29 juin 2012


ივერია - რედისონის ფანტომები


ამ ფეისბუკის ქალს ჰელენას რომ ვიცნობდე აი რას მოვუყვებოდი :
ჩემი ბოლო 1991 წლის თბილისური ზაფხული თითქმის მთლიანად ივერიის სახურავის პატარა ღია აუზზე გავატარე, რომელსაც რუდიკოს აუზს ეძახდნენ. თითქმის ყოველდღე დავდიოდით მე, კოტე ყუბანეიშვილი და ირაკლი ჩარკვიანი. იქ პატარა ღია კაფე იყო და იმ კაფეში ჩვენი რეაქტიული კლუბის რამდენიმე ლექსია დაწერილი, მათ შორის ჩემი «რიქშა N 8,5» - უზნეო სინატიფე, მე მესმის შენი ! უმზეო ზაფხული ჩაგიქროლებს გვერდით, არ გაგასენდება. თავიდან ამოიგდებ, სამუდამოდ... ზეიმი . ქუხილი. შამპანიური... ფრთხილად. არ დაეცე... და ა.შ....ერთ თბილისელ ჩინელ გოგოზე დავწერე რომელიც იქ გავიცანი.

კიდევ ლევიკო მოდიოდა ხანდახან ჩვენთან  ხშირად, აბაშიძე თავის მოლდაველ გოგოსთან ერთად... ჩვენი ძმაკაცი პლეხანოველი დუდუ სარალიძეც, რომელიც პოლ ნიუმენს გავდა და გაუთავებლად ექაქანებოდა რაღაცას ყვავილებიან ლურჯ «პარადნი» შორტებში »გამოწყობილ» ჯიმა გაბესკირიას, რომელიც სულ იცინოდა...

რუდიკო გოგუაძე კოტეს ძმაკაცი იყო, თუ სწორედ მახსოვს ერთად იჯდნენ რუსთავის ზონაში... მგონი ჯიმაც... თუმცა შეიძლება მეშლება, სამივე რომ ნაჯდომი იყო ეს ფაქტია. აუზ- ბარში კოტეს შევყავდით  როგორც ყოველთვის, და როგორც ყველგან... .
იმ წლის, 1991-ის აგვისტოს ბოლო დღეც კი მახსოვს. ეთერ ჭკადუა იყო ჩამოსული ამერიკიდან. დღე და ღამე ერთად დავეხეტებოდით. იმ დღეს აუზიდან წყნეთში წავედით მარიკა მანაგაძესთან, დევი გვახარია იყო კიდევ ჩვენთან ერთად და წურიკა , ზაზა გორდაძე, მგონი საერთოდ იმ საღამოს გაიცნო მარიკამ . მერე დაქორწინებულან. მათი შვილი ეხლა სორბონაში სწავლობს, ულამაზესი გოგოა. პარიზში გავიცანი ამას წინათ და მაშინვე მივხვდი ვისი შვილიც იყო. ირაკლი არ წამოვიდა. ლევიკოს კუჭი ატკივდა და არ სვავდა . დანარჩენები საშინლად დავთვერით. გამთენიისას დუდუმ დიდუბეში რაღაც ქარხნის სასადილოში წაგვიყვანა ხაშზე ... ცხოვრებაში სულ ერთხელ მაქვს ხაში ნაჭამი და ისიც მაშინ - ისეთი მთვრალი ვიყავი სულერთი იყო რას შევჭამდი...
მას შემდეგ აღარც დუდუ მინახავს ცოცხალი და აღარც ლევიკო, არც წურიკა, არც ჯიმა...ირაკლიც ხომ მოკვდა... ეს ყველამ იცით. ეთერი, მე, კოტე და დევი დავრჩით ჯერჯერობით ცოცხლები...რუდიკო თურმე ავსტრიაშია და ვერ ჩამოდის თბილისში – დაჭერის ეშინია.

ვინ აღარ დადიოდა იმ აუზ-ბარში: ძველი ბიჭები, არტისტები, პოეტები, მხატვრები, კარგი ნაშები, კარგი ნაშების ცოტა «სლაბი» დაქალები, ძალიან კარგი ბიჭები და გოგოები, ცუდებიც... ძალიან ცუდებიც. ისინიც, ვისაც ეს ფეის ბ. ქალი ჰელენა ბოზებს ეძახის - ანუ ერთი ორი ვიაიპი პუტანა – თბილისი პატარა ქალაქი იყო რუდიკოს აუზივით , სულ ორი ნორმალური სასტუმრო და ასევე ორი თუ სამი ესეთი «გრადისკა» ყოფნიდა – ფელინის «ამარკორდივით»... მხოლოდ გრადისკებს ფეის ბ.-ს ქალბატონივით ვულგარული ლაპარაკის მანერა არ ახასიათებდათ, რომც მოენდომებინათ , მაშინვე ვიაიპი პუტანების ხარისხიდან «ჩამოპრაშმანდოვკდებოდნენ» , ამიტომაც ცდილობდნენ ნორმალური ლექსიკით ელაპარაკათ – საერთოდ ვისაც როგორ შეეძლო კლასს ისე უფრთხილდებოდა...

ჰო მართლა... «ივერიას» აივნებზე მაშინ «ძონძი» საბნები და საცვლები არ ეკიდა გასაშრობად, არც მუყაოს გაშლილი ყუთები იყო აკრული ფანჯრებზე. საერთოდ ის საბრალო დევნილები, რომლებიც დღემდე ქუჩაში ცხოვრობენ- ჯერ არ იყვნენ საბრალონი და «ძონძები». ეს 1991 წლის აგვისტო -საქართველოს ბოლო «დოლჩე ვიტა» იყო.

მეორე დღეს, ლამის პირდაპირ სახაშედან, ეთერი თავის ქმარს დაუბრუნდა კალიფორნიაში. სექტემბერი დადგა. თბილიში ამინდები ადრე აირია, აუზის სეზონი დამთავრდა. ორ კვირაში – კინოს სახლთან პირველად გაისროლეს. ცოტა ხანში ტელევიზიასთან გრძელ ლულიანი უზარმაზარი ზარბაზანი მოაგორეს და მთავრობის სასახლეს დაუმიზნეს რომელიც იქიდან არც კი ჩანდა. დღემდე ვერ ვხვდები რატომ დაუმიზნეს ამ სიშორიდან – მაგრამ სამხედროებს რას გაუგებ. ვიღაცეები ზარბაზანთან სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ.

ნოემბერში მე, კოტე და დევი პარიზში წამოვედით. მე და დევი დღემდე შევრჩით. კოტე კი სამ თვეში გადაბუგულ თბილისში დაბრუნდა, და მერე, ნელ ნელა ჯერ ლევიკო, მერე დუდუ, ჯიმა, ზაზა, ირაკლი დაასაფლავა...


 ამბობენ სამოქალაქო ომში «გამარჯვების» მერე უპატრონო «ივერიას» სულ რამდენიმე კუპონად «ეშმაკები» დაეპატრონენო. მერე ეს ეშმაკები რესპექტაბელური ხალხი აღმოჩნდნენ. მათ ვარდების რევოლუციის შემდეგ თავიანთი რამდენიმე კუპონიანი საკუთრებიდან «ბინძური დ დაუბანელი ძონძი» ლტოლვილები გაყარეს და ივერიას black- Royal პრეზერვატივი ჩამოაცვეს, მხოლოდ შუშის...

რუდიკოს ღია ბარი-აუზის ნაცვლად ეხლა თანამედროვე დახურული აუზი და რაღაც რესტორანია, სადაც შეკვეთა ისეთი სახით მოაქვს ოფიციანტს ნახევარი საათიანი ლოდინის შემდეგ, თითქოს მისი ვალი გმართებდეს... მაგიდებთან თავგასიებული პარლამენტარები, ფუნქციონერები და მათი მაგავსი გაურკვეველი ასაკის სავარაუდოდ მამრობითი სქესის გორილები სხედან კანტიკუნტად, რაღაც გულისამაჩუყებლად ვულგარულად და ისე სევდიანად გამოპრანჭულ უკრაინელ და ქართველ ნოვი გრადისკებთან ერთად – პირდაპირ ტირილი მოგინდება რომ შეხედავ... მე სულ ორჯერ ვიყავი და მესამედ შევეცდები აღარ წავიდე. თუმცა ჩემი სურვილით არც იმ «ორჯერ» ვყოფილვარ. ჩემმა ძალიან ახლო ნათესავმა დამპატიჟა ორჯერვე. მას პრინციპულად ძალიან მოსწონს სასტუმროს თავზე აუზის განთავსების «ორიგინალური» კონცეფცია. თუმცა, უნდა ითქვას, ცურვას - «გლენმორანჟი» და საძაგელი ბანანებისა და ფორთოხლის «პლასტმასის» ასორტი ურჩევნია. განსაკუთრებით - გაჯგიმული ოფიციანტებისათვის მკაცრი შენიშვნების მიცემაზე კარგავს ჭკუას. ესეთ დროს ზუსტად ისეთივე ბედნიერებას განიცდის,როგორსაც დუდუ განიცდიდა, წლების წინ ამავე ადგილზე - რუდიკოს ღია აუზ ბარში, როცა ვინმე ლამაზ გოგოს მიუჯდებოდა შეზლონგთან, და რაღაც უბოროტოს მოატყუებდა ხოლმე, ესეთი იყო, სხვანაირად არ შეეძლ ო და რა ექნა... ეს ყველაფერი იმ ეპოქაში ხდებოდა,... როცა ივერიაში, როგორც ფეისბუკის ქალი ჰელენა ამბობს, გაქანებული ბოზობა იყო ... და როცა ჩვენ იქ დავდიოდით.

P.S. ამ სასტუმროს შესახებ უფრო ადრინდელ ამბებსაც მოგიყვებოდით, მაგალითად მის ჰოლში ფეხსაცმელის გასაპრიალებელ «ფილიპსის» მაგიურ ავტომატზე , სადაც ათ კაპიკიან მონეტას თუ ჩააგდებდი და ფეხს შეყოფდი - დიდი შავი ჯაგრისები ფეხსაცმელს გიპრიალბდა... ნამვილი სასწაული იყო!.. მხოლოდ ჩემს დაგლეჯილ კაუნასის კეტებს ვერაფერს უხერხებდა... მაგრამ ეს კიდევ უფრო ძველი, ბრეჟნევის ზასტოის , ჩემი სკოლის დროინდელი ამბავია... არა მგონია საინტერესო იყოს ევროპული პროვინციული ქალაქის ინდუსტრიული ზონის არქიტექტურული ესთეტიკის მოყვარული ფეის ბ.- საზოგადოებისათვის, მითუმეტეს ამ ისტორიაში «ცნობადი სახეები » აღარ არიან და მოიწყენენ. ამიტომ არ ღირს.
ის კი არა, ეხლაც, როცა უკვე მოვყევი ეს ამბავი , მივხვდი რომ ფეისბუკის ქალ ჰელენაზე მისი მოყოლის სურვილი სულ გამიქრა და მგონი ისედაც ტყუილად შეგაწყინეთ თავი.

P.K.



12 juin 2012

თბილისს ვეღარ იცნობ!...

        
                                                                                                    გიო ცინცაძეს..

"თბილისს ვეღარ იცნობ!" - A/V

დრო და დრო ჩემს საბჭოთა ახალგაზრდობაში ნანახ ფრანგულ ფილმებს ვუყურებ ხოლმე. განსაკუთრებით პოლიციური ჟანრის , დევნა პარიზის ქუჩებში, ტრადიციულ ბისტრობსა და კაფეებში გადაღებული სცენები. ბელმონდო, დელონი, ბარსელინო...ან შიში ქალაქში... ნანახი გექნებათ. ეხლახანს წავაწყდი რომელიღაც პატარა ტელეარხზე და თვალი ვერ მოვწყვიტე. ესეთ დროს თავს ისე ვგრძნობ. თითქოს მაშინდელ აუხდენელ ოცნებაში მოვხვდი... სამოცდაათიანი წლების პარიზში... და მსიამოვნებს. მას შემდეგ ამ ქალაქში ერთი შეხედვით, თითქოს ბევრი არც არაფერი შეცვლილა, ავტომობილებისა და ავტობუსების მოდელების გარდა, ჩაცმისა და  ვარცხნილობის მანერით თუ მიხვდებით, რომ ეს ფილმი 77 წელშია გადაღებული და არა დღეს, დანარჩენი იგივეა, იგივე ფასადები, კაფეები, მათი დასახელებებიც კი - იგივე შინდისფერ ტენტებზე, ისეთივე ტერასის მაგიდები, სკამები, ჭიქები, ქუჩის დახელების აღმნიშვნელი აბრები, ლამპიონები, მეტროს ჩასასვლელები, ჟურნალების კიოსკები... იგივე მერხები და სკამები ბულვარებში, პარკებში, როგორც იმპრესიონისტების ნახატებში...

მერე არქივებს ჩავყევი, რევოლუციური სამოციანი წლები, გაჯეტების ორმოცდაათიანი, ოკუპირებული ორმოციანი, კრიზისის ოცდაათიანები, აწყვეტილი ოციანები... , კუპოლი, დემაგო, კლოზე დელილა, პირველი დიდი ომი- ათიანები, კიდევ უფრო ადრე ბელ ეპოკ ანუ ლამაზი დროება... სადამდეც კინო არქივები მეყო...

ბანალურია, მაგრამ პარიზი ყოველთვის პარიზია, მარადიული, როგორც რომი, ლონდონი, ვენეცია... ყველაფერი ძალიან დინამიურად იცვლება, სახე, გამომეტყველება, თვალები, ხმა... იგივე რჩება; უნკალური და განუმეორებელი. ამიტომ უყვარს ეს ქალაქი ყველა თაობას, ამიტომ იზიდავს ადამიანებს მეორედ, მესამედ...

ამას ერთხელ დილის 6 საათზე მივხვდი, როცა ნოტრ დამის გვერდით. 50 იანი წლების ბოლოს ლეო ფერეს გახსნილი ერთი ციცქნა კაბარედან გამოსული მარად ღია კაფე «Le Depart Saint-Michel -ის ტერასაზე, სხვა ჩემსავით ნამთვრალევ ტიპებთან ერთად უშედეგოდ ვცდილობდი ყავით და კრუასანტით, ალკოჰოლის უსიამოვნო გემო გამექრი პირში..... როგორც ჰემინგუეი ძალიან ბევრი წლების წინ. , ზუსტად ისეთივე მაგიდსთან ისეთივე სკამზე ვიჯექი..ზუსტად იმ პეიზაჟს ვუყურებდი ისეთივე პახმელიაზე...

ეს ქალაქი უბერებელ შეყვარებულს წაგავს, რამდენი წლის შემდეგაც არ უნდა დაბრუნდე ყოველთვის ისეთი დაგხვდება, როგორიც შეიყვარე,. ყოველთვის შენი ასკის იქნება, როგორც მაშინ, როცა პირველად ნახე, და ისეთივე იქნება მაშინაც, როცა უკანასკნელად ნახავ. კოსმეტიკით შენიღბული ერთი ნაოჭიც არ გაუჩნდება თქვენს სიყვარულს. რადგან მას თავისი განუმეორებელი სახე აქვს, და მისი კორექტირების, ფერუმარილით მის უშნოდ და უგემოვნებოდ შეთითხნის უფლება არასდროს არავისთვის არ მიუცია, თვით ადოლფ ჰიტლერსთვისაც კი... ამიტომ ეს სახე მუდამ თან გდევს, მუდამ შენთან არის, ხან ჰემინგუის დღესასწაულივით, ხან სელინის ირონიული ტკივილივით, ხან არტოს შეშლილი ყვირილივით, ხან კი « წითელი ბუშტივით»...

მე დავიბადე ამოტრიალებული ფერადი ქოლგასავით გაშლილ ქალაქში, რომელიც ხანდახან თავბრუდამხვევად ტრიალებდა თავისი სახლებით, ტროლეიბუსებით, ადამიანებით, პარკებით, ძველი ბიჭებით, სახინკლეებით, ღიპიანი მილიციონრებით, ჭორებით, თავისი ბევშვური ტყუილით და თავისი ჯიუტი სიმართლით... ამ ქალაქს ადრე სახე ჰქონდა. მერე დაკარგა. ეხლა მიშა კობახიძის შავ თეთრი ქოლგასავით ხან ვის აედევნება ფარფატით, ხან ვის... მათ შორის მეც. ძალიან მეცოდება ისიც და ჩემი თავიც. თუმცა პარიზი სულ ცდილობს ამის კომპენსირებას, რაც უფრო კარგავს თბილისი სახეს, მით უფრო ცდილობს... ალბათ  ვეცოდები, მითანაგრძნობს  და... ხანდახან თბილისს ემსგავსება ხოლმე.  აქ ბევრი რამ მაგონებს იმ დაკარგულ სახეს, რომელსაც მინდა თუ არა, ყოველთვის თან ვატარებ როგორც ღირსებას.

ხანდახან ქუჩაში სრულიად მოულოდნელად, ვგრძნობ რომ რომელიღაც შენობასთან,ხესთან, ვიღაცის ხმამაღალ სიცილსთან , ან ფანჯრიდან გამოსულ მუსიკასთან წამიერი სინქრონიზაცია ხდება და ვთბები...მყოფნის.
რაც თავი მახსოვს სულ ამას ამბობენ. დამშვენდა და გალამაზდა ჩემი თბილისი!...როგორც ძველ საბჭოთა კინოქრონიკებში. რომ ისე შეიცვალა, ვეღრ იცნობ, მართლაც, რამდენჯერ შეიცვალა თბილისი ვინ მოთვლის... თუ მე 19 საუკუნის ფოტოებსა და გრავიურებს შეხედავთ ტიპიური ჭუჭყიანი აღმოსავლური ქალაქი იყო, რომელსაც გრაფმა ვორონცოვმა ევროპული იერი მისცა. მეოცეს დასაწყისში, უკვე ამბობდნენ, თბილისს ვეღარ იცნობო... რას ამბობთ!! გოლოვინიზე კონკა დადიოდა!!! გასაბჭოების შემდეგ თბილისი კიდევ შეიცვალა, მისი აღმოსავლური იერი საბჭოთა უხამსობამ ჩაანაცვლა, ბევრი დაინგრა, კიდევ უფრო ბევრი სიმახინჯე აშენდა, თუმცა ბევრი ძალიან კარგიც.

გასაბჭოებამდე თბილისში ნამყოფი უცხოელები, ვინმეს კიდეც რომ შემოეშვა წითელ საქართველოში ალბათ გაუჭირდებოდათ არქიტექტირულად გაათეისტებული, სოც რეალისტურად დამშვენებულ და გალამაზებულ ქალაქის ცნობა... მერე წითელი კავშირი დაიხურა. ამის აღსანიშნავად მაშინვე ნიკოლაძისა და აბაკელიას ბარელიეფები «აფხიკეს» იმელის შენობიდან, მერე ერთმანეთს ზარბაზნები დაუშინეს, და ქალაქის სოცრეალისტური  არქიტექტურა, "პოსტაპოკალიპტური რეალიზმით"შეცვალეს. მე სწორედ ამ ამბების დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე გადავბარგდი სხვაგან, სტაბილური არქიტექტურის ქალაქში, და ოთხი წლის შემდეგ დავბრუნდი პირველად რამდენიმე დღით. მეუბნებოდნენ, რომ ჩამოხვალ თბილისს ვეღარ იცნობო., მართლაც გამიჭირდა აბოლებული, შიმშილისგან და სიცივისგან დაოსებული ქალაქის ცნობა. მაგრამ მაინც თავისი შარმი ქონდა – კარგად დაძველებული დგახეხუილი, ალაგ ალაგ გახეხილი ლევისებივით.

ვარდების რევოლუცის შემდეგ კი საერთოდ სხვა ქალაქში მგონია რომ ჩავდივარ, უფრო სწორად სხვა რაღაც გაუგებარი უშნო ქალაქის კარგად განათებულ გარეუბანში. ყოველ ჩასვლაზე სულ უფრო და უფრო ვერ ვცნობ. ეხლა ამბობენ მალე იმ ნარჩენებსაც ვეღარ იცნობ, რაც რამდენიმე თვის წინ ნახე, მაგალითად გუდიაშვილის მოედანს და იმელის შენობასო. ყველაფერს ფხეკენ, ქლიბავენ, ღებავენ... საბჭოთა სიმბოლიკასაც , მოდერნსაც, აღმოსავლურ, მოდერნამდე ქალაქის ნარჩენებსაც... რამდენიმე უბანი საფოსტო ბარათების დეკორაციად გადაიქცა, რომელიც სასურველია ღამე გადაიღოთ. რადგან ისინი როგორც მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქი ღამე უფრო ეფექტურია. თან კარგი სლაიდ შოუ გამოდის ნოკტურნი ფოტოებით, ფეისბუკზე დასადებად. ეტყობა ვიღაცას ევროპა ესეთი გონია, ტურისტული ავტობუსის მარშუტის გასწვრივ აშენებული.

მაგრამ, კარგი, დავუშვათ , მართლაც ესეთია... ევროპა თუ არა მისისი იმიტაცია მაინც. მაგრამ, აბა მითხარით. , როგორ გინდა ესეთ უგულოს აუხსნა, რომ ევროპის იმიტაციაში კი არა ისეთ თბილისში გინდა დაბრუნება რომელსაც იცნობ, გიყვარს და არა გამუდმებით ცვალებად, სილიკონითა და ბოტექსით დაბერილ, ბებერ ტრავესტი მეძავივით შეღებილ , ბრჭყვიალა უშნო ქალაქში. გინდა დაბრუნდე, როგორც პარიზში, ლონდონში, ან რომში, რომელიც საკუთარი გამოკეტილი ოთახივით ზუსტად ისე დალაგებული დაგხვდება, როგორიც დატოვე. როგორ გინდა აუხსნა, რომ თბილისი თბილისი უნდა იყოს და არა ფლორენცია ან ისტამბული. კიდევ უფრო ნაკლებად ამ ქალაქების ჭუჭყიანი უსახო გარეუბანი. რომ ბოლოს და ბოლოს უნდა დამთავრდეს ეს გაუთავებელი «თბილისს ვეღარ იცნობ», რის გამოც თბილისმა ვერც ლონდონის წითელი ტელეფონის ჯიხურები და ავტობუსები შექმნა, ვერც პარიზის ლამპიონები, და კაფეს ტერასები, ან ჟურნალების კიოსკები... რომ ისეთი სუვენირი მაინც გამოუშვას, რომელიც დროს გაუძლებს.
ამ ქალაქს ყოველ ათ წელიწადში ახალი სიმბოლოები უჩნდება, ძველს კი ანადგურებს. აქ თითქმის ვერასდროს ვერ უბრუნდები საყვარელ კაფეს ან რესტორანს, პარკს, სკვერს, კინოს... უბრალოდ ძველ ადგილს, რომელთანაც რაიმე რომანტიული ან უბრალოდ მოგონება გაკავშირებს, , რადგან ისინი უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ ვერ ასწრებენ დაძველებას , მათ გამუდმებით არემონტებენ, სახეს უცვლიან, და მერე ფარშევანგებივით გაფხორილები ამაყად გეუბნებიან – თბილისს ვეღარ იცნობ!... ამიტომ გინდა არ გინდა სენტიმეტალური ხდები, და თან ატარებ იმ ქალაქს რომელიც გიყვარდა. ესე უფრო პრაქტიკულია,  სადაც გინდა, და როცა გინდა ამოიღებ, ჯადოსნური ხალიჩასავით გაშლი, მოარგებ ნებისმიერ ქალაქს... და იხეტიალებ მის ქუჩებში რამდენსაც გინდა უსაქმოდ, მეგობრებთან ან შეყვარებულთან ერთად, ან სულაც მარტო. ბოლოს, რომ დაიღლები ჯერ ლაღიძეში შეივლი, მერე კინოში , ახალ გამოსულ ფილმზე, ბელმონდოს მონაწილეობით, რომელსაც «შიში ქალაქში» ქვია. ეკრანში შეძვრები და 70 იანი წლების პარიზში ამოყოფ თავს, იქიდან კი 2012 წლის პარიზამდე სულ ერთი გრძელი და ორი მოკლე ნაბიჯია მარცხნივ, მერე კიდევ ორი ნაბიჯი მარჯვნივ და ერთიც ისევ მარცხნივ... მუზეტის ვალსივით.

პ.ქ.
12 ივნისი 2012
პარიზი

3 juin 2012

Я памятник себе воздвиг нерукотворный !...

რადიო ცხელი შოკოლადი 31 მაისი 2012

აუდიო 

თუ გნებავთ ნუ დაიჯერებთ, მაგრამ ქართული მთავარი ლიტერატურული პრემიის, საბას ფულადი ჯილდო დაახლოვებით ორასჯერ აღემატება ფრანგულ გონკურების აკადემიის პრემიას, რომელიც სულ რაღაც  ათ საცოდავ ევროს შეადგენს.

საბას ფინალური შოუს შედარება გონკურების სადა ცერემონიასთან  კი იგივე იქნებოდა ოსკარების ცერემონია მართლმადიდებლური კინოს ფესტივალის დახურვისათვის რომ შეგვედარებინა.. საბასგან განსხვავებით ფრანგული მთავარი ლიტერატურილი ჯილდოს გადაცემისას ვერ ნახავთ ვერც წითელ ხალიჩას . ვერც გამოპრანჭულ ქალბატონებსა და ბატონებს, მით უმეტეს ფანფარებსა და   ჯაზ ბენდს ....

ტრადიციულად გონკურების ათი აკადემიკოსი უკვე ერთი საუკუნეა რაც რესტორან «დრუანტში» სადილის ბოლოს, დესერტის შემდეგ - ხსნის კონვერტს და ასახელებს გამარჯვებულის ვინაობას. რესტორნის წინ ცხადია უამრავი კამერა და ჟურნალისტია. აკადემიკოსების გვარები გასაიდუმლოებული არ არის. ალბათ იმიტომ რომ ძნელი დასაჯერებელია საღად მოაზროვნე ადამიანმა ძმები გონკურების მიერ მე 19 საუკუნეში დაარსებული ლიტერატურული აკადემიის წევრების პატიოსნებაში ეჭვი შეიტანოს.

იმისათვის რომ ათიდან ერთ ერთი აკადემიკოსი გახდე, საკმარისია ფრანგულენოვანი მწერალი იყო და ცხრა დანარჩენმა ერთხმად დაგიჭიროს მხარი. ტიტულებს მნიშვნელობა არა აქვს. აქ საერთოდ ერთი შეხედვით ყველაფერი ექსტრემალურად უბრალოდ გამოიყურება. სამაგიეროდ რეზულტატია ექსტრავაგანტურად პრესტიჟული. გონკურების პრემიის ბენეფიტი სწორედ მისი პრესტიჟულობაა, რაც წიგნს ბესტსელერად აქცევს, და არა ფულადი კონპენსაცია..

დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენთაგანს გავაკვირვებ, თუ გეტყვით, რომ ამ წუთში თქვენ "ქართული გონკურების", ბოლო "საბას" ერთ ერთ, ესეისტიკის ნომინაციაში გამარჯვებულს უსმენთ – ჩემი გვარი ალბათ ერთი ორი ახლო ნათესავის, მეგობრისა და ჩემზე რატომღაც განაწყენებილი რამდენიმე მწერლის გარდა არავის არაფერს ეუბნება. ჩემთვის ცხადია არავის შემოუთავაზებია, არც დიდი, და არც პატარა ახალი ტირაჟები. ჟურნალისტებიც არ დაინტერესებულან რა დავწერე ისეთი , ასე თვალსა და ხელს შუა რომ ავწაპნე ოთხი ათასი ლარი ჩემს კონკურენტებს. თან ისე, რომ ცერემონიასაც არ დავესწარი -  პრემიის მიღების შესახებ პარიზში შევიტყე,

ჩემს გარდა სხვადასხვა ნომინაციაში კიდევ რვა ავტორმა გაიმარჯვა. არც მათ მიმართ შემინიშნავს განსაკუთრებული დაინტერესება ქართულ მედიაში. საბა თითქოს ერთგვარი მიზანია, რომელიც მიღწევის შემდეგ ყოველგვარ ფასს კარგავს. 
 

რაღაცით ჯეოსტარის მსგავს ტელე კონკურსებს წააგავს... რომელსაც მუსიკის სიყვარულის გამო არავინ არ უყურებს... უბრალოდ უფასო ექშენია, რომელსაც მაშინვე ივიწყებენ, როგორც კი მთავრდება... საბრალო თვითშემოქმედ მომღერლებს კი მარტო ტოვებენ თავიანთ ბრჭყვიალა მოგონებასთან იმ ხმაურიან ალიაქოთში, რომელსაც საქართველოში პირობითად პოლიტიკას ეძახიან და რომელსაც დაწყნარებას, როგორც ჩანს ჯერ არ უნდა ველოდეთ.

აქ მთელი საარსებო სივრცე იმდენად აქვს დაკავებული ამ აურზაურს, რომ ლიტერატურისთვის ადგილი მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ჟურნალისტის თავში რჩება. მათგან კვალიფიციურად ალბათ კიდევ უფრო ცოტას შეუძლია თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებზე ისე ისაუბროს, რომ მწერლებმა უკეთესი წიგნები დაწერონ, მკითხველმა კი წიგნის სიყვარული, და მწერლის შრომის დაფასება ისწავლონ,

დღესაც. პოლიტიკურმა კაკაფონიამ მთლიანად გადაფარა წიგნის ბაზრობა სადაც 26 მაისს საბას კონკურსის პირველ ეტაპზე გამარჯვებულები, ანუ მოკლე სიაში გადაყვანილი კანდიდატები უნდა გამოეცხადებინათ. არავინ იცის, საერთოდ გამოაცხადეს თუ არა, ამ ინფორმაციას ადვილად ვერ იპოვით.

საერთოდ საქართველოს ერთი ნაწილი დღეს ძირითადად ოცნებითაა დაკავებული, მეორე კი მეოცნებეთა გინებით. 

ვიღას ახსოვს ეს საბრალო ნომინანტები, ისინი მხოლოდ მაშინ გაახსენდებათ როდესაც ცხოვრებაში პირველად... იქნებ უკანასკნელადაც რამპებით განათებულ წითელ ხალიჩაზე გაივლიან ჯაზ ბენდისა და აპლოდისმენტების თანხლებით, რომ აივნიდან ორიოდე სიტყვა წაილუღლუღონ იმის შესახებ თუ როგორი მადლობელები, ბედნიერები და აღელვებულები არიან და ა.შ... მეორე დლით ისინი აღარავის ახსოვს.

არა და, მართლაც, ამაზე უკეთესი რა უნდა დაგემართოს მწერალს როდესაც იმ ქვეყანაში, რომელმაც წერა კითხვა გასწავლა ასეთ მნიშვნელოვან შეფასებას მიიღებს შენი ნამუშევარი.

ჩემი ახალი წიგნის, «ექსპერიმენტული განცდების» პრეზენტაციაზე, როდესაც ჩემი კუთვნილი რკინის ფრთა დააგვიანებით გადმომცეს, მეც რამდენიმე სიტყვა წარმოვთქვი იმის შესახებ რომ ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. ღვინო დავლიეთ, რამდენიმე ფოტო გადავიღეთ ამ ღირსშესანიშნავი მომენტის უკვდავსაყოფად შთამომავლობისთვის და დავიშალეთ...

მეორე დღეს, ნაბახუსევზე ჩემმა ლონდონელმა მეგობარმა ავთომ და მისმა შვილმა სანდრომ კარგად, იუველირის ყურადღებით დაათვალიერეს ჩემი რკინის ფრთა:

- რამე გრამატა არ მოგცეს? - ცოტა აგდებით მკითხა ავთომ . არა მეთქი.
-აბა როგორ მიმტკიცებ რომ ეს ფრთა შენია?

მართლაც, ფრთას ქვევით ოქროსფერი ფირფიტა აქვს მიკრული და ზედ ამოტვიფულია  "თიბისი ბანკი". არც ჩემი ხსენებაა, არც პრემიის ან საერთოდ ლიტერატურის...

წითელ ხალიჩაზეც ხომ ვერ გავიარე... უკვე გითხარით... ერთად ერთი დამადასტურებელი საბუთი, რომ გასული წლის ივნისში რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ჩემი ფრანგული საბანკო ანგარიშის ამონაწერია, სადაც ნათლად ჩანს, რომ თბს ბანკმა პატიოსნად და თავაზიანად გადმომირიცხა ოთხი ათასი ლარი, ზუსტად ისე, როგორც ისეთ ბანკს ეკადრება, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი კონკურსის სპონსორია.

მხოლოდ რისთვის გადმომირიცხეს ეს არსად ჩანს... ერთერთი ქართული გამომცემლის მიერ გამოცემულ ჩემი ახალი წიგნის, "ექსპერიმენტული განცდების" ტირაჟზე და ჰონორარზე არაფერს ვიტყვი... დეპრესიისკენ მიბიძგებს ამაზე ფიქრი... 

აი ესე დამემართა დაფნის გვირგვინის მარტოობა ... ჩემი საქმე წასულია ჰემინგუეისავით... ჩემი "თინისი ბანკის"  რკინის ფრთა საკუთარ პატარა პანთეონზე დადგმულ უსახელო მონუმენტს მაგონებს.

და ხანდახან ვფიქრობ, უხერხული ხომ არ იქნება სპონსორ ბანკსა და საბას ორგანიზატორებს რომ ვთხოვო, მომავალში რაღაცით მაინც მიანიშნონ, ეს რკინის ფრთა ბანკის მოხელეს პრესპაპიე კი არა საქართველოში ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო, რომ არისმეთქი.. მაგრამ მერიდება,

თორემ მის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად მაგონებს ჩემი ერთი კლასელის- თემურას 30 წლის წინ გარდაცვლილი საყვარელი გერმანული ნაგაზის- ლედის მიერ მოგებულ "დოსააფის" უსახელო ოქროს მედლს, რომელიც ალბათ დღემდე პიანონო «მუზას» თავზე კიდია, მის პატარა ბინაში ყოფილ ლენინგრადის ქუჩაზე.

30 მაისი 2012 
PS. ამ აუდიო სიუჟეტის გამოქვეყნების შემდეგ მითხრეს რომ საბას ფრთა თურმე რკინის კი არა მასიური ვერცხლისაა! აბა საიდან უნდა მცოდნოდა? არავის უთქვამს.. კბილით ხომ არ გავსინჯავდი  მეკობრესავით?

25 mai 2012

X & Y თაობა



პაატა ქურდაძის რადიო წრილები
  რადიო "ცხელი შოკოლადი"

X & Y თაობა - 24 მაისი 2012



გასული საუკუნის ბოლო ოცწლეულში დაბადებულ ახალგაზრდებს, რომლებიც გარე სამყაროს მნიშვნელოვან ნაწილს თავიანთ ვოლქმენებთან მიერთებული Y გრაფიკული ფორმის მსგავსი ყურთსასმენით აღიქვავენ, Y თაობას უწოდებენ.
თუმცა შესაძლოა ტერმინის წარმოშობის მიზეზი ლათინური ალფაბეტის რიგიც იყოს, რომლის მიხედვით Y-ის წინ X –ია, ამ უკანასკნელით კი 60– 70 წლებში დაბადებულ დაკარგულად შერაცხულ თაობას მოიხსენებენ.
დასავლურ «pop ასტროლოგიის» მიხედვით მე სწორედ ამ უფუნქციო GenerationX ს ვეკუთნი. თუმცა, საბჭოთა საქართველოს შემთხვევაში მე მას კინო თაობას უფრო დავარქმევდი... რითაც ჩემი თაობის გარე სამყაროსთან ძირითად იდენტიფიცირების საშუალებას – კინოს პატივის მივაგებდი.
მაშინ მარტო პლეხანოვის გამზირზე იმდენივე კინოთეატრი იყო, რამდენიც როგორც ფრანგები უწოდებენ, მსოფლიოში ყველაზე მშვენიერ ავენიუ შანზელიზეა დღეს. გუშინ მე თვითონ დავითვალე . ფეხით გავიარე თავიდან ბოლომდე, კლემანსოდან ეტუალამდე. სულ რაღაც კილომეტრნახევარი – შვიდი კინოთეატრი და მხოლოდ ერთი სასტუმრო... როგორც ძველ პლეხანოვზე სასტუმრო რუსთავი და კინოდარბაზები კოლხიდა, გორკის კლუბი, კომკავშირელი, ამირანი, ოქტომბერი, ვარანცოვთან ქვევით კამოზე კიდევ საბავშვო ნაკადული . კოლხიდას, გორკის კლუბს და ამირანს საზაფხულო ღია დარბაზებიც ქონდათ. დილით, შატალოს დროს ბილეთი 25კაპიკი ღირდა. მთელი კინოკლასიკა სწორედ ამ დროს მაქვს ნანახი.

ამ შვიდ ბნელ და მაგიურ «კინო აუდიტორიაში» ბევრად მეტი ჰუმანიტარული განათლება მაქვს მიღებული ვიდრე მშობლიურ 23 სკოლაში.

აქ, პარიზში, ტურიზმის მარაზმში ჩაძირულ მსოფლიოში ყველაზე შარმიან ავენიუზე კინოთეატრები ერთად ერთი ადგილია სადაც პარიზელებს შეიძლება წააწყდეთ. ისინი ფილმების აფიშებთან ერთად რაღაც ადგილობრივად კულტურულს აღვიძებენ... საერთოდ, ნებისმიერი ქალაქის ბუკინისტი დაგარწმუნებთ, რომ აფიშები ქალაქის არსებობის, მისი სულის, იდენტობის, ისტორიისა და სიცოცხლის ერთერთი ყველაზე უტყუარი მოწმეები არიან, განსხვავებით მდუმარე ბანკებისა და აფთიაქების ინგლისურ აქცენტიანი ცივი აბრებისა რუსთაველზე, რომლებსაც არც ტურისტებისათვის შეუძლიათ რაიმეს მოყოლა , არც ქართველი საბრალო «იგრეკებისათვის» მზესუმზირას კნატუნითა და პირჯვარის წერით, რაღაც უცნაურად ხელიხელ გადახვეულნი რომ დაიზლაზნებიან მთელი დღე მსოფლიოში ყველაზე მართლმადიდებლურ ჭაღებიან ავენიუზე.

აქ,პარიზში უმუშევრები, არასრულწლოვანები, პენსიონერები,სტუდენტები ათ ევროიანი კინოს ბილეთის მხოლოდ ნახევარს იხდიან,...სულ რაღაც 20ევროდ ერთთვიანი აბონემენტის შეძენა შეგიძლიათ, რაც საშუალებას გაძლევთ იმდენი სეანსს დაესწროთ ქალაქის ნებისმიერ დარბაზში რამდენსაც გაუძლებთ. აქ ათასგვარი კინო მანიფესტაცია ფინანსდება... ბიუჯეტიდან რა თქმა უნდა. ესეც ერთ ერთი ფაქტორია, რაც აძლებინებს კინოთეატრებს და საერთოდ ფრანგულ კინო ინდუსტრიას ამ ჩვენს უგულო საბაზრო ეკონომიკის ეპოქაში, სადაც როგორც ქართველ ლიბერტარიანელთა გურუ იტყოდა, ყველაფრის გაყიდვა და ყიდვა შეიძლება...რატომღაც სინდისის გარდა.
დღეს მილიონნახევარ თბილისელს გაუყიდავ სინდისად სულ სამი კინოთეატრი შემორჩა, და როგორც ამბობენ მეტი არც სჭირდება ბაზარს, ანუ ქალაქს სადაც
ავადსახსენებელ საბჭოთა წლებში, მის ყველა უბანში გაფანტულ კინოთეატრების ფასადებზე აფიშები, ხოლო სალაროსთან რიგი არასდროს ქრებოდა... რა დეკადანსია, რა კრიზისი... თუ კულტურული კატასტროფა!...



ყოველ აგვისტოს პარიზის მერია ღია კინოს დღეებს აწყობს. რამდენიმე საღამოს განმავლობაში სხვადასხვა მოედანზე ან პარკში დიდ ეკრანს შლიან და ძველ კინოებს უშვებენ ღია ცის ქვეშ. გასულ ზაფხულს ინვალიდების სასახლის წინ გაზონზე წამოწოლილმა «ქალი და მამაკაცს» ვუყურე. სეანსის დაწყებამდე კლოდ ლელუშმა მოგვმართა, შემთხვევით დავბრუნდი პარიზში ორი დღით და ძალიან მესიამოვნა ჩემი ფილმის საყურებლად რომ შეკრებილხართ, რა კარგი ხალხი ხართო... მერე ცოტა წაიტრაბახა, ეს ფრანგული კინოს ისტორიაში ყველაზე საკასო ფილმია, 1966 წლის მერე ორმოცი მილიონი ბილეთია გაყიდულა მსოფლიოში, მეც ეხლახანს შევიტყეო...ძალიან თბილი, თავაზიანი, რაღაც რეტრო ატმოსფერო იყო. ერთგვარი კინო-პიკნიკი... ჩვენ ცოტა შავი ყურძენი გვქონდა, რამდენიმე გარგარი, პატარა ბრტყელი ბოთლით კონიაკი, ეკრანის უკან ულამაზესი სასახლე, რომელიც ნაპოლეონმა თავის ინვალიდებს აუშენა. მარჯვნივ მოციმციმე კოშკი...ეკრანზე ანუკი ემე რესტორანში ...

ოფიციანტი– კიდევ რას ინებებთ?
ტრენტინიანი – თავისუფალი ნომერი გაქვთ?... აქა- იქ ტაში დაუკრეს... , ჩემს მეგობარს ლამაზ ღაწვებზე ბედნიერების კურცხალი ჩამოუგორდა..
უკნიდან ნამდვილი კინო საპროექციო აპარატის თბილი ნოსტალგიური ხმაური ისმოდა...თითქოს ამოყირავებულ ველოსიპედის პედლებს ატრიალებდა ვიღაც ხელით. ეს ხმა პლეხანოვის საზაფხულო კინოების მერე აღარ გამიგია... ფილმი ზეპირად ვიცი, ამიტომ ხან ეკრანს ვუყურებდი, ხან პარიზის უვარსკვლავო ცას, და ვფიქრობდი, პლასტმასის პოპ ვარსკვლავებით მორთულ ნეო კომკავშირულ ღონისძიებებთან შედარებით... რა ადვილი ,რა ადამიანურია ეს ყველაფერი, განსაკუთრებით როცა სცენიდან ქალაქის მერი ან ქვეყნის პრეზიდენტი კი არ გამადლის უფასო კინოს, არამედ ფილმის ავტორი გიხდის მადლობას აქ მოსვლისთვის... იმისთვის რომ ამ 40 მილიონში ოდესღაც შენს გახუნებულ ბავშვობაში პლეხანოვის შვიდიდან, რომელიმე კინოთავშესაფარის სალაროში ნაყოდი 25 კაპიკიანი ლურჯი ბილეთიც შედის...გორკის კლუბში, ამირანში, ნაკადულში.... როგორც თანამედროვე გამოწვევებთან მებრძოლი ერთი ჩემი ნაცნობი მხარტვარი იტყოდა, მათ დროს ვერ გაუძლეს... ვერაფერს იტყვი...ამ ქალაქში ადამიანებსაც იგივე დაემართათ. დროს და ერთმანეთს ვერ გაუძლეს, დაიბზარნენ, დაინგრნენ, გადაკეთდნენ, ბანკებად, აფთიაქებათ, მინი, სუპერ და მეგამარკეტებად... მგონი ერთი ჩემს ავადმყოფ ტვინში ტრიალებს ისევ ხანდახან დროს შემთხვევით გადარჩენილი ძველი კინო ბაბინები, გახუნებულ ფერებიანი პლეხანოვი, გაცვეთილი ადამიანები, ჩემი გაფითრებული, გაფერმკრთალებული X ბავშვობა.

პროლოგი


პაატა ქურდაძის რადიო წრილები
  რადიო "ცხელი შოკოლადი"

პროლოგი 26 მარტი 2012



მერე ვინმემ რომ არ თქვას, ეს ქურდაძე რა უფლებით ლაპარაკობს ემიგრანტების, ან კიდევ უარესი, სათვისტომოს სახელითო.. თავიდანვე ოფიციალურად, რადიოთი ვაცხადებ: არავის სახელით არ ვაპირებ პარიზიდან ამ სამწუთიანი აუდიო ბლოგების კეთებას,რომელიც ასე თავაზიანად შემომთავაზა «ცხელი შოკოლადის» რედაქციამ!
პირველ რიგში იმიტომ არ ვაპირებ, რომ სხვისი კი არა, საკუთარი თავის სახელითაც კი, საჯაროდ ლაპარაკი იმხელა პასუხისმგებლობად მიმაჩნია, რომ მთელი ცხოვრება წერის დაწყების წინ ცივი ოფლი მასხავს ხოლმე.

სად შემიძლია ძველმანებით, ათასი ნაყარნუყარით გამოტენილ ამ ჩემს სხვენივით ბნელ და მტვრიან თავში კიდევ ქართველ ემიგრანტთა დიასპორები, სათვისტომოები, საელჩოები, კულტურული გაცვლა გამოცვლები, ლეგალური და არალეგალური ემიგრანტები ჩავატიო... კი არ მენანება, სიამოვნებით... მართლა რამე დიდს და მნიშვნელოვანს კი არ ვინახავ იქ!.. მაგრამ ნახევარი საუკუნის მანძილზე, ნელ ნელა ისე გამოიტენა ათასი წვრილმანით, რომ მთელი სათვისტომოს კი არა, ნემსის ჩასაგდები ადგილი აღარ დარჩა, ის კი არა ხანდახან ვფიქრობ: მე თვითონაც ხომ არ დავახვიო აქედან.

დალაგება, ანუ დახარისხება, ადგილის გამოსანთავისუფლებლად ზედმეტი რაღაცეების ნაგავში გადაყრა კი არაფრით არ გამომდის – იმდენი დრო ჭირდება, რომ სანამ მოვრჩები ალბათ წასვლის დროც მომივა, პატარ პატარა სიცარიელეების შევსებას ვეღარ მოვასწრებ, იმ ქვეყანაზე კი ცარიელი «ჩემოდანით» წასვლა არაფრით არ მინდა. როგორ შევხედო თვალებში პატივცემულ საზოგადოებას, რომელთან შეხვედრის დიდი იმედი მაქვს –იქ მაინც... ისევ ეს არეულობა მირჩევნია. არეულობაში რაღაც სასაცილოს და საინტერესოს ყოველთვის წააწყდები, სულს შეუბერავ, სახელოთი ცოტა მტვერს გადაწმენდ...და მოულოდნელად ისეთ გამოსადეგი რაღაცას შეიძლება შეგრჩეს ხელში, რომ გაგიკვირდება.

კიდევ რამდენიმე მიზეზი მაქვს, რის გამოც არაფრით არ შემიძლია წარმოვადგენდე საფრანგეთის ქართულ დიასპორას.
ჯერ ერთი მას უკვე წარმოადგენს გორგასლის თუ ბრწყინვალების ორდენოსანი ბატონი ოთარ ზურაბიშვილი, მეორეც, ვერაფრით გავარკვიე საერთოდ რა არის ეს სათვისტომო, სად არის განთავსებული, ვინ არიან მისი წევრები, პირველი ემიგრაციის შთამომავლების კლუბია, ზოგადად ემიგრანტების რაიმე რეალური ასოციაცია, თუ რაღაც ეროვნული მორალური ფასეულობა? თუმცა უნდა აღვნიშნო, ბატონი ოთარი დროდადრო, ასე წელიწადში ერთხელ რაღაც პეტიციებს მიგზავნის ხოლმე ხელის მოსაწერად. როგორც მაგალითად გუშინ, სათაურით:

«ევროპა კიდევ უფრო შორსაა! GEORGIAN AIRWAYS- მა შეაჩერა პირდაპირი რეისი პარიზი» ! - და ეს ფაქტი როგორც პეტიცია გვეუბნება, : «პირდაპირი დარტყმაა საქართველოს ევროპული მისწრაფებისათვის. ეს ახალი ხელისშემშლელი ფაქტორი იმათ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება, ვისაც სურს საქართველოს საერთაშორისო გავლენა შეიზღუდოს და რაც შეიძლება მეტად იკლოს ევროპის შუაგულში მისი „პროექციის“ ძალამ».

პეტიცია დელიკატურად არ აკონკრეტებს საქართველოს საერთაშორისო გავლენის შესუსტების მოსურნე ავი ძალის სახელს, არც არის საჭირო, ეს ყველასთვის ისედაც დღესავით ნათელია. ავია–რეისთან დაკავშირებით კი, მე რომ მკითხოთ, ძალიანაც კარგი თუ შეაჩერეს, თორემ ჩვენი კუკუშკა თვითმფრინავი ერთხელაც რაღაც უბედურებას დაატრიალებდა ჩვენს თავს.

ასეა თუ ისე, როგორც ვთქვი არაფრით არ შემიძლია ამ ენიგმატურ სათვისტომოს წარმოვადგენდე. არც ზოგადად , ქართველ ემიგრანტებს, კიდევ უფრო ნაკლებად საფრანგეთში საქართველოს ოფიციალური ... ასე ვთქვათ მოხალისე დიპლომატიურ კულტურული რეზერვის ხმას... ამ უკანასკნელს განსაკუთრებული დამსახურება სჭირდება, ისევე როგორც ლაპარაკს სახელითა  მამისა, ძისა და სულისა წმინდისა...


და მაინც თუ ვინმეს სურს, რომ აუცილებლად რომელიღაც საზოგადოების სახელით გამოვიდე, შემიძლია, მაგალითად პარიზელი ველოსიპედისტების სახელით ვილაპარაკო.

ძალიან კარგი ხალხია ეს ველოსიპედისტები. განსაკუთრებით გოგოები... არ ვიცი საქართველოში ვის და როგორ, მაგრამ პარიზში ნამდვილად ველოსიპედისტ გოგოებს მოჰყავთ გაზაფხული. მხოლოდ საიდან არ ვიცი.ვერაფრით ვერ გავიგე. სულ ვეკითხები მაგრამ არ მეუბნებიან, მხოლოდ იცინიან მომხიბვლელად... ყოველ წელს ესეა, მარტის ერთ დილას გამოხვალ ქუჩაში მთელი ზამთრის ნამძინარევი, მობუზული, დაღვრემილი, და ჯერ ერთს დაინახავ, ძველ, ვინტეიჯ ველოსიპედზე, წინ კალათით, კალათში ბაგეტით, მოფრიალე წინწკლებიანი კაბით და გულამოღებული თხელი ჟაკეტით... მერე მეორეს, მესამეს...როგორც ძველ კინოში... უცებ ნიავად გადაიქცევი და აეკიდები, ხან ერთს, ხან მეორეს... აი ამ გოგოების და ნიავის სახელით რომ დაგელაპარაკოთ ხანდახან ?... რას იტყვით?
პარიზი
26 მარტი 2012