3 novembre 2013

პეპელა - (მაესტრო ტვ. 3.11.2013)



შეუძლია თუ არა ბრაზილიაში  პეპელას ფრთის ერთ უბრალო დაქნევას, ტექსტაში  ტორნადო  გამოიწვიოს? - ეს ძალიან ცნობილი პარადიგმა ამერიკელ მეტეოროლოგ ედუარდ ლორენცს ეკუთვნის, ამით მან  1972 წელს ამერიკის მეცნიერებათა განვითარების ასოციაციაში გამართულ კონფერენციაზე   ქაოსის თეორიას  ერთგვარი ანიმაციური აღწერილობა მისცა და ფართო მოხმნარების პოპულარული ტერმინიც შეურჩია -  პეპელას ეფექტი. ამ თეორიის მიხედვით, რომელსაც ოთხმოცი წლით ადრე მათემატიკოსმა ანრი პუანკარემ  დაუდო საფუძველი, დინამიკა ქაოტურია, თუ მას ახასიათებს საწყისი პირობების მიმართ მგრძნობელობის ფენომენი, რთული სისტემები ძალიან მგრძნობიარენი არიან საწყისი პირობების მიმართ, რომელთა  უმნიშვნელო ცვლილებაც კი არაპროგნოზირებად შედეგებს იწვევს.
როგორც ვიცით  ღმერთმა ჩვენი სამყარო  სწორედ ქაოსიდან შექმნა- ზუსტად ერთ კვირაში.
ჩვენ  კი მას შემდეგ გულმოდგინედ ვცდილობთ ის დავანგრიოთ, რაც შესაძლოა სულაც არ არის გასაკვირი -  ქაოსი ჩვენი დედის პლაცენტაა და ამიტომ ვისწრაფვით მისკენ. ჯერ ჯერობით არაფერი არ გამოგვდის. ამიტომ გაბრაზებულნი ჩვენს მიერ შექმნილ პატარ პატარა სამყაროებს გამუდმებით ვანგრევთ და დაუღალავად  ვცდილობთ ჩვენს პერსონალურ საწყის ქაოსს დავუბრუნდეთ.

ქართველები რა თქმა უნდა არ განვსხვავდებით სხვებისგან, მხოლოდ ერთი თავისებურება გვახასიათებს: ჩვენ ჩვენს სამყაროს აშენებამდე ვენგრევთ. ამდენად  ცალი ფეხი გამუდმებით ქაოსში გვიდგას.ერთი შეხედვით თითქოს „ჩვენი პეპლები“ არც ისე ძლიერად აფარხულებენ თავიანთ  ჭრელ ფრთებს... ამიტომ გამუდმებით სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისა  და მისი გაქრობის ზღვარზე ვართ. არც მივფრინავთ, არც მოვფრინავთ...

მიუხედავად ამისა დღეს განსაკუთრებულ. იქნებ  საქართველოს ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან, ეროვნულობის რეალურად გააზრების ეპოქაშიც კი ვცხოვრობთ.

ჩვენ გასული საუკუნის უმეტესი ნაწილი ჩვენს საბჭოთა პრეისტორიულ კუნძულზე კინგ კონგივით მკერდზე მუშტების ბრაგუნში გავატარეთ და ამ ინერციით მოვედით 90 იან წლებამდე, აქ დავანგრიეთ ყველაფერი, რისი დანგრევაც შეიძლებოდა და ჩაბნელებულნი  სრულიად მარტონი აღმოვჩნდით ნეონით განათებულ სხვის ირონიულ სამყაროში, ეს ჩვენი პირველი და ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო, რომელიც აგრესიაში გადაიზარდა. აგრესია ერთგვარ მასობრივ შიზოფრენიაში, ბოლოს კი ეროვნულ სადო - მაზოხიზმში, მის უკანასკნელ სტადიაში, როდესაც საკუთარი სასტიკი პერვერსიისგან სიამოვნებასაც კი ვეღარ იღებ და ღრმა სიძულვილი გეწყება საკუთარი არსებობის მიმართ.

ერთი ორჯერ  დეპრესირებული  სადისტი ბავშვებივით ფრთებიც კი დავაძრეთ ჩვენს ჭრელ პეპელას, რის შედეგადაც  უძრაობის დაჭაობებულ  ნირვანაში ამოვყავით თავი.

ძირითადად კი მისი ფრთის ყოველი დაქნევა დამანგრეველ პოლიტიკურ ტორნადოს იწვევდა , და ყველაფრის ისევ თავიდან აშენება გვიწევდა.
დღეს ჩვენი ქაოტური დინამიკის ახალ ფაზაში ვმყოფებით. და კიდევ ერთხელ გვაქვს შესაზლებლობა თავად გავხდეთ პეპლები და ჩვენი დღევანდელი ფრთხილი და გააზრებული მოქმედებით, რამდენიმე წლის შემდეგ ტორნადო კი არა გაზაფხულის ნაზი ნიავი გამოვიწვიოთ, ამისთვის ბევრი არაფერია საჭირო, საკმარისია მოლოდ რომ მივხვდეთ, რომ სახელმწიფო პირველ რიგში ადამიანია, და მერე მისი გეოგრაფია, ეკონომიკა, ისტორია... ახალი ფაზა სამართლიანობის აღდგენით კი არა სამართლიანობის აღსრულებით უნდა დავიწყოთ.  და სამართლიანობა არ გავაიგივეოთ მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსთან, თვალებში ჩავხედოთ იმ პატარა უსამართლობებს , რომელსაც ყოველდრე ჩავდივართ, და რომელსაც ვერც ერთი პროკურორი და სასამართლო ვერ აღადგენს. ჩვენი ცხოვრება ძალიან პატარა ადამიანური დეტალებისგან შედგება, რომელიც გვათბობს, და სიცოცხლის გავრცელების სურვილის შენარჩუნებაში გვეხმარება...გვახსენებს რომ ადამიანები ვართ, და გვავიწყებს ცხოველურ საწყისს... ჩვენ ომში დაღუპიული ჯარისკაცის დალეწილ  ცხოვრებაზე  წუხილი, სინდისის ქეჯნა უფრო გვჭირდება, ვიდრე მის გმირულ  სიკვდილზე პათეტიკური აღტკინება.

ჩვენ გვჭირდება გვახსოვდეს, რომ ჩვენი საზოგადოება ათასნაირი ადამიანისგან შედგება, და არ უნდა გავაკეთოთ ფოკუსირება მხოლოდ გმირებზე, ყველაზე ლამაზებზე, ყველაზე ნიჭიერებზე, მაგრებზე, და ლიდერებზე...
ორი წლის წინ  ჩვენ ვწუხდით რომ მარჯანიშვილის მოედანი ერთადერთი თავისუფალი ადგილი დაგვრჩა, რომელიც მონუმენტითა ან  ძეგლით ვერ ავითვისეთ, ათასგვარი პროექტი განიხილებოდა... გმირების, რაღც დიადი მოვლენების, ლამაზი ქალების თუ კაცების... ამ პროექტების ნახვისას ყოველთვის  ერთი კარგი პლეხანოველი კაცის სახე წარმომიდგებოდა ხოლმე  თვალწინ.  კაცის, რომელმაც ამ უბანს რაღაც ისეთი გენეტიკური სითბო დაუტოვა, რომელსაც ვერანაირი ევრო რემონტი ვერ წაშლის, მას  ყველა იცნობდა ვისაც ამ უბანში გაუვლია, გეცოდინებათ თუ იმ ეპოქის თბილისში გიცხოვრიათ - კიკა!..  ერთერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი პლეხანოველი ამ უბნის არსებობის ისტორიაში. ის დაუნის სინდრომით იყო დაბადებული ,  ტროლეიბუსით სეირნობა და ნაყინი უყვარდა, ყველას ელაპარაკებოდა, და ყველა ელაპარაკებოდა, დები ყავდა. რომლებიც კარგად უვლიდნენ, ბოლოს ვიღაც იდიოტებმა არყის სმა ასწავლეს...90 იანებში გარდაიცვალა. აბა რა მოუვიდოდა.
დარწმუნებული ვარ კიკას ძეგლი მარჯანიშვილის მოედანზე ადამიანებს თბილ ღიმილს მოგვრის, იმათაც კი, ვინც არ იცნობდა, და გაახსენებს, იმისათვის რომ ძეგლი დაგიდგან სულაც არ არის აუცილებელი გმირი იყო, რომ კიკასნაირები ზუსტად ისეთი სრულფასოვანი წევრები არიან ჩვენი საზოგადოების, როგორც ჩვენ თვითონ,  კიკა ჩვენი ადამიანურობის სიმბოლო გახდება, ჩვენი პეპელა, რომლის ფრთის ნაზი დაფარხულება, რამდენიმე წლის შემდეგ  ანგელოზის ფრთასავით მიესალბუნება თქვენს პატარას ძილში და ღიმილს მოგვრის.


4 ნოემბერი 2013 
თბილისი


სიბერის შიში - (მაესტრო ტვ 06.10.13)

ვინც შემოდგომის ხავერდოვან სეზონის დროს მსოფლიოს ნებისმიერ კუტხეში ზღვისპირა კურორტებზე .ყოფილა შეამჩნევდა, რომ წლის ამ პერიოდში იქ ზირითადად საზოგადოების ის ნაწილი ისვენებს, ხანდაზმულებს რომ უწოდებენ. მათ ყველგან შეხვდებით, პლაჟზე  ფერადი ქოლგების ქვეშ, ჟურნალით ან წიგნით ხელში, ადგილობრივ ისტორიულ ძეგლებთან და მუზეუმებში ფოტოაპარატებით ხელში,  კაფების ტერასებზე, რესტორნებში... ტყეებში და გორაკებზე თხილამურების ჯოხებით ხელში მოსეირნებს... ყველგან, სადაც ადამიანები დასასვენებლად დადიან შემოდგომა ხანდაზმულების  სეზონია. მხოლოდ არა საქართველოში: სარფი ბათუმის რივერაზე, სადაც  ამ ორი კვირის წინ მომიწია რამდენიმე დღის გატარება, თითქმის არ მინახავს ხანდაზმული დამსვენებლები... არც პლაჟზე, არც ბათუმის საწამლავივიტ მწვანე შუქით განათებულ ახალ ბულვარში, არც ხმაურიან რესტორნებში, სადაც დღე და ღამე რატმღაც ოთხმოციანი წლების ჰიტებს ახრიალებენ. არა... მოხუცებს კი წაწყდებით, განსაკუთრებით ქალებს, მაგრამ ისინი არ ისვენებენ, მოხარშული სიმინდით სავსე ვედროებს დაათრევენ პლაჟზე და სუსტი ხმით ყვირიან... ცხელი სიმინდი, თხილი..ცივი ყავა ... გული მიკვდებოდა მათი დანახვისას

თბილისისკენ მომავალ გზაზეც.. ხანდაზმულები ხილს, ჩურჩხელებს, ათას წვრილმანს ყიდიან, რიკოთზე ნიყვს და თიხის ნაწარმს.. სურამში ნაზუქს.. ხაშურში ჰამაკებს... თბილისში კი ყველაფერს, რამაც შეიზლება მიზერული მოგება დატოვოს...ძირითადად ჭუჭყიან მიწისქვეშა გადასასვლელებთან.. თუ გნებავთ აგწონიან კიდეც იაფად... ვისაც არაფერი აქვს გასაყიდი მოწყალებას ითხოვს...პარკებში აქა იქ, იშვიათად თუ წააწყდებით მოხუცებს რომლებიც აქ სამუშაოდ ან მოწყალების სათხოვად კი არა... უბრალოდ გაზეთის წასაკითხად,სასაუბრობენ შემოვიდნენ, ან უბრალოდ თვლემენ შედარებით სუფთა ჰაერზე...მაგრამ ისინი ძალიან ცოტანი არიან. ხანდახანი ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს გარკვეული ასაკის შემდეგ აქ ადამიანებს დეპორტაციას უკეთებენ,მხოლოდ სად არავინ იცის,

ამ მხრივ დღევანდელი თბილისი მართლაც  განსხვავებული ქალაქია, აქ არა მარტო ქუჩაში მოსერნე მოხუცებს, პატარა, სკოლამდელ ასაკის ბავშვებსაც იშვიათად შეხვდებით...ვერც  საბავსვო ეტლებით მოსეირნე დედებს, ან ბედნიერ ბებიებსა და ბაბუებს... ეს არის ქალაქი, რომლის ქუჩებშიც სიცოცხლის გაზაფხული და შემოდგომა თითქმის არ ჩანს... ძალიან სევდიანი სანახავია ქალაქი მზეზე მიფიცხებული მოხუცები და და პატარა ბავშვები არ ჩანან, რადგან ისინი სახლში არიან გამოკეტილები, და არა იმიტომ რომ ეს რაღაც ეროვნული ტრადიციაა, ამის მიზეზი არც მხოლოდ კატასტროფული სოციალური მდგომარეობაა - ქუჩებში და განადგურებას ჯერჯერობით გადარჩენილ ორ სამ პარკებში გასეირნებას ხომ ერთად ერთია რაც თითქოს უფასოა ამ ქვეყანაში... უფასო, მაგრამ სახიფათო, როგორც  მძაფრსიუჟეტიან ვიდეო თამაშში, რომელიც თითქოს ავტომობილების ადამიანებზე ნადირობაზეა აგებული. აქ ტროტუარებზე მანქანები დაბობღავენ, მათ მიერ განდევნილი ადამიანები კი ავტომობილების სავალ ნაწილზე ცდილობენ ცოცხალი გადაურჩნენ სხვა რკინის აწყვეტილ ტერმინატორებს... თითქმის ყველა ფეხით გადასასვლელი ისეა ჩახერგილი ავტომობილებით, რომ იქ არა თუ მოხუცსსა და ეტლიან დედას, კატას გაუჭირდება გაზრომა... ამიტომ აქაც იზულებული ხარ ავტომონილების სავალ ნაწილზე გადახვიდე და შეეცადო ცოცხალმა მიაღწიო ქუჩის მეორე მხარეს... ეს ყველაფერი პოლიციის თვალწინ ხდება, მათ აზრადაც არ მოსდით რაიმე იღონონ იმისთვის რომ ფეხით მოსიარულეებს თავიანთი ფუნდამეტალური უფლების - სიარულის საშუალება მისცენ... დასავლეთის უმეტეს ქვეყნებში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილის გაჩერება აკრზალული და შეუზლებელია, რადგან ლითონის კონსტრუქციებითაა გადაღობილი. თბილისის ცენტრალურ უბნებშიც კი, სკოლების წინ ნამდვილი პარკინგებია მოწყობილი, სადაც პატარები მოძრავ მანქანების ბორბლების წინ და უკან ისე დარბიან რომ შიშისგან გული გაგეყინება.. აბა როგორ გინდათ მოხუცები თავიანთი ასაკის გამო დაქვეითებული რეაქციითა და  შეზღუდული მოქნილობით დაუსხლტნენ სიკვდილს ან ხანგრზლივ, მოურჩენელი მტანჯველი ტრამვების მიღების, სამუდამოდ ხეიბრად დარჩენის შიშს?


ხანდაზმულობა ჩვენში სიღატაკესთან და დამცირებასთან  ასოცირდება, საზოგადოების ყველაზე უბედურ, იმდ დაკარგულ დამცირებულ  ნაწილთან, რომლებსაც ყველაფერთან ერთად ბოლო წლების განმავლობაში ხშირად ახსენებდენ რომ ისინი საბჭოთა მენტალობის მატარებლები არიან, და რომ ამ ქვეყანას არაფერი ეშველება სანამ არ ჩაძაღლდებიან... ჩვენს ქვეყანაში,  სადაც ასე ყვავის არასამთავრობო ორგანიზაციათა და ადამიანის უფლებადამცველთა ბიზნესი, მოხუცების უფლებების დამცველის ნახვა ზალიან გაგიჭირდებათ.

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე იყო, წლის შემდეგ აღინიშნება გაეროს ეგიდითა და დევიზით “ ჩვენ გვსურს გვქონდეს მომავალი”. საქართველოში ამ დღეს- მოხუცების პრობლემები პრეზიდენტობის კანდიდატებსაც კი არ გახსენებიათ. ერთი თუ ორი  უგემური  სიუჟეტი გავიდა მხოლოდ რომელიღაც არხზე, საიდანაც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით რომ მოხუცები მხოლოდ საკუთარი წინასაარჩევნო ჰუმანურობის დამადასტურებელ საშუალებად მიაჩნია ყველა ქართულ ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ძალას - ისინი საზოგადოების ყველაზე დაუცველ, უსარგებლო ფენად მიიჩნევა, რომლებისთვისაც მოწყალება უნდა გაიღო, უფასო პროდუქტები, წამლები და თბილი ტანსაცმელი შეუგროვო...მათი ერთად ერთი შესაძლებელი მომავალი მხოლოდ ასე თუ ისე კარგი ქელეხი, ომოცი.. და წლისთავზე დოლგარმონია.. სულ ეს არის...მხოლოდ ეს - ცინიკური, გროტესკული დასასრული.
 რა თქმა უნდა სოციალურად დაუცველებს  მართლაც საარსებო საშუალებებით უნდა დაეხმარო, მაგრამ რა დააშავეს იმ მოხუცებმა რომლებსაც არ სჭირდებათ უფასო საკვები და ტანსაცმელი, რომლებსაც ჩვეულებრივი, ადამიანური ცხოვრება სურთ, ისევე როგორც მათ დასავლელ თანატოლებს, მაგრამ  ეშინიათ ქუჩაში გამოსვლის, მიწისქვეშა ჯოჯოხეთური გადასასვლელების, ტერმინატორი ჯიპების?... ადამიანი პირველიდან  ბოლო ამოსუნთქვამდე საზოგადოების სრულუფლებიანი წევრია და მას თავისი ასაკის ნებისმიერ  მონაკვეთში ზუსტად ერთნაირი უფლებები გააჩნია. განსაკუთრებით ყველაზე ფუნდამეტალურის, სუნთქვის გადაადგილებისა და ღირსების უფლება...თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ამ ადამიანს გაუმართლა და არა მხოლოდ ადამიანთა ერთად მცხოვრები ჯგუფის, არამედ მართლაც საზოგადოების წევრია, ამ სიტყვის ყველაზე ღირსეული  გაგებით.


28 ოქტომბერი 2013
თბილისი

26 août 2013

"ახალი ფრანგული სკანდალის" ქართული ვერსია




ჩემი გამუდმებული კრიტიკული დამოკიდებულება ქართული მედიის მიმართ, ჩემს მეგობარ ჟურნალისტებს უსაფუძვლო რომ არ მოეჩვენოთ -აი ერთი პატარა მაგალითი, რომელიც ჩემთვის სერიოზული არგუმენტია, როდესაც ქართველი ჟურნალისტებისა და განსაკუთრებით პროდუსერების პროფესიონალიზმი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ხოლმე... (კაცმა რომ თქვას პროდუსერებს ჯერჯერობით თითქმის არავინ არასდროს არაფერს საყვედურობს- ყველა ჯოხი ჟურნალისტებზე ტყდება... მაგრამ მაინც...)

ეს სიუჟეტი არის ტიპიური, ცუდად და  ზერელედ მომზადებული, რომელიც მაყურებელში ილექება როგორც მატყუარა ინფორმაცია და  ის გაცილებით უფრო « მავნებლურია » თავისი პერსპექტივაში სავარაუდო შედეგებით,  ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ იდიოტურ სტერეოტიპს, რომელიც მედიის დიდი მხარდაჭერით,   ქართველმა პოლიტიკოსებმა და ყველა "კონფესიის"  ექსპერტებმა შექმნეს დასავლურ პოლიციაზე, საზოგადოებაზე, დემოკრტიულ ფასეულობების იპოკრიზმზე.

ეს ვიდეო განსაკოთრებით  ნიშანდობლივია იმით, რომ ის შეიძლება ეკუთნოდეს საქართველოში მოქმედ ნებისმიერ დიდ, თუ პტარა ტელე არხს. სიუჟეტის მომზდადების და გადაცემის თარიღი შეიძლება იყოს ნებისმიერი ბოლო რამდენიმე წლის კალენდარიდან.  თუმცა მაინც განსაკუთრებით საწყენია,  ლოგოთი თუ ვიმსჯელებთ, ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო ჟურნალის "მოამბის" მიერ მომზადებულ სიუჟეტია ფრანგულ პოლიციაზე. რომელიც გაიმეორა ინფო ცხრამ და ფეისბუქით გაავრცელა. ამ სიუჟეტს ზუსტად ასეთივე ფორმით გაუშვებდა ნებისმიერი სხვა ქართული არხი - თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით, ეთერის შესავსებად, მოწყენილი კომენტარითა და მეტროს "რადიო-ქალის" ხმით, როდესაც ის მომდევნო სადგურს აცხადებს ხოლმე.

სიუჟეტის გაშვების მიზანი აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის, ერთად ერთი, რაზეც ის მიანიშნებს ქართულ ტელემაყურებელს- არის ის « შვებისმომგვრელი » ტრადიციელი სისულელე, რომ პოლიციელები მოქალაქეებს "განვითარებული დემოკრატიის" ქვეყნებშიც ცემენ კიდევ უფრო უმოწყალოდ ვიდრე ჩვენთან. ეს კი თითქოს ქართულ პოლიციას დროდადრო ადამიანებზე ძალადობის რაღაც კრედიტს აძლევს.
სწორედ ასეთ რბილად რომ ვთქვა ზედაპირულ სტილშია გაშვებული ყველა ის სიუჟეტი ფრანგულ მანიფესტაციებზე ძალადობის შესახებ , რომელმაც საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას 7 ნოემბერსა და 26 მაისს ბარბაროსობის ჩასადენად ლეგიტიმაცია მისცა. ზუსტად ასე უპასუხისმგებლოდ ნაჩვენები რამდენიმე კადრით შექმნეს ისეთი განწყობა, თითქოს საფრანგეთში  გასულ გაზაფხულზე ასიათასობით ადამიანი ქუჩაში ერთსქესიანთა ქორწინების ინსტიტუსის კი არა საერთოდ ჰომოსექსუალობის საკრძალად გამოვიდა, ამან ერთგვარი ლეგიტიმაცია მისცა  აგრესიას რომელიც ქუჩაში ვიცხილეთ, აგრეთვე იმ სიბრიყვეს, რაც ტელე ეკრანებიდან მოვისმინეთ ამ საკითხზე დებატებისა და მსჯელობისას.

ჟურნალისტები ასეთ შემთხვევებში ყოველთვის ხელებს იბანენ პასუხისმგებლობის "ჭუჭყისგან", ისეთი კრიალა თვალებითა და გაკვირვებული სახეებით უსმენენ მათივე გაშვებული სიუჟეტების საოცარ ინტერპრეტაციებს, კაცი იფიქრებს რომ მართლა მარსიდან ჩამოფრინდნენ.
ასეთი სიუჟეტი ან არ უნდა გაუშვა, ან თუ გაუშვებ , სულ რამდენიმე წინადადების დამატებით მაყურებელს რეალური სურათი უნდა ანახო, და არ შეუქმნა პოლიციის მხრიდან ძალადობის ბანალიზაციის ლეგიტიმაციის ყალბი განცდა, რაც ასე ახასიათებს ქართულ  მედიას.

ბოლოს და ბოლოს საკმარისია გუგლში აკრიფოთ ფრანგულად  რამდენიმე სიტყვა, ვთქვათ « პოლიციელმა ცემა ქალი », ის მაშინვე შემოგთავაზებთ რამდენიმე ამომწურავ ცნობებს ამ ინციდენტის შესახებ.
სინამდვილეში კი აი რა მოხდა: რამდენიმე დღის წინ ქალაქ ტურის გარეუბანში პოლიციამ დააკავა ძალიან მთვრალი მძღოლი,  ამასთან ის  მართვის მოწმობის გარეშე მართავდა ავტომობილს, რომელშიც ასევე ძალიან მთვრალი 7 ადამიანი იჯდა, მათ შორის ეს ახალგაზრდა ქალი. როდესაც პოლიციამ მძღოლის კომისარიატში წაყვანა მოინდომა ( სიმთვრალეზე ყველა მიყავთ), აყალმაყალი ატყდა. როგორც პოლიციის სინდიკატი ამბობს ერთერთი პოლიციელი ამ ქალმა და კაცმა წააქციეს, სამართალდამცველებმა შესაბამისად რეაგირება მოახდინეს. , ამ მომენტში ამ ქალმა სამჯერ მაგრად უკბინა პოლიციელს- წელზე , მკერდზე და მხარზე. სწორედ ამან « გააგიჟა » ეს პოლიციელი, აქ ისმის კიდეც მისი ღრიალი : " მიკბინა ამ ბოზმა!" და ნაკბენებს ანახებს კოლეგებს, როგორც პოლიიის სინდიკატი ამბობს, გამწრებულმა დაუშინა ეს ხელკეტი რომ ქალის აგრესია დაეცხრო. მერე კი ცრემლსადენი გაზიც მიუშვა. მოკლედ დაკავებულები ხულიგნები აღიარებენ დანაშაულს, ეთანხმებიან პოლიციის ჩვენებას და არ ჩივიან. მხოლოდ არ იფიქროთ რომ ამას იმიტომ აკეთებენ - თითქოს ეშინიათ სამსახურიდან არ მოხსნან ან სუბუტექსი არ ჩაუდონ.
მიუხედვად ამისა, არავინ არ ამართლებს პოლიციას, და ცხადია ყველა თვლის რომ პოლიციელმა გადააჭარბა, ორი დღე ლაპარაკობენ სამართალდამცავების მიერ ჩადენილ ძალადობაზე... 
აი სრული ისტორია, რომელიც კაცმა არ იცის, რატომ მოხვდა საზოგადოებრივი არხის ქართულ საინფორმაციო გამოშვებაში, კიდევ ერთხელ ვადასტურებ - ეჭვი მაქვს მხოლოდ იმისთვის რომ საეთერო დრო შევსებულიყო.

არ გაგიკვირდეთ, როდესაც ასეთ არასრული, კონტექსტიდან ამოვარდნილი და დროის გასაყვანად გაშვებული სიუჟეტების ათასნაირი ინტერპრეტაციები  ახალი სატელევიზიო სეზონიდან ჩვენს სტრესულ ტოკ შოუებში შეგვხვდება მრავლად, პოლიტიკური ექსპერტები და თავად პოლიტიკოსები, სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაზე საუბრისას, ამ აბსოლუტურად გაუგებარ სიუჟეტს იმის არგუმენტად მოიტანენ, რომ "ეს ყველგან ხდება" ... იტყვიან: "გახსოვთ საფრანგეთში საწყალი ზანგი ქალი რა დაუნდობლდ ცემა პოლიციელმა? " წამყვანიც დაეთანხმება... მაყურებელიც კიდევ ერთხელ ჩაიქნევს ხელს დასავლეთზე და დემოკრატიაზე ... გაახსენდება მასონები, ინკვიზიცია, ბიძია თომას ქოხი, ბისექსუალობის შეუთავსებლობა ჩვენი ბუმბერაზი წინაპრების მიერ დატოვებულ ძველ ქართულ ტრადიციებთან, საბრალო ჯორდანო ბრუნო, კიდევ უფრო საბრალო სულხან საბა რომელიც ვერსალში ალოდინეს, ქართველობა რომელსაც ამდენი ხანია უიმედოდ გვართმევენ ... და ვერაფერს ვერ ეტყვი... მე ყოველ შემთხვევაში ვერაფერს ვერ ვეუბნები ასეთებს, რადგან ყოველი ჩემი მცდელობისას ავუხსნა სიმართლე, აი ზუსტად ასეთ სიუჟეტებს ამაფარებენ ხოლმე   ბარიკადივით, რომელებიც  უხვად აქვთ ნანახი ქართული ტელევიზიით... როგორ გინდა სიტყვებით  ებრძოლო თავში ფუნდამეტალურად ჩაჭედილ  ვიდეო გამოსახულებას...მით უმეტეს ადამიანებთან, რომლებსაც უმეტეს წილს შენი სიმართლის დაჯერება პიროვნულ სამარცხვინო  მარცხად მიაჩნია და აგრესიულდ გებრძვის... ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი არხის ნებისმიერ ტოკშოუში: სადაც ერთი და იგივე ადამიანები უკვე წლებია,  თითქმის ყოველ დღე იკრიფებიან და საათობით ქაქანებენ, მხოლოდ იმისთვის, რომ იქიდან გამოსულები კიდევ უფრო დაშორდნენ ერთმანეთს.

PK 23 Aut 2013 Paris