7 avril 2014

Bourgogne - ცხოვრების ხელოვნება

ეს ჩემი მეორე სიუჟეტია  რადიო ცხელი შოკოლადის გადაცემა "ღვინის გზამკვლევისათვის" რომელიც 2012 წელის სექტემბრის ბოლოს  გავიდა ეთერში. 




არის ესეთიი გამოთქმა» Art de Vivre რაც ქართულად "ცხოვრების ხელოვნებად" ითარგმნება... რაღაც ცხოვრების შნოსავით არის, მხოლოდ უფრო დელიკატურად ჟღერს. ეს ცხოვრების ხელოვნება ქყველა ქვეყანას თავისებური აქვს. ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები. ზოგს თითქმის არა აქვს...სხვანაირად ამას კულტურაც შეიძლება დავუძახოთ. გასტრონომია ცხოვრების ხელოვნებაში შემავალი ანგრედიანტებიდან ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ფრანგული სამზარეულო იუნესკოს მიერ აღიარებულია როგორც კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა. რა თქმა უნდა ღვინის გარეშე ესეთ აღიარებას ფრანგული სამზარეულო ვერასდროს ვერ მიაღწევდა.
განსაკუთრებით კი ბურგონულის, ანუ როგორც ჩვენთან რუსული თარგმანის გავლენით ეძახიან ბურგუნდიული ღვინის გარეშე. უფრო მეტიც, ღვინოზე პუბლიკაციების ერთ ერთი ცნობილი ავტორი, კრისტიან პესსი თვლის, რომ სულაც არ იქნებოდა გადაჭარბებული გვეფიქრა, რომ ბურგუნდიული ღვინის გარეშე მსოფლიოს თუ არა ევროპას მაინც დღეს სულ სხვა სახე ექნებოდა. მისი აზრით დაამტკიცებს რომ ბურგუნდიის ჰერცოგების სიმდიდრე და ძალაუფლება სწორედ ღვინის კომერციაზე აშენდა. პაპები ამდენი წლების განმავლობაში ავინიონში არ იცხოვრებდნენ, რომ არა
მათი სიყვარული და გატაცება მაღალი ხარისხის ღვინოებისადმი. ვის შეუძლია დაამტკიცოს რომ ლუი მეცამეტეს მემკვიდრე ეყოლებოდა, ანა ავსტრიელის სიბერწე დღეში ერთი ბოთლი «პატარა იესოთი» რომ არ განეკურნათ? ვის შეუძლია დაამტკიცოს რომ მეფე მზედ წოდებული ლუი მეთოთხმეტე ესე ღრმა მოხუცებულობამდე მიაღწევდა ექიმებს მისთვის ყოველი ჟამისას ბურგუნდიულის კარგად დალევა რომ არ გამოეწერათ? კიდევ სხვა უამრავ ესეთ რიტორიკულ კითხვების სიას ის ასე ამთავრებს: ვის შეუძლია დაამტკიცოსმ რომ სოლიდარობის გრძნობა, რომელსაც ესეთი ღრმა ფესვები აქვს გადგმული ფრანგულ კულტურაში, ეს განვითარდებოდა?
ვაზი გალების ქვეყანაში პირველი გამოჩენის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს, მათ შორის ქრისტესშობამდე მეექვსე საუკუნეში ბერძნების მიერ იქნა პირველად შემოტანილი, ღვინის კულტურამ უზარმაზარი მნიშვნელობა შეიძინა, განსაკუთრებით მეორე საუკუნიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე, როდესაც რომაელების იტალიური ღვინის ექსპორტმა ბურგუნდიამდე მოაღწია.
მეექვსე საუკუნიდან ქრისტიანობის დამკვიდრებამ მევენახეობის განვითარებას ხელი შეუწყო იმით, რომ უველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ვენახები სააბატოების, მონასტრების ხელში აღმოჩნდა, რომლებიც ომების დროს განსაკუთრებული პროტექციით სარგებლობდნენ და .თაობიდან თაობას გადასცემდნენ მეღვინეობის გამოცდილებას. პირეველი სამონასტრო ღვინოების წარმოება რომელსაც არა მარტო ლოკალური ევროპის მასშტაბის მნიშვნელობა ჰქონდა სათავეს მე7 საუკუნეში იღებს.
მოგვიანებით მე14 მე 15 საუკუნეში ავინიონის პაპების ქალაქა გადაქცევასთან ერთად ღვინის წარმოებაკულტურად ჩამოყალიბდა.
პაპ კლემენტი მეექვსეს ეპოქაში 1342-1352 წლებში რომელიც ავინიონის პაპებს შორის
 Châteauneuf-du-Pape
ყველაზე ფუფუნების მოყვარულად ითვლება, ბურგუნდია სამ განსხვავებულ კლიმატურ რეგიონად დაიყო, და შეირჩა «პაპის მარანი»
სწორედ კლემანტი მეექვსეს გემოვნების წყალობით გახდა წითელი ღვინო უფრო მისაღები. მეთოთხმეტე საუკუნემდე უპირატეესობა თეთრ ღვინოს ენიჭებოდა. ამგვარად ავინიონის პონტიფიკას როლი ღვინის გემოვნების მუტაციაში ეტაპობრივად, გადამწყვეტად ითვლება.
ამავე ეპოქაში დაიწყო მდინარე რონის საშუალებით ღვინის უფრო ადვილად გადაზიდვა სამხრეთში.

მეთოთხმეტე მეთხუთმეტე საუკუნეში ბურგინდიის ოთხი დუკის, ანუ ჩვენებურად ჰერცოგის მართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა ღვინის ხარისხის გარანტიის განმსაზღვრელი წესები. 1395 წელს ფილიპ დე ჰარდიმ გადაწყვიტა გაეუმჯობესებინა ღვინის ხარისხი და თავის მიწებზე. გამოსცა დეკრეტი, რომლიც თავის ტერიტორიაზე კრძალავდა აქამდე გავრცელებული ვილდელოიალის ჯიშის ვაზს, და მის ნაცვლად პინო ნუაღ, ანუ შავი პინოს გაშენებას მოითხოვდა. . ეს ითვლება კვებისპროდუქტის შესახებ გამოცემულ პირველ დეკრეტად მსოფლიოში, ის წინ უსწრებს ღცვინის აპელაციასაც და გერმანულ Reinheitsgebot საც რომელიც ლუდის გამოხდისას დასაშვებ ანგრედიანებს განსაზღვრავს. 1416 წელს შარლ მეექვსემ ბურგონის ღვინის წარმოების ლიმიტი დააწესა.
1652 წელს სამედიცინო სკოლაში ექიმებმა თეზაც კი ჩამოაყალიბეს, რომ ბურგონის ღვინოს სამკურნალო თვისებები აქვს და ყელზე სასიამოვნო სასმელია. რითიც ღვინის დიდ ომს დაედო საფუძველი ბურგუნდიულ და შამპანიურ ღვინოებს შორის. ლუი მეთოთხმეტეს თავისმა ექიმმა ბურგონი სამკურნალოდ დაუნიშნა. ამავე დროს აუკრძალა შამპანურის დალევა. მოგვიანებით ერემსის სამედიცინო ფაკულტეტზე ახალგაზრდა ექიმმა ლე პეშორმა კონტრეშეტევა განახორციელა და საპირისპირო თეზა წამოაყენა, შამპანური ღვინოების სასარგებლოდ. ღვინის ომს საფრანგეთის რევოლუციამ დაუსვა წერტილი. როცა კონფისკაციის შემდეგ დაქუცმაცებული ვენახები ბურგონელმა ბურჟუებმა შეისყიდეს...
ბურგონის რეგიონის ღვინის ისტორიზე გაუთავებლად შეიძლება საუბარი, ის თან გასდევს საფრანგეთის მთელ ისტორიას. დღემდე. ეს არის ისტორია ცხოვრების ხელოვნებისა, რასაც საფრანგეთი მშვენივრად ყიდის, და რაც პრინციპში მისი ყველაზე მთავარი საექსპორტო ფასეულობაა, და ის საშუალებას აძლევს ქვეყანას რომელსაც აბსოლუტურად არავითარი ბუნებრივი რესურსი არ გააჩნია, ათასგვარი კრიზისის მიუხედავად, მაინც სტაბილურად მსოფლიოს მეხუთე ეკონომიკად ითვლებოდეს მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ ანგარიშში.
შესაძლოა ვინმეს გადაჭარბებული მოეჩვენოს, მაგრამ ამ მხრივ ჩვენი , ქართველების შესაძლებლობები ძალიან წააგავს ფრანგულს. ჩვენ შევძელით ჩვენი საკუთარი ცხოვრების ხელოვნების შექმნა, თანაც საკმაოდ ავთენტურის, და ის გარკვეულ ზონაზე გავავრცელეთ კიდეც, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს არსებობას ჩემი აზრით ამ ცხოვრების ხელოვნებას უფრო უნდა ვუმადლოდეთ ვიდრე მითოლოგიურრ ძლიერ მეომარ სულს. ჩემი აზრით ფრანგებისა არ იყოს, ღვინომ ჩვენც ბევრი რამ გვასწავლა. თუმცა სამწუხაროდ ჩვენი ღვინის კულტურის ისტორია აბსოლუტურად შეუსწავლელია. გარდა იმისა, რომ ლამის ღვინის სამშობლოდ მოვიხსენიებთ თავს, ბევრი არაფერი გვაქვს მოსაყოლი... მხოლოდ იმიტომ. რომ ჯერ არ გაგვიაზრებია – ღვინის ხარისხი მისი ისტორიაა. როდესაც იაპონელი, ამერიკელი ან ბრიტანელი ბურგონს აგემოვნებს, პირველ რიგში მის სმენას ღვინის დასახელება ესლაბუნება, და მისი წყალობით ყოველ მოსმულ ყლუპთან ერთად საფრანგეთის ისტორიის ზიარი ხდება.

პ.ქ. 29 სექტემბერი 2012
Paris



5 avril 2014

..დაბადებული ღვინის ქვეყანაში!

2012 წელს რადიო ცხელი შოკოლადისთვის, მალხაზ ხარბედიას თხოვნით სამი აუდიო - ჩანაწერი  გავაკეთე მისი გადაცემისთვის "ღვინის გზამკვლევი".  მეტი ვეღარ შევძელი რადგან მაშინ ძალიან დაკავებული ვიყავი. ახლა ნელნელა თავი მოვუყარე ამ ჩანაწერებს. ღვინის მოყვარულებს შეიძლება დააინტერესოთ.
 ეს სულ პირველი აუდიო ფაილია, რომელიც დაკაგული მეგონა და შემთხვევით ვიპოვნე დღეს -  " დაბადებული ღვინის ქვეყანაში"... დანარჩენებსაც ამ დღეებში დავდებ.





რადიო "ცხელი შოკოლადი" 
პაატა ქურდაძე
 18 სექტემბერი, 2012

ხშირად მიფიქრია, რომ ამ მხრივ მაინც გამიმართლა. ღვინის ქვეყანაში დავიბადე და მეორე ღვინის ქვეყანაში ვცხოვრობ... იმედი მაქვს არაყის ან ლუდის ქვეყანაში არ მოვკვდები,  იმიტომ არა, რომ არც ერთი არ მიყვარს.  ასე მგონია,  რომ ჩემთვის ღვინის ქვეყანაში სიკვდილი უფრო ადვილი იქნება, ისევე როგორც სიცოცხლე. რატომ მგონია არ ვიცი, კაცმა რომ თქვას ადვილი სიცოცხლე არსად მქონია, ალბათ იმიტომ რომ, ჩემი აზრით, ღვინის ქვეყნებში უფრო მეტი შანსი გაქვს  "წაღმა გეჩვენოს, ქვეყნის უკუღმა ტრიალი".
შეიძლება ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ ღვინის მსმელ ერებს შორის არის რაღაც უხილავი მაგნიტიზმი, ღვინო კონვივიალურია, ის აერთიანებს, მძიმე ალკოჰოლი კი პირიქით, თიშავს, მარტოობისკენ გიბიძგებს, ჩემზე ყოველ შემთხვევაში ესე მოქმედებს. 
თუმცა იმისთვის, რომ ღვინის ქვეყანა გახდე, არ არის საკმარისი მხოლოდ კარგი ვენახი გააშენო, ტექნოლოგიურად სრულყოფილი ქარხანა ააგო და მარკეტოლოგიური თვალსაზრისით კონკურენტუნარიანი, თუნდაც ძალიან კარგი ღვინო აწარმოო. ფრანგს, იტალიელს ან ქართველს ვერ ექნება ჩინელთან ეს უხილავი ტანინიანი ძაფები გაბმული, რომელიც ერთმანეთთან აქვთ. რადგან ჩინეთმა, სულ რომ გააკოტროს ფრანგული და იტალიური ღვინის ინდუსტრია, მიუხედავად იმისა რომ   ღვინის გამოშვება ისწავლა, ღვინის ქვეყანა მაინც კიდევ ძალიან დიდხანს ვერ გახდება. რადგან ღვინის მწარმოებელსა და  მევენახე- მეღვინეს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც პურის მწარმოებელსა და მეპურეს შორის. მეპურეები კი ძალიან მნიშვნელოვანი ხალხია. ესე ადვილად ამ წოდებას ვერ მიიღებ, საფრანგეთში, იმისათვის რომ პურის  მაღაზიას საფუნთუშე ანუ ბულანჟერი ერქვას, პატრონი იძულებულია არა მხოლოდ ადგილზე  გამოაცხოს, არამედ ცომიც აუცილებლად იქვე მოზილოს. მაგარი ხალხია, ყოველ დილას ხუთ საათზე იწყებენ  ცომის ზელას...  თუმცა ფრანგ ხაბაზებზე, ანუ ბულონჟერებზე სხვა დროს იყოს.
90–იანი წლების დასაწყისში, როდესაც საფრანგეთში გადმოვედი საცხოვრებლად, საქართველოს ჯერ კიდევ რუსეთთან აიგივებდნენ და არა მხოლოდ გეოპოლიტიკურად, რაც ძალიან არასასიამოვნო იყო. ძირითადად ყინვაზე, ვოდკაზე და  ქერა გოგოებზე მელაპარაკებოდნენ, თან ეშმაკურად მიპაჭუნებდნენ თვალს, უფრო კულტურულები კი ბალეტზე, ჩეხოვზე და ტროცკიზე... დაუღალავად ვუხსნიდი ყველაფერს გაოგრაფიიდან დაწყებული დამწერლობით დამთავრებულ, მაგრამ ავიწყდებოდათ და რამდენიმე დღეში, ამინდი ცოტათი გაფუჭდებოდა თუ არა, იგივეს მეკითხებოდნენ: "ჰა.. მუსიე, ეხლა თქვენთან მაგრად ყინავს არა? ვოდკა, ბანია და... ტანია ჰა?"  ხითხითებდნენ და მრავალმნიშვნელოვნად თვალებს მიპაჭუნებდნენ გაუთავებლად, სანამ ნერვებაშლილი თავიდან არ ვიწყებდი ჩემი ბოხჩაში გამოკრული საცოდავი ეროვნული ფასეულობების ამოლაგებას სათითაოდ...  "ა ბონ?" ამბობდნენ გაკვირვებულები, რაც ჩვენებურად დაახლოებით იგივეს ნიშნავს რაც "რას ამბობ, მართლა?" და მაშინვე სხვა თემაზე გადადიოდნენ, ძალიან მოხერხებულად.
მოგვიანებით დაკვირვებების შედეგად მივხვდი,  რომ ყველაზე კარგად მაშინ იმახსოვრებდნენ განსხვავებას ქართველსა და რუსს შორის, როდესაც ვეუბნებოდი, რომ ქართველები ღვინის მსმელი ხალხი ვართ, და ყველაზე კარგი ღვინო, ყველი და პური გვაქვს მეთქი. ამაზე სერიოზულ კითხვებს  მისვამდნენ, რომელზე პასუხი მაშინ არ მქონდა. რადგან ღვინო ჩემთვის მანამდე არასდროს ყოფილა კულტურის ნაწილი. ვიცოდი მხოლოდ რომ ეგრეთწოდებული უშაქრო ღვინო კარგი იყო, გაკეთებული, ანუ შაქრიანი კი-ცუდი. ვიცოდი, რომ ღვინოს დასათრობად სვავენ, რომ ის დღესასწაულის მთავარი  ატრიბუტია და არა გასტრონომიის ნაწილი, როგორც ეს ფრანგების შემთხვევაშია...
საკვირველი იყო:  მიუხედავად იმისა, რომ ნებიმიერი ფრანგიც ზუსტად იგივეს ფიქრობს, რომ მსოფლიოში ყველაზე კარგი პური, ყველი და ღვინო აქვს, არავინ შემკამათებია, პირიქით სახე უნათდებოდათ, თითქოს ჩვენს შორის რაღაც უხილავი მთვრალი ობობა დაბოდიალობდა და რაღაც კეთილ ქსელს ქსოვდა ღიღინით.
მართლაც, კაცი, რომელსაც თავისი პური, ყველი და ღვინო საუკეთესო ჰგონია, არ შეიძლება ცუდი კაცი იყოს, დიდი–დიდი ერთი ორი ჭიქა ზედმეტი ჰქონდეს გადაკრული.
მაშინ ვიფიქრე პირველად, რომ იესომ შემთხვევით არ აირჩია ღვინო და პური საიდუმლო სერობის მისტერიის აღსასრულებლად: იესოც ღვინის მსმელი იყო და იცოდა, რომ სხვა არც ერთ სასმელს არ აქვს  ესეთი  კეთილშობილური, ბრძნული თვისება დაეხმაროს ადამიანებს დროდადრო ერთმანეთის ნაწილად იგრძნონ თავი, და ამასთან ინდივიდუალობა არ დაკარგონ.
ღვინის სიყვარულიც  სწორედ სიყვარულივით ინდივიდუალურია: თითქოს ყველა შეყვარებულის სიმპტომი წააგავს ერთმანეთს, მაგრამ  ვინც არ უნდა იყოს, სხვისი აღწერილი სიყვარული შენი განცდილის თანხვედრი და, მით უმეტეს, მასზე აღმატებული ვერ იქნება. ჩემთვის მთელი ვიტიკულტურის საიდუმლო სწორედ ინდივიდუალობაშია. კარგი წითელი ღვინით ზომიერად შევსებულ მაღალი ჭიქის ყელს  თითებით ფრთხილად  ეფერები, მერე აიღებ, პირველი სურნელი, ტუჩებით ფრთხილად შეხება... პირველი პატარა ყლუპი პირველი კოცნასავით შემოდის შენში, და ის არასდროს არ წააგავს სხვა კოცნას...  ეს რა თქმა უნდა, როცა დიდი სიყვარული გაქვს... რაც იშვიათია. ფრანგები კი, ჩემი აზრით თვლიან, რომ ერთი დიდი სიყვარული ძალიან ცოტაა და ცხოვრებას მთლიანობაში უფრო ყოველდღიური პატარა, ცოტ-ცოტა  სიყვარული ალამაზებს. ამიტომ  ჩვენგან განსხვავებით ცოტა ღვინოს ყოველ დღე სვავენ. თუმცა ცხადია, არა ძვირფას ფრანგულ დიდ ღვინოებს, რომლებზეც ლეგენდები დადის. იშვიათად ნახავთ ფრანგულ სამზარეულოს, სადაც გულმოდგინედ საცობ დარჭობილ პატარა, ანუ ჩვენებურად, სუფრის ღვინის ბოთლი არ დგას, რომელშიც  შეიძლება სულ ერთი ჭიქა ღვინოა ჩარჩენილი, თავმოყვარე ქართველი, ცხადია ან ჩაცლის ამ ბოთლს ან გადააქცევს... ფრანგისთვის კი ეს პატარა სიყვარულის პატარა ნარჩენია, და უფრთხილდება...  არ ვიცი, თუ გინდათ ძუნწი დაარქვით, მაგრამ ბოლოში გასული,  ნახევრად დაცლილი  საიყვარულისას, ცოტა ძუნწი ყველა ხდება... დიდი და პატარა ღვინო ორივე ღვინოა ფრანგისთვის. ორივეს შესაბამის პატივს სცემს, პირიქით,  უცნობი პატარა მწარმოებლის პოვნა, რომლის ხარისხი ყველაზე დიდ აპელაციებს არ ჩამოუვარდება, ერთგვარი ნაციონალური სპორტიც კია, მაგრამ ამაზე  მოდით შემდეგ გადაცემაში ვისაუბროთ.

PK   5 Avril  Marc 2014 Paris

16 mars 2014

მენტალიტეტის კრიზისი

16.03.14  მაესტრო -  კვირის აზრები: პაატა ქურდაძე


დაახლოვებით ორი წლის წინ ჩემმა შვილებმა დაბადების დღეზე  როლინგების გიტარისტის, კიტ რიჩარდსის სულ ახლგამოსული ავტობიოგრაფიული  წიგნი, ლაიფ მაჩუქეს-...  ჩემი აზრით ეს ერთერთი საუკეტესო წიგნია რაც როკნროლზე დაწერილა.
პირველივე გვერდებმა საბჭოთა თბილისში დამაბრუნა... უცნაურია არა? ზოგს პუტინის ხსენება აბრუნებს წითელ წარსულში, ზოგს 37 მანეთის.. ზოგსაც  ჩემსავითღ კიტ რიჩარდსის... ახლავე აგიხსნით რატომ.
წიგნის  პირველ თავში  ავტორი 1975 წელის ამერიკული ტურის ეპიზოდს იხსენებს. რომლის დროს მან გიტარისტ რონი ვუდთან და ორ მეგობართან ერთად გადაწყვიტა მემფისიდან დალასში ავტომობილით ჩასულიყო. ამ იდეამ ჯგუფის ადვოკატი ლამის პანიკაში ჩააგდო, საქმე იმაშია, რომ 1972 წელს პრეზიდენტმა ნიქსონმა ჯონ ლენონის შემდეგ მიზანში როლინგები ამოიღო, პლანეტაზე ყველაზე საშიშ  ნონ გრანტა როკ ჯგუფად შერაცხა.
სამი წლის  შემდეგ  სწორედ ამ ადვოკატის დიდი შრომის შედეგად ჯგუფს პირველად დართეს ნება შტატებში ტურის გამართვის..
კოკაინით, მარიხუანათი და ათასგვარი აბებით გატენილი ავტომობილით არკანსასის შტატის გადაკვეთა,სადაც იმ ხანებში როკ მუსიკის კანონით აკრზალვას აპირებდნენ, სადაც, როგორც მუსიკოსი წერს  თითოეული პოლიციელი ოცნებობდა სამშობლოდან ამ გრძელთმიანი პედერასტი ინგლისელების  გაყრაზე - მართლაც არ იყო კარგი იდეა.
ისინი პირველივე ბენზინის გასამართი სადგურზე დააკავეს …  ეს გრძელი და ძალიან სასაცილო ისტორიაა.. გირჩევთ თავად წაიკითხოთ.
მე კი როგორც გითხარით, ამ ამბავმა ჩემს საბჭოთა 75 ში გადამისროლა… ჩემს ერთი ციცქნა ოთახში, სადაც კედელზე ჟურნალ « კრაკოდილიდან »  ამოჭრილი მიკ ჯაგერის  კონცერტზე გადაღებული ფერადი ფოტო მქონდა გაკრული, « კრაკოდილი »  მას შიმპანზეს ამსგავსებდა. დასცინოდნენ, ასე ვთქვათ…თუმცა უნდა ითქვას შედარება არც ისე არაზუსტი იყო - ჯაგერი მართლა შიმანზეს პოზაში  იდგა სცენაზე და რაღაცას გაჰყვიროდა მიკროფონში.
მაშინ ვერავინ, თვით კიტ რიჩარდიც კი ვერ დამაჯერებდა, რომ ღრმა ამერიკაში როლინგებზე მართლაც  ნადირობა იყო  გამოცხადებული , რომ ბევრ შტატში როკი სახელმწიფოსთვის საშიშ  ფენომენად ითვლებოდა .
მაშინ არც დენის ჰოპერის « იზი რაიდერი » მქონდა ნანახი პიტერ ფონდას და ჯაკ ნიკოლსონის მონაწილეობით და რომ მქონოდა,  არც იმას დავიჯერებდი რომ ამერიკელი ბრიყვები არაფრით არ განსხვავდებოდნენ საბჭოთა ბრიყვებისგან, მეტიც, გრძელი თმების გულისთვის ვისაც გნებავთ იმას ახდიდნენ ვინჩესტერით თავის ქალას … დასავლეთი ჩემი პერსონალური თავისუფლების სიმბოლო იყო , ყოველგვარი პროპაგანდის გარეშე, რადგან ის ჩემამდე უბრალოდ არ აწევდა. იმ ეპოქის ბ კლასად წოდებული აბსოლუტურად იდიოტური პროპაგანდისტული ფილმები მხოლოდ წითელი კავშირის დაშლის მერე ვნახე საფრანგეთში-  რომელთა მიხედვით მე მხოლოდ საბჭოთა ნაცრისფერი სტერეოტიპის ნაწილი ვიყავი. ეს სტერეოტიპი თავისი უბადრუკობით არაფრით განსხვავდებოდა საბჭოთა ანალოგისგან, მეტიც - პროპაგანდის ხარისხით  კრემლი აშკარად უგებდა თეთრ სახლს, ცოტათი მეწყინა კიდეც…
მე ვეკუთვნი თაობას, რომელმაც როკნროლი წლიდან წლამდე ათრია თავისი სუსტი მხრებით საქართველოში, და არა მხოლოდ როგორც რაღაც ელიტარული მუსიკა, არამედ როგორც პოპ კულტურის ჩანასახი… ამით თავისდაუნებურად შეამზადა ბაზა იმისთვის, რომ  რამდენიმე წლის შემდეგ  როდესაც ჩვენ ყველამ ფორმალური თავისუფლება მივიღეთ, დასავლეთთან რაღაც  კულტურული სინქრონიზება  შემდგარიყო… თუმცა არაფერიც არ შედგა. პოსტ საბჭოთა რეალობაში უძრაობის ხანის ანდერგრაუნდზე  მედია-ექსკლუზივი ნაწილობრივ 37 მანეთიანი  გროტესკული კონცეფციის ავტორებმა ჩაიგდეს ხელთ, რომლებიც თავად სარგებლობდნენ ყველაზე ხშირად აეროფლოტის იაფი სერვისით… ასეთებზე ბებიაჩემი ამბობდა, აქვთ და ღმერთმა მისცეთო.. ჩვენ არ გვქონდა ზედმეტი 37 მანეთი …არც ღმერთი გვაძლევდა და ვერც ჩვენით ვშოულოდით. ამიტომ ჩემი პირადი ცხოვრების  მოსაგვარებლად მოსკოვში ყოველ თვე არასდროს მიფრენია. საერთოდ, ჩემი  პირადი ცხოვრების თითოეული ეპიზოდი ყოველგვარი გეოგრაფიის, სისტემის  და ეთნიკურობის მიღმაა, ჩემი ყოველი  სიყვარული, ერთი ღამისაც კი ერთად ერთი და განუმეორებელია.. უბადრუკ 37 მანეთზე  გაცილებით ძვირფასი.
ცხოვრება კიტ რიჩარდსის მარშუტი იყო, ჩემს მემფისსა და დალასს შორის - დამალობანას  თუ დაჭირობანას  თამაში პოლიციასთან, ნომემკლატურულ წითელ  და  ქუჩის შავ მეინსტრიმთან. … ყველაზე თავხედურ ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ შორეულ  90 იან წლებში როლლინგებს სამჯერ ვნახდი სცენაზე და სამივეჯერ, სეთისფექშენის პირველ ნოტებზე, ერთი და იგივე სცენა  გამახსენდებოდა ჩემი სამოცდაათიანებიდან. თუ როგორ ვუკრავდი გაუთავებლად  პლასტმასის სახაზავიდან გამოჭრილი მედიატორით რიჩარდსის ამ სამ კულტ აკორდს ბებიაჩემის პენსიის დანაზოგით ნაყიდ ჩეხურ შავ ელექტრო გიტარაზე…
აი ამიტომ მაბრუნებს კიტ  რიჩარდსის ხსენება საბჭოთა კავშირში. განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარი იდენტობის დასტურს ფანტომურ საბჭოთა მენტალიტეტან მარადიულ ბრძოლაში პოულობენ. ხანდახან ასე მგონია, ასეთებს რომ საბჭოთა კავშირი და სტალინი გამოაცალო ერთი დღეც ვეღარ იცოცხლებენ, რადგან   სხვა დასტური საკუთარი არსებობისა არ გააჩნიათ. ან შესაძლოა რაღაცას გულნოდგინედ შლიან საკუთარი მეხსიერებიდან, არ ვიცი. ვერაფრით ვერ ვხვდები ასეთი რა მენტალიტეტი ჰქონდათ რომ მე ვერ ვამჩნევდი.

საბჭოთა მენტალიტეტი   საუკეთესო თავშესაფატია დღევანდელი უნიჭობისა და უხარისხობის გასამართლებლად., ჩვენ 25 წელია კი არ ვაშენებთ, ვცდილობთ გავამართლოდ თუ რატომ არ ვაშენებთ და ვუმტკიცებთ თაობას რომელსაც წითელი კავშირი თვალით არ უნახვს ზუსტად იგივეს, რასაც B კლასის ამერიკული პროპაგანდისტული ფილმები უმტკიცებდნენ როლინგებზე მონადირე ამერიკელებს, ჩვენს პოლიტიკურად სტიგმატიზირებულ საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად ვანაწევრებთ - ეპოქების ლოგიკას ვანგრევთ, ყოველ ახალ თაობას ბედისანაბარა ვტოვებთ, ვარწმუნებთ რომ მას მემკვიდრეობით არაფერი ღირებული არ ერგო… გარდა რამდენიმე ლირიკული კრებულის  და ფიროსმანის ჟრაფისა… სიცარიელეზე ისევ სიცარიელე  შენდება. ყოველი ახალი თაობა ადვილად პოულობს რაიმე უბადრუკ ფსევდო ისტორიულ არგუმენტს, რომ თავის წინამორბედს ხაზი გადაუსვას და  აგრესიული მარტოობისთვის გაწიროს თავი.

9 Mars  2013 Paris

17 février 2014

ინტერვიუ პაატა ქურდაძესთან, Georgian Journal 13. 02 . 2014


ქეთევან ჩარხალაშვილი. 
ინგლისურენოვანი გამოცემა. 
Georgian Journal 13. 02 . 2014

როგორ შეაფასებთ საკონსტიტუციო ცვლილებებით მოტანილ ახალ პოლიტიკურ სისტემას როცა მთავარი ფიგურაა პრემიერ მინისტრი საქართველოში?
თავად სისტემა ზოგადად მშვენიერია, ისევე როგორც  წინა, საპრეზიდენტო სისტემა. მხოლოდ არა ფეოდალურ-პუტინისეული უფლებებით როგორითაც სააკაშვილმა დაასრულა თავისი მანდატი.  საკითხავი ის არის, თუ რამდენად არის  ქართული პოლიტიკური სპექტრი ასეთი მართველობისათვის მზად? შეგახსენებთ, ეს სისტემა 2010 წელს ყოფილმა ხელისუფლებამ ქვეყნის უფრო ეფექტრად განვითარებისთვის კი არა, მიხეილ  საკაშვილის სამომავალი მანტიად გამოჭრა და შეკერა. მაშინდელი გათვლებით ის დღეს ფლეჩერის სკოლის მასწავლებელი კი არა პრემიერი უნდა ყოფილიყო და კვლავ მას უნდა ემართა ქვეყანა, რეალურად  პლურალისტული და ძლიერი საკანონმდებლო ორგანო მათ გეგმებში აბსოლუტურად არ შედიოდა. ნაციონალური მოძრაობა  საკუთარი ცუდად გათვლილი გეგმის მსხვერპლი გახდა.   დღევანდელი პარლამენტი წარმოადგენს ერთის მხრივ   პოლიტიკაში  სრულიად შემთხვევით მოხვედრილი არაკომპეტენტური ადამიანების უმრავლესობას, რომელთა  ერთ  ნაწილს დეპუტატის სტატუსის შესაბამისი არც ცოდნა გააჩნია და სამწუხაროდ არც ზოგადი კულტურა, ისინი კომფორტაბელურად არიან მოკალათებულნი  იდეოლოგიური და ფასეულობითი კრიტერიუმებით რადიკალურად და  შემაშფოთებლად  განსხვავებულ  კომპრომეტირებულ პოლიტიკოსთა კოალიციაში.    მეორეს  მხრივ კი  ასევე არაკომპეტენტური, მხოლოდ პოლიტიკურ ინტრიგებსა და  მანიპულაციებში შედრებით  გამოცდილი უმცირესობის,  ნაციონალური მოძრაობის აბსოლუტურად დისკრედიტირებული   ნარჩენების სახით. ამ ორი ანტოგონისტი  მხარის გაუთავებელი კინკლაობა  და ბოროტი ლაზღანდარობა, განსაკუთრებული   ოპტიმიზმის  საფუძველს არ იძლევა, ეს ადამიანები, სავარაუდოდ, არ ჰგვანან იმ ხალხს ვისაც შეუძლია ქვეყნის განვითარებაზე სერიოზული  პასუხისმგებლობა აიღოს.
როგორი შედეგები მოიტანა ახალმა სისტემამ?
ჩემი აზრით   სერიოზული შეფსების გაკეთება ჯერ მაინც  ნაადრევია. რადგან ამ ცუდად გათვლილი პოლიტიკური მანიპულაციით შემთხვევით  თავსმოხვეული პოლიტიკური სისისტემით საქართველო მხოლოდ რამდენიმე თვეა ცხოვრობს. თუმცა, მაინც აღვნიშნავდი, რომ  სახელმწიფო წყობის ასეთი მასშტაბის ცვლილებას ადვილად  შესამჩნევი სერიოზული რყევები უნდა გამოეწვია ქვეყნის სოციალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში, სინამდვილეში კი თითქმის არანაირი გასაკუთრებული ცვლილება არ შეიმჩნევა, გარდა იმისა რომ ტელეეკრანებიდან  პრეზიდენტ საკაშვილის   დეპრესირებული სახე გაქრა.  არა მგონია სოციალური სიდუხჭირით ქანცგაწყვეტილი ქართველები რაიმე მნიშვნელობას ანიჭებდნენ იმას, თუ რას დაუძახებენ ქვეყნის პირველ პირს,  პრეზიდენტს, პრემიერს, კანცლერს, თუ დირექტორს. ამ ისტორიული სახელმწიფო მოწყობის სისტემის  ცვლილებების მნიშვნელობას მოსახლეობამდე ჯერ არ მიუღწევია.
რამდენად დადებითად ან უარყოფითად აისახა იგი პოლიტიკურ გარემოზე და ქვეყნის სტატუსზე საგარეო პოლიტიკაში?
გარეგნულად რა თქმა უნდა საპარლამენტო რესპუბლიკა ნდობის ხარისხს უფრო იმსახურებს. განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან მიმართებაში სადაც ძლიერი ხელის მოთხოვნის ტრადიცია ლამის "გენეტიკურად" შემორჩა მოასახლეობას გასული საუკუნიდან.  პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო როგორც ვიცი საპარლამენტო წყობის პირველი შემთხვევაა. რაც შეეხება საერთაშორისო იმიჯს... ჩემი აზრით ის დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს მოსახლეობაში გავრცელებული იმიჯისგან.  ჩემი აზრით საქართველოს სკეპტიკოსი მსოფლიოსთვის ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს- რომ ის რეალურად საპარლამენრტო რესპუბლიკაა და არა   სააკაშილის თარგზე გამოჭრილ კონსტიტუციაში გახვეული ბებერი ცბიერი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი.
როგორ შეაფასებთ ახალი პრეზიდენტის მოღვაწეობას? რამდენად აქტიურია ან პასიური და განისაზღვრება თუ არა მისი ცოტა პასიურობა კონსტიტუციით?
ჩემი აზრით ჩვენ იმდენად შევეჩვიეთ ჰიპერაქტიურ სააკაშვილს, რომ მისი შემცვლელი საერთოდ თუ არსებობს ამაშიც კი ეჭვი გვეპარება. მე ვიტყოდი რომ ის იმდენად აქტიურია რამდენადაც მას რეალობა აძლევს საშუალებას. სიმართლე გითხრათ არ მესმის რას ნიშნავს პასიური პრეზიდენტი. ნამდვილად არ მჯერა რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი სამსახურში კოსვორდების შევსებითა და ფსევდონიმს ამოფარებული სოციალურ ქსელებში თინეიჯერ გოგოებთან ლაზღანდარობით კლავს დროს.
 რა პირობებში შეიძლება გამოჩნდეს პრეზიდენტის ნამდვილი ძალა და მისი რეაგირება?
პირობებში, როდესაც ქართული პოლიტიკური სპექტრი დიდ პოლიტიკაში მოღვაწეობისათვის უფრო მომზადებული, სერიოზული, კომპეტენტური გახდება. როდესაც პარლამენტში დებატები პოლიტიკური შინაარსისა იქნება და არა რაღაც პრიმიტიული სარკაზმით შეზავებული ლაზღანდარობა და ვერბალური ანგარიშსწორება.  როდესაც დემოკრატიის კულტურის პირველი ნიშნები გაჩნდება, როდესაც ყველა უკეთ გააცნობიერებს თავის ფუნქციას და მიხვდება რომ ძლიერი პრემიერი არ ნიშნავს სუსტ და უფუნქციო პრეზიდენტს.  ძლიერი უმრავლესობა კი კრიმინალიზირებულ უმცირესობას, როდესაც დიდებს და პატარებს ერთნაირი წონა და ერთნაირი პატივისცემა ექნებათ როგორც  ერთმანეთის, ისე საკუთარი ამომრჩევლებისა და გადასახადების გადამხდელების. ეს არც ისე ძნელი მისაღწევია ახლო პერსპექტივაში, მხოლოდ ამას პოლიტიკოსთა ძლიერი  ნება სჭირდება.
არის თუა არა მხოლოდ კრიზისული სიტუაცია პრეზიდენტის ძირითადი ფუნქციონირების არეალი?
რა თქმა უნდა არა, პრეზიდენტი არ არის ბეტმენი.
მომავალში როგორ შეიძლება განვითარდეს სიტუაცია ამ სისტემის პირობებში?
 ქართულ პოლიტიკაში პროგნოზირება არ არის ადვილი საქმე, მაგრამ მე მაინც ოპტიმისტი ვარ და ვთვლი, რომ დროსთან ერთად პოლიტიკური სპექტრი გაჯანსაღდება, და შესაბამისად გაჯანსაღდება ზოგადად პოლიტიკური კლიმატი, რაც აუცილებელ  საფუძველს წარმოადგენს ქვეყნის განვითარებისა და   იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელმწიფო მოხელეთა ფუნქციების დადგენა და საკადრო საკითხები. მე მხედველობაში მაქვს კარგად აწყობილი სისტემის მიერ ქვეყნის მართვა და არა გამუდმებით სისტემის შეკეთება, მისი გატეხილი ნაწილების ძებნა და პოვნის შემდეგ კვლავ უხარისხო სათადარიგო ნაწილით გამოცვლა.
შეიძლება თუ არა რომ რუსეთმა გარკვეულწილად პასიურად აღიქვას ხელისუფლების მოღვაწეობა და თავის სასარგებლოდ გამოიყენოს? ანუ მოსალოდნელია თუა არა რუსეთის მხრიდან რაიმე პოლიტიკური პროვოკაცია?
ჩვენს დროში ნებისმიერი, განსაკუთრებით ქართველი პოლიტიკოსი ძალიან გულუბრყვილო და  წინდაუხედავი უნდა იყოს რუსეთის მხრიდან ნებისმიერ მომენტში რაიმე   პოლიტიკურ, უფრო მეტიც, პოლიტიკურ ლოგიკას მოკლებულ პროვოკაციას რომ არ ითვალისწინებდეს. რუსეთი საშიში პირველ რიგში თავისი ალოგიკურობითაა და მერე  სამხედრო სიძლიერით.  ეს ჩემი აზრით რუსეთთან ურთიერთობის ალფა და ომეგაა. გარდა ამისა   რუსეთი ჩვენი დეკლარირებული მოწინააღმდეგეა, მოწინააღმდეგე კი ყოველთვის ცდილობს შენი პასიურობის გამოყენებას თავის სასარგებლოდ. მხოლოდ ჯერ აუცილებლად შეეცდება დაადგინოს, ეს მართლაც პასიურობაა, თუ ხაფანგი.  პასიურობაზეც და აქტიურობაზეც სრული პასუხისმგებელი ხელისუფლებაა... მე ვიმედოვნებ, რომ მას გაცნობიერებული აქვს ეს პასუხისმგებლობა.

ინგლისური შემოკლებული ვერსია :

Paata Kurdadze
Ketevan Charkhalashvili
New political system of parlamentarian republic is going on smoothly yet. Georgian Journal talked to the Georgian writer in France Paata Kurdadze about results of new political system and how it works for Georgia. We offer interview to the reader of our newspaper.
Q. How do you estimate new political system that was brought by constitutional changes in Georgia?                                                                                                                                                  A. The system is good like previous presidential one but not with feudal-putin rights as Saakashvili ended his mandate. There is only question how Georgian political spectrum is ready for such kind of rule. I have to remind that this system was created in 2010 not for more effective rule of the country but for future mantle for Saakashvili. By those plans he should be not a teacher in Fletcher school but Prime Minister. In reality the pluralism and strong legislative governing body was not in their plans. National Movement became the victim of their own badly planned goal. Todays parliament is union of not competent accidental people. The endless quarrel of two antagonist groups of parliament doesn't give reason for optimism.
Q. And what results we have got from this new system?                                                                         A. In my opinion it is early yet to make conclusions. Georgia lives with this accidental badly mannered political system just several months. But I have to underline that such kind of serious scale state governing change had to create easily and notably serious fluctuations in social and political life. In reality we don't see any kind of special changes not taking into account that depressive face of president Saakashvili disappeared from TV. I don't think that for tired and poor Georgians have big meaning what is the name of the first person of the country: president, Prime Minister, chancellor or director. The changes made in state governing system have not reached to the population yet.                                                                                              Q. How it influenced the political life and foreign status of the country?                                              A. Outwardly parliamentarian republic deserves more trust. Especially in postsoviet countries where the population nearly has ''genetically'' demand for the strong hand from previous century. In postsoviet space as I know Georgia is the first case with parliamentarian system. As for foreign profile of the country.. i think it is not far from the image that most of the population has opinion about. I Think that Georgian has to prove yet that it is real parliamentarian republic and not the stealth postsoviet formation made on Saakashvili's constitutional template.                                                                                                                                 Q. How do you estimate activity of the new president and does it seem passive or it is defined by the constitution?                                                                                                                                         A. The opinion that crisis situation is nearly only one way to unveil presidents function is not true. President is not Batman. In my opinion we are so used to hyperactive Saakshvili that we doubt that can be someone that can change him. To be honest I don't understand what does it mean passive president. I really don't believe that president Margelashvili kills time making crosswords and entertaining with teenager girls behind anonymous accounts in social links.                    
Q. Can we expect some provocations from Russia perceiving new political system as passive?      A. In our times Georgian politician should be very naive and imprudent not taking into account in every moment provocation from Russia not based on political logic. In my opinion this is Alpha and Omega in relations with Russia. Besides Russia is our declared rival and rival always tries to use your imperfection or passive state in their favor. But fist it will try to define this is passivity or trap. But government is responsible for passivity and activity… I hope that it has realized all the responsibility for.

Ketevan Charkhalashvili

11 février 2014

ინტერვიუ პატა ქურდაძესთან


გაზეთი “პრემიერი”  6- 12 თებერვალი 2014

“პრემიერს” მწერალი და პუბლიცისტი პაატა ქურდაძე ესაუბრა:

- პაატა მოგესალმები,    როდესაც სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე გვიწევს საუბარი, ძალიან ხშირად გადაღეჭილი თემების განმეორებაც გვიხდება. მაგრამ ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად ისმება კითხვა- შედგა კი ქართული სახელმწიფო და შედგა ქართველი საზოგადოება? როგორ ფიქრობ, არის საქართველო სრულფასოვანი სახელმწიფო, რომელსაც პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება ჰყავს?
ქართული სახელმწიფო შედგა მაშინ როდესაც ის   მსოფლიომ აღიარა სუვერენულ სახელმწიფოდ და საერთაშორისო ორგანიზაციებში გაერთიანდა, ეს ეპოქა შევარდნაძის სახელთან  არის დაკავშირებული, ამიტომ სააკაშვილის ხელისუფლება, რომელსაც სრული ობსესია ჰქონდა საქართველოს ისტორიის პიონერობაზე, ამ ყველაფერის გულმოდგინედ წაშლას შეეცადა.  ასეთი მასშტაბით  სწორედ მან დასვა ეს კითხვა პირველად  და თავადვე გასცა სრულიად ოფიციალური პასუხი - დიახ  პირველად დავით აღმაშენებელის შემდეგ ის შედგა, მხოლოდ რაა თქმა უნდა მხოლოდ  მიხეილ სააკაშვილის წყალობით! საქართველოს ისტორიის  ამ ყოვლად უბადრუკ ვერსიას,  დიდი სიამაყით იმეორებდნენ  ნაციონალი ბელადის ყოველდღიური გამონათქვამებით შთაგონებული მისი ინტელექტუალები. მათ  ამ სისულელეს   სიცოცხლე გაუხანგზლივეს და ერთგვარი დროებითი  ლეგიტიმაცია მისცეს.
ამ კითხვით  საქართველოს ისტორიის ჩვენს მიერ შექმნილი  მონაკვეთის ფასი  თითქმის ნულამდე დაგვყავს და  რაღაც უცნაური მაზოხისტური გესლიანი და დაუნდობელი  სიამოვნებით საკუთარ თავზე შერს ვიძიებთ შურს.
ეს კითხვა ჩვენ გამუდმებით 1991 წლის შემოდგომის თბილისში გვაბრუნებს - ტელევიზიის ან  მთავრობის სასახლის წინ.   რაც  ერთ წრეზე ტრიალი, დიდი შეცდომა და თავის მოტყუებაა.
ჩემი აზრით ჩვენ ხშირად არასწორ და გადაჭარბებულ მნიშვნელობებს ვანიჭებთ ამოჩემებულ  სიტყვებს. შემდეგ ამ მნიშვნელობებს მოცემულობად ვიღებთ, ისინი ადგილს იკავებენ ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენვე გვიშლიან ხელს  განვითარებაში.
- ანუ საქართველო შემდგარი სახელმწიფოა?
რა თქმა უნდა საქართველო შემდგარი  სახელმწიფოა! საკითახვია მხოლოდ, თუ როგორ ტიპის  და რამდენად სიცოცხლისუნარიანია ის. ჩვენ კითხვები უფრო იმის შეახებ უნდა დავსვათ, თუ როგორ ვაქციოთ  უკეთეს სახელმწიფოდ, ვიდრე ის დღეს არის, შემდეგ კი შევინარჩუნოთ. არ გავანიავოთ ისე როგორც ეს ბოლო 20 წელიწადში გავაკეთეთ.  ყველა სახელმწიფოს თავისი განვითარების გარკვეული ხარისხი  გააჩნია, ჩვენ გვაქვს ის ხარისხი, რაც გამოვიმუშავეთ და ეს სრულიად საკმარისია იმისთვის რომ სახელმწიფო გვერქვას.
- საზოგადოება?
ჩვენი საზოგადოებაც  განვითარების ზუსტად ისეთივე დონეზეა, ისევეა  "შემდგარი"  როგორც თავად სახელმწიფო, რადგან სახელმწიფო არ შეიძლება იყოს მხოლოდ გეოგრეფიული რუქის ნაწილი. თუ კი ის არსებობს, არსებობს საზოგადოებაც... ზუსტად ისეთი, როგორსაც სახელმწიფო იმსახურებს და პირიქით. მითი იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს შეიძლება მართავდეს ადამიანების ჯგუფი, რომელთა პროგრესულობის ხარისხი და მასშტაბი ბევრად უსწრებს საზოგადოებისას და ეს კომიკური შეუსაბამობა აფერხებს მათი მუშაობის ეფექტურობას , სრულიად უბადრუკი და არასერიოზულია. სამწუხაროდ ედუარდ შევარდნაძეც ამ მითოლოგიით მოღვაწეობდა.   მიხეილ სააკაშილი კი,  ჩემი "დილეტანტური  ფსიქიატრიული" თვალთახედვით სრულიად კლინიკური მითომანიაკი იყო. თუმცა არ ვიცი, შეიძლება ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მასზე პოზიტიურად იმოქმედა და გამოჯანმრთელდა.
- ისტორიის ძალიან მოკლე პერიოდში ჩვენ გამოვიარეთ ლამის ყველაფერი ცუდი, ნაცისტური “აუტოდაფეს” ინკვიზიციური აქტებიდან დაწყებული, მოჩვენებითი პატრიოტული თამაშებით დასრულებული. რამდენად აუცილებელი იყო სხვების მიერ დაშვებული შეცდომების გამეორება. მით უფრო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ საზოგადოება დღემდე ვერ თანხმდება ქართველი “ჯორდანო ბრუნოს” სიმართლეში და მუდამ მზად არის, სამშობლოს, ეკლესიის, რწმენის, ტრადიციის, გაგების, კაცობის სახელით, ინკვიზიტორის მისია იკისროს?
აუცილებელი რა თქმა უნდა არ იყო. მეტიც. საერთოდ არ იყო საჭირო. თუ კი შენ იცი რომ სხვამ შეცდომა დაუშვა და ამას მაინც იმეორებ, ორში ერთია, ან მენტალურად ჩამორჩენილი ხარ და პასუხი არ მოგეთხოვება შენს ქმედებაზე, ან საბოტაჟს აწყობ რომ ამღვრეულ წყალში თევზი დაიჭირო. შეცდომები, შენიც და სხვისიც  იმისთვის არსებობს, რომ თუკი მათი გაცნობიერების უნარი გაგაჩნია,  მათზე ისწავლო და  არ გაიმეორო. ჩვენ კი ყოველთვის დიდი პედანტურობით ვიმეორებთ სხვის მიერ ორასი წლის წინ დაშვებულ შეცდომებს, ხანდახან გასაოცარი ინოვაციური კრეატიულობითა და ენთუზიაზმითაც  კი.  ჩვენ- სანამ გამჭრელი კარტები, ძალა, სანამ  უფლებების კონტროლი   ხელთ გვიპყრია ამ შეცომებს რაღაც უფასო კრედიტივით   ვიყენებთ- ჩვენი სიზრმაცე, კორუპირებულობა, უნიჭობა რომ გავამართლოთ. მე რა თქმა უნდა პირველ რიგში  მხედველობაში მყავს ადამიანები რომლებიც დროდადრო ძლაუფლების მწვერვალში ხვდებიან, და თითქმის მეორე დღესვე იმაზე იწყებენ ლაპარაკს და წუწუნს, რომ  ჩვენზე ბევრად განვითარებული ქვეყნები უშვებენ იგივე შეცდომებს, რომ ქართველები სულსწრაფები ვართ და ყველაფერი უცებ გვინდა, რომ ვინც არაფერს არ აკეთებს ის შეცდომასაც არ უშვებს, ცხვირში გვაფარებენ ათას სხვა მსგავს  პრიმიტიულ ჭკუისასწავლებელ აფორიზმს.  "საკვირველი" ის არის, რომ ასეთებს  საკუთარი მდგომარეობისა და ჯიბის   საზიანო "შეცდომები"  არასდროს მოდით.
- ჩვენ დღეს დამარცხებული ერი ვართ, რომელიც ჯერაც სადღეგრძელოდან სადღეგრძელომდე და სპიჩიდან სპიჩამდე ცხოვრობს დავით აღმაშენებლის დიდებით. შენ ამბობ- “ლოგიკას მოკლებულია, თითქოს შეუძლებელია, რომ 21-ე საუკუნემდე ქვეყანას მხოლოდ დამარცხებებით მოეღწია. ცხადია, გამარჯვებები იყო...”, მაგრამ მოდი, აქ შევწყვეტ შენი აზრის განვრცობას და გკითხავ, საზოგადოებაში დაგუბებული აგრესია ხომ არ განაპირობებს, რომ ჩვენ ვერ ვათვითცნობიერებთ- “გამარჯვებები იყო” და უფრო მეტიც, ხომ არ მოვირგეთ ეს დამარცხებულის პოზა, რომელიც მეტწილად მორჩილებას, ყურმოჭრილ მონობას გვაიძულებს ქმედებაშიც და აზრის მიკერძოებით გამოხატვაშიც?
მე ეს მხოლოდ სიტყვის მასალად არ გამომიყენებია.  დააკვირდით, საქართველოში მართლაც ძალიან იშვიათია გამარჯვების მონუმენტი. რაც იყო ისიც დაინგრა როგორც საბჭოთა სიმბოლიკა. მე რა თქმა უნდა არ ვადარებ საქართველოს დიდ იმპერიებს, ან თბილისს  მათ დედაქალაქებს, არ ვითხოვ ტრიუმფალურ არკებს, სფინქსებსა და  პირამიდებს. მაგრამ ფაქტია - ჩვენ რაღაც გლოვის მონუმენტებითა და ქანდაკებებითა  ვართ გარშემორტყმული. თუმცა  არა მგონია ეს მთავარი მიზეზი იყოს ჩვენი კოლექტიური  აგრესიულობის. მხოლოდ გამარჯვებების მითოლოგიზაცია და კულტივირებაც არა ნაკლებ აგრესიულს ხდის საზოგადოებას, ჩვენ სამოცდაათწლიანი " უწყვეტი გამარჯვებების"  ეპოქა გამოვიარეთ ქვეყანაში, რომელიც ერთერთი ყველაზე აგრესიული იყო კაცობრიობის ისტორიის მანძილზე. თუმცა  მერე შევქმენით სამოცდაათწლიანი ისტორიული  სიცარიელე,რომელიც გადავაბით  რუსეთის იმპერიაში ყოფნის ასოც წელს, ყველაფერი ნულამდე დავიყვანეთ  და ბეჯითად შევუდექით ახალი დამარცხებების სერიის კულტივირებას. რამაც მიგვიყვანა იქამდე რომ სულ რაღაც ორი წლის წინ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს გულწრფელად ჯეროდა რომ დიდგორის ბრძოლის შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება რაც ქართველმა ერმა მოიპოვა არის ვარდების რევოლუცია.
- როგორ დავაღწიოთ ამას თავი?
 ჩემი აზრით ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი წარსულის მშვიდად აღქმა. ბოლოს დაბოლოს მივხვდეთ, რომ ისტორია მეცნიერებაა და არა დიდი პატრიოტული და რაინდულ-სამიჯნურო  პოემა. ამის გაცნობიერება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რომელმაც შეიზლება კოლექტიური აგრესიის ახალი ტიპის ტალღა გამოიწვიოს, მაგრამ ეს იქნება ტალღა, რომელიც აუცილებლად რაღაც პოზიტიურს გამორიყავს ჩვენს ცნობიერებაში, ამდენად მისი აგორება ღირს.
- ეკლესია- ყველა გამოკითხვით, ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი. როგორ ფიქრობ, ამ ავტორიტეტში რამდენი პროცენტია ფარისევლების ხმა და ამ ავტორიტეტის პირობებში ეკლესია ასრულებს თავის უმთავრეს მისიას- ასწავლის მოყვასის სიყვარულს? ისმის ეკლესიაში ღვთის სიტყვა- “ადამ, თუ მე არ მოგიჩინე შენი ზუსტად განსაზღვრული ადგილი, საკუთარი როლი, ან რაიმე განსაკუთრებული ნიჭი, ეს იმიტომ, რომ ადგილი და როლი, რომელსაც თავად ისურვებდი, შენშია და შეგიძლია, შენივე სურვილის, შენი მოსაზრების მიხედვით თავადვე განკარგო”...
საერთოდ ადამიანი თავისი მოცემულობით   ფარისეველია, თეისტიც და ათეისტიც.  მათი ციფრებით აღწერას ვფიქრობ აზრი არა აქვს, ფარისევლობა გარკვეული მინიმალური დოზით ყოველ ჩვენთაგანშია. პიკო მირანდოლას გენეზისში, საიდანაც თქვენ ამონარიდი მოგყავთ, ასევე ნათქვამია, რომ ღმერთმა ადამში ჩადო ყოველი თესლი რაც მან ადამიანამდე  შექმნა - მცენარეთა და  ცხოველთა... მხოლოდ ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით მისცა ამ თესლთა შორის კულტივირების არჩევანის თავისუფლება.
ფარისევლობა ერთერთი ასეთი თესლია. ის ჩვენშია, და მხოლოდ ჩვენ  ვირჩევთ    მისი კულტივაციის ხარისხს. ეკლესიას არ შეუძლია ეს გააკეთოს ჩვენს ნცვლად. მას შეუზლია მხოლოდ მიგანიშნოს, დაგეხმაროს.   საერთოდ ეკლესია ინსტიტუციაა. ის  ადამიანის შექმნილია და არა ღმერთის. ადამიანი კი  ღმერთმა  თავის თავისუფალ სახედ შექმნა და არა მონად, თუ რაღაც სეზონური ბოსტნეულის სახეობად,    რომლის ერთად ერთი მოვალეობაა მზეს უყუროს  იმის მოლოდინში, წყალს როდის დაუსხავენ. ნებისმიერი პრაქტიკა მიმართული თავისუფალი არჩევანის წინააღმდეგ ჩემთვის ცდება ღვთაებრივს და ჩვეულებრივ მიწიერ ინსტიტუციონალურ ფარისევლობად ტრანსფორმირდება. დანარჩენი ყველაფერი, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ მხოლოდ ამ დიდი ფარისევლობის ჩვენს მზერაში  ასხლეტილი ნამსხვრევებია,  ელიაზე მშენებარე ეკლესიის ასაშენებლად  შესაწირავ ყუთში ჩაყრილი ხურდა ფულივით.


- შენ ამბობ, “კულტურა თავისუფლებაა. თავისუფლება კი- ღირსება, ადამიანის ყველაზე მთავარი საგანძური, რომელზეც საქართველოში რაც შეიძლება ბევრი უნდა ვილაპარაკოთ, გავიმეოროთ, თუნდაც დღეში ხუთჯერ ათჯერ, ასჯერ...” მოდი, დავანებოთ თავი წარსულს. საქართველოში ხომ უკვე დამკვიდრდა, რომ ყოველი ახალი ხელისუფლება საქართველოს ისტორიას მისი აღზევების დღიდან იწყებს, მანამდე კი იყო ბნელი და უკუნი... დღეს საზოგადოება, გნებავს, ხელისუფლება ფიქრობს კულტურაზე, თავისუფლებაზე და, ზოგადად, ღირსების რა კრიტერიუმის მატარებელია თანამედროვე ქართველი?

დიახ კულტურა თავისუფლებაა. მე ამის რელიგიურად მჯერა. ჩვენი საზოგადოება არ არის თავისუფალი საზოგადოება, ამდენად არც კულტურულია, თავისუფლებას სწავლა, კულტივაცია სჭირდება, ამ უკანასკნელს კი მეთოდი. სპონტანურად არაფერი არ ისწავლება, მითუმეტეს თავისუფლება. კულტურაც პედანტური შრომის პროცესია. პროცესი და არა შედეგი.
თქვენ მეკითხებით ფიქრობს თუ არა ხელისუფლება კულტურაზე? განა შეიძლება იფიქრო   მდიდრული სადილის ბოლოს შეკვეთილი დეკოფეინირებულ ყავაზე იმაზე მეტი, რასაც მისი ფასი იმსახურებს? ყველა ქართული ხელისუფლებისათვის კულტურის ფასი სწორედ ეს არის, კოფეინ-გამოცლილი უგემური ყავა დესერტის შემდეგ, რომელსაც უკვეთავენ, მაგრამ უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ სანახევროდ სვამენ და გაციებული რჩება აულაგებელ მაგიდაზე... თუმცა ის ყოველთვის მინიშნებულია მენუს ბოლოში.
- დღევანდელი ქართული რეალობა- ქვეყანას მართავს “სამოქალაქო სექტორი”, საზოგადოებამ ყოველგვარი პროტესტის გარეშე მიიღო მემკვიდრე, მიიღო დათქმა იმის შესახებ, რომ მას 20 წელში გაზრდიან და ჩამოაყალიბებენ. მოდი, პირდაპირ გკითხავ, დგას ბიძინა ივანიშვილი ჰუმანიზაცია-დეჰუმანიზაციის ფაზებს მიღმა? სააკაშვილმა და ვერც სხვა ყოფილმა ლიდერებმა ეს ვერ შეძლეს...
მე არ მესმის  რას ნიშნავს "სამოქალაქო სექტორი" , ეს ტერმინი ჩემში რაღაც კომიკურ ასოციაციას იწვევს. ამდენად ვერ გეტყვით რას მართავს ის. ვერც იმაში დაგეთანხმებით, რომ საზოგადოებამ პროტესტის გარეშე მიიღო მიმკვიდრე. პროტესტის გამოხატვის ფორმა არ არის მხოლოდ ქუჩის მანიფესტაცია. მე რამდენდაც ვიცი ახალ პრემიერს არ დახვედია კარამელივით ტკბილი  საზოგადოებრივი აზრი, მას   ეჭვით უყურებენ, ბევრს აკრიტიკებენ, ხმამაღლა დასცინიან...ისევე როგორც პრეზიდენტს და ეს უკვე იმაზე მეტყველებს რომ ქართული ხელისუფლების ორივე თავს  "მემკვიდრეობა" ჯერ კიდევ მოსაპოვებელი და განსამტკიცებელი აქვს.
  საზოგადოება არ არის  ბოსტანი, რომლის მოსავალის მიღებას ზუსტად განსაზღვრული დრო სჭირდება, თუკი საზოგადოება 20 წლის მერე ჩათვლის რომ ის როგორც დღეს ამბობენ უკვე "შესდგა" ,და უკვე ზრდასრულია, ეს იმის ნიშანი იქნება,  რომ მას ჯერ ზრდა არც კი დაუწყია.
 ვერ გეტყვით დგას თუ არა  ბიძინა ივანიშვილი ჰუმანიზაცია -დეჰუმანიზაციის ფაზებს მიღმა.  საამისოდ საკმარისი არგუმენტები ჯერ ჯერობით არ  გამაჩნია. ის ამ ფაზების დაფიქსირებამდე გაქრა ავანსცენიდან, განსხვავებით სააკაშვილისგან და სხვა ქართველი ლიდერებისგან.
თანაც  ამის შესახებ რომ ვილაპარაკო, სულ ცოტა დარწმუნებული უნდა ვიყო რომ მკითხველს ჩემი "ანტიდოტი",  წაკითხული აქვს და წარმოდგენა აქვს თუ რას ვგულისხმობ   - დეჰუმანიზაცია-ჰუმანიზაციის ფაზებში.  ორი სიტყვით  მას სამწუხაროდ ვერ განვმარტავ, ეს რომ  შემეზლოს, ალბათ ხვდებით   წიგნის ნაცვლად საშუალო ზომის სტატიას დავწერდი.
- ერთი შეხედვით, შენი არაჰუმანური ფრაზა უნდა გაგახსენო: შეგიმჩნევიათ?- როდესაც ღირსების შემლახველ სკანდალებში ეხვევიან, ქართველი ფუნქციონერები თავს არ იკლავენ. ღირსების კრიტერიუმებზე გკითხე ზევით და ახლა “ჩაგეკითხები”, შენი ფორმულით რომ იმოქმედონ და ემოქმედათ ქართველ ფუნქციონერებს, დღეს რამდენი მათგანი დარჩებოდა ცოცხალი? ფიქრობ, რომ ფუნქციონერისთვის მორალური ღირებულებები მთავარი უნდა იყოს და ის თავსებადია ჰუმანიზაცია-დეჰუმანიზაციის ფაზებთან?
მე არ ვიტყოდი, რომ ეს არაჰუმანური ფრაზაა, პირიქით არაფერია ისეთი ჰუმანური, როგორც ღირსება - ბოლოს და ბოლოს რუსთაველი შემიძლია დავიმოწმო, რომელიც გვასწავლის, რომ ნაძრახ სიცოცხლეს სახელოვანი სიკვდილი სჯობს.  რა თქმა უნდა პირდაპირი მნიშვნელობით არც  შოთა მოგვიწოდებს სიკვდილისკენ და არც მე მოვუწოდებ ვინმეს - ჩვენ ორივენი  სიცოცხლეზე ვლაპარაკობთ და არა სიკვდილზე, კაცმა რომ თქვას, ძალიან მცირეა იმის შესაძლებლობა, რომ  ადამიანმა უღრსად იცხოვროს და ღირსეულად მოკვდეს... თვითმკვლელობა არ არის ღირსების ინდულგენცია. ის მხოლოდ უღირსობის გააზრების აუტანლობიდან, მისი ჯოჯოხეთიდან  გაქცევის  ყველაზე იოლი საშუალებაა. მაგრამ საკუთარი უღირსობის გააზრებას გარკვეული ღირსება, მისი გააზრების კულტურა მაინც სჭირდება.  ქართველი  მაღალი ფუნქციონერებისა და პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილს  კი ზოგადი კულტურის ძალიან დიდი დეფიციტი აქვთ, ამდენად მათთვის ღირსება ძალიან ელასტიური, დეფორმირებადი, თუ გნებავთ მოდელირებადი ცნებაა. ასეთებს ღირსების რამდენიმე მოდელი აქვთ შენახული თავიანთ სულიერების გარდერობში, რომელსაც "ამინდისა" და "სეზონის" მიხედვით ირგებენ კარგად შეკერილი კოსტიუმივით.
- საოცარი მიგნებაა- ადამიანის უფლებების დეკლარაცია სამოქალაქო ომებმა და რევოლუციებმა შექმნა და არა საერთაშორისო კონფლიქტებმაო, ამბობ. სხვა ქვეყნების ისტორიული გამოცდილების შემხედვარე არ შემიძლია, არ დაგეთანხმო, მაგრამ ჩვენ რა ამით? ერთიც გვქონდა და მეორეც. მშვიდობიანადაც შევცვალეთ ხელისუფლება, მაგრამ შედეგი? როდის შეიძლება გახდეს სახელმწიფოში უზენაესი ადამიანი და არა ხელმწიფე?
 მხოლოდ მაშინ, როდესაც სახელმწიფო მიხვდება კულტურის უზენაესობას. ამას პოლიტიკოსთა, ძალაუფლებაში მყოფ ადამიანთა და მათი  ლიდერის  ისტორიული ნება სჭირდება. ასეთ ადამიანის პრიორიტეტები სულ სხვა,  მაგალითად ვაცლავ ჰაველისა უნდა იყოს და არა პინოჩეტის.  მე ყოველთვის მქონდა იმედი რომ საქართველოში ერთი ასეთი კაცი მაინც გამოჩნდებოდა, სამწუხაროდ შევცდი.
მე არავისი აღარ ვენდობი: არც პოლიტიკოსებს, არც მილიარდერებს და არც ფილოსოფოსებს. მათ ყველას  დაახლოვებით ერთნაირად ესმით სახელმწიფო. მე კი სრულიად სხვანაირად, ჩემთვის სახელმწიფო კულტურის უზენაესობაა, სანამ ამას არ ვაღიარებთ ადამიანის უზენაესობის  ისევე არ ექნება ფასი როგორც არ ქონდა საბჭოთა კავშირში - მიუხედავად იმისა  მისი ხმაურიანი  ოფიციალური დეკლარაციებისა და ლოზუნგებისა.
აქვე მინდა განვმარტო: მე არ ვსაუბრობ  კულტურაზე როგორც მხოლოდ რაღაც არამატერიალურ ფასეულობაზე, რომელიც მძიმე ფინანსურ ტვირთად აწევს სახელმწიფოს.
ვინმეს გულუბრყვილო უტოპისტი  ან მატყუარა ოპორტუნისტი რომ არ ვეგონო, ერთ ძალიან საყურადღებო ცნობას მოგაწვდით, რომელიც ფრანგულმა  ჟურნალმა "ლა ტრიბუნმა" გამოაქვეყნა იანვარში :  გასული წლის მონაცემებით საფრანგეთში კულტურის სფეროს კონტრიბუცია მთლიანი შიდა პროდუქციის მაჩვენებელში შვიდჯერ აღემატება  სავტომობილო ინდუსტრიისას და შეადგენს  57,8 მილიარდ ევროს.
ვისაც არ ახსოვს შევახსენებ:  საფრანგეთი ერთერთი ყველაზე დიდი ავტომწარმოებელია მსოფლიოში.
- დაბოლოს, ჩვენ მივეჩვიეთ ერთ დიდ უბედურებასაც, რომ ყველა მმართველი მართალია და სიმართლეს, ჭეშმარიტებას ღაღადებს. ვიღაცისთვის ეს ბაღის გამგეა, ვიღაცისთვის სოფლის თავკაცი, ვიღაცისთვის პოლიციელი, ვიღაცისთვის მინისტრი და ვიღაცისთვის პრეზიდენტი თუ პრემიერი. ამ ვიღაცებისთვის კი კრიტიკული აზრი მტრის აზრია. სად არის ჭეშმარიტება, სად არის სიმართლე, სად არის გონიერება? მხოლოდ წიგნში და “ფეისბუკის” კედელზე? რით დავარწმუნოთ “უფროსები”, რომ არ ვართ მტრები, ვინც სხვაგვარად ვფიქრობთ და როგორ ვაიძულოთ ისინი, არასოდეს თქვან- მე ვარ კანონი!?
ჭეშმარიტება შენშია. მხოლოდ ის ძალიან პატარაა და ასე ადვილად ვერ იპოვი, მას გამუდმებით უნდა მოუარო, მცენარესავით ყოველდღიურად წყალი დაუსხა, ნიადაგი გაანოყიერერო, ქარს მოარიდო, ცოტა რომ წამოიზრდება ნელ ნელა დამოუკიდებელ ცხოვრებას  მიაჩვიო, ბოლოს კი გაანთავისუფლო, სანამ შენი სიყვარული მარწუხებად გადაიქცევა და დაახრჩობს... ეს ჭეშმარიტება სხვას  შობს...
აი ეს არის ჭეშმარიტება. ძალიან მარტივია.
სანამ  ჭეშმარიტებას   "სოფლის გამგებელში", პოლიციელში ან მღვდელში ეძებ,  შენი   ქვეყანა, შენი ქალაქი, ოჯახი, შენი სამყარო  ავტორიტარული  იქნება შენ კი გამუდმებით უბედური და დაჩაგრული... და კაცმა რომ სთქვას სავსებით დამსახურებულად

გოჩა მირცხულავა, გაზეთი "პრემიერი"