6 janvier 2011


ექსპერიმენტული განცდები   3    
გაგრძელება                         
                                                                                              იხილეთ დასაწყისი  1, 2.



უნდა ვაღიარო: როდესაც ქართველებისაგან პირველად სიტყვა ლიბერტარიანიზმს მოვკარი ყური, მომეჩვენა, რომ ლიბერტინიზმს გულისხმობდნენ და, გამოგიტყდებით, ცოტა დავიძაბე - მმკ, ხრიდოლი და ასეთი რაღაცები გამახსენდა; ვიფიქრე, ეს თავისუფალი სექსისა და “სვინგერის“ მოყვარული პატიოსანი ხალხი ცუდად დაამთავრებს მეთქი, და გულწრფელად შემეცოდნენ.

                                            

              ლიბერტარიანელი ვიშნუ

პრინციპში, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თბილისს ერთი სვინგერ კლუბი არ აწყენდა, რადგან ქართველებს, ისევე, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანებს, “რაგინდ კარგი ცოლი ან ქმარი ჰყავდეთ, მაინც ენატრებათ სხვისა…“ და ამის გამო სულ ნაჯახებითა და კალაშნიკოვებით დასდევენ ერთმანეთს. ამიტომაც ვიფიქრე, ერთი ეშანჟისტებისა და ლიბერტინების კლუბი ბევრ ოჯახს დანგრევისაგან გადაარჩენდა მეთქი.

 მალე მივხვდი, რომ ლიბერტარიანიზმის ქართული ინტერპრეტაცია ოჯახურ Swingers Everywhere -ზე ბევრად უფრო “აწყვეტილ“ ორგიას - პოლიტიკურ “სვინგერს“ გულისხმობს, და კიდევ უფრო, ამჯერად ხანგრძლივად დავიძაბე.

არც ისე ადვილი გამოსაცნობია, თუ რისი თქმა სურს თავის ორიგინალშივე ამ ისედაც საკმაოდ “არეულ-დარეული” ტერმინით ქართული პოლიტიკურi ელიტის - “ჯეთ სეტს“ .

ერთი რამ ნათელია - ჩვეულებრივი, ევროპული ადამიანური დემოკრატია და ლიბერალიზმი მათი თავისუფლების ხარისხისათვის არასაკმარისი სივრცეა.

პრინციპში, არავინ დავობს - თავისუფლებას არ შეიძლება ზღვარი და რეზოლუციური დეფინიცია გააჩნდეს. ის უსაზღვრო და პერსონალურია. თითქოს ეს ყველამ ისედაც ვიცით, მაგრამ… როგორც კი ქართველ “ლიბერტარიანელ“ "ბერბერი პარლამენტარებსა“ და “არმანი - ჩინოვნიკებს“ შეხედავ, მოუსმენ, გულზეხელდადებულნი როგორ უმღერიან ჰიმნებს ერთნაირი გატაცებით სამშობლოს, პრეზიდენტსა და პოლიციას, არასოდეს არანაირი უსაზღვრო სივრცე აღარ დაგჭირდება, შენს პერსონალურ თავისუფლებას ერთი ციცქნა ბნელი სარდაფიც ეყოფა, სადაც ჩაიკეტები და არაყში, ან იაფ სინთეტურ ნარკოტიკში ჩაკლავ დარჩენილ უბადრუკ ცხოვრებას ცუდი პლანივით…

მერე შენზე იტყვიან, რომ საბჭოთა გადმონაშთი, უმოტივაციო უსაქმური, მუქთახორა, პარაზიტი იყავი და ამიტომაც ჩაძაღლდი ასე - დახეული წინდებით, უკბილებოდ, უსახელოდ, უღირსებოდ… ეს ლიბერტარიანები იტყვიან ასე… უკვე ამბობენ კიდეც წინასწარ, რა ხანია შენთვის სტანდარტული სტატია - ნეკროლოგიც დაწერილი აქვთ, სადაც მხოლოდ ანკეტური მონაცემებისათვის დატოვებული ცარიელი ადგილებია შესავსები. მათი პატარა შეგირდები ამ ნეკროლოგის გრაფიტის შენი საფლავის ქვას დაახატავენ!… არ დაეზარებათ, ამ საქმეში ძალიან ყოჩაღები და მუყაითები არიან… საერთოდ, ჯობია მათკენ არც გაიხედო, თორემ დაიღუპები.

მაგრამ თუ მაინც ძალიან ცნობისმოყვარე და ჯიუტი ხარ, თუ აუცილებლად გინდა, ეშმაკს თვალებში ჩახედო და თან გადარჩე, მაშინ ასე შორიდან ყურებას და ტანჯვას, ჯობს თავად გახდე ქართველი ლიბერტარიანელი, თუნდაც არ იცოდე, რას ნიშნავს ეს.

რა მოხდა - არც ნაციონალური მოძრაობის წევრებმა იციან, უფრო მეტიც მათ 90% პროცენტს არამარტო წარმოდგენა არა აქვს, რომ ლიბერტარიანელია, არამედ ასეთი იდეოლოგიის არსებობის შესახებაც არ გაუგია რამე. მიუხედავად ამისა, ფანატიკურად ერთგულია მშობლიური პარტიის ელასტიკური “იდეოლოგიისა“. შესანიშნავად აქვს ათვისებული ფუსფუსა უსაქმური ფუნქციონერისა და დეპუტატის ძალიან პრაქტიკული და უნივერსალური პროფესია, ნებისმიერ მომენტში შეუძლია გარდაიქმნას მემარჯვენედ, მემარცხენედ...თუნდაც ანარქისტ-სინდიკალისტად… რა პრობლემაა …ამ "პროფესიას" - ქართული ლიბერტარიანობას -თუ დაეუფლე, ცხოვრებაში აღარ დაიკარგები.

რა თქმა უნდა, ცოტა საკვირველია, რომ  მოსახლეობის 77%-მა არ იცის, სწორედ ლიბერტარიანული იდეოლოგიამ რომ უნდა გადაარჩინოს საქართველო, არც ის, რომ ამ “გაგების” მიმართ დიდი პოლიტიკური სიმპათიები გააჩნია… მაგრამ ქართული ლიბერტარიანიზმი სწორედ ამიტომაც წააგავს , Swingers Everywhere -ს, რომ  პოლიტიკური ორგიის ქართული ვერსია, საოცრად ელასტიურია და პრეზერვატივივით ერგება ნებისმიერი ჩამოუყალიბებელი საზოგადოების მოულოდნელ და სტიქიურ ნახევრადმძინარე პულსაციებს.

საერთოდ, მოსახლეობას ყოველთვის ზედაპირული წარმოდგენა აქვს იდეოლოგიებზე. ეს არც არის გასაკვირი. ისედაც მარად დაღლილ და გაღიზიანებულ ამომრჩეველს ვერ მოსთხოვ მოსაწყენი პოლიტიკური მეცნიერებების ღრმად შესაწავლას . მათ იდეოლოგიების შესახებ იციან ზუსტად იმდენი, რამდენიც სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მასში საკუთარი ახლო მომავლის ასე თუ ისე გონივრული იდენტიფიცირება მოახდინონ.

მაგალითად როდესაც ფრანგებმა 2007 - ში ნიკოლა სარკოზი აირჩიეს, იცოდნენ, რომ ის მემარჯვენეა, რომ სოციალური პრობლემების გადაჭრის მემარჯვენეთა მეთოდი კერძო ინციატივების წახალისება, გადასახადების შემცირებაა და ა.შ… თუ 2 წელიწადში მემარცხენე სოციალისტებს დაუჭერენ მხარს, მათ ეცოდინებათ, რომ სოციალურ საკითხებს მეტი ყურადღება მიექცევა, საპენსიო ასაკი შემცირდება, განათლების სისტემასა და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება დაეთმობა და ა.შ… ვინ რამდენად შეასრულებს პირობას, ვინ რა დოზით მოატყუებს ამომრჩეველს - სხვა თემაა. მთავარი ის არის, რომ ორივე მხარეს აქვს სოციალური პრობლემების გადაჭრის თავისი საკუთარი მეთოდი, რომელიც კარგად ჩამოყალიბებულ იდეოლოგიებს ემყარება და ამომრჩევლის მოხიბვლას სწორედ ამით ცდილობს - შიდა, სოციალური და არა საგარეო პოლიტიკით, რადგან ეს უკანასკნელი , პრინციპში, ადამიანის პრაგმატული ბუნებიდან გამომდინარე, ყოველთვის მეორეხარისხოვანია.
ქართველი ამომრჩეველი, როგორც ოფიციალური ციფრები გვეჩურჩულებიან, მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს, დიდი მადლიერებითა და სინაზით უჭერს მხარს, საინტერესოა, რამდენად იცნობს ის თავისი რჩეულის იდეოლოგიას. თუ იცის  რა არის ამ გუნდის მამოძრავებელი ძალა, მოტორი, “პერვიტინი“? ის მაინც, თუ რას ნიშნავს სიტყვა “ლიბერტარიანიზმი“ ?

საერთოდ, რა შეუძლია შეიტყოს დაინტერესებულმა ამომრჩეველმა, ან თუნდაც ჩემნაირმა კერძო პირმა, საქართველოს მმართველი პარტიის იდეოლოგიის შესახებ ?

თავი დავანებოთ რეგიონების გამგეობებსა და იქ პარტიის მიერ დანიშნულ მოსაწყენ გამგებლებს - ისინი ნამდვილად ვერაფერს აუხსნიან საკუთარ “მრევლს“, მათ ჯერ ლიბერტარიანული “თრეინინგი“ არ გაუვლიათ და ამ სიტყვაზე წარმოდგენა არა აქვთ. შევეცადოთ უფრო პირდაპირი გზით დავადგინოთ ჭეშმარიტება, ყველასათვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მოვიზიოთ.

თავის ოფიციალურ საიტზე, ერთიან ნაციონალურ მოძრაობა საკუთარ იდეოლოგიას იაპონური ძენის პოეზიასავით, სულ რამოდენიმე პწკარით განმარტავს:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მისია თავისუფალ განვითარებად და დემოკრატიულ საზოგადოებაზე დაფუძნებული ძლიერი საქართველოს მშენებლობაა. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი უმთავრესი ამოცანებია თავისუფლების დაცვა, დემოკრატიის განმტკიცება და საზოგადოების განვითარების ხელის შეწყობა, ვინაიდან გვჯერა, რომ მხოლოდ ასე შეგვიძლია ავაშენოთ ძლიერი საქართველო, ეს კი ყოველი ჩვენთაგანის ოცნებაა.

როგორც ფრანგები იტყოდნენ ასეთ შემთხვევაში - “შაპო!!!” - ქუდი, სახურავი… რაც გნებავთ! როგორ არ უნდა აღფრთოვანდე! იმ დროს როდესაც მთელს მსოფლიოს ყველაზე დიდ უნივერსტეტებში პოლიტიკური მეცნიერებები შესასწავლად ხალხი თავს ახლის სქელ წიგნებს, იწერება ათასობით სერიოზული და არასერიოზული შრომა, როდესაც ადამიანები თავს არ იზოგავენ, ცდილობენ, როგორმე ჩასწვდნენ, გაბურღონ სახელმწიფოს იდეალურ მოწყობის საიდუმლო, როდესაც ამის გამო ამდენი სისხლი იღვრება, ამდენი ენერგია, ფული, ბოლოს და ბოლოს ნერვები იხარჯება - ამ სულ რაღაც 47 სიტყვიანი ერთი პატარა მარტივი აბზაცით, აგრეთვე ამდენივე ერთლარიანი ვარდით - საქართველოს ნაციონალურმა მოძრაობამ 7 წელიწადში ათასნაირი რევოლუცია მოახდინა, პოლიტიკური, ეკონომიური, სამართლებრივი, მენტალური და სექსუალურიც კი.

ეს არის და ეს…სულ რაღაც 47 სიტყვა (სათაურის ჩათვლით)…

მაგრამ რითი განსხვავდება ეს გულღია «ოცნება« ნებისმიერი სხვა ქართული პარტიის «ოცნებისაგან«?

რატომ უნდა მოუნდეს ადამიანს მაინცა და მაინც ამ პარტიაში შესვლა და არა ნებისმიერ სხვაში? რა საერთო აქვს ამ რამოდენიმე აბსოლუტურად მოუქნელ წინადადებას ძალასთან, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე «ინოვაციური" ლაბორატორიის მართვის ამბიცია აქვს? ეს აბზაცი ხომ ნებისმიერ ეპოქას და პოლიტიკურ წყობას შეგვიძლია მოვარგოთ. თვით საბჭოთას, ან ნაცისტურს… დემოკრატია და თავისუფლება ხომ ყოველთვის ყველა ტირანიისა და “სახალხო” მოძრაობების მთავარი კომერციული მონეტა იყო …

თუ თქვენ დროდადრო ქართული პოლიტიკური ჯეთსეტის ყოველკვირეულ ბიბლიას «ტაბულას« გადაავლებთ თვალს, ზოგიერთ სტატიაში დროდადრო აუცილებლად წააწყდებით ამ უცნაურ კოდურ სიტყვა “ლიბერტარიანიზმს”.

თუმცა ყოველთვის ისეთ კონტექსტში, რომლის მნიშვნელობას «ჯეთ - სექტის« არა წევრი თვით ნაციონალი სუპერაქტივისტებიც ვერაფრით ხვდებიან…

თუ მაინც განსაკუთრებული ალღო გაქვთ და მაინც ჩასწვდით სიტყვის არსს, შეგიძლიათ კმაყოფილმა ორი შეკრული მუშტი ზევიდან ქვევით ჩამოწიოთ ამერიკულ ტელეშოუში მონაწილე ფერმერი ქალივით, კმაყოფილებით ჩაისისინოთ : «yesssssssssssss!!!» … და ლიბერტარიანელთა მასონური ორდერის წევრად იგრძნოთ თავი.

მაინც რა არის 30 «ლიბერ-მასონის” მიერ კაშჩეის ცალი კვერცხივით კავკასიონის მთებში საგულდაგულოდ დამალული ეს ქართული ლიბერტარიანიზმი რომლითაც, როგორც 10 ოქტომბრის “ფიგაროდან” შევიტყვეთ, ისინი კაცობრიობის პროგრესის ვექტორის შეცვლას აპირებენ?


ამერიკული ლიბერტარიანიზმის შესახებ, ასე თუ ისე, შეიძლება რაღაც წარმოდგენა შეიქმნა ადამიანმა. ეს არც ისე რთულია. მით უმეტეს, რომ ლიბერტარიანელებმა 1971 წელს პარტია ჩამოაყალიბეს. დღეს ისინი მესამე პოზიციაზე არიან ამერიკაში, თუმცა, მაინც დიდ უმცირესობაში იმყოფებიან - დაახლოვებით თორთლაძის პარტიასავით. როგორც ცნობილია ამერიკული პოლიტიკური სპექტრი დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა.

«ტაბულას« ავტორებს, რომლებიც რაღაც უცნაური ნიშნის მოგებით, სიამაყითა და რელიგიური მოწიწებით წარმოთქვამენ ხოლმე ამ სიტყვას, ვერ გაამტყუნებ… ვერც შეედავები, მართლაც მათ მიაგნეს პირველებმა ამ კოდური შინაარსის ტერმინს.

ისინი საკუთარ თავს ლიბერალიზმის უმაღლეს კატეგორიად წარმოაჩენენ… მიუხედავად იმისა, რომ ჭკვიანი ხალხი ლიბერტარიანიზმის არასოდეს ურევს ლიბერალიზმში. განსაკუთრებით კი ნაციონალისტურ ლიბერალიზმში, თუკი ასეთი რამ საერთოდ არსებობს ბუნებაში საქართველოს გარდა.

საქმე იმაშია, რომ ამერიკული ლიბერტარიანიზმის პარტიზანთა ნაწილისათვის, მთავარი პრინციპი სახელმწიფო ინსტიტუციების ფუნქციის მინიმუმზე დაყვანაა და მისი გაქრობაც კი მისაღებია - ადამიანთა შორის თავისუფალ, კონკურენციაზე დაფძნებული საზოგადოების სასარგებლოდ. საქართველოში სადაც ყველა წვრილმანი, ლეგალურად თუ არალეგელურად, სწორედ სახელმწიფო ინსტიტუციებისაგან კონტროლდება ასეთ ზეთავისუფალ ურთიერთობებზე ლაპარაკი ყოვლად უსარგებლოა.


განსაკუთრებით აღსანიშნავია ლიბერტარიანელთა მთავარი კრედო: ინდივიდს ან ინდივიდთა ჯგუფს არა აქვს უფლება პიროვნებაზე აგრესიის განხორციელების ან მისი საკუთრების ხელყოფის… საქართველოს რეალობასთან ამ კრედოს შეუთავსებლობაზე ლპარაკიც ძალიან, ძალიან შორს წაგვიყვანდა…



Photo  ამერიკელ ლიბერტარიანელთა სიმბოლო


საერთოდ ლიბერტარიანიზმი თავისი სხვადასხვა მნიშვნელობით საკმაოდ ფართო არჩევნის საშუალებას იძლევა პოლიტიკური თაღლითობის მოყვარულთათვის. განსაკუთრებით “მიმზიდველი” მისი აშკარა ანარქისტული სულია, რაც ასევე აბსოლუტურ შეუსაბამობაში მოდის ქართული პოლიტიკური ელიტის გოგოლისეულ ფორმატირებულ პერსონაჟებთან.

ტერმინი ოფიციალურად მე-19 საუკუნეში , ფრანგმა ანარქისტმა მწერლმა, ჯოზეფ დე ჟაკმა შექმნა სპეციალურად , როგორც “ლიბერალიზმის” ოპოზიცია. შემდეგ კი ბრიტანეთში დაფუძნდა, როგორც ანარქისტ - სოციალისტების კონოტაცია.

ლიბერტარიანიზმი თითქოს თავისუფალია კლასიკურ პოლიტიკურ ფრთებად დაყოფისაგან - ის მემარცხენეა ინდივუდუალური თავისუფლების მხრივ - ანუ ქადაგებს გამოხატვის თავისუფლებას, მხარს უჭერს ნარკოტიკების ლეგალიზება - დეპენალიზირებას, ემიგრირების თავისუფალ უფლებას, უარს ამბობს სავალდებულო სამხედრო სამსახურზე, ემხრობა ქორწინებას ჰომოსექსუალ წყვილებს შორის… მეორეს მხრივ, ეკონომიკური თვალსაზრისით, ის მემარჯვენეა - აღიარებს კერძო საკუთრების უზენაესობას, შეთანხმების თავისუფლებას, თავისუფალ გაცვლას, დრაკონული გადასახადების შემცირებას. კატეგორიულად ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ გადანაწილების პოლიტიკას. ზოგიერთი ლიბერტარიანელი საერთოდ სახელმწიფოს წინააღმდეგია, ზოგი კი მინიმალური სახელმწიფოს - პოლიციისა და ჯარის აბსოლუტურ მინიმუმამდე დაყვანის მომხრე, ისიც მხოლოდ იმიტომ რომ სამართალდამცავი სტრუქტურები მხოლოდ პირადი საკუთრების დაცვას მოემსახურონ..

ამერიკული ლიბერტარიანიზმი სულაც არ არის სრულყოფილი სისტემა ბედნიერი საზოგადოების ასაშენებლად, როგორადაც ქართველი უცხო სიტყვებზე მონადირე ლაბორანტებს სურთ ის წარმოაჩინონ..



 ნაომ ჩომსკის აზრით: "ლიბერტარიანიზმის ამერიკული ვერსია ბოდვაა და მას სერიოზულად არავინ განიხილავს. ყველამ იცის, რომ საზოგადოება, რომელის ამერიკული ლიბერტარიანიზმის პრინციპებით შეეცდება დაიწყოს ფუნქციონირება, იმავე წუთს ავტოდესტრუქციის მსხვერპლი გახდება. ერთადერთი მიზანი, რის გამოც ზოგიერთი პოლიტიკოსი მას მოჩვენებითად სერიოზულად აღიქვამს, მხოლოდ მისი იარაღად გამოყენების ფართო დიაპაზონია… ლიბერტარიანიზმი ექსკლუზიურად ამერიკული ბოდვაა და მასში არაფერია სერიოზული."

«ლიბერტარიანიზმის კრიტიკის მთავარი არგუმენტი სოციალური უსამართლობის ლეგალიზაცია და სტაბილიზაციაა - ღარიბები სამუდამოდ ღარიბებად რჩებიან - ცუდი განათლებით, ცუდი ჯანმრთელობით, ცუდი სამსახურით.

სხვა, ასევე ამერიკელი იდეოლინგვისტი მარკ როზენფელდი, საერთოდ თვლის, რომ ლიბერტარიანიზმი ისეთივე უტოპიაა, როგორც კომუნიზმი, მხოლოდ საპირისპირო პოზიციის.

ნებისმიერი ტიპის ტოტალიტარული რეჟიმის სიცოცხლის შესანარჩუნებლად უტოპია საუკეთესო იარაღი, ნამდვილი სტიმულატორია, . ჩვენ ეს კარგად ვიცით. 20 წლის წინ ყველანი უტოპიური კომუნისტური სამოთხიდან გამოვიქეცით, თავქუდმოგლეჯილებმა საკუთარ თავს გავასწარით და აი ახლახანს სხვა, ლიბერტარიანულ უტოპიაში შევქანდით.

იქნებ სწორედ ამიტომაც არის, რომ ამ “ამერიკული ბოდვის” “გადმობოდვებული” ვერსიის ავტორები ასე აგონებენ ბევრს ბოლშევიკური უტოპიის დიდ და პატარა ბელადებს.

მშობლიური ლიბერტარიანიზმის არსს, გამოგიტყდებით, ქართველი მმართველი პარტიისა არ იყოს, კარგად ვერც მე ჩავწვდი. თუმც ვაღიარებ, მასში ნამდვილად არის რაღაც ინოვაციური - ამერიკულზე ბევრად ფართო მანევრის საშუალება აქვს - ნებისმიერ მომენტში შეუძლია დაირქვას ჩვეულებრივი ლიბერალი, ან მემარჯვენე. იქადაგოს მემარცხენე იდეები, გახდეს მწვანე ეკოლოგისტი, ან ყავისფერი ულტრამემარჯვენე. შეუძლია ჩეს ვარსკვლავიანი ბერეტი ჩამოიფხატოს, ან სულაც, საერთოდ უარყოს ლიბერტარიანიზმთან რაიმე კავშირი და ცილისწამებაც კი დაგაბრალოს. მოკლედ სრული “ლიბერ - რაღაცაა”, მხოლოდ რა - ჯერ-ჯერობით ვერავინ დაადგინა, მაგრამ იმედი ვიქონიოთ თავისუფლებით მოვაჭრე იდეოლოგიის განყოფილების გამგეები რაიმე მოხერხებულს მოიფიქრებენ.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ეს სიტყვა ნამდვილი ბრილიანტია ქართული პოლიტური ბაბილონის ხმაურიან ბაზარში. მითუმეტეს ასეთ “სვინგერ” კონტექსტში, სადაც არავინაა ვალდებული ოფიციალური დეკლარირება გაუკეთოს თავის იდეოლოგიური კუთვნილებას, თუ რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის ოფიციაალური საიტიდან, ზემოთ მოყვანილ ერთ აბზაციან იდეოლოგიურ- ენიგმატურ “ინოვაციას” არ ჩავთვლით.

საკუთარ იდეოლოგიაზე აქ, ჩვენთან, არ საუბრობენ! ამ თემაზე საქართველოს ყველაზე მტრულად დაპირისპირებულ პარტიებს შორისაც კი სრული “ბლაკ აუტ”, უსიტყვო ჯენტლმენური შეთანხმებაა.

ლიბერტარიანიზმს ერთი შეხედვით, მართლაც დიდი შანსი აქვს რომ სახელმწიფო ოფიციალურ “რელიგიად“ ჩამოყალიბდეს, რადგან ის მცირე დოზით საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ “ტერმინს” შეიცავს თავის თავში, ამიტომ ცდილობს ყველა ნიშა ერთდროულად დაიკავოს..

ამ უცნაურ ვიშნუ - მატრიოშკას უამრავი სახე აქვს. აგრეთვე საიდუმლო დევიზი: მარცხენა ხელმა არ უნდა იცოდეს რას აკეთებს მარჯვენა. და პირიქით!

რადგან უამრავი ხელის მკაცრი კონტროლი ძალიან რთულია, ჯობია ის ხელები რომლებმაც რამე იციან ძირში მოიკვეთონ, რა პრობლემაა - ახალი აქტიური და გრძელი ხელები მაშინვე წამოიზრდებიან ძველის ადგილზე. საქართველოში ხელები მხოლოდ ჩვენს ქართულ ვიშნუ - მატრიოშკას აქვს, თანაც ძალიან გრძელი, ბევრი, და მათ ყველაფერი იციან თქვენს შესახებ! ( …თითქოს ცივმა ნიავმა დაუბერა…ფარდები უცნაურად შეირხა…)


                                                

ტერმინმა ლიბერტარიანიზმმა, საქართველოს ხელისუფლება საბოლოოდ გაათავისუფლა საკუთარ სოციალურ უსინდისობებზე ახსნა-განმარტებების მიცემის აუცილებლობისაგან და მას ქვეყანაში აქამდე არსებული გაუთვითცნობიერებელი პოლიტიკური “ლიბერტინული ორგიის” სრული ლეგალიზების საშუალება მისცა... “ვირუსს” როგორც იქნა სახელი დაერქვა და ტანჯვა “ცივილიზებული“ გახდა : თქვენ სამუშაო არა გაქვთ? ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მუშაობა არ გსურთ, თქვენ ხომ მუქთახორა ხართ! მეხუთე კოლონის პოტენციური წევრი, რომელიც თბილისი-მოსკოვის 37 მანეთიან თვითმფრინავის ბილეთს მისტირის... ქართველები ზარმაცი ხალხია. ხელს ვერ გაანძრევინებ! საჭიროა მენტალიტეტის შეცვლა - ახალი ადამიანის ჯიშის გამოყვანა, რადგან ძველს აღარაფერი ეშველება - ისინი პარაზიტები, წურბელები არიან,“საზოგადო სიკეთეს “ ვერ ქმნიან, ამიტომ უნდა “დამთავრდნენ” როგორ კლასი... საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი პარაზიტია, ბაზარზე მათზე მოთხოვნა არ არსებობს , ამიტომ , მათი არსებობის საჭიროება ნულია.

ლიბერტარიანული ლოგიკით , რა თქმა უნდა უსამართლობაა - რატომ უნდა დააფინანსოს ეს მუქთახორების კლასი მეორე , მუყაითმა ნაწილმა თავისი ჯიბიდან? რატომ უნდა აჭამოს მათ, ვისაც არ სურს ან არ შეუძლია მუშაობა? ადამიანები ხომ სანაგვეზე აგდებენ ყველა ძველ ხელსაწყოს, ნივთს, რომელიც ცუდად ფუნქციონირებს, რომელიც ცოტათი, ან მთლიანად გატეხილია? .

დაბალი ხარისხის ადამიანების გასული საუკუნეში აპრობირებული მეთოდებით ექსტერმინაცია ვერ მოხერხდება - რამდენადაც ცინიკურად არ უნდა ჟღერდეს - ნაცისტურ მეთოდებსაც კი, გარკვეული იდეოლოგიური “გამბედაობა “ ესაჭიროება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას, მიუხედავად აშკარა სადისტური მიდრეკილებებისა, მადლობა ღმერთს, არ გააჩნია, თანაც დასავლეთის ფინანსურ ნემსზე “შემჯდარი” ღვთისმშობლის წილხვედრი ტურისტული სამოთხე, ვერაფრით ვერ გაუშვებს დასავლელ მარჩენალს თავისი გაუგებარი ღირებულებებიანად იმ “სამ ასოზე,” რომელზეც მას რეგულარულად უშვებს ხოლმე საკუთარ გაზპრომის ნემსზე “შემჯდარი” ჩვენი ყოფილი უფროსი ძმა. ამიტომ “პარაზიტებისა” და “მუქთახორების” ექსტერმინაციის ერთადერთი ცივილური მეთოდი დროში გაწელილი ლიბერტარიანიზმია - ჯუნგლის კანონივით გენიალურობამდე მარტივი სქემით.

გამოუსადეგარი და გატეხილი ადამიანებით სავსეა დღეს საქართველო. მისი ქალაქები და სოფლები საკუჭნაოსავით არის გამოტენილი და მათ დასუფთავებაზე - სახელდახელოდ მოწყობილ ადამიანთა ნაგავსაყარზეც გადაზიდვაზე ლიბერტარიანელი იდეოლოგები დაუღალავად ზრუნავენ.

კარგადაც გამოსდით. საკუჭნაოში ფართი დღითი დღე თავისუფლდება. უსარგებლო გატეხილი ადამიანი - ნივთები სამუდამოდ ქრებიან და მათ ადგილს კონტრაბანდით შემოზიდული რეციკლირებული, ყალბი შვეიცარული საათებივით აწყობილ ადამიანთა გაპრიალებული იმიტაციები იკავებენ. ყოველ მათგანს თავში თითო გუგული აქვს ჩამონტაჟებული , რომელიც, ლიბერტანიანელთა პირველივე ნიშანზე გამოფრინდება ხოლმე:

“გუ გუ! გუ გუ ! გუგუ!..” - აი ასე ჭიკჭიკებენ დღე და ღამე ტკბილად და საამოდ! თუმცა, დაუღალავი ადამიანი - გუგულები როცა საჭიროა საკმაოდ აგრესიულები ხდებიან, განსაკუთრებული სისასტიკით იმათ კორტნიან, ვისაც “გატეხილი ადამიანებისათვის” თავისი “გულის ჯიბიდან” ერთი-ორი გროში სიტყვა ჯერ კიდევ ემეტება. გუგუ! .. ფრთხილად მემარცხენეა! გუგუ! სოციალისტი!!! ბოლშევიკი! ფრთხილად!.. გუგუ!!!. და კორტნიან , ძიძგნიან დაუნდობლად... გრძელ, საძაგელ ნისკარტებს პირდაპირ სულში უმიზნებენ და იშვიათად აცილებენ...


”ვარდისფერი ხელისუფლება” ამ გრძელნისკარტა ჯარისკაცებს განსაკუთრებული წარმატებით იყენებს გაუქმებული, თუ დასავლეთის მიერ ჩვენთვის აკრძალული სიკვდილით დასჯის ერთგვარი სულიერი კონპენსაციისათვის .

სიკვდილით დასჯა საქართველოში მართლაც გაუქმებულია, სამაგიეროდ წამებით სულის “ჩახდაა” ნებადართული, სასურველიც კი. განსაკუთრებით გასულ საუკუნეს შემთხვევით გადარჩენილი “გატეხილი და უსარგებლო” ადამიანების წამება.

ადამიანი-გუგულები შესანიშნავად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას - როგორც კი დავალებას მიიღებენ, მაშინვე სიკვდილის ანგელოზებივით მოფრინდებიან, მხართან ჩამოგიჯდებიან და სანამ სული არ ამოგხდიან თავისი ჭიკჭიკით იმის შესახებ, რომ შენ წარსულის უსარგებლო გადმონაშთი ხარ, და რაც შეიძლება დროზე უნდა დაახვიო იმ ქვეყნად, თავს არ დაგანებებენ.

ამ უცნაური, ისედაც ლიმიტირებული გონების არსებების თავებში ტვინისათვის განკუთვნილი ადგილის დიდი ნაწილი მექანიკურ გუგულებს უჭირავთ, ამიტომ პრინციპში, ჭკუა არ მოეკითხებათ. მათი ფუნქცია მხოლოდ გუგუს ძახილი, სხვის ბუდეში ფათური, “გატეხილი ადამიანებისა “ და მათი ქომაგების გამოაშკარავება-კორტნაა.

ნისკარტა ჯარისკაცებს დროდადრო დასავლეთიდან ჩამოყვანილი ისეთი გამოჩენილი გუგულები უტარებენ თრენინგებს, როგორიც - გამოჩენილი ლაბორანტი რაფაელ გლუკსმანია. ის დიდი მონდომებით იღებს მონაწილეობას ახალი კლონირებული ქართველის შექმნაში და დროდადრო “ჭკვიანურ “ სტატიებს აქვეყნებს ექსპერიმენტების რეზულტატების შესახებ მემარჯვენე “ფიგაროში”. რეზულტატები კი იმდენად დამაიმედებელი და მასტიმულირებელია, რომ ლიბერ- წინამძღოლი “ვარდების რევოლუციას“ უკვე “მენტალურ რევოლუციად” მოიხსენიებს მარად დაღლილი და თავაზიანი დეპუტატებით სავსე ევროპარლამენტის ტრიბუნიდან. ამით კიდევ უფრო ხაზს უსვამს, რომ მათ, ვინც ეს “მენტალური რევოლუცია” არ, ან ვერ განიცადეს, არაფერი ესაქმებათ მის გაბრწყინებულ სამშობლოში და სჯობს დროზე წაეთრიონ იმქვეყნად... უნდა ვაღიაროთ - სააკაშვილის “მენტალური რევოლუცია” ბევრად უფრო შთამბეჭდავად ჟღერს, ვიდრე მაოს სულ რაღაც “კულტურული რევოლუცია”.

პარიზული “ სამოთხის“ მარცხენა ხიზილალის სანაპიროზე ფორმირებული ფრანგი ლაბორანტისათვის არც ის არის უცნაური, რომ ქართული ულტრალიბერალი ინტელექტუალურ-პოლიტიკური ელიტა, თავის ერთ-ერთ დიდ მიღწევად იმას თვლის, რომ მათივე სტუდენტები, სიტყვა მემარცხენეს გაგონებაზე შეშინებულები პირჯვარს იწერენ და მაშინვე ულრიკე მაინჰოფი, ლავრენტი ბერია და პოლ პოტი ახსენდებათ.

ის ვერ ამჩნევს, რომ საქართველოს აბსოლუტური პოლიტიკური წყვდიადი სწორედ მათ კისერზეა, ვინც “მენტალური რევოლუციის” დიდ და პატარა ბელადებად ასაღებს თავს. ვინც 7 წლის სრული ძალაუფლების პირობებში ისიც კი ვერ შეძლო, რომ არა თუ მოსახლეობისათვის, საკუთარი დაინტერესებული სტუდენტებისათვის მაინც ესწავლებინა ფასიან ლექციებზე, რომ ევროპელ ცენტრთან ახლოს მდგომ სოციალისტსა და ულტრა მემარცხენე კომუნისტს შორის ზუსტად იმდენივე განსხვავებაა, რამდენიც ცენტრთან მდგომ მემარჯვენესა და ულტრამემარჯვენე ნეო ფაშისტს შორის…

საერთოდ ფრანგი მრჩეველი ბევრს ვერაფერს ამჩნევს, მაგრამ მაინც წარმატებული მრჩეველი ლაბორანტია და იმედი აქვს, რომ სამაგიეროდ მასაც შეამჩნევენ,როდესაც ქართული თავბრუდამხვევი კარიერის შემდეგ პარიზის მარცხენა “ხიზილალის პლაჟს“ დაუბრუნდება.

საერთოდ გაგიკვირდებათ, მაგრამ, საქართველოს დიად ექსპერიმენტში მონაწილე ლაბორანტთა ევროპელი და განსაკუთრებით ფრანგ მხარდამჭერთა უმეტესი ნაწილი სწორედ მემარცხენეები არიან. რომლებიც საქართველოში უპირობოდ უჭერენ მხარს სააკაშვილის “ულტრამემარჯვენე ლიბერტარიანელების” მიერ ნებისმიერი მემარცხენე იდეის ჩანასახის დაუყონებლივ აბორტს. პოლიტიკური ეკილიბრისთვის აუცილებელი მემარცხენე იდეის არა მარტო დისკრედიტაციას, არამედ - მის აშკარა კრიმინალიზაციას.

ყველაფერი მემარცხენე გაიგივებულია ბოლშევიზმთან, სსრკ-თან, სტალინთან, კგბ–სთან... უფრო მეტიც, ხშირად გაიგებთ, რომ მემარცხენეთა მსხვერპლი 70 წლის განმავლობაში გაცილებით მეტი, 100 მილიონია, ვიდრე ნაციზმისა 8 წელიწადში - “სულ რაღაც“ 50 მილიონი... კომუნიზმი რომ ნაციზმზე “უარესია”, ხოლო მემარცხენეობა რომ კომუნისტობაა, ეს დღეს ბავშვმაც იცის საქართველოში... ცოტა მოზრდილებმა კი ისიც შეიტყვეს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ქართველი ნაცისტები პატრიოტები იყვნენ, რადგან მემერცხენეებს ებრძოდნენ, ხოლო ნაცისტებთან მებრძოლნი ჯარისკაცები წითელი კოლაბორანტები … ღმერთო, მართლაც რა უბადრუკი, რა ღარიბი სიბნელეა... თითქმის გულის ამაჩუყებელი - როგორც მოგახსენეთ შვეიცარული მექანიზმით აღჭურვილ ადამიანი-გუგულების დიდ თავებში ტვინს ისეთი მიზერული ადგილი უჭირავს, რომ პირდაპირ შეგეცოდებათ ეს პრიალა აგრესიული ქმნილებები თავიანთი ტრაგიზმის რანგში აყვანილი სიბრიყვით.

საქართველოში მემარცხენე იდეას გამძვინვარებულნი ებრძვიან. და ებრძვიან არა მარჯვენა, არამედ ექსტრემალურად მარჯვენა პოზიციიდან, რომელშიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის იდეათა “პაკეტის” სრული მოდერნიზირებული რეინკარნაცია მოხდა .

აქ დღეს წარმატებით მოღვაწეობენ ყოფილი დამსახურებული წვეროსნები და ყოფილი “მანდილოსნები”. ისინი რამოდენიმე წლის წინ კარვებიდან პირდაპირ პარლამენტად გადათითხნლ მთავრობის სასახლეში შებაკუნდნენ ახლახანს ნაყიდი ქუსლიანი ტუფლებით.

თანამედროვე “გამოწვევებმა” ისინი ბევრად უფრო ადაპტირებული გახადა დღევანდელ ეპოქასთან, ვიდრე საბჭოთა სინთეტიურ-სუდარა გადაფარებულ, ნაციონალიზმით აქოთებულ უდეოდორანტო ბნელ წარსულში.

წინამძღოლი მათ ძალიან უფრთხილდება, სტიმულატორს არ აკლებს - ატყუებს, რომ ღამ-ღამობით დიდ ქართველ მეფეების სულებს ესაუბრება. ხშირად დარში თუ ავდარში, აჭარის ქვიან სანაპიროზე შავი ზღვის ტალღების ხმაურის ფონზე, პლაჟის “პარტერში” მოკალათებული შეშინებული ლაბორანტებისა და ადამიანი-გუგულების თვალწინ. საათობით გაჰკივის ქართველი ერის უნიკალურობის შესახებ. მან თავიდანვე, ჯერ კიდევ 2003 წლის ცივ შემოდგომაზე გააფრთხილა თავისი გუნდი და საზოგადოება, რომ „ვარდების რევოლუცია“ სხვა არაფერია, თუ არა „საქართველოს სულიერი მისიის განხორციელების“ პროცესის პირველი ეტაპი... ვინც იწამა დღეს მის სასუფეველშია.

რამოდენიმე კვირის წინ პლაჟის სერიალიდან ერთ ერთ ასეთ გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართული გენეტიკური კოდის მონუმენტის აღმართვას აპირებს თავისი მბრუნავი რესტორნით წვერში...!

გენეტიკური კოდის მონუმენტი! ღმერთო! ასეთი რამ თვით გერგინგს არ მოსვლია თავში. ეს რესტორანი მართლაც მშვენიერი სიმბოლო გახდება ქართული ეროვნული ნაციონალისტური იდიოტიზმისა. თუცა იულებული ვარ  ვაღიარო, ნაციონალიზმს ქართველთა ისტორიასა და მენტალიტეტში იმხელა ადგილი უჭირავს, რომ ერთ ასეთ ბრიყვულ მონუმენტ-რესტორანს ნამდვილად იმსახურებს.

პრინციპში, საქართველოში რომ პერფომანსის  კულტურა არსებობდეს, უფრო იაფადაც შეგვეძლო გამოსვლა - თავად წინამძღოლს შეეძლო სამოციანების სტილში, ჩამოეკიდა აბრა წარწერით - “მიყურეთ მე, ეს საკმარისია” და თავად განესახიერებინა საქართველოს გენეტიკური კოდის ცოცხალი სკულპტურა.

თუმცა ჩვენ აბრის გარეშეც მხოლოდ მას ვუყურებთ და, როგორც ჩანს, კიდევ კარგახანს მოგვიწევს შავი ზღვის აბობოქრებული ტალღების ფონზე სამშობლოს ბედით აღელვებული პრეზიდენტ-პრემიერის ხილვა ადამიანი-გუგულების წარმოსახვის უნარივით ბრტყელ ტელევიზორებში.

ჩვენი ეროვნული "ვიშნუს" სატელევიზიო გამოცხადებებისას, უიმედობით შეპყრობილი, მართლა სერიოზულად ვფიქრობ, რომ საქართველოს ნათელი მომავალი, თუ კი მას საერთოდ გააჩნია რაიმე მომავალი, რაღაც ბრეჟნევის საბჭოთა კავშირსა და პინოჩეტის ჩილეს შორის გაჩხერილი პატარა “მუტანტი” წარმონაქმნი იქნება - თუ უახლოეს მომავალში რაიმე არ შეიცვალა, თუ 2012 წლისათვის ქართული პოლიტიკური ბალანსის მარცხენა თასი ისევ უიმედოდ ცარიელი და ჰაერში გამოკიდებული დარჩა, მარჯვენა კი ჟანგიანი უვარგისი გემის მძიმე ღუზასავით მყარად და საბოლოოდ ჩაშვებული, ჩაფლული, ჩაკირული - დაჭაობებული გუბის შლამიან ფსკერზე.

ქართულ ფანტომურ პოლიტიკაში რეალური ოპოზიცია არ არსებობს, რადგან არ არსებობს რეალური პოზიცია. აქ შეუძლებელია იდეოლოგიათა დებატი, დაპირისპირება, რადგან ისინი საკმარისი დოზით არ არსებობენ.

ის რაც ბოლო წლების განმავლობაში პარლამენტის შიგნით თუ გარეთ მყოფ პარტიებში ხდებოდა, წინასწარვე განწირული იყო წარუმატებლობისათვის, რადგან მათი ბრძოლა ნაციონალურ მოძრაობასთან შიდა პარტიულ ანგარიშსწორებას უფრო წააგავდა, ვიდრე - იდეოლოგიურ დებატს.

უიდეო, არაორგანიზებული ადამიანები დაუპირისპირდნენ ასევე უიდეო, მხოლოდ შედარებით ორგანიზებულ კლანს და ცხადია დამარცხდნენ.

დღეს მათ საბოლოო გაქრობისაგან თითქოს თავად ხელისუფლება იცავს, თითქოს ეშინია, საკუთარი “წარმატების” მსხვერპლად თვითონვე არ იქცეს, ფაქტიურად უკვე არსებული კულუარული ერთპარტიული პოლიტიკური სისტემა ოფიციალურ, გამოცხადებულად არ გადაიქცეს და მარტო არ დარჩეს საკუთარ თავთან - ეს ლუკაშენკოს ერთპარტიული მარტოობაა და ის საერთაშორისო სიკვდილს უდრის.

მიუხედავად ამ ცრუ გულისტკივილისა, რომ საქართველოში არ არის ძლიერი ოპოზიცია, ხელისუფლების იდეოლოგიური კლანი სინამდვილეში ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სწორედ ეს საცოდავი სტატუს ქვო შეინარჩუნოს სულ ცოტა 2012 წლამდე მაინც. თუმცა განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველს ქართველი ცოცხალ გვამებად ქცეული ქუჩის ოპოზიციონერები ისედაც არ იძლევიან და არც რამე შეუძლიათ, ისევე, როგორც პარლამენტის მოშინაურებულ, ფუმფულა “პუდელ-ოპოზიციონერებს”.

რეალური ოპოზიციის ნიშა საქართველოში სრულიად თავისუფალია... პრინციპში ის ყოველთვის თავისუფალი იყო. ყოველთვის გახსნილი იყო რეალური ძალისათვის, რომლის მისია (და არა მიზანი) ხელისუფლებაში მოსვლა კი არა, საქართველოში ჯერ მყარი პოლიტიკური სტრუქტურის შექმნაა, სადაც ბრძოლას აზრი აქვს და ის გადატრიალებასთან, ან ხელისუფლების უზურპაციასთან არ ასოცირდება.

სადღაც ჩრდილში ასეთი ძალა თითქოს ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ყოველთვის მორცხვად არიდებდა თავს სინათლეზე გამოსვლას, სხვადასხვა მიზეზების გამო. ხელისუფლება ყველაზე მეტად სწორედ ამ ჩრდილში მდგომ ჯერ კიდევ უცნობ ახალ ტალღას, უფრთხის. გააფთრებული ებრძვის. იყენებს ყველა დასაშვებ და აკრძალულ ილეთს. აყალბებს მსოფლიოს ისტორიას, ვულგარულად იტყუება, რეპრესიულ კანონებს იღებს, იმუქრება ამ კანონების კიდევ უფრო მკაცრი, გადამეტებული აპლიკაციით, მორალური განადგურებით, გასრესით...

ხელისუფლების ეს ფანტომი - მტერი საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებული მემარცხენე იდეოლოგია, რომელიც ადრე თუ გვიან მისი ოიდიპოსი გახდება.

პ.ქ.
24 Decembre. Paris                                          გაგრძელება იქნება
                                                                                              იხილეთ დასაწყისი  12.

5 janvier 2011

ექსპერიმენტული განცდები   2  

                                              გაგრძელება

                                                                                                                                 იხილე დასაწყისი






1939 წლის ადრიანი შემოდგომა. 
გერმანიას სულ რაღაც სამი კვირა დასჭირდა  მეზობელი პოლონეთის არმიის  გასანადგურებლად. - ქვეითი, მოტომსროლელები, ტანკისტები, მძღოლები, პილოტები...ვერმახტის არმია  თითქოს რკინის ჯარისკაცებით იყო დაკომპლექტებული.  ხანდახან ორი სამი ღამის უძილონი    რობოკოპებივით ეფექტურები იყვნენ.


მითი  გერმანელი ჯარისკაცისა და საერთოდ  სამხედრო მანქანის  დაუშრეტელი ენერგიის შესახებ სწორედ პოლონეთის ოკუპაციის დროს გაჩნდა.  რა თქმა უნდა, ეს არ იყო არიული გენის გამოვლინება - ჯარისკაცთა გასაოცარი ეფექტურობა, რომელიც მსოფლიოს შიშის ზარს სცემდა, ძლიერი ინფეტამინის - პერვიტინის დამსახურება  . 



2 - პერვიტინი

ინფეტამინი- ადრენალინის ტიპის სუბსტანციაა, რომელიც ადამიანის ჰორმონალურ სისტემაზე მოქმედებით სხვადასხვა ფიზიკურ, თუ ფსიქიკურ რეაქციებს იწვევს.

მის შექმნაზე მკვლევარები 20 იანი წლებიდან მუშაობდნენ, განსაკუთრებით აშშ - სა და იაპონიაში. თუმცა 30 იანი წლების დასაწყისში გერმანულმა ფარმაკოლოგიურმა ლაბორატორია - ტემლერმაც გააძლიერა კვლევები ამ მიმართულებით და მცენარეულ ბაზაზე შექმნა სრულიად ახალი ტიპის პრეპარატი , სწორედ ის სახელგანთქმული ფსიქოსტიმულატორი - პერვიტინი, რომელმაც ვერმახტის არმიას ფასდაუდებელი სამსახური გაუწია მთელი მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას.

საერთოდ, ყველა ცოცხალი ორგანიზმი გამოყოფს ერთგვარ მასტიმულირებელ სუბსტანციას. გერმანული ლაბორატორიამ პირველი ინფეტამინი სწორედ მცენარის მიერ გამოყოფილი მასტმულირებელი ნივთიერების, ეფედრინის იზოლირებისა და სინთეზის შედეგად შექმნა .

1937 წელს კი ამავე ლაბორატორიამ ძლიერი მეტაფეტამინი მიიღო. მალე მისი კომერციალიზაციაც დაიწყო, როგორც ასთმის სამკურნალო პრეპარატი, სახელად «პერვატინი«. მისი სამკურნალო ხარისხით პაციენტები და ექიმები ძალიან კმაყოფილნი იყვნენ…

წამალს სხვა, მეორადი თითქოს დადებითი თვისებებიც აღმოაჩნდა - მისი ზემოქმედების ქვეშ ავადმყოფს უქრება დაღლილობის განცდა, ეზრდება კონცენტრაციის უნარი. წამლის მოხმარებას თან ახლავს ძლიერი ფსიქოაქტიური ეფექტები.

ფარმაკოლოგიური ლაბორატორია, ცხადია, ახალი პროდუქციით მაშინვე ახალი კლიენტურის მოხიბვლას შეეცადა.

მიუხედავად იმისა, რომ 20 იანი წლების ბოლოს რამოდენიმე ფსიქოსტიმულატორი, მაგალითად ” შოკოლა” ,“კოლა” “კოფეინი” უკვე არსებობდა, ტემლერის აბები, თავისი ბევრად უფრო მაღალი ეფექტურობის წყალობით სულ მალე, ფაქტიურად კონკურენციის მიღმა აღმოჩნდა - ბერლინში პერვიტინიანი შოკოლადის კამფეტებიც კი გამოუშვეს.

ოფიციალურად დღეში 3 - 8 დოზის მიღება რეკომენდირებულია როგორც ანტიდეპრესანტი, ან უბრალოდ ხასიათის გამოსაკეთებელი საშუალება - განსაკუთრებით მოწყენილი დიასახლისებისათვის.

თუმცა მალე დეპრესირებულ დიასახლისებზე მეტად პერვიტინით ბერლინის სამხედრო სამედიცინო აკადემია დაინტერესდა. რომელიც თავის მხრივ, უკვე დიდი ხანია მუშაობდა არმიისათვის. ეფექტურ ფსიქო სტიმულიატორის, ანუ , როგორც დღეს იტყოდნენ ეფექტური დოპინგის შექმნაზე.

დაღლილობასთან ბრძოლა, ჯარისკაცების ეფექტურობის ამაღლება ნებისმიერი არმიის ერთ ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა, რომლის გადაჭრას, სამხედრო მედიცინა ყველა ქვეყანაში და ყველა ეპოქაში ცდილობდა - დღევანდლის ჩათვლით..

Photo- გერმანიის სამხედრო აკადემიის ლაბორატორია. 1937
                                     
რამდენად ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს ომები ყოველთვის გამოგონებების მასტიმულირებელი ფაქტორი იყო კაცობრიობის სისხლიან ისტორიაში. ამის საუკეთესო დასტური მეორე მსოფლიო ომის დროს გაკეთებული დიდი მეცნიერული და ტექნიკური პროგრესია.

აკადემიამ სტუდენტებზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად დაადასტურა პერვიტინის უპირატესობა აქამდე არსებულ ყველა სტიმულატორთან შედარებით - დაამტკიცა რომ ის მართლაც მნიშვნელოვნად აქვეითებს დაღლილობის შეგრძნებას, ადამიანს ბევრად უფრო კონცენტრირებულს ხდის, უნერგავს საკუთარ თავის რწმენას და ფაქტიურად რისკის შეგრძნების ატროფირებას ახდენს.

ყველა ამ ფსიქოტროპიულ ეფექტთან ერთად, პერვიტინი პირველ რიგში თავისი სიიაფითაც გახდა განსაკუთრებით მიმზიდველი ვერმახტისათვის: როგორც სამხედრო სამედიცინო აკადემიის რექტორმა, პროფესორმა რანკემ სტუდენტებზე ჩატარებული ცდების საფუძველზე დაადგინა - იმისათვის რომ ჯარისკაცი უძილო ღამის განმავლობაში ეფექტური დარჩეს, 50 ფენინგის ყავა სჭირდება, მაშინ როდესაც 16 ფენინგის ღირებულების 4 აბი პერვატინი შეუდარებლად უკეთეს შედეგს იძლევა.

ამასთან, ეპოქის “ღირსეული შვილი” - პროფესორი რანკე, ამ პრეპარატის ხმარებასთან დაკავშირებულ მეორად სანიტარული პრობლემებს აღიარებდა , თუმცა, როგორც ეს საერთოდ სამხედროებს ჩვევიათ, ბრიყვული დიადი მიზნების სამსახურში ჩამდგარი აბსოლუტური პატრიოტიზმი მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ჯარისკაცების ჯანმრთელობა. ამიტომ დაჟინებით და დაუყონებლივ ითხოვდა სტუდენტებზე კვლევების გაგრძელების უფლებას ... თუმცა ისტორიამ თავად რენკესაც გაუსწრო - ცდების უკანასკნელ დღეს 1939 წლის 1 სექტემბერს ვერმახტმა პოლონეთს შეუტია.

სამი კვირის შემდეგ პერვიტინის კოლოფი უკვე ყველა გერმანელ ჯარისკაცის ედო ჯიბეში.

სახელგანთქმული ბლიცკლიგი (ელვისებური შეტევა) საფრანგეთზეც და აღმოსავლეთ ფრონტზეც , “ელვისებურად” სწორედ პერვიტინის წყალობით განხორციელდა, რომელიც ისეთივე მნიშვნელოვან და აუცილებელ სტრატეგიული ელემენტად იქცა ვერმახტის შეიარაღებაში, როგორც ჯავშნოსანი “ტიგრი” ხმელეთზე, ან ბომბდამშენი” შტუკასი” ცაში.
არმიის “თხოვნით”, “ტემლერი ” საჯარისო ნაწილების «ჯადოსნური აბებით« უფასოდ მომარაგებას შეუდგა..

1940 წლიდან - ჯერ კიდევ საფრანგეთში შეჭრამდე, არმიაში პერვიტინის მოხმარება გეგმიური გახდა. სამედიცინო კონტროლი, რომელიც თითქოს და აუცილებელი იყო დისტრიბუციისათვის, ფაქტიურად არასოდეს განხორციელებულა. ერთ კვირაში “ტემლერმა” 5, 8 მილიონი აბი მიაწოდა არმიას - რაოდენობა მაინც არასაკმარისი აღმოჩნდა. უკვე აპრილში ლაბორატორიამ 35 მილიონი ტაბლეტის შეუკვეთა მიიღო. მიუხედავად ამისა ჯარისკაცები დამატებით დოზებს საკუთარი ფულითაც ყიდულობდნენ: მოთხოვნილება ყოველთვის აჭარბებდა მომარაგებას.

მაისში საფრანგეთის კამპანიისას , ჯავშანტექნიკისა და ქვეითი ჯარის ეპოქისათვის გაუგონარი სისწრაფით გადაადგილება (დღეში 60 კილომეტრი), როგორც ფიქრობენ, შეუძლებელი იქნებოდა პერვიტინის გარეშე.

საფრანგეთის სრული უკუპაციის შემდეგ ბრიტანულმა პრესა ბოლოსდაბოლოს დაინტერესდა ამ სასწაულმოქმედ მედიკამენტით. მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატს ფაქტიურად გამარჯვების ფასი ედო , ჩერჩილმა უარი თქვა მის გამოყენებაზე სამეფო არმიაში.

ამასობაში ვერმახტმა პირველი არასასურველი შედეგები მოკა დაიწყო.


- ჯარისკაცები ფაქტურად ნარკომანებად იქცნენ. დაფიქსირდა ალკოჰოლისა და პერვიტინის არევით გამოწვეული ინფარქტით სიკვდილიანობის ხშირი შემთხვევები, განსაკუთრებით შუა ასაკის ოფიცრებს შორის. ამიტომ მალე მისი მოხმარება რეცეპტის გარეშე ფორმალურად აიკრძალა, თუმცა აკრძალვას არც ექიმები იცავდნენ, არც მომხმარებლები, თვით უმაღლესი ეშელონის ოფიცრებს შორისაც კი..


საფრანგეთის შემდეგ ვერმახტის საომარი მოქმედებების ძირითადი მიმართულება ბრიტანეთი გახდა, საავიაციო შეტევები საფრანგეთის ჩრდილოეთ და ნორვეგიის სანაპიროებიდან ძირითადად ღამის საათებში ხორციელდებოდა. ღამის ბრძოლებში დაღლილობა ბრძოლის უნარიანობის, კონცენტრაციის, რეაქციის, პირდაპირ პროპორციულია, და მას სიცოცხლის ფასი აქვს.

პილოტები როგორც წესი ძირითადად საღამოს 10 – 11 საათზე ადიოდნენ ცაში. ლონდონამდე, ან რომელიმე სხვა დიდ ქალაქამდე მხოლოდ ღამის 1 – 2 საათზე აღწევდნენ. სწორედ ამ დროს იჩენდა დაღლილობის პირველი სიმპტომები თავს - და ამ დროს იღებდნენ პერვიტინის პირველ დოზას.


მოტორების ვიბრაცია, სიცივე, საფრთხის შეგრძნება, დარღვეული კონცენტრაცია, ყოველივე ამ ხელისშემშლელი ფაქტორის დასამარცხებლად მეტაფეტამინი იდეალური საშუალება იყო. მისი მოქმედების ხანგრძლივობა 8-9 საათს აღწევს, დოზის მომატების შემთხვევაში ბევრად უფრო მეტსაც.

დღევანდელთან შედარებით ნაკლებად კომფორტაბელურ და დაცულ ბომბდამშენის პილოტს , რომელიც არც თუ ისე უსაფუძვლოდ ფიქრობს, რომ შესაძლოა სულ რამოდენიმე საათიღა დარჩა ამ ქვეყნად, პრეტექსტით, რომ პერვიტინი ჯანმრთელობისათვის მავნებელია, სიცოცხლესთან დამაკავშირებელ ამ ერტადერთ ფსიქოტროპულ ელექსირის მიღებაზე უარი ათქმევინო. მით უმეტეს, რომ სამეფო ავიაცია მართლაც ნამდვილ ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს უწყობდა გერმანელ პილოტებს მთელო ომის მანძილზე.

კატასტროფულად დაცემული საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად, გერინგის ბრძანებით ჯარისკაცებს ალკოჰოლის დამატებითი რაციონი გამოუყვეს. პერვიტინთან შერეული ალკოჰოლმა კიდევ უფრო გააძლიერა ამფეტამინის მეორადი გამანადგურებელი ეფექტი.

სწორედ ამ დროს გაჩნდა ტერმინი “ავიატორის სინდრომი” - რომელიც პილოტებს შორის სხვადასხვა გახშირებულ ანომალიურ სიმპტომებს, უძილობას, გულისრევის გამუდმებული შეგრძნებას, ფსიქოზს, კარდიო აშლილობას, არაადეკვატურ ქმედებებს უკავშირდებოდა... ამ სიმპტომის მატარებელ ჯარისკაცებს, როგორც ნამდვილ ნარკომანებს სამკურნალოდ, დეზინტოქსიკაციისათვის სანატორიუმებში გზავნიდნენ. .
ბოლოს და ბოლოს ბრიტანეთიც გახდა იძულებული: სამეფო საჰაერო ძალებში ამერიკული - სტიმულატორის - “ბაზიდრინის” გამოყენება დაეშვა. მისი გამოყენების აუცილებლობა ჩერჩილმაც აღიარა. თუმცა “ბაზიდრინი” გაცილებით ნაკლებ ეფექტური იყო, ვიდრე პერვიტინი,

1941 წელს სსრკ - ს რიგი დადგა - ჰიტლერის ტრიუმფალური ოპერაცია “ბარბაროსა” - “ბლიც” მარში მილიონობით გვამებზე, გადაბუგული ბელორუსიის, უკრაინის, რუსეთის ნანგრევებზე , ცოცხლად დარჩენილთა ტრაგედიაზე - პირველად მოსკოვის მისადგომებთან შეჩერდა.

“ბარბაროსა” თავად ვერმახტის ჯარისკაცებისათვის აღმოჩნდა- ბარბაროსული კამპანია. გერმანელი ჯარისკაცისათვის პერვიტინი და სხვა ფსიქოტროპული საშუალებები საბოლოოდ იქცა თავის გადარჩენის სტრატეგიად.



გონების სრული ანესთეზიის გარეშე წარმოუდგენელი იყო ამ აპოკალიფსური ყოველდღიურობით ცხოვრება, ბრძოლა, ყინვა, ფაქტიურად გვამების გარემოცვაში ძილი, ჭამა... - იმ ჯოჯოხეთის გაძლება რასაც აღმოსავლეთის ფრონტი ერქვა.


ზამთარში, როდესაც წითელი არმია პირველ კონტრ შეტევაზე გადავიდა, “რკინის” არმიამ დამატებითი ცოცხალი ძალასთან, იარაღთან, ტექნიკასთან ერთად რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტი პერვიტნი მოითხოვა, …გაცილებით, რაც შეიძლება მეტი...

ამ დროისათვის უკვე როგორც ლაბორატორიულად, ისე პრაქტიკით დადასტურებული იყო, რომ პერვიტინის რეგულარული მოხმარება, სულ რაღაც ორ კვირაში ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს. მაგრამ ვერმახტის სარდლობას სხვა არანაირი საშუალება არ გააჩნდა არმიის საბრძოლო სულის შესანარჩუნებლად. რამოდენიმე უიმედო, წინასწარ განწირული მცდელობა მოხმარების შემცირების მიზნით, მაინც განხორციელდა, ცხადია უშედეგოდ.

ჯარისკაცებს ფრონტზე ოჯახის წევრებიც ამარაგებდნენ გერმანულ აფთიაქებში განსაკუთრებული პრობლემის გარეშე ნაყიდი მაცოცხლებელი აბებით.

აღმოსავლეთის ფრონტზე გარდატეხიდან მოყოლებული, მეტაფეტამინზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდებოდა.

1945 წლის აპრილში, განწირული ბერლინის დასაცავად სახელდახელოდ შეგროვილ საბრალო მოზარდებს, ჰიტლერიუგენდებს პერვიტინის გაცილებით მეტი მარაგი ჰქონდათ, ვიდრე ტყვიაწამლის.


Photo-ჰიტლერიუგენდი 1945

150 მილიონი ადამიანი შეეწირა კაცობრიობის ისტორიაში ამ ყველაზე ბარბაროსულ ომს. მილიონობით ჯარისკაცი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ტრავმირებული დაუბრუნდა საკუთარ სახლს. მეტაფეტამინზე მოთხოვნა ერთი წუთით არ შენელებულა.
ვერმახტის უზარმაზარი გადარჩენილი მარაგის წყალობით, შავ ბაზარზე მორფინისა და პერვიტინის შოვნა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა.

ომის შემდეგ სლოგანიც კი გაჩნდა : მეტი სიყვარული - მეტი პერვიტინი! მოთხოვნილება ძალიან დიდი იყო. პერვიტინი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყიდებოდა 50 იან

წლებამდე სანამ ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. მოგვიანებით, როდესაც ნაცისტების მარაგი დამთავრდა, პერვიტინის წარმოება უკვე პატარა ლაბორატორიებმა დაიწყეს - იმ დროისათვის ინფეტამინის თვითნებური წარმოება კანონით ჯერ არ ისჯებოდა.

ახალგაზრდათა დიდი ნაწილისათვის ომისშემდგომ სტრესებთან ბრძოლაში, პერვიტინი ერთად - ერთი “მეგობარი” გახდა. ცხოვრების, სწავლის, მუშაობის გაგრძლებისათვის ენერგიის ერთად ერთი წყარო... განსაკუთრებით დასავლეთ გერმანული კომპანიების პროფესიული სტრესებით გატანჯული ახალგაზრდა ხელმძღვანელებისათის პრეპარატის მიღება ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენა გახდა როგორც ჩვენს ეპოქაში სხვადასხვა ანტისტრესისა. ბევრი მათგანი ამ პრეპარატმა უბრალოდ გაანადგურა.


შავი ბაზრიდან პერვიტინი თანდათან გაქრა. სამაგიეროდ ისევ გამოჩნდა ორივე გერმანიის აფთიაქებში. რეცეპტს ექიმები ისევ ძალიან ადვილად წერდნენ.

ბერლინის კედელმა, ფარმაკოლოგიური კომპანია” ტემლერიც” ორად გაყო - აღმოსავლეთ და დასავლეთად. რკინის ფარდის ორივე მხარეს პერვიტინმა თავისი წვლილი შეიტანა დანგრეული გერმანიის თავიდან შენებაში.

როგორც დღეს ირკვევა ომისშემდგომ წლებში ორივე გერმანია პერვიტინს სპორტშიც რეგულარულად იყენებდა, როგორც დოპინგს.

სულ ახლახანს უკვე გაერთიანებული გერმანიის ოლიმპიურმა კომიტეტმა სკანდალური აღიარება გააკეთა იმის შესახებ, რომ შვეციაში, 1954 წლის ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის დროს, რომელშიც უნგრეთის ლეგენდარული ოქროს ნაკრები ანგარიშით 3:2 დაამარცხა, აბსოლუტურად ყველა გერმანელ მოთამაშეს , პერვიტინი ჰქონდა მიღებული...

ამ ტრაგიკულ ფინალამდე ორი კვირით ადრე იგივე დასავლეთ გერმანიის ნაკრები პუშკაშის გუნდმა გამანადგურებელი ანგარიშით 8:3 დაამარცხა.

შვედური ფინალი ფეხბურთის ისტორიაში ისევე სკანდალურად ითვლება, როგორც მარადონას ღვთიური ხელი... მხოლოდ ამ ხელმა არგენტინელებს ოქროს მედლები მოუტანა. უნგრეთის დიდ გუნდი , როგორც 55 წლის შემდეგ აღმოჩნდა, პერვიტინთან დამარცხდა და არა ფეხბურთელებთან.

დღესაც კი , სამწუხაროდ, გერმანელებს ვერავინ ჩამოართმევს უღირსად მოპოვებულ ოქროს მჭედლებს, - დოპინგის საწინააღმდეგო კანონი მხოლოდ 1968 წელს გაჩნდა. ისევ და ისევ პერვიტინის წყალობით - კოლნში გერმანელი ცნობილი პროფესიონალი მოკრივე , რომელიც იმ დღეს უჩვეულო ენერგიით და წარმატებით იბრძოდა, მე 15 რაუნდში მოულოდნელად უგონოდ დაეცა რინგზე - მეორე დღეს კი გარდაიცვალა. აღმოჩნდა, რომ მატჩის დაწყებამდე ორი აბი ჰქონდა მიღებული.

გაყოფილი გერმანიის ორივე არმიის, შეიარაღებაში პერვიტინი თითქმის 1975 წლამდე შემორჩა - განსაკუთრებით ავიაციაში. შემდეგ გდრ ში ის შეიცვალა “აპონერონით”. ეს პრეპარატი ძალიან ახლოს არის თავის წინამორბედთან. მხოლოდ როგორც ანტი დეპრესანტი - რეცეპტს არ საჭიროებდა. ფაქტიურად 1988 წლამდე ის გდრ ის სასაზღვრო ნაწილების რაციონში შედიოდა, «დაუღალავ« მესაზღვრეებს დასავლეთში გაქცევის მსურველებზე ეფექტურ «ნადირობაში« ეხმარებოდა.

თუმცა 1971 წლის 14 ივნისს, ვინმე პიტერ დემლერმა ისინი მაინც გააცურა - კედელს “გვერდი” ბალტიის ცივი ზღვიდან აუარა - შორი გზა მოიარა, და დასავლეთ გერმანიაშ მშვიდობით გადაცურა - თუმცა რამოდენიმე აბი პერვიტინისა დახმარებით.: სხვანაირად ამ მანძილს დაფარვას ვერაფრით ვერ შეძლებდა.

ამ “ლეგენდარული” მეტაფეტამინის წარმოება, ყველა სახითა და სახელით, მთლიანად და საბოლოოდ მხოლოდ 1988 წელს შეწყდა, როდესაც კომპანია “ტემლერმა” ფუნქციონირება შეწყვიტა. თუმცა მისი ადგილი სხვა პრეპარატებმა დაიკავეს - მაგალითად დღევანდელ გერმანიის შეიარაღებაში მყოფმა სტიმულატორებმა პოლერონმა და N1 - მა.

ნარკოტიკების შავ ბაზარზე მეტაფეტამინი დღესაც დიდი « წარმატებით სარგებლობს« სარგებლობს- მხოლოდ ისინი უფრო “სპიდისა” და “კრისტალის” სახელით არიან ცნობილნი.. თუმცა 80 იანი წლებიდან მოყოლებული, არსებობს სავსებით ლეგალური მედიკამენტები, რომლებიც თავისი შემადგენლობით დიდად არ განსხვავდებიან სამხედრო «სტიმულატორებისაგან«.

მათი დანიშნულება, პრინციპიც იგივეა, რაც 30 იან წლებში, როდესაც ლაბორატორია «ტემლერი« პირველ ნაბიჯებს დგავდა, ცდილობდა შეექმნა პრინციპულად ახალი ტიპის ელექსირი, რომელიც ადამიანს ეხმარება იყოს ზე აქტიური, იდგეს და ჩანდეს ყოველთვის წინა პლანზე, მიუახლოვდეს საკუთარ ლიმიტს, და თუ საჭიროა გადააბიჯოს მას და საკუთარ თავს...

ფსიქოტროპული სტიმილატორების ერთ ერთი ყველაზე დამახასიათებელი თვისება სწორედ საკუთარი ლიმიტის შეგრძნების უნარის დაკარგვაა. ადამიანი ვეღარ ხვდება როდის არის დაღლილი, როდის ესაჭიროება დასვენება, ძილი, როდის იფიტება და ემსგავსება ზომბს ..

რა თქმა უნდა გარკვეული დროის მონაკვეთში ის ძალიან ეფექტურია, მაქსიმალური ეფექტურობა კი ნებისმიერ სისტემაში, განსაკუთრებით კაპიტალისტურში, ადაპტაციის ერთ ერთი ყველაზე აუცილებელი პირობაა…

თუმცა საკუთარი ლიმიტის ცოდნაც ასევე აუცილებელია. ლიმიტის დარღვევა საკუთარი შესაძლებლობებზე კონტროლის უნარს აკარგვინებს ადამიანს.

უმეტეს შემთხვევაში ეფემერული წარმატება ტრაგიკულად შეიძლება შემოუტრიალდეს, ანფეტამინის ხშირი და არასწორი ხმარება სწორედ ამ ლიმიტის უნებურად, ბრმად გადალახვის რისკს ზრდის - დანაღმულ ზონაში ნაბიჯის შედგმას... ეს ძალიან საშიშია სიცოცხლისათვის. ამიტომ, საკუთარ ლიმიტს პრაგმატული ადამიანები არ გადადიან, ლიმიტს იქით მხოლოდ მხოლოდ პოეტებსა და ღმერთებს შეუძლიათ სიცოცხლე გააგრძელონ, თუმცა ეს სულ სხვა თემაა.


პქ
16 Decembre. Paris                                          გაგრძელება იქნება