15 mai 2009

მომწესრიგებლები ანუ როგორ ვილაპარაკოთ თავისუფლებაზე




I თავი
რაფაელის სახარება


საქართველოში წიგნებზე ან კარგს ამბობენ, ან საერთოდ არაფერს. ამიტომ ქართული ლიტერატურა ნელ ნელა კარგად ბალზამირებულ მიცვალებულს ემსგავსება,რომელიც თავის უკანასკნელ და სამუდამო სარეცელში არც თუ ისე ცუდად გამოიყურება.

გასული წლის შემოდგომაზე ცნობილმა ფრანგულმა გამომცემლობა HACHETTE - მა რაფაელ გლუქსმანისა და მიხეილ სააკაშვილის "მე თქვენ თავისუფლებაზე გესაუბრებით" გამოსცა. საფრანგეთში ახალი წიგნის შესახებ საუბარი იწყება შეკითხვით, თუ როგორი პრესა ჰქონდა მას, კარგი თუ ცუდი?
საქართველოს პრეზიდენტის ეს ინტევიუდ გადაკეთებული მონოლოგი იმ გამოცემათა რიცხვს განეკუთნება, რომელზეც საქართველოსი არ იყოს არ საუბრობენ, არ წერენ, არც კარგს, არც ცუდს... ეს ის წიგნია, რომლის მსგავსებსაც გამოცემიდან ორიოდე წლის შემდეგ ბუკინისტების შესასვლელებში იმ კალათებში წააწყდებით, რომელსაც აწერია " ყველაფერი 2 ევროდ" რაც გასაკვირი ალბათ თავად ბატონი გლუქსმანისათვისაც არ უნდა იყოს, იქნებ გულში ოცნებობდეს კიდეც , რომ რაც შეიძლება ნაკლებმა მკითხველმა გაიგოს საფრანგეთში იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავა კალამ მომარჯვებულ მდივნად საქართველოს ვარდისფერ პრეზიდენტთან...უკვე წინასიტყვაობაში თვითონვე თადარიგს იჭერს:

''ზოგიერთი ალბათ პროპაგანდის მცდელობაში დაეჭვდება . მე ასეთებს ვეტყვი, რომ ჩემი " ფერადი რევოლიუციების" მხარეს ანგაჟირებამ არა მხოლოდ იმის საშუალება მომცა, პირველს მიმეღო გულახდილი ახსნა განმარტებები, არამედ აგრეთვე საშუალება მომცა დამესვა უხერხული და გამაღიზიანებელი კითხვები არასრულყოფილი, არადამაჯერებელი და კრიტიკას დაქვემდებარებადი დემოკრატიის პრეზიდენტისათვის. თქვენ შეგიძლიათ არ ჩათვალოთ დამაჯერებლად ზოგიერთი მისი პასუხი, მაგრამ ისინი უდავოდ იმსაურებენ მოსმენას." (წიგნის წინასაიტყვაობა)

უნდა აღინიშნოდ რომ ეს ორას გვედიანი თავისუფლების ბიბლია 2008 წლის ნოემბერში გამოიცა. ომიდან სამ თვეში. მე ყოველთვის მაკვირვებდნენ ადამიანები, რომლებიც ასე სწრაფად, პატარა ნამცხვრებივით აცხობენ წიგნებს...

ჩემთვის ამ ნაწარმოების მთავარი ინტრიგა წინასიტყვაობის ეს აბზაცია. მართლაც საინტერესოა როგორ მოახერხა რაფაელ გლუქსმანმა გამაღიზიანებელი კითხვების დასმა კაცისათვის, რომელსაც საქართველოს ჟურნელისტთა მთელი არმია ასეთი კითვებით უიმედოდ დასდევს უკვე 5 წელია და საერთოდ, საინტერესოა რას თვლის გლუქსმანი არასასიამოვნო და გამაღიზიანებელ კითხვებათ? სწორედ ეს ინტრიგა გახდა მიზეზი რის გამოც ერთ ერთი იშვიათთაგანი გავხდი ვინც ეს წიგნი ბოლომდე წაიკითხა.


თავიდანვე უნდა აღვნიშნო: მე სწორედ იმათ რიცხვს მივეკუთნები ვინც ამ წიგნს წმინდა წყლის პროპაგანდად თვლის. აგრეთვე იმათ რიცხვს ვინც პროპაგანდის ისეთ იმპერიაში გაიზარდა, რომ არა თუ ინტელექტუალ რაფაელს, თვით მარცხენა პარიზის გამოჩენილ "ვირტუოზ ფილოსოფოსებს" : რაფაელის მამას, ანდრე გლუქსმანსა და მის მეგობარ ბერნარდ ანრი ლევისაც კი გაუჭირდებოდათ ჩემთვის პროპაგანდის თავზე მოხვევა. თუმცა დარწმუნებული ვარ არც ერთი მათგანი ამას არ იკადრებდა.


იმ წიგნის შესახებ დაწერა, რომელიც (ნიშანდობლივია) ქართულად არ გამოსულა ცოტა უცნაური და არც თუ ისე რთული ამოცანაა. შემიძლია პირდაპირ გითხრათ: ეს ცუდი წიგნია. უნდა აღვნიშნო რომ შევარდნაძეს და მის მდივანს ჩემდა გასაოცრად გაცილებით დიდი მწერლური ნიჭი აღმოაჩნდათ ვიდრე პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის გლიუკსმან - ჟუნიორს. რამოდენიმე წლის წინ გამოცემული ექს პრეზიდენტის მოგონებები გაცილებით უფრო ინტერესით იკითება, უფრო დამაჯერებელია. თუმცა სტილით ისეთივე საბჭოთაა, როგორც "მე თქვენ თავისუფლებაზე გესაუბრებით".

მაგრამ დავუბრუნდეთ არასასიამოვნი კითხვებს, რომლებიც "წყენას" იწვევენ. მე მსგავსი ერთიც ვერ ვიპოვე. მეტიც - იშვიათად მინახავს ადამიანს ასე ხალიჩასავით გაეფინოს კითხვები რესპოდენტისათვის. ამას უდავოდ საბჭოთა ჟურნალისტიკის დიდი გამოცდილება ჭირდება, რაც რაფაელ გლუკსმანს არანაირად არ შეიძლება გააჩნდეს, ამიტომ პასუხი მარტივია. ჩემი აზრით ის გარკვეული დროის განმავლობაში უბრალოდ იწერდა პრეზიდენტის საუბრებს , რომლებიც შემდეგ "დაამონტაჟა" და ბოლოს კომფორტული კითხვებიც შეუსაბამა. შემიძლია ალალბედზე გადავფურცლო წიგნი და რამოდენიმე შემთხვევით მოხვედრილი კითხვა გადაგითარგმნოთ. თავად დარწმუნდებით რომ მათგან არც ერთი არ არის ისეთი, რომელიც სააკაშვილს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა.

ჩემმა მეუღლემ, წიგნის პირველი გვერდების გადათვალიერების შემდეგ, მითხრა, იმედი მაქვს ამ წიგნს ბევრი ფრანგი არ წაიკითხავსო... მეც იმედი მაქვს. რადგან სწორედ პირველივე გვერდებზე ისეთ მონუმენტალურ გაუგებრობაში ხვდება მკითხველი, რომ ქართველი ოპოზიციონერივით ეჭვიანი კაცი რომ ვიყო,  ვიტყოდი, რომ  ამ წიგნით გლუკსმანი კრემლის პროპაგანდას უფრო ეწევა ვიდრე საქართველოს ხელისუფლებისას და ამტკიცებს, რომ ქართული ხელისუფლება ქაოტური, უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტურია.

საბედნიეროდ მე ასეთ უკიდურესობებამდე არასოდეს მივდივარ. უბრალოდ და ძალიან მარტივად შემიძლია ავხსნა: რაფაელ გლიუქსმანი თავად არის არაკომპეტენტური. მას არასაკმარისი ცოდნა გააჩნია საქართველოს, მისი პრობლემების შესახებ.  მას ამ წიგნზე ძალიან ცოტა აქვს ნამუშევარი.საამისოდ უბრალოდ დრო არ ჰქონდა: ომის ხუთდღიანი ალფა და ომეგადან სამ თვეში სააკაშვილის საუბრები ჩაიწერა, მერე წიგნად აქცია, გამოსცა და პარიზში ქართულ რესტორანში მშვენიერ პრეზენტაციასაც დაესწრო თავის სახელოვან თანაავტორთან ერთად. ის ვერ ხვდება როდის აჭარბებს პრეზიდენტი, როდის ცრუობს.  ან უბრალოდ ცოდნა, კომპეტენცია და პროფესიონალიზმი არ ყოფნის რედაქტირება გაუკეთოს პრეზიდენტის აბსოლიუტურად ანეგდოტურ, თუ არა სკანდალურ მონათხრობს. რომლებიც, ვინ იცის, შეიძლება სულაც დაღლილმა, თვითმფრინავში ძილის წინ, ან რაიმე სხვა უფრო დელიკატურ სიტუაციაში მოუთხრო თავის ელეგანტურ ფრანგ მეგობარს. რომელმაც როგორც ჩანს ყველაფერი მთელი სერიოზულობით პირველ ხარისხში მიიღო და პირდაპირ ხელუხლებლად წიგნის ფურცლებზე გადაიტანა.

აი მაგალითად ამონარიდი წიგნის სულ პირველი გვერდებიდან.
პირველი თავიდან, რომელსაც "ომი" ჰქვია

რ.გ. შეგიძლიათ დეტალურად გაიხსენოთ დღეები, რომლებიც კონფლიქტს წინ უძღვოდა? რა მომენტში იფიქრეთ რომ ომი მზადდებოდა?


მ.ს. აქამდე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გადამწყვეტი დარტყმა აფხაზეთიდან წამოვიდოდა. წინა თვეებში რუსების მზადების შემხედვარეს, ჩვენ ყველას თავში გვქონდა იდეა, რომ აგვისტო ცხელი თვე იქნებოდა. ასევე , იალტის სემიტზეც - სადაც ბევრი რუსი იყო წარმოდგენილი, პუტინისტიცა და ანტიპუტინისტიც, ყველა საქართველოსთან გარდაუვალ ომზე ლაპარაკობდა, ისე მესალმებოდნენ როგორც სიკვდილმისჯილს. და ბოლოს, რუსების ტრადიციული მიდრეკილება აგვისტოში კრიზისების შექმნაზე, როცა დასავლეთში ყველა არდადეგებზეა. თუმცა ასეთ მღელვარებებს ჩვენ მიჩვეულნი ვიყავით.

მე იტალიაში, ჩემს მეუღლესა და შვილებთან ერთად სპა ში ვიყავი, როდესაც მივხვდი, რომ შესაძლოა რაღაც სახიფათო მზადდებოდა. ეს ივლისის ბოლო იყო. ჯერ , ჩემმა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა დამირეკა, და მითხრა, რომ ორასი რუსული ტანკი აფხაზეთში შედიოდა. მე ვუბრძანე რეაგირება არ მოეხდინა და უბრალოდ შეეტყობინებინა ამერიკელებისა და ევროპელებისათვის რუსების მიერ საერთაშორისო შეთანხმებების ეს მორიგი დარღვევა რუსეთის მხრიდან.

შემდეგ რუსეთში, სოჭიში უცნაური აფეთქებები მოხდა, ასევე სოხუმში, აფხაზეთის დედაქალაქში და გალში. მე იმავე წუთს ჩეჩნეთის ომის სცენარი გამახსენდა: ბნელით მოსული ტერორისტული აფეთქებები, რომლებიც რუსებმა ჩეჩნეთში შეჭრის საბაბად გამოიყენეს. უცაური იყო, მაგრამ ამ აფეთქებებს ოფიციალური მოსკოვის ისტერიკა არ გამოუწვევია. მე მოვითხოვე, არანაირი პროვიკაციის წინაშე უკან არ დაგვეხია. მით უმეტეს, აფხაზი სეპარატისტები ჩვენთან კონტაქტში შემოვიდნენ, რომ გავეფრთხილებინეთ: რუსები მათ დრო დადრო ჩვენს ჯარისკაცებთან კანტი კუნტად სროლებისაკენ უბიძგებდნენ. ისინი ჩვენ გვთხოვნენ , თუ პრო რუსული დაჯგუფებების ჩვენს ხაზს შეუტევდნენ, რეაგირება არ მოგვეხდინა.
ამ დროს ოსეთში სიმშვიდე იყო. სეპარატისტებს შორის რამოდენიმე ანგარიშსწორება მოხდა, მაგრამ ისეთი არაფერი ჩვენ რომ დაგვმუქრებოდა. ჩვენ ამ დაძაბულობას ვხსნიდით, როგორც ბანალურ მაფიოზურ ბრძოლას რუსული ფულის გასაყოფად. შემდეგ სამხრეთ ოსეთის თვითმარქვია პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი მოსკოვიდან დაბრუნდა, სადაც როგორც მან განაცხადა მოსკოვისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს შორის კულტურულ ურთიერთობების შეთანხმებას მოაწერა ხელი. მისი დაბრუნებისთანავე ქართულ პოლიციასა და ოს მილიციას შორის შეტაკებები დაიწყო. ჩვეულებრისამებ, ჩვენი პასუხის შემდეგ მილიციონერები ყოველთვის აწყნარებდნენ სიტუაციას. ამჯერად კი ჩვენმა საპასუხო სროლამ არაფერიც არ დააწყნარა.

ჩვენ მოვლენების განვითარებას ტელეფონით განვიხილავდით. თუმცა ამავდროულად სექტემბრისათვის ვემზადებოდით, რომელიც ღირსშესანიშნავი მოვლენებით უნდა ყოფილიყო გამორჩეული: პირველად საქართველოს ისტორიაში ნატოს სემიტით, დიკ ჩეინის ვიზიტით და თბილისში პოლ მაკარტნის დიდი კონცერტით... ყოველივე ამის შემდეგ, ერთ დღეს ვრთავ რუსულ ტელე არხს და ვგებულობ, რომ ქართველები ომისათვის ემზადებიან. რუსეთი სახმელეთო ჯარების სარდელი ამტკიცებდა, რომ ჩვენ ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის დღეს, 8 აგვისტოს კონფლიქტის დაწყების გეგმა გვქონდა. ეს სურეალისტურად გამოიყურებოდა, იმ დროს როდესაც მე იტალიაში სპაში ვიყავი, სხვათაშორის უამრავი რუსის გარემოცვაში , ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი მინისტრები კი არდადეგებზე ზოგი ესპანეთში ზოგიც საბერძნეთში ...

ამ ტიპის პროპაგანდის მიმართ უნდობლობა ნასწავლი მაქვს. ამიტომ 1 აგვისტოს გადავწყვიტე შემემოკლებინა ჩემი შვებულება იტალიაში და და თბილისში დავბრუნებულიყავი. როდესაც ჩამოვედი ათასობით ოსი მილიციელი ქართულ პოლიციას უტევდა. ეს უკვე სერიოზულად გამოიყურებოდა. მე ჩვენს თავდაცვის მინისტრს დავურეკე და ვთხოვე მარბელადან რაც შეიძლება სასწრაფოდ ჩამოსულიყო. მან ამიხსნა, რომ ბილეთის გადაცვლა ნამდვილი თავისტეხა იყო, რომ ეს ყველაფერუი უფრო რუსული ბლეფი იყო . მე დავაძალე და შემპირდა რომ მეორე დღეს დილას გამოფრინებოდა. საბოლოოდ ის მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა... ეს რომ აგიხსნათ თუ როგორ ვემზადებოდით ამ მომენტში ომისათვის: ჩემი თავდაცვის მინისტრი შვებულების დამატებით დღეებს იპარავდა...(რაფაელის სახარება 1თავი: ომი. 20-21გვ)



აი ასე, როგორც იქნა, შეიკრიბა 3 აგვისტოს თბილისში ჩვენი სახელისუფლო, და განსაკუთრებით თავდაცვის აპარატი . უნდა ითქვას ომს სულზე მოუსწრეს... პრინციპში, ეს ომიც ისე სწრაფად დამთავრდა, რომ თავდაცვის მინისტრ კეზერაშვილს შვებულების ერთი ორი დღე კიდევ რომ "მოეპარა" ომი შეიძლება მარბელას მზიან პლიაჟზე შეზლონგზე წამოკოტრიალებულს ტელეფონით ხელში "გადაეგორებინა." როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს მთელი ხელისუფლება ევროპის კურორტებზე იყო გაფანტული, (იმედი მაქვს არა იაფფასიან კემპინგებში). როგორც ჩანს ომისათვის მათ სულაც არ ეცალათ. საერთოდ , რა უსინდისობაა, რა დროს ომი იყო ამ შუა აგვისტოში...ხომ შეიძლებოდა სექტემბრამდე დაეცადათ, სადღაც პოლ მაკარტნეს კონცერტსა და თბილოსობას შორის, შემოდგომის რომელიმე მოსაწყენ წვიმიან დღეს...


როგორც პრეზიდენტი ამბობს, ყველამ მშვენივრად იცოდა უდიდესი საშიშროების შესახებ რომელიც ქვეყანას ელოდებოდა, აფხაზები, უფრო მეტიც, თავად რუსებიც კი აფრთხილებდნენ იალტის სამიტზე ქართველებს. მიუხედავად ამისა კუთვნილ შვებულებას ვერავინ შეელია, და საქართველოს ტერიტორიაზე 200 ტანკის შემოსვლა მარბელას პლიაჟსა და იტალიურ სპა ს შორის მხოლოდ სატელეფონო საუბრის თემა გახდა პრეზიდენტსა და მისი თავდაცვის მინისტრს შორის...ღმერთო ჩემო ეს ყველაფერი თუ მართლა ასე მოხდა და ამის შესახებ მართლა მოუყვა საქართველოს პრეზიდენტი რაფაელ გლუკსმანს, ტექსტის ამ ფორმით გამოქვეყნება მოლოდ იმას ნიშნავს, თანაც ერთმნიშვნელოვნად,  რომ საქართველოს ხელისუფლების, მისი სარდლობის დაუდევრობა და უპასუხისმგებლობა სამხედრო დანაშაულის ტოლფასია! პრეზიდენტის ფრანგი მეგობარი კი ან აბსოლიუტურად არაკომპეტენტურია პროპაგანდაში, ან საერთოდ , მისი მეგობარი კი არა მტერია. არის კიდევ მესამე ვარიანტია, რომ  გლუკსმანისათვის ჭეშმარიტება მეგობრობაზე მაღლა დგას... რაშიც მე სერიოზულად მეპარება ეჭვი, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე ამ წიგნს წმინდა წყლის , თუმცა დაბალი ხარისხის პროპაგანდად ვთვლი. მოგეხსენებათ, ამ ჟანრმა არაერთი შედევრი მისცა კაცობრიობას. სამწუხაროდ ეს ერთგვარი "ჰიმნი თავისუფლებაზე" საბჭოთა სოფლის კლუბების წინ საყვირიანი პიონერების ქანდაკებებს უფრო მაგონებს, ვიდრე ეიზენშტეინის "პოტიომკინს" ან მაიაკოვსკის "პასპორტს".ამის საფუძველს თუნდაც ავტორის ეს კითხვა მაძლევს :

'' რ.გ. ვილაპარაკოთ ისრაელზე. საქართველო ერთადერთი ქვეყანა უნდა იყოს მსოფლიოში ისრაელის გარდა, რომელსაც თავდაცვის მინისტრად ისრაელის მოქალაქე ჰყავს.

მ.ს. ისრაელ-საქართველოს მოქალაქე. და ეს ჩემთვის არანაირი პრობლემა არ არის. როდესაც ისრაელში ვარ, თავს საკუთარ სახლში ვგრძნობ. ეს პატარა ქაოტური , კოსმოპოლიტური, სიცოცხლითა და იუმორით სავსე საზოგადოებაა. მე ვლაპარაკობ ხალხზე და არა პოლიტიკაზე, ატმოსფეროზე, რომელიც ძალიან გავს კავკასიურს. ეს ანეკდოტი შეიძლებოდა კავკასიურიც ყოფილიყო: " როდესაც ორ ებრაელს ერთ ოთახში დატოვებთ დებატები იწყება, ხოლო თუ ისინი სამნი არიან უკვე რევოლიუცია იწყება".  ზუსტად ასევე ხდება ქართველებშიც! მე მიყვარს ეს უწესრიგო და წინააღმდეგობებით სავსე კულტურა. იცით, ებრაელები ისეთი ინტეგრირებულნი იყვნენ, რომ მათ ვინც სსრკს დაშლის შემდეგ ისრაელში წავიდა ძალიან გაუჭირდათ საქართველოს გარდა სხვა ქვეყანასთან ადაპტირება. ბევრი ბრუნდება.''

აქ ბატონ გლუქსმანს ეტყობა მხედველობიდან გამოჩნდა, რომ მის ისტორიულ სამშობლო ისრაელში მოქალაქე კეზერაშვილს, ირანის ან სირიის არმიის ანალოგიური შემოსევის შემთხვევაში მარბელას პლიაჟზე დეზერტირობისათვის... ღმერთო ჩემო! წარმოდგენაც კი მიჭირს რა დღეში ჩააგდებდა "უწესრიგო და არადისციპლინებული" მხიარული და ჩვენსავით ''კოსმოპოლიტი'' მოძმე ებრაელი ხალხი, განსაკუთრებით კი მისი დაუნდობელი მართლმსაჯულება. მაგრამ გლუკსმანისათვის მთავარი კურიოზი მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლებაში სამი ეთნიკური ებრაელის არსებობაა, მას როგორც ჩანს ავიწყდება, რომ საკუთარ სამშობლოში- საფრანგეთის პოლიტიკურ სპექტრში- ეთნიკური ებრაელების არც თუ ისე მცირე წარმომადგენლობა, ავიწყდება აგრეთვე, რომ ისინი არავის დაუთვლია, იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ამას ყურადღებას საფრანგეთში არავინ აქცევს.
"
რ.გ. ისინი (ისრაელელი ქართველი ებრაელები პ.ქ) ბრუნდებიან პირდაპირ თქვენს ადმინისტრციაში! არც ისე უხიფათოა გყავდეს ისრაელო-ქართველი თავდაცვის მინისტრი, სეპარატისტულ რეგიონების ინტეგრაციის ებრაელი მინისტრი, ამერიკელი ებრაელი პოლიტიკური მრჩეველი : ხომ არ თამაშობს ეს თქვენს წინააღმდეგ რუსეთში?''

არ ვიცი, ატყობთ თუარა თუ როგორ ქსოვს თავად ეთნიკურად ებრაელი პარიზელი მოციქული  "სახფათო და გამაღიზიანებელ კითხვებს".

მთელი სამი ებრაელი ადმინისტრაციაში!... წარმოუდგენელი გმირობა ანტისემიტიზმით დაავადებულ "ნაცისტურ ევროკავშირში"... მხოლოდ იმ შემტხვევაში, კალენდარს რამდენიმე ათეული წლით თუ დავატრიალებთ უკან, ევროკავშირის იდეამდე  ეპოქაში.


აი რას პასუხობს  პრეზიდენტი:

მ.ს. - რა თქმა უნდა , მაგრამ არა მხოლოდ რუსეთში! ერთხელ ერთმა გერმანელმა(!) დეპუტატმა მითხრა: "განა საკმარისი არ არის ის, რომ ევროპაში თქვენ ისე განგიხილავენ როგორც ამერიკულ პროექტს, ეხლა უკვე ათობით სტატია ქვეყნდება თქვენი კავშირების შესახებ ისრაელთან! იცით, ძალიან ძნელი ხდება თქვენი დაცვა ასეთი მოკავშირეებით.

და აქ გლუქსმანი (თითქმის დარწმუნებული ვარ) უკვე აკანკალებული ჩურჩულით მიმართავს თავის შეუდრეკელ ევროპულ ინსტიტუციონალიზებურ ანტისემიტიზმთან მებრძოლ გმირს, რომლის პასუხი კი  უბრალოდ ჟრუანტელის მომგვრელია თავისი ეპიკური  სიმტკიცითა და გაბედულებით :

რ.გ. ეს გერმანელი (!) დეპუტატი მართალია. იქნებ მართლაც გამოგეცვალათ მეგობრები...
"
მ.ს. იმიტომ რომ იმ ხალხს მოვეწონო ვისაც, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი ღირებულებები არ უყვარს? თანაც, ვწუხვარ მაგრამ, რომელი სხვა ქვეყანა დაგვთანხმდა მოგვყიდა ჩვენთვის უპილოტო თვითმფრინავები და სერიოზული შეიარაღება, თუნდაც უკიდურესად მცირე რაოდენობით? არცერთი! უცნაური რამ უნდა გითხრათ: მთელი რიგმ ქვეყნებმა რომლებიც შევარდნაძის საქართველოზე იარაღს ყიდდა ,ვარდების რევოლიუციის შემდეგ უარი თქვა იარაღის მოყიდვაზე. გერმანელები (!)მაგალითად, არა მარტო ყიდდენ იარაღს შევარდნაძეზე, ისედაც აძლევდნენ. ჩვენ კი როდესაც ვთხოვეთ უბრალო თოფები და პისტოლეტები, შროდერის მთავრობამ ასეთი პასუხი გავცა: " ჩვენ თქვენ იარაღს არ მოგყიდით, არც ეხლა და არც ორასი წლის შემდეგ"

თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, რუსებმა განსაკუთრებით გასვეს ხაზი ჩვენი იარაღის ისრაელურ წარმოშობას, რაც საბჭოთა ეპოქის ანტი - ისრაელური პროპაგანდით გაროზგილ საზოგადოებისათვის იყო განკუთვნილი.ისრაელი აგრესიულობის სინონიმი, სალანძღავი სიტყვაა. ჩვენი შეიარაღის მოლოდ 5% ია ისრაელური წარმოშობის, მედია კი მხოლოდ ამ შეიარაღებაზე ლაპარაკობს. უნდა ითქვას რომ გაცილებით ადვილია რუსების მობილიზება ამერიკის მარჯვენა შეიარაღებული ხელის და თავად ამერიკაზე უარესი ისრაელის წინააღმდეგ , ვიდრე პატარა ქართველების წინააღმდგ, რომლებიც ასე სასიამოვნოდ მღერან, ასეთი მშვენიერი ფოლკლორული ცეკვები აქვთ, თანაც გაზიან წყალსა და ღვინოს აწვდიდნენ ცარიზმისა და საბჭოთა პერიოდში"...'( თავი 5: ახალი სამყარო,165,166,167 გვ)

ებრაელები,გერმანელები, ანტისემიტიზმი და მიხეილ სააკაშვილი! ...

წიგნის ამ ნაწილმა 1994 წელი გამახსენა. მარტში პარიზის კინოთეატრ '' მაქს ლინდერის" წინ, სპილბერგის " შინდლერის სიის" პრემიერიდან გამოსულ დამძიმებულ მაყურებელს კარებთან, თავზე კიპა დაფარებული  მდუმარედ ხელგაწვდილი შუახნის ებრაელი მათხოვარი დაგვხვდა, რომელსაც გულაჩუყებული მაყურებული ისე გულუხვად აძლევდა ფულს თითქოს სულ ეხლახანს ყოფილიყო საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოპარული. კინოთეატრი "მაქს ლინდერი " ცნობილ ებრაელი თერძების უბან სანტიეს ესაზღვრება. უნდა გითხრათ რომ ჩემი პარიზში ცოვრების 18 წლის ნანძილზე არც მანამდე და არც შემდეგ ებრაელი მათხოვარი არსად მინახავს, ყოველ შემთხვევაში ისეთი ვინც თავის სემიტურ წარმოშობას ხაზს გაუსმევდა. ამ პატარა გაიძვერას გონებამახვილური "ბიზნესი" მე უფრო პატიოსანი მეჩვენება ვიდრე გლუკსმან- სააკაშვილის დაბალი ხარისხის ანტი ანტისემიტური " დრამა" რომელიც პარიზის კაბარეს "კაშერულ " სკეჩს უფრო წააგავს, ვიდრე დიალოგს პრეზიდენტსა და მის მრჩეველ ინტელექტუალს შორის .

არანაკლებ საინტერესოა წიგნის მეორე თავი " საბჭოთა ახალგაზრდობის წლები", სადაც ასევე აბსოლიუტურად ახალ, დღემდე უცნობ ფაქტებს ვგებულობთ პრეზიდენტის ცხოვრებიდან.

ეს ნაწილიც აგრეთვე ბატონი გლუკსმანისა და ფრანგული გამოცემისათვის სასიამოვნი სიურპრიზებით არის სავსე: განსაკუთრებით ის, რომ ბატონი პრეზიდენტი, რომელიც დღემდე ყველას ანგლო - საქსონური პოლიტიკისა და კულტურის პირმშო ეგონა, თურმე თავგადაკლული ფრანკოფონი ყოფილა: ფრანგული ენის მასწავლებლის, ჟან პოლ სარტრისა და სიმონ დე ბოვუარის მეგობრის მარა ჭავჭავაძის წყალობით. რომლიც თურმე " რუსეთის უკანასკნელი ცარის, ნიკოლაი II - ს კარზე ცნობილი ცენტრალური აზიის დიდ არისტოკრატული ოჯახის შთამომავალი ყოფილა. ... მე რა თქმა უნდა არ ვფიქრობ, რომ ბატონ პრეზიდენტს ჭავჭავაძეების გვარი ყაზახური ან ყირგიზული ძველი არისტიკრატია გონია, ან გლუკსმანს საქართველო ცენტრალური აზიის თავისუფლების შუქურა, უბრალოდ ამ უკანასკნელს ალბათ არასოდეს სმენია ეს უცნაური გვარი - ჭავჭავაძე და მით უმეტეს ის ამბავი, რომ ეს ქართული თავადური გვარია. ცენტრალურ აზიასთან კავშირი კი ალბათ, ქალბატონ მარას დედის მხრიდან ფესვებში უნდა ეძებოს ბატონმა მრჩეველმა, თუ რა თქმა უნდა ჩეკასაგან დევნილი 1957 წელს საფრანგეთიდან დაბრუნებული ქალის გენეალოგიური ხის კვლევა მის ინტერესის საგანს წარმოადგენს.

პატარა მიხეილს ფრანგულის შესწავლა 8 თუ 9 წლის ასაკში დაუწყია  და თურმე ადრე ინგლისურზე უკეთ ლაპარაკობდა. მისი პირველი უცხოური გაზეთიც რომელიღაც ვულგარული ინგლისური "The Times" კი არა, ფრანგული "Le Monde" ყოფილა, რომელიც მომავალ პრეზიდენტს მოსკოვში, სასტუმრო "ინტურისტის" "შვეიცარებად" და დამლაგებელ "ბაბუშკებად"   გადაცმული ბოროტი კგბს აგენტების თვალთვალის მიუხედავად მაინც შეუძენია გაზეთების კიოსკში და იგი დღემდე შენახული აქვს. მასწავლებელი მარა, პარიზის ინტელექტუალური ცხოვრებით მოხიბლული ყოფილა და ცდილობდა ყველაფერი ცოდნოდა თუ რა "ხდებოდა პარიზის ლათინურ კვარტალში".


ჩემი აზრით აქ პრეზიდენტს ეპოქები აერია: ლათინური კვარტალი განსაკუთრებით აქტუალური 20 და 60 იანი წლების ბოლოს იყო და არა 70 იანების მიწურულს, როდესაც სავარაუდოდ 10 -11 წლის მიხეილი სულმოუთქმელად კითხულობდა და კამათობდა თავის მასწავლებელთან " ახალი ფილოსოფიის" შესახებ. ის განსაკუთრებით გამოყოფს, რაფაელის მამას, ფილოსოფოს ანდრე გლუქსმანს: ''სასაცილოა, მახსოვს თუ როგორ წავიკითხე საიდუმლოდ მამათქვენის " მზარეული და კაცჭამია"...  საერთოდ ბატონ პრეზიდენტს მამა გლუქსმანი როგორც ჩანს ხუმრობის ხასიათზე ხშირად აყენებს : გასული წლის დეკემბერში, პარიზში ამ წიგნის პრეზენტაციისას ქართულ რესტორანში, თავის ბავშვობის ჭაღარა კერპს მხარზე ხელი მოუტყაპუნა და ინფანტილური გულღიაობით უთხრა: რა სიურპრიზია! თქვენ კიდევ ცოცხალი ხართ? გუშინდელივით მახსოვს, რა სევდიანი მობოდიშებით გაუღიმა ჯერ კიდევ ცოცხალმა  საბრალო უფროსმა გლუკსმანმა...

როგორც ჩანს პატარა მომავალ ბატონ პრეზიდენტზე ასევე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია BHL - ს ( ასე ეძახიან ერთ უცნაურ ფილოსოფოსს, რაფაელის მამის მეგობარ ბერნარდ ანრი ლევის) , რომელმაც საკუთარი ჯეთით ჩამოიყვანა რაფაელი ომის დაწყებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ საქართველოში. საერთოდ უნდა გითხრათ, რომ საფრანგეთში სანთლით რომ ეძებოთ თავისი რამოდენიმე მომხიბლავი ინტიმური მეგობარი ქალის მეტს, ვერავის იპივით ისეთს ვიზეც ოდესმე BHL - ს როგორც დიდ მოაზროვნეს შთაბეჭდილება მოუხდენია. ამდენად წარმომიდგენია რა სასიამოვნო იქნებოდა მისთვის საქართველოს პრეზიდენტის ესოდენი დაფასება მისი პრიალა ფილოსოფიური ღვაწლის მიმართ.

ყველაზე ამაღელვებელი მაინც მოგონებების მუსიკალური ეპიზოდია. "მაშინ როდესაც მთელი საბჭოთა კავშირი ჯო დასენს უსმენდა", იხსენებს ყოფილი პატრა ბიჭი : "მარა თავისთან კასეტაზე ჩაწერილ ივ მონტანის "მკვდარ ფოთლებს" "პარიზის ცის ქვეშ"... და ჟილბერ ბეკოს "ნატალის" მასმენინებდა...ამ ორ ანდერგრაუნდის მომღერალთან შეხების საშუალება იმხელა შიკი, არისტოკრატულობის ნიშანი და სიამოვნება იყო..." ( თავი 2: საბჭოთა ბავშვობა.გვ61)

ბატონ გლუკსმანს შევახსენებ რომ 1967 წელს დაბადებული მიხეილი, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 1975 - 1977-1980 წლის ამბებს იხსენებს. აგრეთვე ვეტყოდი,რომ ამ დროს ჩვენ ჯო დასენსა და მირეი მატიეს კი არა Led Zeppelin ის Physical Graffiti და Pink Flyd ის The Wall - ს ვუსმენდით; უფრო წინ წასულები კი Sex Pistols და The Clash , ნამდვილი "ანდერგრაუნდის" წარმომადგენელმა, მუსიკალურმა ტელე კრიტიკოსმა ჟენია მაჭავარიანმა ერთხელ ოთხმოციანების დასაწყისში სადღაც ნაშოვნი პანკების კონცერტიც კი გვიჩვენა გადაცემაში "ეს ესტრადაა".  ამ გადაცემის ეთერში გაშვების დროს 1974 მოყოლებული თბილისის ქუჩები ისე ცარიელდებოდა , თითქოს კომენდანტის საათი ყოფილიყო გამოცხადებული... თუმცა მე ამას საბჭოთა როკ'ნ' როლის საათს უფრო დავარქმებდი.

საერთოდ ნებისმიერმა უცოდინარმაც კი იცის, რომ  არავითარი ანდერგრაუნდი ჟილბერ ბეკო არ ყოფილა, არც ივ მონტანი. არც თბილისში, და მით უმეტეს არც პარიზში. თუ არ ჩავთვლით ამ
უკანასკნელზე განაწყენებულ საჭოთ პარანოიკი იდეოლოგების მიერ გამოცადებულ ბოიკოტს: ივ მონტანი როგორც მეფე ისე მიიღეს მოსკოვში, მან კი, "უმადურმა "პარიზში დაბრუნებისთანავე არც თუ ისე სასიამოვნო სიმართლე თქვა თავის მოგზაურობის შესახებ წითელი სტუმართმოყვარე ბარბაროსების ქვეყანაში... მას შემდეგ უბრალოდ გასტროლებზე აღარ იწვევდნენ.

საბჭოთა მშრომელ ქალთა მასები კი მაინც უგონოდ იყო მასში შეყვარებული, ამიტომ მინდა დავარწმუნო ახალგაზრდა ბატონი გლუკსმანი, რომ მისი მოსმენის "არისტოკრატული პრივილეგია" შუა აზიელი"არისტოკრატი ქალბატონი ჭავჭავაძისა და პატარა მიხეილის გარდა სულ ცოტა ყოველ მეორე საბჭოთა კოლმეურნესა და ზეინკალ ქალს ქონდა; მონტანის  ასიატასობით ტირაჟით დისკი გამოუშვა "მელოდიამ" სანამ წითელი მუსიკალური ტრიბუნალი, მრისხანე გოსკონცერტი "თითს დაუქნევდა" ფრანგ მეგა ვარსკვლავს. მაგრამ პრეზიდენტი სააკაშვილი თავის გულუბრყვილო მემატიანესთან ისეთ საოცარ კრეატიულობას იჩენს საბჭოთა ყრმობის წლებზე საუბრისას, რომ აშკარად ეტყობა ამერიკაში სტუდენტობის არც თუ ისე მხიარული საღამოების დიდი ნაწილი , დაბალი ხარისის ანტისაბჭოთა ფილმების ყურებაში აქვს გატარებული . ყოველ შემთხვევაში მან კარგად იცის სულიერად როგორ შეძრას პატიოსანი დასავლელი დამწყები ინტელექტუალი, რომელ ღილაკებს  რა დროს დაჭირო თითი. მას უნაკლო CV აქვს , რომელიც პარიზელ თანაავტორში არავითარ კითხვას არ ბადებს : ის უსიტყვოდ ენდობა თავის კავკასიელ ზარატუსტრას, რომელიც ჩემი აზრით წიგნის ამ ეპიზოდში მას, ხალხურად რომ ვთქვად უბრალოდ აშაყირებს. მაგალითად, როდესაც თავისი ცხოვრების ამ ბუნდოვან მაგრამ ფრანკოფონულ და ანტისაბჭოთა პერიოდის შესახებ ლაპარაკს ასეთი აბზაცით იწყებს:


მ.შ. ჩემი ბიძა დიპლომატი იყო. ის ამერიკაში მოღვაწეობდა და მთელ თავის დროს საბჭოთა რეჟიმის კრიტიკაში ატარებდა, ისევე როგორც იმ ადამიანების უმეტესობა რომელიც გარს მეხვია... ( თავი 2 :საბჭოთა ბავშვობა.გვ 55)
აქ როგორც ჩანს ბატონ პრეზიდენტს მხედველობაში მისი ბიძა, საბჭოთა კავშირის დამსახურებული დიპლომატი, ბატონი ექს _ ამხანაგი ალასანია ჰყავს, რომელიც წლების განმავლობაში საბჭოთა დიპლომატიას წარმოადგენდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. რაზეც უნდა დავენიძლავები ბატონ გლუქსმანს, რომ პრეზიდენტი ცილს წამებს ბიძამისს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მოღალატეობრივ საქმიანობაში: ის პატიოსანი ჩეკისტი იყო. სხვანაირად ამდენი ხანი არავინ გააჩერებდა თავისუფლებისა და სამართლიანობის საერთაშორისო მექაში.

რ.გ. თბილისში, მოზარდ ასაკში იცოდით თუ არა დიდი დისიდენტების არსებობის შესახებ? მიგიწვდებოდათ თუ არა ხელი მათ ხელნაწერებზე? მისდევდით თუ არა მათ ბრძოლას?

მ.ს. რა თქმა უნდა. სახაროვი, სოლჟენიცინი, ბუკოვსკი ჩემთვის ნამდვილი გმირები იყვნენ. მახსოვს მარამ, როგორც ყოველთვის მარამ, ერთხელ ალექსანდრე სოლჟენიცინის "Раковый корпус" გადმომცა, რომელიც სიგარეტის ქაღალდზე იყო გამოქვეყნებული, როგორც საერთოდ ყველა იატაკქვეშა ტექსტი. ეს დღე სამარადისოდ დარჩება ჩემს ცხოვრებაში სალი ქვით ამოკვეთილი . ეს ჩემთვის ლიტერატურული და პოლიტიკური აღმოჩენა იყო. მე კითხვა მის ბინაში დავიწყე შემდეგ თან წამოვიღე. ქუჩაში ვკითხულობდი აღგზნებისაგან ცრემლებით სავსე თვალებით. იმდენად შთანმთქა ამ საოცარმა ტექსტმა, რომ სულაც მანქანას შევეძლო გავესრისე.(  თავი 2 საბჭოთა ბავშვობა.გვ63)

პატარა დისიდენტი: მესამე რიგში მარჯვნიდან მესამე

უნდა გამოგიტყდეთ რომ ამ ტექსტის კითხისას ცუდად ჩაცმული საბჭოთა პატარა , სათვალიანი ებრაელი ბიჭი დამიდგა თვალწინ,
მოსკოვის ჭუჭყიანი თოვლით გალესილ ქუჩაში. კარაკულის საყელოიანი პალტოში, ვიოლინოს გაცრეცილი შავი ბუდით ხელში.
საბედნიეროდ პატარა მიხეილი, სავარაუდოდ ანტისაბჭოთად განწყობილი დიპლომატი ბიძის გამოგზავნილი ლევისებით დაეხეტებოდა ალბათ მზიანი თბილისის ქუჩებში, რა თქმა უნდა ვიოლინოს გარეშე, ასევე ამერიკული საღეჭი რეზინით გამოტენილი პირით. სანამ ეს ჩვენი გულანთებული დისიდენტი საბჭოთა არმიაში სამსახუროდ არ გაუშვეს იგივე ბიძის რეკომენდაციით, თანაც როგორც ამბობენ, არც მეტი, არც ნაკლები კგბ ს ნაწილში. თუმცა  გლუკსმანს არც ამჯერად მოსდის აზრად კითხვა , როგორ მოხდა, რომ ლამის ანა ფრანკივით იატაკქვეშ გაზრდილი დისიდენტი მიხეილი ორი წლით თავისი საყვარელი ბუკოვსკის, სოლჟენიცინისა და სახაროვის მწვალებლების სამსახურში ჩადგა, თანაც შუა პერესტროიკის დროს (ამ ყბადაღებული ფაქტის უარყოფა არასოდეს მომისმენია სააკაშვილის "ბიოგრაფებისაგან''). გლუკსმანს არც მესამე თავის წერისას გახსენებია სააკაშვილის საბჭოთა წარსული, როდესაც ის კლასიფიკაციას უკეთებს ხელისუფლებისათვის მებრძოლ თაობებს:

მ.ს. სამი თაობაა, ვინც ხელისუფლებისათვის იბრძვის საქართველოში. ისინი, ვინც ბრეჟნევის ეპოქაში გაიარეს ფორმაცია და საბჭოთა ეპოქაში მუშაობდნენ. ისინი ვინც განათლება მიიღო სსრკს ბოლო წლებში მაგრამ არასოდეს უმუშავიათ საბჭოთა ატმოსფეროში. როგორც მე. და ისინი ვინც საერთოდ არ იცნობს საბჭოთა კავშირს, რომლებსაც არც კი ახსოვთ რომ ჩვენ რუსული ჩექმის ქვეშ ვიყავით ოცზე ნაკლები წლის წინ.




სააკაშვილი აცხადებს რომ : " სსრკს დანგრევის შემდეგ ფორმირებული თაობა იყო, არის და დარჩება ამ ქვეყნის რეფორმების ძრავად (  თავი 3: რევოლიუცია. გვ91) საინტერესოა რა ხნის ბავშვები ჰყავს მხედველობაში? ჩემი ანგარიშით ისინი ოც წელზე ნაკლების გამოდიან.

როგორც ვხედავთ ორივე მწერალს კიდევ ერთხელ დაავიწყდა სულ ოცი გვერდის წინ სააკაშვილის ცხოვრებაში ქვით ამოკვეთილი მოგონებები თავისუფლებისადმი სწრაფვის შესახებ, ან იქნებ მათ მართლაც გონიათ, რომ სააკაშვილის და ძია თემურის გარდა ყველანი ნათელ კომუნიზმს ვაშენებდით  და ამიტომ მხოლოდ მას ეპატიება კგბ ს ჯარსა და კიევის დიპლომატიის ინსტიტუტში ნამდვილ საბჭოთა "ფოლადად წრთობა", რომელსაც თვითონ რატომღაც განათლებას ეძახის?   და ნეტარ მორწმუნე სენტ-რაფაელი უსიტყვოდ ეთანხმება. ვინ იცის, იქნებ ამ საუბრის ჟამს ორივენი მდინარე მტკვარზე ფეხშიშვლები ფეხის დაუსველებლად სეირნობდნენ განახლებულ რიყესა და აბანოთუბანს შორის... 2008 წლის შემოდგომის ერთ თბილ ხავერდოვან თბილისურ საღამოს...

რ.გ. ...მინდა ერთ რაღაცაზე გესაუბროთ. როდესაც თბილისში სხვა კავკასიური ქვეყნებიდან შემოვდივართ, ძალიან გვხვდება თვალში დაუძაბავი ურთიერთობა სხვადასხვა სქესის ადამიანებს შორის. თქვენ ფიქრობთ რომ ეს ''ზნეობრივი თავისუფლება" რევოლიუციასთან არის დაკავშირებული?

მ.ს. საქართველო ყოველთვის უფრო ღია იყო ვიდრე კავკასიის სხვა ქვეყნები. მაგრამ დღევანდელი ჯერ კიდევ არასრული ''ზნეობრივი თავისუფლება"ეჭვგარეშეა რომ დემოკრატიზაციის პროცესებთან არის დაკავშირებული. იმ ქართველების დაბრუნებამ, რომლებმაც უცხოეთში ისწავლეს დააჩქა საზოგადოების ევროპიზაცია. მედიაში ცენზურის მოსპობამ სიტყვა გაანთავისუფლა, უამრავი სასიყვარულო და სექსუალური ტაბუ აიხსნა. ახალგაზრდა და კოსმოპოლიტი მთავრობა თავისკენ იზიდავს საზოგადოებას. ქალების მიმართ ძალადობის წინაღმდეგ მიმართულმა რეპრესიებმა მაჩისტური დომინანტური პულსაცია დაამუხრუჭა. (  თავი 4: რევოლიუცია.გვ124)

როგორც ფრანგები იტყოდნენ chapeau! ( ქუდი, სახურავი) სექსუალური რევოლუციაც ვარდისფერ ნაციონალებს მოუხდენიათ კავკასიაში, და ცენზურაც მოუსპიათ.

სააკაშვილი - გლუქსმანის მისტიციზმითა და სიმბოლოებით სავსე ამ მითოლოგიურ "შედევრზე" დაუსრულებლად შეიძლება ხალისი და გართობა, მხოლოდ ვეჭვობ, რომ ეს წიგნი ამ მიზნით იყოს დაწერილი. ამიტომ მისი ადგილი როგორც გითხარით ბუკინისტების იმ კალათებშია, რომელსაც აწერია "ყველაფერი 2 ევროდ", თუ შეევაჭრებით იქნებ 1 ევროდაც დაგითმონ.

გაცილებით საინტერესო იქნება წიგნი, რომელსაც ბატონი რაფაელ გლუქსმანი პრეზიდენტობის ვადის გასვლიდან რამოდენიმე წელიწადში უკვე ექს პრეზიდენტზე დაწერს: თავის ნამდვილ მოგონებებს მასთან ერთად გატარებულ დღეებზე. იქნებ ასეთი სათაურითაც: "მე თქვენ სააკაშვილზე გესაუბრებით". ამ დროისათვის ის უკვე საქართველოს აღიარებული ექსპერტი იქნება, როგორც ტარანტინოს მისტერ უინსტონ ვოლფი.



12 მაისი 2009


1 mai 2009

სენტიმეტალურ კრიმინალური აღზრდა


წინასიტყვაობა:
ეს ტექსტი სპეციალურად არის დაწერილი ქართული ჟურნალის, "ცხელი შოკოლადისათვის". თუმცა ბოლო მომენტში გამოცემის რამოდენიმე რედაქტორს სამწუხაროდ მოეჩვენა, რომ მე "საბჭოთა პროპაგანდას" ვეწევი, და ჟურნალის გამოსვლის დღეს 24 აპრილის საღამოს შემატყობინეს, რომ ათი დღის წინ საბოლოოდ შეთანხმებული ჩემი ტექსტი არ დაიბეჭდებოდა.
იმედი მაქვს მკითველს ამით ბევრი არაფერი დააკლდა და ნომერში ბევრად უფო მეტად საინტერესო სტატიები წაიკითხა ვიდრე ჩემი "საბჭოთა ნოსტალგიური" წერილია.
ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ ჩემი თაობა, რომელსაც ზოგი ხან საბჭოთა თაობად ნათლავს, ხან ნარკომანებად და ხან საერთოდ დაკარგულად, სინამდვილეში საქართველოს და საერთოდ ისტორიაში ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თაობა იყო. ყოველ შემთხვევაში პოსტსაბჭოთა თაობებს ნამდვილად არაფერი აქვთ ჩვენთან სასნობო: თავიანთი აქტიური ცხოვრების ოცი წელი თბილისის ხელახლა განთებას და რაიონულ ცენტრებში ასფალტის დაგებს მოანდომეს. ჩემმა თაობამ კი ოც წლიანი მოღვაწეობა ბერლინის კედლის დანგრევით დაასრულა. ისე რომ ერთი ტყვაც არ გაუსროლია, მხოლოდ კედლის იქით "sex, drog and roc'n'rolle" ით და აქეთაც, თითქმის იგივე სლოგანის იატაკქვეშა ვერსიით... მართალია ბევრს გონია, რომ ეს უშნო კედელი გორბაჩოვმა და შევარდნაძემ დაანგრიეს, საქართველოში იმასაც ფიქრობენ რომ ეს ზვიად გამსახურდიას სამშობლოსადმი სენტიმეტალური და მგზნებარე სიყვარულის წყალობით მოხდა. . მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩემი სკოლის წინ ცალხელა ფოტოგრაფს, რომელიც ათ კაპიკად ბითლების და როლინგების ფოტოებს ყიდდა, არანაკლები დამსახურება აქვს.

ჩემს თაობას საქართველოს ევროპისაკენ ორიენტაციაში ძალიან დიდი როლი აქვს ნათამაშები.

მართალია სატრაბახო ბევრი არც ჩვენ გვაქვს მაგრამ... იმის თქმა მინდა, რომ საბჭოთა საქართველო არ იყო რაღაც განყენებული დაჩაგრული გოიმების ბოსელი. როგორც ეს ზოგიერთს გონია, და ამის გამო დღევანდელ ნებისმიერ პრობლემას რაღაც მისტიურ საბჭოთა მენტალიტეტს ისე მუქთად აბრალებს, რომ წარმდგენაც არა აქვს მასზე.

საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მხოლოდ , იმ შემთხვევაში თუ ახალი თაობები უფრო მეტ თავისუფლებისათვის სწრაფვას დამანახებენ ვიდრე ჩვენს „დაჩაგრულ“ თაობას ქონდა.

ძალიან ბევრ რამეს ვხედავ დღევანდელ საქართველოში იმ დროინდელს, და ამის დანახვა განსაკუთრებით მზაფრავს ახალგაზრდებში, რომლებსაც ეს ქვეყანა თვალითაც არ უნახავთ.

მე ვთვლი, რომ დღეს საქართველოში თაობებს შორის უცოდინრობის და უნდობლობის რაღაც ბრიყვული კედლებია აღმართული, რომელიც ნელ ნელა თუ არ დაინგრა, გარწმუნებთ ქართული საზოგადოების ყოველი თაობა ყოველ ათ წელიწადში ერთხელ სურამის ციხესავით ჩამოირღვევა.

ეს არ არის საბჭოთა ნოსტალგიით გატანჯული ემიგრანტის წერილი. ნოსტალგია საერთოდ უინტერესო, ცოტა იუმორს მოკლებული ადამიანების თვისებაა. მე მხოლოდ ვცდილობ გავერკვე ჩემს იდენტურობაში, რაც მე პირადად ძალიან მჭირდება, და სხვებსაც დავეხმარო. რადგან ვთვლი, რომ ეროვნული იდენტურობა ყველა თაობამ საკუთარი უნდა შექმნას, და რეკტიორივით არ მიითვისოს მაგალითად შოთა რუსთაველი, თუმცა აუცილებლად უნდა ისწავლოს მასგან თუ არის რამე სასწავლი, და მერე თავად შეეცადოს დაწეროს უკეთესი პოემა. ჩვენ მიკროსკოპითა და პინცეტით გვინდა ამოვკრიფოთ საბჭოთა წარსულიდან ის ვინც მნიშვნელოვნად გვეჩვენება , დანარჩენნი კი დავასაფლაოთ და მერე მათ მოასფალტებულ საფლავებზე დისნეი ლენდი ავაშენოთ თავისი უზარმაზარი პარკინგით.
გთავაზობთ "ცხელი შოკოლადის" მიერ დაწუნებულ წერილის თავდაპირველ სრულ ვერსიას. რამოდენიმე გაფერადებული შესწორებით, რომელიც რედაქციამ “აზრობივი კორექტულობისათვის "ამოჭრა" ტექსტიდქნ. მე მათ დასაცავად არც ნიჭი მეყო და არც პრინციპულობა. თუმცა ჩემთვის უჩვეულო კომფორმიზმმაც არ მიშველა: ის მაინც არ დაბეჭდეს, არანაირი სახით...

წინასწარ გიხდით მადლობას კომენტირებისათვის. ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება თქვენი აზრი, როგორიც არ უნდა იყოს ის. ეს მე დამახმარება "ამ ცხოვრების ნახევარ გზაზე" მაინც მივხვდე, თუ როგორ უნდა ვიაზროვნო "სწორედ"
პ.ქ. 1 მაისი 2009


სენტიმენტალურ კრიმინალური აღზრდა.

ფოტო ზურაბ სუმბაძე 

რითი განსხვავდება ქართული სკოლა ევროპულისაგან? ქართულში ასწავლიან ბევრ სამშობლოს სიყვარულს და ცოტა ფუნდამეტალურ მეცნიერებებს. ევროპულში კი პირიქით- ბევრ ფუნდამეტალურ მეცნიერებებს და ცოტა სამშობლოს სიყვარულს. პარადოქსია მაგრამ ფაქტია. ევროპელები თავიანთ სამშობლოს ქართველებზე ბევრად უკეთ უვლიან. მიუხედავად იმისა, რომ მოუქნელი ფსიქიკის ულტრა მემარჯვენეების გარდა, ისინი პატრიტიზმზე არა თუ არ ლაპარაკობენ, თთქმის არც ფიქრობენ.
ეს უფრო ახალი თაობებისადი პრაგმატულ პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას უფრო ჰგავს, ვიდრე სამშობლოს იდეალურისტურ, აბსტრაქტულ სიყვარულს.

როგორი იქნებოდა თანამედროვე საშუალო ქართველის ფოტორობოტი, მისი შექმნა რომ გვეცადა?
ჩვენს წითელ წარსულში ეს კეპისქუდანი ულვაშებიანი კეთილი გაიძვერა კაზანოვა იყო, რომელიც იდიოტურ სადღეგრძელოებს ამბობდა და კაფეებსა და მაღაზიებში ხურდაზე უარს ამბობდა. იყო აგრეთვე "ნამდვილი" ქართველი ინტელიგენტის ტიპი... რომელიც ასევე იდიოტურ სადღეგრძლოებს ამბობდა, მხოლოდ ნაკლები აქცენტით, სამაგიეროდ კიდევ უფრო მეტად "კაზანოვა" იყო ვიდრე პირველი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გია დანელიასა და ლეონიდ გაიდაის მიერ გამოძერწილი რუსული ბრიყვული სტერეოტიპებია.
სინამდვილეში საბჭოთა ეპოქაში ქართველს ბევრად უფრო ჩამოყალიბებული სახე ჰქონდა ვიდრე დღეს. უფრო მეტიც, ეს სახე ბევრად უფრო ევროპული იყო. რა თქმა უნდა ქართველები ბრიტანელებს არასოდეს ვგავდით, მაგრამ ევროპა მაშინ განვითარებული ჩრდილოეთის გარდა ღარიბი ჩვენსავით ემოციური სამხრეთი და წითელი აღმოსავლეთიც იყო.
ამის ამხსნელი რამოდენიმე ფაქტორი არსებობს. თუნდაც ჩაცმის მანერა. მაშინ არ არსებობდა იაფი თურქული და ჩინური მოდური ტანსაცმელი. ადამიანებს, უბრალოდ, მაგრამ კლასიკურად ევროპულად ეცვათ. ქალებში ეს იყო გამუდმებული ვინტაჟის სტილი, რომელიც საკმაოდ გულისამაჩუყებლად და მიმზიდველად გამოიყურებოდა. მამაკაცები კი უმეტესად კლასიკური ტიპის კოსტიუმებით დადიოდნენ რომლებიც ნამდვილი მაუდით იყო შეკერილი ვირტუოზ სომეხ მკერავებთან, დღეს მათ გაუგებარი კონფესიის კოლეგებს "მოდელიერებსა" და "კუტურიეებს" ეძახიან. რომლებიც თავად ტანსაცმელს პარიზში და მილანში ყიდულობენ სეილებზე. უსახსრო მომხმარებელს კი იძულებულს ხდიან თურქული და ჩინური იაფფასიანი მოდური საშინელებები იყიდოს.
თუმცა ჩაცმულობაზე მეტად ერთ ერთი მნიშვნელოვანი, რაც აერთიანებდა ქართველებს მართალია, ყოვლად "გარყვნილი" მაგრამ მაინც საერთო განათლების სისტემა გახლდათ. ყველა სკოლისათვის საერთო სახელმწიფო განათლების პროგრამა და განსაკუთრებით გაცილებით ნაკლებად მტკივნეული სოციალური უსამართლობის განცდა, ვიდრე დღეს. ცეკას მდივნისა და მეწაღის შვილი თავისუფლად შეიძლებოდა ერთ მერხზე მჯდარიყო, ისევე როგორც რაიონის რაიკომის მდივნისა და გლეხის შვილი. მათ შეეძლოთ ესწავლათ ერთი და იგივე პროგრამით, და ფორმალურად მაინც ერთნაირ წითელ მომავალზე ეოცნებათ. რა თქმა უნდა, ამ წითელ იდილიას მოსდევდა ულმობელი სოციალური უსამართლობების გაუთავებელი სერია. თუმცა სოციალური უსამართლობის შეგრძნება ალბათ მაინც ნაკლები იყო დღევანელთან შედარებით. როდესაც თბილისის ათასნაირ კერძო ელიტარულ სკოლასა და საჯარო სკოლებს შორის უზარმზარი, უტაქტო და უსინდისო უფსკრულია. ეს სკოლები ერთმანეთისაგან დიამეტრალურად განსხვავებულ ადამიანთა ტიპებს აყალიბებენ. ამას თუ დავუმატებთ დასავლურ სკოლებში სასწავლებლად წასულ "ოქროს ბიჭუნებსა და გოგონებს", ჩემთვის პირადად აბსოლუტურად ნათელი ხდება, ქართველის სახის ტიპის მრავალფეროვნება.
დღეს საშუალო ქართველის იმდენი ტიპი არსებობს, რომ ხშირად თითქმის შეუძლებელი ხდება ამ ადამიანებს შორის რაიმე საერთოს პოვნა. მათ აღარც კეპი "აეროდრომი" აერიანებთ და არც ქართული აქცენტით რუსულად წარმოთქმული "ლამაზი" სადღეგრძელოები.
დღევანდელმა ქართველმა სხვა და სხვა გარემოებების გამო, რკინის ქალამნები ჩაიცვა, რკინის ჯოხი დაიჭირა , ბაღდადელი ქურდივით გაოთხდა, და ქვეყნის ოთხივე ნაწილს მოედო. სამშობლოს რამოდენიმე წლის შემდეგ მრავალსახა დაუბრუნდა. გუდა რომელშიც ყველა ქვეყანაში თითო მუჭა კულტურას ყრიდა, პირდაპირ რუსთაველის პროსპექტზე გადმობერტყა. კულტურის ამ მუქთა გროვას სამოქალაქო ომისაგან დაღლილი და გაღატაკებული ხალხი დაესია. ზოგმა რა მოირგო, ზოგმა რა...
ჩვენი ქვეყანა, განსაკუთრებით მისი დედაქალაქი აბრეშუმის გზის ცენტრალურ ბაზარს დაემსგავსა. მხოლოდ აქლემებისა და ჯორების ნაცვად, მბზინავი "პორშეს" ჯიპებითა და კიდევ უფრო მეტი "დაშპაკლული" მეათე ხელის ბმვ – ებით სავსეს. ვის არ შეხვდებით აქ: ჩაცუცქულ პაკისტანელ ტალიბანებს, დილაობით კუს ტბაზე მოსეირნე რუს ოლიგარქებს, მათ ცოლებს, ცოლების საყვარლებს, თურქ ვაჭრებს, გამოპრანჭულ მანერებინ იტალილებს, პარიზელ სევდიან "ემო" გოგოებსა და ბიჭებს, ტექსასელ ტყავის შლიაპიან მსუქან "ბურჟუა კოვბოებს"... მხოლოდ ამ მრავალფეროვნების უნიკალურობა ისაა, რომ ესენი ყველანი თითქოს საკარნავალოდ გადაცმული, სახეშეცვლილი ეთნიკური ქართველები არინ.
ხანდახან მგონია, რომ მთელი მსოფლიოს სევდა ვირუსივით ჩამოყვა გუდიდან გადმობერტყილ ამ სეკონდ ჰენდ თითო მუჭა კულტურას და პარადოქსია, მაგრამ იმის ნაცვლად რომ გავხსნილიყავით, მორღვეულმა საზღვრებმა საკუთარ ნაჭუჭში ჩაგვკეტა, 80 წლების ბოლოდან შეძენილმა აგრესიულმა რელიგიურობამ კიდევ უფრო გაამძაფრა კულტურული დეპრესია. ქართველთა ერთი ნაწილი უფრო პირქუში და ეჭვიანი გახადა, ნაწილი კი პირიქით, ზომაზე მეტად გახსნილი, იმდენად, რომ ზოგი ავსტრიელ ტყავის ბრიჯებიან და რქის საყვირიან მონადირეს დაემსგავსა, ზოგიც წვერიან ბრეტონელ პირქუშ მეთევზეს. მე იშვიათად მინახავს ერი, რომელშიც ადამიანების ამდენი სხვადასხვა ტიპი არსებობდეს.
ჩვენი ყველაზე დიდი შარმი მულტიკულტურულობა დღევანდელ საქართველოში საწუხაროდ, უფრო და უფრო ნაკლებად თვალშისაცემი ხდება. ქართველები თვალსა და ხელს შუა იცვლებიან , თითქოს ფიზიკურადაც კი. მე არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი. ყოველ შემთხვევაში მიმზიდველად ნამდვილად არ გამოიყურება. საქართველო კარგავს თავის ბაზობრივ სახეს, რომელსაც რამდენიმე წელიწადში მხოლოდ ტურისტულ უბნებში თუ წავაწყდებით სუვენირების დახლზე გამოფენილს. ამ სახეს ვერ გადაარჩენს დღესასწაულებზე ჩოხა ახალუხით ეგზიბისიონიზმი და დღეში ათასჯერ პირჯვარის გადაწერა. ჩვენი სახე არ არის მარტო ფოლკლორი და რელიგია.
"ენა, მამული, სარწმუნოება", 21 საუკუნის კონტექსტზე ვერაფრით გადმოვაწყეთ, ისე როგორც ფრანგებმა თავიანთი დევიზი ''თავისუფლება, თანასწორობა, ერთობა", რომელიც დღეს სულაც არ განიხილება 300 წლის წინანდელ სისხლიან რევოლიუციურ კონტექსტში, რადგან ამ წლების განმავლობაში თავისუფლებაც, ერთობაც და თანასწორობაც, გამუდმებულ დამუშავების პროცესში იყო და არის, ამიტომ ის ყველა ეპოქაში, მათ შორის დღევანდელში აქტუალური დარჩა ფრანგებისათვის.
150 წლის წინ ილია ჭავჭავაძის მიერ ყველას მაგივრად ნაფიქრი და ლამის ლაბორატორიულად დამუშავებული სამი ლაკონური სიტყვა : "ენა, მამული, სარწმუნოება" თითქმის ულტრამარჯვენა ლოზუნგად ვაქციეთ. ისე ვიქცევით თითქოს მაშინდელივით, საქართველოში არც ერთი ქართული სკოლა არ არსებობდეს მოსახლეობის 90 პროცენტი წერაკითხვის უცოდინარი გვყავდეს, თითქოს სარწმუნოებას ვინმე გვიკრძალავდეს. მამული კი უკვე ისე უიმედოდ დაკარგული გვქონდეს, როგორც მე19 საუკუნეში. გონების დაძაბული მუშაობის ნაცვლად, რაღაც გაუგებარ ძველ დრამას ვთამაშობთ ულტრა თანამედროვე რეფორმების დეკორაციაში. და ვერაფრით ვხვდებით რატომ ვერ ვარგებთ ურმის ბორბალს მერსედესის საბურავს. ვერაფრით გამოვიმუშავეთ მეთოდი ახალი თაობასთან ურთიერთობის, მისი არაქაოტური აღზრდის.
************************
ადამიანის ჩამოყალიბებაში მთავარ როლს ოჯახი, სკოლა და საზოგადოება თამაშობს. ჩემი აზრით ამ უკანასკნელს მაინც გადამწყვეტ როლი აქვს, და არა მხოლოდ იმიტომ რომ: "ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს რომ იცვლის და ან ფერს".
თაობა არც ჯოგია და არც ღვინო, მისი ხარისხი კარგ და ცუდ წლებზე რომ იყოს დამოკიდებული. თაობა პიროვნებებისაგან შესდგება, მათზე საზოგადოება გაცილებით მეტ გავლენას ადენს ვიდრე მშობლები, კიდევ უფრო მეტს ვიდრე მასწავლებლები. დარწმუნებული ვარ უცნობის ორთვიანი პრიმიტიული "აღმზრდელობითი რეფორმა" და ხელისუფლების მომხრეთა ჯიპებით "გრიალი" აჭარის სანაპიროზე, გაცილებით უფრო დიდ "შედეგს" მოუტანს დღევანდელ მოზარდ თაობას, ვიდრე განათლების სამინისტროს მიერ, ბილო წლებში გატარებული რთული რეფორმები, რომელსაც თავი და ბოლო თავად განათლების სისტემის პროფესიონალებმაც ვერ გაუგეს.
არსად ისეთი მჭიდრო კავშირი არ მინახავს ოჯახს, სკოლასა და საზოგადოებას შორის როგორც საქართველოში, ამასთან, არსად არ შევხვედრივარ მთელი თაობების განუწყვეტელი განადგურების მიმართ საზოგადოების პასუხისმგებლობის ისეთ დაბალი ხარისხს, როგორც ჩვენს დაღლილ, ბებერ სამშობლოში.
საბჭოთა ეპოქაში ოჯახს, სკოლასა და საზოგადოებას შორის კავშირებს ხშირად გროტესკული სახე ჰქონდა. მაგრამ ყველა სოციალური დონის ბავშვისათვის ეს კავშირები, როგორც ზემოთ აღვნიშნე თითქმის ერთნაირი იყო.
გაცილებით მნიშვნელოვანია მსგავსი სოციალური უსამართლობით გამოწვეული შედეგები. რომლის სრულ მოსავალს საქართველო აუცილებლად მოიმკის არც თუ შორეულ მომავალში, როდესაც ისევე, როგორც მაგალითად საფრანგეთში, დეფავორიზებულ, ერთგვარ მეორე ხარისხის ახალგაზრდათა ნამდვილი სოციალური კლასი ჩამოყალიბდება ღარიბ გარეუბნებში, რომლებიც თბილისს პარიზის ანალოგიურად გარს არტყია. ფრანგი "გარეუბნელები" დრო დადრო ნამდვილ ლაშქრობებს აწყობენ ქალაქის ცენტრში, განსაკუთრებით ისეთივე მშვიდობიანი მანიფესტაციების დროს, როგორითაც ჩვენ ასე ვტრაბახობთ დღეს და გვინდა დავიჯეროთ, რომ პარიზში მანქანებს ფრანგი ინტელიგენცია წვავს, ხოლო ვიტრინებს სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები ლეწავენ.
ეს სწორედ ის დეფავორიზებული კლასია, რომლის მსგავსიც საქართველოში ძალიან მალე გვეყოლება, თუ დროზე არ დამუხრუჭდა ცინიკური და სნობური დამოკიდებულება განათლებასა და "შანსების თანასწორობის" პრობლემის მიმართ, რომელიც დასავლური საზოგადოების ამ უმართავი ნაწილის აგრესიის
ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორად ითვლება.
ასეთი უმართავი კლასი საქართველოს ისტორიას უკვე ჰყავდა, და ისინი მასიურად, 60 წლებში გაჩნდნენ. დეფავორიზებული ოჯახებიდან გამოსული "ბები ბუმი" ქუჩის ბიჭები, რომლებსაც უკლებლივ ყველა სოციალური ფენის ახალგაზრდები შეემატნენ, ძველ მიჭების ცნობილ კლასად, ნამდვილ სოციალურ კატასტროფად ჩამოყალიბდნენ. ამ კლასმა თაოებები შეიწირა. მასთან ბრძოლა საქართველომ საბოლოოდ პირწმინდად წააგო 90 იანი წლების პირველ ნახევარში. გამარჯვებულები "პრინცები" გახდნენ. დღეს ისინი ყველგან არიან: პოლიტიკაში, ბიზნესში, ხელოვნებაში. ყველგან. მათ შექმნეს საზოგადოებრივი აზრი იმის შესახებმ რომ კრიმინალურ მაფიოზური მენტალიტეტი ქართველებში ქურდებმა

ჩამოაყალიბეს და ამით საკუთარი ბინძური და პრიმიტიული წარსული გაათეთრეს. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ბევრმა მათგანმა თავში ტყვიით დაამთავრა თავისი კრიმინალური კარიერა.
60–70 წლებში ქურდებს არ შეეძლოთ საზოგადოებაზე მსგავსი გავლენის მოპოვება . 80- აიანებში კი მათი არსებობა საერთოდ აღარავის ახსოვდა, სპეციალურად დაინტერესებული პირების გარდა. ეს დაინტერესებული პირები კი სწორედ ძველი ბიჭები გახლდათ. ვინ იფიქრებდა, რომ 90 წლების პირველ ნახევარს , 80 წლებში ერთხელ უკვე თითქმის დავიწყებულ ამ შავი იდეოლოგიური ჭირის რენესანსად გადააქცევდნენ "ნაღდი" თბილისელი ძველი ბიჭები.
ქურდები, იშვიათი გამონაკლისების გარდა თითქმის წერაკითხვის უცოდინარნი და გაჭირვებული ოჯახებიდან იყვნენ. განსხვავებით ამ ნამდვილი კრიმინალური იდეოლოგიის პროპაგანდისტებისაგან, რომლებიც სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, ყველა ფენის ოჯახიდან შეიძლებოდა ყოფილიყო აკადემიკოსის, ან პარტიული ფუნქციონერიდან დაწყებული, მუშის ოჯახით დამთავრებული. განსხვავება მხოლოდ იმაში იყო, რომ აკადემიკოსისა და პარტიული ფუნქციონერის შვილი სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსტიტეტში აგრძელებდა საცოდავი სტუდენტების ტერორიზებას, მუშის შვილი კი (შახტაში დაღუპული ტარიელ ონიანის მამის არ იყოს), სრულწლოვან ასაკს ციხეში ხდებოდა და ქურდული კარიერა მისი ცოვრების ერთად ერთი "ნათელი" წერტილი ხდებოდა. მე მათ უმეტესობის ბავშვობას ჯერ მჟავანაძის, შემდეგ კი შევარდნაძის ეპოქების გულისამრევი უსამართლობის მსხვერპლებად აღვიქვამ. ისინი საზოგადოებამ აიძულა ასეთები გამხდარიყვნენ. მოგვიანებით, "საბაზრო ეკონომიკაზე" გადასვლის ადრეული წლებიდან დაწყებული, როგორც კი შესაძლებლობა მიეცათ, მათ მაშინვე რევანში აიღეს.
მე პირადად ქურდები იშვიათად თუ მინახავს ახალაზრდობაში, ისიც შორიდან. მათ ხან შევარდნაძის ამორალური მილიციონრები "უგდებდნენ" ჯიბეში ნარკოტიკს ან იარაღს, ხან პატიაშვილის. ხანაც საკუთარი ''დამსახურებების" გამო იჭერდნენ. ისინი ძირითადად ციხეში იჯდნენ. მათთან შეხება სწორედ ძველ ბიჭებს ჰქონდათ. სწორედ ისინი წარმოადგენდნენ შუამავლებს, აგიტატორებსა და პროპაგანდისტებს ამ გაუნათლებელ კრიმინალურ "სექტასა" და კონფორმისტ , უპრინციპო ქართულ საბჭოთა საზოგადოებას შორის . სწორედ მათ გარყვნეს ამ ამაზრზენი „ქურდული გაგებით“ თაობები. და მერე მოგვიანებით ყველაფერი მათსავე იდოლებს, პრიმიტიულ "ქურდების " გადააბრალეს.
ძველ ბიჭები ყველგან იყვნენ. ისინი ქურდობდნენ, ყაჩაღობდნენ, ნარკოდილერებს "აუთოვებდნენ", შუა ქალაქში ისროდნენ, ჭრიდნენ, კლავდნენ, აუპატიურებდნენ... და უმეტესი მათგანი ერთი დღითაც არავის დაუსჯია ამისათვის, მათი მამების მიერ მილიციაში ჩატანილ ქრთამებისა და გავლენიანი კავშირების წყალობით. უმეტესობა წარმატებით "აბარებდა" უმაღლეს სასწავლებებში, ამთავრებდა, ხანდახან კომკავშირისა პარტიული ხაზითაც კი აგრძელებდა მოღვაწეობას. ბევრი მათგანი დღეს ქართული პოლიტიკურ, ბიზნეს და ინტელექტუალურ ელიტას განასახიერებს. ამას, თუ არ ვცდები სხვა ქვეყნებში მაფიას ეძახიან. ჩვენთან კი ხშირად "კარგი" და "ჩვეულებრივი" ოჯახებიდან გამოსულ ამ პრიმიტიულ ბარბაროსებს – ქუჩის აკადემია გამოვლილ კოლორიტებს უწოდებენ. მათი ცხოვრება ქალაქური ცხოვრების რაღაც იდიოტურ ფოლკლორადაც კი აღიქმება. უნდა ვაღიარო რომ, მცირე დოზით ძველი ბიჭების მანერა თითქმის ყველას ჰქონდა. მიუხედავად ჩემი მათ მიმართ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულებისა, როგორც ჩანს მეც ვერ გავექეცი ამ სულელურ მანერულობას. უცხოელებს, განსაკუთრებით ფრანგებს ხშირად უთქვამთ რომ ცოტა არ იყოს ძველი ბიჭი, ანუ მათ ენაზე Dure ვარ.

მე ჩემი თაობის ბანალური ფენომენი, თუ გნებავთ "ფოტო რობოტი" ვარ: საფრანგეთში ძველი ბიჭი,საქართველოში კი "წესიერი კაცი". საქართველოში ქცევის ეს იდიოტური მანერა ჩემი თაობის მამაკაცების თითქმის 80 პროცენტს ჰქონდა. სხვანაირად უბრალოდ ძალიან ძნელი იყო ცხოვრება. თავიდან ეს მხოლოდ რეკეტიორი და ბოროტი ძველი ბიჭებისაგან თავდაცვის საშუალება იყო, თუცა ძალიან მალე გოგონებისათვის თავის მოწონების საშუალებად გადაიქცა. რომლებიც უნდა ითქვას, ჭკუას კარგავდნენ ძველ ბიჭებზე. 70 წლების ბოლოსათვის , ასაკისა და სოციალური მდგომარეობის მიუხედავად ეს სტილი ნახევარზე მეტმა საქართველომ ჯინსებივით მოირგო. . რა თქმა უნდა, მე თაობების გარყვნის „მძიმე ტვირთს "გამოჩენილ" და კრიმინალ იდეურ ძველ ბიჭებს ვკიდებ და არა სკოლის პერიოდში გოგოებისათვის თავის მოსაწონებლად ''როჟა გაკერილ რიჟა" ჩვეულებრივ ასაკობრივად აღგზნებულ მოზარდ მოხულიგნო ბიჭებს.


80 იანი წლების ბოლოს, ერთი პატარა სომეხი ნაცნობი მყავდა, 11 წლის მიშიკა. რატომღაც დიდ პატივს მცემდა და ამის ნიშნად ჩემი ჟანგიანი "ჟიგულის" გარეცხვაში მეხმარებოდა ხოლმე. ძალიან პატარა,გამხდარი და საოცრად ცოცხალი ბავშვი იყო.

დედა მარტო ზრდიდა სამი წლით უფროს ძმასთან ერთად, რომელიც ყველანაირად ცდილობდა ოჯახს დახმარებოდა, ამიტომ გამუდმებით ქუჩაში იყო, ხან გარაჟისტებს ეხმარებოდა, ხან მშენებლებს...მიშიკა სკოლაში თითქმის არ დადიოდა. როცა შეეკითხებოდით რა უნდა გამოხვიდე რომ გაიზრდებიო, ტუჩებს შეკუმშავდა, და ძალიან სასაცილოდ ამბობდა – "ქორდი". მიშიკას ქურდი უნდოდა გამოსულიყო, რომ გაიზრდებოდა. დღეში ათჯერ რომ გეკითხათ ათივეჯერ ზუსტად ერთი და იგივე მანერით გიპასუხებდათ – "ქორდი".

მაშინ ეს ძალიან სასაცილოდ მეჩვენებოდა, მიურხედავად იმისა, რომ ძნელი მისახვედრი არ იყო,სომეხ ძალიან ღარიბ ცეროდენა ქუჩის ბიჭს, რომელსაც დედამიწაზე არავინ ყავდა ხელის შემშველებელი, აბა სხვა რაზე უნდა ეოცნება – ქარხანაში სოციალისტური შრომის გმირობაზე? ესეც აღარ იყო "მოდაში" რადგან გარეთ პერესტროიკაც კი უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, ქუჩაში წვერიანი კაცები და თავშლიანი ქალები საქართველოს სამფერიანი "ახალი ძველი" დროშების ფრიალით დარბოდნენ წინ და უკან და მუშტ მოღერებულები, სულ უფრო და უფრო ხმა–მაღლა ყვიროდნენ: საქართველო ქართველებისთვის! თუმცა მიშიკას ისინი თავიდან ალბათ არც შეუმჩნევია, რადგან მათთვის არ ეცალა...მალე მე პარიზში წავედი საცხოვრებლად.
რამოდენიმე წლის შემდეგ, ნაცრისფერ 94 ში, თბილისში ჩასულს მისი უფროსი ძმა შემხვდა, რომელიც გაზრდილიყო და ძველებურად ხან სად მუშაობდა და ხან სად. ძმაზე ვკითხე: რა ქნა მიშიკამ, გახდა ქურდი?
– არა. ვერ მოასწრო... მოკდა რა... ციხეში, ტუბერკულიოზით. ... ისე კარგი ბიჭი გაიზარდა. კაკულიას ზმაკასი იყო. განაბი როა, ხო იცი... ერთად იჯდნენ. სტაპრაცენტნი ქურდი ხდებოდა რა, რომ არ მომკვდარიყო...
მიშიკას ძმა ვიღაც უბნელი ტყავის ჟილეტიანი და ოქროსფერ "რეიბაიანი" ბიჭის დანგრეულ ლურჯ BMW - ს ახდილ კაპოტთან იდგა და შავ ხელებს ბენზინიანი ძონძით იწმენდდა. როგორც ჩანს უფასოდ მუშაობდა...პატივისცემის ნიშნად. თუმცა ჯოჯოხეთურ ქართულ ციხეში მიშიკა რომ ჭლექით არ მომკვდარიყო, და განაბ გაკულიას მართლა "ქორდად" წამოეყენებინა, ვის ვისი პატივისცემა ექნებოდა ეგ კიდევ საკითხავია.

************


ისტორია მეორდება, 60 წლების ანალოგიურად, სამოქალაქო და აფხაზეთის ომის ახალი "ბები ბუმები"(Baby Boom) გაიზარდნენ.
გაიზარდნენ უფრო დაუნდობელ სამყაროში ვიდრე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაბადებულნი. მათ გაცილებით სასტიკი უფროსი თაობა დახვდათ, ასე თუ ისე კორექტული მომავლის გაცილებით ნაკლები, თითქმის ნულოვანი შანსი. სოციალური უფსკრული მათსა და სხვა მათ თანატოლს შორის გაცილებით დიდია, ამიტომ ისინი უფრო დაუნდობელნი არიან, ვიდრე მათი წინამორბედები. ციხეშიც გაცილებით უფრო ადვილად და ხშირად ხვდებიან. არც სკოლაში სიარულს აიძულებენ საბჭოთა განათლების ინსპექტორები, რომლებიც ჩემს ბავშვობაში ყოველ დილით ფანრებით შეიარაღებულნი ჩაბნელებულ კინოთეატრებში დაძრწოდნენ შატალოზე მყოფი მოსწავლეების დასაჭერად. მე მზარავს იმაზე ფიქრი, რომ იმ საბჭოთა საქართველოში, რომელსაც მე შევესწარი, ქუჩაში მცხოვრები ბავშვები არ არსებობდნენ. მე არ მაქვს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია, რადგან კარგად ვიცნობ და მძულს ეს ქვეყანა, მაგრამ თბილისის ქუჩებში მოხეტიალე უამრავ ბავშვისათვის რომ ეპოქის არჩევნის უფლება მიგვეცა, იქნებ საბჭოთა საქართველსათვის მიენიჭებინათ უპირატესობა, ცივ, მშიერ, მაგრამ დამოუკიდებელ რეალობასთან შედარებით. ეს დაკარგული თაობაც კი არ არის, რადგან მათ დღეს აღარავინ ეძებს, ისინი არავის დაკარგვიან. მათ "ნულოვანი ტოლერანტობით" როზგავენ თავიანთი "ახალი– ძველი" ბიჭი თანატოლების მამები.
საქართველოში სოციალური გეტოების ჩამოყალიბება ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. და ძალიან მალე, სწორედ მაშინ, როდესაც დემოკრატია თითქოს ასე თუ ისე დამყარდება, მშვიდობიან მანიფესტაციებზე გამოჩნდება გარეუბნელი ნიღბიანი უცნაური ახალგაზრდების ხროვა. ბეისბოლის კომბლებითა და "მოლოტოვის კოკტეილებით" შეიარაღებული. ზუსტდ ისეთები, როგორებსაც პარიზულ მანიფესტაციებიდან

რეპორტაჟებში "ფრანგების "ველური" ქცევით შეძრწუნებული ქართველები ხედავენ დღეს ტელევიზიით. ისინი მაღაზიების ვიტრინებსაც დალეწავენ, მანქანებსაც დაწვავენ, და ლონდონიდან არდადეგებზე ჩამოსულ ექსძველიბიჭების შვილებს კოჭებსაც დაამტვრევენ ბეისბოლის ჯოხებით. ისინი გაცილებით შეუბრალებლები იქნებიან ვიდრე ჩემი თაობის პრიმიტიული ძველი ბიჭები, რადგან მათ დასაკარგი ნამდვილად არაფერი ექნებათ: არც სკოლა, არც ინსტიტუტი, ან მამის კარიერა, რაც მთავარია არც რაიმე მომავლის იმედი. დადგება ნამდვილი ნულოვანი ტოლერანტობის დრო, და ამაზე პასუხისმგებელი ისევე იქნება საზოგადოება, როგორც დღევანდელი ხელისუფლება. თუმცა საზოგადოების პასუხისმგებლობას ხაზს უფრო გავუსმევდი. ის დღემდე ვერ მიმხვდარა, რომ მაგალითად, გირგვლიანის მკვლელობის გამო მსჯავრდბულნი მარტო ყოფილი მაღალი სახელმწიფო ფუნაციონერები კი არა, სწორედ ზემოთ ნახსენები მენტალიტეტით გაზრდილი დაუნდობელი ძველი ბიჭები არიან. ეს ცინიკური მკვლელობაც უფრო ძველბიჭური მოტივით მოხდა ვიდრე პოლიტიკურით, როგორც ის დღეს შუქდება.
თბილისი პარიზივით დეფავორიზებული გარეუბნებით არის გარშემორტყმული. ეს რამოდენიმე ურბანისტული სოციალური სარტყელი, საფრანგეთის დედაქალაქის გარშემო 60 – 70 – 80 წლებში აშენდა. თავიდან იქ ძირითადად ჩრდილოეთ აფრიკის ყოფილი ფრანგული კოლონიებიდან ჩამოსული და ადგილობრივი მუშები დასახლდნენ, ეს პატარა სუფთა ქალაქები თავისი ინფრასტრუქტურით, ერთ დროს ფრანგული სოციალური სამოთხის მოდელებად ითვლებოდნენ. მათი მცხოვრებლები პატიოსნად შრომობდნენ, ქორწინდებოდნენ, შვილებს ზრდიდნენ, პირველ პატარა ორ ცილინდრიან სიტროენს ყიდულობდნენ და პირველად ცხოვრებაში ზღვაზე დადასვენებლად მიდიოდნენ. რაც მთავარია სამუშაო უამრავი იყო.
სოციალური ოქროს ხანა 80 წლების ბოლოს დამთავრდა. სამუშაომ ნელ ნელა იკლო. კეთილ სინდისიერი ემიგრანტების ოჯახში გაზრდილ ახალგაზრდებს ცხადია ნაკლებად იზიდავდა მამის მსგავსად მინიმალური ჯამაგირის გულისათვის მთელი ცხოვრების მშენებლობაზე გატარების პერსპექტივა და ამ ბეტონის მახინჯ პეიზაჟში სიბერემდე ცხოვრება. ისინი მშობლებისაგან განსხვავებით უკვე ინტეგრირებულნი იყვნენ მეხუთე რესპუბლიკაში, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არა ფრანგულ საზოგადოებაში. მათ უკვე თავისი საკუთარი სუბკულტურაც შექმნეს – სტილიზირებული რაპი, ძვირი მარკებით ( ნაიკი, ლაკოსტა, ... ) და როგორც ხდება ხოლმე... ნარკოტიკები, პროსტიტუცია, ძალადობა .
ახალგაზრდების ყველაზე საყვარელი გასართობი, და ამავე დროს ერთგვარი "თრენინგი" კრიმინალურ კარიერის გარიჟრაჟზე, სწორედ დრო და დრო პარიზზე შემოსევებია, რომელსაც ესოდენი სიამაყით ადევნებს თვალს ქართველი მაყურებელი ტელევიზიით და ფიქრობს, რომ მანიფესტაციის წარმართვის კულტურა მაინც გვაქვს ფრანგებზე მეტი. ზოგი პოლიტიკოსი უფრო შორსაც მიდის და ამ გარეუბნელი გარეწრების ფონზე ქართველებს ყველაზე კულტურულ ერად აცხადებს ევროპაში.
საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი პარიზის შეცდომა არ გაიმეოროს და თბილისი არ აქციოს ადგილობრივი და ეგრეთ წოდებული დაკარგული ზონებიდან დევნილი გამწარებული უპერსპექტივო ახალგაზრდების ალყაში მომწყვრეულ "ელიტარულ გეტოდ".
ამ პრობლემას ისეთი მდიდარი და გამოცდილი ქვეყანაც კი როგორიც საფრანგეთია უკვე მეორე ათეული წელია უშედეგოდ ებრძვის. ეჭვი მეპარება, საქართველომ შესძლოს მისი სწრაფად გადაჭრა. გარეუბნელი ტერმინატორები აუცილებლად გაჩნდებიან საქართველოში და თანაც ძალიან მალე, თუ ქვეყნის ყველა სკოლის მოსწავლეს სახელმწიფომ ერთი და იგივე პერსპექტივა არ შესთავაზა. კერძო სკოლები, უკვე კაპიტალიზმის დამახასიათებელი ჩვეულებრივი უსამართლობა გახდება, და არა ის შუასაუკუნეების ფეოდალური უსინდისობა, რომელსაც სამწუხაროდ საქართველოში ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით. და რომელიც ეთნიკურ ქართველებს ყოველდღიურად აცილებს ერთმანეთს რითაც, მათ საშუალო ფოტორობოტის შექმნასაც თითქმის შეუძლებელს ქმნის.

პაატა ქურდაძე
13 აპრილი 2009

გმქდლობთ კომენტარებისათვის. დააჭირეთ ქვევით "კომენტარებს"

23 avril 2009



სიძულვილის მუდმივობის კანონი

შენზე ამბობენ, ჩემო თბილისო,
რომ ღამ ღამობით ჩუმად ტირისო...

კოტე ყუბანეიშვილი











ინდოელი ბუდისტებისა და ჩინელი ტაოისტების მესამე თვალის მსგავსად, ქართველებს ეზოტერიული მეორე ენა გვაქვს. ჩვენი სხეულის ეს უხლავი ნაწილი ძალიან აქტიურია და აღმოსავლელთა შუბლის ცენტრში მოთავსებული "ცოდნის თვალისაგან"(ჯნანა ჩაკშუ) განსხვავებით, სადღაც სხეულის ქვედა კიდურებშია ჩამალული.
ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ვეჭვობდი ამ ენის არსებობას,თუმცა მაშინ მას უბრალოდ საშინაო და საგარეო ენებს ვეძადი. მარტო გინება არა მაქვს მედველობაში. გინება ყველა ენის ბუნებრივი შემადგენელია, დარწმუნებული ვარ ხანდახან შექსპირიც იგინებოდა როცა ცუდ ხასიათზე იყო და შოთა რუსთაველიც, როცა მისი გენიალური სტროფები რითმში არ ჯდებოდა.

ქართველებს ლანძღვა გინება მარტო დედის გინება გვგონია. საერთოდ ძალიან პირდაპირი და უბრალო ხალხი ვართ. მოლოდ ეს ერთი შეხედვით. სინამდვილეში როგორც ჩანს ღმერთმა იპოკრიტობის ფენომენალური ნიჭი დაგვანათლა.

ენის ორმაგი გამოყენების ტექნიკის შემჩნევა ჩვენს განთქმულ სტუმართ მოყვარე სუფრებზეც მარტივად შეიძლებოდა ყოველთვის: დაბნეულ რუს, ან ძალიან იშვიათად უცხოელ ჩვენი კულტურითა და კახური ღვინით მთვრალ დაბნეულ სტუმარს, ხშირად მთელი სუფრა, ქალიცა და კაციც ქირქილით აშაყირებდა მშობლიურ ქართულ ენაზე. სადღეგრძელოს დროს კი, ყანწით ხელში რაღაც ეპიკური ელეგანტურობით მიმართავდა .
ამაზრზენი სანახავი იყო.
მე არასოდეს მინახავს სხვაგან სტუმრის ასეთი ღია და "უბოროტო" დამცირება და ორი წუთის შემდეგ იგივე სტუმრის ღმერთთან გატოლება. (ცნობილი ანდაზის პერეფრაზირება რომ გავაკეთო: მოყვარეს პირში დასცინე მტერს ზურგს უკანო...მართალია, მტერი არ გაპატიებს და თავს გაგიტეხავს).

90 იანი წლების პირველ ნახევარში ენის გამოყენების ამ ჩვენს უღირს ჩვევას დიპლომატიური მძიმე ტვირთი დააწვა. მე მახსოვს ქართული დიპლომატიის პირველი ნაბიჯები პარიზში, როდესაც მისი თანამშრომლები ჯერ კიდევ სასტუმროში ცხოვრობდნენ. სწორედ ამ დროიდან დავიწყე სერიოზულად ფიქრი, რომ ქართველებს მეორე ეზოტერიული ენა გვაქვს და მას სიმხდალის ენა ქვია.

ნებისმიერი მეტნაკლებად ნორმალური ადამიანი, მითუმეტეს ქვეყნის პირველი პირი, უცხოეთში მოგზაურობისას ზუტად ისე ლაპარაკობს როგორც შინ. მხოლოდ არა ქართველი.

მიხეილ სააკაშვილი თავისი პოლიტიკური წარსულის ყველაზე აღგზნებულ წლებშიც კი, 2007 წლის 7 ნოემბრამდე, უცხოეთში გამოსვლებისას ნამდვილი ჯენტლმენივით მეტყველებდა. საქართველოში დაბრუნებისთანავე კი, არყის ბოთლიდან გამოქცეულ მთვრალ ჯინს ემსგავსებოდა.
რა თქმა უნდა, მისი ხელქვეითები ცდილობდნენ არ ჩამორჩენოდნენ "ევროპული კულტურის" ვარდისფერი სიმბოლოს მიერ დამკვიდრებულ მეტყველების ცინიკურ, აროგანტულ სტილს, მოდას. მათ შორს ყველაზე ნიჭიერები აჭარბებდნენ კიდეც . . .
თბილისი - ბერლინი. ავტორი ზურაბ სუმბაძე(1990 წ)
საქართველოში ეს საშინაო და საგარეო ენა ყველაზე შესამჩნევი სწორედ ამ პერიოდში გახდა. ადრე, პოლიტიკოსები ვერც ერთ ენაზე, მათ შორის მშობლიურზეც კი ვერ მეტყველებდნენ ნორმალურად. მთელი 90 წლების განმავლობაში ერთადერთი კაცი ქართულ პოლიტიკაში ვინც ადამიანურად საუბრობდა ზურაბ ჟვანია იყო. დანარჩენები ან ჩუმათ იბღვირებოდნენ ან იგინებოდნენ.დროდადრო როგორღაც ორ სამი წინადადების თქმასაც ახერხებდნენ. თუმცა, ძირითადად მაინც სამი ოთხ კაცს უსმენდნენ და ნაბახუსევზე პარლამენტის დარბაზში თვლემდნენ.

ნამდვილი ვერბალურ კოცონი ქართული პოლიტიკაში როგორც აღვნიშნე, მაშინ ჯერ კიდევ რევოლიუციონერმა სააკაშვილმა დაანთო. რომელიც პრეზიდენტად გახდომის შემდეგ ისე ააგიზგიზა, რომ სულ მალე ხანძარივით მოედო ევროპისაკენ ფართო ნაბიჯებით მიმავალ საქართველოს.

ქართულ პოლიტიკაში ორმგი ენის ნამდვილი ვირტუოზები დაიბადნენ : გიგა ბოკერია, მაია ნადირაზე, გიორგი არველაძე, რა თქმა უნდა დაუვიწყქრი კახა ბენდუქიძე და მრავალი სხვა.

ხშირად მიფიქრია, რა ემართებოდათ, ევროპაში გამოსვლებისას ამ ძალიან ზრდილობიან ხალხს თბილისის ქეროპორტში, სადაც ისეთი ნერვებ აშლილი და აღგზნებულები ჩამოდიოდნენ ტრაპიდან, თითქოს საქართველოს ჰაერი ვიაგრას შეიცავდეს.

პარალელურად ჩამოყალიბდა მეორე, პოლიტიკური ტიტინის სკოლა, რომელსაც ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ ჩაუყარა საფუძველი. ასეთ ენას ფრანგები ხის ენას ეძახიან, ანუ არაფერზე ლაპარაკის ხელოვნებას.
პარლამენტის დივას "მაკდონალდის" დირექტორივით კორექტული გამოსვლები და ქალბატონ სანდრა რულოვსის ფსიქოდელიური მეგრული ნანა, სამუდამოდ დარჩება როგორც რაღაც ენიგმატური ჯადოსნური "ვარდისფერი დინება" ჩემს მეხსიერებაში.
2007 წლის ნოემბერში ხელისუფლებაში ვერბალური ექსპერიმენტების ეპოქა დამთავრდა

ხის ენიანები და უზრდელები გაერთიანდნენ და შექმნეს ლაპარაკის ახალი სოფისტური მანერა. ახალი უემოციო სახიანი ვარსკვლავებით ( შოთა მალაშია, დავით ბაქრაძე, ნიკა გვარამია...), და რათქმა უნდა მთელი პარლამენტი ახალ სტილზე გადაეწყო. თვით ნუგზარ წიკლაურიც კი, რომელმაც სულ რაღაც ერთი წლის წინ თავისი ერთგული აგრესიულობის წყალობით თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა და საპარლამენტო "პიცბულების" ელიტაში საპატიო ადგილი დაიკავა. დღეს ერთად ერთი თავისი ქცევისა და კულტურის ერთგული, ნაციონალური მოძრაობის კლასიკური აროგნტულობის უკანასკნელი დინოზავრი – ქალბატონი ეკა ხერხეულიძეა, რომელიც, ხვრელიდან გველს კი არა, მკვდარსაც კი ამოაძვრენს საფლავიდან, თანაც სულ დედის და "გამზრდელის" გინებით.

ვარდსფერმა ''ინტელექტუალებმა'' თარჯიმნების მთელი არმია უმუშევრად დატოვეს. მათ საკმაო ნიჭი აღმოაჩნდათ კომერციული ინგლისურისა და ღიმილის სწრაფად ასათვისებლად, სულ რამოდენიმე თვიანი სტაჟები ევროპის და ამერიკის ქალაქებში საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის რომ ზიზღისაგან სახე შეცვლილებს, ცხვირ აწეულებს ელაპარაკათ თავიანთ თანამემამულეებთან ევროპული ცივილიზაციის სახელით.

ელდარ შენგელაიას "შერეკილების" პარიზიდან დაბრუნებული პერსონაჟივით ულვაშგაპარსულმა პატარა ფუნაციონერებმა მართლა დაიჯერეს, რომ დიდი ევროპული კულტურის სახელით მთელი საქართველოს ლანძღვა გინებას ვინმე აპატიებდა.
და მწარედ შეცდნენ.

5 წლის განმავლობაში დათესილ სიძულვილს ისინი უკვე დღეს იმკიან: მათი ოპონენტების მხრიდან ენის საოცარად ბოროტად გამოყენების სახით. ამის მომსწრენი ყოველ დღე ვართ, ამ საცოდავ რუსთაველის პროსპექტზე ... ღმერთო ჩემო! პავლოვის ქუჩა მაინც ყოფილიყო... თანაც ერთ დროს წყნარად მოსეირნე ილიასა და აკაკის ძეგლის წინ, რომლებიც უკვე კარგა ხანია "მომიტინგეებად" ვაქციეთ... ძეგლებს თავი დავანებოთ, საშინელება ის არის, რომ უამრავი ინტელიგენტი ადამიანის თანდასწრებით. რომლებსაც ბატონი მაისაშვილი "ნასედკასავით" აიძულებს შეიგინონ, თვითონ კი პროვინციელი როკ ვარსკვლავივით მიკროფონს უშვერს ხალხს და გამარჯვებული დამცინავი ღიმილით ჩუმდება.

რა თქმა უნდა : საკუთარი "ელიტარული" კაპრიზის– სამშობლოს გადასარჩენად ჩამოსულ უოლტ სტრიტის სექს სიმბოლოს გინება არ ეკადრება, სამაგიეროდ მის წინ შეკრებილ " ბრბოს"შეუძლია ეკონომისტი მზეჭაბუკის ვერბალური "ცოდვები" ზიდოს, და ნამდვილი ქართული "პოლიფონიური" გინების ფესტივალი მოაწყოს სირცხვილისაგან თავ ჩაღუნულ გაუბედავი თანამებრძოლების გვერდით.

ორი დღის შემდეგ ,13 აპრილს რუსთაველის იგივე "შტაბ–მიტინგზე" ვიღაც ახალგაზრდა გამოვიდა, უნდა ვიმღერო. მანამდე კი პუბლიკას მიმართა. აღნიშნა, რომ ბატონი მაისაშვილივით გინება არ შეძლება, და რომ ბოლოს და ბოლოს ოდესმე ხომ უნდა გავიზარდოთ.
შეციებული და შეთხელებული პუბლიკა როდესაც მიხვდა, რომ ერთად ერთ გასათბობ საშუალებას, გინებასაც უკრძალავდნენ, მაშინვე სტვენა ატეხა. საცოდავი გიტარიანი ბიჭი სიმღერის გარეშე გააძევეს სცენიდან გაჩეჩილაძის „ჯიგრებმა."

მიტინგის ერთ ერთმა მორიგე ანიმატორმა მამაკაცმა მიკროფონით გულწრფელი გაკვირვება და შეშფოთება გამოთქვა მომხდარი აღმაშფოთებელი ფაქტის გამო. კერძოდ მან განაცხადა, რომ გამომსვლელი ასაკით შვილად ერგება. რომ პრინციპში, წინააღმდეგი არ არის მოუსმინოს შენიშვნებს, მაგრამ არა ლაწირაკებისაგან, რომ აქ უამრავი პატივსაცემი უფროსი თაბის წარმომადგენელია, რომელსაც ჭკუის სწავლება ნამდვილად არ ეკადრება ვიღაც ბავშვებისაგან.

ჩემი აზრით ამ კაცს ხელისუფლების 40 წელს გადაცილებასთან დაკავშირებულის საპირისპირო პარანოია სჭირს, 40 წელს ქვემოთ ყველა იდიოტი გონია.
მის სიტყვებზე პროტესტი არავის გამოუთქავამს. ყველა გაგებით მოეკიდა ახალგაზრდების დისკრიმინაციას, რაც როგორც ჩანს ხელისუფლების საწინააღმდეგო კონცეფციის კონტექსტში მშვენივრად ჩაეწერა. საერთოდ, ამ ბოლო დღეებში აღმოჩნდა, რომ საქართველო არის ქვეყანა სადაც მომღერლებს ხან მომიტინგეები ცემენ, ხანაც პოლიციელების აქცენტიანი ნიღბიანი ბანდიტები.

ვიღაც ქალბატონმა მიკროფონიდან ბოდიში მოუხადა ნაწყენ დამსწრე საზოგადოებას. ამ დროს ავანსცენაზე ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გამოჩნდა, და კლასის დამრიგებლის ტონით აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ შემოგზავნილი პატარა პროვოკატორი იყო და მეტი არაფერი...მან კიდევ რამოდენიმე წუთი იწვალა, სანამ ამ პატარა მორალისტის თავხედობით აღშფოთებული პუბლიკის ყურადღების უფრო მნიშვნელოვან საგნებზე გადატანას მოახერხებდა.
საერთოდ ქალბატონი ზურაბიშვილი თავად მშვენივრად ფლობს ქართულ ვერბალურ იარაღს, თუმცა მისი მრავალრიცხოვანი და ძალიან საინტერესო ინტერვიუების მოსმენისას ფრანგულ და ინგლისურ ენებზე ვერასოდეს ვერ გაიგონებთ საქართველოში უკვე ანეგდოტებად ქცეულ მისი "შედევრების" ექვივალენტს. ფრანგულ ტელევიზიაში ის გაცილებით უფრო მეტი სიფრთხილით არჩევს სიტყვებს. შესაძლოა ფრანგ პუბლიკას მეტ პატივს ცემს? არ ვიცი.

ასევე დარწმუნებული ბრძანდებით ალბათ , რომ ბატონი მაისაშვილი, ამერიკაში ასეთ უკომპლეასო facking თავისუფლების უფლებას თავს ვერ მისცემდა, მით უმეტეს მისი "მეგობარი'' კლინტონების საზოგადოებაში. საერთოდ ჩემი აზრით ამ ერთდროულად მითომან და მეგალომან ეკონომისტს ჯობია მეგობრებმა ფული შეუგროვონ, ერთი სამთვლიანი მოტოციკლეტი "ურალი" უყიდონ და სადმე ნაციონალების მიერ ინდუსტრიალურად "აღორძინებულ" პროვინციაში, "გასტრონომის" დირექტორად დანიშნონ, სახელიც შეუცვალონ, უშანგი დაარქვან. იქნებ ქცევა ისწავლოს. ეტყობა ამერიკაში ცუდ წრეშია მოხვედრილი.

საერთოდ ამერიკა ცუდად მოქმედებს ჩვენს პოლიტიკოსებზე, როგორც ჩანს კოლუმბიისა და ჰარვარდის უნივერსიტეტები ბრონქსში იმყოფება და იქ ექსკლიუზიურად ნარკო დილერები, პროქსენეტები და ქართველი პოლიტიკოსები სწავლობენ. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, იქიდან ყველა გედივით ყელმოღერებული ჩამოდის, ცოტა ხანში კი '' საპოჟნიკებივით"ილანძღებიან.

სულ არ გამიკვირდება რამოდენიმე დღეში ირაკლი ალასანიამაც რომ ვინმეს დედა აგინოს . ბოლოს და ბოლოს ვიზე ნაკლები "ამერიკელია" ?

რატომ გონიათ ქართველ პოლიტიკოსებს რომ საზღვარგარეთ არისტოკრატივით ელეგანტურნი უნდა იყვნენ, სამშობლოში კი ბინძურად იგინებოდენ, თუ არა ის ეზოტერიული სიმხდალის მეორე ენა, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდი?

ხელისუფლებამ, ასე თუ ისე ჭკუა ისწავლა. ვერბალური ღია ხულიგნობა , ნიღბიანი ფიზიკური ხულიგნობით ჩაანაცვლა, ეხლა კომბლებით დასდევს ღამღამობით თავის პოლიტიკურ ოპონენტებს და უმოწყალოდ ურტყავს. როგორც იქნა "მიხვდნენ" რომ ადამიანი ფიზიკურ ტკივილს მორალურზე ბევრად უფრო ადრე ივიწყებს. სამწუხაროდ ამაზე ფიქრი ცოტა დაგვიანებულია.

ოპოზიცია აშკარად ორთოდოქსული მეთოდებით მოქმედებს : ღრიალით და მუშტების ქნევით უმტიცებს მსოფლიოს ჩვენს დიდ კულტურას, ევროპელებზე უფრო მეტ ევროპულობას.

თუ გავითვალისწინებთ, რომ დღევანდელი ოპოზიციის 95% სააკაშვილის ექს ფანკლუბია. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მათ ვერბალური ბრძოლის, სიძულვილის დათესვის დიდი გამოცდილება აქვთ.
რუსთაველზე ნამდვილი ამ დარგის Best Off ია შეკრებილი: უზრდელები, თავშეკავებულები და კომერციულ–კორექტულად მოიტიტინეები. აგრეთვე ახალი ენერგიით სავსე მზის ქვეშ ადგილის დამკვიდრების მსურველები, უბრალო ენთუზიასტები და რა თქმა უნდა, გულწრფელად უკმაყოფილო და დაჩაგრული ხალხი, რომელიც ხელისუფლებამ თავისი არაკომპეტენტურობით ზვიად ძიძიგურის, კოკო გამსახურდიას, გუბაზ სანიკიძის და სხვების ნაციონალისტური ჰალუცინაციების მოსასმენად გაიმეტა თუ გაწირა.

ხუთი წელის განმავლობაში, ბრმა უნდა ყოფილიყავი, რომ ვერ დაგენახა, სააკაშვილის ხელისუფლება თავისი უგუნურებით, ნელნელა როგორ აღვიძებდა მიძინებულ ბნელ ულტრამემარჯვენე ზვიადისტებს . მე არ ვიცი ღირსია თუ არა საქართველო ამის, მაგრამ ეს ხელისუფლება ნამდვილად ღირსია, რომ დღეს რუსთაველზე განწირული ხმით" წმინდა ქართულ სისხლის ჩუხჩუხზე " ისტერიულად ღრიალებენ. ზუსტად ისე როგორც ოცი წლის წინ.

მაესტრო. გამოკითხვები. ტელე ლინჩი. ქალების ანონიმური სატელეფონო მოსაზრებები. რა დაუნდობლები ყოფილან ქართველი ქალები!.. ბევრად უფრო ვიდრე მამაკაცები. გამაოგნებელია ოჯახის დიასახლისების სატელეფონო ზარები. ზოგი ჩაუშესკოს ტრაგიკულ დასასრულს ითხოვს სააკაშვილისათვის. ზოგი უფრო "კთილი" ხელისუფლების წევრთა სამშობლოდან დეპორტაციას ოჯახებით, და ამას უწყვეტად Live ში ანახებს სიტყვის თავისუფლების "შეზღუდვით გატანჯული" ეს აბსოლიუტურად ორიგინალური ტვ არხი.

ოპოზიცია ვერ ხვდება, რომ საზოგადოების მეორე ნაწილი, ვისაც ყოველდღიურად "მაესტროს" Live-ლინჩის სასამართლოდან ქვეყნიდან გაძევებით ემუქრება, არასოდეს არ დაივიწყებს ამ მუქარას, ისევე, როგორც თვითონ არ ივიწყებენ ვარდისფერ რევოლიუციონერების ფიზიკურ და მორალურ რეპრესიებს და 5 წლის განმავლობაში წვეთ წვეთობით ნაგროვებ ბოღმას, რომელმაც ამდენი ხალხი რუსთაველზე გამოიყვანა.

ეს ბოღმა არასოდეს არ თავდება. ის მუდმივია, და ძალიან მარტივად იხსნება ენერგიის მუდმივობის კანონით ელემენტარული სასკოლო ფიზიკიდან.

უკვე ოცი წელია ქართველთა ერთი ნაწილი ერთმანეთს საწამლავივით გადაუსხავს ხოლმე დრო და დრო ამ ბოღმას, რომელიც რამოდენიმე წლის შემდეგ ისევ უკან, საკუთარ ძარღვებში უბრუნდება.
ეს უსასრულოდ გაგრძელდება, სანამ ვინმე გმირი არ გამოჩნდება და თავს არ აიფეთქებს ამ ბოღმის, ამ სიძულვილის მინაზე.

მე არ ვიცი ხელისუფლებას აქვს თუ არა რაიმე გეგმა.შეუძლია თუ არა ამ კრიზისის განმუხტვაზე რაიმე პასუხისმგებლობის აღება.
არ შეიძლება ამ ორგანიზებული ანარქიის დაუმთავებლად გაგრძელება. და თავის ისე დაჭერა თითქოს არაფერი ხდებოდეს.

თუ არა, მაშინ თავად უნდა აიფეთქოს თავი ზემოთ ნახსენებ ნაღმზე. მართლა უნდა გადადგეს. თორემ ეს ყველაფერი ადრე თუ გვიან შეიარაღებულ სამოქალაქო დაპირარისპირებამდე მივა – და მაშინ მთელი საქართველო აფეთქდება.

პოლიტიკა კომპრომისების ხელობაა.
უკომპრომისო პოლიტიკოსები ყველაზე საშიშნი არიან: თუ ხელისუფლებაში მოვიდნენ ტირანიისკენ იწყებენ სწრაფვას.
დღეს საქართველოს თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი, პოზიციაც და ოპოზიციაც უკომპრომისო პოლიტიკოსებით არის სავსე.
ეს ძალიან საშიშია.

ჩვენ სულ ტყუილად გვგონია, რომ სამოქალაქო დაპირიპირება ჯერ არ დაწყებულა. სიძულვილი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაყო საქართველო ორად, არანაკლებად დამანგრეველია, ვიდრე ქვემეხების ფინალური ქუხილი.

მე არ მესმის არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების ბრიყვული სიჯიუტე, რომელიც დღითი დღე რაღაც ავადმყოფურ ფორმას იღებს.
ამ სიჯიუტით მოტანილ ფსევდო თავისუფლებას მე არ ვთვლი თავისუფლებათ. უფრო მეტიც, მე არ მჭირდება ასეთი აროგანტული თავისუფლება. ან თავისუფლება აროგანტულობისათვის.

ის რომ ვერბალურმა სამოქალაქო ომმა თავის პიკს მიაღწია, ძალიან კარგად ჩანს უცნობის საკანში სტუმრების, ქართული კულტურის ცნობილი მოღვაწეების ავტო ფსიქოანალიზის ვიზუალური მოსმენისას.ის რაც მათთვის არცერთ ჟურნალისტს არასოდეს უკითხავს წლების განმავლობაში, თავად, საკუთარი ინციატივით აგვიხსნეს პირდაპირ ეთერში. ამიტომ უცნობის საკანი ერთგვარ ეროვნული "სიბრიყვის" ლაბორატორიადაც კი შეგვიძლია ჩავთვალოთ. რადგან არსად ასე პირდაპირ, ასეთი გლეხური უბრალოებით გულახდილად არ გამოუმზიურებია ბევრ ცნობილ პიროვნებას თავი, როგორც ამ რეალითი "მართლმადიდებლურ სალხინებელში".
მე ზოგიერთი მათგანის მაგალითზე, სიამოვნებით ჩავუტარებდი ლექციას ახალგაზრდებს(მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არა მაქვს როგორ კითხულობენ ლექციას).
მაგალითად რობერტ სტურუას მაგალითზე დავამტკიცებდი, რომ ერი კულტურულია მაშინ, როდესაც მასები არიან კულტურულნი და არა ცალკეული შედევრების ავტორები. რადგან ეს უკანასკნელნი ნებისმიერ მომენტში, სხვადასხვა მიზეზების გამო ზუსტად ისეთები შეიძლება გახდნენ, როგორც მასები, და ღმერთმა არ ქნას რომ ეს მასსა მოცემულ მომენტში კულტურულობის პრობლემას განიცდიდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში საბრალო ესტეტი "გენიოსი" უცებ ვულგარული ბრბოს ნაწილად გადაიქცევა. მერე, მოულოდნელად შეიძლება მისი მონაწილეობით პირდაპირ ეთერში ასეთი დიალოგის მომსწრეც კი გახდეთ .
რობერტ სტურუა: "... აი ის კინო გამახსენდა, რა ქვია... დასტინ ჰოფმანი რომ კეთროვანებს ეხვევა... ჰო "ბატერფლაი"...

უცნობი : "არა კაცო ბაბოჩკა ქვია!"
(მაესტრო. 17 აპრილი 2009)
როგორც ჩანს ამ დღეებში რობერტ სტურუასაც ურჩევნია რაც პირზე მოადგება ის თქვას. მით უმეტეს როგორც აღმოჩნდა ლონდონში დიდხანს ვერ ძლებს: იქაური პირფერობის ტრადიციის გამო. მშობლიური თბილისი კი ამ დღეებში,მეგაფონით მოყვარეზე პირში სიმართლის ძახილის სამოთხეა...
ბატონ სტურუას მხოლოდ იმიტომ შევახსენებ, რომ ინგლისურ თავშეკავებას კულტურა ქვია, რომ მომავალში იქნებ ანგარიში გაუწიოს თავის საჯარო გამოსვლებს. მე არ მჯერა, რომ მას უფროსი გაჩეჩილაძის კინგ კონგივით გულახდილი ღრიალი ერჩივნოს თავისი "ლონდონელი ნაცნობების ღუღუნს", რომელზეც ასე იხალისა იმ საღამოს, არშემდგარ უცნობ აზდაკთან ერთად.
არა მგონია, რომ სტურუა სწორად იქცეოდეს, როცა მის მერვე შექმნილი რამაზ ჩხიკვაძის პერსონაჟის ხმის ტემბრისა და ტონალობის პროპაგანდას ეწევა ისედაც ამ დღეებში საშინლად ხმაურიან ქართველებს შორის. განსაკუთრებით უცნობთან, რომელიც ისედაც აშკარად რამაზ ჩხიკვაძის დიდი გავლენის ქვეშ იმყოება, განსაკუთრებით როდესაც ღამ ღამობით მარტო რჩება ხოლმე საკუთარ წარსულთან და კამერებთან.

ბატონი სტურუა თვითონ საკმაოდ წყნარი მოსაუბრე ჩანს.
ბრიტანული სახელი, რობერტი ქვია, და ლამის შექსპირის ინკარნაციად ითვლება საქართველოში.
მას პირიქით შეეძლო შეეხსენებინა აღგზნებული თანამემამულეებისათვის, რომ პიროვნების კულტურა მის ექსტემალურ სიტუაციაში მოხვედრისას ჩანს, სწორედ ისეთში, როგორშიც დღეს ქართველები ვიმყოფებით.

გია მაისაშვილმა, ძმებმა გაჩეჩილაძეებმა და ბევმა სხვამ დასაწყისშივე ვერ გაუძლეს პოლიტიკურ კულტურულ რყევას და "ალალმართლად" აროგანტულები გახდნენ. ეს მე არ მიკვირს. სტურუას მიერ წყნარი იუმორით ლონდონელ ნაცნობებზე ღადაობა კი, რომლებიც საქართველოზე როგორც ჩანს არც თუ ისე დიდი წარმოდგენის არიან, გულს მიკლავს. ბატონი სტურუა მათ მუსულმანურ წარმოშობას იხსენებს და მაშინვე ისლამისტური ტერორიზმი ახსენდება.

მე რობერტ სტურუა არ მემეტება ამ აროგანტული ლაზღანდარობისათვის, რომლის გამოც მას იგივე ინგლისში სერიოზული პრობლემა შეექმნებოდა: იურიდიულს რომ თავი დავანებოთ, ეთიკური თვალსაზრისით მაინც... თუმცა მისი თანამოსაუბრე იმ საღამოს პირში მყვირალა საქართველოს დამსახურებული ვიდეო პატიმარი ბატონი გაჩეჩილაძე გახლდათ გახდათ, და არა ვინმე პირფერი ინგლისელი, რომელმაც კარგად იცის, რომ კულტურა არა მხოლოდ კარგი მანერებია, რომელიც ასე აკლიათ რუსთაველის პროსპექტზე ღრიალის ფესტივალის ორგანიზატორებს. კულტურა არც მხოლოდ შედევრების შექმნაა, და საკუთარი ისტორიის დროშასავით ფრიალი. კულტურა უამრავი პატარა ყოველდღიურად, ყოველ წუთს გამოსაყენებელი წვრილმანი დეტალებია, რომელიც ასე გვაკლია, და გვგონია, რომ რადგან ჯერჯერობით ნაჯახებით არ დავდევთ ეთმანეთს და ვიტრინებს არ ვლეწავთ ამიტომ ფრანგებზე უფრო კუტურულები ვართ.

გვავიწყდება, რომ სულ რაღაც ჩვიდმეტი წლის წინ შეუდარებლად უფრო ბარბაროსები ვიყავით ვიდრე მთელი ევროპის ხულიგნები ერთად აღებულნი... გვჯერა, რომ ვარდების რევოლიუციიდან მოყოლებულნი ჰუმანიზმის ანგელოზები გავხდით.იმიტომ რომ მაშინდელი ბარიკადის არც ერთ მხარეზე დგომს არ უნდა აღიაროს, რომ ზვიადისტებიც, იოსელიანის მოროდიორებიც და შევარდნაძის კორუმპირებული გარეწრებიც ჩვენ თვითონ ვართ, მხოლოდ ცოტა სახეშეცვლილნი.

ჩვენი შედარებითი სიმშვიდე რუსთაველის აქციებზე სწორედ იმ მოგონებების კოშმარით არის გამოწვეული, და არა კულტურით: ჩვენ კარგად ვიცით სადამდე შეიძლება მივიდეს ჩვენი განთავისუფლებული ეროვნული სისასტიკე. რომელმაც 17 წლის წინ ყველაზე ანარქიული და ბანდიტური სახელმწიფო შექმნა თანამედროვე ევროპაში... და ჩვენ კიდევ თავხედობა გვყოფნის დიდ კულტურულობაზე ვლაპარაკობთ?! შოთა რუსთაველით და გალაქტიონით გვინდა მოვწმინდოთ ნამუსი 90 იანი წლების ბარბაროსებს და უბოროტო პროვინციული სნობიზმით გადავთვალოთ ვის მხარეზე უფრო მაღალი ხარისხის დამსახურებული კულტურის მოღვაწეა... ეს პროვინციული სნობიზმი უკულტურობის ყველაზე დიდი ნიშანია, და ძალიან ვწუხვარ, თუ მასში ბევრი "ქართული აკადემიის" აკადემიკოსი იდენტიფიცირდება.

როგორც ამბობენ პოლიცია დღეს არ ერევა თბილისური ნაზი გაზაფხულის სააღდგომო "ნოკტიურნ" ცემატყეპაში... არაფერს გაგონებთ ეს დადგმული ანარქია, 90 წლების ამაზრზენი პირველი ნახევრიდან? ხომ არ გეჩვენებათ, რომ დაკანონებული სასტიკი და მანიაკალური ანარქიის "კულტურა" სწორედ მაშინ შევიძინეთ? და დღეს, როდესაც დაგვჭირდა მტვრიანი სხვენიდან ჩამოვათრიეთ და ქალაქში დროებით ძველი ხალიჩასავით მოვფინეთ?

მოღრიალე პოლიტიკოსები უკულტურო ხალხია. ისინი დემოკრატიას ვერ ააშენებენ. ამას კატეგორიულად და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. სამწუხაროდ ასეთები ორივე მხარეს ძალიან ბევრია.

სანამ ამ  უგემოვნო ანარქიას მთლიანად არ წაულეკია ჩვენი საბრალო ქვეყნის ნარჩენები იქნებ რამე მოვახეროთ?

ამ ფსევდო პოლიტიკოსებს თუ სააკაშვილის გადასაყენებლად წელიწადში ერთხელ ქვეყნის ასეთ ქაოსში გახვევა სჭირდებათ და მაინც არაფერი გამოსდით, წარმომიდგენია სახელმწიფო მმართველობაში მოსვლის შემდეგ, როდესაც რეალური და ბევრად რთული პრობლემების წინაშე დადგებიან რა ისტერიკა დაემართებათ: არა ნეკლები, ვიდრე ვარდისფერებს ან მათ წინამორბედებს დაემერთათ... ბოლოს და ბოლოს ვარდისფერიც ხომ გახუნებული წითელია! ამის დავიწყება უგუნურება იქნებოდა.

სააკაშვილი წავა, მაისაშვილიც დაუბრუნდება თავის ამერიკას, გივი თარგამაძეც იპოვის თავის სულიკოს და დაწყნარდება, გაჩეჩილაძეებიც... რომელიმე მატარებელს შეახტებიან... მათ მალე დაივიწყებენ ქართულ პოლიტიკაში, რადგან პოლიტიკას საერთოდ, ძალიან სნობური და მოკლე მეხსიერება აქვს: პატარა ჯარისკაცებს მალე და საუდამოდ ივიწყებს.
სამაგიეროდ, ისედაც დასახიჩრეულ ქართულ კულტურას ისინი კარგა ხანს დააჩნდებიან ტატუირებულნი ამ ტექსტივით :
100-კაციანი ოპოზიციური სუფრა პრეზიდენტის კანცელარიასთან, აქციის მონაწილეებმა ლიდერებთან ერთად დღეს ქათმის ხორცით გაიხსნილეს. სუფრაზე კვერცხი, პასკა და კახური ღვინოც მიიტანეს. თამადა კობა დავითაშვილი იყო. ქეიფს ლეიბორისტებიც ესწრებოდნენ. სუფრის შემდეგ ლიდერები სამების საკათედრო ტაძარში წავიდნენ.ლეიბორისტებმა კი სააღდგომო აქცია სააზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართეს. შალვა ნათელაშვილის თანაგუნდელები პასკებით და სანთლებით რუსთაველზე და ავლაბარში პრეზიდენტის კანცელარიასთანაც მივიდნენ (rustavi2.com 20.04.2009)პაატა ქურდაძე
23 აპრილი 2009

7 avril 2009

პატარა "უკულტურო" რევოლიუცია


















9 აპრილამდე ისე ცოტა დრო დარჩა, რომ ცოტა დასანანიც კია : ნახავრად ჩაბნელებული ეროტიკა მთავრდება, იწყება პროჟექტორებით საპერაციო მაგიდასავით განათებული უხამსად შიშველი პორნოგრაფია.
კულტურას ისევ თაროზე შემოდებს ბარიკადების ორივე მხარეზე მყოფი პოლიტ ელიტა უკეთესი მომავლის მოლოდინში. ქართველ ჟურნალისტები მით უმეტეს: სულ რამოდენიმე იშვიათი გამონაკლისის გარდა , მათ კულტურა არასოდეს აინტერესებდათ, რადგან კარგად იციან უნიჭო პოეტების დევიზი, ზარბაზნებისა და მუზების შესახებ. თუმცა ქართველი მუზები ბოლო წლების განმავლობაში ზარბაზნების გარეშეც დუმან, მრგვალი ფილარმონიის წინ მოცეკვავე მუნჯი ვერელი მუზასავით. რომელიც მხოლოდ სნობურად, დამცინავად იღიმება მომღერალი შადრევნების სველ კორდაბალეტზე.
ჩემი აზრით, საქართველოში 1991 წლიდან მოყოლებული ზარბაზნები სწორედ მუზების დუმილის გამო ქუხან .
ჩვენი კულტურა ვერაფრით გასცდა "მშვიდობიან მანიფესტაცებზე" სანთლებით ხელში ხმის ჩახლეჩამდე მამაო ჩვენოსა და გადადექის ღრიალს. ჩვენ ვერც ერთხელ ვერ გამოვიტანეთ გაბედული მართალი დასკვნები ჩვენი შეცდომებიდან და ამიტომ გამუდმებით ერთი და იგივეს შეცდომებს ვიმეორებთ. მუზები კი უკეთეს შემთხვევაში პოლიტიკაზე ლაპარაკობენ.
მაგალითისათვის ჩემთვის უცნობიც საკმარისია: მისი უცნაური
პოლიტიკურ პროცესებში ანგაჟირებული მუზა, მიკროფონით ხელში გაცილებით უფრო დამაჯერებელი იქნებოდა , ვიდრე იმ აბსოლიუტურად პრიმიტიული "მსჯელობებისას" რომელის მოსმენა ჩემს ძალებს უკვე აღემატება. მადლობა ღმერთს მისი ტანჯვა 2 დღეში დამთავრდება, თორემ ალბათ აკრობატებისა და სტრიპტიზიორების აყვანა მოუწევდა შოუსათვის მაყურებლის შესანარჩუნებლად.

ხანდახან ვფიქრობ, რა მოხდება, მართლა რომ გადადგეს სააკაშვილი? მართლა თუ გაშლის უცნობი რუსთაველიდან რიყემდე სუფრას კოლექტიური ქეიფისათვის, როგორც ამას წინად შეგვპირდა? არ გამიკვირდება. მით უმეტეს, რომ ქალაქში კოლექტიური საცივისა მომზადებისა და ხაჭაპურის გამოცხობის ტრადიციას უკვე ჩაუყარა საფუძველი ნაციონალური მოძრაობის აგიტაცია პროპაგანდის სამსახურმა – თბილისის მერიამ, რომლის გემოვნება აშკარად ვერ ცდება საკუთარ მოედანზე აღმართულ ზურაბ წერეთლის "ბეტონის ჩურჩხელაზე" შემოსკუპებულ მოოქროვილ "მამალოს".

მართლაც გასაკვირია. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ 30 წელს ახლახანს გადაცილებულ ქალაქის მერს, გიგი უგულავას და მის 73 წლის მოსკოველ კოლეგა იური ლუჟკოვს ერთნაირი გემოვნება და კულტურის მიმართ დამოკიდებულება ექნებოდათ. განსაკუთრებით ზურაბ წერეთლის შემოქმედების მიმართ.
უფრო მეტიც, ჯორჯ ბუშის ავენიუ თბილისში თავისი სამარცხვინო მლიქვნელობისა და უკულტურობის მასშტაბით საბჭოთა "ზასტოისაც" კი ბევრად აჭარბებს. არც თბილისში და არც თავისი მლიქვნელობით სახელგანთქმულ ალიევის ბაქოში ლეონიდ ბრჟნევის სახელი ქუჩისათვის მის სიცოცხლეში არ დაურქმევიათ. მე გულწრფელად მეგონა, რომ პრეზიდენტი ამ სამარცხვინო იდეის ავტორ მერს პრობლემებს შეუქმნიდა. თუმცა მალე დავრწმუნდი, რომ მისი და საკუთარი "ახალგაზრდა– ბებერი" ფუნქციონერების გემოვნება სავსებით იდენტურია.

მარტო ეს ორი დეტალიც საკმარისია ჩემთვის, რომ დავასკვნა: ვარდების რევლიუციად ხსენებული მოვლენები, სულაც არ იყო რევოლიუციური. ცვლილებები არ ნიშნავს რევოლიუციას. მკვდარ ჭაობში ამოვარდნილი პატარა ნიავი და ბაყაყების ყიყინი მხოლოდ სიცოცხლის ილუზიას ქმნის და არა მოძრაობას, თავად სიცოცხლეს. რევოლიუცია ჯერ ადამიანების ტვინებში ხდება, შემდეგ კი ქუჩაში თუ პარლამენტში.

მე საქართელოს დიდ რევოლიუციურ ცვლილებებს ნამდვილად ვერ ვატყობ, იგივე ქალაქის მერთან ინტერვიუმ (ტოკ შოუ პოზიცია, რუსთავი 2 3/03/2009) კიდევ ერთხელ გამოაჩინდა, რომ კულტურული პროგრესი ზურაბ წერეთლის ჩურჩხელას აღმართვის შემდეგ ბატონ ქალაქის თავს ნამდვილად არ განუცდია. მან თავისი გამოსვლა ასე დაამთავრა : წინ არის აღდგომა, 9 დან 18 მდე არის მძიმე მარხვა,და არა მგონია, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა, მიუხედავად მძიმე მარხვისა, მძიმე გადაწყვეტილებები მიიღონ... ეს ქვეყანას დააზარალებს მხოლოდ. მეტი არაფერი!!!!!!

საინტერესოა ეს "21 საუკუნის" პოლიტიკოსი როგორ ახერხებს წითელი ''ზასტოისა'' და ბნელი შუა საუკუნეების ასე "პროფესიონალურად" შეთავსებას ერთმანეთან? ალბათ საკუთარი ოპონენტების პოლიტიკური და საერთო კულტურაც ეხმარება...გასულ წელს 6 იანვარს, წინა დღით "ტოტალურად გაყალბებული" საპრეზიდენტო არჩევნების გამო, შეთანხმდნენ. 7 ში შობაზე ღმერთი არ აპატიებდათ მიშასათვის კუდით რომ ქვა ესროლინებინათ და 8 რიცხვისათვის გადადეს. ხოლო საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საწინააღმდეგო პროტესტი ბარსელონას თამაშმა შეაფერხა ერთი დღით...

საქართველოს სხვადასხვა ქალაქების ცენტრებში ლენინის ძეგლის ახალი სიმბოლოებით ჩანაცვლებამ, ყველაზე კომიკური სახე ბათუმში მიიღო, სადაც ხსენებული "რევოლიუციის" შემდეგ თავიდან ასლან აბაშიძის ბრინჯაოს არწივის მსგავსი ფრთებიანი ურჩხული შემოასკუპეს სვეტზე. რომელიც თითქოს ზურაბ წერეთლის ოქროს წმინდა გიორგის დაუძვრა ხელიდან, თუ ცხენის ფეხებიდან და ბათუმში ჩამოფრინდა.

სულ მალე გადაწყვიტეს, რომ საქართველოს დაუძინებელი მტრის კუთვნილი ბრინჯაოს ჩიტის ქალაქის სიმბოლოდ გადაქცევა იდეოლოგიურად გაუმართლებელი იქნებოდა. მოხსნეს და მოოქროვილი მედეა შესვეს მის ადგილზე. მას თურქეთიან ახლად ჩამოსული ბაზრობის ვაჭარი ქალივით ხელში ოქროს საწმისი უჭირავს, რომელიც მშობელ მამას აწაპნა, და თითქოს გმვლელ გამოვლელს თავაზობს, "ძალიან იაფად".

მოგვიანებით ვიღაცას გაახსენდა , რომ უცხოეთში მედეას პერსონაჟის ''ცნობადობის" მიუხედავად, ქალაქის სიმბოლოდ სამშობლოს გამყიდველი და საკუთარი შვილების გამწირავი ქალის გამოცხადება ეროვნულ ხატად არაკორექტული იქნებოდა. და რომ საერთოდ, ჯადოქრებს და შვილების მკვლელებს ძეგლებს არ უდგამენ.






















სულ ახლახანს , როგორც შევიტყვე აჭარაში პრეზიდენტის რწმუნებულს, უგულავას თანატოლ ლევან ვარშალომიძეს, ბათუმის ახალი სიმბოლო მოუგონებია : ფლეიტიანი ბიჭი!.. ვარშალომიძის ფანტაზია, თუ მახსოვრობა არ მღალატობს 2 მილიონ ლარამდე ღირს და მას ახლო მომავალში იხილავენ ბათუმელები და მისი სტუმრები.

რა თქმა უნდა ძალიან მაინტერესებს, სად ნახა ბატონმა რწმუნებულმა ასე მასიურად ფლეიტიანი ბიჭები ბათუმის ქუჩებში ? კიდევ უფრო მეტად მაინტერესებს: პრეტექსტით, რომ "იმას მაინც ხომ ჯობია რაც შევარდნაძის დროს იყო", რატომ ხორციელდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ფუნქციონერების უგემოვნებო "მხატვრული" ჰალუცინაციები?

ამ თითქოს ერთი შეხედვით უაზრო კითხვას, აბსოლიუტურად მარტივი და ლოგიკური პასუხი აქვს: რატომაც არა!
თუ კი არტისტებს გამუდმებით პოლიტიკაში აქვთ ცვირი ჩაყოფილი, რატომ არა აქვთ უფლება პოლიტიკოსებსა და ფუნქციონერებს საკუთარ "მხატვრულ" ფანტზმებს გასაქანი მისცენ ? ვერავინ დამაჯერებს, რომ ბარიერის სხვადასხვა მხარეს დამბაჩებ შემართული ორი ოთარი: მეღვინეთუხუცესი და კობერიძე, უკეთ ერკვევიან პოლიტიკაში ვიდრე უგულავა და ვარშალომიძე მონუმენტალურ ქანდაკებაში.

27 მარტის ტოკ შოუ "პოზიციაში" (რუსთავი 2) ერთ ქართველ " ძალიან" თანამედროვე და ძალიან კონცეპტუალისტ ცნობილ მახატვარს ნიკო ცეცხლაძეს მაინცა და მაინც ქართულ პოლიციელთა უსაზღვრო, თავგანწირულ პატრიოტიზმზე დასჭირდა ლაპარაკი, თავისი მხარდაჭერა და სიმპათია რომ გამოეხატა მმართველი ხელისუფლების მიმართ. თუ ასეთ მხატვარს ქალაქის საკრებულოს ყოფილი შეფის, ბეგაშვილის ორიგინალური ტექნიკის გამოყენება ესაჭიროება თავისი შეხედულებების გამოსახატავად, მაშინ ამ ტექნიკით შესრულებული მისი ''კონცეფცია" ჩემთვის , ვარშალომიძის ფლეიტიანი ბიჭის ტოლფასი უნიჭობაა. (შეგახსენებთ უნიფორმიან "პიცბულებში" უგონოდ შეყვარებული გადიპლომატებული ბეგაშვილი 2007 წლის 7 ნოემბერს შეცბუნებულ პოლიციელებს რუსთაველზე ისე ურიგებდა მარცხნივ და მარჯვნივ მხურვალე კოცნას, თითქოს ვიეტნამში ჩასული მერლინ მონრო ყოფილოყო) .

სწორედ ამიტომ ვარშალომიძე უკვე აღარ თხოვს პოლიციელების ახალ ფანს, კონცეპტუალისტს მხატვარს, პროფესიულად მიიღოს მონაწილეობა ქალაქის გალამაზებაში, თვითონ იწყებს ხატვას!!!!! ვერც გაამტყუნებ: ისინი ერთი და იგივე ენას იყენებენ თავიანთი კონცეფციების ხორცშესხმისათვის. რატომ ცეცხლაძე და არა ვაშალომიძე?...

განა ასეთი მხატვრები ღირსები არ არიან, რომ მიუხედავად გამოცდილების, ასაკის და ნიჭისა, მათი არც ერთი ნამუშევარი არ დგას სასაფლაოსავით ბიუსტებით და აგრეთვე "ცხენიანი კაცებით" გადაჭედილ თბილისში ? ქალქაში, რომელშიც ერთი თანამედროვე სკულპტურული კომპოზიციაც არსად დადგმულა "ალუმინის ქართლის დედის" შემდეგ?

განა გასაკვირია, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა კულტურის დარგში მრჩევალი ვერ იპოვა თავის უკულტურო გარემოცვაში და სპეციალურად საფრანგეთიდან რაფაელ გლუქსმანი ჩამოიყვანა? იმედი მაქვს ბატონი რაფაელი პრეზიდენტის და მისი გარემოცვის კულტურულ დონეზე დადებით ზეგავლენას მოახდენს. ეს მათ ნამდვილად ესაჭიროებათ. განსაკუთრებით ქალაქის მერს, რომლისთვისაც თანამედროვე ხელოვნება, როგორც ჩანს ზურაბ წერეთლითა და რამოდენიმე ქართველი მანეკენი გოგონათი შემოიფარგლება.
გლუქსმანის "დონის" მრჩეველების პოვნა ალბათ ძალიან "გაჭირდება", ამიტომ იქნებ ფრანგი სტუდენტები მაინც გავგზავნოთ თბილისში, მაკდონალდში ჯიბის ფულისათვის მუშაობას ალბათ ამჯობინებენ, არდადეგებზე ქართველი პოლიტიკოსების კულტურული დონის ამაღლებაზე იზრუნონ ბათუმის ინტურისტში, შარდენის ქუჩაზე, ან ანტალიაში.

მე კარგად მახსოვს, როდესაც თბილისში სანაპიროზე გზების მშენებლობის სამინისტროს იმ ეპოქისათვის ფუტურისტული შენობა აშენდა (არქიტექტორი თ.კიკნაძე). ან როდესაც ქართულ კინოში "უცნაური" ფილმების გადაიღეს პირველად ქართველმა რეჟისორებმა, რობერტ სტურუამ კი უცნაური სპექტაკლების დადგმა დაიწყო... მათ ყოველ ნამუშევარს 'მოუმზადებელი" ქართველი საბჭოთა საზოგადოება სწორედ ისე იღებდა, როგორც საჭირო იყო : არ არსებობდა ეს საკვირველი სნობური ბარიერი რომელიც 80 წლებიდან აღიმართა პუბლიკასა და არტისტებს შორის. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ხალხს არაფერი ესმის , ძირითადად ორიენტაცია დასავლურ პუბლიკაზე გავაკეთეთ, მათ გემოვნებაზე... რომელზეც ხშირად წარმოდგენაც არ გვქონდა, და როდესაც მასში გავერკვიეთ, უკვე თავგზა აბნეულნი და დაღლილები აღმოვჩნდით დასავლური კონტრფაკტების კეთებით...

საქართველოში კი ამასობაში, მარათლა ნამდვილი "კულტურული ბარბაროსები" მოვიდნენ, , უამრავი ნიჭიერი არტისტი აიძულეს ქვეყნიდან წასულიყო. თვითონ კი რაც შეეძლოთ თითქმის ყველაფერი დაანგრიეს. მერე ამ ნანგრევებზე ფერად ნათურებიანი ჭყეტელა რელიგიურ–პატრიტული დისკოტეკა გამართეს.

მზარავს ამაზე ფიქი, მაგრამ ფაქტია, 30 წლის წინანდელი ქართული კულტურა უფრო პროგრესული იყო იმ ეპოქისათვის ვიდრე დღევანდელი. ხარისხზე აღარაფერს ვამბობ. ამას რა თქმა უნდა თავისი მიზეზები აქვს, მაგრამ ეს მიზეზები მოსაძებნი და შესასწავლია სწორედ იმ ადამიანების მიერ, ვინც დღეს მთელ თავის ენერგიას აბსოლიუტურად ბავშვურ არაკომპეტენტურ პოლიტიკურ ტიტინში ხარჯავს, რომელსაც დებატებს უწოდებს და აღარ ახსოვს რომ კულტურა გაცილებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის მართვაში ვიდრე ეს ჩვენს პოლიტ "ელიტას" წარმოუდგენია.

მე ვთვლი, რომ გასულ კვირას საზოგადოებრივ არხზე ინგა გრიგოლიას მიერ მოწვეული სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის წარმოუდგენლად არაკომპეტენტური "შეხედულებები" დემოკრატიის შესახებ, სწორედ კულტურის დეფიციტის გარემოცვაში იშვა, ეგრეთ წოდებული "ტელე დაპატიმრებებიდან" რამოდენიმე წლის შემდეგ კი უტიფარ ფსევდო თეორიად ჩამოყალიბდა; .

ის დღესაც თვლის, რომ ქურდებს, ბანდიტებს და საერთოდ კრიმინალებს უფლებები არ გააჩნიათ. სამწუხაროდ ასე ფიქრობს მმართველი გუნდის ის წევრებიც, რომლებიც ჯერჯერობით ოპოზიციაში არ გადასულან. თუმცა "რჯულზე მოქცეულებსაც" არაფერი ეტყობათ სინანულის. მით უმეტეს რომ სინანული საკმარისი არ არის.

საქართველო არის ქვეყანა, სადაც , მაგალითად ბონდო შალიკიანს, ვინც არ უნდა იყოს იგი, თუნდაც ყველაზე დიდი კრიმინალი, არა გააჩნია უფლება . გააპროტესტოს ტელეკამერებით ძალადობა საკუთარი პირად ცხოვრებაზე.

მე არ გამიგია ვინმეს ოპოზიციის მხრიან აზრად მოსვლოდა, რომ ამ ტელე დაჭერების ავტორებზე მეტად წესით ტელე არხებისათვის მოეთოვა პასუხი ამ კადრების აბსოლიუტურად უკანონოდ ჩვენებისათვის.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ. თავად პრეზიდენტიც არ ერიდება ტელევიზიით ყოფილ დეპუტატს ლევან პირველს მკვლელობაში ღიად დადანაშაულებას, როგორც ეს მან 13 მარტს გააკეთა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე. თუ ეს მართალია, სულ ცოტა ინტერპოლით მაინც ხომ უნდა მოეთხოვა შესაბამის სამსახურს "ქართველი ლიტვინენკოს" სამშობლოში დეპორტაცია?

უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა თავად ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. ამიტომ მე განსხვავებას ვერ ვხედავ დამნაშავეებსა და მათ დამპატიმრებლებს შორის. .. ყველაზე აბსურდული კი ის არის, რომ ამ უდანაშაულობის პრეზუმპციაზე გამუდმებით მოწუწუნე ოპოზიცია , როცა მოეპრიანება თავად არღვევს ამ უდანაშაულობის პრეზუმპციას და მთვრალი" ბაბუშკასავით" ლანძღავს ვისაც უნდა.

მე არ მინდა ცუდი იდეისაკენ ვუბიძგო ვინმეს, მაგრამ ის, რაც მაესტროს ეკრანზე ხდება ნამდვილად ექვემდებარება მინიმალურ სანქციებს მაინც, თუმცა ვისა აქვს ამ სანქციების დადების მორალური უფლება ქვეყანაში, სადაც ვარდისფერი ადვოკატი პრეზიდენტიც კი დღეში ათჯერ არღვევს ამ ბაზობრივ სამართალს. ვისა აქვს უფლება პასუხი მოსთხოვოს უცნობს და მის სტუმრებს ვერბალური უკანონობისათვის ქვეყანაში, რომელშიც, როგორც წინა ჭაღარა რეჟიმის დროს იტყოდნენ , ყველა გასვრილია?

მით უმეტეს, უცნობმა, მხოლოდ რუსათავი 2 ის რევოლიუციამდელი "ვარდისფერი" ტელე აღვირახსნილობა ააღორძინა, როდესაც დღევანდელი ხელისუფალნი კიდევ უფრო მეტი მონდმებით ილანძღებოდნენ და ამას სიტყვის თავისუფლებას ეძახდნენ. გეგონება ბიბლიურ სულ "პირველ სიტყვაზე" ყოფილიყო ლაპარაკი და არა ჩვეულებრივ გაკაპასებულ ლანძღვა გინებაზე.
ამას ბოლო უნდა მოეღოს. ადამიანებს უნდა აუხსნან რომ მაესტროს ლაივ შოუს არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან, და რომც ქონდეს კიდეც, არ შეიძლება ის ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვის უფლებაზე მაღლა დავაყენოთ, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი. ქურდი, პოლიტიკოსი, მწერალი თუ მანიაკი კილერი.
ამ უკულტურო და უფასო ლანძღვა გინების ტრადიციის ჩამოყალიბებაში თავად მმართველ პარტიას უზარმაზარი წვლილი მიუძღვნის. განსაკუთრებით კამერებით შეიარაღებული რუსთავი 2 ის ტელე ხულიგნების ყოფილი პატრონს, ეროსი კინწმარიშვილს. რომელიც დღეს ისეთი ინგლისური სიტყვებით გატენილი ხაზგასმული და კოპწია კორექტულობით ლაპარაკობს,რომ რომ არ ვიცოდე ვინ არის, ვიფიქრებდი ჩემი უბნის სუპერმარკეტის მთავარი მოლარეა მეთქი.

"რევლიუციის" შემდეგი პერიოდი ნამდვილ ლანძღვა გინების რენესანსად იქცა, თავისი კლასიკოსებით მაია ნადირაძით, ბენდუქიძითა და მარადიული გივი თარგამაძით. სამწუხარდ 2007 წლის ნოემბერმა ასე თუ ისე წერტილი დაუსვა ჟანრის განვითარებას. ან იქნებ ვცდებოდე, იქნებ უბრალოდ ოპოზიციამ გამოცდილება შეიძინა და გაძლიერდა: დღეს მათ ნამდვილად ყველანაირი მუხრჭი მოხსნილი აქვთ.

მაგალითისათვის შემიძლია გავიხსენო კოკო გამსახურდიას ამას წინანდელი განწირული ღაღადი შვეიცარიიდან, თითქოს და პატრიარქი ხელისუფლებამ მოწამლა და ის უკანასკნელ წუთებს ითვლიდა. რომ როგორც სანდო წყაროებიდან შეიტყო, პატრიარქი გერმანიიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდებდა. რეაქცია მართლაც სერიოზული იყო. მთელი საქართველო ლოცულობდა პატრიარქის გადასარჩენად. მეც კი მივიღე ემაილი თხოვნით რომ მელოცა.

პატრიარქი კი რამოდენიმე დღეში საღ სალამათი ჩამოფრინდა თბილისის აეროპორტში ხელისუფლების გაგზავნილი ჯეთიტ და კომენტარიც კი არ გაუკეთებია კონსტანტინე გამსახურდიას დაყრილ ჭორებზე.

კოკომაც, ვითომ აქ არაფერიო, ულვაშები გაიპარსა, ახალი, უფრო "კლასნი" ჰალსტუკები და პერანგები იყიდა, ჩამოვიდა შვეიცარიიდან და ეხლა ამერიკიდან ჩამოსულ გია მაისაშვილთან ერთად ხან ინგა გრიგლიას "ეპრაჭება" პირდაპირ ეთერში, ხან "რუსთაველ" ნინო შუბლაძეს.

ცხადია კაცს არ მოუთხოვია მისთვის პასუხი... საერთოდ, საკვირველი ხალხია ეს გამსახურდიები... მაგრამ ამაზე სხვა დროს...

უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის გამო ვინმეს დასჯის პრეცედენტი, ჯერ არავის უნახავს საქართველოში. ამ ტელე ლაზღანდარობამ ჯერ შევარდნაძის ხელისუფლება შეიწირა, ეხლა სააკაშვილისას უღებს ბოლოს, და დარწმუნებულნი იყავით,ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მათ მემკვიდრეებასც საფლავს გაუთხრის .

სხვათაშორის, ძალიან მაინტერესებს, როგორ აუხსნის უცნობი მომავალ გაბრწყინებული საქართველოს ოპოზიციონერ"ტელე პატიმრებს," რომ ადამიანების პირად ცხოვრებაში ფათური და იურიდიულად დაუსაბუთებული ბრალდებები კანონით ისჯება. როგორ აუკრძალავს მათ ''ლევაააააან!" – ის ან "გუუუუ.......ბაზ" –ის ღრიალს პირდაპირ ეთერში?ისინი სააკაშვილივის ხელისუფლებასავით მედიის მძევლებად გადაიქცევიან. ან მათსავით მოუწევთ რამოდენიმე წლით დრაკონული კონტროლის დაწესება ტელევიზიებზე, რაც თავის მხრივ ისევ ნოლზე დაიყვანს დემოკრატიული სტრუქტურების შენების პროცესს.

ჩემთვის სამწუხაროა რომ 5 წლის შემდეგ ისევ იდენტურ პრობლემაზე მიწევს წერა. წერილი რომელის პატარა ფრაგმენტსაც ქვემოთ გთავაზობთ, "ვარდების რევილუციიდან" ათი დღის შემდეგ 2003 წლის 3 დეკემბერს არის დაწერილი. ის გაზეთ "რეზონანსში" გამოქვეყნდა სათაურით Black Out ქართულად –პრესის თავისუფლების შესახებ:

თუ ვინმე თვლის, რომ ჟურნალისტის თავისუფლება სხვა ნებისმიერი ადამიანის თავისუფლებაზე უზენაესია, კატეგორიულად ვუპასუხებ, რომ ძალიან ცდება. არა და შორიდან დანახული ქართული მედია სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს.
სიტყის თავისუფლება არ უნდა ნიშნავს დაღმართში დაგორებულ უმართავ ი სატვირთომანქანის თავისუფლებას.
მედია ისევეა ლიმიტირებული თავის თავისუფლებაში დემოკრატიული კანონით, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესია, მაგალითად პოლიცია: კანონი არ ანიჭებს სამართლის დამცველს უფლებას მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებების საფუძველზე იხმაროს იარაღი ან რაიმე სხვა ფიზიკური ძალა. პოლიციელსა და იარაღს შორის ბარიერად არის აღმართული იარაღთან სახიფათო ურთიერთობის შემზღუდველ კანონთა მთელი სერია.
ჟურნალისტის სამუშაო იარარი არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე პოლიციელის.


თავისუფალი მედიის ბიბლიიდან, დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარეც კი, უსამართლობა იქნებოდა, ჟურნალისტებისათვის რაღაც უნიკალური თავისუფლების მინიჭება, და მათ მაკონტროლებლად მხოლოდ საკუთარი სინდისი და ეგრეთწოდებული იდეალისტური ჟურნალისტიკური ეთიკის დატოვება. ეს უკანასკნელი მართლაც ერთად ერთის რის ანაბარაც ქართულმა კანონმდებლობამ შეატოვა ჟურნალისტები დღევანდელ მძიმე რეალობას. არა და სწორედ მის მოვალეობაში შედიოდა გონივრული ლიმიტის დაედგინა მედიის თავისუფლებისათვის. მე სიტყვა ლიმიტში არ ვგულისხმობ ჯოჯოხეთურ საბჭოთა ცენზურას. მე ვგულისხმობ იმ უამრავ მკაცრად განსაზღვრულ შეზღუდვებს, როორც წერით ისე აუდიო ვიზუალურ მედიაში, რომლის გარეშე წარმოუდგენელია დასავლური საზოგადოება. რამდენადაც მესმის სქართველოს გეზი სწორედ დასავლური დემოკრატიისკენა აქვს აღებული, ამიტომ ადრე თუ გვიან მოუწევს მის ფუნდამეტალურ თამაშის წესებზე ანგარისის გაწევა, და რაც ადრე გააკეთებს ამას, მით უფრო დააჩქარებს პროცესს, რომელსაც საზოგადოების რეალური დემოკრატიზაცია ჰქვია, და არა წინასწარი პათეტიკური პროგნოზები ქვეყნის მომავალ წყობაზე და საშობაო ნაძვის ხესავით მორთული 23 ნოემბრის მოვლენების პოლიტიკური თუ პოეტური ტერმინებით დეტერმინაციით მიღებული თვითკმაყოფილება.
3/12/2003

ბარამიძე სხვა თემასაც შეეხო – "მაესტროს'' დილეგში დამწყვრეული აღგზნებული "ნოსტრადამუსის" საოცარ წინასწარმეტყველებას 9 აპრილს "თბილისის მკვდარ ქალაქად"გადაქცევის შესახებ. სახელმწიფო მინისტრმა ძველი გამობრძმედილი რევოლიუცინერის მრისხანე თვალების ბრიალით განაცხადა, რომ ტრანსპორტისა და სახელმწიფო დაწესებულების გაჩერება სამშობლოს ღალატის ტოლფასია. მე პირადად უცნობის ადგილზე შიშისაგან სასწრაფდ გვირაბს გავთხრიდი და უკან მოუხედავად მოუსვამდი, სადმე, მაგალითად ანტალიაში და პოლიტიკურ თავსესაფარს მოვითხოვდი. მაგრამ უცნობი ჩემგან განსხვავებით გმირია და ვერ გაიქცევა, ძალიანაც რომ უნდოდეს.უკვე გვიანაა.

ევროპაში ინტეგრაციის მრისხანე სახელმწიფო მინისტრს. როგორც ჩანს არ ესმის, რომ უცნობის "მისტერიას" ქართულად გაფიცვა ჰქვია, რომლის უფლება ერთ ერთი ფუნდამეტალურია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

არა მგონია, სინდიკატების არ არსებობის პირობებში, მხოლოდ უცნობის მოულდნელმა სოციალურმა ენთუზიაზმმა ჩაანაცვლოს უზარმაზარი საორგანიზაციო სამუშაო, რაც საყოველთაო გაფიცვას სჭირდება, მით უმეტეს, ამ სიტყვაზე თავად უცნობსაც არ უფიქრია, როდესაც ინგა გრიგოლიასთან კომენტარები გააკეთა თავისი "გამოცხადების" ასახსნელად . სხვათაშორის არც თავად ქართული პოლიტიკური "ტელესივრცის" დივას მოსვლია აზრად, რომ უცნობმა თავისდაუნებურად ქართულ ცივილიზებურ სოციალური მოძრაობის, გაფიცვის ორგანიზების, და შესაბამისად ეროვნული სინდიკალისტური მოძრაობის საძირკველში პირველი კენჭი ჩააგდო, მართალია ფეხსაცმლის წვერის შემთხვევით წაკვრით, მაგრამ მაინც...

საფრანგეთში, განსაკუთრებით პარიზში გაფიცვებს ისეთი პათოლოგიურად ბანალური სახე აქვთ მიღებული, რომ ჩემი აზრით კოლეჯის მოსწავლეებიც კი უკეთ ერკვევიან ამ სიტყვის მნიშვნელობაში, ვიდრე ქართული პოლიტიკური ელიტა.

საქართველოს ევროპაში ინტეგრირების ხელმძღვანელ "მუშაკს", ეტყობა ამ გაფიცვების ორგანიზატორი დიდი სინდიკატები კრიმინალური დაჯგუფებები და მე–5 რესპუბლიკის მოღალატეები გონია.

მადლობა ღმერთს, რომ ბარამიძე არ არის საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი, უგულავა კი პარიზის მერი, თორემ ალბათ ქალაქის ოცივე მერიის წინ, მოედანზე მუნიციპალურ უფასო გილიოტინებს აღმართავდნენ გაფიცვებსა და მანიფესტაციებში გენეტიკურად შეყვარებულ ფრანგთა დასასჯელად... ზურაბ წერეთლის გილიოტინებს რა თქმა უნდა...

ვფირობ, ზემოთ მოყვანილი მაგალითები საქართველოში კულტურული კრიზისის ბრალი უფროა, ვიდრე პლიტიკური, ან ეკონომიურის. მე ისეთ მარტივ საგნებზე ვსაუბრობ, რომ დარწმუნებული ვარ ბევრს ერიდება კიდეც საზოგადოებასთან ამ ანბანურ ჭესმარიტებებზე ხმის ამოღება, გონია, რომ რადგან თავად იცის, ეს საკმარისია. ქვეყნის კულტურული დონის ამაღლება კი არც ისე მნიშვნელოვან საკითხად მიაჩნია. რადგან თვლის, რომ ასეთი პატარა ერისათვის ისედაც საკმარისზე მეტი კულტურა გაგვაჩნია.

ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ უკვე მიღწეულ კულტურულ წარმატებებზე და თითქმის არასოდეს მისაღწევზე... თუმცა, ვინ იცის, იქნებ ზგიერთი არც არის მის ამაღლებაში დაინტერესებული. იქნებ ანბანის პირველი ასოების ცოდნით თავისი უნიკალური როლის შენარჩუნებას ცდილობს საზოგადოებაში.

2.
მე არავითარ შემთხვევაში არ ვცდილობ ქართულ კულტურის აპოკალიპტური სურათის დახატვას.
საქართველოში მცხოვრებ და მსოფლიოში გაფანტულ ხელოვანთა ნაწილი ერთგულად ემსახურება, "მუზებს", რომლებსაც ვერანაირი ზარბაზნების გრუხუნი ვერ აჩუმებს. და მადლობა ღმერთს.

მათ, ჩემი სუბიექტური აზრით, უფრო მეტი დიპლომატიური როლი აქვთ ნათამაშები ვიდრე თავად ქართველ დიპლომატებს. მაგრამ კულტურა ქვანახშირ არ არის, რომ მხოლოდ საექსპორტო მოხმარებისათვის გჭირდებოდეს. ის პირველ რიგში თავად საქართველოს სჭირდება და აკლია. კულტურის სამინისტრო კი ტრადიციულად საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ ერთ დეპარტამენტს უფრო წააგავს. არაფრით არ მოხერხდა მსოფლიოში დაქსაქსული ქართული კულტურული ენერგიის კონცენტრირება საქართველოსათვის სასარგებლოდ. ჩვენი კულტურული პოლიტიკა ან მხოლოდ "ექსპორტზეა" მიმართული ან უცხოელ ხელოვანების "მარკეტინგულად" გათვლილ ვოიაჟებზე ხაჭაპურის სამშობლოში, უფრო იშვიათად კი იმ მცირერიცხოვან დასავლეთში წარმატებულ ქართველ ხელოვანებზე, ვინც კულტურის სამინისტროს დახმარების გარეშეც მშვენივრად ახერხებს "კულტურული დიპლომატიის" როლის შესრულებას.

რამოდენიმე დღის წინ, ნინო და ილიკო სუხიშვილების ანსამბლის სპექტაკლი, ნიაზ დიასამიძის და 33ა ს გამოსვლა დარბაზ ბატაკლანში ჯგუფ LOJO სთან ერთად, ერთერთ ყველაზე ძველ არტ ბაზრობა სალონზე ART PARIS – შალვა ხახანაშვილის ორი ნამუშევრისა და ვერა ფაღავას ფერწერის
გამოფენა, თითქოს არც ისე ცოტაა ორი სამი კვირისათვის ისეთ ქალაქში,



როგორიც პარიზია. . ამას თუ კიდევ დავუმატებთ საფრანგეთისა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში გამართულ ღონისძიებებს ქართველების მონაწილეობით, ნათელი ხდება, არც ისე პატარა ქართული კულტურული ენერგია დაეხეტება აქეთ იქით მსოფლიოში, არა და რა მწირი და ერთფეროვანია ქართული კულტურული აფიშა.
ქართული კულტურის საერთაშორისო ფესტივალი პირველ რიგში საქართველოში უნდა ჩავატაროთ ხოლმე, ორ წელიწადში ერთხელ მაინც. .გარწმუნებთ ეს არანაკლებ, თუ არა ბევრად მეტ სარგებელს მოუტანს საქართველოს ვიდრე დრო და დრო უცხოელი არტისტებისათვის, მსახიობების, მომღერლების, ფოტოგრაფებისა თუ მწერლებისათვის კულინარულ შემეცნებითი მოგზაურობების ორგანიზება ხშირად საქართველოს კულტურის ისედაც მწირი ბიუჯეტის ხარჯზე.


ART PARIS დათვალიერებისას, ასევე 33ა ს მოსმენისას და სუხიშვილების ქართული ბალეტის ყურებისას, ვიფიქრე, რომ ქართველები ონტოლოგიურად არა ვართ ორთოდოქსები. შესაძლოა მთლად ფრანგებივით გაბედულები არ ვიყოთ, რომლებსაც არც ლუვრის ეზოში ბანალური შუშის პირამიდის დადგმის ეშინიათ და არც შუასაუკუნეების კვარტალ მარეში "გამოშიგნული" და '' ნაწლავებ გადმოყრილი'' პომპიდუს თანამედროვე ხელოვნების ცენტრის აგების. მაგრამ საკმარისად არტისტული სული გვაქვს იმისათვის, რომ ახალის შენება გავბედოთ ხოლმე დრო და დრო. ეიფელის კოშკი ჯერ არ აგვიგია, მაგრამ დიდი ინჟინრის ზღვარს გადასული არქიტექტურული ფანტაზმი ჩვენში აშკარად დევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც ოთარ იოსელიანი გვეყოლებოდა, არც რობერტ სტურუა ან გია ყანჩელი. სხვანაირად ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ვეფხისტყაოსანიც არ დაიწერებოდა: ამ საკვირველ გენიალურ პოემაში, მოქმედება "საზღვარგარეთ'' ხდება. მოქმედი პირნი კი საერთოდ ბუდისტები და მუსულმანები არიან(ინდოელები და არაბები) თუმცა პოეტი იმ ეპოქისათვის საოცარი ტაქტიანი ეკუმენურობით, არც ერთ რელიგიას არ ახსენებს. პოემაში მხოლოდ ერთი "მაღალი" ღმერთია, და ბევრი ეშმაკი.
ბოლო წლებში ჩვენი სული ჩვენ თვითონვე ხელოვნურად დავამწყვრიეთ კულტურული ქსენოფობიის, ყოველივე უცხოს შიშის ნახევრად ღია საპყრობილეში. ყოველი მცირე გარღვევა ამ შიშში ჩემთვის ნამდვილი ბედნიერებაა. მხატვრული ცვლილებები სუხიშვილების კლასიკურ სპექტაკლებთან შედარებით, ლუვრის წინ აშენებული პირამიდასა არ იყს, შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ ფაქტია, რომ თუ არა ახლის კეთების სურვილი, დიდი ბებიისა და ბაბუის აჩრდილების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ დარჩენილი ანსამბლი დღეს უკვე მკვდარი იქნებოდა.

ქორეოგრაფიისა ბევრი არაფერი გამეგება, არც კოსტიუმების. მე მხოლოდ შემიძლია დავადასტურო ჩემი ჩათვლით პუბლიკის აღფრთოვანება და ჩემს ძველ შთაბეჭდილებებს შევადარო.
ადრე, ხანდახან თავი უცხოელი მაყურებლის როლში ჩამიყენებია და მიცდია კლასიკური ქართული ცეკვებით ჩამომეყალიბებინა აზრი ქართველების შესახებ. ხშირად მეჩვენებოდა, რომ მამაკაცები შიზოფრენიკები არიან, ქალები კი ცოტა გონება დაქვეითებული ყინულის არაფრის მაქნისი ბარბის მსგავსი თოჯინები. რომლებიც თეთრი უსიცოცხლო ფანტომებივით დასრიალებენ სცენაზე, ნერვიული დანებით მოჩხუბარი მამაკაცების გარემოცვაში. ვერაფრით ვხვდებოდი, რას იკლავდნენ თავს ამ გაშეშებული უემოციო ჩიხტიკოპიანი "ბარბის" თოჯინების გამო. საერთოდ ისიც კი გაუგებარი იყო, "უკონტაქტოდ" როგორ მრავლდებოდნენ ქართველები...
2 აპრილს კი, ქალაქ ანიერის არმან ბეჟარის თეატრში გაოცებული ვცდილობდი გამომეცნო, ქართველ ქალებს კაბები დაუმოკლდათ თუ ფეხები
















დაუგრძელდათ? შვილიშვილებმა აშკარად სული შთაბერეს ბებიის და ბაბუის შექმნილ ყინულის მოცეკვავე თოჯინებს. ქალები არამარტო ქალებს დაემსგავსნენ., არამედ სწორედ(ღმერთო შემინდე ! ) ისეთი sexy – ი შტრიხები შეიძინეს, რომელიც გასაგებს ხდის მფრინავი მამაკაცების "შიზოფრენიასაც" და ქართველების გამრავლების ბანალურ ტენიკასაც. ამ შარმის შენიღბვა ქართველი ქალების მიმართ ჩადენილი "მორალური დანაშაული" მგონია.

რა თქმა უნდა საბჭოთა სახელმწიფო ანსამბლის კლასიკური დადგმები მართლაც ძალიან შთამბეჭდავი იყო, მაგრმ საბჭოთა კავშირი დიდი ხანია დაინგრა. მსოფლიო შეიცვალა. შეიცვალა გემოვნებაც– ფარიკაობისას ქალი მანდილს აღარ აგდებს. ბიჭები თავისით, მათ დაუხმარებლად ახერხებენ შერიგებას. კინტაური კი "პომადიანი ტრავესტების" შესრულებით, რაღაც თბილისურ ჰიპ ჰოპს დაემსგავსა ...

რამოდენიმე კოსტიუმის ვერც აზრი გავიგე და ვერც დანიშნულება. თუმცა არა მგონია ეს გადამწყვეტი იყოს სპექტაკლის შეფასებისას. არ ვფიქრობ, რომ კოსტიუმები წლების განმავლობაში უცვლელნი უნდა დარჩენილიყვნენ. ეს ცეკვები არ ეკუთვნის რაიმე დროში დაფიქსირებულ ეპოქას ან სოციალურ ჯგუფს . ადამიანებს ხან კარგად აცვიათ, ხან ცუდათ. ხან გრძელი კაბაბია მოდაში, ხან მოკლე...მე მგონი ქართველებს არასოდეს იმდენი არ უცეკვიათ რამდენიც 60–70 წლებში. როდესაც სუხიშვილების ანსაბლში მოხვედრაზე, სამედიცინო ინსტიტუტის არ იყოს, მთელი
საქართველო ოცნებობდა. ამ ქორეოგრქაფიის დიდი ნაწილი იმ ეპოქაშია შექმნილი და არა შუა საუკუნეებში. ამიტომ, პრინციპში ცეკვა ჯინსებშიც შეიძლება, ეს ცეკვები ისევეა ჩემი თაობის ორგანული ნაწილი, როგორც მეცხრამეტე საუკუნის ჩოხიანი და ჩიხტიკოპიანი ახალგაზრდებისა. ჩემი აზრით ამ ცვლილებებით, რომელიც როგორც ვიცი საქართველოში ბევრის აღიზიანებს, ნინო და ილია სუხიშვილებმა სიცოცხლე შეუნარჩუნეს 90 იან წლებში მორალურად დაბერებულ ვირტუოზულ საბჭოთა სახელმწიფო ანსამბლს, რომელიც დღემდე ნამდვილად ვერ მოაღწევდა თავისი
კლასიკური სახით. ბოლოს და ბოლოს ბითლზები დაიშალნენ გაცილებით უფრო მოკლე დროში. მარადიული ჯგუფები არ არსებობენ.
ასეა თუ ისე, სამწუხაროა, რომ, (მაგალითად) ამ თემაზე კამათის ნაცვლად პოლიტიკაზე კამათობს ქართული "არტ ელიტა"(ბოდიში გამოთქმისათვის), კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ "პოლიტ ელიტამ "თავისუფალ დროს ძერწვას მიჰყო ხელი და ზემოთ ნახსენები პოლიტიკით დაკავებული "არტ ელიტის" ნაცვლად ითითხნება საღებავებში, რომლის შერჩევა ვერაფრით ვერ ისწავლა, ისევე როგორც ძერწვა. ამის გამო დრო და დრო დაკომპლექსებული და გაბრაზებული უნიჭო ბავშვივით ისვრის აქეთ იქით საღებავებით სავსე ქილებს...განსაკუთრებით გაზაფხულობით, ყოველ 9 აპრილს. რომელსაც ბოლოს და ბოლოს ალბათ "გადატრიალების" საერთაშორისო დღეს დაარქმევენ და უქმედ გამოაცხადებენ.
ამ აბსოლიუტურად გაუგებარ კულტურულ–პოლიტიკურ ორგიაში წლები გავიდა. ქვეყანა ისევ უნიჭო ნახატს გავს, ცუდად დახატული სასაცილო პერსონაჟებით წვეტიანი მთების ფონზე.





P.S.
დღეს 5 აპრილს, კინორეჟისორ მიხეილ კობახიძეს 70 წელი შეუსრულდა, საღამოს 8 საათზე პარიზში კონოთეატრ Action Cristine ში მისი 6 პატარა მარგალიტის ჩვენება მოეწყო.
არ ვიცი ვინმეს თუ მოუვიდა აზრად თბილისში მსგავსი ჩვენების მოწყობა. ალბათ არა...ეტყობა დღევანდელი ქართული საზოგადოების კულტურული "შეკვეთა" უფრო მძაფრსუჟეტიანი სატელევიზიო დებატებია.
ქალაქის მერის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, მთაწმინდის ფერდობზე უზარმაზარ თეთრ ზეწარს გავფენდი და ელიას მთიდან გიგანტური კინოპროექტორით მიხეილ კობახიძის "მუსიკოსებს" გავუშვებდი .
რა თქმა უნდა ეს ისეთივე წარმოუდგენელია, როგორც ის, რომ მე ოდესმე რომელიმე ქალაქის მერი გავხდები .

ფილმის ფინალში, მიხეილ კობახიძის პერსონაჟის თავში, რომელშიც ზარბაზნების ქუხილის მეტი აღარაფერია, მკურნალობის შემდეგ ისევ "მუზები" ამღერდებიან, ალბათ გახსოვთ. ეს ორი სასაცილო კაცუნა თეთრ ფონზე... ისინი როგორც არასოდეს ისე აკლია გასაკუთრებით ამ დღეებში თბილისს და მთელ საქართველოს ...
პაატა ქურდაძე6 აპრილი 2009