26 août 2013

"ახალი ფრანგული სკანდალის" ქართული ვერსია




ჩემი გამუდმებული კრიტიკული დამოკიდებულება ქართული მედიის მიმართ, ჩემს მეგობარ ჟურნალისტებს უსაფუძვლო რომ არ მოეჩვენოთ -აი ერთი პატარა მაგალითი, რომელიც ჩემთვის სერიოზული არგუმენტია, როდესაც ქართველი ჟურნალისტებისა და განსაკუთრებით პროდუსერების პროფესიონალიზმი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ხოლმე... (კაცმა რომ თქვას პროდუსერებს ჯერჯერობით თითქმის არავინ არასდროს არაფერს საყვედურობს- ყველა ჯოხი ჟურნალისტებზე ტყდება... მაგრამ მაინც...)

ეს სიუჟეტი არის ტიპიური, ცუდად და  ზერელედ მომზადებული, რომელიც მაყურებელში ილექება როგორც მატყუარა ინფორმაცია და  ის გაცილებით უფრო « მავნებლურია » თავისი პერსპექტივაში სავარაუდო შედეგებით,  ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ იდიოტურ სტერეოტიპს, რომელიც მედიის დიდი მხარდაჭერით,   ქართველმა პოლიტიკოსებმა და ყველა "კონფესიის"  ექსპერტებმა შექმნეს დასავლურ პოლიციაზე, საზოგადოებაზე, დემოკრტიულ ფასეულობების იპოკრიზმზე.

ეს ვიდეო განსაკოთრებით  ნიშანდობლივია იმით, რომ ის შეიძლება ეკუთნოდეს საქართველოში მოქმედ ნებისმიერ დიდ, თუ პტარა ტელე არხს. სიუჟეტის მომზდადების და გადაცემის თარიღი შეიძლება იყოს ნებისმიერი ბოლო რამდენიმე წლის კალენდარიდან.  თუმცა მაინც განსაკუთრებით საწყენია,  ლოგოთი თუ ვიმსჯელებთ, ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო ჟურნალის "მოამბის" მიერ მომზადებულ სიუჟეტია ფრანგულ პოლიციაზე. რომელიც გაიმეორა ინფო ცხრამ და ფეისბუქით გაავრცელა. ამ სიუჟეტს ზუსტად ასეთივე ფორმით გაუშვებდა ნებისმიერი სხვა ქართული არხი - თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით, ეთერის შესავსებად, მოწყენილი კომენტარითა და მეტროს "რადიო-ქალის" ხმით, როდესაც ის მომდევნო სადგურს აცხადებს ხოლმე.

სიუჟეტის გაშვების მიზანი აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის, ერთად ერთი, რაზეც ის მიანიშნებს ქართულ ტელემაყურებელს- არის ის « შვებისმომგვრელი » ტრადიციელი სისულელე, რომ პოლიციელები მოქალაქეებს "განვითარებული დემოკრატიის" ქვეყნებშიც ცემენ კიდევ უფრო უმოწყალოდ ვიდრე ჩვენთან. ეს კი თითქოს ქართულ პოლიციას დროდადრო ადამიანებზე ძალადობის რაღაც კრედიტს აძლევს.
სწორედ ასეთ რბილად რომ ვთქვა ზედაპირულ სტილშია გაშვებული ყველა ის სიუჟეტი ფრანგულ მანიფესტაციებზე ძალადობის შესახებ , რომელმაც საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას 7 ნოემბერსა და 26 მაისს ბარბაროსობის ჩასადენად ლეგიტიმაცია მისცა. ზუსტად ასე უპასუხისმგებლოდ ნაჩვენები რამდენიმე კადრით შექმნეს ისეთი განწყობა, თითქოს საფრანგეთში  გასულ გაზაფხულზე ასიათასობით ადამიანი ქუჩაში ერთსქესიანთა ქორწინების ინსტიტუსის კი არა საერთოდ ჰომოსექსუალობის საკრძალად გამოვიდა, ამან ერთგვარი ლეგიტიმაცია მისცა  აგრესიას რომელიც ქუჩაში ვიცხილეთ, აგრეთვე იმ სიბრიყვეს, რაც ტელე ეკრანებიდან მოვისმინეთ ამ საკითხზე დებატებისა და მსჯელობისას.

ჟურნალისტები ასეთ შემთხვევებში ყოველთვის ხელებს იბანენ პასუხისმგებლობის "ჭუჭყისგან", ისეთი კრიალა თვალებითა და გაკვირვებული სახეებით უსმენენ მათივე გაშვებული სიუჟეტების საოცარ ინტერპრეტაციებს, კაცი იფიქრებს რომ მართლა მარსიდან ჩამოფრინდნენ.
ასეთი სიუჟეტი ან არ უნდა გაუშვა, ან თუ გაუშვებ , სულ რამდენიმე წინადადების დამატებით მაყურებელს რეალური სურათი უნდა ანახო, და არ შეუქმნა პოლიციის მხრიდან ძალადობის ბანალიზაციის ლეგიტიმაციის ყალბი განცდა, რაც ასე ახასიათებს ქართულ  მედიას.

ბოლოს და ბოლოს საკმარისია გუგლში აკრიფოთ ფრანგულად  რამდენიმე სიტყვა, ვთქვათ « პოლიციელმა ცემა ქალი », ის მაშინვე შემოგთავაზებთ რამდენიმე ამომწურავ ცნობებს ამ ინციდენტის შესახებ.
სინამდვილეში კი აი რა მოხდა: რამდენიმე დღის წინ ქალაქ ტურის გარეუბანში პოლიციამ დააკავა ძალიან მთვრალი მძღოლი,  ამასთან ის  მართვის მოწმობის გარეშე მართავდა ავტომობილს, რომელშიც ასევე ძალიან მთვრალი 7 ადამიანი იჯდა, მათ შორის ეს ახალგაზრდა ქალი. როდესაც პოლიციამ მძღოლის კომისარიატში წაყვანა მოინდომა ( სიმთვრალეზე ყველა მიყავთ), აყალმაყალი ატყდა. როგორც პოლიციის სინდიკატი ამბობს ერთერთი პოლიციელი ამ ქალმა და კაცმა წააქციეს, სამართალდამცველებმა შესაბამისად რეაგირება მოახდინეს. , ამ მომენტში ამ ქალმა სამჯერ მაგრად უკბინა პოლიციელს- წელზე , მკერდზე და მხარზე. სწორედ ამან « გააგიჟა » ეს პოლიციელი, აქ ისმის კიდეც მისი ღრიალი : " მიკბინა ამ ბოზმა!" და ნაკბენებს ანახებს კოლეგებს, როგორც პოლიიის სინდიკატი ამბობს, გამწრებულმა დაუშინა ეს ხელკეტი რომ ქალის აგრესია დაეცხრო. მერე კი ცრემლსადენი გაზიც მიუშვა. მოკლედ დაკავებულები ხულიგნები აღიარებენ დანაშაულს, ეთანხმებიან პოლიციის ჩვენებას და არ ჩივიან. მხოლოდ არ იფიქროთ რომ ამას იმიტომ აკეთებენ - თითქოს ეშინიათ სამსახურიდან არ მოხსნან ან სუბუტექსი არ ჩაუდონ.
მიუხედვად ამისა, არავინ არ ამართლებს პოლიციას, და ცხადია ყველა თვლის რომ პოლიციელმა გადააჭარბა, ორი დღე ლაპარაკობენ სამართალდამცავების მიერ ჩადენილ ძალადობაზე... 
აი სრული ისტორია, რომელიც კაცმა არ იცის, რატომ მოხვდა საზოგადოებრივი არხის ქართულ საინფორმაციო გამოშვებაში, კიდევ ერთხელ ვადასტურებ - ეჭვი მაქვს მხოლოდ იმისთვის რომ საეთერო დრო შევსებულიყო.

არ გაგიკვირდეთ, როდესაც ასეთ არასრული, კონტექსტიდან ამოვარდნილი და დროის გასაყვანად გაშვებული სიუჟეტების ათასნაირი ინტერპრეტაციები  ახალი სატელევიზიო სეზონიდან ჩვენს სტრესულ ტოკ შოუებში შეგვხვდება მრავლად, პოლიტიკური ექსპერტები და თავად პოლიტიკოსები, სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაზე საუბრისას, ამ აბსოლუტურად გაუგებარ სიუჟეტს იმის არგუმენტად მოიტანენ, რომ "ეს ყველგან ხდება" ... იტყვიან: "გახსოვთ საფრანგეთში საწყალი ზანგი ქალი რა დაუნდობლდ ცემა პოლიციელმა? " წამყვანიც დაეთანხმება... მაყურებელიც კიდევ ერთხელ ჩაიქნევს ხელს დასავლეთზე და დემოკრატიაზე ... გაახსენდება მასონები, ინკვიზიცია, ბიძია თომას ქოხი, ბისექსუალობის შეუთავსებლობა ჩვენი ბუმბერაზი წინაპრების მიერ დატოვებულ ძველ ქართულ ტრადიციებთან, საბრალო ჯორდანო ბრუნო, კიდევ უფრო საბრალო სულხან საბა რომელიც ვერსალში ალოდინეს, ქართველობა რომელსაც ამდენი ხანია უიმედოდ გვართმევენ ... და ვერაფერს ვერ ეტყვი... მე ყოველ შემთხვევაში ვერაფერს ვერ ვეუბნები ასეთებს, რადგან ყოველი ჩემი მცდელობისას ავუხსნა სიმართლე, აი ზუსტად ასეთ სიუჟეტებს ამაფარებენ ხოლმე   ბარიკადივით, რომელებიც  უხვად აქვთ ნანახი ქართული ტელევიზიით... როგორ გინდა სიტყვებით  ებრძოლო თავში ფუნდამეტალურად ჩაჭედილ  ვიდეო გამოსახულებას...მით უმეტეს ადამიანებთან, რომლებსაც უმეტეს წილს შენი სიმართლის დაჯერება პიროვნულ სამარცხვინო  მარცხად მიაჩნია და აგრესიულდ გებრძვის... ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი არხის ნებისმიერ ტოკშოუში: სადაც ერთი და იგივე ადამიანები უკვე წლებია,  თითქმის ყოველ დღე იკრიფებიან და საათობით ქაქანებენ, მხოლოდ იმისთვის, რომ იქიდან გამოსულები კიდევ უფრო დაშორდნენ ერთმანეთს.

PK 23 Aut 2013 Paris 

22 août 2013

ფეშენ პოლიტიკა



გამოაჩინო ბარძაყები, ჰო... მაგრამ მუხლები?არასოდეს! კოკო შანელი 
 Montrer les cuisses, oui... mais les genoux, jamais !    Coco Chanel

ერთხელ, მგონი მიშას წელთარრიცხვით მეორე და ქრისტეს დაბადებიდან 2006 წელს,  გამარჯვებული და ამაყი, მაგრამ დამშეული  ხალხის ტელევიზიაში, ნინო ბურჯანაძეზე რაღაც რეპორტაჟი ვნახე, სადაც მის ინგლისურ გემოვნებაზე ლაპარაკობდნენ: რკინის მარგრეტ ტეტჩერის სტილი აქვს ყოველ დღე ბრილიანტის ბროშებს იცვლისო...  ეროვნულმა "ალმასის ლედიმაც" იქვე დაადასტურა, რომ მართლაც ინგლისური გემოვნება აქვს და მოგვიყვა რომ "შმოტკებს"- ყველა წვრილმანამდე (დეტალები არ დაუკონკრეტებია) ჰერმესში ყიდულობს, მაგრამ მხოლოდ ვენის ჰერმესში და არავითარ შემთხვევაში პარიზის ან ლონდონის... სიმართლე გითხრათ დღემდე არ ვიცი რითია განსაკუთრებული ვენის ჰერმესი... რაღაც არ მგონია პარიზის ან ლონდონისაზე იაფი იყოს...პრინციპში ჰერმესში ერთხელ მაინც ვისაც შეგიხედავთ ალბათ უჩემოდაც შეამჩნევდით, რომ გემოვნების ხარისხი აქ შენს საბანკო ანგარიშზე თანხის პირდაპირ პროპორციულია და ამ ინტერვიუდან არ გაგიჭირდებოდათ გამოგეტანათ დასკვნა, რომ ქვეყნის მეორე ქალბატონს, ინგლისურის რა გითხრათ, მაგრამ პოლიტიკოსისათვის ცოტა არ იყოს ზედმეტად  ძვირი გემოვნება ჰქონდა... განსაკუთრებით ისეთი ღარიბი ქვეყნის პოლიტიკოსისთვის როგორიც მაშინ იყო და როგორადაც დღემდე რჩება საქართველო...

სხვათა შორის ამ მხრივ ფეშენ მხიარულება დამშეული ხალხის ტელევიზიას და პოლიტიკას არასდროს არ აკლდა, ერთხელ მახსოვს დიდ ლევან გაჩეჩილაზეს უსაყვედურა ერთმა ჟურნალისტმა, თქვენზე ამბობენ პარლამენტში დეპუტეტისთვის შეუფერებლად ჩაცმული დადისო... გაგიჟდა - რას ამბობო! დაჭმუჭნული პიჯაკი ლამის გადმოატრიალა - შენ ეს უბრალო რამე ხომ არ გგონია, "იამამოტოაო!"... მანამდე კი მორიდებით გაგვიმხილა, რომ საათების კოლექციას აგროვებს, რადგან საათები ძალიან უყვარს, რომ საათები მისი გატაცებაა და თვისი როლექსიც გვიჩვენა... თან პატრა დამწყები ფილატელისტი ბიჭივით მორცხვად და მომხიბვლელად გაგვიღიმა ...

ოდესღაც, მიშას წელთაღრიცხვამდე პაკო რაბანთან მომიწია შეხვედრა, სულ რაღაც რამდენიმე თვის შემდეგ, რაც მთელ პარიზს გულები დაუხეთქა 2000 წლის აგვისტოში რუსული თანამგზავრი პირდაპირ პარიზს დაეცემაო... ზალიან იმედგაცრუებული იყო რომ არ ჩამოვარდა... მაგრამ იხტიბარს არ იტეხდა, მთელი დღე  ყოჩაღად "პონტაობდა", ჯერ იყო - ჩემი ეროვნება რომ გაიგო, მხარზე ხელი მომიტყაპუნა, თვალი ჩამიპაჭუნა  ძმაბიჭურად და  მითხრა ბებიაჩემი სოფლის ჯადოქარი იყო და იმისგან ვიცი ზუსტად,  ჩვენ - ქართველები და  ბასკები ატლანტების შთამომავლები ვართო... მერე მითხრა ძალიან უბრალო კაცი ვარ , აი ნახე, მთელი ცხოვრება ბასკი ხელოსნის ხალათით დავდივარო , მართლა ამ ხალათით დადის სულ მაგრამ  მისი შეკერილია და ალბათ სულ ცოტა  ხუთი ათასი ევრო მაინც ეღირება... მოლედ გეფიცებით, გრეჩიხა და პაკო ერთად რომ დასვა, ატლანტების არ ვიცი , მაგრამ ბასკები და ქართველები რომ ერთი "პონტავშიკი" ერი ვართ ამ ამბავს  წყალი აღარ გაუვა:)

ქართული პოლიტიკური ფეშენ ისტორიებიდან კიდევ ერთი დამამახსოვრდა ძალიან- სულ ახლახანს გაპრეზიდენტებული, როგორც ამბობდნენ ასევე საათების მოყვარული ნიკოლა სარკოზი ლიონში თავის ჯერ კიდევ მეუღლე სესილიასთან ერთად საქრთველოს და საფრანგეთის რაგბის ნაკრებების თამაშს დაესწრო სააკაშვილების Saint ოჯახთან ერთად. მიშა , სანდრა და სულ პატარა ნიკოლოზი... სამივე ბარბერის (Burberry) ერთნაირ უჯრედებიან პერანგებში... პატარა ნიკოლოზსაც კი ბარბერის დიდი უჯრედებიანი პერანგი ეცვა... მოკლედ ერთნაირი ვარდისფერი ველოსიპედები აკლდათ თორემ ნამდვილად ბედნიერი ფერმერი ტურისტების ოჯახს გავდნენ ღრმა ამერიკიდან, ფერმერები ბარბერით არ დადიან მაგრამ მაინც... მახსოვას მაშინ ნაციონალებში ბარბერი მაგარ მოდაში შემოვიდა, გივი თარგამაძეც კი ბარბერის პერანგით და უჯრედებიანი ჰალსტუკით დადიოდა.. მერე გემოვნება აშკარად გაეზარდათ, ბოლოს მგონი მასიურად ექსკლუზიურ „Hand made“ გადავიდნენ... 

დღეს, ახალ ხელისუფლებას რომ ვუყურებ, სულ ნაციონალების პოლიტიკური "თინეიჯერობა" მახსენდება და გული მიჩუყდება - მართალია, ჯერ ჰალსტუკის შერჩევაც ვერ ისწავლეს, ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ თვლის, რომ ერთი ფერის კოსტიუმი, პერანგი ჰალსტუკი და ფეხსაცმელი მაღალი გემოვნების უტყუარი მანიშნებელია, რომ თეთრო ჰალსტუკი შავ პერანგზე ისეთივე ელეგანტურია, როგორც შავი თეთრზე, მაგრამ არაუშავს... Fashion victims ნაციონალებმაც ასე დაიწყეს... 

მიშა კი მაინც ყველაზე "შმოტკისტ" პრეზიდნტად მიმაჩნია ამ ინსტიტუციის ისტორიაში... - დღემდე ვერ ვხვდები როგორ ან სად ასწრებდა ასე სწრაფად და ასეთი ინტენსივობით, "სოჩელი ფარსოვშიკივით" ნახევარ საათში ერთხელ რაღაც "მოდნი შმოტკების" გამოცვლას... 

მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე ჩემზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მაინც ბურჯანაძე ახდენდა ყოველთვის, თავისი ინგლისური გემოვნებით, მარგალიტის მძივებით და ბრილიანტის "ბროშკებით"...

გამოგიტყდებით ის ინტერვიუ, რომელზეც დასაწყისში მოგახსენეთ, ერთ ერთი პირველი მიზეზთაგანი იყო, რის გამოც ვარდისფერი ხელისუფლების მიმართ მკვეთრად ნეგატიური განწყობა ჩამომიყალიბდა.. ახლა პრეზიდენტობის კანდიდატის ამპლუაში ყოჩაღი პიონერთ ხელმძღვანელივით სახელოებ დაკაპიწებულს და სპორტულად ჩაცმულ ბურჯანაძეს რომ ვუყურებ, ვერაფრით ვერ ვერევი ჩემ თავს და მაინც სულ ეს ვენის ჰერმესი და ბრილიანტის გულსაბნევები მახსენდება... სულ მგონია ერთი სული აქვს რაც შეიძლება მალე აირჩიონ პრეზიდენტად, რომ ამოალაგოს ეს ყველაფერი ნაფტალინიდან და სეიფიდან...კიდევ ის წყნეთის აგარაკი მახსენდება ხოლმე, მიშამ რომ აჩუქა და მერე უსინდისოდ წაართვა, მაგრამ ეს ფეშენის თემას ცდება...სამაგიეროდ ვერაფრით ვერ ვიხსენებ თუ რა კონფლიქტი მოუვიდა ნაციონალებთან, რა მიზეზით დაეცა ასე დაბლა ვენის ჰერმესიდან პირდაპირ  ამ "უბრალო ხალხმდე" ? არა და თითქოს ამხელა საქმე გაუკეთა "მოდნიკ" მიშას 2007 ში, "იამამოტოს" და "როლექსის" კოლექციონერთან ფაქტიურად წაგებული არჩევნები "მოაგებინა " და დაუკანონა... მანამდე 7 ნოემბრის ამბების შესახებ ისეთი ყინულივით სიტყვა წარმოთქვა, ვენის ჰერმესში გამოპრანჭული  თოვლის დედაფალი გეგონებოდათ...
ისე, მართლა  საინტერესოა, პრეზიდენტი თუ გახდა, კიდევ ვენაში ივლის შოპინგზე თუ ლილოს მეორადებში? ჩვენში რომ დარჩეს, ისეთ დაქცეულ ქვეყანაში როგორიც პრეზიდეტობასაც აპირებს და რომლის მეორე პირი ძალიან დიდხანს გახლდათ, ნაღდი ინგლისური გემოვნება ეს უკანასკნელი იქნებოდა..

 ზოგი ალბათ იტყვის, რა დროს ჩაცმა-დახურვაზე ლაპარაკია, მტერი კარზეა მომდგარი და ქვეყანა თავზე გვენგრევაო...  მე  ასეთებს  ვეტყოდი,  რომ პოლიტიკოსთა ჩაცმა დახურვა მეტად ფილოსოფიური განსჯის საგანია. თუნდაც ნაციონალების მგალითზე- ყველა პატიოსან და განსაკუთრებით უსინდისო  პოლიტიკოსს ვეტყოდი -  გახსოვდეს მოქალაქე  მეგობარო, Hand made დან  Second hand მდე ერთი Hand ის გაწვდენაა!..

P.K. 22 Juin 2013 Paris

15 juillet 2013

ლხინი აკრძალვის მოლოდინში

                                                                                                              ჟურნალი "ლიბერალი" 12.07.2013

Robert Doisneau

განსაცვიფრებელი ხალხია ქართველი ფეისბუკელები, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელმა ოფიციალურმა ქალბატონმა, ყველაზე ოფიციალური ფორმით,ზუსტად ისეთი ზომიერად შარმიანი ღიმილით როგორიც ოფიციალურ ქალს შეეფერება, დროშებისა და ფანფარების ფონზე სრულიად ოფიციალურად განაცხადა, რომ კოცნის გამო  გულაგი არავის ემუქრება, სამოქალაქო საზოგადოების ყველაზე ტემპერამენტიანი ნაწილმა მაინც ვერ დამალა  თავისი ტრადიციულად ორდღიანი  მხიარული აღშფოთება. განსაკუთრებით აღგზნებულთა  იმ ნაწილმა, რომელზეც მე პირადად გონივრული ეჭვი მაქვს, რომ საკუთარ ქორწილში, თავაზიანი და ცოტა სეირის მოყვარული სტუმრების მიერ ჩაწყობილი "გორკას" მერე სახალხოდ აღარ „უზასავიათ“: არც ქუჩაში, არც პარკში, არც პლაჟზე ...
ეს ძალიან ნიშანდობრივია.
ასეთებს ინფანტილური უმანკოება არ აძლევს საშუალებას ჩაწვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეთხზულ და  ულტრათანამედროვე მოგიზგიზე ოსვენცემში გამოკეტილი პარლამენტარებისთვის განსახილველად გადაცემულ ენიგმატურ  „სუტრას“, რომელიც ამბობს, რომ "გაშიშვლება და მასთან დაკავშირებული ცალკეული ქმედებები" კანონით დასჯადია. 

 ასეთებს აუცილებლად ესაჭირობათ სიღრმისეული  ახსნა-განმარტებები იმის შესახებ, რომ გაშიშვლებასთან დაკავშირებული ცალკეული  ქმედების კატეგორიას შეიძლება მაგალითად  მივაკუთვნოთ, ვინმე ბინძური პერვერის ეგზიბიციონიზმი,  რაც შეიძლება  გამოიხატულ იქნას  „საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცნხმყოფელ“  ისეთ ქმედებაში როგორიც არის  და მაგალითად მიწისქვეშა გასასვლელებში მასტურბაცია პატარა ბიჭებისა და გოგოების დასანახად ან  თუნდაც სექსი მანქანაში, არც თუ მოფარებულ ადგილას... რაც ასევე აკრძალულია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის უკვე დიდი ხანია საქართველოშიც, ჯერ კიდევ წითელი მარწუხების   ეპოქიდან. 
საფრანგეთში მსგავსი ქმედება სწორედ ეგზიბიციონიზმის მუხლით ისჯება....
 და ის  სხვათა შორის ქუჩის პროსტიტუცის წინააღმდეგ ამხედრებულმა ჩვენმა ყოფილმა მეგობარმა-პარტნიორმა სარკოზიმ მოიგონა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი გახლდათ. ამით მან მეძავებისგან კლიენტზე გადაიტანა იურიდიული პასუხისმგებლობა  და  ამით უამრავი ამომრჩეველის გული მოინადირა, შესაძლოა ვინმეს, ჩემი ჩათვლით, ეჩვენება რომ გადაჭარბებული სანქციაა, მაგრამ მიბრძანდით და აუხსენით ეს ბულონის, ან ვანსენის ტყის პირას მცხოვრებ მოხუცებს, პატარა ბავშვიან დედებს, რომლებიც დღის ვერც ერთ მონაკვეთში ვერ ბედავდნენ ტყე -პარკში შესვლას... დღეს კი სავსეა იქაურობა მოსეირნე მოხუცებითა და მოთამაშე ბავშვებით. დღისით იქ აღარ წააწყდებთი ყოველი ხის ქვეშ კლიენტებთან  ჩახუტებულ ჰეტერო, გეი, ტრავესტი მეძავებს... ვეღარ გახდებით უნებლიე მოწმე  ნებისმიერი გემოვნების სექსუალური  აქტის...
მიდით და აუხსენით გარეუბნის ბულვარებზე მდებარე სკოლის მოსწავლეების მშობლებს, რომ ნახევრად შიშველი ეგზოტიკური ტრავესტი მეძავებით გარშემოტყმული სკოლები ნორმალური მოვლენაა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ან იმავე უბნის მცხოვრებლებს, რომლებიც ღამით ვერ იძინებდნენ კლიენტების მანქანების სიგნალების, პოლიციის სირენების, ჩხუბისა და  გინების კაკაფონიის გამო, უთხარით,  რომ საფრანგეთს სხვა უამრავი უფრო სერიოზული პრობლემა გააჩნია და ასეთ წვრილმანებზე ლაპარაკი არ ღირს, რომ რა დროს ეს არის... თქვენ მხოლოდ  გაბედეთ და უთხარით!...

ღმერთო! ჯვარი გვწერია ყველას -  ჩვენ, რა თქმა უნდა არ გვეხება მუხლი მკვლელობის, ძარცვის, პედოფილიის შესახებ, რადგან წესიერი მოქალაქეები ვართ: არ ვკლავთ, არ ვაუპატიურებთ, არ ვძარცვავთ! მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კანონი არ უნდა ითვალისწინებდეს ამ ექსტრემალურ და საბედნიეროდ შედარებით იშვიათ  დანაშაულებს? ნუთუ ასე ძნელია ამ ყველაფრის  გაგება?
ამ ყოვლად აბსურდულ ისტორიაში, იცით,  ყველაზე მეტად რა მაკვირვებს? არ მესმის -  რატომ უნდა ვლაპარაკობდე ამ ყველაფერზე მე და არა ის ადამიანები, ვინც  ქუთაისურ ულტრათანამედროვე გავარვარებულ „ოსვენცემში“ ეს ენიგმებით სავსე კანონპროექტი ჩაიბარა განსახილველად,, მერე თითქოს ბოთლში ჩადო, საცობი ჩაარჭო და რიონში მოისროლა, რომ ვიღაც უცნობ ფოთელ ჟურნალისტს ეპოვა ბობოქარი შავი ზღვის მაზუთინ ტალღებში და მოწევდინა ჩვენამდე  "ხმა მღაღადებლისა პარლამენტისა შინა“... ხმა, რომელმაც საგონებეში ჩაგდო ქუჩაში  ზასაობის მოყვარული ქართული  საზოგადოების ყველაზე ვნებიანი ნაწილი!
მერამდენედ მეორდება ერთი და იგივე!... იმ ყბადაღებული ბუსუსებიანი პრეზერვატივისა არ იყოს, რომელზეც უკვე მერამდენე თვეა ლაზღანდარობს სრულიად  საქართველო და რომელიც, კაცმა რომ თქვას, მართლაც სექს გაჯეტია და არა პრეზერვატივი,  სექს გაჯეტები კი სკოლის სიახლოვეს  ნორმალურ ქვეყნებში არ იყიდება, თორემ უფროსი ასაკის  სკოლებში პრეზერვატივების ავტომატები დგას, და ისინი არავის პრობლემას არ უქმნის...პრეზერვატივებზე ლაპარაკი შიდსის საშინელი, ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემის ფონზე ერთ-ერთ უპირველეს პრიორიტეტად ითვლება მსოფლიოში... მაგრამ - არა საქართველოში. ჩვენში ხომ სიკვდილს პარლამენტშიც კი დასცინიან, სანამ მისი რეალური საშიშროების წინაშე არ დადგებიან ხოლმე!
ჩვენში ხომ კანონების იერარქია არსებობს - მნიშვნელოვანი, ნაკლებად მნიშვნელოვანი, და სრულიად უმნიშვნელო... ხარისხს თავად ვადგენთ, და ჩვენვე ვახარისხებთ აქლემებს, ნემსებს და ქურდებს სრულიად სხვადასხვა კატეგორიებად. ჩვენ ეს ბევრად უკეთ გვეხერხება, ვიდრე სულსწრაფ პარლამენტარებს თავიანთი კანონპროექტების შინაარსის გააზრება.

მართლა გაუგებარია, ისინი - პარლამენტარები სპეციალურად ქმნიან ამ რაღაც უბადრუკ ინფანტილურ აჟიოტაჟს, თუ მართლა თავადვე  არ ესმით თავადვე კანონპროექტების შინაარსი იმდენად, რომ ისინი ადამიანურ ენაზე განუმარტონ ისედაც ნერვოზით გატანჯულ მოსახლეობას? იქნებ მართლა მხოლოდ უცხო ქვეყნების კანონმდებლობათა კალკირებით არიან დაკავებულნი, როგორც წინა წლებში,  როგორც ყოველთვის? იქნებ პირველ რიგში სწორედ  მათ ესაჭიროებათ  ვინმემ კარგად აუხსნას უამრავი საბაზისო ჭეშმარიტება, რომლის შესახებ როგორც ჩანს მათ შორის ძალიან ცოტას  თუ გაეგება რამე?... თუმცა,  კაცმა რომ თქვას,  საიდან უნდა გაეგებოდეთ მეტი ამ ადამიანებს, რომლებსაც თვით დღევანდელ კომუნიკაციების ფანტასტიკური შესაზლებლობების  ეპოქაში, თითქმის სრულ ინფორმაციულ იზოლაციაში ყოფნას ახერხებენ ?

 მოკლეთ, ძვირფასო მეგობრებო,  სანამ დეპუტატთა „უნარ ჩვევების“ ამ საიდუმლოებით მოცულ საკითხს გავარკვევთ,  ნუ მოგერიდებათ, და ნუ შეშინდებით! იზასავეთ ! მით უმეტეს, ასეთი მოკლე „სკანდალები“ ტრადიციულად ორ დღეში გვბეზრდება და გვავიწყდება.  ღმერთს უყვარს მოზასავე ხალხი, რდგან ზასაობა ერის დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია! მხოლო , როგორც ოფიციალურად შარმიანმა ქალბატონმა ოფიციალურ-კოკეტური ღიმილით "მიგვანიშნა", სახალხოდ მასტურბაციის, ფელაციისა და "საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფი „მსგავსი ცალკეული ქმედებებისაგან" თავი შეიკავეთ! აგრეთვე, თუ ნებას მომცემთ დავამატო :  ფურთხებისგან, და დილის ოთხ საათზე  ქუჩაში  მთვრალი  უაზრო გინებისგანაც -  „პოლიფონიური“  ღრიალის თანხლებით, რომელიც ზოგიერთ  თქვენთაგანს სიმღერა ჰგონია!
P.S. ზოშენკოს ერთი  პატარა ნოველა აქვს, რომლის სათაურს სამწუხაროდ ვერ ვიხსნებ, მისი სიუჟეტი დახლოებით ასეთია: სოფლის მტვრიან შარა გზაზე აქეთ-იქით ჩამწკრივებულ მოხუცებს შორის, პატარა ბიჭი  გაივლის ველოსიპედით , რომელიც ხმამაღლა გაჰყვირის, რომ  ახალი კანონის მიხედვით სამოცდახუთი წლის შემდეგ სიცოცხლე აკრძლულია, რომ რაიონში, საპნის ქარხანა შენდება, სადაც  მოხუცებს გადაადნობენ!... ამ სულ პატარა ნოველაში ყველაზე ტრაგი -კომიკური ის არის, რომ მოხუცები იმავე წუთს, უყოყმანოდ  იჯერებენ, და დაღონებულნი და ზომიერად აღშფოთებულნი, მცირეოდენი წუწუნის შემდეგ    ბედს ეგუებიან...  
ძნელი სათქმელია, რა არის ეს -  ყბადაღებული საბჭოთა მენტალობა,  თუ მასობრივი  დეპრესიული ფსიქოზი,  რომელსაც არც საზღვრები აქვს, არც ეროვნება და არც ეპოქა ?
 P.K.  11 Juillet 2013 Paris  

24 juin 2013

უმნიშვნელო ფაქტორი

გუშინ ტელე არხ იმედზე, გადაცემა "მთავარი ფაქტორის" ქუდში ჩემი ჩართვის ფრაგმენტების მონტაჟი უჩვენეს, საიდანაც როგორც ირკვევა მე ვთვლი, რომ საქართველოს მოსახლეობას წარმოდგენა არა აქვს თუ რა არის ევროპა.შემდეგ დიქტორმა თქვა: "პაატა ქურდაძე ფიქრობს, რომ საზოგადოებას არა აქვს ვალდებულება თავად გაერკვეს ევროპის შინაარსში, და ხელისუფლებას სწორედ ამ მიმართულებით მუშაობას ურჩევს"  ... და გადაცემაც დაიწყო...
 ვერ გეტყვით საზოგადოება რამდენად გაერკვა ამ რებუსში, მაგრამ გადაცემის წამყვანმა ზაზა შათირიშვილმა როგორც ჩანს, ჩემი ორ წუთამდე დაყვანილი  თხუთმეტ წუთიანი ინტერვიუდან , მხოლოდ  ის დასკვნა გამოიტანა, რომ ჩემი აზრი "ძალიან წააგავს წინა ხელისუფლების ინტელექტუალური ელიტის აზრს"( სავარაუდოდ, რომ ხალხი ბნელია),  და ეს სამწუხარო ფაქტი მაფიქრებინებს, მან ნამდვილად ვერ გაიგო რაზე ვილაპარაკე... უფრომ იმედი მაქვს ალბათ არ მოუსმინა.... დარწმუნებული ვარ,  არ აწყენდა ცოტა მეტი დრო დაეთმო თავისი გადაცემის რესპოდენტების მოსმენისთვის, გადაემოწმებინა კონტექსტი, რომელიც მონტაჟის წყალობითაა შექმნილი. ეს მას დაეხმარებოდა ადამიანების ასეთი   
პრიმიტიული და  დღევანდელ ქართულ რეალობისთვის  სევდიანი კლასიფიკაციები ნაკლებად ეკეთებინა. 

 ასევე შემიძლია ვუთხრა, რომ ძალიან მარტივი ბაზობრივი A/V მონტაჟის საშუალებითა და მსგავსი მიდგომით, მის ნებისმიერ ინტერვიუსა თუ გადაცემას,   ზუსტად ნახევარ საათში შემიძლია ისეთი სახე მივცე , რომ მოსმენისას  არა თუ მისთვის საძულველ ნაციონალ ინტელექტუალად, საერთოდ უინტელექტო მარტივ გულღია მოლაზღანდარე კაცად  მოეჩვენება საკუთარი თავი. მონტაჟისტიც კი არ დამჭირდება: აუდიო-ვიზუალურში წლები მაქვს ნამუშევარი, ირონიის ნიჭსაც პრინციპში  არ ვუჩივი: კაცმა რომ თქვას,  ეს ერთად ერთია, რაც ჩემში  ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო დახვეწილი და მდგრადი ხდება ხდება.
გადაცემა "მთავარი ფაქტორი"-ს  ნახვა შეგიძლიათ  აი ამ ბმულზე  my video - ტვ იმედი. 24 ივნისის გადაცემა "მთავარი ფაქტორი" -19 საათიდან,  : დასაწყისშივე   დარწმუნდებით, რომ გადაცემის  საფრთხობელად მე ვარ გამოყენებული და მერე დისკუსიის დებიუტი ფაქტიურად ჩემს რბილად "მოდელირებულ" ინტერვიუზეა აგებული. საბედნიეროდ სტუმრებმა დამინდეს, რისთვისაც მადლობას ვუხდი.
   
  აქვე - გთავაზობთ  ამ ინტერვიუს სრული 15 წუთიანი ვერსიის  ჩემს მიერ ჩაწერილ აუდიო ფაილს.  ამ ორი კვირის წინ  "რეზონანსთან" მომხდარი მცირე ნერვიული  გაუგებრობის შემდეგ, გადავწყვიტე ალტერნატიული "პროდუქცია" გავხსნა და ჩემი ინტერვიუები თავად ჩავიწერო ხოლმე. როგორც ჩანს არ შევცდი, პირველივე ჩანაწერი გამომადგა. 
 ასე რომ თუ ვინმეს მართლა აინტერესებს  ჩემი  და არა ზაზა შათირიშვილის მიერ გამარტივებული და ინტერპრეტირებული ჩემი აზრი იმის შესახებ, თუ რამდენად არის მზად საქართველოს მოსახლეობა ევროპაში ინტეგრაციისათვის, შეუძლია მოუსმინოს.
პ.ქ. Paris 25.06.2013

19 juin 2013

ანტიდოტი



მანიფესტი
Paris. 19 Mai 2013



სინათლის გავრცელების სიჩქარე სიბნელის გავრცელების
სიჩქარეს უდრის.

ეროვნული იდენტობა არის პროცესი და არა ადმინისტრაციული
საიდენტიფიკაციო საბუთი ფოტოსურათით, ზუსტად განსაზღვრული
მონაცემებით: ფიქსირებული დაბადების თარიღით, სახელით, გვარით ,
საცხოვრებელი ადგილით და თვალის ფერით.

ადამიანმა უნდა დაანგრიოს წარსულთან დამაკავშირებელი
ხიდები იმისთვის, რომ მარტო დარჩეს. მარტოობა აუცილებელია
შემოქმედებისათვის...

მას შემდეგ, რაც შენებას ისწავლის, აფეთქებულ ხიდებს თავად
აღადგენს - უფრო მტკიცეს, უფრო ფართოს, უფრო ლამაზს. მხოლოდ
მარტოობაში დაბადებულ ზრდასრულ და დამოუკიდებელ შემოქმედებას
შეუძლია წარსულის გაცოცხლება, და არა ფოლკლორსა და ეპოქასთან
შეუსაბამო ტრადიციებს. ისინი სხვა სიჩქარის ეპოქებშია შექმნილი.

ეს არის წყვეტისა და გადაბმის მარადიული პროცესი. ეს
არის პროგრესი, შემოქმედება, ჩვენში ჩადებული სიბრძნის თესლის
კულტივაცია. ეს არის ხელოვნება, რომელიც ძერწავს ეროვნულ
იდენტობას. ეს სიკვდილით სიკვდილის დათრგუნვაა.

ადამიანები, რომლებიც თავისი წინაპრების მიერ შექმნილით
კმაყოფილდებიან და თავად არაფერს ქმნიან, ლამაზი სიტყვებით
ამტკიცებენ, რომ წარსული ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც აწმყო,
ნეკროფაგები არიან: ისინი წინაპრების ენერგიით იკვებებიან და საერთო
ეროვნულ ენერგიას თავად არაფერს ამატებენ. მეტიც, ისინი აწმყოსა და
მომავალის პერსპექტივას წარსულით წამლავენ. შესაბამისად, ეროვნულ
იდენტობაში, ანუ ისტორიაში, წყვეტა ხდება.

საჭიროა, გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ ყველანი მოწამლულები
ვართ... და მოწამლულები ვართ ამ მუქთახორული, სხვა ადამიანების
შრომითა და ნიჭით შექმნილი იდენტობით,

სხვების ქმნილებებს გადაჭარბებული დოზით ვიღებთ, რომ
ის კულტურული შიმშილი დავიკმაყოფილოთ, რომელიც ადამიანს
პირუტყვისგან განასხვავებს. თავად არაფერს ვქმნით, ჩვენ
მოწამლულები ვართ შუშანიკით, რუსთაველით, ოპიზარებით, გელათის
აკადემიით, ოთხივე სახარებით და წმინდა წერილებით, ნიკოლოზ
ბარათაშვილით, ილია ჭავჭავაძით, გალაკტიონით, მერაბ მამარდაშვილით,
ირაკლი ჩარკვიანით...და კიდევ, ოქროს საწმისით, წმინდანი მონარქებით,
მხედართმთავრებით, ცოტნე დადიანით, ცხრა ძმა ხერხეულიძით, სამასი
არაგველით და ასი ათასი მოწამეთი... სხვების გმირობით, სიყვარულით,
ღალატით, ... ერთმანეთით... ჩვენი წარსულით... სხვების შემოქმედებით,
ხელოვნებით; კულტურის ამ ძირითადი საშენი მასალით, რომელიც
მემკვიდრეობით მივიღეთ და ისე მივითვისეთ, თითქოს მის შექმნაში რაიმე
მონაწილეობა გვქონდეს მიღებული.

ის ჩვენზე ოჯახის წევრის უცხო ჯგუფის სისხლივით მოქმედებს
და მტანჯველი კონვულსიებით გვკლავს..

ხელოვნება ფენიქსია. ის უნდა დაწვა და მისი ფერფლი შეჭამო,
შეისრუტო, კანის ფორებით შემოუშვა, რომ შენში გადმოვიდეს და იქ
აღსდგეს შენს შემოქმედებაში, სრულიად ახალი, მშვენიერი, ცოცხალი,
ენერგიით სავსე ... წინააღმდეგ შემთხვევაში ის გაშეშდება, გაქვავდება,
დანახშირდება.. მაგრამ არა სამუდამოდ, რადგან ენერგია, თუკი ის
არსებობს, არასდროს არ კვდება. ოდესმე ამ გაქვავებულ სიცოცხლეს
ვინმე ერთ ნატეხს მოატეხს, გამოქვაბულის კედელზე მარტორქას
ამოკაწრავს... და ხელოვნება მაინც გაცოხლდება. მაინც დაიწყება ახალი,
დიდი კულტურა. დიდი ცივილიზაცია. მხოლოდ - შენს გარეშე.

"ვეფხისტყაოსანი" უნდა დაწვა... თუ არ გსურს, რომ ის მტვრიან
თაროზე სამუდამოდ შემოდებულ აფორიზმების კოლექციად დარჩეს.
ამით შენში მარადიული ფრინველივით აღდგომის შანსს - ახალ, ცოცხალ
ღირებულებას შესძენ, თავად კი დიდი პოეზიის კრეაციის პროცესის
თანამონაწილე გახდები და მას გადაარჩენ ისე, როგორც საუკუნეების
განმავლობაში სხვა შენნაირებმა გადაარჩინეს იგი ათასობით,
მილიონობით მთვრალი მოლაყბე სუფისტისგან და ჩვენამდე მოღწევის
საშუალება მისცეს.

საქართველოს ომი სამხედრო ძალით უკვე რამდენიმე
საუკუნეა, არ მოუგია. მისი პოტენციური მოწინააღმდეგეების ძალის
გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენია. რომ მან ეს დღეს, ან ოდესმე,
შეძლოს დამოუკიდებლად.

ჩვენ შეუდარებლად დიდ ბიუჯეტს ვახმართ შეიარაღებას,
ვიდრე კულტურას და დასავლეთს ამით თავს ვაწონებთ აღმოსავლეთში
- ავღანეთში, ჩვენი ოჯახის წევრების სიცოცხლის ფასად. ჯიუტად
არ გვსურს გავიგოთ, რომ ჩვენი ერთადერთი შანსი, ჩვენი "იარაღი" -
დასავლეთთან კულტურული და არა სამხედრო ინტეგრციაა.
საჭიროა, ბოლოს და ბოლოს ერთი ქართული ხელისუფლება მაინც
მიხვდეს, რომ კულტურა საქართველოსთვის ბევრად უფრო სტრატეგიული
დარგია, ვიდრე თავდაცვა ან უსაფრთხოება.

საქართველოს ის ხელისუფლება, რომელიც მიხვდება, რომ
საქართველოში კულტურული და საგანმანათლებლო კატასტროფა ბევრად
უფრო საშიშია, ვიდრე კარს მომდგარი მტერი, და თავის რესურსებს
სწორედ კულტურას მოახმარს, საქართველოს ისტორიაში ერთ–ერთი
მთავარი რეფორმატორის ადგილს დაიკავებს.რადგან კულტურა არის
კონტექსტი, რომლის გარეშე დემოკრატია არ შენდება, დემოკრატია
კი საბაზისო სისტემაა, რომლის გარეშე ვერ განვითარდება ვერც ერთი
ზემოთ ჩამოთვლილი დარგი. ამიტომ მათ განვითარებაზე ფულის ფლანგვა
მის წყალში გადაყრას ნიშნავს.

კულტურა სხვა არაფერია, თუ არა პიროვნული ღირსება,რომელიც
ადამიანს პირუტყვისგან განასხვავებს. დემოკრატია არის პიროვნული
ღირსება აყვანილი ეროვნულ, შემდეგ კი სახელმწიფოებრივ ხარისხში.

მოსახლეობის კულტივირებისათვის ხელის შეწყობა პირველ
რიგში სახელმწიფოს ეგზისტენციალური მნიშვნელობის მოვალეობაა.
მას სხვა გზა უბრალოდ არ გააჩნია. ქართულ სახელმწიფოს ეს არც
წარსულში ესმოდა და არც დღეს ესმის: კულტურისა და ძეგლთა დაცვის
ყველაზე ღარიბი სამინისტრო სხვა სამინისტროების ჩამონათვალში
ზუსტად იგივე პოზიციაზე იმყოფება, როგორზეც კულტურის ახალი ამბები
საღამოს ტელე-საინფორმაციო ჟურნალებში: ამინდის პროგნოზის წინ და
კრიმინალური ქრონიკის შემდეგ.

ძეგლთა დაცვა და კულტურა ორ დამოუკიდებელ სახელმწიფო
სტრუქტურად უნდა ჩამოყალიბდეს. ისტორიული ძეგლები "ჭამენ"
ცოცხალ კულტურას. ისტორიული კულტურული მემკვიდრეობა
ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოცხალი კულტურა, თუმცა, ამ
უკანასკნელის გარეშე ძველი კულტურა არავის სჭირდება და "ძეგლთა
დაცვის" აზრი მხოლოდ მის მიერ  ჩვენი უკულტურობისგან რელიქვიების დაცვას გულისხმობს!

ტყუილია, თითქოს ყოველი ერი ისეთ მთავრობას იმსახურებს,
როგორიც ჰყავს. გზა ძალაუფლებისაკენ ხშირად ძალადობას და
თაღლითობას ეფუძნება. არცერთი ხალხი არ იმსახურებს არც ერთს, არც
მეორეს.

ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები არ არიან მოვლენილნი ამ
ქვეყნად ხალხის სასჯელად. ისინი თავად იღებენ ინციატივას და მერე
წუწუნებენ, უსირცხვილოდ ტყუიან, რომ ჩვენზე ესეც ზედმეტია.

ჩვენ არცერთ მთავრობას არ ვიმსახურებთ, რომელიც გვყავდა...
ჩვენ მხოლოდ მოწამლულები ვართ და ჩვენი ანტიდოტი კულტურა,
მისი მარცვალი, ჩვენში ბუნებრივად დევს, საჭიროა მხოლოდ მისი
კულტივაციის აუცილებლობას მივხვდეთ, და დაუყონებლივ მივყოთ ხელი.

P.K. 19 Mai 2013 Paris