის სიყვარულსა და ცოდნაში. ამაში კი, უნდა გითხრათ, რომ არც ისე ცოტა დამსახურება აქვთ კორლეონეების ოჯახის თბილისელ ფანებს.

ჯაზმა სწორედ ის ნიშა დაიჭირა ახალგაზრდებში, რაც უფრო ლოგიკური იქნებოდა, რატომღაც ისტორიას ჩაბარებულ, ქართველებისათვის უდროოდ გარდაცვლილ როკს რომ დაეჭირა. მაგრამ სავსებით ლოგიკურია, რომ ეს არ მოხდა: პანკ კულტურა 60–70 იანი წლების გულუბრყვილო " სექსუალური სიკეთისა" და ათასი სხვა გულუბრყვილო რევოლიუციების მამხილებელი მათრახი, ალტერნეტიული კულტურა იყო. ჩვენთან კი რისი ალტერნატვა უნდა გამხდარიყო, რაც არც კი დაბადებულა... თბილისელი რამოდენიმე საყურიანი და სიმწრით ნაშოვნი ტყავის "პერფექტო" ქურთუკიანი ბიჭი ისეთივე "პანკი" იყო, როგორიც მე ჰიპი, რამოდენიმე წლით ადრე: ცოტა გრძელი თმებით, ოდესის "ტალკუჩკაზე" ნაყიდი "ზმეიკებიანი სუპერებით" , "პლატფორმებით" და გაზეთ "კომუნისტში" გახვეული Grand Funk  Railroad -ის  დისკით იღლიაში. მხოლოდ ამ საცოდავ პანკებს მთელი თბილისი პედერასტებს ეძახდა და აგინებდა საყურის გამო.

მერე პროტესტი დასაშვები გახდა: გარბაჩოვი საკუთარ გლასტნოსტის ხაფანგში გაება.
ის რასაც ისტორიკოსები პერესტროიკას უწოდებენ, ჩემი აზრით საბჭოთა კავშირის არტისტული აგონია უფრო იყო. ტირანიას ისე ვემშვიდობებოდით, როგორც თეთრ ლამაზ გემს ტროპიკულ ნავსადგურში...ლამაზი მუსიკით, სევდიანი ღიმილით და ცვირსახოცებით ხელში...ეს ისეთივე ძლიერი გრძნობა იყო, როგორც ბერლინის კედლის დაცემა. რომელიც ბევრმა ჩვენთაგანმა რაღაც პერფომანსად უფრო აღიქვა ვიდრე გეოპოლიტიკურ რყევების დასაწყისად თუ ''კატასტროფად" – როგორც ეს ცნობილმა "იუმორისტმა" ვლადიმერ პუტინმა საკმაოდ მახვილგონივრულად შენიშნა რამოდენიმე წლის წინ...


პოლიტიკოსები ჩვენთვის მხოლოდ პოლიტიკოსები იყვნენ, და სხვა არავინ.ჩვენ ვერ წარმოგვედგინა ბოროტების ის ხარისხი რასაც ამ პროფესიის ადამიანებს შეუძლიათ ატარონ.

სინამდვილეში გულის სიღრმეში არავის ჯეროდა რომ წითელი დასასრული ასე ახლოს იყო... ყველა ცდილობდა, რაც შეიძლება მეტად მოესწრო, ესარგებლა ამ მოულოდნელი თავისუფლებით– პარანოიკული რჟიმის ძალიანაც შესაძლებელ რესტავრაციამდე. ჩვენ ვთვლიდით რომ პოლიტიკოსები მოლოდ პოლიტიკოსები არიან და მეტი არავინ.. ჩვენ სნობები ვიყავით მათთან დამოკიდებულებაში და ამიტომ მას შემდეგ ისინი გამუდმებით რევანშს იღებენ...

მშვენიერებამ, როგორც ეს აღთქმული იყო, ვერაფერიც ვერ გადაარჩინა...

ხანდახან ასე მგონია, იქნებ ჩვენი ბრალიც იყო , '' მშვენიერების შემოქმედებმა" საკუთარი სურვილით რომ მივატოვეთ საქართველო და ხელში ჩავუგდეთ ათასგვარ შეშლილს, პატარა და დიდ გაიძვერას... როგორც კი საბჭოთა ჯოჯოხეთის კარები გამოიღო, მაშინვე დასავლურ სამოთხეში გავფრინდით ეშმაკის ფრთებ გამობმული ანგელოზებივით... ისე რომ კარებიც კი არ მოვიხურეთ უკან... მაგრამ ჩვენ მხოლოდ ცნობისმოყვარე მწერლები და არტისტები ვიყავით... მეტი არავინ.


ეს ჩუმი, საცოდავი,მორცხვი, ორმაგი სახის, მაგრამ მაინც ამბოხის ეპოქა იყო. ჩემი თაობა კონფორმისტი მეამბოხეების თაობაა. სწორედ ეს ვერ აიტანეს მოგვიანებით, ეროვნული განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა, განსაკუთრებით ზვიად გამსახურდიამ. რომელმაც საკუთარი ინციატივით მონოპოლია აიღო ამ წლების კომპრომისულ– პროტესტანტულ სულზე. მიუხედავად იმისა, რომ, თუ ცენტრალური ტელევიზისათვისაც კი მის უნიკალურ ტვ მონანიებას გავიხსენებთ, კომპრომისი არც თავად ამ გამოჩენილი ექს დისიდენტისათვის იყო უცხო ხილი.

ჩემი აზრით, ბოლო ამბოხი საქართველოში იდეის და არა სამშობლოს, ან სოციალური უფლებების დასაცავად სწორედ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელსაც თვითონაც შეეწირა და როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, საქართველოც.

მიუხედავად დღეს გავრცელებული ვერსიისა, თითქოს ულტრა მემარჯვენე ნაციონალისტ პირველ პრეზიდენტს მხოლოდ რუსოფილი ინტელიგენცია ებრძოდა., დარწმუნებული ვარ მოწინააღმდეგეთა დიდი ნაწილი მას სწორედ გაუცნობიერებელი იდეოლოგიური პროტესტის გამო დაუპირისპირდა. ეს არც სოციალური და საყოფაცხოვრებო ვარდების რევოლიუცია იყო, არც რაღაც მითიური ვერა–ვაკელების შემოსევა, არც კრიმინალურ რეჟიმთან ბრძოლა, თუმცა ამ ბრძოლამ თავად მიიღო კრიმინალური სახე ძალიან მალე და საქართველოში დიდი ხნით ჩაკლა ნებისმიერი საზოგადოების პროგრესისათვის აუცილებელი ადამიანის სულის თვისება, რომელსაც ამბოხი ჰქვია.

საქართველოში არასოდეს ყოფილან ადამიანები სულიერად ისეთი კორუმპირებულნი და გარყვნილნი, როგორც ბნელ, თითქოს შუა საუკუნეების დროინდელი შავი ჭირის ეპიდემიან ქალაქივით გარიყულ 90 წლების თბილისში. განსაკუთრებით მის დასაწყისში. პირველ რიგში სამარცხვინო ბანდტური მმართველობის გამო, რომლის შესახებ დღემდე ჩურჩულით ყვებიან რაღაც საშინელ ჯოჯოხეთურ ისტორიებს. ეს ბნელი და გახრწნილი ეპოქა ისევ წყვდიადით არის მოცული, სწორედ ქართული კონფორმისტული სულის წყალობით: საქართველოში არ უყვართ ძველი ცოდვების გახსენება: – ეს "ბიზნეს" ხელს უშლის.

აი, ნაწყვეტი კოტე ყუბანეიშვილის მიერ ჩემთვის პარიზში გაგზავნილი წერილიდან:
1992 წლის მაისი.
"... წიგნი სტამბაშია, ძლივს მივაღწიე და დამპირდნენ დაბეჭდვას. კომპიუტერზე ამწყობები არიან, ორი ბიჭი. ძალიან რელიგიური ყმაწვილები აღმოჩნდნენ და უარი განაცხადეს ამისთანა წიგნის აწყობაზე. ორი ლექსი, შენი და ირაკლის ( "...Who Art..." და "ჩემო ცოლებო, პოეტებო აქურობის") ამოიღეს. ამას ჩვენ არ დავბეჭდავთ, აქ ღმერთი უპატივცემულოდ არის მოხსენიებულიო... უფროსმაც თხოვა, გურამამაც, მეც. რას არ დავპირდი, როგორ არ მოვეფერე. არაფრით არ გააკეთეს. ბოლოს სხვა ამწყობის მოყვანა მომიხდა და ეს ორი ლექსი იმან ამოიყვანა კომპიუტერზე. როგორც იქნა, ახლა უკვე სტამბაშია და მე მგონი, თუ კიდევ მალე ომი არ დაიწყო, როგორც იქნება დაიბეჭდება. ვნახოთ, ნუ ვიჩქარებთ, არ დაითარსოს..."


წიგნი, "რეაქტიული კლუბის" პირველი გამოცემა, "როგორც იქნა" გამოვიდა, მხოლოდ ომი მაინც დაიწყო, და ბევრად უფრო საშინელი, ვიდრე რუსთაველის პროსპექტის სამოქალაქო ომად წოდებული სისაძაგლე . ამ ომთან ერთად ქართული კრიმინალურმა რენსანსმა თავის პიკს მიაღწია.

"რელიგიური ყმაწვილები" სტამბიდან ყოველდღე მრავლდებოდნენ და ძალღონეს იკრეფდნენ. თითქოს ვამპირებივით ისრუტავდნენ მხედრიონელებისაგან გადარჩენილ აქა იქ ნაპოვნ თავისუფალ სულის ნარჩენებს. საქართველო წყვდადში ჩაიძირა.

მიუხედავად ამისა, სწორედ 90 წლები აღმოჩნდა ყველაზე კრეატიული საქართველოში. ახალი ხელოვნების ჩანასახები გაჩნდა. ალტერნატივას ლოგიკა მიეცა და ის დაიბადა: ყველაზე უგემოვნებო, საშიშ და კრიმინალურ ეპოქაში. იგივე ჩემი "თანაკლუბელები" კოტე ყუბანეიშვილი და ირაკლი ჩარკვიანი არასოდეს ყოფილან უფრო შემოქმედებითნი ვიდრე მაშინ. ისინი სწორედ შემოქმედებამ გადაარჩინა...საგულისხმოა, რომ ირაკლიმ სწორედ ვარდისფერ დეკადანსს ვეღარ გაუძლო. და მოკვდა.

საქართველოში პირველად უკრავდნენ ნამდვილ როკს. სიცივისაგან მობუზული პუბლიკა ლადო ბურდულის ერთად ერთად ერთ ნამდვილ ქართულ როკსაც კი უსმენდა ... ხელოვანები ძალადობას ხელოვნებით უპირსპირდებოდნენ და არა რაღაც ბრიყვული ტრანსპარანტებით, თავზე კამიკაძეებივით წაკრული ბენდანებით და ფერადი მაისურებით, როგორც დღეს.

იმ წლებმა და იმ არტისტების წამებამ ბევრი რამ განსაზღვრა დღევანდელი ვარდისფერი ხელისუფლების ეგრეთ წოდებულ წარმატებებში. თუ ვარდების რევოლიუციას საერთოდ რიმე სახე გააჩნდა ეს 90 იანი წლების ქართულ ჯოჯოხეთში მოღვაწე ხელოვანების შექმნილია და არა რამოდენიმე "დასავლურად მოაზროვნე" პარტიული კანცელარიის თაგვის. მხოლოდ ეს არტისტები, ისევ ჯოჯოხეთში ჩატოვა უმადურმა ვარდების ღვთაებამ. სულ რამოდენიმე მათგანი ჩაისვა თავის'' კარამელისა და შოკოლადის მხიარულ მატარებელში და ნარჩენების არსებობა სამუდამოდ დაივიწყა.

აქ არ შემიძლია ისევ დანტე არ გავიხსენო: ჯოჯოხეთის პირველი გარსი . სადაც მოხვედრილი სულები მხოლოდ იმის გამო იტანჯებიან, რომ ქრისტეზე ადრე დაიბადნენ. ისინი ყოველთვის აქ იყვნენ, ისინი ჯვარცმაზე, თავად იესოზე ადრე ადრე დაისაჯნენ ... მხოლოდ ერთადერთხელ გაიხსნა ზეცა და რამოდენიმე რჩეული უფალმა თან წაიყვანა, მათ შორის ვირგილიუსიც.

ქართული კულტურა დღეს მხოლოდ ჯოჯოხეთის პირველ გარსშია, რამოდენიმე ვირგილიუსივით იღბლიანი ხელოვანის გარდა, რომელსაც ვარდისფერმა უფალმა საკუთარ სასუფეველში ადგილი უბოძა.

იმედი მაქვს მომავალში პარალელების გავლება დანტეს ქვესკნელის უფრო ქვედა სართულებთან არ მომიწევს...თუმცა ვინ იცის. თუ გადარჩენილების ხარისხით ვიმსჯელებთ დანტეზე ლაპარაკი კიდევ კარგა ხანს მოგვიწევს. თუ კი რა თქმა უნდა, საერთოდ კიდევ დააინტერესებს ვინმეს ასეთი საუბარი.

ახალ საუკუნეს საქართველო კონფორმიზმის გაათკეცებული ენერგიით შეხვდა. შევარდნაზემ იოსელიანი თავისი ბანდიტებიანად თავიდან მოიშორა, ანუ იმ ეპოქის ტერმინოლოგიით "გადააგდო". თუმცა ამავე ბანდიტებისაგან თავში წამორტყმულ, დამცირებულ და დაკომპლექსებულ კორუმპირებულ გარეწრებს ვეღარაფერი მოუხერხა. ისინი ზოგი პოზიციად ჩამოყალიბდა, ზოგიც ოპოზიციათ. და ახალი საუკუნე საქართველოში პოლიტიკურ–რელიგიური არნახული მასშტაბის მარაზმით დაწყო, და კიდევ უფრო მეტით, ლიბერალურ –რელიგიურით მთავრდება.

ქართველმა ხელოვანებმა დიდი შეცდომა დაუშვეს: მათ პოლიტიკოსებივით აზროვნება და ლაპარაკი დაიწყეს. ცხოვრება პოლიტიკურ ლოტოდ იქცა, სადაც გამარჯვებული სწორი ბანაკის დროულად არჩევანის შემთხვევაში პირდაპირ ვარდისფერ სასუფეველში , თუ არა და ბნელ ჯოჯოხეთში ხვდებოდა. ლოტოს ეს ტირაჟი დღემდე წელიწადში რამოდენიმეჯერ თამაშდება და მასში მთელი მოსახლეობაა ჩართული.

ამ ლოტოს გათამაშებების გარიჟრაჟზე , ვარდებით შეიარაღებულმა თბილისელმა ახალგაზრდებმა სწორედ ის უსახო ახალგაზრდები მომაგონეს, რომელიც ოდესღაც პარიზის ბერსის საკონცერტო დარბაზში ლენი კრავიცისა და რობერტ პლანტის კონცერტზე ვნახე.

90 იან წლებში პარზშიც უცნაური პატარ პატარა ამბოხებების მოწმე გავხდი. პირველ რიგში ეს გარეუბნების კულტურის აფეთქება გახლდათ რაპის აკომპანიმენტით, რომელმაც საბოლოოდ სამწუხაროდ საკმაოდ მახინჯი და აგრესიული სახე მიიღო, რაც რაპერების კონცეფციის სასაცილოდ დაბალი ინტელექტუალური ბაზის გათვალისწინებით სულაც არ არის გასაკვირი. რაპმა რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს სოციალური უფსკრულის გაღრმავებას თითქოს ხელი შეუწყო საფრანგეთში.

პირველად ფერად საფრანგეთს ხმამაღალი პროტესტი საშუალება მიეცა და მან ეს საშუალება ხელიდან არ გაუშვა. მხოლოდ, თუ რამოდენიმე მართლაც ძალიან ნიჭიერ რაპერს არ ჩავთვლით, ეს ყველაფერი ძალიან მალე მოსაბეზრებელი გახდა, პირველ რიგში , როგორც აღვნიშნე რაპერთა უმრავლესობის ლიმიტირებული გონებრივი მონაცემების გამო. ტექსტები სულ უფრო და უფრო პრიმიტიული, კომუნოტარული ხდებოდა, ამან საბოლოოდ დეფავორიზებულთა სუბკულტურა შექმნა, რომელიც დღე დაღამე დისკრიმინაციაზე და რასიმზე ქადაგებდა უშნო უხეში და მოსაბეზრებლად უგემოვნებო ენით.


რაპი ნელნელა პარიზში შემოპარული აგრესიის ვირუსის აკომპანიმენტად იქცა. ლენი კრავიცის თეთრ მაისურებიანი 501 ლევის– პუბლიკა ათი წლის განმავლობაში თავჩაღუნული დადიოდა. ეს ყველაფერი მათი სრული კაპიტულიაციით დამთავრდა. არასოდეს ფრანგი ახალგაზრდები ისეთი უსახო და მხდალნი არ ყოფილან, როგორც 90 იანი წლების ბოლოს. სამაგიეროდ არასოდეს გეებს ისე არ უაქტიურიათ როგორც იმ წლებში. 80 იანებში მათში გაღვიძებულმა მეამბოხე სულმა 90 იანებში ტექნო კულმინაციას მიაღწია და ფაქტიურად რამოდენიმე წელიწადი საფრანგეთი ერთგვარი გე კულტურით ცხოვრობდა. იმ დონემდე,რომ ჰეტერო სექსუალს იქნებ ხანდახან ცოტა დისკრიმინირებულადაც კი გეგრძნო თავი, განსაკუთრებით ზოგიერთ უბანში და წრეში. შეგძლოთ გენახათ მაგალითად ასეთი კარიკატურა: ორი ახალგაზრდა მამაკაცი: ერთი გე, სამხედრო კამუფლიაჟის მოტვით ძალიან მოდური გარეგნობითა და ლამაზი აღნაგობით, გვერდით კი სწორედ კრავიცის პუბლიკის სტანდარტული მობუზული ჰეტერო. თეთრი მაისურით და 501 ლევისით.

პრინციპში არჩევანიც კი არ იყო დიდი, ან კლასიკურად უნდა ჩაგეცვა ან ისე, რასაც ეს "სპეციალური" მოდა გთავაზობდა. ჰეტეროები რაღაც გესლიანი ირონიის ობიექტებად გადაიქცნენ თითქოს. რამოდენიმე წელიწადში გეებს გადაუარათ მოპოვებული უფლებებით გამოწვეულმა ეგზალტაციამ და ყველაფერი ასე თუ ისე დაბალანსდა: დღეს არანაირი სექსუალური ორიენტაცია არ წარმოადგენს , განსაკუთრებულ ინტერესის საგანს , ანგაჟირებულ აქტივისტებს თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა, რომლებისთვისაც, როგორც საერთოდ ყველანაირ მებრძოლ აქტივისტს ჩვევია, მოპოვებული უფლებები ყოველთვის არა საკმარისია.

ჩვენი ათწლეულის მეორე ნახევარში პარიზის გარეუბნების მონოპოლისაც აშკარად მოეღო ბოლო. დღეს ახალგაზრდები ბევრად უფრო გაბედულნი, ლამაზნი, ხმაურიანნი არიან ვიდრე ათი წლის წინ, როდესაც ცდილობდნენ რომ ისინი არავის შეემჩნია. თითქოს ძნელია წარმოიდგინო, რა კულტურული კონფლიქტის შესაძლებლობა შეიძლება კიდევ დარჩენილი იყოს საფრანგეთში. თითქოს ყველაფერი მოხდა. მაგრამ ყოველი ახალი თაობა თავის არტისტულ ბუნტის მოწყობას მაინც ცდილობს, ეს ხან ჰიპებია რიან, ხან პანკები, ხან გარეუბნელები, ხან გეები... ყოველი ასეთი ამბოხი აუცილებლად ტოვებს რაღაც კულტურულად და სოციალურად მნიშვნელოვნად პოზიტიურს, რაც მთლიანობაში ქმნის იმ ევროპულ კულტურას, რომელსაც გამუდმებით დისნეის პატარა ობოლი იხვივით ვეტორღიალებით ქართველები.

საქართველოში კი ბოლო წლებში ერთადერთი შემთხვევა , თუ ირაკლი ჩარკვიანის თითქმის პერფომანსულ სიკვდილს არ ჩავთვლით, მხოლოდ სამხატვრო აკადემიის რამოდენიმე ახალგაზრდის სკანდალური სადიპლომო ნამუშევარი "სველი წრე''იყო, რომლის მონაწილენი ერთმანეთს სახეში აფურთხებდნენ.

რა თქმა უნდა, მე არ ვამტკიცებ რომ საქართველოში არაფერი ხდება. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ბევრი არაფერი ხდება და რაც ხდება ნამდვილ ვიბრაციას ვერ იწვევს, უფრო მეტიც არ ჩანს. თორემ აუცილებლად გავიგებდი. როგორც მაგალითად თავის დროზე ლაშა ბუღაძის მიერ დაწერილი მოთხრობის "პირველი რუსის" შესახებ შევიტყე სწორედ ჩვენი ათწლეულის დასაწყისში.მოთხრობა უნდა გამოვტყდე, სულაც არ მომეწონა მაგრამ აღფრთოვანებული დავრჩი ავტორის გამბედაობით...


რამოდენიმე ხნის შემდეგ, რომელიღაც თოკ შოუში სკანდალის ავტორის მამამ , გია ბუღაძემ, შვებით განუცხადა პუბლიკას, რომ "შემცდარი" შვილი მის უწმინდესობასთან წაიყვანა, და ბოდიში მოახდევინა... ეს სწორედ საუკუნის გარიჟრაჟი იყო.

მხატვარ გია ბუღაძეს საკუთარი დამწყები მწერალი შვილი საბჭოთა სამაგალითო კონფორმისტულ გარიგებაში რომ არ გაეხვია და ამით მისი ერეტიკული მოთხრობა მართლმადიდებლური ინკვიზიციის ცეცხლში არ დაეწვა, იქნებ ჩვენი საუკუნის ეს პირველი უსახო დეპრესირებული ათწლეული საქართველოში ცოტა სხვანაირად, უფრო დინამიურად განვითარებულიყო და დღეს, უკვე აკადემიის რექტორის რანგში მყოფი ცნობილი მხატვარი , არ გამხდარიყო იძულებული თანამედროვე ხელოვნების ანბანი აეხსნა ბრმა და გაბოროტებული "მაშასადამე ევროპელი" მრევლისათვის, რომ იმ სტუდენტების მიერ ერთმანეთზე



სველი წრე. რუსთავი 2. 2007

ფურთხება მხოლოდ პერფომანსია და არა რაღაც დემონური გარყვნილება. მადლობა ღმერთს ეს სტუდენტები მაინც არ წაიყვანა პატრიარქთან, თუმცა ეჭვი მეპარება, ვინმე გაყოლოდა.

იქნებ დღეს თავად ლაშა ბუღაძეც არ ყოფილიყო იძულებული თავად ეძებნა ახალი თაობის გასაოცარი ინერტულობის მიზეზი გოგი გვახარიას "წითელ ზონის", ერთ ერთ ყველაზე საინტერესო გადაცემაში "გულგატეხილი ახალგაზრდობა" რომელიც 13ივნისის უჩვენა 1 არხმა და რომელსაც სამწუხაროდ განსაკუთრებული რეაქცია, გამოძახილი არ მოჰყოლოა საზოგადოებაში.


საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე, დასავლეთში გამართულ ქართველ თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენელთა კოლექტიურ გამოფენებს, ანუ როგორც ამას უწოდებენ, ქართული კულტურის ექსპორტის ნებისმიერ აფიშას რომ თვალი გადაავლოთ, ფაქტიურად ერთი და იგივე გვარებს წააწყდებით. მე ამ მხატვრების, არტისტების ნაწილს ვიცნობ, ეს სწორედ ისინი არიან ვინც 90 იან წლებში ბნელ საქართველოს ცოტათი მაინც ანათებდნენ. მაგრამ არ მინდა დავიჯერო რომ მათ შემდეგ საქართველოში მხოლოდ პოლიტიკური ბარტყები იჩეკებიან, და ახალგაზრდებს სათქმელი, ყვირილზე რომ აღარაფერი ვთქვა არაფერი აქვთ . 90 იანელი არტისტები კი ზოგი მინისტრ მერაბიშვილის ფანი გახდა, ზოგიც ლევან გაჩეჩილაძის. მათი უმრავლესობა, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე სოციალურ კლასად , ინტელიგენციად ჩამოყალიბდა. ისინი დღეს ვერაფერს ვეღარ ააფეთქებენ ისე რომ მენტალური და ემოციონალური რყევა გამოიწვიონ გაქვავებულ საზოგადოებაში.


ორივე ანგაჟირებული მხარე კი კულტურის სამინისტროს უყურებს ხელებში, რომელიც სპორტისა და ძეგლთა დაცვაზე ზრუნვისაგან თავისუფალ დროს, მართლაც, ყველაზე ახლოს მდგომებს უცხოურ ღონისძიებების სიაში ჩაწერს ხოლმე სამადლოდ. ყველაზე ახლოს კი როგორც გითხარით ხშირად ერთი და იგივე ხალხი დგას, ხანდახან ასე მგონია, რომ კულტურის სამინისტროს სადარბაზოში ძინავთ, მათი ადგილი შემთხვევით ვინმემ რომ არ დაიკავოს. ისინი გაცილებით ულმობელნი და ძუნწნი არიან თავიანთი ახალგაზრდა თანამოძმეების მიმართ, ვიდრე საბჭოთა კავშირის ქართველი კონიუნქტურული არტისტები. თუ მე ვცდები, და ახალგაზრდა არტისტები იმიტომ არ ჩანან, რომ ისინი უბრალოდ ან არ არსებობენ, ან საჩვენებელი არაფერი აქვთ, როგორც ამას ძველი გვარდია ამტკიცებს გამუდმებით, მაშინ გაცილებით ცუდად ყოფილა საქართველოს საქმე ვიდრე მე მგონია.

ყველა შემთხვევაში ფაქტია, რომ კულტურა საქართველოში კატასტროფულ მდგომარეობაშია. საქართველოს კულტურის პოლიტიკა ძირითადად უფრო იმპორტ ექსპორტია, ვიდრე შიდა კულტურული კატასტროფის თავიდან აცილებაზე ზრუნვა. ასეთ პირობებში ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთ სამინისტროში იყოს მოქცეული ძეგლთა დაცვა, სპორტი და კულტურა, როცა სამივე სფერო სულ ცოტა ცალკე სტრუქტურას საჭიროებს . და საერთოდ, რა შუაშია სპორტი და კულტურა ერთმანეთთან, გარდა იმისა რომ სქელკანიან ფუნქციონერებს ერთიცა და მეორეც პახმელიაზე ახსენდებათ ხოლმე, როდესაც საკუთარ თავს და მეუღლეებს ახალი"კულტურული" ცხოვრების დაწყებას პირდებიან.


საქართველო დღეს ჯერ კიდევ საბჭოთა კულტურული პოლიტიკის ნამცეცებით იკვებება და იწონებს თავს უცხოელებთან. საინტერესოა ვის გაიყვანს ათ, ოც წელიწადში კულტურის სამინისტრო საზღვარგარეთ ჩვენი ევროპულობის დასამტკიცებლად. საქართველოში კულტურა ხიზილალასავით , ცოტა და სუფრის დამამშვენებელი დელიკატესია. რომელსაც თუ არ იჩქარე, თუ სუფრასთას მჯდომნი მუჯლუგუნებით არ გასწი გამოწიე ვერასოდეს გემოს ვერ გაუსინჯავ.

გამობრძმედილ 90 იანელების ზურგს უკან ჩაკარგულ ნოლიანელთა თაობამ ვერ შეძო ყვირილი ისე ხმამაღლა, რომ ისინი შეემჩნიათ . ეს პირველ რიგში მათივე არაკრეატიულობის ბრალია. არც ერთი ძველი თაობა არ უზიარებს ახალს საკუთარ ადგილს განსაკუთრებული ენთუზიაზმით , მხოლოდ ამ უკანასკნელთა ამბოხის შიში თუ აიძულებს ხოლმე ცოტათი გვერდზე ჩაწევას. საქართველოში კი მამები შველებზე მეტად მეამბოხენი და დაუმორჩილებელნი აღმოჩნდნენ . ეს არაბუნებრივი, საშიში მოვლენა, ტრაგედიაა კულტურის, და მასთან ერთად ერის განვითარებისათვის. დღეს საქართველო მხოლოდ შავი დღისთვის გადანახულ კულტურის მარაგის ბოლო ნარჩენებით იკვებება, რომელსაც თითქმის არაფერს არ ამატებს . მარაგი კი ადრე თუ გვიან აუცილებლად ამოიწურება. ოთარ ჭილაძის ადგილი სამწუხაროდ დიდ ხანს დარჩება ვაკანტური.



წინასწარ კარგად გაანგარიშებული კორექტულად ხარისხიანი შემოქმედებით ეს მარაგი ვერ შეივსებაა. აეროპორტების დუტი ფრის ორასგვერდიან რომანების სტილმა, რომელიც ასე კარგად აითვისეს ჩვენმა მწერლებმა, შესაძლოა საბოლოოდ დაასამაროს ქართულ ენაზე კითხვის ისედაც შაგრენის ტყავივით დაპატარავებულ მკითხველთა წრე.

ვარდისფერმა ხელისუფლებამ ვერ შექმნა ისეთი ხელოვნების ნიმუში, რომელიც მათ მოღვაწეობას ისტორიას შემოუნახავდა. მოგეხსენებათ პოლიტიკოსები უფრო ხშირად მათი მმართველობისას კულტურულ ქმნილებების თანამგზავრებად შემორჩებიან ხოლმე ისტორიას, ვიდრე პოლიტიკური საქმიანობაში წარმატებებით.

ეს როგორც ჩანს შევარდნეზეს უკეთ ესმოდა, ჯერ კიდევ თავის ცეკას მდივნურ წითელ წარსულში, რადგან მის დროს საქართველოში მართლაც უამრავი რამ შეიქმნა რომელსაც, თვითონ მაშინვე მიეტმასნა და დღეს საკუთარი არსებობის ორი ყველაზე დიდი გასამართლებელ საბუთად ბერლინის კედლის დანგრევას და აბულაძის მონანიებას ასახელებს, თითქოს მთელი ცხოვრება, ცალ ხელში ჩაქუჩი ეჭირა მეორეში კი კინოკამერა.

ჩემი აზრით თუ ახლო მომავალში საქართველოში კულტურული აფეთქება არ მოხდა, ჩვენი ქვეყანა ნამდვილად განმუხურის "ბერლინის კედლიდან"– სარფის საბაჟომდე გადაჭიმულ "თავისუფლების" პლიაჟის მომსახურე პერსონალად გადაიქცევა.



"ეს თაობა"
ლუკა ლასარეიშვილი.ნიუ იორკი.2002

მე არ მესმის, რატომ უნდა აკეთებდეს დღესაც 50 წლის ლუკა ლასარეიშვილი ნიუ იორკში "ამ თაობას", და არა რომელიმე ახალგაზრდა ქართველი არტისტი თბილისში რაიმე მის ექვივალენტს. ლუკა ლასარეიშვილი 30 წლი წინაც პროვოკატორი იყო: ბევრად რთულ, ბრეჟნევის ეპოქაში.

საქართველოში პოპკულტურა ვერაფრით ვერ შეიქმნა: აქ მხოლოდ პოპია კულტურის გარეშე. ასეთი პოპი კი ავღანისტანშიც არის. იქნებ ამიტომაც არის შეუძლებელია ალტერნატიული კულტურის არსებობა– დასაპირისპირებელი ფაქტიურად არაფერია.

საქართველოში არ არის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი , სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებოდათ ენახათ რომ ასეთ "სხვა" ხელოვნებას საქართველოშიცა აქვს თავისი ისტორია. სადაც ბავშვები ისევე ივლიდნენ სკოლებიდან და სამხატვრო წრეებიდან როგორც პარიზის პომპიდუს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში .

აბსოლუტურად გაუგებარია რატომ უნდებათ ქართველ არტისტებს მაინცა და მაინც ევროპელებს მიაწოდონ თავიანთი შინაგანი "მესიჯი" და არა საბრალო თანამემამულეებს, რომლებიც პიკასოს ასი წლის წინ დახატულ გრავიურებსაც კი პირდაღებულები უყურებენ და ვერ გაუგიათ რატომ ქვია ამას ხელოვნება, გაუგებარია, ვისთვის ვხატავთ, ვუკრავთ, ვწერთ... ვინ არის ჩვენი ხელოვნების მომხმარებელი თუ არა ჩვენივე ხალხი? ჩვენი ხალხი კი გაუნათლებელი და ბნელია და ასეთი დარჩება მანამდე, სანამ სახელმწიფო არ აღიარებს რომ კულტურულობის დიდი პრობლემაა ქვეყანაში, სანამ საერთაშორისო ტრიბუნებიდან ნახევრად ცარიელ დარბაზებში მთვლემარე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ტრაბახს იმის შესახებ რომ ყველაზე მაღალი ხარისხის "მაშასადამე ევროპელები" ვართ თავს არ დავანებებთ.

დააკვირდით ქუჩაში ან სოფლებში გამვლელთან ჩაწერილ ნებისმიერ ინტერვიუს: თითქოს კორესპოდენტი სხვა პლანეტიდან აკეთებდეს რეპორტაჟს: ადამიანებს საკუთარი ისეთი მარტივი აზრის ჩამოყალიბებაც კი უჭირთ, როგორიც ჟურნალისტის ასევე პრიმიტიულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად არის საჭირო. დარწმუნებული ვარ მართლწერის საყოველთაო ტესტირების შემთხვევაში შედეგები აბსოლიუტურად კატასტროფული იქნება.სწორედ ამ ადამიანებთან კულტურული დიალოგია საჭირო და არა ჩემს პარიზელ მეზობლებთან " და ამხანაგებთან კულტურული მესაჟების" ცვლა: მათ ისედაც ყველაფერი მშვენივრად იციან, ყოველ შემთხვევაში ბაზობრივი მაინც.

ჩვენ თანამედროვე ხელოვნებისაგან რაღაც "ელიტარული" კოდირებული სექტანტური ქსელი შევქმენით და გვგონია, რომ ჩვენი თანამემამულეები ვერაფერს გაიგებენ...ეს საცოდავი ტყუილია: წადით ანახეთ ლუკა ლასარეიშვილის "ეს თაობა" საქართველოს სოფლებში და თუ ვერ მიხვდებიან ნახავთ( თუ მერე არ გაანადგურეს, რა თქმა უნდა)


არ არის აუცილებელი ასეთი ხელოვნების მუზეუმი მაინცა და მაინც პარლამენტის წინ იყოს. დარწმუნებული ვარ თვითონ არტისტები დაეხმარებოდნენ სახელმწიფოს მის შექმნაში, ნამუშევრებსაც აჩუქებდნენ, ამ მუზეუმში ბევრად უკეთ გამოჩნდებოდა ის რისი ჩვენებაც ჩვენმა ხელისუფლებამ ოკუპაციის მუზეუმით მოინდომა, რადგან საქართველოს ოკუპაცია სხვა არაფერია თუ არა სწორედ ქართული თანამედროვე ხელოვნების ისტორიაა. ხელისუფლება კი როგორც ჩანს პროდასავლურობის მიუხედავად მაინც ვერ მიხვდა რომ ეპოქას, ისტორიას, ხელოვანები აღწერენ და არა პოლიტიკოსები, სამხედროები, ფინანსისტები, ან თუ გნებავთ სექსოლოგები. მუსიკის გარეშე მხედართმთავარები ბრძოლაში არ მიდიან. ყვლა ეპოქას თავისი მუსიკა აქვს. შეუძლებელია სევდიანი "ჩემო კარგო ქვეყანათი" დღეს საქართველომ რაიმე ბრძოლა მოიგოს. არსებული თანამედროვე ხელოვნება კი ჩემი აზრით აბსოლიუტურად აცდენილია ქართულ რეალობას და ერთადერთი რასაც ის ასახავს, ეს იმპორტ–ექსპორტზე ორიენტირებული ქართული კულტურული ოფიციალური პოლიტიკაა.

სულ ახლახანს ხელში ჩამივარდა თბილისში კულტურის სამინისტროს პატრონაჟით მიმდინარე მიმდინარე თანამედროვე ხელოვნების გამოფენა
"არტ ისტერიუმის" პრინტერზე გამობეჭდილი პროგრამა და კატალოგის მაკეტი. საგარეო ურთიერთობებზე ორიენტირებული იქ წარმოდგენილ ქართველ არტისტთა უმეტესობა, ისევე როგორც ხუთი, როგორც ათი, ოცი წლის წინ კვლავ დასავლელ პუბლიკას, განსაკუთრებით ევროპელ კულტურის ჟიგოლო კურატორებსა და არტისტებს ეკეკლუცება ინგლისური წარწერებით საკუთარ ნამუშევრებზე. როგორც ყოველთვის, თითქოს, ქართველებისათვის სათქმელი არაფერი აქვთ. მათი ნაწილი სწორედ ის "დამსახურებული მარადიული ავანგარდისტები", კონცეპტუალისტები არიან, რომლებიც ზევით უკვე ვახსენე. მათ ეტყობა ამ წლების განმავლობაში ჯერ კიდევ ვერ მოამთავრეს თავიანთი სათქმელის, კონცეფციის გამოხატვა ინგლისურ ენოვანი ხალხებისათვის. არც კი ვიცი, თუ კიდევ შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ რომ ისინი ქართველებისთვისაც მოიცლიან ოდესმე. ყოველ შემთხვევაში მათი საიტი www.artisterium.org ნამდვილად არ არის განკუთვნილი ქართველებისათვის: ის მხოლოდ ინგლისურ ენაზეა შედგენილი. მე მართლა არ მესმის, რატომ უნდა ელაპარაკებოდნენ ქართველი არტისტები პრიორიტეტულად თბილისში ჩამოსულ ევროპელებს, როდესაც ამდენი რამ არის სათქმელი ქართველებზე.



Tell me Are you my Suliko? "ORERA"(სულიკო ინგლისურად)

მათი contemporary arts , ხშირად, ოდესღაც "გოლუბოი ოგონიოკში"ორერას ნახევრად რუსულად ნამღერ "გდე ჟე ტი მოია სულიკოს" მახსენებს.


May Way -ის საბჭოთა ექვივალენტს –"სულიკოს", "ორერა" ინგლისურადაც მღეროდა,ესტონურადაც და მგონი უზბეკურადაც. პრინციპში შეიძლება ორერა თავისი მულტიენოვანი სულიკოთი უფრო ფსიქოდელიური იყო ვიდრე ჩვენი ინგლისურ აქცენტიანი თანამედროვე არტისტები. ( ყველაფრის მიუხედავათ, რა თქმა უნდა, მე მხოლოდ ვინატრებდი, რომ თანამედროვე ხელოვნების გამოფენები რაც შეიძლება მეტი იყოს საქართველოში.)


თანამედროვე ქართული ხელოვნების ეს კონფორმისტული ნაწილი ქართული სოფლების მახინჯ ორსართულიან, ჟანგიანი თუნუქის მტრედებიან არქიტქტურას მაგონებს, რომელმაც 60 იანი წლებიდან მოყოლებული ქართული სოფელს სახე დააკარგინა და დაუნდობლად დაამახინჯა. მადლობა ღმერთს ბუნების ხარჯზე იოლად გავდივართ, თორემ გულახდილნი რომ ვიყოთ, ჩვენს სოფლებს ნამდვილად არ შეეხედება.

ამ უშნო და ყოველგვარი კონტექსტიდან ამოვარდნილმა სახლებმა დღემდე ვერ შექმნეს ვერანაირი კონტექსტი და ასევე უშნოდ დაბერდნენ. ადგილობრივ ტრადიციულ არქიტექტურასთან კი მათ თანამედროვე ჰარმონიული შეხების წერტილები მშენებლობის დროსაც არ გააჩნდათ. ან საიდან უნდა ჰქონოდათ, როდესაც ათეული წლების განმავლობაში – ცხელ კახეთში, თოვლიან ბორჯომის ხეობაში და ზღვისპირა სუბტროპიკულ აჭარაში ერთნაირ ორსართულიან რკინა ბეტონის "პლაშატკიან"სიმახინჯეებს აშენებდნენ , სანამ საბოლოოდ არ მოსპეს ძველებური რეგიონალური არქიტეატურული სული და საბოლოოდ არ დაამახინჯეს ქართული სოფელი. იშვიათად თუ გაუბედავდა ვინმე საკუთარ თავს, რაიმე ორიგინალური თუ არა ადგილობრივ კულტურასთან დაკავშირებული შტრიხი შეეტანა ამ უღმერთო, მეზობლების ჯინაზე აღმოცენებულ არქიტექტურაში. დღეს ქართულ ტრადიციულ არქიტექტურას კუს ტბაზე, ეთნოგრაფიულ მუზეუმში თუ ნახავთ. რიყის "ეთნოგრაფიული" რესტორნების კომპლექსი მადლობა ღმერთს დაანგრიეს. თუმცა, თანამედროვე ქართულ არქიტექტურაში "თუნუქის მტრედები" ისევ ძალიან აქტუალურია..."კონცეპტუალური" გაგებით, რა თქმა უნდა.

ჩვენი კონფორმისტული არტისტული სული პრაქტიკულად ყველა სფეროში ვლინდება, და პირველ რიგში დიდ პოლიტიკაში. ქართული პოლიტიკური ელიტა საერთაშორისო თანამეგობრობას გასული წლის 8 აგვისტოს შემდეგ გამუდმებით მადლობებს უხდის მხარდაჭერისათვის, სულ წამებში აქვთ დათვლილი როდის და რამდენი ხნით გავახსენდით ამა თუ იმ ქვეყნის პრეზიდენტს. მადლობებს ვიხდით ათასნაირი დახმარებისათვის, რომელსაც მიუხედავად ეუთოში, მთვლემარე აფრიკელი პრეზიდენტების წინაშე ჩვენი პრეზიდენტის ტრაბახისა , რომ ჩვენთან ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, რატომღაც მაინც არ გვიწყვიტავენ: მადლობა ღმერთს! ეტყობა არ ჯერათ.

გარდა ამ გასაგები მიზეზებისა, დასავლელ "პარტნიორებს" ასევე მადლობებს ვუხდით მათი სიმხდალისათვის, რუსეთთან ამორალური პოლიტიკური და კომერციული გარიგებებისათვის.მადობას ვუხდით ყველას: გერმანიას, იტალიას, განსაკუთრებით საფრანგეთს, რომელიც ამ დღეებში სამხედრო შვეულმფრენებსა და ავიამზიდის მიყიდვას გეგმავს რუსეთის ქართველჭამია არმიისათვის.

ფრანგულ ტექნიკას პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენს წინააღმდეგ გამოცდიან. მსოფლიო კიდევ ერთხელ შეიტყოვბს რომ რუსეთი არ ასრულებს ვალდებულებებს. ცა გაიხსნება და წმინდა სარკოზი" ისევ მოგვევლინება, ჩვენ მას ისევ სარკო სარკოს ყვირილით შევეგებებით. ის ისევ გადაგვარჩენს 21 საუკუნის "ბარბაროსებისაგან". ობამას აღარ შევაწუხებთ, რადგან კრედიტში ნობელის პრემია აქვს აღებული, შარში ხომ არ გავხვევთ. უიმისოდ საბოლოოდ ყველაფერი ასე თუ ისე მოგვარდება. ამიტომ დღეს პროტესტის გამოთქმა "სენტ სარკოს" კოლაბორანტობის გამო ჩვენს დაუძინებელ მტერთან არ ღირს... პირიქით, ჯობია მიწამდე თავის რტყმით, მადლობები ვუხადოთ,არა მარტო სარკოზის, მერკელს ან ბერლუსკონის, არამედ თბილისში მათ ელჩებსაც, ელჩების თანაშემწეებსაც, მეუღლეებსაც. არავითარ შემთხვევაში პატარა საპროტესტო მანიფესტაციაც კი არ მოვაწყოთ საფრანგეთის საელჩოს წინ, თორემ იფიქრებენ რომ უმადურები ვართ.

განსაკურებით მნიშვნელოვანია, ვინმეს არ დასცდეს ხელოვნების სფეროდან რაიმე საყვედურის მაგვარი, თორემ მერე შეიძლება საელჩოების მიერ გამართულ მიღებებზე აღარ დაპატიჟონ, კულტურული "ეშანჟიზმის" პროგრამაში არ ჩასვან,ან ბოლოს და ბოლოს ვიზაზე უარი უთხრან...და საერთოდ, რაღა მაინცა და მაინც ფრანგებს უნდა ვაწყენინოთ, როცა ერთმანეთს სრულიად უპრობლემოდ და უფასოდ შეგვიძლია დღე და ღამე დედა ვაგინოთ.

მით უმეტეს, რომ ჩვენი სტუმართმოყვარე და მადლიერი მოსახლეობისათვის უფრო ადვილი იქნება ამ შვეულმფრენებიდან და გემებიდან შესაძლო დაბომბვის ფსიქოლოგიურად გადატანა, თუ ეცოდინება, რომ ამ საშინელი მანქანების ყიდვით პუტინმა ჩვენს საყვარელ პარტნიორ საფრანგეთში რამოდენიმე ასეული სარკოზის ამომრჩეველი დაასაქმა. გარდა ამისა, ჩვენ ხომ ყველაზე კულტურული მანიფესტანტები ვართ მსოფლიოში. პროტესტს მხოლოდ პარლამენტის წინ გამოვთქვამთ, სულ სხვა, უფრო "შემოქმედებითი" მოთხოვნებით.

ჩვენი კონფორმიზმის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება ჩვენში სოლიდარობის გრძნობის ფაქტიური არ არსებობაა : როდესაც მესმის, რომ ბიზნესიდან პოლიტიკაში, პოლიტიკიდან ისევ ბიზნესში და მერე მედიაში მოსული ბოროტი დირექტორის გამო, ტვ "იმედიდან" უკვე მერამდენედ, ბოლო წლების განმავლობაში, ჟურნალისტებს უკანონოდ ათავისუფლებენ, და ამ ცნობას არ მოჰყვება არხის სხვა ჟურნალისტების საყოველთაო გაფიცვა, უნდა გამოგიტყდეთ, რომ სურვილი მიჩნდება, თავად გავხდე არველაძეზე კიდევ უფრო "ბოროტი" დირექტორი და დანარჩენი ჟურნალისტებიც გავყარო სამსახურიდან. მერე დიდი გასაუბრება ჩავატარო, და რადგანაც, როგორც ცნობილია პროფესიონალიზმი ქართულ ტელე ჟურნალისტიკაში არც ისე აუცილებელი ფაქტორია, ახალი თანამშრომლები ადამიანების მიმართ თანაგრძნობისა და სოლოდარობის ხარისხის გათვალისწინებით შევარჩიო, ამის შემდეგ გარწმუნებთ ტვ იმედის ხარისხი მკვეთრად მოიმატებს.... თუმცა, იმედის ჟურნალისტების საბედნიეროდ, მე მათ დირექტორად არავინ დამნიშნავს, რადგან ჯერ არც ბიზნესში ვყოფილვარ არასოდეს და არც პარლამენტში.

ბოლო წლების გაუთავებელი უშედეგო მიტინგების მიუხედავად, ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შესძლო ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება, გაფიცვა გამოეყენებინა. და არა იმიტომ, რომ გასულ გაზაფხულზე სწორედ ჰიპოტეტიური გაფიცვებით შეშინებულმა პრეზიდენტის ლიბერალმა გუნდმა დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამეტურ გაფიცვის უფლებას– ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა, საბოტაჟი და ღალატი უწოდა... გაფიცვა დემოკრატიული სოლიდარობის კულტურაა,
რომელიც ქართველებს ევროპელებისაგან განსხვავებით, როგორც აღმოჩნდა არ, ან ჯერ არ გაგვაჩნია, ამიტომ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა. ჩვენ თითქოს ჯერ კიდევ ფეოდალურ წყობაში ვცხოვრობთ და აჯანყებებს ვაწყობთ ჩვენებური არსენებისა და პროევროპელი რობინ ჰუდების ხელმძღვანელობით. სოლიდარობის გარეშე , მხოლოდ მიტინგების შეზარხოშებული კონფორმიზმით ასე ნანატრი ლიბერალური საზოგადოება არ შენდება, მით უმეტეს რომ ბაზისური დემოკრატიულიც კი არ აგვიშენებია ჯერ.





4.და ბოლოს, სამ თვეში მომსვლელ 10 იანელთა თაობას მინდა ერთი რჩევა მივცე:
ნუ შეეცდებით დამსგავსოთ იმათ, ვისაც მშობლები, რელიგიური თუ სამოქალაქო მორალი, სქელი წიგნები და თხელი ლამაზი ჟურნალები გმირებად გისახავენ. აქედან მაინც არაფერი გამოვა და ტყუილად საკუთარ თავს და დროს დაკარგავთ, რომლთა ხელახლა პოვნა კიდევ უფრო მეტ დროს და ენერგიას ფუჭად დაგახარჯინებთ, უმჯობესია, შეეცადოთ არ დაემსგავსოთ იმ ადამიანებს, რომლებზე დამსგავსებასაც სიკვდილი გირჩევნიათ. ასეთები კი თქვენს გარშემო უამრავია. განსაკუთრებით ჩვენს ანტიგმირებით გადავსებულ სამშობლოში.

მერე, თუ მაინცა და მაინც კოლექტიური პროტესტის გამოხატვა გიზიდავთ, იქნებ ერთ დღეს შეძლოთ კიდეც, ათასობით შეიკრიბოთ, სულ რამოდენიმე წუთით საქართველოს უშნო პარლამენტის წინ და ყველამ ერთად მარჯვენა ხელის მტევნის შუა თითი უჩვენოთ მის შიგნით და გარეთ მოკალათებულ უცნაურ სპეციმენებს, რომლებიც მთელი თქვენი უფროსი თაობის, მათ შორის ჩემს სახესაც წარმოადგენენ..

P.S. შესაძლოა ვინმეს მოეჩვენა, რომ ვაჭარბებ, და ძალიან მუქ ტონში მსურს წარმოვადგინო 2000 წლიანთა თაობა, რომ მათ პროვოკაციის მიზნით ნოლიანთა თაობას ვუწოდებ... რა გითხრათ... შეიძლება! მერე რა – მე მთელი ჩემი ცხოვრება ვაჭარბებდი... სწორედ ამიტომ, ან ქერუბინები და სერაფინები წამიყვანენ ზეცაში, ან დემონები – ქვესკნელში. ჯოჯოხეთის კარებთან ცხელ მტვერში ფართხალს ორივე მირჩევნია!
პ.ქ.
10 ოქტომბერი 2009

16 août 2009

ომი და ომი

"God created war so that Americans would learn geography." Mark Twain
''ღმერთმა ომი იმისათვის შექმნა, რომ ამერიკელებს გეოგრაფია შეესწავლათ''. – მარკ ტვენი


Dr. Strangelove.Stanley Kubrick.1964. Video YouTube vertion
შეგვიძლია ტკბილად ვიძინოთ: ის მშვიდობა, რომლისაც ომის შემდეგ ეშინიათ ხოლმე, საქართველოში როგორც ჩანს კიდევ კარგა ხანს არ დადგება: როგორც ამბობენ ჩვენ მხოლოდ ბრძოლა წავაგეთ და არა ომი, ეს ომი გრძელი და ძნელი იქნება. ასევე ამბობენ, რომ ჩვენ არასოდეს შევურიგდებით ტერიტორიების დაკარგვას, და მათ სისხლისღვრის გარეშე დავიბრუნებთ მას შემდეგ, რაც დევნილი ბავშვები ინგლისურს ისწავლიან, ბაიდენთან სტუმრად წავლენ, ჩამოვლენ, გაიზრდებიან, მერე დემოკრატიულ და ეკონომიურად ძლიერ ქვეყანას ააშენებენ, რომელშიც აფხაზები და ოსები სიამოვნებით დაბრუნდებიან...

ამასობაში კი ჩვენ მშვიდობიანად ვიცხოვრებთ ამ უცნაურ უსისხლო საომარ მდგომარეობაში, რომელსაც არასოდეს არ წავაგებთ, რადგან კაპიტულაციას ხელს არავითარ შემთხევაში არ მოვაწერთ...როგორც თავის დროზე იაპონელებმა, ჩინელებმა, ფინელებმა და რუსეთის მიერ სხვა გაძარცვულმა მეზობელმა ქვეყნებმა, რომელთა ნაწილმა ეკონომიურად და დემოკრატიულად განითარებული ქვეყანა დიდი ხანია ააშენა... დაკარგული ტერიტორიები კი რატომღაც ჯერ მაინც ვერ დაიბრუნა...
რაღაც სულულური ქრონიკული საომარი ნირვანის კარიბჭესთან ვდგევართ. ამ მარადიული ომის დამთავრების პერსპექტივას შვილებს ვუტოვებთ მემკვიდრეობით. ...ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, სუფთა სინდისით მხრები ავიჩეჩოთ, ხელები დავიბანოთ, მერე გულზე დავიკრიფოთ და მშვიდად მოვკვდეთ.

1.
ომი დამთავრდა. ჩვენ ის წავაგეთ.
უცნაურია, რატომ გახდა ასეთი ძნელი ამ ოთხი მარტივი სიტყვის წარმოთქმა. ბოლოს და ბოლოს, ომი ნაპოლეონმაც წააგო. რა გასაკვირია ჩვენი გამოუცდელი მხედართ მთავარი და მისი "მოყვარული" გენერლები რომ დამარცხებულიყვნენ. თუ ღირსეული წაგება არ იცი, ახალ ომს მოუმზადებელი შეხვდები და ისევ წააგებ. ყოველთვის წააგებ.
დამარცხებული მხედართმთავარი არ რის მოღალატე მხედართმთავარი. ამ ომში საქართველო დამარცხდა და არა სააკაშვილი. რუსეთმა საქართველოს წაართვა ტერიტორიები და არა ნაციონალურ მოძრაობას. თუმცა ომის წაგების პასუხისმგებლობა 21 საუკუნეში პოლიტიკოსის საზიდია და არა ჯარისკაცის.ეტყობა ამ პასუხისმგებლობას არიდებს თავს ქართული ხელისუფლება, რომლისთვისაც ზმნა "წაგება'' ნამდვილ დემონის ჩურჩულად იქცა.
მართალია, როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი ამბობს კაპიტულაციაზე ხელი არ მოგვიწერია და ეს ორი უბედური და გაჩანაგებული რეგიონი არავის უღიარებია დამოუკიდებლათ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ არც რუსეთი უცვნია ოფიციალურად ოკუპანტად არც ერთ ჩვენს მეგობარ ქვეყნას. უფრო მეტიც, ჩვენი ურთიერთგამომრიცხავი ოფიციალური განცხადებების, და ხშირად ტყუილების წყალობით შექმნილმა ტალიავინის კომისიამ, უკეთეს შემთხვევაში, ეჭვმიტანილებად გვაქცია საკუთარ ტრაგედიაში.
ჩვენი მტრების დაუძაბავი მოთხოვნის შედეგად, "საბრალო" საერთაშორისო დამკვირვებლებიც რუსეთის მსხვერპლებათ, უმუშევრებად გადაიქცნენ.

პუტინი და მედვედევი დღეს ტრიუმფატორულ ვიზიტებს აწყობენ ჩვენს ტარიტორიებზე. ყოველი ასეთი ვიზიტის შემდეგ ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს პროვოკაციაა, რომ "რუსეთმა კიდევ ერთხელ, დაამტკიცა, რომ იგნორირება უკეთებს ცივილიზებულ მსოფლიოს"... და ა.შ.
რუსეთი არავის და არაფერს არ უკეთებს იგნორირებას. განსაკუთრებით მსოფლიო ეგრეთწოდებულ "თანამეგობრობას": ის უბრალოდ დაგვცინის. აკეთებს იმას რაც მის ავადმყოფ წარმოსახვას მოეპრიანება.  ის პუტინი&მედვედევის ყოველი ასეთი ვიზიტი პროვოკაცია კი არა მთელი ქართველი ერის დაცინვაა. ჩვენ კი მხოლოდ ბიზნესს, პარლამენტსა და საელჩოებს შორის "მოხეტიალე" ქართველ დიპლომატთა ახლახანს ნასწავლი კომერციული ელეგანტურობით წარმოთქმული მკვდარი განცხადებებით "ვკმაყოფილდებით" და დიდ ცრემლებს ჩუმად ვყლაპავთ.


ომის დაწყებიდან (თუ დამთავრებიდან) ერთი წლის თავზე, მე ჯერ კიდევ ბევრი რამ არ მესმის. ალბათ გულუბრყვილო ვარ და იმიტომ. მაგრამ გულუბრყვილოებსაცა აქვთ ქართულ "რთულ" პოლიტიკურ ენიგმებში გარკვევის მცდელობის უფლება. მით უმეტეს ასეთები ჩემი აზრით საქართველოს გულშემატკივართა უმრავლესობას წარმოვადგენთ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც... და თუ ომიდან ერთი წლის თავზე "გულუბრყვილო"კითხვები ისევ პასუხგაუცემელი რჩება, ეს მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანებს და უწყებებს ვისაც საქართველოში საზოგადოებასთან კომინიკაცია ევალებათ , თავიანთი საქმისა არაფერი გაეგებათ, არაკომპეტენტურები არიან და რაც შეიძლება ან მალე უნდა შეიცვალონ მუშაობის მანერა, ან უკეთესი იქნებოდა საერთოდ მათი ფუნქციები შეეცვალა ხელისუფლებას, და კომპეტენციის შესაბამისი საქმით დაეკავებინა. საქართველო რუსეთის ომის ინტელექტუალური ნაწილი დღემდე ქაოტური, შეუთანხმებელი და ამდენად გაუგებარია.
რა არ მესმის? მაგალითად, არ მესმის როგორ უნდა ჩაება ომში რომლისთვისაც ამდენი წელია ემზადები ისე, რომ წინასწარ ალიბი არ გეჭიროს ხელში, მთელი მსოფლიოს სადაო და გამოსაძიებელი გახადო ომის დამწყების ვინაობა, ან როდის გამოვიდა 58 არმია როკის გვირაბში, არ მესმის, შვიდი დღის მანძილზე თუ ამხელა არმია ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებოდა, და ვიცოდით ამის შესახებ რატომ ვდუმდით.. თუ არ ვიცოდით, კიდევ უარესი, რატომ არ ვიცოდით....არ მესმის როგორ შეიძლება ამ დროს, 3 აგვისტომდე,ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მარბეაში ისვენებდეს , თავად პრეზიდენტი კი მხოლოდ 1 აგვისტოს ბრუნდებოდეს "იტალიური სპადან" (მ.სააკაშვილი,რ.გლუქსმანი. "მე თქვენ თავისუფლების შესახებ გესაუბრებით"), (შედარებისათვის: კრიზისის გამო ამ ზაფხულს ნიკოლა სარკოზიმ ფრანგ მინისტრებს პარიზიდან ორი საათის სავალზე უფრო შორს წასვლა აუკრძალა. ყოველ მათგანს საშუალოდ სამჯერ მოუწია შვებულებიდან ფორსმაჟორულ სიტუაციის გამო სამსახურში გამოცხადება შვებულების დროს, )
არ მემის საერთოდ რა საჭიროა ბოდიშების ხდა შენს საკუთარ ტერიტორიაზე სამხედრო სეპარატისტი ხუნტის განადგურების მცდელობისათვის თუმცა ისიც არ მესმის როგორ შეიძლება საკუთარი ქალაქი გრადებით დაბომბო, თუნდაც იქ მართლაც რუსული ტანკები ყოფილიყვნენ შესულნი და ამ ბრძანების გამცემი არ დასაჯო ...

არ მესმის რატომ გამოითქვა ჩვენი მხრიდან ამდენი გაუგებარი განცხადება, ამდენი მოკლე ფეხებიანი ტყუილი.
რატომ ვერ გაგვირკვევია დღემდე , არა მარტო ის, დამთავრდა თუ არა ომი, არამედ ისიც თუ როდის დაიწყო იგი: 7 აგვისტოს ღამეს, ერთი კვირით ადრე, 1992 წელს თუ ორასი წლის წინ, გიორგიევსკის "კაპიტულაციაზე" ხელის მოწერით.


ვერ ვხვდები რატომ ვერ ვახერხებთ შეთანხმებას ერთ კონკრეტულ გასაგებ და მარტივ პოზიციაზე თარიღებთან და ომის ქრონოლოგიასთან დაკავშირებით მაინც. ჩვენს ციფრულ საუკუნეში, ყველა მილიმეტრისა და წამის პარანოიკული დოკუმენტალიზაციის ეპოქაში, მართლაც ძალიან მოხერხებლი უნდა იყო, შეძლო: რომ სულ რაღაც ხუთ დღიანი კონფლიქტის შესახებ უფრო ნაკლები იცოდეს მსოფლიომ ვიდრე ტროას გრძელი ომის შესახებ. არ მესმის როგორ შეიძლება პრეზიდენტი, მისი მრჩეველები, ოპოზიციონერები, უცხოელი მეგობრები, მტრებიც და მოყვრებიც სულ სხვადასხვა ვერსიებს ყვებოდნენ.
ეს მართლაც საკვირველი უნიჭო ქაოსია მეთოდური დასავლეთისათვს იქნებ სწორედ ამიტომაც საომარი მოქმედებების შეწყვეტას სარკოზი – მედვედევის შეთანხმებას უწოდებენ და არა სააკაშვილი–მედვედევი–სარკოზის შეთანხმებას: ეს ტერმინი სულ ცოტა დამამცირებელია, თუ არა შეურაცჰმყოფელი.
ეს ჩვენი მარცხის ვერბალური მონუმენტია.
მე ისიც კი აღარ მესმის რის გამო ატყდა ეს ომი. გასულ წელს მეგონა რომ ცხინვალის რეგიონისათვის ვიბრძოდით. მერე აღმოჩნდა, რომ რუსების მიზანი სააკაშვილის თავიდან მოცილება ყოფილა, რომელიც ვერ განახორციელეს...
რა თქმა უნდა, შენი ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა მიუგდო საჯიჯგნად მტრებს. მაგრამ ... როდესაც ხალხს ომში რთავ, იმის უფლება მაინც უნდა დაუტოვო იცოდეს ამ ომის მიზეზი, რისთვის, ან ვისთვის სწირავს თავს, კონკრეტულ ტერიტორიის, თუ პრეზიდენტისათვია: "ზა როდინუ" იბრძვის, თუ "ზა სტალინა" , თუნდაც ეს პრეზიდენტი, მართლაც სტალინივით საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და საერთოდ ყველანაირი სახე იყოს.
(ხანდახან ერთი გამქრალი სამეფოს ამბავი მახსენდება, რომელიც, როგორც ჩემმა ნაცნობმა მხატვარმა ქალმა მომიყვა, რეალურად არსებობდა ციმბირში რუსების გამოჩენამდე . მისი მცხოვრებლები მეფეს არჩევნების გზით ირჩევდნენ, თანაც მხოლოდ ათი წლით. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი თავს აჭრიდნენ.
მონარქობის ყველა პრეტედნტმა იცოდა რაც ელოდა. და ცხადია მსურველები მხოლოდ ხალხისათვის ყველანაირი მნიშვნელობით თავდადებული ადამიანები იყვნენ... ჩემი აზრით ეს მეტად სასარგებლო და საყურადღებო ისტორიაა ქართველი მრავალრიცხოვანი პრეზიდენტობის მსურველისათვის, თუმცა , თავის მოჭრა მაინც გადაჭარბებულად მეჩვენება, თანაც ქართველი მონარქი – პრეზიდენტები თავს ისედაც, სხვის დაუხმარებლად თვითონვე იჭრიან ხოლმე).


არ მესმის. რატომ ველოდებით პირდაღებულნი ტალიავინის კომისიის გამოძიების შედეგებს. და ვერ ვხვდებით, რომ იმ დროის ყოველი წუთი, რომელსაც ყოველ დღე ვკარგავთ , უფრო და უფრო ართულებს სამშობლოს აღდგენის პერსპექტივას: დრო ყველაფერს კურნავს, მათ შორის დაკარგული ტერიტორიების ტკივილსაც. რუსულ ავ ნაგაზს კი საშუალებას აძლევს საბოლოოდ გამოხრას თათებში მოქცეული ძვლის მსგავსი კავკასიონის ყველაზე გემრიელი ნაწილი.


და ბოლოს, არ მესმის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ: რატომ არ ვთხოვთ საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის დღევანდელ სტატუსის განსაზღვრას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, არის თუ არა ეს ქვეყანა ოკუპანტი, თუ ის ჰუმანიტარულ მისიას ასრულებს? რატომ არ ვუცხადებთ პრეტენზიას ჩვენს კომფრომისტ "მეგობრებს'' რუსეთის მიმართ კოლოაბორაციული დამოკიდებულების გამო? თუნდაც პრეცედენტის შექმნის მიზნით?


მე რომ არ მესმის, ეს არ არის ტრაგედია. გაცილებით ცუდია, რომ ეს არავის არ ესმის , იმის ნაცვლად რომ დასავლეთს, რომელსაც ისედაც ერთი სული აქვს თავი აარიდოს ამ გაუგებარ იმპერიის კარიკატურასთან კონფრონტაციას, ეს ერთი წელი რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებაზე ემსჯელა , ჩვენ მათ საშუალება მივეცით ჩვენი ტრაგედია კომფორტაბელურ მეორეხარისხოვან აბსოლიუტურად უსარგებლო კამათის საგნად გადაექციათ სტრასბურგში ქართულ და რუსულ დელეგაციებს შორის.

ჯორჯ ბუშის ფანტაზიის ნაყოფის, უტოპიური სახელმწიფო "ჯორჯიალენდის" მშენებლობა სურამის ციხის სევდიან ლეგენდას დაემსგავსა...მხოლოდ ზურაბი შარშან რუსემა დახვრიტეს... თუმცა უნდა გითხრათ, რომ სინამდვილეში, ნამდვილ ზურაბი გადარჩა, მას უბრალოდ მობეზრდა უცხოელი დამკვირვებლების გულის ასაჩუყებლად ტალახში დგომა , და ქართველი დეპუტატების რჩევით "ბიზნესს დაუბრუნდა". რუსებმა სულ სხვა ყმაწვილი დახვრიტეს და ჩვენი დემორალიზაციის მიზნით ზურაბად გაასაღეს.
ჩვენც დავიჯერეთ, და ნელ ნელა ვეგუებით ყალბი ზურაბის სიკვდილს, ჩამორღვეული ციხის დაკარგვაზე უფრო და უფრო ნაკლებს ვფიქრობთ. ცოტა ხანში ეს მხოლოდ ისტორია გახდება, რომლის შესახებ მომავალში მხოლოდ სენტიმეტალური   თამადები თუ შეგვახსენებენ. თუ რა თქმა უნდა სააკაშვილის მოძულე დასვენებულმა ოპოზიციამ არ იყოჩაღა შემოდგომაზე და გილიოტინა არ გამოახრიგინა რუსთაველზე, ერთი წლის წინ წაგებული, უკვე დავიწყებული ომის გამო ჩვენი სურეალისტი მთავარსარდალის დასასჯელად. რომელიც, როგორც თავიდანვე ვარაუდობდი, პატრიოტულმა სიზმრებმა იქამდე მიიყვანა, რომ გუშინ, ევროპაში "ყველაზე მაგარ" განმუხურის პლიაჟზე ფეხშიშველი მუხლებზე დაცემული ძველ კოლხურ "ტურიზმის ღვთაებას" სამი მილიონ შორტებიან და ფოტოაპარატიან დამსვენებელის მოვლინებას ევედრებოდა!
ადრე, ალბათ გახსოვთ, ხან დავით აღმაშენებელი ესიზმრებოდა, ხან ილია, ყველაზე ხშირად კი სოხუმი– აუცილებლად, ყოველ ღამე!
საერთოდ, ყოველთვის მიგრძნობდა გული, რომ მისი "ეზოტერიული პოლიტიკური" მეთოდები არც თუ ისე სასურველ შედეგებამდე მიგვიყვანდა. თუმცა ის რაც აქედან მივიღეთ მაინც გადაჭარბებულად სასტიკი მეჩვენება. მარტინ ლუთერ კინგის პრეზიდენტისეულმა პოლიტიკური სიზმრების რემეიკმა, რომელსაც შარშანდელ აგვისტომდე ხშირი პერიოდულობით გვთავაზობდა – ომის პრიზმაში გაიარა , და პირადად ჩემამდე უკვე მერლინ მენსონის** "ტკბილი სიზმრების" (Sweet Dreams) მეტამორფოზად მოაღწია:


Marilyn Manson-Sweet Dreams VIDEO
YouTube vertion

ხშირად ბევრი სხვა ქართველივით ვფიქრობ, რომ ერთადერთი ჩვენი იმედი რუსეთში 1917 ან 1991 წლის კატასტროფის ჰიპოთეტიური გამეორებაა, თუმცა როგორ მოვიქცევით ასეთ დროს ესეც არავინ იცის. მოგეხსენებათ, რუსეთში პოლიტიკური კატაკლიზმები და ცვლილებები არასოდეს იწვევენ ამ ქვეყნის მტაცებლური მადის დაქვეითებას.
ჩვენ ყოველთვის მოუმზადებელი ვხვდებოდით რუსეთის აფეთქებებს და რამოდენიმე წელიწადში მის ნანგრევების ქვეშ ვყვებოდით სწორედ იმ გეგმის უქონლობის გამო, რომელიც დღესაც არ გაგვაჩნია, ყოველ შემთხვევაში მე არაფერი გამიგია მის შესახებ. ალბათ სახელმწიფო საიდუმლოებაა და არ ამხელენ?...იმედი მაქვს! ისღა დამრჩენია იმედი ვიქონიო, რომ ამჯერად მაინც, ასე თუ ისე, გონიერი საიდუმლოებაა. ისეთი, შენახვად რომ ღირს.


ძალიან მინდა ოპტიმისტი ვიყო. ყველა ასაკობრივ ლიმიტს გადაცილებული მეოცნებე შინაბერასავით ნებისმიერი ასე თუ ისე საღი წინადადებისათვის გახსნილი ვარ. მხოლოდ არა ისეთი სისულელისათვის, თითქოს თუ თავს კარგად მოვუვლი, ბევრ ბოსტნეულს შევჭამ, არ ვინერვიულებ და ძილის წინ რეგულიარულად ფეხით ვისეირნებ, ორმოცი წლის შემდეგ თეთრ ცხენზე შემოსკუპებული ჩემი პრინცი თუ პრინცესა ბოლოს და ბოლოს აუცილებლად გამომივლის და სავარაუდოდ შევუყვარდები...
იცით? როდესაც ქართველებმა ღმერთს თავისთვის გადანახული მიწა აწაპნეს, უფალმა ისინი მეორე დღისათვის ისევ დაიბარა, ჭკუა უნდა დავარიგო და აუცილებლად მოდითო. ჩვენმა წინაპრებმა კი იმ საღამოს ახალი მიწა "დაასველეს", იმდენი დალიეს, ღმერთის პოლიფონიური სადღეგრძელოების სმაში ისე გაილეშნენ, რომ მეორე დღეს "პახმელიაზე" განძრევის თავი არც ერთს აღარ ჰქონდა. ამიტომ დავრჩით ასე, ნაჩუქარ სამოთხეში უჭკუოდ, მარადიულ "პახმელიაზე"!

რატომ წავაგეთ ომი? იმიტომ რომ 2008 წლის აგვისტომდე ყველა ქართველს გულის სიღრმეში თოვლის ბაბუის ჯეროდა: ეს ხან ოქრუაშვილი იყო, წითელი ჩაჩით და ირმებ შებმული ტანკებით ახალი წლამდე ცხინვალში შესვლას რომ გვპირდებოდა, ხან მიხეილ სააკაშვილი, ჯერ პირველი, მერე კი მეორე საპრეზიდენტო მანდატის ბოლომდე სოხუმში "თავისუფლების კარუსელების" აღმართვის ლაღი გარანტიებით.
დიადი ვარდისფერი რევოლუციის შემდეგ ჩვენ ყველანი თბილისი – სოხუმის ფანტომი მატარებლით ბიჭვინთაში გასამგზავრებლად, ჩემოდანს ყოველი უიკენდის წინ გულმოდგინეთ ვალაგებდით. მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად ვიცოდით: ცრუპენტელობა საერთოდ პრეზიდენტების პროფესიული დაავადებაა ...
ულმობელმა ჯოზეფ ბაიდენმა კი, ერთი თვის წინ გამოგვიცხადა, რომ "თოვლის ბაბუა მოკვდა და ეხლა ჩვენ თვითონ ვართ თოვლის ბაბუები"... ამით მან აქა იქ შემორჩენილ ოპტიმისტ ქართველთა დიდ ნაწილს, თავის სიცოცხლეში აფხაზეთის და სამაჩაბლოს საქართველოს ფარგლებში ხილვის იმედი ანგლო–საქსონური მარმარილოს სპეტაკი ლაკონურობით გადაუწურა... იმ "ისტორიულ" დღეს ქართლელი ლტოლვილები ეგვიპტიდან დევნილ ებრაელებად გადაიქცნენ. ბაიდენის გათვლებით მათ სწორედ 40 წელი მოუწევთ ქართულ სოციალური დახმარებისა და გულგრილობის უდაბნოში ხეტიალი, თანაც მოსეს გარეშე ... 40 წელიწადში კი ან ბაიდენი აღარ იქნება ცოცხალი და ან, როგორც დიდი მოლა ნასრედინი იტყოდა, მისი ვირი...

დიდი ხნის წინ, სკოლაში ერთი კლასელი მყავდა, არც თუ ისე გონებაგახსნილი ბიჭი, ძალიან ცუდად სწავლობდა , ისევე როგორც ჩვენ ყველა– მისი ზარმაცი თანაკლასელი, თუმცა მას ჩვენგან განსხვავებით უბრალოდ არ შეეძლო სწავლა: თავში არაფერი შესდიოდა, მისი ბრალი არ იყო ასეთი დაიბადა... მამამისი, დაბალი გამხდარი კაცი, პლეხანოვზე რომელიღაც სახლმართველობაში მუშაობდა. ორ ოთახიან ერთ ციცქნა კომუნალურ ბინაში სარდინებივით ჩაჭედილ დიდ ოჯახს გაჭირვებით არჩენდა.
ერთხელ სიმთვრალეში ამ თავის ოროსან შვილს შეპირდა, ფრიადოსანი თუ გახდები დუბლიონკას გიყიდიო. მაშინ მეშვიდე კლასში ვიყავით. ამ დღიდან მამა შვილის აქამდე დაძაბული უთიერთობა აბსოლიუტურად ჰარმონიული გახდა.
პრინციპში, ჩემმა ამხანაგმა მშვენივრად იცოდა, სადოქტორო დისერტაციაც რომ დაეცვა მისი ცილინდრიანი მამა დუბლიონკას ვერასოდეს უყიდდა, მამა კი, თავის მხრივ დარწმუნებული იყო, რომ მისი თავგასიებული შვილი ვერასოდეს ფრიადოსანი ვერ გახდებოდა, ვ ე რ ა ს ო დ ე ს!
ამ პატარა ისტორიის მორალი ცხადია მარტივი და ყველასათვის გასაგებია: კაცი იმედით ცოცხლობს, განსაკუთრებით ყალბი იმედით! ჩვენი დუბლიონკა და ხუთიანებით სავსე დღიური აფხაზეთი და სამაჩაბლო იყო... (მოგვიანებით ჩემი კლასელი დეპუტატი გახდა და თავის მამას, რომელიც სულ ახლახანს ინსულტით გარდაიცვალა, საფლავში ორი დუბლიონკა და რატომღაც საგანგებოდ ნაყიდი ახალთახალი საათი "სეიკო" ჩააყოლა.)
2.
არ ვიცი, უნდა გვეშინოდეს თუ არა მომავალი ომებისა, მაგრამ მათთვის ნამდვილად უნდა ვემზადებოდეთ.
სამწუხაროდ, არ ვფიქრობ, რომ გასული წლის აგვისტოს "ოთხი დღე, რომელმაც ხუთი დღით მსოფლიო შესძრა" ბოლო ომი იყოს საქართველოს ისტორიაში.
უნდა ვემზადებოდეთ არა მხოლოდ ტანკებით და ჯარით: საქართველოში იარაღის მოტრფიალე საუბედუროდ საკმარისზე მეტია, და ყოველთვის მოიძებნებიან ამ საქმის ექსპერტები თუ არა მოყვარულები მაინც ... ამას თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშნული "ძალიან განათლებული" ქართველი კოვბოების შთამბეჭდავი სიაც მეტყველებს. მე სხვა, პარალელურ ომზე მაქვს ლაპარაკი, რომელსაც მიუხედავად სასტარტო დიდი უპირატესობისა, ასევე წაგების პირი უჩანს, : ეს არის კომუნიკაციების ომი.


ის რომ უცხოური მედია ასე თუ ისე ჯერ კიდევ ჩვენს მხარეზეა, გარდა რუსული პარანოიკული პოლიტიკისა, უცხოელი ჟურნალისტების პირადი პატიოსნებისა და პროფესიონალიზმის წყალობაა და არა ჩვენი მუშაობის შედეგი.
მე არ ვგულისხმობ ქართველ პოლიტიკოსთა უხარისხო და უსუსურ მცდელობს: ისინი ბეჯითად უკეთებენ კონსტატაციას რუსების ყოველდღიურ ცინიზმს. ეს მათი სამუშაო და ვალდებულებაა. თუმცა, დასავლეთში საზოგადოებრივ აზრს ამა თუ იმ ქვეყანის პრობლემების მიმართ პრეზიდენტები და მით უმეტეს დიპლომატები არ ქმნიან. პრეზიდენტებს, და განსაკუთრებით უცხო ქვეყნის პრეზიდენტებს, მოგეხსენებათ მაინცა და მაინც არსად არ ენდობიან. (გამონაკლისი მხოლოდ ჯორჯ ბუშის მიმართ ქართველთა უანგარო და უბიწო "ბრეჟნევული" სიყვარული და ერთგულება იყო)
ომის შემდეგ მიხეილ საკაშვილი ფრანგული მედიის ხშირი სტუმარი გახდა. წიგნიც გამოსცა თავის ფრანგ მეგობართან ერთად. დრო და დრო გაზეთ "ლე მონდ" ში სტატიებსაც აქვეყნებს , რომლებშიც, დასავლეთში გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით,შარშანდელი ომის ლტოლვილთა რიცხვი განუწყვეტლივ მატულობს : მისი ბოლო ანგარშის მიხედვით მან 150 000 ს გადააჭარბა, ხოლო 1992 წლიდან მოყოლებულმა ლტოლვილთა საერთო რიცხვმა ნახევარ მილიონს...
მოკლედ, საქართველოს პრეზიდენტი ძალას, ენერგიას და ფანტაზიას არ იშურებს იმისათვის რომ ფრანგ ცივ სისხლიან წვრილ და მსხვილფეხა ბურჟუაზიას, ასევე იაფფასიან ბისტროებში რიკარის სმით გამობუჟრულ კრიზისისაგან აღრენილ მუშათა კლასს ცოტა პულსი აუჩქაროს... თუმცა ვერ გეტყვით რომ ეს მას დიდი წარმატებით გამოსდის.
უნდა ითქვას რომ ფრანგი ამომრჩევლის გულის მოგება არც არის მისი საქმე.ამ მრევლის სულები ნიკოლა სარკოზის ეკუთვნის კანონიერად. როგორც უკვე აღვნიშნე, სხვისი პრეზიდენტების პროფესიული ცრემლების არავის ჯერა, საკუთარს რა მოუხერხონ ის არ იციან. ამიტომ საქართველოს პრეზიდენტი რომელიმე ქართულ გაზეთში ერთხელ მაინც ერთ სტატიასაც კი თუ გამოაქვეყნებს, ალბათ უფრო მეტი დაინტერესებული მკითხველი ეყოლება, გარდა ამისა იქნებ ქართული ბეჭდვითი მედიის გულიც მოგოს, რომელსაც ასეთი პროვინციური სნობიზმით ექცევა დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა.


აურზაურის გარეშე, ნებისმიერი კონფლიქტი თუ ომი ძალიან სწრაფად ხდება "ვიკიპედიაში" დამარხულ არც თუ ისე სანდო მოგონებად. მით უმეტეს ჩვენი საარდადეგებო ომი, რომელიც გასული აგვისტოს ერთ თბილ და რომანტიულ საღამოს პლიაჟიდან მობრუნებულებმა ევროპამ tv ში აპერიტივის დროს ნახა, დიჟექტივის დროს კი ვალმოხდილმა დაივიწყა, მით უმეტეს რომ პიტერ პონივით ყოჩაღმა სარკოზიმ ისედაც ყველაფერი ორ დღეში მოაგვარა: ახტა დახტა, და ომიც შეწყდა!
დეტალებში გარკვევის დრო კი ვისა აქვს, მსოფლიოში მიმდინარე უამრავ კონფლიქტთა კონკურენციის ფონზე ... ტვ ის საყურებლად აგვისტოში არავის ცალია, მით უმეტეს შარშანდელი დავიწყებული "მინი ომის" შესახებ სერიოზული ჟურნალებში გამოქვეყნებული ურთიერთ გამომრიცხავ სტატიებში საქექად: დრო შვებულების პერიოდში ჩვეულებრივზე ორჯერ უფრო ძვირი ღირს.

საშუალო ევროპელი ზუსტად იმ დოზით განიცდის საქართველოს პრობლემებს, რა დოზითაც ქართველი ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მაგალითად დარფურისას... თუმცა შეიძლება ცოტას ვაჭარბებდე დარფურის ტრაგედიით ქართველების დაინტერესების შეფასებაში– ჩვენ ხომ უხსოვარი დროიდან ჩვენი კონკრეტული გაჭირვება გვყოფნის! თანაგრძნობის აბსტრაგირებას ვერ ვახდენთ, და პატარა ბავშვებივით ხან ტირილით, ხანაც სულელური კლოუნობითა და პრანჭვა– გრეხით ვცდილობთ დასავლური "სენტიმეტალური კომედიის" თეატრის სცენაზე მაყურებლის ყურადღების მიპყრობას.
ამ სცენაზეც ყოველთვის არ გვიშვებენ. იქ გამოსასვლელად დიდი რიგი დგას. თანაც, საკუთარ და მსოფლიო ნებისმიერი ზომისა და სიმძაფრის ტრაგედიებს მიჩვეულ გამობრძმედილ პუბლიკას ესე ადვილად ვერ აუჩუყებ გულს, ისეთი უგემოვნებო სკეჩებით, როგორიც ომის წლისთავზე წარმოადგინა საქართველომ: ინდიელებივით გორის ციხეზე ანთებული კოცონით, რუსთაველზე გამოფენილი საინფორმაციო სტენდებით, ამაყი ჩასუქებული პოლიფონიური ჩოხოსნებით, კიდევ უფრო ჩასუქებული და დამწუხრებული" ბარბერის" გეომეტრიულად "ელეგანტური"ახალგაზრდა პოლიტიკოსებით, მათი გრძელფეხება, საეჭვოდ მასიურად მწვანეთვალებიანი სევდიანი Fashion victim ქალბატონებით და რა თქმა უნდა ღონისძიების ანიმატორი დისკო პრეზიდენტით.
ეს სპექტაკლი რამოდენიმე წუთსაც ვერ ძლებს, უფრო მეტიც ის საერთოდ ვერ ხვდება ამ სცენაზე. საშუალო ევროპელისათვის, რომელსაც დღეში სულ ათი წუთი აქვს გამოყოფილი საკუთარი სულის იმ ნაწილის გასააქტიურებლად, რომელსაც თანაგრძნობის უნარი ჰქვია, გაცილებით ეფექტურია შურდულიანი პალესტინელი ბავშვები, მათი ნახევრად შეშლილი უფროსი ძმები და მამები, უცხოეთში მცხოვრები ნათესავების გაუთავებელი მანიფესტაციები, დალაი ლამა, ტიბეტელი ფეხშიშველი დასისხლიანებული ბუდისტი ბერები, ბონო, ბოლოს და ბოლოს ბილ გეიტსი, რომელმაც ქართველი წვრილმანი მილიონერებისაგან განსხვავებით, რომლებსაც ყვავისა არ იყოს, კაკალს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა თუ გააგდებინებს, მთელი თავისი ქონება ღატაკთა დახმარების ფონდად , თავი კი მთელი საბჭოთა "ექს თანამეგობრობის'' სამასხარაოდ გადაიქცია.


ეს''სენტიმეტალური კომედიის'' სცენა ამ ბოლო დროს საქართველოში არაჯანსაღად პოპულიარულ "ფეის ბუკს" წააგავს, : გამუდმებით უნდა აგროვო მეგობრები. წერო ათასგვარი სისულელე, მეგობრებს შეხვედრები დაუნიშნო ისე რომ ყველამ იცოდეს ამის შესახებ, მოყვე, თუ როგორ ხასიათზე გაიღვიძე, რა მუსიკას უსმენ, გამოაქვეყნო საკუთარი და შენი ოჯახის წევრების ფოტოები.. მოკლედ ტოტალური საყოფაცხოვრებო ეგზიბისიონიზმი ხანდახან შეფარული ეროტიულობით..., ხომ იცით, ქართველებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც " სექსი, დროგი და დედაა"... მერე კი ის, თუ რას იფიქრებენ ჩვენზე.


მამა ანტონი. მანიფესტაცია რუსეთის საელჩოს წინ. 8.08.2009(Photo P.K.)

3.
შაბათს, 8 აგვისტოს ნაშუადღევის 4 საათზე პარიზში რუსეთის საელჩოსთან, რომელიც ქალაქის განაპირას, ბულონის ტყის პირას მდებარეობს, ქართული ძველი და ახალი ემიგრაციის ორმოცამდე წევრი შევიკრიბეთ და სუსტი სევდიანი ხმით ვამცნეთ სამ გზააბნეულ იაპონელ ტურისტსა და ოცამდე პოლიციელს რომ რუსები ფაშისტები არიან და საქართველოდან უნდა გაეთრიონ. სათვისტომოს თავმჯდომარე ბატონმა ოთარ ზურაბიშვილმა მგზნებარ მოკლე სიტყვა წარმოთქვა, მერე რუსთავი 2–ის ჟურნალისტს მოკლე ინტერვიუ მისცა. ცოტა ხანს კიდევ ვიდექით, ათას რამეზე ვისაუბრეთ: ბავშვებზე, არდადეგებზე, ამინდებზე, ბოლოს 5 საათისათვის ბატონმა ოთარმა დაახვია თავისი დროშა და ტრანსპარანტები და დავიშალეთ.
საღამოს რუსთავი ორმა ტვ ში აჩვენა თუ როგორ ვაპროტესტებდით რუსეთის ოკუპაციას უცხოეთში მცხოვრები ქართველები. საერთოდ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს სწორედ ამ პატარა რეპორტაჟის მიზანსცენისათვის შევიკრიბეთ შაბათ დღეს ამ მკვდარ ქუჩაზე, ცარიელი საელჩოს წინ, რომ რეალურ დროში, საქართველოში გამართული ღონისძიებების პარალელურად დასავლურ ქალაქებშიც აგვეგიზგიზებინა პროტესტის "კოცონი".
საქართველოს პრეზიდენტის გარშემო შემოკრეფილი სხვადასხვა ეროვნების თანამედროვე რიფენშტალები დამეთანხმებიან, რომ "მასობრივი სცენის" გადასაღებად ორმოცი მანიფესტანტი, სამი დროშა და ორი მღვდელი სავსებით საკმარისია.


სხვანაირად გაუგებარია, რატომ არ გავაკეთეთ იგივე თუნდაც ერთი დღით ადრე, პარასკევს, ან ორი დღით გვიან ორშაბათს... საერთოდ ეს ქართველთა პირველი მანიფესტაცია იყო შარშანდელი აგვისტოს შემდეგ, როდესაც სამასამდე ადამიანი შეიკრიბა ამავე ადგილზე რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარების გასაპროტესტებლად. მას შემდეგ ვერ ვიტყვი რომ არაფერი გაკეთებულა: კონცერტი მადლენის ტაძარში, ტრადიციული შეხვედრა ლევილში, სააკაშვილი–გლუქსმანის წიგნის პრეზენტაცია, კლასიკური მუსიკის რამოდენიმე კონცერტი, ქართველ არტისტთა გამოფენა ნანტში...შესაბამისი უხვი ქართული ''ბუფეტით" მწვადით , ხაჭაპურით ღვინით...უამრავ ხალხი ესწრებოდა ამ ღონისძიებებს... იქნებ ღირდეს საფრანგეთში რუსეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამწვადე გავხსნათ და ამით მაინც მოვიზიდოთ საქართველოს გულშემატკივრები მომავალი წლის 8 აგვისტოს..


იმ საღამოს ფრანგული საინფორმაციო გამოშვებები ერთხმად გადასცემდნენ, რომ ომი საქართველომ დაიწყო და რუსეთი მხოლოდ კონტრშეტევაზე გადავიდა, ცხადია ჩვენი არმიის მიერ ღამის ცხინვალის დაბომბვის შემზარავი კადრების თანხლებით... მაგალითად საზოგადოებრივმა არხის(France2) ერთ წუთიან რეპორტაჟში სამი ჩვენთვის "წამგებიანი" ეპიზოდი იყო:
1. ომი დაიწყო საქართველომ.
2. პრეზიდენტი სააკაშვილი არის ამერიკელების "შუშუ" (chouhou (ფრ) საყვარელი,რჩეული. პრეზიდენტთან მიმათებაში სულ ცოტა ირონიულად ჟღერს)
3. "მიუხედავად ამხელა ტრაგედიისა ქართველებში
ნაციონალისტური მუხტი არ განელებულა": ანახებენ დაღუპული ჯარისკაცის მეუღლეს, რომელიც აცრემლებლი ამბობს რომ ამაყია მისი მეუღლის მისი მეუღლე სამშობლოსათვის დაეცა გმირული სიკვდილით!...


ერთ წუთიან რეპორტაჟში აგრესია, ამერიკელების" შუშუ" და ნაციონალიზმი არის სამი ელემენტი, რომლებიც საშუალო ფრანგისათვის, და საერთოდ დასავლეთ ევროპელისათვის საკმარისია, რომ შენი ტრაგედია მისთვის უცხო გახდეს... სამწუხაროდ ეს არ იყო გამონაკლისი– ყველა არხი იგივეს გადასცემდა, ფრანგული ევრონიუსის ჩათვით. გორსა და თბილისში მოწყობილი საბჭოთა არომატიანი ღონისძიებების მსგავსი სპექტაკლები კი თანაგრძნობას არ იწვევს ევროპაში.


სპექტაკლი, თუ აუცილებელი იყო მისი გამართვა მოკლე თავდაჭერილი ცერემონია უნდა ყოფილყო და არა რაღაც ევროპული კლასიკური მუსიკისა და ქართული ფოლკლორის ნარევი საიუბილეო საღამო. საერთოდ ჩემი აზრით თარიღებზე და იუბილეებზე ობსესია ერთ ერთი ის მცირე "სენია" რაც სსრკ დან ჩვენ და რუსებს საერთო სემოგვრჩა.

გაუგებარია, რა საჭირო იყო ომის დაწყების "საიუბლეო"საპროტესტო აქციის კარიკატურის გამართვა რუსეთის ცარიელ საელჩოსთან უკაცრიელ აგვისტოს პარიზში , როდესაც ათასი გაცილებთ უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა გასული წლის განმავლობაში სნობური გულგრილობით ვერ კი შევამჩნიეთ , მაგალითად საერთაშორისო დამკვირვებლების სრული კრახი, რუსების მიერ ერთი ხელისმოსმით ორგანიზებული ჩვენი უბედური თანამემამულეების მარტოობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ამ საერთაშორისო უსინდისო ორგანიზაციების კარებეს მტვრევის ნაცვლად, კლასიკური მუსიკის კონცერტებს ვუმართავდით ჩვენს მეგობრებს, რომლებსაც რუსთავი 2 თავის ფრანგულ რეპორტაჟებში პარიზულ ელიტას უწოდებს. მათ ჩვენი თანაგრძნობა ბრამსის მხიარული აკომპანიმენტის გარეშე რატომღაც არ შეუძლიათ... ეს თავისთავად ცუდი ალბათ არ არის, რას გაიგებ: პარიზის "ელიტა" არც ისე მარტივი და ყოველთვის "ორიგინალურა".


კიდევ კარგი ვალერი გერგიევი არ ჩამოსულა ჯერ თავისი "ცხინვალის სიმფონიით". წარმომიდგენია რა უცებ გადაბარგდებოდა ჩვენი კლასიკური მუსიკის მოყვარული პრიზული "მუსიკალური ელიტა" შანსელიზის თეატრში ან ოპერა გარნიეში. მადლობა ღმერთს, ემირ კუსტურიცასაც ჯერ ჯერობით არაფერი გადაუღია ცხინვალში...


საქართველოს სათვისტომოს საფრანგეთში რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების დაპყრობის ოფიციალურ დღეს 26 აგვისტოს რუსეთის საელჩოს წინ აღარაფერი დაუგეგმავს . როგორც ჩანს მომავალი წლის აგვისტომდე თავისუფლები ვართ. არა და ამ დღეს მანიფესტაცია გაცილებით ეფექტური იქნებოდა. საელჩიოს თანამშრომლებიც შენობაში იქნებოდნენ, და საერთოდ, ამ დროს პარიზი გაცილებით უფრო ცოცხალი და ხალხით სავსეა ვიდრე 8 აგვისტოს...
საპროტესტო აქცია არც ერთ დიდ ქალაქში არ შემდგარა. განა უსაფუძვლო იქნება მეჩვენებოდეს, რომ ყველა საპროტესტო აქცია ოფიციალური თბილისიდან იმართება სათვისტომოების საშუალებით. როგორც ჩანს საზოგადოებასთან ურთიერთობის მისტიურმა "სამმართველომ" არ ჩათვალა საჭიროდ 26 აგვისტოს პლიაჟებზე გაფანტული თანამემამულეების შეწუხება. ან , რაც უფრო სარწმუნოა 26 აგვისტო რაღაც საიდუმლო, სირაქლემას საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ქვიშაში თავი ჩაჰყო და თვითონაც დაივიწყა რა მოხდა ამ დღეს, საღამოს კი ბათუმში მეგა კონცერტით აღნიშნა აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის ეს ალტერნატიული "სირაქლემას დღესასწაული".

2008 წლის 26 აგვისტო ბევრად უფრო ტრაგიკულია ვიდრე 8 აგვისტო, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ რაღაცის იმედი გვქონდა. ბევრი ჩვენთაგანი კი საერთოდ ბედნიერიც იყო ცხინვალის აღებით.
26 აგვისტო ჩვენი დამარცხების, სადისტური დამცირების თარიღია. ამ დღეს, რუსეთმა ოთხდღიან ომში დაღუპულ ქართველ მეომართა ცხედრებზე, ლტოლვილთა გაცამტვრებულ ნასახლარებზე, ჩვენს ღირსებაზე, ნერვების ნარჩენებზე გამარჯვებულის დროშა ააფრიალა...

4,
le pays à la peau de panthère…
საქართველო: ქვეყანა ავაზას ტყავში
***
რადიო "France Coulture"
გადაცემა: კონტრ ექსპერტიზაა 17.აგვისტო.2009
წამყვანი მარტინ კენენი
სტუმრები:რაფაელ გლუქსმანი, ბერნარდ დრეანო, ნინო კირთაძე
გადაცემის ქუდი (Jingle):
"რუსული დათვის პირისპირ, მიშად ცნობილ საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩანს გასულ ზაფხულს ლეგენდარული ვეფხისტყაოსნის ( რაინდი ავაზას ტყავში) ეპოპეა უნდოდა გაეთამაშა. ამ უკანასკნელმა უცხოელ მეფესთან ბრძოლას, მთელი საკუთარი არმა შეაწყვიტა, მიშამაც საუბედუროდ ბრჭყალები წაიმტვრია მედვედევისა და პუტინის ტანკებზე. დღეს კავკასიის ეს ამაყი ქვეყანა: რომლის დევიზია " დზალა ერტობასია" იძულებულია შეეგუოს თავისი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვას, რუსეთის პროვოკაციებს , და აგრეთვე დაუნდობელ და მედიატიზირებულ შიდა ოპოზიციას... "გადაცემის ამ მოკლე "ქუდიდან" კიდევ შევიტყვე, რომ "გეორგია"(Géorgie), თავის სახელს უნდა უმადლოდეს ერთ ჯარისკაცს, რომელიც დრაკონს შეებრძოლა, აკუწა, თვითონ კი დაიღუპა, თავი გასწირა სამშობლოს გასათავისუფლებლად...
... ჯარისკაცი გიორგი!... ღმერთო ჩემო!... კიდევ რამდენი წელი უნდა უნდა მასმენინო ეს სისულელეები ფრანგულ მედიაში, ნუთუ ოდესმე დამთავრდება ჩემი ტანჯვა?!


გადაცემის წამყვანი, მარტინ კენენი, გარდა იმისა, რომ აბსოლიუტურად იდიოტური "ქუდი" შეთხზა გადაცემისათვის, და დრო და დრო არც თუ ბრწყინვალე კითხვებს სვამდა, პრინციპში არაფერ შუაშია. ის მთელი ზაფხულის განმავლობაშიამ ყოველ საღამოს შტამპავდა თავის გადაცემას და აგვისტოს ამ დღეს 40 წუთი საქართველოსაც დაუთმო.
მე არ ვიცი სად ამოიკითხა ამდენი სისულელე და არც მაინტერესებს. მე უფრო მინდა გავარკვიო შეეძლო თუ არა სადმე მოეპოვებინა მოკლე კონკრეტული სწორი ინფორმაცია დიდი დროის დაკარგვის გარეშე.
ყოველ საღამოს ტოკშოუს წაყვანა, რომელიც ათასნაირ თემას ეხება ჯოჯოხეთური შრომაა და დამეთანხმებით შეუძებელია რამოდენიმე დღე დაკარგო მასალების მოპოვებაზე, რომლებსაც მეც კი, წლების განმავლობაში, მოყვარული ფილატერისტი პატარა ბიჭივით ვაგროვებ აქეთ იქით. ქართულ საინფორმაციო საშუალებების უფრო "ოპერატიულობას" დიდად არც ვარდების რევოლიუცია შეეხო და არც თავბრუ დამხვევი ტექნოლოგიური პროგრესი.
ქართული ყოველდღიური პრესა ინტერნეტში თითქმის არ არსებობს(თუმცა, საერთოდ რომ არსებობს პრეზიდენტის ცნობილი განცხადებების შემდეგ, უკვე გასაკვირია).. რამოდენიმე ცუდად გაკეთებული საიტი კი შაბათ კვირას ისვენებს და ისედაც , დღეში სულ რამოდენიმე მოკლე ინფორმაციას დებს იმის მიხედვით თუ ვის თანაუგრძნობს. ქართული ახალი ამბები ისევ რუსულ ძაილან სწრაფ საიტებში უნდა ეძებო, მერე ინფორმაცია ამოატრიალო და იმედი იქონიო რომ სწორედ გამოიცანი მათ მიერ დამახინჯებული ამბავი. ინფორმაციის გავრცელების ესეთი დონე 2009 წელს სირცხვილია და ამას არავითარი გამართლება არა აქვს.


ზემოთ ხსენებულ გადაცემაში თვით სააკაშვილის პირად მრჩეველ გლუკსმანსაც კი ეტყობოდა, რომ ურთიერთ გამომრიცხავი იმფორმაციის მხოლოდ იმ დოზას ფლობდა, რასაც მას რამოდენიმე სვეტიანი სამთავრობო ინგლისურენოვანი საიტები და პრეზიდენტის ინგლისურენოვანი გარემოცვა სთავაზობენ. მისი მთავარი"ჯოკერი" რეგიონის სხვა ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და ყირგიზეთთან(?) შედარებით დემოკრატიის მაღალი ხარისხია...რაც როგორც ჩანს საკმარისზე მეტი გონია ისეთი უბრალო და გულღია კეთილი ხალხისათვის, როგორიც ქართველები არიან. იმედი მაქვს მისი უანგარო დახმარების წყალობით თურქმენეთთან უპირატესობას კიდევ კარგა ხანს შევინარჩუნებთ.


მიუხედავად შეუდარებლად მეტი დამაჯერებლობისა და საფრანგეთისათვის ძალიან რისკიანი, მაგრამ გამართლებული და ზუსტი ემოციუობისა, არც ნინო კირთაძე ჩანდა ლოგიკური არგუმენტებით ზურგ გამაგრებული – მე მისი ძალიან კარგად მესმის : რამოდენიმე თვის წინ თავად ვიყავი მიწვეული ამავე არხის ტოკ შოუში მხატვარ გელა წულაძესთან ერთად და იგივე პრობლემის წინაშე დავდექი: ყოველ ჯერზე აბსოლიუტური ნულიდან გიწევს ახსნა განმარტების მიცემა. მით უმეტეს ჩვენი გადაცემა თანამედროვე ქართულ კულტურას შეეხებოდა... ეს კი ომზე ბევრად უფრო რთული თემაა.


სანამ ფრანგულად მოსაუბრე ქართველების აღმოჩენით გამხიარულებულ და აღფრთოვანებულ ანიმატორს ბაზობრივ ინფორმაციას აწვდი  შენი ქვეყნის შესახებ, გადაცემის დრო ულმობლად გარბის. ბოლოს აღმოაჩენ,რომ ზუსტად ის ილაპარაკე რომელიც უკვე ათასჯერ გაქვს ნათქვამი საქართველოთი პირველად დაინტერესებულ ყველა ჟურნალისტისათვის: როგორც მაგალითად თხუთმეტი წლის წინ: როდესაც იგივე ნინო კირთაძე და მე პირველად მოვხვდით ფრანგულ საზოგადოებრივი არხის საკმაოდ ცნობილ გადაცემაში "კულტურის წრე''. მაშინ მისმა ავტორმა, ფრედერიკ მიტერანმა (დღევანდელი კულტურის მინისტრი) სული ამოგვხადა იქ შეკრებილთ სტალინის წარმოშობის გამო ბოდიშების ხდით, ასევე  ფარაჯანოვის, საქართველოს ბუნებისა და ღვინის ქება დიდებით, ჩვენ ძირითადად კვერს ვუკრავდით მის ახალშეძენილ სიმპათიურ ცოდნას, დასავლეთისათვის მაშინ ჯერ კიდევ სრულიად უცნობი ჩვენი სამშობლოს შესახებ.
გასაგებია: 90 წლებში ინფორმაციის მისაღებად არც ინტერნეტი არსებობდა და არც i Phon . საქართველოშიც , კორუმპირებული, განგსტერული ტირანია, და უნიკალური, ერთდროოულად მონათმფლობელური, ფეოდალური და ბოლშევიკური წყობა იყო.. დღეს, რა თქმა უნდა ყველაფერი გაიოლებულია. მაგრამ ისევ და ისევ ჩემი კომპიუტერის, სკაიპის, ჩემი ტელეფონის და არა ახალი გზებივით დაგებული ვარდისფერი კომუნიკაციების ქსელის წყალობით.


პრინციპში, ეს რადიო გადაცემა კარგი და ძალიან სასარგებლო იყო, მაგრამ სამწუხაროდ იშვიათი და არასაკმარისი.


გასული წლის "მოკლემეტრაჟიანი" ომის დამთავრებიდან ერთი წლის თავზე, არ არსებობს სულ რამოდენიმე გვერდიანი უფასო ბროშურც კი, რომელიც მოკლედ ზუსტი ციფრებით, თარიღებით, ისტორიული ფაქტებით აუხსნიდა დაინტერესებულ ადამიანს ჩვენს ტრაგედიას. მე არ მჯერა რომ რამოდენიმე ძირითად, თუ არა ყველა ევროპულ ენაზე ბროშურისა და სათანადო ინტერნეტ საიტის შექმნის ბიუჯეტი საქართველოს არ გააჩნია. და თუ ეს ასეა, მაშინ კეთილ ინებონ და სახელმწიფო ფუნქციონერებმა თითო ვარსკვლავი მაინც მოაკლონ თავიანთ სასტუმროებს დასავლეთში მივლინებისას. თუმცა დარწმუნებული ვარ ასეთ "მსხვერპლის'' გაღება ნამდვილად არ არის საჭირო, საკმარისია მხოლოდ შესაბამისი ფუნქციონერთა ნება, და სულ რამოდენიმე ადამიანი,არც თუ ისე ასტრონომიული ჯამაგირით, ვინც ზუსტად იმ საქმეს გააკეთებს, რაც მართლა საჭიროა და რასაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სწორი მართვა ქვია. საკმარისია ამ საქმეს მოაცილონ უცნაური კრიტერიუმებით დანიშნული კადრი, რომლიც ფიქრობს, რომ ფიროსმანის ნახატებით, ზეზვათი და მზიათი, სისხლის მორევიდან დაბადებულ ბებერ ევროპას გაყინულ არისტოკრატულ გულს გაულღობს.


მე რა თქმა უნდა არ ვითხოვ, რომ აირზენას თვითმფრინავებმა პარიზის თავზე პროკლამაციები გადმოყაროს კვირაში ორჯერ. საქართველოს ასიათასობით უფასო "პიარ აგენტი" ჰყავს გაფანტული მსოფლიოში ემიგრანტების სახით. რომლებსაც თავიანთი სახელმწიფო მინისტრიც კი ჰყავთ( თუმცა მე ნამდვილად არ მესმის რას ან ვის ემსახურება ეს სამინისტრო). ნუთუ ძნელი მისახვედრია, რომ ამ ადამიანებს ბევრად უფრო მეტი ''პროკლამაციის'' გავრცელება შეუძლიათ ვიდრე თუნდაც აირზენას თვითმფრინავებს?


დასაწყისისათვის, ბროშურების დაბჭდვა, ისეთი საიტების გახსნა მაინც ხომ საჭიროა, , რომელის ყველდღე განახლებად ინფორმაციაშიც ძალიან სასურველი იქნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაადგილების ვარდის სურნელოვანი ფურცლებით მოფენილი ყოველდღიური მარშუტი კი იყოს აღწერილი, არამედ ის ბარბაროსობა, რასაც რუსული არმია ყოველდღიურად ჩადის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს დღევანდელი პიარი კი ძირითადად პრეზიდენტისა და მისი გუნდის ქმედებებების,მათი პოლიტიკის გამართლებაზეა მიმართული, მათ შორის აღნიშნული ზემოთ ნახსენები რადიო შოუს მნიშვნელოვანი ნაწილიც. მაგალითად ინტერვიუში მოყვანილი ნინო კირთაძის ფილმის ( ტვ პრემიერა ნოემბერში შედგება) საუნდის სამი ნაწყვეტიდან ორში


მიშას ( მთელი გადაცემის მანძილზე საოცარი უბრალო ფამილიარობით მოიხსენიებენ საქართველოს პრეზიდენტს შინიაურულად: მიშა!) ხმა გვესმის, ერთ ერთში, თუ როგორ ხელმძღვანელობს მთავარსარდალი სააკაშვილი ომის დროს მობილური ტელეფონით თავის ხელქვეითებს...საერთოდ ძნელად წარმოსადგენია მთავარსარდალი ლაივში მუშაობდეს ომის დროს უცხო ქვეყნის ტვ ის თანდასწრებით. რა თქმა უნდა არც ერთი რეჟისორი არ გაუშვებდა ასეთ იშვიათ შესაძლებლობას ხელიდან. ნინოს კი საერთოდ უნიკალური ნიჭი აქვს ცნობილი პოლიტიკოსების ცდუნებისა: შევარდნაზე, ბაბურინი, ეხლა კი სააკაშვილი, არ შეიძლება ამ ნიჭის არ შეგშურდეს, მით უმეტეს, თუ ჩემსავით მცირე შეხება გაქვს დოკუმენტალურ ჟანრთან.


ვერავინ დამაჯერებს, რომ საქართველოს, უცხო ენაზე გამოცემულ გაზეთის ან ჟურნალის თუ არა, ზემოთ ნახსენები მარტივი საინფორმაციო საშუალებების შესაქმნელად ფინანსური საშუალება არა აქვს. მათი არ არსებობა ჩემთვის აღმაშფოთებელია . ისევე, როგორც ასი ათასობით ევროს ხარჯვა მაღალი დონის, მაგრამ მხოლოდ ვიწრო წრისათვის გაკუთვნილ პიარ აქციებზე, როდესაც ელემენტარულ, მარტივ ინფორმაციის თავმოყრას და იაფად გავრცელებას ვერ ვაბავთ თავს. აღარაფერს ვამბობ დოკუმენტალურ მასალაზე რომელიც ყველასთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი, და არა მხოლოდ საქართველოში აკრედიტირებული ელჩებისათვის, რომლებსაც 8 აგვისტოს, როგორც შევიტყე " პოდაროჩნი ნაბორი" გაუკეთეს ახალგამოცემული წიგნითა და ვიდეო მასალებით, სწორედ იმ დროს როდესაც მე პარიზის ცარიელ რუსეთის საელჩოსთან ჩემს ორმოც თანამემამულესთან "ცოტნე დადიანივით" მორცხვი ჩურჩულით "ვყვიროდი", რომ რუსები ფაშისტები არიან.
ზემოთ ნახსენები ნინო კირთაძის ფილმი დარწმუნებული ვარ როგორც ყოველთვის კარგი ფილმი იქნება. მაგრამ ის ფრანგული პროდუქციაა და არა ქართული.

მე არ მინახავს ერთი ქართული დოკუმენტური ფილმიც კი, რომელიც ამ ომს ასახავდა.არ წამიკითხავს არც ერთი წიგნი. ზემოთ ნახსენები წიგნიც კი ამერიკულია, როგორც შევიტყე..იქნებ არსებობს კიდეც.. არ ვიცი. და სწორედ ამაშია პრობლემა, ეს არის ჩვენი კომუნიკაციების უსუსურობის, ცუდი მუშაობის ნიშანი: საკუთარი ძალებით თუ არ მოვიპოვე, ზუსტად ისე როგორც მეგობრების მიერ თბილისიდან გამოგზავნილი ხმელი სუნელი, ისე ვერასოდეს მივაგნებ საჭირო მასალებს, რომ საკუთარი ძალებით მაინც გავავრცელო.

დასავლეთში მცხოვრები ქართველები რაღაც განუვითარებელ, შუასაუკუნეების შიკრიკებად გამოვიყურებით, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის მანძილზე. ჩვენი ქაოტური და ტყემალივით მძაფრი სიმართლის დამტკიცება მხოლოდ სიტყვიერად შეგვიძლია, რაც წარმოუდგენლად ძნელია. მით უმეტეს მოჭარბებული აგრესიული ტემპერამენტისა და საერთოდ ვერბალური კულტურის უქონლობის გამო: მესამე წინადადებაზე თვალებგადმოკარკლულნი უკვე მძიმედ ვსუნთქავთ, მეექვსე წინადადებაზე ხმას ვუწევთ, მეათეზე კი მშობიარე ქალებივით ვღრიალებთ – ამის ნათელი დადასტურება ჩვენი პოლიტიკური ელიტაა, პრეზიდენტის ჩათვლით რა თქმა უნდა.
ჩვენი საშუალებები, როგორც აღვნიშნე ძალიან შეზღუდულია საქართველოდან დახმარების გარეშე.
შესაძლოა ვინმეს ეჩვენებოდეს რომ ვჭარბებ, რომ ცივილიზებური სამყარო ისედაც უპრეცედენტო მხარს გვიჭერს, რომ დასავლელი მოსახლეობა ჩვენს გვერდით არის და ა.შ... ეს ტყუილია. დასავლელი მოსახლეობა არასოდეს არავის გვერდით არ არის თუ ის არ აიძულე რომ იყოს. დასავლეთი ყოველთვის ცდილობს თავი დაიძვრინოს ახალ კონფლიქტებში ჩართვისაგან. ამას დახმარების გადახდა ურჩევნია: რა თანხაც არ უნდა გადაუხადოს დახმარების სახით ქვეყანას, მაინც გაცილებით ნაკლები იქნება იმ დანახარჯებთნ შედარებით რაც მის ინტერესის ზონაში კონფლიქტში ჩართვამ შეიძლება მოუტანოს. ამერიკის ინტერესები გაცილებით დიდია რუსეთთან მიმართებაში ამიტომ გაცილებით მეტს იხდის, რა თქმა უნდა.

საქართველოში ომის გაგრძელება კატასტროფად შემოუბრუნდებოდა ევროპას და ახლად არჩეულ სარკოზის. რუსეთთან ურთიერთობების სერიოზული ცვლილებები შეუდარებლად მეტად დააზარალებდა ევროპას, ვიდრე ის რამოდენიმე ასეული მილიონი ევრო, რომელიც პირზე სკოჩივით აგვაკრეს, რომ რაიმე საყვედური არ დაგვცდენოდა.
შეხედეთ სილვიო ბერლუსკონის, რომელიც პუტინისაგან ბალდახინიან მოოქროვილ საწოლს იღებს საჩუქრად: წააგავს იმ კაცს რომელიც საქართველოში დანგრეული რამოდენიმე სოფლის გამო "მეგობარ ვალოდიასთან" ურთიერთობას გაიფუჭებს? ან გდრ ში გაზრდილ ანჰელა მერკელს, რომელიც ჩვენი ტერიტორიების დაპყრობიდან , რამოდენიმე თვის შემდეგ გარმანიის აკადემიის ორდენი ჩამოჰკიდა ჩვენს ჩრილოელ მანიაკს. ან, რამოდენიმე წლის წინ, "კურსკის", ჩეჩნეთის, ნორდ ვესტის და ბესლანის "მოყომარებისთანავე" ვინ თხოვა ჟაკ შირაკს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდერი გადაეცა ამ მკვლელისათვის? ჰერარდ შროდერზე აღარაფერს ვამბობ,იმედი მაქვს ეს კაცი ოდესმე ციხეში დაამთავრებს თავის კორუმპირებულ კარიერას.
არ გეჩვენებათ, რომ ეს ადამიანები კუთხეში თუ არ მიიმწყვრე ისე არასოდეს მოგაქცევენ იმაზე მეტ ყურადღებას ვიდრე თვითონ სურთ? მათი კუთხეში მიმწყვრევა კი ძალიან ძნელია. რუსეთს გაცილებით გაუჭირდება ბალტიის ერთ ციცქნსა რესპუბლიკებს რამე გაუბედოს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იქ ის დემოკრატია, რომელის აშენებასაც ასე თხოვდა ბაიდენი სააკაშვილს და მის ოჯახის წევრებს უკვე აშენებულია. და მათ ეს ძალიან სწრაფად მოახერხეს. უბრალოდ ძალიან უნდოდათ და ამიტომ სამასი წელი არ დასჭირდათ. ჩვენ კი ჯერ კიდევ ვფიქრობთ, "დიდები რომ გავიზრდებით, პოლიციელები გამოვიდეთ, მეზღვაურები თუ ნაყინის გამყიდვლები."

სეპარატისტულ რეგიონებთან ჭაობივით აშმორებულ თხუთმეტ წლიან სტატუს კვოს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა შევარდნაძის დიპლომატიის სამარცხვინო მარცხი, – არ შეეძლო ადრე თუ გვიან აფეთქება არ გამოეწვია.
შევარდნაძეს სააკაშვილისაგან განსხვავებით, ეშინოდა ომის, რადგან მან სისხლის პოლიტიკური ფასი ჯერ კიდევ ავღანისტანში გაიგო. პრობლემის დიპლომატიურად გადაჭრის უნარი კი, მიუხედავად ბაზობრივად უდავოდ შესანიშნავი გონებრივი მონაცემებისა, არც ერთს არ აღმოაჩნდა.
ჩემი აზრით შევარდნაძეც და სააკაშვილიც დროში აცდენილნი იყვნენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ ძალაუფლებამ დააკისრა. ერთის გონება ძალიან "დაბერებული "იყო თანამედროვე მსოფლიო კონტექსტისათვის, მისი შესაძლებლობები ბერლინის კედელთან ერთად ჩამოინგრა, მაგრმ არ დაიჯერა. არ მოინდომა დაენახა, რომ მისი მეგობრები და კოლეგები ამერიკელებიც და რუსებიც ყველანი ან იმ ქვეყნად წავიდნენ, ან პენსიაში . და არა მხოლოდ ასაკის გამო. უბრალოდ ეპოქა, ციკლი დამთავრდა.

სააკაშვილის დიდ პოლიტიკაში მოსვლის დროს კი, მისი თაობა და მეგობრები , ჯერ მხოლოდ დისკოთეკებზე დარბოდნენ სამსახურის ან ლექციების შემდეგ ექსტაზითა და პლანით ტვინარეულები... მას არ გააჩნდა და დღესაც არ გააჩნია საკმარისი სიბრძნე ქვეყნის სამართავად. ხანდახან მეჩვენება, რომ ის ჯერჯერობით მხოლოდ რაღაც უნიკალურ და უცნაურ პრეზიდენტობის სტაჟს გადის, ჯერ კიდევ სწავლის პროცესშია, რომ მერე ნამდვილი პოლიტიკური კარიერა გაიკეთოს: მაგალითად მას ჯერ კიდევ არ უსწავლია, რომ ტელევიზიით მისი "მოსწორებული გზებისა და ბილიკების" ყოველი სანტიმეტრის პალმებიანი "ოსანათი" ჩვენება, ადამიანებში 70–80 წლების საბჭოთა ქრონიკის მძაფრ სუნიან მოგონებებს აღძრავს. ამის კლასიკური მაგალითია 29 აგვისტოს მისი მუხრან მაჭავარიანთან იმერეთში სტუმრობის კომიკური გრძელი "სკეჩი" რუსთავი 2 ზე.
სამწუხაროდ ანალოგიის აღმოჩენით შეშინებული ქართული ტვ არხები მსგავს საბჭოთა ქრონიკებს არ აჩვენებენ. ამდენად ახალგაზრდებს შესაძლოა ეს უგემოვნებო და უთავმოყვარეო კადრები არაფერს აგონებდეს, მაგრამ დასავლეთში, ნორმალური არხები დღემდე უჩვენებენ ამ პერიოდის ამსახველ დოკუმენტურ ფილმებს და ტელემაყურებლები საბჭოთა ლიდერების რუსთავი2 ისეულ კადრებზე გულიანად ხითხითებენ, ჩვენს ევროპულობაზე კი ისთივე აზრი უყალიბდებათ, როგორიც ერიკ ჰონეკერის გერმანიაზე: მოგეხსენებათ ევროპის ამ ნაწილს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ერქვა. ასევე სამწუხაროა, რომ იუმორის ისეთ დაუშრეტელ წყაროს როგორიც ჩვენი " ბესტერ კიტონივით" პრეზიდენტია, არავინ იყენებს საქართველოში.

საქართველო ძალიან მატრივად რომ ვთქვა, დაკარგული, დროში გზააბნეული პრეზიდენტებისა და მათი გუნდების მსხვერპლი გახდა. ეს მართლაც ძალიან ადვილად დასანახი იყო დასავლეთისათვის, სამივე პოსტსაბჭოთა პრეზიდენტის შემთხვევაში.

ზემოთ აღნიშნულ რადიო გადაცემაში, ნინო კირთაძემ აღნიშნა კიდეც,რომ სააკაშვილი იდეალისტი და მეოცნებეა.
მე ხშირად გამიგია ეს შეფასება. და ის ყოველთვის მაშინებდა. დღესაც, არ მინდა დავიჯერო, რომ საქართველოს მეოცნებე, ინფანტილური ახალგაზრდა მართავს და არა პრაგმატული, ძლიერი ზრდასრული პიროვნება... თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ გაცილებით უფრო კატასტროფულ მდგომარეობაში ვყოფილვართ ვიდრე ჩვენ გვგონია. ყოველ შემთხვევაში სარკოზის და ბერლუსკონის მეოცნებეებთან ნამდვილად არაფერი ესაქმებათ და ეს ყველაზე კარგად თავად ჩვენს "იდეალისტ" პოლიტელიტას უნდა ესმოდეს.

საკვირველია, მაგრამ "მოდა" იდეალისტებისა და მეოცნებეების შესახებ თავად სააკაშვილმა შექმნა. ეს სწორედ იმ სიბრძნის უკმარისობის შედეგია, რომელიც არც დიპლომებს მოაქვს და არც რამოდენიმე წლის მანძილზე დასავლეთში ცხოვრებას. ეს სიბრძნე მხოლოდ გრძელი და აუცილებელი გამოცდილების ორად ორი წვეთია, რომელიც "ცხოვრების ნახევარგზაზე", როგორც დანტე იტყოდა, ბოლომდე ავსებს და სრულყოფილს ხდის ახალგზრდობიდან გამოყოლილ ინტელექტუალურ, საუნივერსიტეტო აკადემიური ცოდნის თასს, და ადამიანის ყველა ასაკს უნიკალურობის სტატუსს, ფუნქციას ანიჭებს. ეს სიბრძნე ძალიან იშვიათია 40 წლამდე მამაკაცში.თუმცა არც 40 ის შემდეგ არის ძალიან ხშირი... ისეთი ქვეყნის მართვა კი, როგორიც 21 საუკუნის "გაუგებრობაში" მოხვედრილი საქართველოა , ამ სიბრძნის გარეშე მე შეუძლებლად მიმაჩნია.

სამწუხაროდ , უნდა ითქვას, რომ არც საქართველოში იკლავენ თავს ისინი, ვისაც ასე თუ ისე შეუძლია სახელმწიფო პოზიციაზე მუშაობა გარკვეულ მეთოდში მოაქციოს: უკეთეს შემთხვევაში ისინი, ისევე, როგორც საქართველოს ინტელექტუალური ფრონტის ვარდისფერი პიტბულები , სხვა, უფრო "ღრმა" თემებით არიან დაკავებულნი: მაგალითად რა უყონ სტალინის ძეგლს... (ჰო, მართლა, სხვათა შორის: რა თქმა უნდა უნდა დატოვონ! მე ბერიას ძეგლსაც აღვადგენდი და სერგო ორჯონიკიძისაც– პავლოვზე, იმისათვის, რომ თითქოს LSD გადაყლაპული ქართველების ფსიქოდელიური მახსოვრობა ცოტათი გამომეფხიზლებინა, მაგრამ მე წმინდა ''ფეის სექტის'' აქტიური წევრი, ასე ვთქათ " ფეის მასონიც" კი არ გახლავართ, მე ვინ დამიჯერებს...

ასევე ძალიან აღელვებთ ლიუსტრაციის კანონის მიიღების ტემპები, რომ მერე, კოლაბორანტი საზოგადო მოღვაწეებით სავსე თბილისის მრავალრიცხოვანი დიდი და მინი პანთეონები ბულდოზერებით გადათხარონ...მართალია ალბათ ბევრი მათგანი საკუთარი წინაპრების ძვლებსაც ამოაყოლებს, მაგრამ რაოდენიმე ფაილის წაშლა უშიშროების არქივის კომპიუტერში დღეს რა პრობლემაა...ძვლებს კი, ფულისა არ იყოს სუნი არა აქვთ... მერე ვინ იცის, მოსუფთავებულ და მოასფალტებულ "ეროვნულ კულტურულ სივრცეში" იქნებ "არწივის გალიაში შეფრენილი ჩვენი გუგულივით" პრეზიდენტი საქართველოს მთავარ და ერთად ერთ პოეტადაც გამოაცხადონ განსვენებული თურქმენ ბაშასავით.
***
ქართული დიპლომატიაც რაღაც "Duty free" თუ "ბუფერულ ზონის" მსგავსს მოსაცდელად ჩამოყალიბდა , საიდანაც ეკონომიკაში "კარგად გარკვეულ" ელჩებს, ისე არჩევენ, როგორც ცეზარის ცერი თითით ადრე თუ გვიან სასიკვდილოდ განწირულ გლადიატორებს. არავინ იცის როდის და რა მომენტში გამოიძახებენ თბილისში "ს ვეშამი". რა თქმა უნდა, მათ ელემენტარულად დრო არა აქვთ რაიმეს ორგანიზების...

მე კი ყოველთვის მეგონა რომ ინვესტიციებსა და ეკონომიურ საკითხებზე საელჩოს ეკონომიკის ატაშე უფრო უნდა ზრუნავდეს. ელჩის ცოდნა, ენერგია და პროფესიული პრიორიტეტები კი უფრო დიპლომატიას უნდა უკავშირდებოდეს... თუკი ქართველ დიპლომატებს ეკონომიკის სფეროში განსაკუთრებულ ნიჭსა და თავის გამოჩენას სთხოვენ, მაშინ იქნებ ამითაც აიხსას ამ წერილში დასმული კითხვები...იქნებ სწორედ ეს ორიგინალური დიპლომატიური პრიორიტეტია ერთ ერთი მთავარი მიზეზი, ჩვენი დანარჩენ მსოფლიოსთან კომუნიკაციის დაბალი დონის?

მაშინ, იქნებ საელჩოები სავაჭრო პალატებად გადაგვეკეთებინა... რა საჭიროა დიპლომატია, ამ სფეროში ჩვენი მეგობარი ქვეყნები ჩვენს გასაკეთებელ მინიმუმს უჩვენოდაც გააკეთებენ. ჩვენ კი ინვესტორების შემოსატყუებლად დიპლომატების ნაცვლად "ბიზნესიდან მოსული" გაქექილი ქართველი დეპუტატები და მათი "ბიზნესში დაბრუნებული "ყოფილი კოლეგები დავგზავნოდ – ნიუ იორკში, ლონდონში, რომში, – "ბაჩონკებით", გოჭებით და შაქრის ფქვილმოყრილი ხურმის აცმული ჩირით დატვირთულები...როგორც ადრე მოსკოვში... მხოლოდ რანაირად მოვუგებთ ასე "პიარ" ომს, ჩვენს პროპაგანდის დიდ "კულტურის" მქონე მტერს ვერ გეტყვით.
აქ მინდა პატარა ცნობა მოგაწოდოთ: 2010 წელი საფრანგეთში გამოცხადებულია როგორც რუსული სეზონი. საფრანგეთი და რუსეთი დიდ კულტურულ და ეკონომიურ ღონისძიებებს გაცვლიან. ძალიან მდიდარი პროგრამით ინტერნეტი და პრესა უკვე აჭრელებულია.
ალბათ ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს კულტურული წელი პუტინის პოლიტიკის ბენეფისად იქცევა საფრანგეთში.
გარწმუნებთ აქაურ ქართველებს ძალიან მძიმე "ჰიპერტონიული" სეზონი გველის: რუსულ მულტი კულტურას აუცილებლად დაემატება აფხაზური და ოსური,( თუ ცხინვალური... არც ვიცი რა დავარქვა). აჩვენებებნ უსინდისო დოკუმენტალურ და მხატვრულ ფილმებს, რომლითაც 8 აგვისტოს ნამდვილი მეორე ფრონტი გახსნეს საკუთარ არხებზე, მოაწყობენ ფოტო გამოფენებს რუსული პეიზაჟებითა და ომის შემზარავი კადრებით, მხატრები, ვენეციის ბიენალისა არ იყოს, რუსულ სულს ხორცს შესახავენ...

ჩემთვის ადვილი წარმოსადგენია, ორცეცხლს შუა მოყოლილი ქართული ემიგრაციის განცდები რუსეთში. მათ ჩვენგან განსხვავებით "ყაყანის"საშუალებაც კი ვერ მოიპოვეს, თუმცა ევროპელელი თანამემამულეებისაგან განსხვავებით პორტალი " გრუზია ონლაინი" მაინც აქვთ, აგრეთვე, ჯერ კიდევ რევოლიუციამდელი "წარმართული" რუსულ–ქართული ინტერნეტ გამოცემები.ნამდვილად მიჭირს წარმოდგენა, როგორ უძლებენ ქართულ–რუსულ ორმხრივ დაუნდობელ მორალურ ზეწოლას. . რა თქმა უნდა ჩვენი, ქართველი ჩიჩოლინა (თინა) კანდელაკი არა მყავს მხედველობაში, მას მადლობა ღმერთს დეპრესიისა არაფერი ეტყობა, და თავისი ძიოდოისტი ღმერთის შეწევით მგონი საქართველოს პრეზიდენტობაზეც ფიქრობს.

ვისაც ძლიერი გული აქვს და შეუძლია რუსული ტვ არხების ყურება, დამეთანხმება, რომ ძალიან ძნელია არ მოექცე ასეთი ინტენსიობისა და ხარისხის პროპაგანდისტული მანქანის გავლენის ქვეშ, როდესაც რუსეთში ცხოვრობ.
მოგეხსენებათ, პროპაგანდამ თავის ყველაზე კოსმიურ მაშტაბებს XX საუკუნეში და სწორედ რუსების საშუალებით მიაღწია.უფრო მეტიც, ის ხელოვნების დონეზე სწორედ აქ აყვანეს. რა თქმა უნდა პროპაგანდაზე ანგაჟირებული დღევანდელი რუსი ხელოვანები შორს არიან ეიზენშტეინის, ძიგა ვერტოვის , მედვედკინისა თუ რომან კარმენისაგან, თუმცა მიხეილ სააკაშვილის გარშემო შემოკრებილ სხვადასხვა ეროვნების ოპორტუნისტ რიფენშტალებს მათთან კონკურენციისათვის აშკარად არ ეყოფათ არც ნიჭი და არც თავხედობა.


სოჭი აგვისტო 2009

შეგახსენებთ, რომ პროპაგანდა პირველ რიგში შიდა "ბაზრისათვის" არის განუთვნილი, რუსებს სულ არ აინტერესებთ თუ როგორ ხითხითებს დასავლური პუბლიკა სოჭის ქუჩებში დიმასა და ვალოდიას მიერ მოწყობილ "გე პრაიდზე", კიდევ უფრო ნაკლებად აღელვებთ რას იტყვიან ამაზე მათი "პროვინციელი" კოლეგები რუთავი 2 დან. მათთვის მთავარია საშუალო რუსი,რომელიც 8 აგვისტოს არხ რტრ პლანეტაზე უყურებს დოკუმენტურ ფილმს რომელშიც ორი პარალელურ სიუჟეტში ვალერი გერგიევი ლონდონის კოვენტგარდენში ვაგნერის ნიბელუნგებისათვის სამეფო თეატრის ორკესტრს ამზადებს, პარალელურ სიუჟეტში კი ცხინალში მიემგზავრება მარინინის თეატრის ორკესტრთან ერთად შოსტაკოვიჩის "ლენინგრადის სიმფონიის შესასრულებლად''. უნდა გითხრათ რომ ფილმის პროპაგანდის სამიზნე, მისი მაყურებელი ნამდვილად ზუსტად არის გათვლილი, ერთმანეთში არეული კოვენტ გარდენისა და დანგრეული ცხინვალის კადრები, პრინცი ჩარლზი სამეფო ლოჟაში და ოსი სევდიანი გლეხის ფართო პლანი, მიცვალებულებივით ელეგანტური ლორდები და ამ საღამოსათვის საგანგებოდ დავარცხნილი და დაბანილი საცოდავი ოსი ბავშვები... ასეთ გულისამაჩუყებელ და პათეთიკურ ტყუილს მართლა ვერავინ იღებს მსოფლიოში მათ გარდა. საქმე იმაშია რომ ეს რუსეთში მოსწონთ, უფრო მეტიც : ეს დასავლეთშიც მოსწონთ, ისევე როგორც რომან კარმენის ფანტასტიურად გადაღებული"დოკუმენტალური" გრანდიოზული უსინდისო მიზანსცენები. უბრალოდ ამ ფილმის ფინალურ ათ წუთზე, მის ავტორებს ეტყობა კლასი აღარ ეყოთ – კარმენამდე მათ მართლაც ბევრი უკლიათ, მაგრამ დარწუნებულნი იყავით რომ სულ მალე მიაღწევენ იგივე დონეს, რადგან ბევრს მუშაობენ. ჩვენ კი როგორც ჩანს უფრო დიდი მიხეილ ჭიაურელის კლასიკად ქცეულ მლიქვნელობას ვუბრუნდებით, პროპაგანდამდე ამაღლება ჯერჯერობით გვიჭირს.

პარალელურად 1 არხზე მიდიოდა მეორე დოკუმენტალური ასევე გრძელ ფორმატიანი ფილმი სათაურით
08.08.08.
ეს უკვე წმინდა სამხედრო პოლოტიკური არც თუ ისე ცუდად აწყობილი, და ტრადიციულად ხარისხიანად გადაღებული და გათვლილი პროპაგანდა იყო... კარმენამდე მის ავტორებსაც, ცხადია ბევრი უკლიათ, მაგრამ დიდი რუსული სკოლის გავლენა მაინც ეტყობა ამ ფილმს... მერე მხატვრული ფილმიც დაიწყო, ვიღაც ამერიკელი პეპლებზე მონადირის შესახებ, რომელიც ქართველების ბარბაროსობის მოწმე ხდება... ამას უკვე ვეღარ ვუყურე – ნერვებმა მიმტყუნა.
რა ხდებოდა მაშინ ქართულ არხებზე? როგორ მოემზადნენ ქართული ტელე არხები ამ დღისათვის? უგემოვნებო საპროტესტო კონცერტი გორში, როგორც ყოველთვის, დიდი დოზით პრეზიდენტი სააკაშვილი და რუსთაველზე საქართველოს ოკუპაციის მუზეუმი ღია ცის ქვეშ..
სამი დღის შემდეგ ძალიან დიდი ხნის უნახავ ჩემს რამოდენიმე ბავშვობის მეგობარს დავურეკე, (ვისი ტელეფონის გაგებაც მოვახერხე). თითოეულს სულ ცოტა ერთი საათი მაინც ვესაუბრე: არ ერთს არ უხსენებია არც ცხინვალი და არც აფხაზეთი.

ერთი ეკო ინჟინერია,ვენტილიაციის და ჰაერის დაბინძურების საქართველოში იშვიათი სპეციალისტი. მეორე თოჯინების თეატრისა და დრამატული რეჟისორი, მესამე მშენებელი ინჟინერი.. სამივე ორმოცდაათი წლისა და უმუშევარია. სპეციალურად არ ვკითხე ომის შესახებ არაფერი, მაინტერესებდა თავად თუ გაახსენდებოდათ საკუთარ სოციალურ პრობლემებთან ერთად.
ეკო ინჟინერს ექვსი თვის წინ 80 წლის დედა გარდაეცვალა და მისი პენსია, რომლითაც ასე თუ ისე თავი გაქონდა შეუწყდა. რამოდენიმე წელიწადია გარემოს დაცვის სამინისტროს მისი არც ცოდნა სჭირდება არც გამოცდილება. ტელეფნი და დენი ხშირად გათიშული აქვს. მაგრამ ღვთის "მადლით ჯერ კიდევ ცოცხალია" და დღე და ღამე ეკლესიაში დადის, მეორე საერთოდ ბერად აღიკვეცა: ასე მითხრა რწმენამ ლოთობას გადამაჩვიაო, მესამეს, აფხაზეთის ომგამოვლილ რეჟისორს უფრო რთულად აქვს საქმე: მგონი ათეისტია, და არაყით იკლავს თავს. კიდევ ერთ ჩვენს ორდიპლომიან კლასელს თურმე ''მაგრად გაუმართლა" მძღოლად მუშაობს, ვიღაც მდიდრის ბავშვები სკოლაში დაჰყავს.. და ოჯახს კარგად არჩენს... თბილისი? ძალიან გალამაზდა. შენ ალბათ მოგეწონება, ჩამოდი გაერთობი, სამივემ ასე მითხრა...
მე ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ თუ არა საქართველოს სულიერ "კლოშარიზაციას". ქვეყანები, სადაც მხოლოდ " ჩამოსულები" და ხელისუფლების წევრები გრძნობენ თავს კარგად, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში არც ისე ცოტაა, და მათ განსაკუთრებით ევროპელი სექს ტურისტები აფასებენ, პედოფილები კი აღმერთებენ.

ხშირად გაგამიგია ხელისუფლების მხარდამჭერი "თავისუფლების სპეციალისტებისაგან" ასეთი ადამიანების დაუნდობელი შეფასება: თითქოს მათ ხელის განძრევა არ სურთ. ეს ტყუილია, მაგრამ ასეც რომ იყოს, დიპლომირებულ სპეციალისტს, თუნდაც მას ღირსების გრძნობა კვალიფიკაციაზე მეტი გააჩნდეს, ვერ მოთხოვ იმ სამუშაოს შესრულებას რომელიც მის რეალურ კვალიფიკაციას უსინდისოდ არ შეესაბამება, მან შეიძლება რამოდენიმე თვე მიზერული კაპიკები მიიტანოს ოჯახში, მაგრამ ეს მის ფსიქიკას საბოლოოდ დაანგრევს და აუცილებლად ძალიან ცუდად დაამთავრებს თავის ცხოვრებას.
მე ეს ძალიან კარგად ვიცი. ჩემი საფრანგეთში ცხოვრების დასაწყისში უსინდისო ანაზღაურებიან ფიზიკური სამუშაო მეც გამიკეთებია . მაგრამ ეს ჩემთვის კინოში მონაწილეობასავით იყო. ვიცოდი , ეს მხოლოდ რაღაც პერიოდი იყო ჩემი ცხოვრების, და აქედან მიღებულ გამოცდილებას სხვა თუ არაფერი, ბიოგრაფიაში მაინც გამოვიყენებდი: როგორც მაგალითად ამ წერილში. საბედნიეროდ ეს სახიფათი თამაში ჩემთვის მართლაც არ გაგრძელდა დიდ ხანს. როგორც კი ესეთი "ჯობი" 10 დღეზე მეტ ხანს იჭიმებოდა მაშინვე დეპრესია მეწყებოდა, ასეთ დროს ძალიან ადვილია, ყველაფერი ფეხებზე დაიკიდო გახვიდე და ქუჩაში დაჯდე იაფფასიანი ღვინის პლასტმასის ბოთლით ხელში და ცხოვრების ჭუჭყიანი, მაგრამ "ღირსეული" ნარჩენები იქ გაატარო.
რამოდენიმე წლის წინ დოკუმენტალურ ფილმზე მომიწია მუშაობამ პარიზელი კლოშარების(ბომჟების) შესახებ, და უნდა გითხრათ, რომ ამ თემაზე საკმაოდ ვრცლად შემიძლია საუბარი, თემიდან დიდი ხნით გადახვევის რომ არ მეშინოდეს. მოკლედ კი, გეტყვით , რომ ამ ადამიანებსათვის ხშირად ხელის გაწვდენა პირდაპირი მნიშვნელობით უფრო ღირსეულია ვიდრე თავიანთ წარსულზე ხაზის გადასმა, სასიკვდილო განაჩენის სამუდამო პატიმრობით შეცვლის მიზნით, ბედთან გარიგება, კომპრომისი .
ფრანგ კლოშარებზე სახელმწიფო ზრუნავს როგორც შეუძლია . არასაკმარისად, მაგრამ ზრუნავს.
საქართველოს ხელისუფლება მადლობელი უნდა იყოს საბჭოთა რეჟიმის, რომ მან უფასო ბინებით მაინც უზრუნველყო ეს ადამიანები, თორემ დღეს ნახევარზე მეტი საქართველო სწორედ ამ პარიზელი "ქუჩის არისტოკრატიასავით" იცხოვრებდა. თუმცა საქართველოს თავისებურება სწორედ სწორედ სახურავიანი კლოშარებია. მათთვის სახელმწიფო თითქმის არაფერს აკეთებს იმ პრეტექსტით, რომ ისინი საბჭოთა მენტალიტეტის არაკომპეტენტური უსაქმურები არიან, და რაც მალე ამოხდებათ სული, მომდევნო თაობებს, ანუ მათსავე შვილებს ნაკლები ტვირთი ექნებათ სათრევი. ხოლო ისინი, ვისაც შვილები არა ჰყავს, უკეთესი იქნება თუ საპენსიო ასაკამდე საერთოდ ვერ მიაღწევენ, კარუსელების ბიუჯეტს მათთვის გამოსაყოფი საცოდავი პენსია რომ არ მოაკლდეს.




თბილისი სექტემბერი 2006 (photo P.K.)


მე მესმის, რომ "ვარდისფერი ეკონომიური საოცრების" მეხოტბე ქართველი დაუნდობელი ლიბერლები, "ძირგამომპალ" მემარცხენე იდეოლოგიის პროპაგანდას დამწამებენ, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა: უსინდისობა და სკანდალია, ზოგიერთი სახელმწიფო ფუნქციონერის საქართველოსათვის ასტრონომიული შემოსავალი, როდესაც ქვედა საშემოსავლო ზღვარი არ არსებობს. ამორალობად მიმაჩნია ის რომ ჩემს 50 წლის კლასელებს, რომლებსაც ცხოვრებამ არ გაუმართლა 0 რესურსი გააჩნდეთ საცხოვრებლად. იმ დროს, როდესაც ტელევიზიით ყოველდღე ხედავენ, რომ მაიკლ ჯექსონივით ყრმობა დაკარგული ჩვენი ხელისუფლება ბათუმის "ნევერლანდად" გადასაკეთებლად სწორედ იმ საცოდავ გროშებს ხარჯავს, რომელიც მორალურად მაინც ნამდვილად მათ ეკუთვნით.

ეხლა ჩვენმა მითომანმა პრეზიდენტმა "მონაკოზე მაგარ" განმუხურ –ვასიუკში... აღმოაჩინა ქვიშა, რომლის მსგავსი ევროპაში არსად უნახავს(!)" და დამშეულ საქართველოს, "მეგრული "ბერლინის" გაკვირვებულ და შეშინებულ უშიშარ მოსახლეობას, ვარდისფერი პიონერების გამამხნევებელი შეძახილების ფონზე, ზუსტად რუსული ტანკების ლულების წინ ნივერლანდი 2" ის აშენებას დაპირდა , . ღმერთო ჩემო! დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ , რაღაც მსგავსს მართლაც ააშენებს რუსი ოკუპანტების გულზე გასახეთქათ. ჩვენ და განმუხულელ მრავლის მნახველ გმირებს მხოლოდ ის დაგვრჩენია, იმედი ვიქონიოთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ჩვენს მონაკოზე უფრო მაგარ პლიაჟზე, მოწყენილი და მთვრალი რუსი ტანკისტები არ გადმოისეირნებენ. ტანკებით, რა თქმა უნდა.


როგორ გინდათ, "ბარბის"სახლებში მცხოვრებმა სამაჩაბლოელმა დევნილებმა სერიოზულად აღიქვან მილიარდიანი რეზიდენციიდან გაკეთებული პატრიოტული მოწოდებები , რომლის აგებითაც, სააკაშვილმა, როგორც თავად გამოგვიტყდა, დავითის ოცნებას შეასხა ხორცი – ეტყობა პირველი "სპირიტუალისტული" ინაუგურაციისას, მის საფლავზე აღმაშენებლად წოდებულ დიდ მონარქს, რომელმაც საკუთარი სასახლის "აღშენება" დროის უქონლობის გამო ვერ "მოახერხა", ერთ "მაგარ" რეზიდენციას შეპირდა ქართველი მონარქი–პრეზიდენტებისათვის. აგრეთვე ევრო რემონტს ბაგრატის ტაძარში.


საქართველოში ტყუილი და სოციალური უსამართლობა ძალიან თვალში საცემი, ძალიან უხეშია. ადამიანების უმეტესობა ღატაკია. ასეთ ადამიანებთან კი გაცილებით მეტ დელიკატურობა და სწორად მიმართული ხარისხიანი ბევრი მუშაობაა საჭირო, ვიდრე ამას ხელისუფლება აკეთებს. მათ ჩემი აზრით, ბევრი და ხარისხიანი მუშაობა ერთი და იგივე გონიათ: ჩინელი გამყალბებლები ჯოჯოხეთურად შრომობენ, მაგრამ მათი ევროპული პროდუქციის კონტრფაქტი რაც არის ქართველებს ეს არ ესწავლებათ.


ქართველი ფუნქციონერები ხშირად ჩემს ზაზუნას მახსენებენ, რომელიც ძალასა და ღონეს არ იშურებს და მთელი ღამე პატიოსნად დარბის თავის ბორბალში, რომელშიც არც სტარტია და არც ფინიში.დღისით კი ქანცგაწყვეტილს ძინავს.


ღატაკ მოსახლეობას თუ ვერ, ან თუნდაც არ ეხმარები, უნდა დაელაპარაკო მაინც, და არა როგორც დებილებს. უნდა დაელაპარაკო ისე, როგორც უცხოელებს ელაპარაკები: პატივისცემით და არა "ყალბი სიყვარულით", რადგან პოლიტიკოსთა სიყვარულზე მეტად ადამიამიანებს მათგან პატივისცემა სჭირდებათ, რაც მათზე ზრუნვაში გამოიხატება და რაც ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა. სიყვარულის მტკიცებით ხელისუფალი (Dr.Strangelove -ები) როგორც წესი სწორედ ამ ვალდებულებებისაგან თავის დაძვრენას ცდილობენ.
მე შეურაცმყოფელი მგონია საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრის მლიქვნელური საბჭოთა სახეები ბაიდენისათვის ხელის ჩამოსართმევ რიგში, როდესაც იგივე ადამიანები ქართველ მოსახლეობას ისეთი მოჩლექილი ენით ესაუბრებან , როგორც ჯეიმს კუკის შეშინებული ეკიპაჟის წევრები ახლახანს აღმოჩენილ ავსტრალიელ აბორიგენებს, ან უფრო მარტივად ჩვეულებრივ დებილებს. როგორც ჩანს გონიათ, რომ მათი ქცევისა და ლაპარაკის პატარა კომერციული აგენტის მანერა, ძალიან ძნელი გასაგები იქნება საქართველოს ღატაკი მოსახლეობისათვის...


საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი კი სწორედაც რომ ღატაკია, თუმცა მათ ეს ქვეყანა, რა თქმა უნდა ისევე ეკუთვნით, როგორც ყველა დანარჩენს. მათ ისევე უნდა მოიგონ, ან წააგონ ომი, როგორც მთელმა საქართველომ. ისინი კი დეპრესისაგან ბნელ კუთხეში მიყუჟრულნი ამ ომს ვეღარც კი ამჩნევენ... და არა მატო ისინი.


როდესაც დასავლეთის მხრიდან ჩვენი პრობლემების მიმართ ინტერესის მკვეთრ დაქვეითებაზე ვლაპარაკობთ,შეუძლებელია არ შეამჩნიო, რომ თავად საქართველოში ნელდება ინტერესი ამ თემის მიმართ და ეს არ არის ოპოზიციის "მოღალატეობრივი" საქმიანობის ბრალი. ეს ყველა სოციალურ ფენაში შეინიშნება: გაბრაზებულ წითელ და ნეტარ ვარდისფერ ბურჟუაზიაშიც. ხანდახან მეჩვენება, რომ დაკარგული ტერიტორიები ყველაზე მეტად უცხოეთში მცხოვრებ ქართველებისათვის არის აქტუალური. რა თქმა უნდა ომის ლტოლვილებს არ ვგულისხმობ.


არა მგონია გადაჭარბებული იყოს ჩემი ვარაუდი, რომ ასეთი დამოკიდებულებით აფხაზეთის და ოსეთის დაკარგვას ისევე შევეჩვევით, როგორც თავის დროზე სოჭის ან საინგილოსას შევეჩვიეთ. მე აბსოლიუტურად დარწმუნებული ვარ რომ ეს ასე მოხდება, თუ ცხინვალისა და აფხაზეთის ტრაგედია შიდა პოლიტიკური კონფლიქტიდან არ გამოვიყვანეთ, თუ ადამიანების ღირსების პატივისცემა არ ვისწავლეთ, ბოლოს და ბოლოს, როგორც დიდმა ბაიდენმა არბიტრალურად"დაგვარიგა", ერთჯერადი, დროებით გამოსაყებნებელი და მერე გადასაგდები კი არა ნამდვილი დემოკრატია არ ავაშენეთ ... . სხვანაირად ვერც ეგოისტ ეგრეთწოდებულ მსოფლიო თანამეგობრობას ვაიძულებთ რუსეთთან სერიოზულ კონფრონტაციაზე წასვლას და ვერც ჩვენს ფიზიკურად და სულიერად გაკლოშარებულ მოსახლეობას, ამ კონფრონტაციაში მონაწილეობის მიღებას. სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერასოდეს დავიბრუნებთ. ასეთ შემთხვევაში ჯობს დღესვე შევეგუოთ იმ "ახალ რეაობას" რომლითაც MP2 ყოველ დღე გულს გვიხეთქავს, დავივიწყოთ ცხინვალიც და ბიჭვინთაც... "ლამაზად ლაპარაკი ვიკმაროთ და რაც დაგვრჩა, ბაღის ის დარჩენილი ნაწილი მაინც დავამუშაოთ"
...Cela est bien dit, répondit Candide, mais il faut cultiver notre jardin.(Candide.Voltaire)"კარგი ნათქვამია, უპასუხა კანდიდმა, მაგრამ უმჯობესია ჩვენი ბაღი დავამუშავოთ" ("კანდიდი", ვოლტერი) *****




შენიშვნები:
*მერლინ მენსონის( Euritmic)სიმღერის ტექსტი:
Sweet dreams are made of this / Who am I to disagree? / Travel the world and the seven seas / Everybody's looking for something
Some of them want to use you / Some of them want to get used by you / Some of them want to abuse you / Some of them want to be abused
I wanna use you and abuse you /I wanna know what's inside you /Hold your head up, movin' on / Keep your head up, movin' on
I'm gonna use you and abuse you /I'm gonna know what's inside / Gonna use you and abuse you /I'm gonna know what's inside you
**გასტონ ბუაჩიძის მიერ მიერ ვეფხისტყაოსანი ფრანგულად თარგმნილია როგორც "ავაზას ტყავიანი რაინდი" Le chevalier a la peau de panthère
*** თურქმენბაშა ოფიციალურად გამოცხადებული იყო თურქმენსტანის მთავარ პოეტად
****ტრუფიკულტორები (Trufficulteurs ფრ) ტრუფებზე, ყველაზე ძვირ ველურ სოკოზე მონადირენი. კილოგრამი ამ სოკოს ფასი 900 ევრომდე ადის ხარისხის მიხედვით. ეს ძალიან იშვიათი სოკო მიწისქვეშ იზრდება და მას ტრადიციულად სპეციალურად გაწვრთნილი ღორების საშუალებით ეძებენ. შესაბამისად მხოლოდ ძალიან მაღალი კლასის ფრანგული გასტრონომიულ რესტორნების მენიუშია.
***** "კარგი ნათქვამია, უპასუხა კანდიდმა, მაგრამ უმჯობესია ჩვენი ბაღი დავამუშავოთ" ("კანდიდი", ვოლტერი)
-
2 სექტემბერი 2009
P.K.