20 mars 2013

ნერვ - მზომი Antonin Artaud




ნერვ - მზომი 
ანტონენ არტო -1925 წ

 ნებისმიერი ნაწერი ღორობაა.
საკუთარ გონებაში გაელვებული ყოველი  აზრის დასაზუსტებად ცხოვრების დინების ტალღიდან გამოსული  ადამიანები -  ღორები არიან .
ყველა ლიტერატურული ჟანრი ღორობაა და განსაკუთრებით ამ დროის.
ყველა, ვისაც ათვლის წერტილი გონებაში აქვს , ასე ვთქვათ, თავის რომელიღაც ნაწილში. ტვინის კარგად ლოკალიზებულ ზუსტად მიჩენილ ადგილზე.
 ყველა, ვინც ასე ოსტატურად ფლობს საკუთარ ენას, ვისთვისაც სიტყვებს
განსაზღვრული მნიშვნელობები აქვთ, ვისთვისაც - სულიერი სიმაღლეები არსებობს, და მიმდინარეობები გონებაში , ისინი, ვინც ეპოქის სულის ჩამდგმელნი არიან , და ვინც სახელები დაარქვა ამ აზრობრივ მიმდინარეობებს;
მე ვფიქრობ მათ სრულყოფილ, ზუსტ ნაჯაფარზე, ამ ავტომატურ  ჭრიალზე , ,რომელიც ყველა უაზრო გაელვებაში
სულიერებას პოულობს -  ისინი ღორები არიან .
ყველა, ვინც გარკვეულ სიტყვებსა  და ყოფის გარკვეულ მანერებს, რომლებიც სტილს ქმნიან მნიშვნელობას ანიჭებს,
ვისთვისაც გრძნობები კლასიფიცირებულია , და  ვინც ბანალურ კატეგორიებზე თავიანთი მატრაბაზული კლასიფიკაციებიდან მსჯელობენ,  ისინი, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა « დასკვნების ,» ვინც ეპოქაში,  რაღაც პოზიციაში მხვედრილნი, ურევენ იდეოლოგიებს , ისინი ვისაც ქალები ასე სიამოვნებით ესაუბრებიან , და ქალებიც -ესე კარგად რომ საუბრობენ, და საუბრობენ  ეპოქის მიმდინარეობებზე.  ისინი, ვისაც კიდევ ჯერა სულიერი ორიენტაციისა, ვინც გზებს, მიმდინარეობებს მიუყვებიან , ვინც აჟღარუნებენ სახელებსმ ისინი, ვინც აყვირებენ წიგნების ფურცლებს _ ისინი ყველაზე უარესი ღორები არიან .
- ეს ყველაფერი მუქთად ნათქვამია, ახალგაზრდავ !
- არა, მე მხედველობაში მყავს წვერებიანი კრიტიკოსები .
გითხარით - არანაირი ნაშრომი , არც ენა , არც სიტყვა , არც გონება , არაფერი .
არაფერი, გარდა ზუსტი ნერვ - მზომისა.
რაღაც გაურკვეველი სისრულის, რომელიც ზუსტად გონების ცენტრშია მოთავსებული.
ნუ გექნებათ იმედი, რომ სახელს დავარქმევ ამ სრულს, გეტყვით თუ რამდენ ნაწილად იყოფა, ან რამდენს იწონის. ნუ გგონიათ, რომ  გამირიგდებით, დავიწყებ ლაპარაკს ამ სრულზე, და ლაპარაკის დროს დავიკარგები ჩემდა უნებლიედ, ისე რომ ვერც კი მივხვდები -  ფიქრს დავწყებ. და რომ ის განათდება , გაცოცხლდება , ხორცს შეისხავს  უამრავი სიტყვით,რომლებსაც ყველას ,სათითაოდ, განსაზღვრული და გაანსხვავებული მნიშვნელობები ექნებათ, რომლებსაც შეეძლებათ ახსნან ნებისმიერი პოზიცია, ნებისმიერი ნიუანსი ყველაზე ღრმა და მგრძნობიარე აზრისა.
აჰ, ეს მდგომარეობა, რომელსაც სახელს არასდროს ვარქმევთ, ეს ამაღლებული სულიერი მდგომარერეობა. აჰ ! ეს ცნობიერების  ინტერვალები. ეს პაწაწინა აცდენები, რომლებიც  პურია ჩემი არსობისა, აჰ !  ეს მონაცემებში  ჭიანჭველებივით მოფუსფუსე ხალხი ! - ყოველთვის ერთსა და იმავე სიტყვებს ვხმარობ, და მართლა არ მეტყობა, რომ რაიმე დიდი ძვრა ხდება ჩემს აზრში. მაგრამ სინამდვილეში მე მაინც უფრო მეტად გადავაადგილდები, ვიდრე თქვენ, თქვე ვირის წვერებო , უბადრუკო ღორებო, ყალბი ზმნის ოსტატებო, პორტრეტების მქარგავნო, ფელეტონისტებო , ერთსართულიანებო , ენტომოლოგისტებო , ჩემი ენის
წყლულებო.
მე თქვენ გითხარით - ენა აღარ გამაჩნია.მაგრამ ეს არ არის იმის
საფუძველი,რომ ერთი და იგივე იმეოროთ, ენაში გაჯიუტდეთ.
ვნახოთ, ათ წელიწადში ის ადამიანები გამიგებენ, რომლებიც იგივეს გააკეთებენ,  რასაც თქვენ აკეთებთ დღეს.
 შეიცნობენ ჩემს გეიზერებს, ნახავენ ჩემს ყინულებს, ისწავლიან ჩემი
შხამის დენატურაციას, გამოიკვლევენ ჩემს სულებით თამაშს. ამგვარად მთელი  ჩემი თმები, ყველა ჩემი გონებრივი სისხლძარღვი ჩაიკირება, ამოხსნიან ჩემს  იეროგლიფებს, და ჩემი მისტიკა მათ ქუდად გადაეფარება.
ასე, ნახავენ აბოლებულ ქვათა ნაწიბურებს,
განტოტებული გონების მზერის თაიგული
მჭვერმეტყველებაში დაკრისტალდება.
აი, ასე ნახავენ ქვების აეროლიტების ცვენას,
ნახავენ სიმებს, გაიგებენ გეომეტრიას სივრცის გარეშე,
შეისწავლიან, გაარკვევენ თუ რას ნიშნავს გონების კონფიგურაცია ,
 და მიხვდებიან - როგორ დავკარგე გონება .
მიხვდებან რატომ არ არის ჩემი გონება აქ .  
ნახავენ როგორ გახმება ყველა ენა, ყველა სული გამოშრება ,
 ყველა ენა გაქვავდება, ადამიანების სახეები ვენტუზით
შესრუტულებივით გაბრტყელდებიან, ჩაიფუშებიან ,
და ეს პრიალა  მემბრანა გააგრძელებს ჰაერში ფარფატს,
ეს პრიალა და და კაუსტიკური, ორმაგი სისქის,
დაბზარული, მრავალსახა მემბრანა.
მელანქოლიური და გამჭირვალე,
მაგრამ ამავე დროს ისეთი მგრძნობიარე, ისეთი აღგზნებული, 
ისეთი უნარიანი გამრავლებისა და დაწყვილების..
თავისივე ბზარების ანარეკლებთან, გრძნობებთან, გაოგნებასთან ერთად,  ღმა, შხამიანი მორწყვით    შემობრუნდება.
ისინი ნახავენ ყოველივე ამას.
და მე - მეტი ლაპარაკი აღარ დამჭირდება .

Le Pèse-Nerfs .  Antonin Artaud. 1925
თარგმანი პაატა ქურდაძე 
13 მარტი 2013 Paris

25 février 2013

კოლექტიური თვითმკვლელობა

19.02.2013 ლიბერალი







მასადა  უდაბნოში ამოზრდილი, კლდოვანი მთის წვერზე გაშენებული, მიუვალი  ციხესიმაგრეა ისრაელში. ჩვენი წელთაღრიცხვის 66 – 72 წლებში, რომაელთა წინააღმდეგ დიდი აჯანყების დროს იქ ოკუპანტების მიერ იერუსალიმიდან გაძევებული მეამბოხეები თავიანთი ოჯახებით იყვნენ გამაგრებულნი, სანამ რომაელმა  ლუციუს სილვამ 8 000 ლეგიონერთან ერთად ეს ერთი შეხედვით აუღებელი ციხე-ქალაქი ალყაში არ მოაქცია. რომაელებმა კლდის ერთ კედელზე დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლის ბორცვი-კედელი ააშენეს; გამოიყენეს ათასობით ტონა ქვა, ღორღი, მიწა... თუმცა, როცა ციხე საბოლოოდ აიღეს, ნახეს, რომ იქ ცოცხალი აღარავინ იყო. იუდეველებმა რომაელთა ხელში ჩავარდნას სიკვდილი არჩიეს. მათ გადაწვეს ყველა შენობა, გარდა საკვებისა და იარაღის საწყობებისა, სავარაუდოდ, იმ მიზნით, რომ ეჩვენებინათ - თავი იმიტომ არ მოუკლავთ, რომ ალყის დროს რაიმე აკლდათ...
მასადა კოლექტიური თვითმკვლელობის პირველ ადგილად ითვლება ისტორიაში. მას შემდეგ მსგავსი  კოლექტიური დრამის უამრავი შემთხვევაა აღწერილი ისტორიკოსების მიერ. 
კოლექტიური თვითმკვლელობის რამდენიმე განსხვავებული  მოტივაცია არსებობს - პატრიოტული, სექტანტური, პროტესტის გამომხატველი... იაპონელი სამურაები თვლიდნენ, რომ  თვითმკვლელობა საშუალებას აძლევდათ თავიანთ გარდაცვლილ მასწავლებელს ხლებოდნენ იმ ქვეყნად და ამით ღირსება შეენარჩუნებინათ... 
ამაზონიის გუარამის ტომის  ინდიელებმა, რომლებიც დღეს ევროპელი კოლონიზატორების “წყალობით” თავიანთი კუთვნილი ტერიტორიების მხოლოდ ერთ პროცენტს ფლობენ, პროტესტის ნიშნად გასული საუკუნის 80 – 90-იან წლებში სამასზე მეტი კოლექტიური თვითმკვლელობის აქტი ჩაიდინეს.
სხვადასხვა სექტების მიერ ორგანიზებული მასობრივი სუიციდის შემთხვევებმა ბოლო ათეულ წლებში მსოფლიო შეაძრწუნა - 1994 წელს “მზის ორდერი”, კვებეკი; 1997 წელი - “ჰევენს გეითი”; 2000- ში უგანდა - “ათი მცნების მოძრაობა” და სხვ. ამ მასობრივ ჰეროიკულ და ფსიქოზურ ტრაგედიებს საუკუნეების მანძილზე ათასობით ადამიანი შეეწირა.
თუმცა, მათ შორის არის ერთი ყველაზე გამორჩეულად უცნაური, ჩვენი ეპოქისთვის დამახასიათებელი კოლექტიური თვითმკვლელობის ვარიაცია - როდესაც ამ დრამატულ გადაწყვეტილებას იღებენ ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ადამიანები.  რომლებსაც ნეგატიური ეგზისტენციალური შეხედულებებისა და აქედან გამომდინარე, თვითმკვლელობის იდეის გარდა არაფერი აქვთ საერთო.
ეს ყველაზე ხშირად დამახასიათებელია გარდატეხის ასაკისთვის. მოზარდებს გაცილებით მეტი კითხვა აქვთ, ვიდრე მათზე პასუხი და კიდევ უფრო  ნაკლებად - მათი  პოვნის უნარი, ცოდნა, გამოცდილება, მოთმინების სიბრძნე... 
ბოლო წლებში ჯგუფური  თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი ახალგაზრდებისათვის ინტერნეტი ნამდვილ ფენომენალურ საშუალებად იქცა ერთმანეთის აღმოსაჩენად.
თუმცა, კიდევ  უფრო ინოვაციური და საკვირველი მეთოდიც არსებობს, და მას ჩემი აზრით,  ჩვენ ქართველებმა მივაგენით: ეს გახლავთ  კოლექტიური ტელესუიციდი, რომელსაც უკლებლივ ყველა ქართული  ტელეარხი პირდაპირ ეთერში ყოველ საღამოს გვთავაზობს  და რომელსაც უცნაურ ტერმინს “კოჰაბიტაციას” ვუწოდებთ.
საერთოდ, ქართველებს ბევრ სხვა უცნაურ ჩვევასთან ერთად, ტერმინების ინტერპრეტაციებისადმი ძლიერი ლტოლვა გვახასიათებს.. მაგალითად, ეს სრულიად მარტივი ფრანგული ტერმინი, რომელიც მხოლოდ  ქვეყნის პრეზიდენტსა და მის პოლიტიკურად ანტაგონისტ პარლამენტის მიერ არჩეულ პრემიერს შორის ინსტიტუციონალურ თანაარსებობას ნიშნავს, ჩვენში  ინტერპრეტირებულია, როგორც ოჯახის წევრებს შორის, სიყვარულზე, ურთიერთგაგებაზე და რაღაც კლანურ საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანაარსებობა.
არადა, საქართველოში მსგავსი თანაარსებობა არა თუ ანტაგონისტი, თვით ერთი პარტიული დროშის ქვეშ გაერთიანებულ წევრებს შორისაც არ არსებობს. ეს არასწორად ინტერპრეტირებული “კოჰაბიტაცია” ცხადია, შეუძლებელია რეალურად შედგეს, ის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი მოზარდის ფსიქიკის მსგავსად, კონფლიქტში მოდის რეალობასთან, და რამდენადაც ინტელექტუალურად ჯერ კიდევ ძალიან სუსტია, აგრესიას საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართავს და თავს იკლავს, თან ყოველ საღამოს, უამრავ ემოციურად მთლიანად ჩართულ ტელემაყურებელთან ერთად, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად...
ნაციონალებს არ სურთ აღიარონ, რომ არჩევნებში დამარცხებული პარტიული ლიდერები მთელ მსოფლიოში რაღაც პერიოდით მაინც, თუ არა სამუდამოდ,  ჩრდილში გადადიან, რადგან ისინი მარცხთან ასოცირდებიან და მათი პარტიულ სახეებად შენარჩუნება სწორედ პოლიტიკური სუიციდის ტოლფასია. დღევანდელი ქართული საპარლამენტო ოპოზიცია ზუსტად ისე იქცევა, როგორც ნებისმიერი ლოგიკით არ უნდა იქცეოდეს, ის თავს იკლავს თავის კომპრომეტირებულ ლიდერებთან ერთად და ამით ამტკიცებს, რომ სინამდვილეში პოლიტიკურ პარტიას კი არა, ჩვეულებრივ მაფიოზურ კლანს წარმოადგენს, რომლის ხელმძღვანელები ჩრდილში არასდროს გადადიან, ადგილს არასდროს უთმობენს სხვას, და ამის მოთხოვნას ვერც ვერავინ ბედავს... რადგან ასეთ დროს ნებისმიერი კლანი მაშინვე იშლება.
ამ კლანური ოპოზიცის  უკიდურესი სიძულვილით განებივრებული “ქართული ოცნება” კი, ასევე უამრავი უხეში შეცდომის ფუფუნების უფლებას აძლევს  თავს, რაც ასევე მისი პოლიტიკური უმწიფრობის და პოლიტიკური უგუნურების ნიშანია და რაც მას აუცილებლად ბოლოს მოუღებს, ყოველ შემთხვევაში, იმ სახით, რომლითაც ის დღეს არსებობს.
სამწუხაროა, რომ ორი ანტაგონისტი თვითმკვლელი პოლიტიკური დაჯგუფება ვერ ხვდება, რომ მათი შემხედვარე საქართველო მთლიანად არის ჩართული ამ კოლექტიური თვითმკვლელობის პროცესში.
ამ არანორმალური მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანა შეუძლია მესამე რეალურ, ჯანმრთელ, და არა ნაციონალებივით დეპრესიულ თვითმკვლელ ოპოზიციას... თუმცა, მისი გამოჩენა ნაკლებად მოსალოდნელია უახლოეს პერიოდში, თუ ის თავად “ქართული ოცნების” წიაღში არ წარმოიშვა. არის მეორე თეორიული შესაძლებლობაც, რომ  თავად “თვითმკვლელი”  ოპოზიციის, ნაციონალების  თავში მოხდება ნამდვილი “გამონათება”: გაემიჯნება თავის დისკრედიტირებულ ლიდერებს და მოსახლეობის თვალში ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალად ტრანსფორმირდება...  სხვანაირად,  ის უამრავი შეცდომა, რომელსაც რეალური პოლიტიკური კონკურენტის გარეშე დარჩენილი “ქართული ოცნება” ყოველდღე უშვებს, სექტემბრამდე კრიტიკის გარეშე დარჩება. სექტემბრამდე  კი ძალიან, ძალიან  დიდი დროა... დაღლილობისგან აგრესიულ და დეპრესიულ  ქართველთა მარადიული  მოზარდის მგრძნობიარე ფსიქიკა დროში ასეთ გაწელილ ტრავმას ვერ გაუძლებს, შესაძლოა, მისთვის ჩვეული ფატალური შეცდომა დაუშვას და კიდევ ერთხელ გამოკრას თითი ჩახმახს... ეს ნამდვილი კოლექტიური თვითმკვლელობა იქნება, რომელსაც სახელად, ალბათ, მომავალში ისტორიკოსები ქართულ სპეციფიურ “კოჰაბიტაციას” დაარქმევენ.
P.K.
14 თებერვალი 2013  Paris

10 février 2013

პოლიტიკური ალტერნატივა


ჟურნალი" ცხელი შოკოლადი"სექტემბერი 2012


ეს პატარა ტექსტი არის პასუხი კითხვაზე, რომელიც ჟურნალმა "ცხელი  შოკოლადი"  დამისვა 2012 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, და ის გამოქვეყნდა  არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე,  როცა ჟურნალის საკითხავად არავის ეცალა.

ცხელი შოკოლადი :ახალი მოთამაშეს გამოჩენამ პოლიტიკაში გააჩინა რესურსი ცვლილებებისთვის. როგორია ეს ალტერნატივა? რა ნიშნით ვარქმევთ მას ალტერნატივას - მხოლოდ იმიტომ რომ ის არსებულს უპირისპირდება, თუ საქმე შინაარსობრივად განსხვავებულ, რეალურ ალტერნატივასთან გვაქვს?

პაატა ქურდაძე: როგორც საქართველოს დამოუკიდებელი პოლტიკური ცხოვრების მოკლე ისტორია გვიჩვენებს, რომელიმე პოლიტიკური ძალის რეალურად შესაძლო ალტერნატიულობაზე საუბარი მის ხელისუფლებაში მოსვლამდე ძალიან ძნელია, თუ არა შეუძლებელი. ყოველ შემთხვევაში ასე იყო დღემდე:
უკვე ჩამოყალიბებული სამწუხარო ტრადიციის თანახმად- ძალას, რომელსაც მისი პოლიტიკური პერსპექტივის პროგნოზირებისათვის აუცილებელი მინიმალური იდეოლოგიური ბაზა გააჩნია, თითქმის არასდროს არა აქვს შანსი მოვიდეს ხელისუფლებაში.. ამიტომ ისღა გვრჩება, არსებული კანდიდატების ალტერნატიულობა მხოლოდ მათ მიმართ ნდობის ემოციურობის ხარისხის მიხედვით განვსაზღვროთ და არა რეალური ცვლილებების კონკრეტული მოლოდინით. ეს ძალიან წააგავს ღვინის შეფასების   ქართულ "ტრადიციულ"  კრიტერიუმს: სუფთა ყურძნის წვენზე დაყენებული ღვინო კარგია, შაქრზე დაყენებული კი ცუდი. ტრადიციული კრიტერიუმი პოლიტიკური ლიდერების შეფასებისას საქართველოში ჯერ კიდევ მათი «პატიოსნება» და გროტესკული ვარაუდია: ბევს მოიპარავს თუ ცოტას?

ძირითადი ქართული პოლიტიკური ძალები ერთმანეთს მოსისხლე მტრებად უფრო განიხილავენ ვიდრე პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ. ეს არც არის გასაკვირი. მათ არ გააჩნიათ ჩამოყალიბებული იდეოლოგიები, რომელზეც აშენებული იქნება მათი მოქმედების გეგმა. ამდენად მათი ბრძოლის მეთოდი უხეშია, და ამას არაფერი საერთო არა აქვს ცივილიზებურ პოლიტიკურ ბრძოლის მეთოდთან. «ქართული ოცნება» კოალიციაა და არა პარტია, ამდენად მას არც შეიძლება გააჩნდეს ერთიანი ჩამოყალიბებული პოლიტიკური იდეოლოგიური ხედვა, თუმცა ის არც მასში შემავალ პარტიათა უმრავლესობას გააჩნია. ისევე როგორც იდეოლოგიურად მრავალსახა მართველ პარტიას.
შეუძლებელია შექმნა ალტერნატივა პოლიტიკური ქამელეონისა. ერთგვარი ერთ ქრომოსომიანი ბიპარტიისა, რომელსაც სისცოცხლის გასაგრძელებლად არ სჭირდება საპირისპირო პოლიტიკური სქესის ორი ქრომოსომა, თავად ანაყოფიერებს საკუთარ თავს და მრავლდება. თუი დასჭირდა ის თავად ხდება საკუთარი თავის ალტერნატივა.

სწორედ იმ დროს როდესაც პოლიტიკურმა პატიებმა იდეოლოგიურ ალტერნატივაზე ფიქრი და პოზიციონერობა დაიწყეს, ნაციონალური მოძრაობის მძვინვარე ლიბერტარიანული იდეოლოგია,ზუსტად ერთ დღეში გარდაიქმნა ულტრა მემარცხენე პარტიის პაროდიად და სახელმწიფო ხაზინა მეძავის სხეულივით გულუხვად გაუშალა დაუნდობელი ნეოლიბერალიზმით გატანჯულ ქვეყანას. ის ისევ გაექცა ქვეყნის პოლიტიკურ კონკურენციას, და საკუთარი იდეოლოგია, და პრინციპები თხასავით გაყიდა, რომ სასწრაფოდ დამსგავსებოდა თავის მთავარ მოწინააღმდეგეს - კოალიცია «ქართულ ოცნებას». თუმცა ამჯერად თავისი «საცირკო ნომერი» ტლანქად გამოუვიდა: ფაქტიურად თავადვე შეუწყო ხელი საქართველოში მემარცხენე პოლიტიკური პოლუსის კონტურების შემოხაზვას, რომლის ხსენებისაც კი სიკვდილივით ეშინოდა ადრე, უფრო მეტიც თავადვე გახდა საკუთარი თავის ოიდიპოსი.

პირველად «პოსტვარდისფერ» საქართველოში სოციალურმა თემატიკამ თვით ყველაზე მთავარი მონსტრი – რუსეთი გადაწონა, და ეს თავისთავად უკვე ის სასარგებლო ალტერნატივაა, რომელიც მიუხედავად წინასაარჩევნო პროცრესების აბსოლუტურად გროტესკული , თუ არა ხშირად კრიმინალური მიმდინარეობისა, შეგვიძლია პროგრესად ჩავთვალოთ. ეს არის შეუქცევადი სასარგებლო ალტერნატივა, რომელიც აუცილებლად მოისხავს ნაყოფს, მიუხედავად იმისა თუ რა შედეგით დამთავრდება კონკრეტული არჩევნები. რა თქმა უნდა ეს ახალი მოთამაშის დამსახურებაა. ამდენად მას თავისი როლი, როგორც ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალას, გარკვეულ წილად უკვე შესრულებული აქვს. თუნდაც არც თავად მისი იდეოლოგიური პლატფორმა იყოს გასაგები.

საქართველო პოზიციონირებულია სახელმწიფოს ევროპულ სტრუქტურაზე, რომელის ფუნდამენტი მარჯვენა და მარცხენა ფლანგის კონკურენციას წარმოადგენს. დღემდე საქართველო მემარჯვენე ცალფეხა «ხეიბარი» ყო რომელსაც კოალიციის წყალობით, ნებით თუ უნებლიეთ, მარცხენა საყრდენის შემცვლელი პროტეზი გამოუჩნდა. რაც თავისთავად პოლიტიკური «დაღლილობისას» სიმძიმის ცენტრის მონაცვლეობის ალტერნატივის, ანუ ახალი პოლიტიკური შინაარსის დაბადების დიდ შანსს იძლევა. 

18 სექტემბერი 2012 პარიზი

27 décembre 2012

კულტურა და მატარებლები


ეს სვეტი დაწერილია "ცხელი შოკოლადის" რედაქციის თხოვნით, რუბრიკისათვის, რომელიც მიეძღვნა კულტურის გარშემო განვითარებულ "ექშენს" ოქტომბერ- ნოემბერში. როგორც ვიცი ამავე თემაზე კიდევ რამდენიმე ავტორმა დაწერა და ის გამოქვეყნდა 2012 წლის ნოემბრის ნომერში. 




როდესაც 2003 წელს მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას მომვლისკენ მიმავალ თავის  მატარებელზე შეხტომა ურჩია, ბევრმა ეს მოწოდება ირონიული ღიმილით მიიღო, თუმცა მალე ყველა დარწმუნდა, გულწრფელი სინანულით,  რომ შესაძლოა თავიანთი ცხოვრების ერთად ერთი ნამდვილი  შანსი გაუშვეს ხელიდან – მატარებელში შემთხვევით მოხვედრილი  ბაქანზე უსაქმოდ მოყიალე  ავანტიურისტები, უბილეთო მგზავრები, ვაგზლის ორივე სქესის ბოგანოებიც  კი, სულ რაღაც ორ წელიწადში პირველი კლასის ვაგონის წავის ქურქებში გახვეულ რესპექტაბელურ ბურჟუაზიად გადაიქცნენ , რომლებიც მთელი  მომდევნო წლების გამნავლობაში,  მიშას მხიარულ ვარდისფერ ვაგონ რესტორანში დილაობით “ხიზილალითა და შამპანურით” საუზმობდნენ. საღამოობით კი  ნაირნაირი მურაბიანი ჩაით იტკბარუნებდნენ პირს და თან გეგმებს აწყობდნენ.  მატარებელს უამრავი მგზავრი გზაშიც შეახტა, ბოლოს ისე დაიხუნძლა, რომ დაგვიანებულებს არა თუ ვაგონ რესტორანში, საერთო ვაგონის ხმელი საწოლიც ღარ ერგოთ.

აი სწორედ ასეთებმა, 1 ოქტომბერს საღამოს, არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე,  თავგანწირული  ზედახორა გამართეს ივანიშვილის ლიანდაგებზე გადაყვანილ  მატარებელში ასაძრომად.  ვის აღარ ნახავთ აქ: ღვაწლმოსილ კულტურის მუშაკებს პეტიციებით ხელში, მათ “საკმაოდ განათლებულ” შვილებსა და შვილიშვილებს, კულტურული გაცვლა-გამოცვლების სპეციალისტ  “სვინგერ” ორგანიზატორებს, გამამაცებულ  ჟურნალისტებს...მოკლედ დიდი ამბები დატრიალდა!

შესაძლოა საქართველოს ისტორიის მანძილზე სიტყვა კულტურა არასდროს  ისეთი აქტუალური არ ყოფილა, როგორც ბოლო ერთი თვის მანძილზე.   თითქოს,«კულტურის სფეროში" მოღვაწე  ნახევრად მძინარე  ქართველმა  "მუშაკებმა'', მხოლოდ ახლა აღმოაჩინეს ამ სიტყვის მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში, ბოლო  წლებს მანძილზე ისე მოხერხებულად უვლიდნენ გვერდს ამ  თემას , თითქოს, უკანასკნელი კულტურის მინისტრი, ნიკა რურუა მართლაც  ხისტარიანი «მაუზერით» იდგა არტისტების გვამების გროვაზე და ნებისმიერს, ვინც ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოს აბსოლუტურად უნიფორმირებული კულტურის პოლიტიკის კრიტიკას გაბედავდა, საკუთარი ხელით უხვრეტდა შუბლს...თან   ოპერის ეშმაკივით ხარხარებდა... საერთოდ ადამიანებს ახასიათებთ  საკუთარი სიმხდალის გასამართლებლად, მისი  მასშტაბურ დრამად ტრანსფორმირება , მხოლოდ ამ შემთხვევაში მხდალი ენთუზიასტების აგრესიული აქტიურობა, მართლაც რაღაც კოლექტიურ ადმინისტრაციულ-კულტურულ  ფსიქოზში გადაიზარდა, განსაკუთრებით ახალი კულტურის მინისტრის მოადგილეების ზნეობრივი ნორმების დადგენა- გამოაშკარავებისას, ცხადია, იური მეჩითოვისათვის გილიოტინის მოთხოვნა ნაკლებად სახიფათოა, ვიდრე სულ რაღაც ერთი თვის წინ იგივე «მაუზერიანი» და «საშიში» ნიკა რურუასთვის...
 კულტურა არც მინისტრის ხელშია, არც მისი მოადგილეების, არც ყოფილების და არც მათი, ვინც  მომავალში დაინიშნება.     კულტურა პირველ რიგში ინტელექტუალური სიმამაცეა, რომლის გარეშე უკეთეს შემთხვევაში  დაშვებულ ზუსტად განსაზღვრულ საზღვრებს ვერ გასცდები, უნიფორმირებული ჯარისკაცივით, მკაცრად გაწერილი და ნოტარიუსით დამტკიცებული  კულტურული მემკვიდრეობის დარაჯად დარჩები სამუდამოდ. ვერასდროს  გადააბიჯებ ლიმიტს, რომლის იქითაც კულტურული რეფორმა, თუ გნებავთ  პროგრესია, რომლის გარეშე საქართველოს სახელმწიფოებრიობის ფასი კაპიკია. რადგან სახელმწიფოებრივი ღირსება, შეუძლებელია მისი მოქალქეების პიროვნული ღირსების გარეშე, ეს უკნასკნელი კი მხოლოდ კულტურულ კონტექსტში ყალიბდება. კონტექსტში, რომელიც საქართველოში კატასტროფულ მდგომარეობაშია... და  ამის ყველაზე საუკეთესო დასტური  მატარებელზე კვლავ ჩამორჩენის პანიკური შიშით გამოწვეული ბაზრის ალიაქოთი  - კულტურის სფეროს თითქმის ყველა რგოლში  ადმინისტრაციული კრიზი, მისი   მართვის სამარცხვინო უუნარობაა, რომლის მოწმენიც უკვე ერთი თვეა თითქმის ყოველდღიურად ვხდებით.  სამინისტროში, თეატრალურ უნივერსტეტში, სამხატვრო აკადემიაში... ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს სერიოზული რეფორმები სჭირდება კულტურის სფეროში, რომ  საჭიროა ვისაუბროთ ამ რეფორმების კონცეფციებზე, და არა პერსონების პირადი ცხოვრების დეტალებზე.
ხოლო თუ ჩვენ იგივე უნაყოფო «ბაღის კულტივირება» უნდა გავაგრძელოთ, რომელსაც ასე უსარგებლოდ ვთოხნით უკვე ამდენი წელია, მაშინ  შესასვლელთან გავაკრათ, ძველი, საბჭოთა წლებში  გულიდან ამოხეთქილი გულუბრყვილო,  წრფელი და უშიშარი, ცოტა დისიდენტური, ცოტა ანარქისტული "კონტრ-ლოზუნგი"...-  «დიდება კონტრკულტურას!» და ბულდოზერები დავქოქოთ უნაყოფო ბაღის ამოსაძირკვად.

ნოემბერი 2012
პ.ქ.